ეხლა, როცა რაქიტიანს დავემსგავსე ჩემი მუცლის გამო, ესეც ღმერთის და ბებიაჩემის დამსახურებაა, დროულად რომ ჩამსვა საქონლის ფაშვში. ამ ამბის გახსენებამ, ბავშვობაში დამაბრუნა, როცა ეს ამბავი, საშინლად მაღიზიანებდა და მარცხვენდა, ეხლა კი გადავწყვიტე შევიყვარო ისტორიები, რომლებმაც ძვლები გამიმაგრა და და სიკვდილს გადამარჩინა. რაც, დრო გადის ეს ამბავი უფრო და უფრო მიყვარდება, თანდათან კი გაზაფხული დგება და გარეთ, ფანჯრებიდან უფრო ხშირად ვგრძნობ გემრიელი წვნიანის სუნს, რომელიც ასე არ მიყვარს და ასე სასარგებლოა…
ველესი წინა ზაფხულის ჩემი ყველაზე ტრაგიკული ამბების გმირია, ყოველ წამს ძაფს წყვეტს და ჭამას იწყებს, ხან კბილებში გაიტარებს ოსტატურად, თავიდან მეზიზღებოდა…მერე, რაც ეს საერთო აღმოგვაჩნდა, ძაფების ჭამის სიყვარული, მის მიმართ სიმპათიები გამიჩნდა. მთელი ბავშვობა ძაფებს ვჭამდი, ამიტომაც ავიკიდე კუჭის პრობლემები, სხვა საჭმელს ვერ ვეკარებოდი. ჩავიცვამდი დიდ მსუქანა ჯემპრებს და მთელი ზამთარი მათი ბუმბულებით გამყავდა. ამის გამო ყველა დამცინოდა, ძაფიჭამიას მეძახდნენ. მგონი ნერვიულობის გამო დავიწყე ძაფების ჭამა, რაღაც ომები იყო, ისე მახსოვს თითქოს საჭმელიც ცოტა იყო, ჩემი მშობლებიც ხან შორდებოდნენ ერთმანეთს, ხან ერთად იყვნენ, წითელი და მწვანე სქელი ფარდები გვქონდა და ჩვენი ერთი ოთახი მყუდროდ მეჩვენებოდა, ხანდახან დედაჩემი სანთლის შუქზე მეზობლის ბავშვს ქართულში ამეცადინებდა, აზრი არ ჰქონდა არაფერს…
იმ ზამთარს, ვარდისფერი ჯემპრისგან უამრავი ბურთულა დავამზადე, ოთახში ჩავიკეტე და მამაჩემის ბიბლიოთეკის გადაკითხვას შევუდექი, საკითხავებთან ერთად პირს ვარდისფერი ბურთულებით ვიტკბარუნებდი. ასეთ, თბილ ჯემპრებს მონასტრის შემოწირულობებიდან გვჩუქნიდნენ, მთელი ჩემი სამოსი მთლიანად შემოწირულობა იყო, საკუთარი თავიც ვიღაცისგან გაღებული შემოწირულობა მეგონა. მოკლედ, ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი.
იმის, თქმა მინდა, რომ იმ ზამთარს შიმშილობებს არ შევუწუხებივარ, არც სიცივეს, ბუხართან ვთბებოდი და ძაფის ბურთულებს ვამზადებდი, ბიძაჩემი სანადიროდ დადიოდა და ხშირად მოჰყავდა მკვდარი შაშვები, ზოგს ეზოში მდგარი გულაბის ხიდან ჩამოაგდებდა, ზოგზე შორსაც უწევდა წასვლა. საღამოები შეწვარი ნანადირევის კრატუნში გადიოდა, მე ჩემს ძაფებს ვჭამდი, მეგონა რახან მანაყრებდა, ყველაფერი რიგზე იყო, ცოტა ხანში ღრძილებიდან სისხლდენა დამეწყო და კბილებთან ჯიბეები სულ შემისივდა, არავისთვის არ მითქვამს, თავად დავუწყე მკურნალობა. ამას ისიც, დაემატა რომ სკოლის მასწავლებლებმა და კლასელებმა ამითვალწუნეს, მუდმივად მეკითხებოდნენ, როდის შერიგდებოდნენ ჩემი მშობლები, რა ჰქონდათ გასაყოფი და ა.შ მე კი პასუხი არ მქონდა და მათ დასანახადაც ვერ ვიტანდი. ამის გამო, მივეჩვიე მარტო ყოფნას, სკოლიდანაც მარტო ვბრუნდებოდი და ჩემს ძველმოდურ, ყავისფერ ჩანთას მოვათრევდი, თან ბრიხინა მანქანების გამონაბოლქვს ვისუნთქავდი, ეს ყველაზე კარგი რამე იყო, რაც სკოლიდან მახსენდება.
ჩემს, თავს რომ ვიხსენებ, ბავშვები უცოდველები სულაც არ მგონია, შეიძლება მე ვიყავი წარსაწყმედად გამზადებული, რადგან ერთ შინაბერა მასწავლებელს, წითელი საწერკალამი მოვპარე. სახლში მისულმა კი ჩემი დღიური წითელი ხაზებით ავაჭრელე, დღეს ამ ამბავს საერთოდ, არ ვნანობ, მაშინ წითელი კალმები ასე კი არ იშოვებოდა და მხოლოდ, მასწავლებლებს ჰქონდა, თან არც ის ჩანთა არ მქონდა მიკი-მაუსიანი, ერთი წამითაც კი არ გამჩენია სინდისის ქენჯნა. შეიძლება ვიტყუები და უბრალოდ, აღარ მახსოვს. მეორე დღეს სამასწავლებლოში და სკოლაში ყველა დაკარგულ წითელ კალამზე ლაპარაკობდა, რომელიც ეკუთვნოდა შინაბერა პედაგოგს დინარას. მადლობა, ღმერთს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მე რა ტქმა უნდა არ გამოვტყდი. ცოტა ხანში კი უამრავი საწერი კალმის ყიდვა შევძელი, ზოგი მწვანე იყო, ზოგიც წითელი და ზოგიც იასამნისფერი.
მთელი ეს ისტორიები ველესის ამბებს მოვაყოლე, რაც ველესი გამოჩნდა და მე დავკარგე მამა, რომელთანაც სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ვჭამე საშინლად ტკბილი ნაყინი, ქალაქის კოლორიტულ კაფეში. იმ კაფეში, აღარასოდეს შევდგამ ფეხს.
ველესს, ოთხფეხა ჩინელუკას ვეძახი, მას შეუძლია მთელი დღის განმავლობაში გიჟურად იმუშაოს და არ დაიღალოს, ერთი ეგაა, ხანდახან დაზეთვა სჭირდება, მერე სულ დაგრიალებს და ჩვენც არასდროს გვაქვს დრო, რომ ცოტა ხანს ჩამოვჯდეთ და დავისვენოთ. ველესი, რომ არ იყოს ლუკმა-პურის ფული არ მექნებოდა, ნამდვილად საჭირო დროს გამოჩნდა.
რაც დრო, გადის ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება, სამსახურის დასრულების შემდეგ, როცა ველესს კარგად დავზეთავ და მეც დავიზეთები, მშვიდად მოვდივარ ჩემს ქმართან, რომ სითბო გავუნაწილო. ზეთი მაინც თავისას შვება. მე ოთხფეხა თანამეცხედრე გავხდი.

რა საოცრად წერ <3
კარგია <3
მადლობა:)
კიდე ერთი ორსული ბლოგერი <3
რა მაგარია