შავი
სახლში დაბრუნება, იმისთვის მეჩქარებოდა, რაც შავი მეცვა გამეხადა და მომეშორებინა. ამიტომ, როგორც კი კარი გამიღეს, ყველაფერი გავიხადე, მარის შავი ჩექმები ვაჩუქე, დედაჩემს შავი პალტო და შავი ხელთათმანები და ამის შემდეგ, ასე განძარცვულად ბედნიერი ვიჯექი სამზარეულოში მარისთან ერთად და მგონი პირველად ვჭამდი ტკბილეულს, გახსნილების შემდეგ.
შავი კალგოტკა, შავი პალტო,შავი კაბა, შავი ჩექმა, შავი კაბა, შავი ქუდი, შავი მაისური და შავი ლიფი. მთელი ეს დღეები ამ სიშავით, მეგონა ჩემს თავს ვმარხავდი და ვოცნებობდი იმაზე, დროზე გამეხადა და თავიდან მომეშორებინა.
ისე სხვისი დასამარხი ვიქნებოდი, შობის წინა დღეებში, იმ სატრანზიტო მანქანის მძღოლს, რომ არ ემარჯვა და ჩვენი მიკროავტუბუსი შუაში არ გაგლიჯა.ალბათ იმიტომ გადავრჩი, რომ ფეხის თითებზე კაშკაშა ვარდისფერი ლაქი მესვა. და კიდევ იმიტომ, რომ ზუსტად იმ მომენტში იმ მანქანას შუაზე რომ უნდა გაეგლიჯა ჩვენი მოცურებული მიკროავტუბუსი, მე თავდახრილი დედა შუშანიკის ნაჩუქარ ფსკვნილს ვმარცვლავდი. ასე, რომ არ მომხდარიყო, ბლოგის კალენდარი ხომ დარჩებოდა ცარიელი:)
ახლა აღარ ვაპირებ ჰერპესებზე წუწუნს. კიდევ კარგი ცოტათი მორჩნენ. ეს პოსტი იქნება უხვსიტყვიანი და უხვფოტოიანი, არაკომპოზიციური და ცოტათი შეუხედავი. ჰო წინა პოსტი აკოს წაუკითხავს და მომწერა, მეც ძალიან მიყვარხარ შო, უბრალოდ ამ ბოლო დროს სირობები დამეწყო და ჩემს თავში ჩავიკეტეო. არ მეგონა ჩემს ბლოგს თუ კითხულობდა.
იმ დღეს ქუთაისიდან თბილისში ჩასული, მთელი დღე დავყვებოდი დედა მარიამს და დედა მაკრინეს, მთელი დღე ვძაგძაგებდი და ყელში მოწოლილ ცრემლებს შიგნით ვაბრუნებდი. მაშინაც ვძაგძაგებდი, როცა დედა მაკრინეს კელიაში ვიჯექი, ვსვამდი ნალექიან ყავას და დედა მაკრინეს ვუსმენდი. ჩემს თავზე მელაპარაკებოდა და ზუსტად ისე თქვა, როგორც მემართება.ჯერ მარის და მირანდას შეადარა ჩემი ნერვიულობები და მერე თქვა, მაგათგან განსხვავებით შენ უფრო გაქვს “ნიჭი” საკუთარი თავი გაანადგუროო. მთელი ეს კვირა შენზე ვნერვიულობდი,ასე რომ დაბოდიალობდი და სულ ავარიას გიკავშირებდიო, ნახე რა უმწეო ხარ და სიკვდილისთვის მოუმზადებელიო.
საღამოს მივედი უტასთან და ვნახე კიკინე. ვჭამე დაძველებულ გემოიანი კრაბის სალათი და მერე უტამ მოხარშა კარტოფილის ხინკალი. წესით უნდა ჩამძინებოდა, მაგრამ შუაღამეზე დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ადგომა, ავდექი და მთელი ერთი საათი თმებზე და მხრებზე ვეფერებოდი უტას არაეგოისტურად და სულაც არ მინდოდა გამეღვიძებინა. მაინც გაეღვიძა და მითხრა შენ მესიზმრებოდი და რა უცნაურიაო.
ბედიანი 2009-2010
ჩემი ასოციაციები ბედიანზე ორთაჭალის სადგურით, თურქეთისაკენ მიმავალი “ოღლებით” და ბედიანის ყვითელი ,მერსედესის მარკის მიკროავტობუსით იწყება. თუმცა ამჯერად სულაც არ ველოდი ყვითელ მარშუტკას და არც მის უნიკაპო მძღოლს რეზოს, რომელიც 2003 წლიდან სააკაშვილზე ლაპარაკობს. დედა შუშანიკის ნათქვამი მამხნევებდა, ბედიანში ახალი მარშუტკა დანიშნეს და უფრო კომფორტულად მოგიწევთ მგზავრობაო. სამწუხაროდ ,ყვითელი ჯაგლაგი მერსედესისგან განსხვავებით წითელი ჯაგლაგი დაგვხვდა, რომელსაც არანაირი ნიშანწყალი არ გააჩნდა კომფორტის. მარნეულში ყველის სუნიანი ქალები არ ამოსულან…
უამრავი მიზეზი მაქვს ბედიანის შესაყვარებლად და ძალიან ცოტა იმისთვის, რომ არ მიყვარდეს. ბედიანი, რომ არა…
თოვლი არ დაგვხვდა. მზე იყო და ყველაფერს ანათებდა. მონასტრამდე ამაცილა, მონასტრის ჭიშკართან შეგვხვდა დედა შუშანიკი და მირანდა. კიდე რა მოხდა აღარ მახსოვს. დედა შუშანიკს ახასიათებს ეს ხელის დავლება, წაგიყვანს, გაგათბობს, გაჭმევს, დაგასვენებს და მთელი ორგანიზმი თბება. უტა წავიდა ბაბუასთან სახლში. მე ვიჯექი დედა შუშანიკის კელიაში და საერთოდ აღარ მახსოვს რას ველაპარაკებოდი. სამი წლის წინ მეც ამ კელიაში ვიყავი, მაშინ დღიურებს ვწერდი და ღამის ლოცვებზე გაჭირვებით ვდგებოდი. ის დღიურები დაბეჭდა “კვირის პალიტრამ” და 30 ლარის ჰონორარი, რომ ქუთაისში გამომიგზავნეს, კარგა ხანს გონზე ვერ მოვედი. არ მეგონა ასეთი რამ თუკი ხდებოდა საქართველოში.
ეს დედა შუშანიკი ბედიანის მონასტრის აივანზე.
ჩემი სიგამხდრით ყველა შეძრწუნდა. განსაკუთრებით დედა ანტონინა. კურთხევას გაძლევ სამი კილო მოიმატოო. თუკი ვინმე ვნახე ყველა ამ თემაზე ლაპარაკობდა და ბოლოს მეც შევძრწუნდი. დედა შუშანიკის კელიაში გამოვიძინე და შობის ლიტურგიისთვის ვემზადებოდი. ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე, თბილად ჩავიცვი და უტას სანახავად წავედი. დამხვდა დაგუგუნებული ღუმელი, უტას ბაბუა, ღუმელში შემწვარი ვაშლები და ვაშლის ჩირები და მძინარე უტა. ღამის თერთმეტამდე ველოდე მის გაღვიძებას და როგორც იქნა გაეღვიძა. ბედიანში ყოველ დღესასწაულზე სხვადასხვანაირი ასოციაციები მაქვს. აღდგომას კელაპტრებით რთავენ ტაძარს და სინათლეს აქრობენ, შობას პატარა ტაძარში ღუმელს აგუგუნებენ, მარიამობას კი ღუმელი საჭირო არ არის.
ძალიან გამიჭირდა ღამისთევა. ხის კუნძზე ვიჯექი და ხშირად მეძინა. საშინლად კარგი შეგრძნება მქონდა, ჩემს გვერდით უტა იდგა და ხანდახან ასე ჩაძინებულს წამომაგდებდა. დედა შუშანიკმა თავის კელიაში პატარა სარკმელთან ეს კელაპტარი აანთო.
რადგან ჩემი დაბინავების ამბავი გარკვეული არ იყო და მეც ვეღარ ვუძლებდი, მირანდამ წამიყვანა და თავის ლოგინში ჩამაწვინა. ბოლომდე ვერ დავესწარი ღამისთევას.
ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
წლების წინ ვფიქრობდი სამი დღე , რომ წავიდე ფსიქიატრიულში და რამე დავწეროთქო, ავადმყოფებთან ერთად ვიცხოვრო და მათი საჭმელით ვიკვებოთქო. არ ვიცი კიდევ როდის მომინდება ასეთი რამ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ყველგან, იქნება ეს “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” თუ ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო, ყველგან არიან საყვარელი ავადმყოფები, აუტანელი სანიტრები და ყველგან იქნება ის სუნი, რაც ბედიანის საავადმყოფოში, შობის დილას ვიგრძენი. დედები შობის მისალოცად ყოველ წელს სტუმრობენ ავადმყოფებს, საჩუქრები და ტკბილეული ჩააქვთ და ისინიც ყოველ ასეთ ვიზიტზე ეკითხებიან, თუ როდის მოვლენ კიდევ. სამი წლის წინ, მაშინაც შობა დილით ვახლდი დედებს საავადმყოფოში, მაშინდელი სუნი იდგა ახლაც. ხელიდან გვტაცებდნენ საჩუქრების პარკებს. ზოგი დედა ანტონინას ეხუტებოდა, ერთი თავის გასიებულ ფეხს უჩვენებდა და ეუბნებოდა:”დედა ანტონინა, დედა ანტონინა, ფეხი გამისივდა”.
ეს მოხუცი საშაა. როგორც კი დედა ანტონინა დაინახა, გაექანა, ჩაეხუტა და წინდებს სთხოვდა, გამომიგზავნეო. საშა ეზოში დაჩეხილ შეშას ფარდულში აწყობდა. დედა ანტონინა შეპირდა თბილ წინდებს.
ეს ყველაზე მეტად შემიყვარდა. სუ მიღიმოდა ფოტოების გადაღებას მთხოვდა.


ასე იდგნენ და გვემშვიდობებოდნენ. მეგონა, რადგან მეორედ ვარ აქ, ალბათ ძაან დამთრგუნველი არ იქნება ეს შეხვედრათქო, მაგრამ გარეთ გამოსულმა საშინელი დაღლილობა ვიგრძენი.
მწვადების დღე
მთელი მარხვის განმავლობაში, მწვადებზე ვოცნებობდი.
მწვადების მერე მე და უტამ გავისეირნეთ. ძაან ციოდა და მუხლები გამეყინა. ამ დღეს ხელები დავიწვი ცხელი წყლით და დედა შუშანიკმა აღმოაჩინა, რომ მე ყოველი ფიზიკური ტკვილის შემდეგ უფრო მეტად ვხალისდები და გაკვირვებული იყო.
ისევ ქუთაისში ვარ. შობამ ასე ჩაიარა. მე კიდე ახალ დღესასწაულებს ველოდები ფსიქიატრიული საავადმყოფოს ავადმყოფებივით, რადგან ჩემი ნუგეშები დღესასწაულებს უკავშირდება.
აუცილებლად დავდებ იმ ძველ სტატიას ბედიანზე.









ისე ჩავიკითხე, არ მინდოდა დამთავრებულიყო… თან რაღაცები კარგად ვერ გავიგე და ეს უფრო მომეწონა, დათოვლილი სოფლის სურათები საერთოდ… დიდი მადლობა, რომ რამდენიმე წუთით შენს ბლოგზე შემიფარე
ხო რაღაცეები გაუგებრად მეწერა. იმიტომ რომ აზრი არ ჰქონდა დეტალურ განხილვებს,რატო უნდა იყოს ყველაფერი გასაგები:)
სოფი მეც ასე ვარ ხოლმე,ამ ბოლო დროს ისეთ ბლოგებს ვეძებ სადაც სიმშვიდეს და სითბოს ვნახულობ.
უკომენტაროდ …
კაი არ შეგეშინდეს:) ერთი “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” დაიწერებოდა მაგათზეც.
ra lamazi yopila bediani..
im moxucebze guli damecva:(
ხო ძაან ლამაზია. მართლა ულამაზესი.
ის მოხუცები ხო….
ბედიანი ისე მომეწონა, გული დამწყდა, რატო არასდროს არ ვარ ნამყოფი თქო )
ჩემი საყვარელი, თბილი და მოსიყვარულე დედა ანტონინა
ავტორს დიდი მადლობა რომ,კიდევ ერთხელ დამაბრუნა მონატრებულ მხარეს.