Feeds:
Posts
Comments

29 წელი

ბრრრრრ. გავიფიქრე და ემბრიონივით მოვიკეცე საწოლში. ერთი შეხედვით ვითომ არაფერი, ჩვეულებრივი დღე გათენდა, გარეთ ჯერ არ გამიხედავს, ისიც კი არ ვიცი როგორი ამინდია, შეიძლება წვიმს, შეიძლება ისეთი მზეა გულს გაგითბობს და ასაკთან დაკავშირებულ შიშებს სულ გადაგავიწყებს.

ჰო, დღეს ჩემი დაბადების დღეა. ბრრრრ. 29 წლის გავხდი. ზოგჯერ მავიწყდება , დიდი გოგო რომ ვარ, ორი ბავშვი რომ მაბადია ამ ქვეყანაზე, კიდე საყვარელი კაცი რომ მყავს, რომელსაც აბა ვნახოთ თუ დაავიწყდება, დღეს რომ ჩემი დაბადების დღეა.

“მგონი აღარ ახსოვს, ისე როგორც ავიწყდება სად ვინახავთ პირსახოცებს, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთი ადგილი აქვს, ავიწყდება სად ვინახავთ ბავშვის საფენებს, ხანდახან თავის დაბადების დღეც ავიწყდება მგონი, აბა ერთი ვნახო ეხლა გაახსენდება თუ შუადღით, როცა ფეისბუქზე ნახავს მოლოცვის ტექსტებს.”

უკვე ღვიძავს. მოდის და ოთხად მოკეცილს მაღვიძებს და თაფლიან წყალს მაწვდის. თავს ვიკატუნებ, აბა ხომ არ მივახლი, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა, რომ ამ დღეს ყოველთვის მახსენდება ორი წლის წინანდელი დილა, ფერადი ყვავილებით შეკრული თაიგული  რომ მომიტანა. ყვავილებიც სველი იყო და მისი თავიც და ცხვირიც. პატარა წიგნიც მოაყოლა, ისიც დასველებოდა, კაფკას- წერილები მილენასადმი, რომლის კითხვა შუა გზაში შევწყვიტე გაბრაზებულმა, რადგან ძალიან არ მიყვარს, ისეთი ადამიანები, რომლებიც ბედნიერების მოსაპოვებლად არ იბრძვიან. რა თქმა უნდა არაფერი მითქვამს, რომ ასეთ დაბადების დღეების დილებზე ვოცნებობ, როცა მოჰქონდა სველი ყვავილები, დილით ვსვამდით ცხელ ჩაის და ვცხოვრობდით მარტო და ბედნიერად.

თაფლიანი წყლით ვიჭყიპები. მერე ნივრის გაყოფილ ლებნებს მაწვდის, ამასაც ვაკნატუნებ და ძილის შებრუნებას ვცდილობ.ამ ყველაფერს თუ არ შევჭამ, ვიცი მაინც არ დამაძინებს. მერე მოვა და ფუტკრის რძეს დამაწვეთებს თითზე და მეტყვის ნახევარი საათი არაფერი ჭამოო.

“ნამდვილად აღარ ახსოვს”- ვფიქრობ საბანში თავჩარგული. მაგრამ, თურმე ახსოვს. და განა, რამე გრანდიოზული ხდება, რამე ფოიერვერკი, რამე საოცრება ან სიურპრიზი, არაფერი ამის მსგავსი. უბრალოდ მეხუტება და მეუბნება, გუშინ მთელი საღამო ვფიქრობდი რამე მეჩუქებინა და ვერაფერი მოვიფიქრეო :დ არადა, რომ მეთქვა რომ ის დიდი და ყვითელი ყვავილები მენატრება, ხომ მომიტანდა? ნამდვილად მომიტანდა. მე ვფიქრობ , რომ დაბადების დღის მთელი მუღამი დილითაა და არა- საღამოს, ჩაბნელებულ ოთახში შუქის ანთება და სხვა სიურპრიზები. იმ ორი წლის წინ ჩემი დაბადების დღე შემიყვარდა, ძალიანა კაი იყო, რომ წვიმდა და მერე ცხელ როიბუშის ჩაის ვსვამდით.

19 ოქტომბერს ნიშნობის ბეჭედი დავკარგე. ლამის მოვკვდი გული ისე დამწყდა და ტან არ მჯეროდა, რომ როგორ შეიძლებოდა იმ ბეჭდის დაკარგვა, რომელიც უტამ, თებერვლის ერთ , სუსხიან დღეს მაჩუქა. ხოდა დავკარგე. იმის მერე ვცდილობდი, იშვიათად შემეხედა მარჯვენა ხელის არათითისთვის და თითქმის არ ვუყურებდი. ვერ ვიტან დანაკლისებს.

პარასკევს და შაბათს თელავში აღმოვჩნდით ჟურნალ “მასწავლებლის” სამუშაო შეხვედრებზე. ეს ჩემი ბიჭი  ხო კარგად იღებს, ხოდა ამიტომაც წამოიყვანეს, უნდა აღგვბეჭდოს ვიდეოზე როგორი ლამაზები და ჭკვიანები ვართ და რახან , კარგი მამაცაა, ანასტასიაც მას ჩავაბარე🙂 შემოდგომაზე, ხომ კახეთი გულისგამაჩერებლად ლამაზია, ოქროსფრად აჭრელებული და აწითლებული. საღამოს ეს პატარა გოგო, ისევ გულზე ჩამოვიკიდე და თელავის დასათვალიერებლად წავედით.

მოიცა , ერთი წუთით. ბინძური, ბინძური, ბინძური დახლის გვერდით ვჩერდები. მეკითხება ცოლად თუ გამომყვებიო. რა ხუმრობაა ეს?!  ხუთი წელია მისი ცოლი ვარ, ავად თუ კარგად🙂 რა თქმა უნდა სიხარულით ვთანხმდები  ამ გულუბრყვილო ხუმრობაზე და ჩემს, ნამდვილ, დაკარგულ, ნიშნობის ბეჭედს მიკეთებს თითზე.

