Feeds:
Posts
Comments

Archive for September, 2009

მაშ ასე ყველაზე რთული დღე,კი არადა ღამე უახლოვდება თავის დასასრულს და პირველად არ ვიცი,რა უნდა მოვუხერხო ჩემს თავს,დავიძინო თუ რამე მოვიფიქრო,მაგრამ ამ დროისთვის,ღამის 2 საათისთვის არანაირი კრეატიული იდეა არ იღვიძებს ჩემში.ჰო ეხა გავიფიქრე ტვინის უჯრედები ალბათ ყავის გრანულებს ჰგავსთქო,ეტყობა ძალიან მომენატრა ყავის დალევა:)ჰო სამშაბათი რამდენიმე საათია დასრულდა,მე კიდე ეთერში ვარ და მგონია რომ ჩემს გარდა არავინ არის ”ძველი ქალაქის” რადიო სივრცეში,მაგრამ ხალხს არ სძინავს,რეკავენ და რაღაც სიმღერებს ითხოვენ,კიდევ კარგი რომ რეკავენ,თორე ისე უფრო გამიჭირდებოდა გაძლება ამ დრომდე.დღეს დილიდან ვმუშაობ,უფროსწორად დილის რვის ნახევრიდან,მაგრამ 6-ზე მომიწია ადგომა,მერე სახლში მისული კი დავეგდე და ცოტახნით მეძინა,მაგრამ ამ დღეს მაინც საშინლად ვიღლები.

რაღაცნაირად,ძაან კაი დღეები მქონდა,დედა შუშანიკი და დედა მაკრინე იყვნენ ჩამოსული,ბედიანის მონასტრიდან ერთი მორჩილი ახლდათ,გუშინ ვიყავით მოწამეთაში,მე ვიყავი საშინლად განადგურებული და გაშეშებული სახით,მარა ბოლო წამს მაინც გადავწყვიტე წასვლა.წვიმა საშინლად მაზარმაცებს.დედა მაკრინემ მოწამეთას ტაძარში დავით და კონსტანტინეს თავის ქალებთან პარაკლისი წაიკითხა,მე გვერდით ვიდექი და მეძინა:) მარა გულში ვლოცულობდი,წმინდა კონსტანტინე დაიფარე ჩემი ბიჭითქო.უტა ხო ისე კონსტანტინეა:*

ყველას უნდოდა ენახა ის მამა გიორგი,ფეხითმოსიარულეს რომ ეძახიან,ჰოდა ავდექით და მის სოფელში წავედით,ჭოგნარში,მთელი გზა დედა მაკრინეს მხარზე თავდადებულს მეძინა.კიდევ წვიმდა რათქმაუნდა.დედა მაკრინეს ეზოში ყვავილები მოეწონა.მამა გიორგი იწვა ოთახში,სანამ ყველა არ დავსხედით სკამებზე მანამდე არ მოისვენა,ვფიქრობდი ნეტა თუ მიხვდება რას ვფიქრობ ჩემს გულშითქო,თავიდანვე არასათანადოდ ვიყავი განწყობილი, თუ ჩამარტყა რამე თავში მეთქი,არადა რატო მქონდა ასეთი გაუბედურებული წარმოდგენა და მოლოდინი არ ვიცი,თუმცა მე ხომ კარგზე არასოდეს არ ვფიქრობ:)ერთი რამე კი კარგად გამოიცნო მამა გიორგიმ,საწოლთან მაგიდაზე ყურძენი ეწყო სინზე და უცებ თვალი რომ მოვკარი საშინლად მომინდა,თან საჭმელი მთელი დღის განმავლობაში არ მქონდა ნაჭამი და თვალები ზედ მრჩებოდა,მამა გიორგიმ ყველას გვთხოვა აგვეღო ყურძენი,მე და დედა მაკრინემ ვთქვით,როგორ გვიყვარდა კახური ყურძენი,ტკბილი და თხელკანიანი,რომელიც სულაც არ ჰგავს იმერულ სქელკანიან ყურძენს,მაგრამ სულაც არ გამოდგა კახური:):):)მერე შოკოლადები მოგვცა.მალე წამოვედით,ძაან მინდოდა სახლში მალე მისვლა,კიდე დამეძინა გზაში.ისე მივითიშე,უტას საერთოდ ვერ მივწერე ვერაფერი,კიდევ კარგი რომ არსებობს სკაიპი და მისი ჯანი,მერე სახლში მისული,კაი ხანს ვწერდით ერთმანეთს.

მოწამეთაშიც და ჭოგნარშიც ძაან კარგი იყო.რაღაც ძაან მსუბუქად წამოვედი იქიდან,უტამ მითხრა სულ არ გეტყობა სახეზე თუ დაღლილი ხარ და გეძინებოდაო,არადა მაგას:) ვფიცავ ლამის ფეხები წამართვა ძილმა.ვგიჟდები ძილზე,მაგრამ ვერასდროს ვერ მძინავს იმდენი,რომ ცოტახნით მაინც გადამიყვარდეს.კიდევ ნახევარი საათი და მუშაობას მოვრჩები,დავემშვიდობები მსმენელს ალბათ მომავალ სამშაბათ დილამდე.

ამ კვირაში ყველაზე რთული დღე კვირას მელოდება,ჩემი ბიძაშვილის ქორწილი.როგორ მიყვარს ხატია და როგორ არ მიყვარს ქორწილები,მაგრამ რომ არ წავიდე ვიცი ეწყინება:(არადა მართლა რა ვქნა აღარ ვიცი,თან საშინლად არ მაქვს განსაკუთრებული პრანჭვის თავი,განსაკუთრებულად მარტო უტას ვეპრანჭები,მაგრამ ასეთი ტიპის ქორწილები,როგორც იმერეთში იციან,სწორედ რომ განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს.ზუსტად ვიცი კვირას მოვახერხებ ყველაფერს,როგორც მჩვევია საქმის ბოლოს მიყვანა.კვირას გადავწყვეტ რას ჩავიცვამ,კვირას გავისწორებ თმებს,კვირას წავალ წირვაზე და წავალ ალბათ ქორწილში.შინაგანად ვერ ვაპატიე,რო ასე მალე გათხოვდნენ ჩემი ბიძაშვილები,არადა ეს ხო საშინელი ეგოისტობაა.ეხა სუ აღარ მგონია ჩემები:(

დღეს სახლში რომ მივალ ადრიანად,შეციებული და გაყინული,რო დავწვები,რო გამოვიძინებ და აუცილებლად რო ვიბანავებ,მერე ბაღდათში წავალ დედა შუშანიკთან და დედა მაკრინესთან,ბებიაც მომენატრა,ნონაკოც მომენატრა და ლელაკოც,კიდე მგონი ის უამრავი კატები მე რო წიხლებს ვურტყამ ხოლმე:)არადა ისე გამრავლდნენ,ბაღდათში რომ ჩავდივარ თავი კატების ფერმაში მგონია:)

ჩავალ და ბებიაჩემს მოვუყვები უტაზე,სუ ვჭორაობთ ხოლმე.ჩამოიყვანეო მეუბნება.მეც ძაან მინდა გავაცნო,მოკლედ ბაღდათში თავს წვიმიან ამინდებშიც კი კარგად ვგრძნობ,ისე უზრუნველად ვარ საკუთარ თეფშსაც კი არ ვრეცხავ:)ვკითხულობ ძირითადად და წასაკითხ წიგნებს ვეძებ.ქეთის გამოვართვი გრიგოლ რობაქიძე,ჰოდა ამ დღეებში უნდა დავამთავრო.აქტიური კითხვის პერიოდი მიდგას,მერე კიდევ რამე შემომეძებნება ხელში.ამ ბოო დროს სულ წასაკითხ წიგნებს ვეძებ.

