ამ პოსტის ინსპირატორი კორტასარის “კლასობანა” გახდა, თუ მთლიანად წიგნი არა, დიალოგის ერთი ნაგლეჯი, როცა პოლიციელი მაწანწალებს აგინებს და ლანძღავს, ორასიო ოლივეირა მაგას ეუბნება:”ამ უნიფორმიდან მოქალაქეთა სირცხვილის სუნი გვცემს. წავიდეთ, კიდევ ერთხელ გავიქცეთ”. პოსტი სწორედ ასეთ ადამიანებს ეძღვნება, რომლებიც ქუჩაში მოსიარულე ასობით პოლიციელების უნიფორმიდან საკუთარ სირცხვილს გრძნობს, საკუთარ სირცხვილს გრძნობს კარში გაჩრილ გადასახადებისგან, საკუთარ სირცხვილს გრძნობს ან ვერ გრძნობს რუსთაველი პენსიონერი, რომელსაც გაზრდილი პენსია 100 ლარი პრეზიდენტმა თავისი ხელით ჩაუტანა და კიდევ, რამდენი რამეა, როცა სირცხვილი უნდა ვიგრძნოთ.
როცა, ამ თვეში კომუნალურმა გადასახადებმა 160 ლარს მიაღწია, სერიოზულად დავფიქრდი, როგორ შეიძლება რაღაცის ხარჯზე გავანახევროთ ან ოდნავ მაინც შევამსუბუქოთ, კომუნალური გადასახადები. გამოსავალი რა თქმა უნდა არის: თუ საკუთარ თავს მოვიძულებთ და კვირაში ერთხელ ვიბანავებთ (სწორედ, ამ სტატისტიკით ბანაობს ყოველი მეორე ქართველი) გამოვრთავთ მაცივარს, კომპიუტერს, ხშირად არ გამოვიყენებთ მადუღარას, იშვიათად გავრეცხავთ სარეცხს, არ ვუყურებთ ტელევიზორს ( რა ხეირი ყრია, ბინძური ქართული შოუების ყურებაში, რომლის თვალის მოკვრა უკვე მთელი საღამოს გაფუჭებას ნიშნავს. ამაზრზენი და მყრალი სანახაობა) ყველანაირი გზა იქეთ მიდის, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ასკეტები, ყველაფერზე უარი ვთქვათ, არ დავიბანოთ, არ გამოვიყენოთ სარეცხი მანქანა, არ წავიდეთ კინოში, თეატრში, კონცერტზე, კაფეში ყავის დასალევად, არ შევიძინოთ ფეხსაცმელი, პიჯაკი, კაბა, შარვალი, არ შევავსოთ ბალანსი მობილურზე, არ გავაჩინოთ შვილები, რადგან თუ გავაჩენთ უნდა ვუყიდოთ 120 ლარიანი სახელმძღვანელოები, არასოდეს დავეზღვიოთ, წელიწადში ერთხელ ვერ უნდა მივიდეთ ექიმთან, ვერ დავიპლომბოთ კბილი, ვერ ავიღოთ ანალიზები, არ ვიყიდოთ პროდუქტები და საერთოდ, უარი ვთქვათ კვებაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ გადამხდელ უნარიანების რიგებში ჩავეწერებით. მოკლედ, ასკეტიკა სერიოზული რამეა ასეთ შემთხვევაში. მაგრამ, რომ გადარჩე და გახდე გადასახადების გადამხდელი, მხოლოდ ფიზიკური შემოძარცვა არ გამოგადგება, საჭიროა სულიერადაც შეამზადო საკუთარი თავი, რომ გადასახადების ქვითარზე დასუფთავების გრაფაში 45 ლარის დანახვას გაუძლო, მოკლედ ორივე საჭიროა ფიზიკური და მორალური სიმტკიცეც, რომ არ დაეცე.