ჰოდა, მე ნაკლებად მიყვარს სიურპრიზები, მაგრამ ეს იყო ყველაზე კარგი სიურპრიზი და საჩუქარი მოახლოებული დაბადების დღისთვის.

და საერთოდაც, რა საჭიროა ამდენი კირკიტი ციფრებში და თარიღებში? რა საჭიროა, ამდენი შიშები და ემბრიონივით მოკუნტვები? რა საჭიროა ამდენი შფოთი, როცა შეიძლება თავისუფლად იყო ბედნიერი.

პ.ს პატარა გოგოს ძინავს. ბიჭი ბებიამ წაიყვანა. მეც ძილს ვაპირებ. გადასარევი ამინდია ძილისთვის. შეხვედრამდე

გადარეული  დედა არა ვარ. ვაბალანსებ ჩემს გრძნობებს და ემოციებს, მაგრამ ეს ორი კინკილა ბავშვი დედამიწის ზურგზე ყველაფერს მირჩევნია.

არც ძალიან ეგოისტი არ ვარ, მაგრამ ხანდახან ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ბავშვების მამა ამ ორ ბავშვს ჩაიბარებს და მე მივდივარ სადმე. თვალებს ვხუჭავ  და ვისვენებ , ან წაღებულ წიგნს ვკითხულობ, მერე აუცილებლად ვსვამ ერთ ფინჯან ცხელ ყავას, დავბოდიალებ, ადამიანებს არც ვუყურებ, შემდეგ ჩავდივარ მეტროში, ისევ ვკითხულობ წიგნის ათ გვერდს და კმაყოფილი მივდივარ სახლში. სადაც, იმ ადამიანების დანახვა მიხარია, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. მაგრამ, ასევე ძაან მიყვარს ჩემი ცხოვრების  ის მომენტი, როცა განმარტოებას ვახერხებ და უბრალოდ ვითიშები.

ე.ი ჩვეულებრივი დედა ვარ. უბრალო მოკვდავი. რომელიც, წუწუნებს კიდევაც, ტირის კიდევაც, როდესაც თავისი თავისთვის დრო არ რჩება, მაგრამ მაინც, ფენიქსივით ფერფლიდან აღსდგება და ისევ იკრებს ძალებს, რომ არ ძლიოს ორწუთიანმა შემოტევებმა.

ისე ძალიან მიყვარს ეს განმარტოება, რომ ხშირად ვათენებ ღამეებს, მაგ დროს ვწერ იმ ჟურნალისთვის, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს და ასეთი ღამეების დროს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მშვიდად ვაკეთებ იმ საქმეს ურომლისოდაც ძალიან უბედური ვიქნებოდი.

არის დღეები, როცა ყოველ მოძრაობას ვითვლი. გამორიცხულია, ამდენ მოძრაობას რომელიმე კაცი აკეთებდეს. მერე დავანებე თავი ამ თვლას და დავასკვენი, თუ გინდა იყო კარგი დედა და ამასთან ერთად იყო პიროვნება, რომელიც მხოლოდ ორი ბავშვის დედა და სამზარეულოში მობზრიალე არსება არაა, ამისთვის ტიტანური შრომა უნდა გასწიო. ჰო, ასეა. ქალებს, ძვირად გვიჯდება ჩვენი ინტერესებისთვის ბრძოლა, მაგრამ მაინც ღირს ეს ბრძოლა, ისევ ჩვენი თავისთვის, ისევ იმ კმაყოფილებისთვის, რომელიც ისე გვაბედნიერებს, რომ მზად ხარ მთელი კვირა მუხლჩაუხრელად იშრომო, მოუარო ბავშვებს, მთელი დღე ელაპარაკო, გაუღიმო, უმღერო მათ, იზრუნო მათი განვითარებისთვის, გაუმზადო  საუზმე, სადილი, ვახშამი, გაურეცხო ტანსაცმელი, დაიცვა სისუფთავე და მინიმალური წესრიგი მაინც, ათენო ღამეები იკითხო და წერო, უბრალოდ არ უნდა მოდუნდე, არ დაგავიწყდეს, რომ შენც ადამიანი ხარ, რომელსაც ბევრი პასუხისმგებლობა აკისრია.

როცა, ვდუნდები ვკვდები. ჩემი ტვინის უჯრედები კვდებიან. მერე  პირობას ვდებ, რომ დიდიხნით არასდროს შევისვენებ, რადგან ეს შესვენებები   ჩემზე ცუდად მოქმედებს. დიდხანს, ძალიან დიდხანს მიჭირს სტარტის აღება. ძალიან მიჭირს, ისევ იმ კარგ გოგოდ გახდომა, ხანდახან რომ ძალიან მომწონს 🙂

ბედნიერი , რომ იყო  მარტო შვილი და სიყვარული არაა საკმარისი, ეს ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ ეხლა დაბეჯითებით ვამბობ, რომ საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე, ვერასოდეს გახდები ბედნიერი. თუ ერთი წამით დაკარგავ ან დათმობ ამ შენი, ძვირფასი თავის მიმართ სიყვარულს და პატივისცემას, ყველაფერი ხუხულასავით ჩამოინგრევა. სამწუხაროდ, ადამიანებს ჭირდები ძლიერი, წელშიგამართული, არამოწუწუნე, მუდმივად მომღიმარი და არა დაღლილი და გაუბედურებული. ასეთ, დროს არავინ მოვა შენთან, არავინ გადაგისვამს  თავზე ხელს და არავინ გეტყვის (იმ ერთის გარდა) – ყველაფერი კარგად იქნება. არადა, ხანდახან როგორ გვჭირდება ვინმე, რომელიც უბრალოდ მთელი გულით დაგიჯერებს, რომ დაღლილობისგან ფეხები ისე გიკანკალებს სადაცაა წაიქცევი. ასეთი თუ ვინმე აღმოჩნდება მზად ხარ თითი გაიჭრა და საუკუნო მეგობრობა შეჰფიცო.

