როცა, სამუშაო კვირის პირველივე დღეს მწარედ გაცივდები, რამე კარგი უნდა გააკეთო, თუნდაც ადგე და ხბოს ხორცი მოიხარშო, მერე თბილად მოკალათდე და კარგი ადამიანები გაიხსენო.
მაშასადამე, დღეს გავიცნოთ არჩილი. არჩილი მაღალი და სიმპატიურია, ხშირად ატარებს დაბალ წვერს, გულიანად იცინის, ცოტა ხნის წინ ნიქოზში, თითქმის ცხინვალის საზღვარზე ბავშვებს ხატვას ასწავლიდა, როგორც ვიცი ბავშვები ჩერჩილს ეძახიან და ძალიან უყვართ.
ალბათ არ დაიჯერებთ, რომ სინამდვილეში ასეთია და მართალიც იქნებით, მაგრამ მე ეს ნახატი ძალიან მომეწონა და ამიტომ, მოვათავსე აქ. ერთხელ დამპირდა ერლომს შეგახვედრებო და იმის შემდეგ, როგორც ვიცი ხოლმე ყველაფრის “სადღეხვალიოდ” გადადება ისე ვარ და ერთხელაც ვერ მოვინდომე, რომ როგორმე პირობა შეესრულებინა. ერლომ ახვლედიანი ჩემთვის სულ სხვა განზომილებაა, რომლის სივრცე ჯერჯერობით სათანადოდ ვერ ავითვისე, ეს სივრცე ყველას სხვადასხვა ზომის აქვს, ამიტომ მხოლოდ დიდი ადამიანები ახერხებენ ამ სივრცის ისეთი რამეებით შევსებას, როგორიც სხვების ანუ ადამიანების სიყვარულია. ერლომთან ყველაფერია, ნიავის და კოღოს სიყვარული, თითქოს პრიმიტიული ურთიერთობები, რომელზე ფიქრისთვისაც ბევრ დროს არასდროს ვხარჯავთ, ამ მნიშვნელოვანი ამბების ასეთი ტრივიალურობა, ალბათ იმის შედეგიცაა, რომ ძალიან ცოტა დრო გვრჩება ფიქრისთვის, დაკვირვებისთვის, სიყვარულისთვის, სამაგიეროდ ოხრად გვაქვს დრო საინფორმაციო გამოშვებების საყურებლად, სულელური პოლიტიკური დისკუსიების მოსასმენად, დროის გასაფლანგად და ა.შ.
ალბათ, ერთ დღესაც ყველა მივხვდებით, რომ დროულად უნდა დავიწყოთ საკუთარი საარსებო სივრცის გასუფთავება სხვადასხვა ყალბი ამბებისგან. ერლომის ბოლო წიგნი “კოღო ქალაქში” ხელაღებით თუ ვიტყვი სიყვარულზეა, ოღონდ კარგ სიყვარულზე, რომელიც ჯერ არ გაფუჭებულა, ზამბარა არ გასცვეთია და მექანიზმიც კარგად მუშაობს. თუ ვინმეს აინტერესებს სიძულვილი, როგორ გამოიყურება ვიზუალურად, მას გაფუჭებული სიყვარული უნდა აჩვენო და მისთვის ყველაფერი გასაგები გახდება.
ისე გამოვიდა, რომ ერლომზე დავწერე, მაგრამ ვიცი ეს არჩილს არ გააბრაზებს. გარდა პირველი აბზაცისა, არჩილი სასწაულ ანიმაციებს ქმნის, სხვადასხვა საინტერესო ადამიანებთან ერთად. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა მათ ატვირთვას ეხლა ვერ მოვახერხებ. ამიტომ, ბონუსად მესამე ნახატსაც დაგიტოვებთ:)


შორი, მომწონს შენი ტექსტი, მომწონს ტექსტის ადრესატებიც, ბატონი ერლომი და არჩილი… გაკვრით, თუმცა საინტერესოდ დაგვიხატე მამა_ შვილი, ბატონი ერლომის სივრცე ჩვენც ასათვისებელი გვაქვს, ერთმა ახლობელმა თბილისში ისე შეიცხადა:_ ,,უი, ერლომის შემოქმედებას არ იცნობო?” შემრცხვა