ყველაზე მეტად რაც განწყობას და ხასიათში ყველანაირ ნაპერწკალს მიქრობს,ეს წუნწკლიანი ამინდებია,გარეთ გასვლა რომ არ მოგინდება..ძაან რთულია,საშინლად რთულია.დღეს საზაფხულო ტანსაცმელი უკვე ჩავალაგე და ამოვალაგე ზამთრის თბილ-თბილი რამე-რუმენი,დამწუხრებული ვემშვიდობებოდი კაბებს და მაისურებს.დადგა კოლგოტკების,ჩექმების,ჯემპრების და კურტკების პერიოდი და ეს სეზონი ალბათ სამუდამოდ გაგრძელდება…:(

მოკლედ რამდენიმე დღე მოვწყდები ინტერნეტ გარემოს და უფრო ჯანსაღ გარემოში გადავინაცვლებ,მე,დედა შუშანიკი და დედა მაკრინე ალბათ წავალთ ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში,სადაც დავლევთ წყაროს წყალს,მერამდენე ათასედ დავათვალიერებთ პოეტის სახლს და მერე სახლში მისულებს ბებია გემრიელ საჭმელს დაგვახვედრებს.მამა იოანესთანაც ავალთ ალბათ ლოცვაზე და წირვაზე,დიმის ეკლესიაში.კიდე სადღაც გეგმავენ წასვლას,დედა მარიამი უნდა ჩამოვიდეს რაჭიდან და შეიძლება ისევ მოწამეთაში ავიდეთ,მაკრინეს ზღვაზე უნდა წასვლა.მე მითხრა შენი რა გაგეგება ზღვის,მარტო დასაზაგრად მიდიხარო:)

მოკლედ შემოდგომაში ვართ,სულ სხვანაირ შემოდგომას კი ველოდებოდი,აი ისეთს როგორც ფილმშია ”შემოდგომა ნიუ-იორკში”,რიჩარდ გირი და ვაინონა რაიდერი რომ თამაშობენ,მაგრამ ისეთი ქარვისფერი ფოთლები ჯერ არ დამინახავს არსად. ვიცი რომ შემოდგომა ავიტამინოზით გამოირჩევა,ამიტომ აქტიურად ვიყენებ ხელის და სახის კრემებს,კაი ხანია სახის ყინულოვანი მასაჟი არ გამიკეთებია და კაი ხანია ლაქიც არ წამისვამს ფრჩხილებზე.ასე აბდაუბდად ვარ.მაგრამ ახლა ბაღდათში ტოტალურ რელაქსაციას ვაპირებ,ყველაფერი სასაიამოვნოსთვის უნდა მოვიცალო და ჩემი თავი ვასიამოვნო.

ასეთი წვიმიანი და ცივი ამინდების შემდეგ უნებურად ვფიქრობდი შობაზე და ახალ წელზე,როცა უტამ მომწერა ახალ წელს ერთად შევხვდეთო:*გავბრწყინდი სიხარულიგან და შარავანდედით შევიმოსე ლამის:)სასტიკად,სასტიკად გამიხარდა.არადა,ჯერ ძაან ადრეა ახალ წლამდე,მაგრამ მე როგორც კი აცივდება,ეგრევე მეწყება საშობაო მოლოდინი.სანტა კლაუსს არ ველოდები,ისედაც მყავს:*

Advertisements

Read Full Post »

საშინელი გოგო ვარ მე რომელიც დილით საძაგელ სიმღერებს უსმენს და სხვასაც ასმენინებს,უფრო სხვანაირადაა საქმე,რადგან ამ საშინელ გოგოს ჰგონია,რომ ამ სიმღერებზე ისინი განსაკუთრებით ენერგიით და მუხტით ივსებიან,მაგრამ აი ამაში კი ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული,თუმცა მე მაინც ჩემსას ვაწვები და დილიდანვე საძაგლად ვხერხავ:)ხანდახან ვფიქრობ ვის აინტერესებს ის ამბები,რომელსაც მე დილის გადაცემაში და ისედაც ვკითხულობ ხოლმე,ვის აინტერესებს რომ ჯასტინ ტიმბერლეიქს ახალ ფილმში იღებენ,რომელიც პოპულარული სოციალური ქსელის ფეისბუქის ისტორიას ეხება და საერთოდ ამ გაჭირვებულ ხალხს ხომ სულ ფეხებზე ჰკიდია რამდენ ათას დოლარს უხდის ბრიტნი სპირსი თავის ყოფილ ქმარს,კევინ ფედერლაინს.მეც ფეხებზე მკიდია,მაგრამ ვკითხულობ,მერე მე რა და მერე შენც რა,ამდენი ათასობი დოლარი.

გუშინდელი ჯეოსტარის პრიკოლების შემდეგ,აქტიურად ვფიქრობ,იმაზე რომ ქართველებს უნიჭობაც კი საშინლად უნიჭოდ და უგერგილოდ გამოსდით,ისე საცოდავად,რომ შეიძლება რომელიმე მათგანზე გულიც აგიჩვილდეს და რაღაც ჯგუფი ჩამოაყალიბო,რომელიც თვითშეფასების სწორ უნარს მოკლებული ახალგაზრდების დაცვას და მათ დამშვიდებას მიუძღვნა,შეკრიბო ამდენი უნაირო,უჯიშო,უნიჭო, ვირგლა ბიჭი და გოგო და მშვიდად აუხსნა მათ და მის მშობლებსაც,რომ არაა მათი საქმე ეს სიმღერა და წავიდნენ და რამე სხვა საქმე მოძებნონ,ანდა სახლის საქმეებს მიხედონ.არადა ისე კარგად მესმის ამ ჟიურის,კიდევ კარგად უძლებენ,აშკარად დიდი მოთმინება და მიმტევებლობის უნარი აქვთ,თორემ ბევრი კონკურსანტი მართლა საცემი იყო.წავიდნენ გათხოვდნენ,შვილები გააჩინონ,ჭურჭელი გარეცხონ,რა გეტინგიცება თუ სიმღერის ნიჭი არა გაქვს და განძრევის თავი სცენაზე.რატომ ჰგონიათ ქართველებს,რომ ყველაზე ნიჭიერები არიან და ყველაზე ნიჭიერი შვილები ჰყავთ,რატო იგდებენ ქვეყნის დასაცინად თავებს?:(

ამას ვფიქრობდი დღეს,როცა ამერიკელ ე.წ ”უნიჭოებს” ვუსმნედი,რომ ამათ უნიჭობაც კი კარგად გამოსდით მეთქი.კი იძახიან,რომ ქართული ერი მომღერალი ერიაო,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ყველამ მოაღოს პირი ხარაბაძის:) ჭიშკარივით(ამას ბებიაჩემი ამბობდა ვინმეზე,ძალიან ბევრს და დაუფიქრებელს რომ იტყოდა,ამათზეც იგივე ითქმის) და ყველამ ერთიანად და მამაპაპურად ვიღრიალოთ,იმ მიზნით რომ დავამტკიცოთ მომღერალი ერი ვართთქო,აღარ არის საჭირო იმ მარაზმულ ბანალურობამდე მისული ჭეშმარიტების აღმოთქვა,პური მცხობელმა გამოაცხოსო.სიმღერას არავინ უშლის,იმღერონ სახლში,იმღერონ რესტორანში,იმღერონ თავიანთ ქორწილებში და დაბადების დღეებზე,იმღერონ მაშინ როცა ცხვარში წავლენ სამწყესად(ეს უტას იდეა იყო ერთ-ერთ კონკურსანტზე),მოკლედ თავის პონტში რამდენიც უნდათ იმდენი იღრიალონ,თავისი გაისწორონ,მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებონ და თავი დაანებონ ამნაირ უნაირობებს.