არის კიდევ სხვა გზა, წუწუნი სოციალურ ქსელებში და პირად ბლოგებში, რასაც ახლა მე ვაკეთებ და სხვადასხვა საპროტესტო ხასიათის შემცველი ჯგუფების შექმნა, სადაც ასი ათას კაცამდე გაწევრიანდება, დრო და დრო დავპოსტავთ, ვაგინებთ და დავწყველით მთავრობას, გულს მოვიოხებთ, ვიამბოხებთ და არაფიზიკურ სამოქალაქო სივრცეში, რომელიც უფრო და უფრო ემგვანება ასეთი სიტუაციისთვის შესაფერის გამოთქმას:”ამირან გულში მღეროდა”.
80 თეთრიანი მარშუტკების გამოჩენის შემდეგ, ჩემი სატრანსპორტო საშუალებები შეიცვალა და უკვე მეტროთი და ავტობუსით ვმგზავრობ, ეს ერთგვარი პროტესტი იყო ყვითელი მიკროავტობუსების მიმართ, სამაგიეროდ, ეხლა ვხვდები უამრავ უცნაურ ადამიანს, წითელი კეტების გამყიდველ გოგოს, მოხუც ბებოებს, სიყვარულის ჟინით ატანილ შეყვარებულებს, თავის თავთან მოლაპარაკე კაცებს და ქალებს, კეთილ და ბოროტ კონდუქტორებს და კიდევ მრავალ სახეს, ვიმახსოვრებ დროსა და სივრცეს და თუ ამ ტრანსპორტსაც გაძვირება დაემუქრება, მერე ალბათ ველოსიპედს ვიყიდი და ვივლი, სანამ ფეხით სიარული არ გახდება ფასიანი.
როცა, გამოსავალს ეძებ, სხვადასხვა ვარიანტებს მონიშნავ ხოლმე, გარდა ერთისა, რომელიც ჯანსაღი პროტესტის გზაა, სოციალური აქტივობის დასტური, სამოქალაქო სულიერების (მგონი) ყველაზე კარგი თვითგამოხატვის ფორმა, ვგულისხმობ რა თქმა უნდა ჯანსაღ ფორმას და არა “მიშა გადადექის” და ა.შ სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ეს კულტურა, იოტისოდენა სოლიდარობის განცდა, არც მაგალითის მიმცემები მოიძებნებიან, ყველა სადღაცაა შეყუჟული და თვითგადარჩენის ტრაქტატებს თხზავენ, სამაგიეროდ აქტიურად მოღვაწეობენ პრეზიდენტის ჟურნალისტები და სასახლის კარზე დაახლოებული ხელოვანები. მიუხედავად, იმისა რომ ყოველ დღე გვესმის “სამოქალაქო ურთიერთობების, ღირებულებების” და ასეთი ფასეულობების შესახებ, სხვადასხვა ენჯეოების და “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებების” ამ კუთხით გაწეული შრომის რეალური შედეგი არადამაკმაყოფილებელია, შეიძლება ითქვას, შედეგი არც არის.
ეხლა , კარგად ჟღერს, იყო რაღაც “უფლებების დამცველი”, დღეს რომ სოციუმის “ღირსეული” წევრი იყო ვიღაცის უფლებებს უნდა იცავდე, დასავლურ ღირებულებებს უნდა ავრცელებდე, ყოველ წუთში განგაშს ტეხდე და ა.შ და ა.შ. ისე კი ძალიან საინტერესოა, ეს ადამიანები, რატომ ერთხელაც არ გააბარტყუნებენ ყურს სოციალური შეჭირვების და დევნის დროს, როცა ადამიანის მთავარი სასიცოცხლო ღირებულების არსებობა ეჭვქვეშ დგება თუ მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არსებობს და მხოლოდ, რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების დაცვაა მათი პრიორიტეტი? ვინღამ უნდა დაიცვას უმრავლესობის ღირებულებები? ამას ძალიან მარტივი პასუხი აქვს, რა თქმა უნდა უმრაველსობამ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენს უმრავლესობას გენეტიკურად მოგვდგამს პოლიტიკური და სამოქალაქო უსუსურობა. დღევანდელი ჩვენი ყოფა კი უმოქმედოა და სიცოცხლის უნარს მოკლებული, მუზეუმში დაცული ექსპონანტებივით გამოვიყურებით, მხოლოდ ეთნოგრაფიულ ნარჩენებს თუ მოგვაგონებს თანამედროვე ქართველი, რომელსაც მუზეუმის კაპასი თანამშრომელი მხოლოდ ტურისტის დასანახად თუ გაასუფთავებს და მტვერს გადაწმინდავს, არადა გამოსუფთავება შიგნიდან გვჭირდება, ამას თავად ხალხი უნდა მიხვდეს, რომ საჭიროა მენტალობის გამოხეხვა, ის რასაც ქალები “გენერალურ უბორკას” ეძახიან, ასე ზემოდან დაბერტყილი ღირებულებები კი ვერაფერს გვიშველის და ეს სულ სხვა თემაა, რადგან თანამედროვე ქართველი ჯერაც არ გამოსულა იმ პირველკლასელის ასაკიდან, რომელიც თავის “ქარიზმატულ” მშობელს ელოდება, რათა ხელი კარგად ჩასჭიდოს და სკოლიდან გამოიყვანოს.