ქალად ყოფნა, დაბადებიდან და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში არაა იოლი რამ. განსაკუთრებით აქ, ჩვენთან, სტერეოტიპებით გაჟღენთილ გარემოში. ქალების პატივისცემა და მთელი ეს სადღეგრძელოები ერთი დიდი დემაგოგიაა. სხვა ქვეყნებში არ ვიცი როგორაა, მაგრამ ჩვენთან ქალები არ უყვართ, არ უყვართ როცა ისინი ლაპარაკობენ, არ უყვართ მათი მოსმენა, ხშირად აწყვეტინებენ და აჩუმებენ მათ, სამაგიეროდ უყვართ მათ გვერდით ჩამოსმხდარი ლამაზი ქალბატონები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით უვსებენ  სასმელით ჭიქას. მთავარია, ხმა არ ამოიღონ. მათ, ერთი მოვალეობა აკისრიათ სუფრა გაალამაზონ და ჩუმად იყვნენ.  იყვნენ იმ კაცების მსმენელები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ სიტყვას აწყვეტინებდნენ და ეუბნებოდნენ : “ეს სუფთა ქალური მსჯელობააო” და შემდეგ თავად, იწყებდნენ კაცურ, კვალიფიციურ ბოდვას. მათ დაეჯერებათ.

ალბათ, ზოგიერთი ადამიანისთვის ძალიან რთულია პატივი სცეს და დააფასოს სხვისი უნარები და შესაძლებლობები, მითუმეტეს თუ ის ადამიანი ქალია. რადგან, ასეთ დროს ხელიდან ეცლებათ მოსამსახურე, ქალი-დამლაგებელი, ქალი-პირისფარეში, ქალი-მზარეული, ქალი-ოჯახის სიწმინდის და სიმყუდროვის დამცველი. ყველაფერი ასეთ უხეშ, მერკანტილურ გადაანგარიშებებზეა გათვლილი და ალბათ, ამიტომაც უჭირთ ვითომ პროგრესულად მოაზროვნე “ფემინისტ” კაცებსაც კი  დაინახონ ქალების რეალური შესაძლებლობები. მათ, ყოველთვის ურჩევნიათ ქალი შეაქონ წიწიბურას კარგი მოხარშვისთვის, ვიდრე შეაქონ და დააფასონ მისი გონებრივი შესაძლებლობების გამო და პატივი სცენ მის დროს და საქმეს.

მართალია ეს სულ სხვა და დიდი თემაა, მაგრამ ყოველთვის მინდოდა ამაზე დამეწერა. და რადგან, იმის ფუფუნება არ მაქვს, თითოეულ თემას თითო პოსტი მივუძღვნა, იყოს აქაც მგონი ხელს არ შეუშლის ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებებს🙂

ღამის თორმეტის ნახევარია. ორივე ბავშვს ძინავს.  მე კი იმ ძალაზე ვფიქრობ, საკუთარი თავის რწმენას, რომ ვეძახით, რომელიც ფეხზე გვაყენებს და ჩვენს აკანკალებულ ფეხებს წაქცევისგან იცავს და გვაიძულებს უფრო მაგრები გავხდეთ და  უფრო ძლიერები.

ბავშვებს ძინავთ. გარეთ წვიმს, მთელი კვირაა წვიმს, მაგრამ თუ გარეთ არ გადიხარ სასიამოვნოც კია. ყოველ გაზაფხულზე ვწერ, რომ ლამაზი ბოტები არ მაქვს და რომ, აუცილებლად ვიყიდი. კიდევ ერთხელ გამახსენდა.

ეხლა უკვე 50 კგ  ვარ. 50 . განგაშის ზარებს შემოვცხე. მეტყვით, ძაან ნორმალური წონაა და ძალიანაც გიხდებაო , მაგრამ მე ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად. მაპატიეთ, მაგრამ ისე უფრო მირჩევნოდა, 45 კგ რომ ვიყავი, ლავიწის ძვლები რომ მქონდა ამოყრილი, თვალები ჩაცვენილი და ჩალურჯებული, ყველა ქვედაბოლო რო მომწონდა ჩემს ტანზე, “დაჟე” ჩემი ფეხებიც რომ მომწონდა და თავსაც უფრო ჰაეროვნად, რომ ვგრძნობდი🙂

არადა, ბავშვებს ღონიერი დედა ჭირდებათ და სადღაა სინატიფის და ლავიწზე ყურების დრო🙂 აბაზანაში შესვლაზეც კურთხევებს ვიღებს. ძნელია დედობა? აი, სულაც არ არის ძნელი. ეს მეორე რაც გაჩნდა, უფრო გაიოლდა და მოწესრიგდა ყველაფერი, უფრო მეტად შევიკარით ერთ გუნდად, უფრო მეტად დავხეტიალობთ სადღაც-სადღაც ერთად, უფრო მეტად ვიკიდებთ რაღაცებს ფეხებზე, უფრო მეტად ვხვდებით რომ ამ ბავშვების გაზრდაში ბევრი რამე ძალიან სასიამოვნოა და უნდა ვეცადოთ ყოველი წამი და ყოველი წუთი დავიმახსოვროთ. უბრალო პროცედურაც კი ძალიან სასიამოვნოა. საღამოს აბაზანის და მასაჟის დროს, ბრაზიანად რომ  აყვირდება ეგეც კი სასიამოვნოდ გვეჩვენება, გვეცინება ასე პაწაწინა რომ არის და ასეთი ძლიერი ინსტიქტი რომ აქვს გადარჩენის. ხელში აყვანის დროს ისე ჩაგავლებს ხელს თმებში, რომ ძაანაც რომ გინდოდეს ხელიდან ვერ გააგდებ🙂 ისიც, უნდა ითქვას როგორ ვიღლებით. მკვდრებივით მივეყრებით საწოლზე და ვითიშებით.