აი რატომ ჯობიათ მათ ის ამერიკელი და ბრიტანელი თანამედროვე ”უნიჭო” მომღერლები.სიმღერის ნიჭი არა აქვთ,მაგრამ სამაგიეროდ ერთი ადგილის ქნევის საოცარი ნიჭი მაინც აქვთ და ეს ერთი ადგილიც ძაან ძვირად ფასობს დღეს მსოფლიოს შოუბიზნეს ინდუსტრიაში,ამ ჩვენებს კი,ამ საკუთარი თავით გაკერპებულებს კი ამ ერთი ადგილის განძრევაც ეზარებათ,დგანან გაშეშებულები და შეილება ტელევიზორსაც მიარტყა ხელი გაშმაგებისგან,გოგო შენ თუ ჯეოსტარი,ვარსკვლავობა და სიმღერა გინდა,ერთი ეგ ადგილი მაინც შეანძრიეთქო.მაგრამ ამაშიც უნიჭოები არიან.თვალი უნდა გავუსწოროთ ამ სიმართლესაც.

მოკლედ ეს საოცარი აღშოფოთება,გუშინდელ ჯეოსტარის პრიკოლებს მოყვა:)გუშინ ვუყურე პირველად და ნეტა არ მენახა,ამდენმა შიზოიდმა როგორ მოიყარა ასე ერთად თავითქო ვფიქრობდი,სერიოზულად დამწუხრებული ამდენი უცნაური გამომეტყველების ადამიანის დანახვისას.:( უტა წინააღმდეგობას მიწევდა,როცა გაიგო რომ ჩემი აზრით ჟიური არის ძაან ნორმალური,ეგენი ბევრ ნიჭიერს ბლოკავენო,ჩემი ძმაკაცი მაგრად მღეროდა,მაგრამ ის პრიკოლებშიც არ აჩვენესო,საერთოდ რატომ არ გამოაჩინესო,მეკითხებოდა.მაგრამ ისედაც სახეზე არ იყო გუშინ ყველაფერი რა დღეშიც ვართ?ზუსტად ვიცი 2009 წლის ჯეოსტარის შემადგენლობა ძაან ბევრი ნიჭიერით დაკომპლექტდება,მაგრამ ისინი ხომ მეორე წელსაც გავლენ კასტინგზე,როდესაც ჯეოსელისგან კვლავ მიიღებენ კასტინგში მონაწილეობის მესიჯს.ანუ მთავარი,რაც შეეხება თვით შეფასებას,ამას ისინი ვერცერთ ვოკალის პედაგოგთან ვერ დახვეწენ.ამაზე კი მართლა საჭიროა,ვინმემ პირდაპირ უთხრას,”უნიჭო ხარ”.ანდა რას ჰგავდა ის გორელი საკუთარ უვიცობაში გაჯერებული  დიჯეი,რომელმაც ისიც არ იცოდა რომ თავისი შესაძლებლობის საწინააღმდეგოდ,ერთ-ერთ რთულ სიმღერას ირჩევდა.მაგრამ, ალბათ ჩვენ მართლა ის თევზები ვართ დინების საწინააღმდეგოდ,რომ მივცურავთ და ძირითადად სულ უნიჭოდ და მოუხერხებლად მივცურავთ,ვყურყუმალაობთ ტალღებში,გვერდები გველეწება და დალურჯებულები ვართ,მაგრამ ეს არავის ბრალი არ არის.რაც ხდება ყველაფერი ახია ჩვენზე.ეს კიდევ სულ სხვა საკითხია,რატომ არის ახი,მაგრამ რისი ღირსიც ვართ,ის გვეზღვება ხოლმე.

Read Full Post »

რიჟა თეონას ეძახდნენ სკოლაში,წითური იყო და უმრავ ბიჭთან მეგობრობდა ,რატომღაც ყველას შურდა მისი და ყველა ეჭვიანობდა მასზე.დედასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა და ფიცრით ამოშენებული აივანი მწვანედ ჰქონდათ გაღებილი.მწუხრის ლოცვაზე ვნახე ამ საღამოს,ჩემს გვერდით დადგა,გათხოვილა ალბათ,რადგან ლამაზი მუცელი ჰქონდა და იმ წამსვე,მე როგორც ორსულობის და ორსულების ფობიით შეპყრობილმა,სხვა ადგილზე გადავინაცვლე და კედელს მივეყუდე,აღარ მინდოდა მისი მუცლისთვის მეცქირა.ისევ მაღალქუსლიანებზე იდგა,რაღაც სქელლანჩიანი ფეხსაცმელი ეცვა,კისერზე შევხედე,სულ არ ეტყობოდა რომ ორსულად იყო და თუ გათხოვდა,მერე ხელებზე შევხედე,ასეთი პატარა ხელები და თითები თუ ექნებოდა არც ეს  მეგონა.მახსოვს,სკოლაში ხან მეგობრობდენენ მასთან ხან არა,რაღაც ცვალებადი ტენდენცია იყო მასთან დაკავშირებით,რატომღაც არ მოწონდათ,როცა უნდოდათ მაშინ მეგობრობდნენ,მგონი უფრო ბიჭებს უყვარდა,მაგრამ აქაც წინააღმდეგობაში მოდიოდა რაღაც,ეს ბიჭები თავიანთ სხვა დაქალებს თეონასთან მეგობრობას უკრძალავდნენ:”მაგასთან გავლილი არ დაგინახოო” აი ასეთი სიტუაციაა იყო.თეონა ჩემი პარალელკლასელი იყო,მოკლე კაბებს იცვამდა და თეთრი პუტკუნა ფეხები ჰქონდა,საშინლად არ მომწონდა მისი პუტკუნა თეთრი ფეხები.

მე კი მოკლე კაბებს საერთოდ არ ვიცვამდი,ისე არ მიყვარდა ჩემი ფეხები,რო მათი დანახვა არ მინდოდა.თეონას ფეხები იმიტო გამახსენდა,რომ დღეს ვნახე,ისე კი ალბათ საუკუნე,რომ მეცხოვრა ვერაფრით გავიხსენებდი.

3 საათი გაგრძელდა ლოცვა,აღსარება ჩავაბარე,ფრთხილად იყავიო მამა პავლემ და ამ სიტყვებზე მივხვდი,რომ ჩემი ცოდვები ამჯერად ძალიან  გამაღიზიანებლად არ გამოიყურებოდა:):) და არც ისე არ აუხედავს და დაუხედავს ცოდვების ფურცლისთვის,როგორც საერთოდ აკეთებს ხოლმე:)ჰოდა ხვალ ვეზიარები.ხვალაც ადრე მომიწევს ადგომა,ეს ცოტათი კი მთრგუნავს,მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ ხვალ კარგი დღე მექნება,მგონი კარგი ამინდიც უნდა იყოს და ეს წინასწარ დიდ იმედებს იწვევს ჩემში.დღეს ძაან გადავიღალე,დილიდან ვრეცხ,ვწმენდ და ვასუფთავებ.მომინდა რამე საკითხავი,მუცლით რო წამოვუწვე და ვიკითხო:)რა კაია ნებიერად კითხვა.