“მარშუტკების “გაძვირება და დასუფთავების გადასახადის ახალი ტარიფები უნდა ყოფილიყო სერიოზული სოციალური პროტესტის საფუძველი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგან ჩვენთან არც ლონდონია, არც პარიზი და არც მადრიდი, სადაც ადამიანები თავიან უფლებებს პატივს სცემენ და ბოლომდე იცავენ მათ. მათგან, განსხვავებით აქ ხელისუფლების და გაჭირვებული ხალხის რიტორიკა უნისონშია, “გზები ხომ დავაგეთ, სასტუმროებს, ხომ ვაშენებთ და შუქი ხომ გვაქვს” ამ დემაგოგიას ხალხიც იზიარებს და ბატებივით აყიყინდებიან, როცა მათი მეთაური ყიყინს მორთავს. პრინციპში, რა საჭიროა პროტესტი, როცა “საზოგადოება” თავად უცხადებს ყველანაირ სოციალურ თანხმობას ხელისუფლებას, ისინი განდობილებივით არიან, ერთმანეთს თვალს უკრავენ, ჩუმად მოქმედებენ, კარგ ტიპებს სასწრაფოდ იშორებენ და ასე მიზანმიმართულად ახდენენ უსამართლობის ლეგიტიმაციას, რომელსაც ასე შეიძლება ვუწოდოთ :“რაღაც, ხომ კეთდება”.
მერე მოდის ისევ არჩევნების დრო, ისევ დაბნეულობა, ისევ თავგზა არეულობა, ნოყიერი და მაძღარი პრეტენდენტები სახით შემოთავაზებული მენიუ, ვირჩევთ რომელიმე კარგად დანაყრებულ ჰაბიტუსს, რომელიც არჩევის შემდეგ , გვარიანად ნაყრდება და ევსება ფიგურა, ებერება სახე, ლოყები, თვალები, ქუთუთოები, მუცელი, გავის შემოწერილობა ეზრდება, ფეხები უმრგვალდება, მთლიანად სქელდება და თვალებიდან ვეღარ იყურება და ვერც იმ ელექტორატს ამჩნევს, რომელმაც ის აირჩია…

შორი, ძალიან მომეწონა, მაგრამ ჩემი მოქალაქეობრივი აქტივობა ამ მოწონების იქით ვეღარ მიდის, რკინაც კი ცვდება, ადამიანი იღლება სულ ნაგავში ქექვით, ულამაზესი სიცოცხლის მდინარე მიდის ამ ჩივილ–წუწუნის გვერდით, კეისარს კეისრისა… და იყავი თავისუფალი, ის კაპიკები მაინც ვერ გაგამდიდრებს.
,,გენერალური წმენდა”, რაზეც ამბობ ძალიან ნელი პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებული, ვარ რომ იქნება…
ალბათ სხვა რეალობაც არსებობს,სადაც საარსებო კალათას 150 ლარით ავსებ და 5 ლარით მთელი თვე მგზავრობ.. მაგრამ ეს რეალობა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის არაა ღია,თორემ ჩვენც ხო შევძლებდით ქალაქის მერივით გვეფიქრა?