–  ოოოო, როგორ მიყვარს ეს ანასტასიები – გამოაცხადებს ხოლმე ანდრია და გადააფარებს ხელს სახეზე, მერე მე მომბაძავს და მუცელზე დაუწყებს კოცნას იმის იმედით, რომ გააცინოს. ეს გოგო კი სულ იცინის და სულ ხითხითებს.

11268129_1007299492615948_1206946683_n

– რატო ხარ ასე? დედა რატო ხარ ასე? დედა იმ გოგომ რატომ არ გამიღიმა? დედა მე ლამაზი ვარ? დედა მე შენი პრინცი ვარ? დედა მე შენი სიხარული ვარ? დედა შენ ლამაზი ხარ  და მე მამაკაცური. დედა მე სიმპატიური ბიჭი ვარ? იმ გოგოს რა ჰქვია, სულ რომ დარბის?

-აისელი.

– არა, მარი მქვიაო.

-არა, აისელი ჰქვია. ეტყობა ეგ სახელი  თვითონ უნდა რომ ერქვას.

-ჰო, აისელი. აისელი როდის იქნება ეზოში?

-სკოლიდან, რომ მოვა დედა.

– დაჩი და გიო ჩემი მეგობრები არიან?

– კი,ორივე. მოგწონს იმათი ზაზუნები?

– არ იკბინებიან?

-არა.

– ჩვენც ვიყიდოთ ზაზუნები კაი?

– კაი ვიყიდოთ.

– ხიდიც ვიყიდოთ კაი? კიდე ტრაქტორი. კიდე გვირაბი.  კიდე მდინარე. კიდე შენობა. კიდე ბურთი კაკები.

– ხიდებს ვერ ვიყიდით, ვერც გვირაბებს, ვერც მდინარეებს. არ  იყიდება ეგეთი რამეები.

– კაი მაშინ ლალალი (ნაყინი) ვიყიდოთ და საღამოს “ზღაპარში” წავიდეთ კაი? უტას დაურეკე და უთხარი “ზრაპარში” წავიდეთ-თქო.

– კაი, დავურეკავ.

– ანასტასიას სინგლით (სლინგი) წამოიყვან და მე ხელს მომკიდებ და არცერთი არ დავიღლებით ?

-კი დე, სლინგით წამოვიყვან და შენ ხელს მოგკიდებ.

– სინგლი, სინგლი, სინგლი.

-სლინგი, სლინგი, სლინგი.

– “ფუ შენი” ცუდი სიტყვაა? დედა, “ფუ შენი” ცუდი სიტყვაა? ეე, ფშიუუუ, ყურში არ გესმის რომ გეუბნები?”ფუ შენი” ცუდი სიტყვაა ხო?

-კი დე.

– კაი, მაშინ არ ვიტყვი. “უიმე” ვთქვაა? “ტაკო” არ უნდა ვთქვა და არც “ფუ შენი”. ჩუმად უნდა ვთქვა “ფისი მინდა”, მარტო შენ და უტას უნდა ვუთხრა ხო? სტუმრებთან ასე უნდა გითხრა ფი-სი მინდა უტა. (ჩურჩულით)

-ჰო, დე. სტუმრებთან ხმამაღლა არ უნდა თქვა ეგეთი რამეები, ჩუმად უნდა მითხრა მე.

– შორენ, იმ გოგოს რა ჰქვია სულ, რომ დარბის?

– აისელი.

-ჰო, აისელი.

გოგო

ქრისტე აღდგა.

გოგო მყავს, ორი თვის და 14 დღის ანასტასია. ქართულად, ხომ აღდგომას ნიშნავს ეს სახელი. გვიან გავიგე და მომეწონა. ლამაზი გოგოა უკვე. წითელი დაჭმუჭნილი და დანაოჭებული სახიდან, უკვე ნამდვილი გოგო გვიყურებს, გვიცინის, გველაპარაკება და ხანდახან ახითხითდება კიდეც.

ძალიან გადაჩვეული ვყოფილვარ ამ ამბებს. დავიწყებული მქონდა ღამისთევების სიმძიმე, ლაქტაციის მტანჯველი ერთი თვე, წამება და გოდება, ტირილი და კბილთა-ღრჭენა. ეს ყველაფერი უკვე მეორედ გამოვიარე და ვიტყვი, რომ ღირდა.

აი ისეთი ამბებიც დაიწყო. ვრთავ სარეცხის მანქანას და მიკროტალღურში ვდებ საჭმელს, ან ელექტრო ჩაიდანს გაზზე ვადგამ გასაცხელებლად, ჰო ერთ ღამეს ლოგინიდანაც კი გადმოვვარდი. არადა, იდეაში ვდგებოდი თვალდახუჭული, ისე კი ორივე მუხლით იატაკზე გადმოვეფერთხე.

დრო ისევ ცოტაა, ისევ არაფერში მყოფნის, მაგრამ მაინც ვახერხებ ყველაფერს ვეყო. კარგია ეს პროცესი, არ მაძლევს მოდუნების და მოშვების საშუალების. სულ ფორმაში უნდა ვიყო. საკუთარ ძალებთან ვარ კონკურენციაში, თითქოს ყოველდღიურად უნდა ვუმტკიცო, რომ მე ბევრი რამე შემიძლია. ხოდა, როგორც იმ რეკლამაშია, მგონი სნიკერსის რეკლამაში, ციყვები რომ გამალებით დახტუნავენ ბორბლებზე სულ ჩემი თავი მგონია ის ციყვები.