ლოცვაზე ის გამახსენდა,მე-9 კლასში სიყვარული,რომ მეთაკილებოდა,წარბშეკრული რომ დავდიოდი,ისეთი სახით როცა ყველაზე მეტად ვგავარ მამაჩემს.აბა ასეთ სახიანს ვინ შემიყვარებდა?:)ვიღაცეებს ვუყვარდი მგონი…ერთ ელამს:)რომელმაც პირველმა აღმომაჩინა,რომ ჩემი შეყვარება შეიძლება თურმე,ამის მერე ვიღაც პუშკინა იყო,სუ მანამდე კი ოთარის ვუყვარდი,მე-8 კლასში ვიყავი,გამხმარი ფეხები მქონდა და თითქმის სულ ელასტიკებით დავდიოდი.სიტყვა მუტანტზე სულ ოთარი მახსენდებოდა,რეზინის კაცი მეგონა და მისი მაგრად მეშინოდა,მაშინ გოგოებს პანტა-პუნტით იტაცებდნენ და მეც მაგის შიშით ორ კორპუსს შემოვუვლიდი და ასე მივდიოდი სკოლაში,მეშინოდა ამ უბანში არ მომიწიოს ჩალპობა-მეთქი,დიადი გეგმები და ძვირფასი ოცნებები მქონდა:)აივანზე ვსწავლობდი გაკვეთილებს,ყავასაც იქ ვსვამდი,იქ ვირუჯებოდი.მერე ცოლად თავისი დაქალი მოიყვანა,რომელიც მე მთხოვდა დაელაპარაკე ცუდი ბიჭი არ არისო:)ახლა უკვე შვილი ჰყავთ,ულამაზესი ბავშვი,გოგოა მგონი:)ერთხელ დავინახე  და მაგრად გამიკვირდა ასეთი ლამაზი ბავშვი როგორ ეყოლათ-მეთქი…საშინლად არ მიყვარდა და არ მომწონდა მსუქანი ბიჭები:)თან,რაღაცნაირად უშნოდ და ულაზათოდ რომ დადიოდნენ,ხელებს რომ აქნევდნენ სიარულის დროს და თან  სიმელოტისთვის რომ მკურნალობდნენ.ცოლი,რომ მოიყვანა მერეც იხედებოდა ჩემი აივნისკენ,მგონი შარშან ამოიხედა თუ შარშანწინ ზუსტად აღარ მახსოვს,მაგრამ კაი ხანია რო არ ამოუხედავს ეს ვიცი.

მე ახლაც აივანზე ვკითხულობ წიგნებს,ხან ვწერ,როცა მზე არის და წინა წელს აივანზე ვსვამდი ყავებს.ამ წელს მაინც იშვიათად გავატარე დრო აივანზე,როცა ვიღვიძებდი,მზე უკვე უკან იყო გადასული.ეს აივანი არის იმაში დამნაშავე,რომ ლაქებიანი დავდივარ.ყველაზე დალაქულ სახიანი გოგო ვარ მთელს მსოფლიოში,მე ასე მგონია,მარა ზოგი იძახის არაფერი არ გეტყობა მაგ სახეზეო.მოკლედ მაინც უნდა მივიდე კოსმეტოლოგთან და იქნება ისევ ჩემი ძველი სახის კანი დავიბრუნო,მერე კი საერთოდ აღარ მივიკარებ მზეს სახის სიახლოვეს.

შაბათი როა ყველაფერზე მეტყობა,მგონი მეც შაბათი ვარ.ყველაზე მეტად კვირის ამ ერთ დღეს ვგავარ.ხვალ კიდე კვირაა,მაგრამ ვიცი ორშაბათიდან ყველაფერი ჩინებულად იქნება.ბევრი სიხარულები ჩამომივა,ჩემი ულამაზესი 2 სიხარული.

წავედი.ვეღარ ვარ ხასიათში:(

1ce131878

სადმე მჭირდება წასვლა,გასეირნება,მუდმივად სახლში დება კარგ შედეგებს ვერ მომიტანს.აკომ მომწერა დღეს ასე : “უფ აკოს უყვარხარ დაო…”  გამიხარდა,რომ ვახსოვდი.

Read Full Post »

დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე,რომ ლამაზი ვარ და დიდხანს აღარც გავჩერებულვარ სარკესთან,წამში გავვარდი დედაჩემთან შესახვედრად.მწერალთა სახლთან უნდა შევხვედროდი,მერე ერთად უნდა გავსულიყავით ბაზარში და პროდუქტები გვეყიდა.კაი იყო ეს უეცარი და წამიერი აღმოჩენა,ნეტა ყოველთვის ასე ვფიქრობდე და ჩემი თმებიც ყოველდღე მომწონდეს-მეთქი,ასე ვფიქრობდი მარშუტკაში.ნანასთან შევიარე წიგნის სახლში.ნანა ყოველთვის ლამაზად გამოიყურება,ყოველთვის შეუძულია შემოგთავაზოთ ყავა ან ჩაი და ძირითადად სუ ასე მეკითხება:”რა სიახლეებია,შენსკენ დევუშკა”.ხანდახან ვფიქობ,ნანა მიყვარს ძაან,უბრალოდ ისე იშვიათად გავდივარ გრიშაშვილის ქუჩაზე,ალბათ თითონ ფიქრობს,რომ “რატომ უნდა ვუყვარდეო’.ძაან კაია ხოლმე ნანასთან,სუ ვპირდები გამოგივლითქო და არასოდეს ვასრულებ პირობას,ხანდახან ისე შემთხვევით თუ მოვხვდები მწერალთა სახლისკენ.დღესაც დედაჩემს ველოდებოდი და მაგიტო,დავჯექი და ნანას მოვუყევი რაღაცეები,მოვიდა დედაჩემი უდაღლილესი,თავისი გიჟური სკოლიდან,ნანამ აუდუღა ჩაი.მე ავღნიშნე,რომ ყავის სმას თავი დავანებე და მაშინ გავაგრძელებ,როცა კაპუჩინოს აპარატი მექნება,ეს კიდე ძაან შორეული პერსპექტივაა:)ძაან ხშირად იმაზე ვწუწუნებ,რომ ქუთაისში,კაპუჩინო არსად არ იყიდება,არადა როგორ მიყვარს ყავა.ერთხელ მე და უტა ქუთაისის რეაბილიტირებული ქუჩის,ერთი სასტუმროს კაფეში ვიჯექით,მაშინაც მაგრად მოვტყუვდი,მეგონა მართლა კაპუჩინოს მოიტანენთქო და რაღაც ძაან ჩვეულებრივი ყავა მოიტანეს,ჰოდა გული დამწყდა მაგრად,სულ რომ იტყუებიან.

ნანას მოვეწონე დღეს:)რა კარგ ფორმაში ხარო,კიდევ ეწევიო?ძვლივს დაიჯერა,რომ წელიწადია უკვე მოწევას თავი დავანებე,ძირითადად რომ მძინავს და ძირითადად რო ვჭამ,რომ ჩემი სისუსტე აბსოლიტურად არ არის დაკავშირებული სიგარეტთან.მერე მოვიდა გელა,საიდან იწყება ხოლმე პოლიტიკაზე ლაპარაკი ამას ვერ ვხვდები,მაგრამ მე კი ვთქვი,რომ მიშა მართლა მაგარი ბიჭიათქო:) და თუ გინდათ თავში ჩამარტყითთქო.დედაჩემი ამ დროს იჯდა და ცოტას ისვენებდა,მისი ჩაი მოვსვი,საშინლად ტკბილი იყო.ხვალიდან ჩაიზე გადავდივარ.გელამ კიდე გადამიღო ფოტოები,საშინლად მომეწონა ჩემი თავი,ვფიქრობდი ფოტოგენური ვარ და არა ლამაზითქო,მარა მაინც ფოტოები კარგი იყო.გელას ფოტოსესიისთვის ვამზადებ:)

როცა კი მწერალთა სახლში მოვხვდები,მახსენდება რომ ბავშვობიდან შინაური გარემოა ჩემთვის,მაშინ ძაან ადრე,ზაზუნა მიყიდა დედაჩემმა და მარსიანთან ოთახში გამექცა,იმის მერე სულ მწყდება გული იმ ზაზუნაზე,უცებ რომ გაქრა,მაშინ ძაან პატარა ვიყავი,მარსიანი ოთახში ხან შიშველ ქალებს ხატავდა შავი პასტით,ხან კიდე ლომებს და შიშველ ქალებს ერთად და მახსოვს კიდევ ბევრს ეწეოდა.ბევრი ხალხი მახსოვს  მარსიანთან,მარა ჩემი ზაზუნა ვერავინ ვერ დაიჭირა.მერე თქვეს კატა შეჭამდაო ალბათ და ვითომ ამით ძაან დამამშვიდებდნენ.

