ამ დილით ვფიქრობდი, განსაკუთრებით ის ადამიანები მიყვარს, რომლებსაც ჩემი ძალიან სჯერათ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ადამიანებს, წინასწარ ვაფრთხილებ, რომ არც ისეთი ჭკვიანი ვარ და არც ისეთი კარგი, როგორიც მათ ვგონივარ.
გუშინ მეგობარს ვწერდი, რომ სულაც არ მაქვს კარგი აურა, რომ მგონია მუდმივად ვაფორიაქებ იმ ადამიანებს ვინც ჩემთან ურთიერთობს, ვერაფრით დავაჯერე რომ მართლა ასეა, ხოდა მერე გადავწყვიტე, რაც ცუდი მაქვს ვაღიარო და არავისაც არ შევუქმნა ილუზიური დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ის მეგობარი ბათუმში წავიდა და მითხრა რას დამაბარებ, რომ წავიღოო, ხოდა ვერაფერი მოვიფიქრე გასატანებლად. ხოდა ის მეგობარი არის ძალიან ჭკვიანი გოგო.
ადრე მყავდა მეგობრები, რომლებიც ჩემს ქვეცნობიერს ისე აფორიაქებდნენ, სიცოცხლის ძალა მერთმეოდა, ამის აღიარება კი არ მინდოდა. ყველაფერი ძალიან მარტივადაა, უბრალოდ მე მაქვს დახლართვის და გაუბედურების საშინელი უნარი.
დღეს დილით, ახალგაღვიძებული, როცა თოვლის მოლოდინში ფანჯარასთან მივვარდი და გადავიხედე, უტამ მკითხა, ასე რატომ ელოდებიო თოვლს. ვუთხარი, რომ ემოციები მჭირდება, განსხვავებული და თბილი. თბილი ემოციები, ყველაზე მეტად თოვლთანაა კავშირში. გარეთ თოვს, ფარდები გადაწეული გაქვს და უყურებ, შენ კი ზიხარ კომპთან, ფეხებს გითბობს ელექტრო ღუმელი, კითხულობ მშვიდ წასაკითხებს, წერ მშვიდ და კარგ ამბებზე, ამზადებ კერძს თბილ სამზარეულოში, იცი რომ უყვარხარ ჯერჯერობით მაინც, შენც გიყვარს და მაინც თუ სამზარეულოში ვარ და ვჭრი კომბოსტოს, მწვანილს და კარტოფილს, ყოველთვის მეშინია არ დავემსგავსო იმ ქალებს, რომლებიც კარტოფილის, კომბოსტოს და მსგავსი რაღაცეების ჭრისგან, სახეზე მხოლოდ ამ რაღაცეების დაჭრა ახატიათ, ხოდა ამიტომ, ეგრევე მჭიდროდ ვკუმშავ ტუჩებს. ჩემებური პარანოიაა. ამის მერე ამ ყველაფერს ისე ვჭრი, თითქოს ფუკუიამას და ტოკვილს ვკითხულობდე:)
მოკლედ, კმაყოფილების შეგრძნება მოაქვს ფიფქებს, რომლებიც ჯერ არ დამინახავს და რომლებსაც ორშაბათიდან ველოდები.
გახსოვთ სკოლაში, რომ ვწერდით თავისუფალ თემებს? ჩემს კლასელებს, ყველაზე მეტად “თავისუფალი თემების” წერის ეშინოდათ, მე კიდე ყველაზე მეტად ამის გაგონება მიხაროდა. მყავდა იზო მასწავლებელი, რომელსაც ჩემი სჯეროდა და მე ის, ამის გამო დღესაც მახსოვს და ძალიან მიყვარს, არადა მასწავლებლების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. ხოდა ერთ გაკვეთილზე მას დავუწერე თავისუფალი თემა თოვლზე და მერე მთხოვა გადამიწერეო. მაშინ, სულ მეგონა, რომ სიცივისგან შეიძლებოდა ფეხები გამყინვოდა და დავკოჭლებულიყავი.
ეს პოსტი ეძღვნება, მასწავლებელს, რომელმაც ყვავილის როლში გამომიყვანა, რაღაც სპექტაკლზე და მახსოვს, ძალიან უკმაყოფილო დავრჩი, ჩემი შესრულებული როლით. მეცვა შავი კოლგოტკა და ყვითელი კაბა.ასევე ეძღვნებათ, ჩემს მეგობრებს და ბიჭს, რომელიც ყოველ დილით მკოცნის ძუძუსთან.

პოსტს რომ ვკითხულობდი, მეგონა, ჩემზე იყო. რა კარგად თქვი, არ მინდა სახეზე მეწეროს, მუდმივად სამზარეულოში ბოსტნეულის ჭრაო.
რა კარგი ხარ, შორე.
ჩემთან კი სულ თოვს. ხან დნება თოვლი, მაგრამ ისევ იწყებს თოვა და გამოგიგზავნიდი, რომ შეიძლებოდეს.
თავისუფალი თემები მხოლოდ განსაკუთრებულ გოგოებს უყვართ და მათი ცხოვრება, წარმოსახვა და ყველაფერი საკმაოდ რთულია სხვებისგან განსხვავებით… ასეთ გოგოს ვიცნობ, სარკეში მხოლოდ მას ვხედავ ხოლმე :/