ბავშის მამა ბედნიერია. ყოველდღე აბანავებს და თავს ევლება. ჩემზე მეტად დარდობს მის კოლიკებზე და ათასნაირ ტონალობაში ელაპარაკება :”რა იყო მამიკო, რატომ ტირი. აბა მითხარი რა იყო იმ რძეში ასეთი, მუცელი რომ გატკინა?”

კიდევ კარგი გოგო ჯერ არ ლაპარაკობს, თორემ აუცილებლად ეტყოდა, რომ დედამ ვერ მოითმინა და ორი სოსისი მოიხარშა და მერე შებრაწა, ასევე შეწვა კარტოფილი და ეს ყველაფერი გემრიელად მიირთვა.

კიდევ კარგი ის სულ უფროსი ამ ბლოგს არ კითხულობს, თორემ ძაალიან დაასევდიანებდა ჩემი მუცელღმერთობის ამბავი. არადა, ორივე როგორ ვცდილობთ ჯანმრთელი კვების მებაირახტეები ვიყოთ, მაგრამ მე ხანდახან ჩუმ-ჩუმად ვცოდავ.

თავს პირობა მივეცი, რომ ბლოგზე წერას განვაახლებ. ისეთი საინტერესო დღეები, წინადადებები და ამბები იკარგება ყოველდღიურად. მეც მავიწყდება, ნამდვილი სკლეროზიანი გავხდი. თან, ისიც არის რომ ამ ჩემი გენიალური ბავშვების ისტორიებით და ფოტოებით მთელი ფეისბუქის მომხმარებლებს ვერ ამოვუქოლავ თვალებს და ყურებს. სირცხვილიც, კარგი საქონელია. ხოდა, ბლოგის ქონა მარტო იმისთვის მიხარია, რომ აქ შენახული დღეები არასოდეს დამავიწყდება.

პ.ს ეს გოგო ახლა მზის აბაზანებს ეცხუნება. მე კი ეს პოსტი ძალიან ნაჩქარევი გამომივიდა, მაგრამ სხვა დროს დავწერ სიბრძნეებს. ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ.