წიგნებს გადავხედე ნანასთან.კავაბატა ნანასაც უყვარს და დედაცემსაც.მიყვარს ნანასთან ასე შემთხვევით შესვლა ხოლმე.მერე საბავშვო კუთხესაც მივადექი და უკვე აქ სუ დორბლიანი სურვილები გამიჩნდა,მომინდა ყველა წიგნი ასტრიდ ლინდგრენის,წამომეღო სახლში,საშინლად მომინდა.”ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონის”წიგნი სამ ნაწილად იყო და სადღაც 30 ლარამდე ღირდა,პეპი იყო ილუსტრირებული და კიდევ რაღაც ახალს მოვკარი თვალი და ნანას ვთხოვე ხვალამდე მათხოვეთქო და შვილივით გავუფრთხილდები-მეთქი.წიგნს ასე ერქვა “მიო,ჩემო მიო”  და აქამდე მეგონა ასტრიდ ლინდგრენის ყველა ნაწარმოები წაკითხული მქონდა და მაინც გამიხარდა მიოს აღმოჩენა.გულში ვფიქრობდი,შვილი რო მეყოლება ასტრიდ ლინდგრენის ყველა წიგნს ვუყიდი და მერე ადგება და ყველას წაიკითხავს ან კიდევ მე წავუკითხავ მაგას და უტასთქო.გავმხიარულდი ძაან ამის გაფიქრებაზე.

“შარშან თხუთმეტ ოქტომბერს,რადიოს თუ მოუსმინეთ?გაიგეთ გამქრალ ბიჭუნას,რომ ეძებდნენ?”-ასე იწყება ლინდგრენის ყველაზე თბილი საბავშვო საკითხავი წიგნი,ბიჭზე,რომელიც სტოკჰოლმის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობს იმ ცოლ-ქმართან,რომელთაც იგი უპატრონო ბავშვთა სახლიდან წამოიყვანეს,მას ბო ვილჰელ ულსონი ჰქვია,სინამდვილეში კი მიო ჰქვია და შორეული მეფის უფლისწულია”.უსაყვარლესი ისტორიაა პატარა ბიჭზე,ახლახან მოვრჩი კითხვას.MIO_COP

საინტერესო არ იქნება ჩემი და დედაჩემის ბაზრობის დეტალები,ვიყიდეთ ყველაფერი რაც საჭირო იყო და წამოვედით სახლში.არ მეძინება,მაგრამ ხვალ დიდი საქმეები მელის დილიდან,11-ზე ხელოსანი უნდა მოვიდეს და კარზე რაღაცეები უნდა გააკეთოს,არ ვიცი ზუსტად იმ რაღაცეებს რა ჰქვია,მაგრამ ყველაფერს რომ მორჩება,ვიცი ძაან მომეწონება ჩემი რკინის წითელი კარი:)

ამის წინის წინა პოსტი წავშალე უტას თხოვნით,არადა მართლა საშინელება მეწერა,უტას შევპირდი,რომ ისეთ საზიზღრობებს აღარ დავწერ და აღარც ვიტყვი.არ ვიცი გამომივა თუ არა,მარა უნდა შევეცადო.მეც შინაგანად ვერ ვეგუები სკაბრეზს,მაგრამ ხანდახან საშინლად გიჟივით ვიქცევი და უსაზიზღრესად ვიგინები:(ამასაც უნდა გადავეჩვიო.

ნეტა ხვალაც ლამაზად ვგრძნობდე თავს,კაი ხანს არ დავიღლები:)

Read Full Post »

რაღაც დიდი მნიშვნელოვანი რამეები არ ხდება ჩემსკენ,ან კიდე რა უნდა მოხდეს,არც მე ველოდები დიდად და ვარ ყოველდღიურ რუტინას შეფარებული,ჩვეულებრივი ძრომიალი ინტერნეტში,ხეტიალი სახლში,რაღაცეებს მუდმივად ვალაგებ,მუდმივად მძინავს,მუდმივად ვკითხულობ,მუდმივად ვლოცულობ,დოზით ცოტ-ცოტას,მაგრამ ეს ჩემი მუდმივი ყოველდღიურობაა.როცა რადიოში ვმუშაობ დილით,9-დან  დან  10-მდე უტას ვწერ e-mails ,და სულ მგონია,რომ ამ დროს მას სძინავს,ჩუმად და უყავოდ ვზივარ სტუდიაში და წარმოვიდგენ როგორ სძინავს,მერე კი ისევ ვმუშაობ და ისევ ხმამაღალ ფონზე ვკითხულობ რუბრიკებს და იმ დროს, როცა ჩემს გადაცემაში ერთ საათიანი პაუზა დგება და რადიო “თავისუფლება” გვერთვება, ველოდები ნინო თარხნიშვილის ამინდის პროგნოზს,ასეთი ტკბილი და ბრდღვილა ამინდის პროგნოზი პირველად მოვისმინე ამ რამდენიმე დღის წინ და მას მერე ვფიქრობ ნინოზე,რომ ასეთი ბრდღვიალა გოგო არ დადის ქვეყანაზე.

გუშინ წიგნის ფესტივალი გაიხსნა ქუთაისში,საჯარო ბლიოთეკაში.მე და მარი მივედით,წიგნები უამრავი იყო,ფულიანი მყიდველი ნაკლებად,ისე მივედით,არაფრის ყიდვას არ ვაპირებდი,ფულიც არ მქონდა,საერთოდაც წიგნებს არასდროს ვყიდულობ.ის ვიცი,რომ როგორც კი ბლომად ფული გამომიჩნდება ასტრიდ ლინდგრენის ყველა წიგნს ვიყიდი,ადრე მქონდა სახლში პეპი გრძელიწინდა და კარლსონი,მაგრამ თანდათან შემოეხია წლებს ფურცლები და ახლახან ერთ მშვენიერ დღეს როცა მომინდა წაკითხვა,საერთოდ ვეღარ ვიპოვე და მეგონა ის სიმყუდროვე დავკარგე,პეპი რომ დიდი ხის ფუღუროში ყავას სვამდა.შვილივით და ბავშვობის მეგობარივით მიყვარს პეპი,მგონი უფრო შვილივით…გელა ვნახეთ, დედაჩემის მეგობარი,ფოტოები გადაგვიღო მე და მარის,ქალის სიცილზე გველაპარაკა,როდესაც ფოტოებს იღებენ,რა საჭიროაო გაიცინო ფოტოსთვისო,გამიხარდა ეს რომ თქვა,ვერ ვიტან მცინარა ჩემს თავს ფოტოებზე,მგონია რომ საშინელი ღიმილი მაქვს,მაგიტო არასდროს ვიცინი თითქმის,არც მიხდება.არადა უტა იძახის მიყვარს შენი გაღიმებაო:*მარტო უტას უყვარს ჩემი უშნო ღიმილი:)

ყავას აღარ ვსვამ,გადავეჩვიე თითქმის,ვაპირებ დავლიო წელიწადში ერთხელ და ისიც მაშინ,როცა ბედნიერი არ ვიქნები,მანამდე კი ყველაზე ინტენსიური მუხტი და ტონუსი ჩემთვის უტაა,ასე რომ იმედია საერთოდ აღარ დამჭირდება ყავის დალევა,ან მარტო უტასთან ერთად:)ჩემი გული ამდენ კაკუნებს ვეღარ გაუძლებს.შარშანდელი ზამთრის და შემოდგომის ადრიანი დილები გამახსენდა,რადიოში რომ გავრბოდი,უძილობისგან სასოწარკვეთილი სახით და ყავის მოდუღებას თუ მოვასწრებდი ეთერში შესვლამდე,ეს იმ დილის ბედნიერება იყო. სიგარეტი ღერებით ნაყიდი,ყავა და სითბო სტუდიაში,ჩემი შარშანდელი წლის დილის რუტინა,სხვებს რომ ვატყუებდი დილის რვის ნახევარზე,მე კარგად ვარ და თქვენც აუცილებლად კარგად უნდა იყოთთქო.წელს ყავა და სიგარეტი მოაკლდება დილას,ჩაის უნდა შევეჩვიო.რამდენ ცუდ რამეს გადამაჩვია უტამ,ხანდახან მეცინება ჩემს თავზე,მაგრამ ძაან ტკბილად მეცინება.

