ჩემი ორდღიანი მივლინება დღეს დილიდან დაიწყო. დილის შვიდის ნახევარზე მაღვიძარას ზარმა დაუყოვნებლად წამომახტუნა, დიდხანს აღარ გამიჭიანურებია. ჩვენ გვაქვს ტრაგიკული გამოთხოვება ერთმანეთთან, უფრო მე, ყველაფერს ვისუნთქავ მისას, ყელს, თვალებს, კისერს, შუბლს, ცხვირს, ყველაფერს ვიმახსოვრებ. რა საშინელებაა წასვლა, თუნდაც ორი დღით, ნეტა როდის შევეშვები ამ ტრაგიკულ გამოხტომებს.
ბათუმში საღამოა და სითბო, არ ვიცი შეიძლება მე მომეჩვენა ასე, პრესკაფეში ვზივარ და ყურადღებას არ ვაქცევ, რაღაც ფილმს უჩვენებენ. დამდაგველი მგზავრობის შემდეგ, ჰაერს და სიგრილეს ეხლაც თავდაუზოგავად ვეწაფები. კიდევ კარგი, მოწევა შეწყვიტეს…
ირგვლივ სინაცრისფრეა. რა უნდა დამხვედროდა არ ვიცი, პრინციპში ისე წამოვედი, რომ არაფერზე მიფიქრია, მთავარია არ გავყინულიყავი, მარტო ამას ვფიქრობდი. ვიმგზავრე გაღიზიანებულ მოქალაქეებთან და ზოგ მხიარულ მექორწილესთან ერთად. ხალხი გაღიზიანებულია, საშინლად გაღიზიანებული, მგონი მეც იგივე მჭირს. დღეიდან, უნდა ვეცადო ყველაფერი გამოვასწორო, აი თუნდაც ამისთვის მჭირდებოდა აქ წამოსვლა, ესეთი სიტუაციები საკუთარ თავის კარგ რაკურსში დანახვას აიოლებს. ობიექტივივითაა, საიდანაც შეიძლება დააკვირდე კადრი როგორი გამოვა. ისე კი, მირჩევნოდა, სადმე სოფელში წავსულიყავი, არც საუზმიანი სასტუმროს ძებნა მომიწევდა და საერთოდაც, თავს მშვენივრად ვიგრძნობდი, ვინმე ცხელ რძეს თუ დამალევინებდა. მოკლედ, ასე მე მართლაც საშინლად უმადური ადამიანი ვარ, სულ ვწუწუნებ და ხალხს ვღლი.
ბათუმელ ტაქსისტზე, კი სანამ ორი კვირა არ გავა იქამდე ვიფიქრებ. გაუბედურებულ და უნდობლობით დაღლილ კაცზე, რომელსაც ეგონა, რომ ”მიშას” ჩამოვყევით და სასტუმრომდე, ამას გვეკითხებოდა, ვერაფრით დავაჯერეთ, რომ ასე არ იყო. მოკლედ, ამიტომაც მინდა სადმე გადაკარგვა, ცხელი რძე, გემრიელი ბლინები და შუადღით მოხარშული ხორცი. საერთოდ, ყველაფრისგან გამოთიშვა მინდა, ყველანაირი ჩართულობისგან ამორთვა და მხოლოდ, საკუთარ თავში თუხთუხი, არადა თითქოს რა იოლია ამ ყველაფრისგან გარიდება, მძიმე სოციუმისგან დროებით გარიყვა.
ეს ფილმიც მალე დამთავრდება და დასაძინებლად წავალთ, შეიძლება ჩემმა მეწყვილემ სეირნობა მოინდომოს, ნეტა არ მოინდომოს რა. რაღაც, მომენტში ჩემი ძვირფასი ამბები ამომკენკეს დღეს და გათიშული ვარ. არა, არასოდეს უნდა მოუყვე ვინმეს, თუნდაც არც თუ ისე ამბები, რაც არ უნდა საყვარელი ცნობისმოყვარეობით გეკითხებოდნენ, მაგრამ მე კაცთმოთნე ვარ და უარის თქმა ვერ შევძელი, შეიძლება ის ამბები მისთვის არაფერს ნიშნავს და რაც, უფრო სწრაფად გადაყრის მეხსიერების სანაგვეზე, მე უფრო მაწყობს, ჩემი ამბები ისევ მე დამიბრუნდება.
კეთილად, ბრძანდებოდეთ!:)