ელენე “საქართველოს გაეროს ასოციაციაში” პროგრამების ოფიცერია. მის მოვალეობებში პროგრამის დაწერა, საკონფერენციო თემების მომზადება, ტრენერების , ექსპერტების და მონაწილეების მოძიება, კონტრაქტების გაფორმება და რეპორტების წერა შედის. მისი სამუშაო დღე რთულია, აქტიური და დამღლელი, მაგრამ ამბობს რომ ეს მაინც სასიამოვნოა. “ზოგჯერ, ღამის ათამდე ვარ სამსახურში. ზოგჯერ სამი შაბათ-კვირა გადაბმულად არ ვისვენებ. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური და საქმე” – მეუბნება. ელენე სამსახურის გარდა სხვა სამოქალაქო აქტივობებით არის დაკავებული, მოზარდებს და სტუდენტებს ლექციებს და ტრენინგებს უტარებს, სხვადასხვა მოხსენებებს კითხულობს გენდერზე და ფემინიზმზე. 11065156_10153180021044577_1037859434_o “ახლა ხუთშაბათს მთხოვეს მოხსენების წაკითხვა თემაზე, თუ რატომ არიან ქალები უფრო პასიურები ჩვენს საზოგადოებაში. გარდა ამისა,  საქართველოს უნივერსიტეტში ვარ მიწვეული ლექტორი და დემოკრატიის და მოქალაქეობის შესახებ ვკითხულობ ლექციებს”. თემებით, რომელზეც დღეს უწევს მუშაობა საკმაოდ გვიან დაინტერესდა. თუმცა, იძახის ამის მიუხედავად შინაგანად აშკარად ბავშვობიდან ვიყავი ფემინისტიო. რეალურად კი ამ ყველაფერს იმას აბრალებს, რომ სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდა, არ იცოდა რა მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში თუ მსოფლიოში ამ კუთხით. შემდეგ, ელენემ საზოგადოებრივი მოძრაობა “დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილი” დააფუძნა. მოძრაობის მიზანი ოჯახში ძალადობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. იცის, რომ ეს კომპლექსური პრობლემაა და ერთი კონკრეტული მოქმედებით ვერ გადაიჭრება და შესაბამის კანონებზე , ამ კანონების ეფექტურ იმპლემენტაციაზე და ძალადობის მსხვერპლთათვის საჭირო რაოდენობის თავშესაფრებზე საუბრობს. როცა, მის ფემინისტურ და სამოქალაქო აქტივობაზე ვეკითხები, თუ როგორ აფასებენ   მის საქმიანობას, პასუხი არც ისე მოულოდნელია :”ძალიან უაყოფითი რეაქცია აქვს ყველას გენდერულ თანასწორობაზე, განსაკუთრებით თუ კი ფემინიზმს ახსენებ. ყველას ჰგონია, რომ ეს მარტო ქალების პრობლემაა და არა მთლიანად საზოგადოების, ზოგი ამაში საერთოდ ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას და იძახის რომ, რა გავაჭირეთ საქმე.” 1013147_567701293282314_440584114_n ნელ-ნელა ეს თემები ელენესთვის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა და ამ მიმართულებით აქტიურად დაიწყო მუშაობა. სტუდენტობის დროს კი როდესაც უნივერსიტეტში გენდერი და ფსიქოლოგიის და გენდერი და სამართლის კლასები აიღო, თავიდან პროტესტის გრძნობაც კი გაუჩნდა და დაეჭვდა, ზედმეტად ხომ არ აპრობლემებენ ყველაფერს ქალებიო. ამიტომ, დღეს უკვე საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე იცის, როგორი რთულია ადამიანს შეუცვალოს აზრი და განსხვავებული რეალობა დაანახოს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მსხვერპლი მთელი ცხოვრება ისეთ გარემოში იზრდება , სადაც ჩაგვრა და ძალადობა ნორმალურ მოვლენად ითვლება. ყველაფერი კი ამერიკაში დაიწყო. სკოლაში პირველად იქ შევიდა. წერა-კითხვაც პირველად ინგლისურად ისწავლა. დღეს თვლის, რომ ამერიკაში გატარებული ცხოვრების 10 წელი მისთვის დიდი გამართლება იყო. სწორედ იქ ცხოვრებამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა , მის პიროვნულ განვითარებაზე. პირველ რიგში ცვლილებებს და მრავალფეროვნებას მიაჩვია, შემდეგ კი იმას რომ ყველანაირი შრომა, რომელსაც გასწევ აუცილებლად დაგიფასდება. შემდეგ იყო ვებერის უნივერსიტეტი, სადაც პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და მეორადი ხარისხი ფსიქოლოგიაში აიღო. “საბოლოოდ რასაც ავირჩევ, ძალიან მინდა უშუალოდ ხალხს ვეხმარებოდე. ასე მგონია სხვანაირად არ ვიქნები ბედნიერი და ჩემი საქმე არ მეყვარება”- ამბობს. როცა , იქაურ სტუდენტურ ცხოვრებაზე და უნივერსიტეტზე ვეკითხები, ამბობს რომ იმდენი რამე აქვს მოსაყოლი, მაგრამ დაღლილობისგან საკუთარი ცხოვრება ავიწყდება. იცინის. ძალიან ლამაზი სიცილი აქვს, ამერიკული. საერთოდაც, ძალიან ლამაზია. სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში. პირველად საერთაშორისო სტუდენტების სენატორად აირჩიეს, შემდეგ გაეროს მოდელირების სტიპენდია მოიპოვა. სწავლის საფასურს თავად ფარავდა სხვადასხვა სტიპენდიებით. როცა, თავისი ცხოვრების გახსენებას ცდილობს, იმ ჯილდოებსაც იხსენებს , რომელიც დაიმსახურა სხვადასხვა დროს. მერე იყო, პოლიტოლოგიის ფაკულტეტმა გადასცა “გამოჩენილი დელეგატის” ჯილდო, მერე უნივერსიტეტის სენატის პრეზიდენტი და “წლის ქალი” გახდა. ეს ცალკე ისტორიაა, როცა სენატის პრეზიდენტობის არჩევნებში გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება. იმის მიუხედავად, რომ შეჯიბრი და ასეთი დაპირისპირება არასდროს უყვარდა თუ დარწმუნებული არ იყო გამარჯვებაში. ამ იდეის სისწორეში მამამ დაარწმუნა, რომელზეც საუბრის დროს ელენე განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ სწორედ მისი დამსახურება არის, რომ ასეთი დამოუკიდებელი და მიზანდასახულია. “დამისვა და მითხრა, ყველანაირად დაგეხმარები და თუ მოიგებ ხომ კარგი და თუ წააგებ ამით რა შავდება, მაინც საინტერესო გამოცდილებას მიიღებო და მეც ვცადე… საარჩევნო პლაკატები ერთად გავაკეთეთ მე, ჩემმა დამ და მამაჩემმა. ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ბოლომდე. იუტას შტატში ბევრი მორმონი ცხოვრობს, უნივერსიტეტის სენატის პრეზიდენტობის არჩევნებზე კი ძირითადად სულ ისინი იმარჯვებდნენ, ჩემი ოპონენტიც მორმონი ბიჭი იყო იუტადან. გოგო სენატის პრეზიდენტი კი ბოლო 10 წლის განმავლობაში არავინ გამხდარა. მოკლედ, დიდი შანსი არ მქონდა”. ისე ნერვიულობდა გამოცხადების ცერემონიალზე აღარ წასულა. სახლში დავრჩი და ძალიან გადაღლილი ვეგდე ტახტზეო. შემდეგ, მეგობარმა დაურეკა, ყურმილში ტაშის და კივილს ხმა ესმოდა. მეგობარმა უთხრა, რომ იმ მომენტში მის სახელს და გვარს აცხადებდნენ. ასე გახდა უნივერსიტეტის სენატის პრეზიდენტი და ის, რომ ცერემონიალზე არ წავიდა შემდეგ ძალიან ნანობდა. იმ დღის შემდეგ მნიშვნელოვანი რამ გადალახა საკუთარ თავში. წაგების აღარ ეშინია და საკუთარი შესაძლებლობების უფრო მეტად ირწმუნა. “მართალია იმ წელს ისე გადავიღალე, რომ ნევროზი დამემართა და დეპრესიაშიც ვიყავი, რადგან ძალიან ცოტა მეძინა. მძიმე გრაფიკი მქონდა, დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე, შუაში 30 წუთიანი შუალედით, რომლის დროსაც ჭამას ძლივს ვასწრებდი”- ამის ნიადაგზე ბალანსის დაცვაც ისწავლა და ისიც თუ როგორი დამანგრეველია ძლიერი გადაღლა და სტრესი. წლის ბოლოს უნივერსიტეტში კიდევ ერთი გამოწვევა ელოდა. პროფესორმა cristal Crest Award-ზე, უნივერსიტეტის ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე წლის ქალის ნომინაციაში დააასახელა. მაშინაც ასე ფიქრობდა :”მე რატომ უნდა გავიმარჯვო, ალბათ რამდენი მაგარი ადამიანი დაასახელეს ვისაც ჩემზე მეტი აქვს გაკეთებული”. ამჯერად, სახლში ტახტზე არ წამოწოლილა და დაჯილდოებაზე მაინც წავიდა, თუმცა დარწმუნებული იყო რომ ვერ გაიმარჯვებდა, ამიტომ სიტყვით გამოსვლის ტექსტიც არ მოუმზადებია. “ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს გამარჯვებულ ნომინაციაში, მერე მამაჩემი რომ ჩამეხუტა გაბრწყინებული თვალებით და ჩემმა დამ სურათების გადაღება დამიწყო, მაშინ მივხვდი რომ გავიმარჯვე. მაგარი გრძნობაა, როცა შრომა გიფასდება. ამერიკას ეგ ძალიან კარგი აქვს “- იცინის. წლის ბოლოს პროფესორმა რეკომენდაცია გაუწია ჟენევაში სტაჟირებაზე წასულიყო სწავლის დასრულების შემდეგ ქალთა ორგანიზაციაში. ჟენევაში ორი თვე ცხოვრობდა და თითქმის ყოველდღიურად უწევდა გაეროში სიარული და ესწრებოდა სხვადასხვა მოხსენებებს ქალთა თემების და პრობლემების შესახებ. “ ერთ-ერთ შეხვედრაზე გავიცანი იმ დროს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ზურაბ ჭიაბერაშვილი, შემდეგ საქართველოს საელჩოში დამპატიჟა, ბევრი ვილაპარაკეთ, ვუთხარი რომ საქართველოში დაბრუნებაზე ვფიქრობდი და რჩევები ვკითხე სტაჟირებასთან დაკავშირებით.მან მირჩია ჩემი ახლანდელი სამსახური და რეკომენდაცია გამიწია. ასე მოვხვდი საქართველოს გაეროს ასოციაციაში “. 2011 წელს, როცა ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა, სულ სხვანაირი რეალობა დაინახა. რეალობა, რომელზე დაკვირვება და პრობლემების აღმოჩენა მისი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. “უცნაურია ეს ამბები. იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში რომ არ წავსულიყავი იმ სტაჟირებაზე, ჟენევაშიც ვერ მოვხვდებოდი, ის სტაჟირება რომ არა ვერც ამ ორგანიზაციაში სადაც ახლა ვარ. სულ შემთხვევით რაღაცეებზეა აწყობილი ჩვენი ცხოვრება.” ელენე პირობებს არ დებს, მაგრამ მაინც განსაკუთრებულ მოლოდინებს უღვიძებს იმ ადამიანებს ვინც მას იცნობს. არ დებს პირობებს მომავალ წარმატებებზე, თუმცა ყველა ისედაც ხვდება რომ მცირედით არ დაკმაყოფილდება და მისი საქმიანობაც გარკვეულ  ცვლილებებს გამოიწვევს. ალბათ, გულის სიღრმეში ამის თვითონაც სჯერა. ალბათ, ცოტათი მაშინაც სჯეროდა გამარჯვების, როცა სასტიკად გადაღლილი ტახტზე იწვა და ვერც წარმოიდგენდა თუ გაიმარჯვებდა.

http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=15&id=240

ერთხელ დავწერე და არ ვიცი როგორ გაქრა, მაგრამ ისევ დავწერ იმ განწყობებზე გუშინ რომ ვიყავი. უცებ კარზე დააკაკუნეს, არავის ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაბადების დღე იყო. ხოდა, რომ მოვბრუნდი, ყველაფერი რაც დამეწერა წაშლილი დამხვდა. დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ თარიღებს ამიტომ მთელი დღე ყურადღება არ მიმიქცევია არაფრისთვის, ხელიც არ გამინძრევია, ტორტიც კი არ მქონდა, ყვავილებიც კი არ მქონდა. ასე გადავწყვიტე- დღეს არ მინდა არაფერი-მეთქი, არადა მერე წინა წლის დაბადების დღეებზე რომ ვფიქრობდი, წვიმისგან დასველებულ უზარმაზარ ყვავილების თაიგულზე და ტორტზე, მივხვდი რომ არ უნდა გააუბრალოვო ის დღეები, რომლებმაც ადამიანად გაქციეს.

მთელი დღე ხომ უჟმური ამინდი იყო. მე კი მიყვარს ასეთი ამინდები, ყველაფერზე მეტყობა რომ ოქტომბრის მიწურულს ვარ დაბადებული, მოჟამულ და უცხვირპირო დღეს და მეც ასეთი უცხვირპირო და უჟმური გამოვედი. არაფერი არ მიყვარს ისეთი რაც წესიერ და პატიოსან ადამიანებს უყვართ. მინდება შევიკეტო ოთახში, ფარდებით კარგად დავგმანო ფანჯრები და ვიჯდე ჩემთვის. ღმერთო ჩემო, იმ ქვეყნადაც ხომ მეყოფა მარტოობა, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვთმობ თავისუფალ წუთებს, როცა საკუთარ თავთან ვრჩები და შემიძლია გავიხსენო შემოდგომის ის დღეები, როცა ბებიასთან სოფელში ჩავდიოდი. პარასკევს ჩავაკითხავდი ხოლმე. ავყვებოდი ნისლში და უჟმურ ამინდში გაყურსულ სოფლის ორღობეს, შევათვალიერებდი ახლოს მთებს, სადაც თოვლის მოლოდინი იდგა, შევირბენდი ჩემს(ბებიას აშენებულ) სახლში, დავაგდებდი ზურგჩანთას და მეორე სახლისკენ გავწევდი. სულს ვერ მოვითქვამდი, სანამ ჭიშკარს არ გავაღებდი. ნესტიანი იყო ყველაფერი, ჭიშკრის სახელურიც და კარების და ფანჯრების ანჯამებიც. ეზოში ჩალის ღერები იყო აქა-იქ მიმობნეული. შემოდგომის ნობათს ითვისებდა სოფელი. აივნები გადავსებული იყო ყანებიდან ურმებით ამოთრეული სიმინდის ტაროთი და ყვითელი და მწვანე კვახებით. ლეიბებს არავინ ამზიანებდა აივანზე. ყველგან სიჩუმე იდგა, ბუხრის ოთახის გარდა, იქ დამხვდებოდნენ ყველა თავმოყრილი . ტელევიზორიც იყო ალბათ ჩართული, ელექტრონით განათებულ ოთახში გემრიელად თბილოდა. ყველა მყავდა : ბებია, მამა, ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები, ჯერ არ ვიყავით დაფანტულები, ზოგი არ იყო მაშინ მკვდარი. მაჭმევდნენ ცხელ, სქელ კეცის ჭადებს და გემრიელ ყველს, მერე ადრე დავწვებოდით, მიუხედავად იმისა, რომ შუქიც გვქონდა ტელევიზორი, შევუწვებოდი ბებიაჩემს საწოლში და მთელი ღამე არ ვაწუხებდი, არც ვმოძრაობდი. სულ სხვანაირი სუნი ჰქონდა მის თეთრეულს, მისი თმების სუნი, სიკეთის და მზრუნველობის.

სხვა ოთახში, ორი სკამის ხარიხაზე ახლადამოვლებული ჩურჩხელები იყვნენ ჩამოკიდებული, რომელსაც ხანდახან ხბოსავით ქვემოდან ამოვუდგებოდით და წვეტებს მოვაჭამდით. სინდისიც კარგი საქონელი იყო, რომელიც დიდად არ გვაღელვებდა. ძალიან გემრიელი იყო ბებიას ჩურჩხელები. ბებია სიმინდის ტაროებსაც ამოავლებდა ხოლმე ფელამუშში და აივანზე ჩამოკიდებდა გასაშრობად. ფელამუში იმათი წასვლის შემდეგ სანატრელად გადამექცა.

გაგისინჯავთ მწვანე პამიდვრის საცივი? ამ წამს გამახსენდა და ამან, კიდევ უფრო მომანატრა იმათი თავები. ყოველ ზამთარს გვქონდა, ხან ბებია აკეთებდა და ხან მამაჩემი.ნიგვზით, მწვანილებით შეზავებული მწვანე პამიდორი, ცხელ ჭადებზე უგემრიელესი იყო. იმდენს აკეთებდნენ გაზაფხულამდე გვყოფნიდა, ქალაქშიც მიგვქონდა. ბნელ ოთახში ჩაწიწკწიკებული იყო ქილები, ქილები და ისევ ქილები. ხორცის სოუსის დახუფულები, ცალკე ეს პამიდვრის საცივის ქილები, ზამთრისთვის გადანახული ტკბილი წვენი,მამაჩემის გაკეთებული შინდის მურაბები, ლეღვის ჩაშაქრებული მურაბები, ძლივს რომ გადმოგვქონდა ქილიდან, კიტრის მწნილები, სულ სამლიტრიანებში და ისიც ბევრი, ისიც გაზაფხულამდე გვყოფნიდა. კომპოტები : ჩვენი ეზოს ატმის, ჩვენი შინდების, ჩვენი ბლის ხეების და მსხლების, იმ ლამაზი გულაბების ოთახში რომ ვაწყობდით და თავისთვის მწიფდებოდნენ, ქარვისფერი ხდებოდნენ და თვალსა და ხელშუა ტკბებოდნენ და ქრებოდნენ :დ

დილით ბებია დამესიზმრა. დაბადების დღეზეც შემახსენა თავი. აბანოში ბანაობდა და მეც ვიფიქრე ბებიასთან ვიბანავებ-მეთქი, მაგრამ კარზე ჩემმა შვილმა ბრახუნი ატეხა, გამოდი, გამოდიო. ბებიამაც გამომიშვა. თვითონ დარჩა და გააგრძელა ბანაობა. რატომ, არის სიზმრებში არასდროს ვრჩებით გარდაცვლილ ადამიანებთან, ყოველთვის ვტოვებთ მათ, ან ისინი მიდიან და ვერ ვეწევით. რა უცნაურია, სიზმარშიც კი ზღვარი გადის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

ძალიან ნესტიანია ალბათ ახლა სოფელი. ძალიან ჩამყუდროვებული. დაცლილი. ქალები საბერძნეთში და თურქეთში გაიკრიფნენ. ბიცოლაჩემიც წავიდა, იშრომებს იქ და ჩამოვა ახალ წელს, მერე სახლში რამეს შეცვლის, შვილიშვილებს ნახავს და მათი არსებობით დატკბება, მერე ისევ წავა და ისევ იმუშავებს. არადა, ალბათ მას უფრო სხვანაირად ერჩივნა. ყოფილიყო ასეთი უჟმური შემოდგომა, გვერდით ყოლოდა ცოცხალი ქმარი, რომელიც მუშაობდა ქალაქში და შაბათ-კვირას გამოდიოდა სოფელში, გამოვიდოდა და მოიკიდებდა თავის სანადირო თოფს და საღამოს მოიტანდა ნანადირევს. ერჩივნა ალბათ აივანზე მჯდარიყო და სიმინდი დაეფშვნა, ფოთოლგაცვენილ ხეებზე შაშვები მჯდარიყვნენ და ძველებურად ეჭახჭახათ, გაეკეთებინა აჯაფსანდალი ზამთრისთვის და შეენახა ქილებში. ყოფილიყო თავის სახლში, ხანდახან მარტოც დარჩენილიყო, ქალაქში მყოფი ქმარიც მონატრებოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იქნებოდა.

ასეთი იყო, ჩემს მიერ ცუდად მოყოლილი შემოდგომა ჩემს სოფელში.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,657 other followers

%d bloggers like this: