ამ პოსტის ინსპირაციის წყარო, ჩემი უმცროსი დის პოსტია, რომელიც იმდენად ემოციურია, რომ თავი ძლივს შევიკავე კითხვის პროცესში. ამ წინადადებამ კი “შეწყვიტა მზემ სიმღერა და ალუბლიან ჭიქას წყალი დაასხა და მერე ერთ-ერთ ჟურნალს დახედა, რომელზეც არასრულფასოვნების სინდრომით მკვდარ კაცზე იყო ლაპარაკი. დიდი არაფერი, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ან ხუთჯერ არასრულფასოვნების სინდრომით შეპყრობილი ადამიანები თავს იკლავდნენ. ხიდიდან ხტებოდნენ“, პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა ჩემს ძველ კომპლექსებზე და სხვადასხვა არასრულფასოვან შეგრძენებებზე, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ მოვიშორე, როცა მეგობრის სარდაფში არაყის სმა დავიწყე და ორ კვირაში ის არაყი სამმა გოგომ გამოვცალეთ. ეს არაფერი ამბავია, არც გავლოთებულვარ და მაშინაც და დღესაც დასანახად არ მინდა ლოთი კაცები და ლოთი ქალები, უბრალოდ ამ ამბების შემდეგ მივხვდი, რომ საერთოდ არ იყო საჭირო ამის კეთება.
მოკლედ, რომ ვთქვა ჩემი კომპლექსები და არასრულფასოვნების შეგრძნებები ბავშვობის დროინდელია და რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: პირველი საბავშვო ბაღი, როცა იქ გამუდმებით ველოდებოდი დედას, რომ მოსულიყო და წავეყვანე, რადგან ბაღი საშინლად არ მიყვარდა. ნეონის შუქით განათებული ოთახის მიღმა იყო სიბნელე და მეშინოდა დედაჩემს სულ მთლიანად არ დავვიწყებოდი. ჰოდა მამებს რატო არ გამოჰყავთ საკუთარი შვილები ბაღიდან? ეს კითხვა ეხლა დამებადა. მე ,როგორც პოტენციური დედა, რომელიც როდესმე ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობას იგრძნობს აუცილებლად გააჩენს ბავშვს, რომელსაც არასდროს მიაბარებს ბაღში, რადგან ბაღში და სკოლაში ყოველთვის არიან ისეთი სქელტრაკა დეიდები, რომლებიც ბავშვებს უმახინჯებენ ბავშვობას. ჩემს შემთხვევაშიც იყო ასეთი და მე ის, ძალიან ვეცადე დამევიწყებინა, მაგრამ სიამოვნებით ვიგონებ დოდო გამგეს, რომელიც დღესაც მშვენივრად და ახალგაზრდულად გამოიყურება.
და კიდევ შემდეგი, არასოდეს უნდა შეაშინო ბავშვი ვინმე ექიმი აიბოლიტით, რომელიც მოვა და ნემს გაუკეთებს.
არასოდეს უნდა შეინახო თმებში ნანახი ტილი ქაღალდში და არ დაახვედრო მშობელს, რომელიც საღამოს ბავშვის წასაყვანად მოვა.
არასოდეს უნდა დააძალო მანის ფაფის ჭამა, შეიძლება მას ამაზე გული ერევა.
ეს ამბავი მე შემემთხვა. სქელი ოქროსფერი თმები მქონდა და ტილებიც მყავდა რა თქმა უნდა, ბაღის გადამკიდე. ყოველ დილით ფანჯარასთან დამსვავდა დედაჩემი და თავს მისუფთავებდა. მაშინ, ძალიან მეშინოდა “ტილების რევიზია”–ს ჩემთანაც არ აღმოეჩინა რამე. ხოდა, როცა ერთხელ მაინც გამომიჭირეს, ჩემი უცოდველი ტილიანად, იმ დეიდამ, რომელიც მე უცენზურო სიტყვით მოვიხსენიე, ეს ტილი ქაღალდში შეახვია და შეინახა, რომ დედაჩემისთვის ეჩვენებინა.ნეტა ჩემი ტილები ჩემსავით კლაუსტროფობები თუ იყვნენ?
![]()
არასრულფასოვნების მორიგი კომპლექსის მიზეზი მშობლების დაშორება იყო. ეს ფაქტი დღესაც კარგად არ გამიაზრებია. ყოველთვის აგრესიულად ვაფიქსირებდი, რომ რაც მოხდა, იმისთვის მოხდა, რომ შემდეგ ყველაფერი უფრო კარგად ყოფილიყო, თუმცა გულის სიღრმეში ალბათ მეც მინდოდა ნორმალური ოჯახი, უფრო მეტად კი ის მირჩევნოდა ცნობისმოყვარე დეიდებს და ბიძიებს თავი შეეკავებინათ იდიოტური კითხვებისგან და დარიგებებისგან:”ამხელა გოგო ხარ, შეარიგე დედაშენი და მამაშენი” და კიდევ მრავალი ასეთი, რომელსაც ხანდახან გაკვეთილზეც მეუბნებოდნენ თანაგრძნობის ტონით.
კიდევ იყო ბევრი სხვა დანარჩენი, რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს. საკუთარ თავთან გამოკეტვა, დღიურების წერა, საკუთარი ფიზიონომიური მონაცემებით უკმაყოფილება, უსიყვარულობის შეგრძნება, ასოციალურობის განცდა და მრავალი სხვა და ეხლა ვფიქრობ, შეიძლება ნეტა ამ ყველაფრის გამო ადამიანი გადახტეს ხიდიდან და მერე ეს ამბები გაზეთებმა დაბეჭდონ?
რაც მართალი, მართალია ! გაზეთებში ამ მიზეზით მოკვდინებულ ადამიანებზე არაფერი წამიკითხავს და წლები გავიდა , რაც გაზეთი აღარ მიყიდია.
ბოლოს ისევ მირანდას პოსტს დავუბრუნდები და ისევ ერთ ნაწყვეტს მოვიშველიებ. “მზე უფრო ახლოს მიიწია. ქალი ჩურჩულებდა, ქალი ამბობდა, ქალი თხოვდა, ქალი ბრძანებას აძლევდა: ,,მზეო გთხოვ გამათბე, გთხოვ სითბო მომეცი მაგ ვარდისფერი ხელებით, მაგ კეთილი თვალების გამო. მომეცი სინათლე, არ დაიშურო ჩემთვის ის, რაც სხვისთვის არ დაგიშურებია, არ დაგიმადლებია. მომეცი ღმერთო სხივი, რომ ამ სხივით ის გითხრა, რასაც მთელი სიცოცხლე ველოდი, რომ გეტყოდნენ, მადლობა მზეო, მადლობა, რომ გვათბობ, მადლობა რომ სულს გვინათებ! მადლობა, რომ არ გვტოვებ, მადლობა, რომ ფიქრები ცაში აგაქვს, მადლობა რომ ჩვენზე ფიქრობ, მადლობა, რომ იმედს გვაძლევ, მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ, მადლობა რომ ამდენი წელია ესე ძლებ, ნუ ტირი მზეო, ნუ ტირი იმ ცრემლებით, რომლებსაც ხვალ სხივობა უნდათ- ხვალ სიცოცხლე უნდათ, ნუ ტირი მზეო… მზე კი იდგა და ტიროდა. იდგა და ტიროდა. საინფორმაციოებში კი აცხადებდნენ, რომ მზეზე აფეთქებები ხდებოდა”.
ხოდა ტყუილად არ ვამბობდი ზემოთაც, რომ გაზეთებში და საინფორმაციოებში დეზინფორმატორები სხედან:)
მე კი ეს პოსტი ძალიან მომეწონა. პოსტის ავტორს კი ვეტყოდი, რომ რა მოხდა მერე თუ კლასელები ვერ გვიგებენ, ვერ გვემეგობრებიან, თუ იმ ბიჭებს არ მოვწონვართ, ჩვენ რომ მოგვწონს და ა.შ. აი, მე მაგალითად არასდროს მოვწონდი ეკონომიკური ფაკულტეტის კურსის სტუდენტ ბიჭებს, იურისტებს, მომავალ დიპლომატებს და მომავალ მენეჯერებს, ჩემი სკოლის მეგობრები ვერასდროს მიგებდნენ, მხოლოდ მაშინ დამიახლოვდნენ ისიც ცოტა ხნით, როცა გაიგეს, რომ უფროსკლასელ ბიჭს შევუყვარდი. იმ ბიჭით ისინიც მოხიბლულები იყვნენ. მათ ჰქონდათ რაღაც გაერთიანებასავით ”სალაქეთა”– სალომეს,ლალის, ქეთის და თამუნას სახელებისგან შემდგარი სიტყვატა აბრევიატურა, სადაც ჩემი სახელი ვერ მოხვდა. მაგრამ, ამით არაფერი შეცვლილა, არაფერი შეცვლილა იმის გამო, რომ ხუთოსან ლექსოს არ ვუყვარდი, არაფერი შეცვლილა, რომ იმ აბრევიატურაში ჩემი სახელი სახელი ვერ მოხვდა და დასამწუხრებელი სულაც არაა, თუ ბავშვები ვერ გიგებენ.
მთავარია, რომ შენი ემოციები გულწრფელია და მადლობა, რომ ასეთი ლამაზი ფორმით მიმახვედრე, რომ კარგი იქნება თუ ხანდახან მადლობას მოვუხდი მზეს, რომ ანათებს.
წაიკითხონ, მხოლოდ ნათესავებმა:)

ჩემო ციცინათელა, რამდენ რამეს შევცვლიდი წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს
მე კიდე არ მინდა არაფრის შეცვლა, თორე ეხლა ყველაფერი ყირაზე იდგებოდა:)
მაპატიე რომ შემომეკითხა
:* მართლა ციცინათელა ხარ შენ
)
არა მგონია:)დედებისთვის ვარ შვილები ციცინათელები:)
:*:* მადლობა ცინიკოსო:* უნდა შემოგკითხვოდა, უბრალოდ იმდენად დიდი ტექსტია,შემეცოდა მკითხველები და მხოლოდ ახლობლებმა წაიკითხონ ტქო:)