მსიამოვნებს ღამე.მარი დაწვა.მარი დღეს ბედნერია:)ერთ ტელე-ჟურნალისტთან აქვს ვირტუალური ფლირტი,მიხარია რომ რაღაც უხარია,გუშინ უამრავს მკოცნიდა,რო დავწექი მაშინაც მოვიდა და მაკოცა,ლექციებზე მიდიოდა,მე კი რადიოდან მოთრეული გათიშული ვეგდე საწოლზე.ისე ტკბილად მეფერება,ვეღარ ვუძლებ,მერე ბრაზდება და იძახის შენ მარტო უტას კოცნა გსიამოვნებსო,არადა რა ვქნა,არ ვარ შეჩვეული ასეთ ზემგრძნობიარე რაღაცეებს.ცუდ ხასიათზე ვდგები,სენტიმენტები ჩამდის მუცელში და მუცელიც იწყებს ზედმეტი მგრძნობიარობისგან ბუყბუყს.დღეს საშინლად მინდოდა მარის მოვფერებოდი, ავდექი და დავუწყე ხოტორა თმის აჩეჩვა.მახსოვს თავი,რომ გადაიხოტრა,როგორი გაგიჟებით და აგრესიით უყურებდნენ “ქუთეისლები’,ახლა კი უამრავი თავხოტორა დადის ქუჩაში.მარიც ჩემი მუცლის ერთი ხასიათია,ასე რომ ყველა ემოციის სათავსო მუცელია,უტაც მუცლით მიყვარს,ნამდვილი მემუცლე ვარ.ახლა გამახსენდა  ბებიაჩემი  სათავსოს  “ბუჯერს” ეძახდა,იქ მეგულებოდა ყველაზე გემრიელი რაღაცეები,იქ ამოყავდა ყველი და იქიდან გამოდიოდა რძიანი ხელებით,მინდოდა ამელოკა მისი თითები.

მალე ოქტომბერი დადგება,ჩემი და ბებიაჩემის თვე,არ ვიცი რატო მივისაკუთრეთ ასე,მარა მგონია რო ის მე და ბებიას გვეკუთვნის.ბებიაჩემიც მარტო მე მეკუთვნის,ხანდახან მარისაც ვუყოფ ხოლმე ,მარა არ ვეუბნები,რომ მარტო ჩემია,იეჭვიანებს და გაბრაზდება.ბებიაჩემზე კიდე დავწერ,ჩემს დაბადების დღეს ყოველთვის ვუგზავნი წერილებს ჩემი მაილიდან,ყოველთვის ვკვდები მაგ დღეს.პირველად თუ რამე წაიკითხა უტამ ჩემი ნაწერებიდან,ეს ბებიაზე დაწერილი ჩანახატი თუ წერილი იყო,და შარშან ახალწელს ჩამომიტანა ჰელენ ექსლის სასაჩუქრე წიგნი “ჩემს საყვარელ ბებიას” და კინაღამ გავგიჟდი,ასე ძაან რატო შემიყვარათქო.წავიკითხე და ჩემი ბებია თურმე ყველასი ყოფილა,მარა ბავშვობაში მარტო მე ვეფერებოდი დიდ ძუძუებზე და მარცხენა ძუძუსთავს მარტო მე ვუმაგრებდი,ავდექი და დავდე ხატების კუთხესთან,კაი ხანს იყო იქ,მერე კი ვიღაცას წიგნების თაროზე შეუდევს.ისეთი კაი რაღაცეები წერია ბებიებზე ამ ღამით კიდევ ერთხელ გადავიკითხავ.

მსიამოვნებს ღამე,რადგან ვიცი ხვალ როდემდეც მინდა იქამდე ვიძინებ,დღეს პირველად ვილოცე ისე,რომ ღმერთისთვის არაფერი მითხოვია,პირიქით ძაან მადლობელი ვიყავი ყველაფრისთვის.ბედნიერი ვიყავი ძაან.

მომინდა ფელამუში,ყავასთან არის გემრიელი ფელამუში,ოღონდ ცივი ფელამუში:)რაღაცნაირად ძაან მუსიკალური სიტყვაა.

ხვალ ანუ დღეს კარგი ამინდი უნდა იყოს,რუსთავი2-ზე ასე თქვეს:)რადიოში ვაპირებ ასვლას,ქეთის დედაჩემის ახალი ჟურნალები უნდა ავუტანო,მისი ლექსებია დაბეჭდილი და კიდევ ბევრი ადამიანების,მერე პროდუქტები უნდა ვიყიდო და სხვადასხვა საჭირო რაღაცეები სახლისთვის.კაია,რო სახლიდან გასვლა მიწევს,თორე ისე ვდუნდები,სუ მეძინება,ერთადერთი ის მახარებს,რომ ასე სახლში “დებისგან” კიდევ კარგი არ ვსუქდები.უტა სუ მეუბნება ივარჯიშე,მიზიდვები გააკეთე და ესე მოდუნებული აღარ იქნებიო,მარა ვერასდროს ვახერხებ და თან საშინლად მეზარება.აი დედაჩემი კი ყოველ დილით ვარჯიშობს,მე მას რას შევედრები,უამრავ საქმეს აკეთებს,უამრავს დადის და კიდევ ჩვენზე ზრუნვის თავი აქვს, სახლში როცა მოდის და წვავს თევზს,აცხობს ჭადებს,ხანდახან ალაგებს კიდევაც:)დღეს რაღაც კარგი ფენი მოგვიტანა,გვითხრა მილანიდან ჩამოაქვთ სალონებისთვისო,90 gel ღირდა,მე კიდე ძაან გამოშტერებულმა დავიწყე წუწუნი,ფენი რად მინდა,მე მეგონა თმის უთო მოგქონდათქო.არადა ესეც ძაან საჭირო იყო,კიდე მოიტანა 4 ლიტრი შამპუნი,ესეც მილანური:) და პირველად მომეწონა ჩემი თმები,დაბანვის შემდეგ.მორჩა დღეიდან შევეშვები სტიმულიტს,რომელიც უტამ მიყიდა და თავიდანვე დიდ პიარს ეწეოდა ჩემთან:)მაგრამ მაინც შევინახავ ჩემს თაროზე.

დავიძინებ აწი.აწიზე გამახსენდა უტამ მითხრა მე არასოდეს არ ვამბობ მაგ სიტყვასო,კიდე თმის დასწორება კი არ არის სწორი,სწორია თმის გასწორებაო:) მე ყველაფერს უტას ვუჯერებ და ამიერიდან თმებს კი არ დავისწორებ,არამედ გავისწორებ.

უნდა დავიძინო,კიდე იმის დაწერა მინდოდა,ჩემს უბანში,რო ბიჭები მაჩერებენ და თავიდან დიდი მორიდებით მეკითხებიან ასე: “უკაცრავად თქვენ ცირა ყურაშვილის შვილი არა ხართ?დედაშენი მე მასწავლიდა და ძალიან მიყვარდა.გადაეცით გოგა ქარსელაძემ მოგიკითხათქო,გადაეცით რომ მისმა ნათლულმა მოიკითხა” და მერე ამატებენ,”ისე ვიცნობდეთ ერთმანეთსო”.ისე დედაჩემი მართლა ძაან უყვარდათ ჩემს უბნის სკოლაში,სადაც თავიდან რელიგიისა და კულტურას ასწავლიდა,ასე რომ ძაან არ მიკვირს ასეთი ტექსტებით რო მაჩერებენ.

მარიმ მითხრა გუშინ,შენ ისეთი ნაზი და ფაქიზი ხარ ყველა ყველაფერს გეუბნებაო,მე კიდე ვინ რას გამიბედავსო:)მარი არის თავხოტორა,ცოტა თმები გაეზარდა,კიდე აპირებს გადაიხოტროს,ამჟამად შეყვარებული არ ჰყავს,მაგრამ რაღაც ფლირტისნაირს იწყებს ერთ ჟურნალისტთან,არი ერთგული,თამამი,ცოტა უზრდელი,მაგრამ გულკეთილი.ჰო კიდე ის ბიჭი,დედაჩემის მოსწავლე,გუშინ მარშუტკაში,რომ გამეცნო,ვიღაცაზე ყვებოდა ასე: “მაგარი კაცთმოყვარე როჟაა,ეგეთები კი საერთოდ დიდ ფულს ვერ შოულობენ” და მერე მთელი დღე ვფიქრობდი ამ სიტყვებზე.

მივდივარ დასაძინებლად.ახალი შამპუნი ძაან მომწონს.ხვალ კაი ხანს ვიძინებ.უცნაურია,რომ არც ერთი ცუდი სიტყვა არ მითქვამს ამ პოსტში,ამას ახლა მივხვდი,საბოლოო რედაქტირება რომ გავუკეთე:) მე ვარ ადამიანი,რომელიც ფიქრობს,რომ “რომ”-ს “მ” აღარ სჭირდება:)მე “მ”-ს გარეშე მირჩევნია,ხან როგორ ხან როგორ.:)

Read Full Post »

ასეთ საზიზღარ ამინდში,ასეთი დამიწებული და ფანტაზიის უნარს მოკლებული რომ არ ვიყო,მაგრად გამიკვირდებოდა.არადა ისედაც არაფერში მჭირდება დღეს ფანტაზია,ისეთ განსაკუთრებულსაც არაფერს ვაკეთებ,ჭურჭლის რეცხვას,რათ უნდა ფანტაზია,ასე დამიწებული და დამარხულიც მშვენივად გავართმევ თავს,ჩავიცვამ დიდ შავ გეტრებს, ფეხები რომ არ გამეყინოს სიცივისგან და მივდგები და ვრეცხავ და ვრეცხავ.ცოტას გულში წავიღუღუნებ და რო მოვრჩები ამასობაში ჩემი ძილის დროც დადგება,ხვალ 6-ზე უნდა ავდგე,რადიოში მივდივარ.

ვერ ვიწუწუნებ დღევანდელ დღეზე,მეტწილად შემოქმედებითად ჩაირა,3 საათზე ვიყავი ჩემი მეგობრის გამოფენაზე,ნუ იქ კიდე ბევრი სხვა მხატვრების ნახატების გამოფენაც იყო,შევედი დავათვალიერე.ქრისტინე ყოველთვის გამოირჩევა ყველასგან.მიყვარს ქრისტინე,ჩემი ერთდერთი მდედრი მეგობარი:)რომელსაც ასეთ არტ-საღამოებზე თუ შევხვდები ხოლმე,ჰოდა რომ დავინახე ეგრევე ვუთხარი დღეს ძაან სექსუალურად ხართქო:)არადა მართლა იყო,არც გამიზვიადებია,რაში მჭირდება ზვიადისტობა.აღარ მოვყვები რატომ იყო ასე მიმზიდველად, იოლად ვერც მე ვიხსენებ:)საგამოფენო დარბაზში უამრავი სიცხისგან გათქვირული ადამიანის ოხშივარი ადიოდა,ლამის სუნთქვა შემეკრა და გამოვედი გარეთ აივანზე და ველოდებოდი დედაჩემს როდის მორჩებოდა ამ დათვალიერებას.ამასობაში მოვიდა ტელეკომპანია “რიონი”  და მისი წმიდათაწმიდა და რელიგიურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი,მეტწილად დიეტებზე მჯდარი ან მდგარი და უცებ ვერ მივხვდი,რა იყო მისი საკბილო აქ,ამ გამოფენაზე,მერე გამახსენდა, რომ ღვთისმშობლობა იყო.მალე წამოვედით მე და დედაჩემი.ეს მავიწყდებოდა,რამაც აღმაშფოთა და გამაგიჟა,მესხიშვილის თეატრის წინ დიდი ბანერი იყო გამოკიდებული ზედ ბუბა კიკაბიძის სახით და დიდი წარწერით “ქუთაისლებს შემოგევლოთ ბუბა ბიძია”,ამაზე გავგიჟდი და გავმხეცდი,დედაჩემს ვეკითხებოდი ამ დაქცეულ ქუთაისლებს რაში სჭირდებათ ეს ბუბა კიკაბიძეთქო,ან მაგას რაში სჭირდება ეს დაქცეული ქუთაილები,მეტი ვერავეფერი მოიგონა მეთქი და იქვე კედელზე გაკრულ “ბუბა ბიძიას” მომცრო პლაკატს ვწვდი და მოვახიე,რაც შევძელი,ვანდალიზმის ცეცხლით შენთებულმა:)

დღეს ჩემი დღე ნამდვილად არ არის,რაღაცნაირად დილიდან უაზროდ დაიწყო ყველაფერი,სადღაც უნდა წავსულიყავი და კიბეებიდან მოვბრუნდი,წირვაზე რომ მინდოდა წასვლა ეს სულ არ გამხსენებია როცა გავიღვიძე,ხოლო რაც შეეხება როცა კიბეებიდან ისევ სახლში ავბრუნდი და მარის რათქმაუნდა ისევ ეძინა,ვიფიქრე ეხა მაინც გამოვისყიდი იმ დანაშაულს მარი რო მაბრალებსთქო,ჰოდა ავდექი და დავიწყე ბლინჩიკების შეწვა,მერე ავადუღე ყავა მარისთვის და როგორც მოსიყვარულე მეუღლეებმა იციან,ისე მივართვი თითქმის საწოლამდე ,მაგრამ ყავა ძაან მწარე აღმოჩნდა.

ჰო რაც მავიწყდებოდა,სანამ გამოფენა გაიხსნებოდა,მე როგორც ყოველთვის ზე პუნქტუალიზმის განსახიერება,მივედი ადრიანად,მერე ვიფიქრე ეკლესიაში მაინც მოვასწრებ შესვლასთქო,ჰოდა უცებ დავადე თავი ხარების ეკლესიის გზას,მომესმა საშინელი ჩოჩქოლი და კივილ-წივილი,ვხედავ ერთი შავთავსაფრიანი პონჩიკების გამყიდველი ქალი და და კიდევ ვიღაც მეორე,ისიც მდედრი,ხოცავენ ერთმანეთს,”რაღა ამ ეკლესიის ეზოში მოუნდათ საქმის გარჩევათქო” გავიფიქრე და ასე ცნობისმოყვარეობით ავსებული:)შევედი ტაძარში.იქაც ისმოდა მათი ჩხუბის ხმა.”ხელები მიკანკალებსო,ხელები მიკანკალებსო,როგორ თქვა მაგან ჭუჭყიანიაო,თვითონ დაუბანელიო ეგ,თვითონ ბინძურიო” გაჰკიოდა ერთი,კი მაინტერესებდა რა მოხდებოდა,მაგრამ ავუარე გვერდი და ზუსტ დროზე შევედი საგამოფენო დარბაზში.

ახლა წვიმს,ასეთ ამინდში დამდუღრულივით  დავდივარ ოთახიდან ოთახში,იმხელა შინაგანი ხმაური დამაქვს,მგონია გავსკდები და მარტო ხმაური გადმოიყრება ჩემი სხეულიდან,როგორც ხარახურა,უსარგებლო რამ:)მიტოვებული გოგო ვარ დღეს,მაგრამ მე მესმის მისი…

რამდენიმე წუთის წინ დედაჩემის ოთახში შევიხედე,უფროსწორად დედაჩემის და მირანდას ოთახში,ვხედავ მირანდა ზის ტახტზე ვითარცა “ლოტოსი” და გავოგნდი,მეთქი გოგო რას აკეთებთქო.რაღაც ჩინურად მესმოდა და ვერ ვახერხებდი გამეგო,თურმე მეუბნებოდა თვითშთაგონებაში ვარო და ისე ცუდად გავხდი,ინსტიქტურად შევვარდი ტუალეტში და ვიძახდი:”ვაიმე ცუდად ვარ,ჩავიფსამ ნამდვილად,თვითშთაგონება…ჩავიფსამ ნამდვილად”.ჰოდა ტუალეტში მივხვდი,რომ ამ ბოლო დროს ჩემს ნაწერებში ხშირად ფიგურირებს სიტყვები:”მოფსმა,ჩაფსმა,დაფსმა” და ა.შ რატომ ხდება ეს  ამას ვერ ვხვდები.მერე დედაჩემს ვუთხარი,რა უბედურებებს აკეთებს ეს ბავშვითქო და გამოვიდა მირანდა და ამიხსნა,თუ რა იყო ეს თვითშთაგონება, მითხრა :” ავტოტრეინინგია,საკუთარ თავს ვუღრმავდები” თუ რაღაც ამგვარი.დავანებე თავი და ვაგრძელებ ისევ წერას.

მთელი დღის განმავლობაში ინტერნეტი მაქვს გათიშული,დილიდან ვრეკავ “ახალ ქსელებში”  და ვარკვევ რისი მიზეზით შეიძლება ყოფილყო გათიშული,ხან რა მითხრეს ხან რა,ბოლოს ისევ მე მივაგენი მიზეზს,თურმე ფილტრი ყოფილა დაზიანებული,ამიტომ ავდექი და ტელეფონის შტეკერი პირდაპირ მოდემს გავურჭე,სახლზე ისედაც არავინ მირეკავს,ჰოდა ეხა ჭმუნვადაცლილი:) და ინტერნეტგაბადრული სახით ვზივარ და ჩემს უხეირო ემოციებს გადმოვცემ.გარეთ თინა ყვირის,თავის ჭკუით ლაპარაკობს,დედაჩემი ჭურჭელს რეცხავს,მარი ჩემს მამიდაშვილს გაჰყვა სოფელში.ვერ ვძლებ უმარიოდ:*

ის ზემოთ წავიწუწუნე მიგდებული ვართქო ,ვითარცა ქუჩის ძაღლი,მაწანწალა და დამშეულითქო როგორც “კატა წვიმაში“-თქო ვიღაცასთვის” თავის შეცოდება მინდოდა და მაგიტომ.მშვენივრად ვარ,მომშივდა და რამეს მოვძებნი საჭმელს,რამე ცივს და გაყინულს,მარი როცა არ არის სახლში კვერცხის შეწვაც კი არ შემილია,მეზარება მარტო ჭამა.

კარგად ვარ,შავი გეტრები მაცვია,ძაან თბილები და ძაან ღუნღულები,თუ ვინმე არ გამათბობს,ესენი მაინც გამათბობენ.სასტიკად რომანტიულად ვარ მაინც,საძაგელი არსება ვარ,უბრალოდ ასეთი ამინდები თუ გაგრძელდა გავაფრენ ალბათ.

Read Full Post »

არ ვიცი როგორ წერენ ასე იოლად დედებზე ავტობიოგრაფიულ რომანებს,ეს ვერაფრით წარმომიდგენია,მე ზუსტად ვიცი,თუკი დავიწყებ,წესიერს ვერაფერს დავწერ.აზრზე არ ვარ საიდან იწყება დედაჩემი და ამის დასრულებას,როგორღა შევძლებ?!…უტას დედამ მომიყვა,როგორ დაინახა ერთ დილას,ვიღაც უცხო ქალი,ცისფერ კაბიანი,როგორ გამოვიდა ეზოდან…მერე აღარ მახსოვს,რა მოხდა,მაგრამ ის მახსოვს რომ თამარი დეიდა ამას აღფრთოვანებით მიყვებოდა.

სპონტანურად მომინდა დამეწერა.შემთხვევით ბლოგი გახსნილი დამრჩენია და დედაჩემსაც ყველაფერი წაუკითხავს,თუმცა დასამალი არც არაფერი მქონია არასდროს მასთან,რამდენჯერმე მკითხა ბლოგის შესახებ,რას შვები დაიწყეო უკვე წერა და მეც რაღაცნაირად ავარიდე თავი ამ პასუხს,საერთოდ არ ვიცი რატომ არ მინდოდა წაეკითხა.ჰოდა ვიღაცას მაილს წერდა,მერე ეტყობა თავიდან-ბოლომდე “გადამიკითხა”  და უბრალოდ მთხოვა,გთხოვ ყურადღებით მოეკიდე პუნქტუაციასო და სასხვათაშორისოდ დაამატა:”ალბათ ჩვენი ეპოქის,ჩვენი დროის ტკივილია ის,რაც შემდეგ აგრესიაში ვლინდება.იმ შენობის კიბეზე მოფსმა,მგონი უფრო პროტესტია შენი მხრიდან,ამას დააკვირდი!”

ჰო რაღაც გავაპროტესტე იმ შუაღამით,იმ 5 სართულიან შენობაში,სადაც ყველა სართული ჩაბნელებულია,კედლებზე ნაფურთხია შედუღაბებული და სადაც ყოველ დილით,პირველი სართულის კიბეზე მოფსმული მხვდება,მერე ავდივარ და ვხედავ მესამეზეც გვარიანად მიუსხიათ,მეოთხეზეც. დარაჯიდან დაწყებული უბრალო შემომსვლელით დამთავრებული ვისაც სადაც უნდა და როგორც უნდა იქ აფსავს და ალბათ ეს იყო ჩემი “პოსტმოდერნისტული”:)ფორმით გაპროტესტება იქაური სიბინძურის.

ცუდ ტალღაზე გადავედი ,არადა დედაჩემზე ვწერდი.

ახლახან,როცა ორივე ერთი და იგივე ხელის კრემს ვისვამთ ხელზე და ორივე ვასკვნით,რომ აშკარად ჩანს შედეგი,მახსენდება ჩემი მეგობრის ნათქვამი,როდესაც ხელებზე დამხედა:”ეს ცირას ხელებია,აქიდან აქამდე ცირა ხარ” .მერე მოვედი სახლში და როცა ეს ვუთხარი,გულდაწყვეტით მითხრა :”ყველაზე მეტად ამით არ მინდოდა დამმსგავსებოდი”.

არადა ძალიან გგავარ დე, როცა ამოყრილ ძარღვიან ხელებს სადღაც ვმალავ.უბრალოდ მე უხეში,აგრესიული,გაუწონასწორებელი,არაესთეტიური და ბოღმიანი ვარ:) მგონი მარტო ხელებით გგავარ…

ხელებით და უპებთან თხელი კანით

პ.ს მაპატიე პუნქტუაციური შეცდომებისთვის

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: