Feeds:
Posts
Comments

Archive for November, 2009

დღეს თინის ბლოგის დაბადების დღეა. ჰოდა ვულოცავ, თინი არის ის ადამიანი, ვინც ჩემი ბლოგის ჩამოყალიბებაში დამეხმარა და მისი დამსახურებაა, რაღაცას რომ წარმოადგენს. მესამე თვე გადის, რაც ეს ბლოგი მაქვს, ვფიქრობ რამე ხომ არ შეიცვალათქო, მაგრამ ვერაფერს ვასკვნი, გარდა იმისა რომ კმაყოფილი ვარ ამ შენაძენით:) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, რომ მქონოდა უფრო კარგი იქნებოდა, მაშინ გაცხოველებული მქონდა წერის სურვილი, უამრავი საინტერესო იდეა მიტრიალებდა თავში, ექსპერიმენტების ჩატარების ხასიათზე ვიყავი, უამრავს დავდიოდი, ვეწეოდი, რაღაც ტაბლეტებს ვყლაპავდი და გიჟივით ვიქცეოდი.  მაშინ უამრავი ადამიანი ტრიალებდა ჩემს ირგვლივ, ზოგს ვუყვარდი, ზოგს ვეზიზღებოდი, ზოგს კიდე რა და ზოგს კიდე რა. გათქვეფილი ვიყავი უამრავ ადამიანში. სულ ქალებში და კაცებში ვიყავი. დღეს კი ამ საზოგადოებისგან დაცლილი ვარ, მარტო ვარ  ჩემთვის, ჩემთან არის უტა, კიდევ ჩემი ოჯახი და ბედნიერი ვარ ამ ასოციალური საახლობლოთი.

ჰო კიდევ რადიო, რომელიც ხშირად მავიწყდება, ალბათ იმიტომ, რომ იშვიათად მიწევს იქ ყოფნა და ამ პერიოდულობის გამო, საერთოდ არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ ეს ჩემი სამსახურია. ეს უფრო გასართობს წარმოადგენს ჩემთვის, რომ კვირაში რამდენიმე დღით, გავიდე სახლიდან, მუსიკას მოვუსმინო და გადაბმულად ვილაპარაკო 7 საათი, რათა ლაპარაკი არ დამავიწყდეს. მახსენდება მამაჩემი, როგორ ეწინააღმდეგებოდა ჩემს რადიოში მუშაობას, ლაპარაკს ისწავლი და წერას საერთოდ ვეღარ შეძლებო. ნაწილობრივ გამართლდა მისი სიტყვები. მაშინ, ანუ რამდენიმე წლის წინ წერით უფრო კარგად ვწერდი, ვიდრე დღეს, მაგრამ ისეთი ბლუკუნა ვიყავი, ერთი წინადადების გადაბმას ვერ ვახერხებდი, ისე რომ არ გავწითლებულიყავი, არ მენერვიულა, არ მეფორიაქა და თავი არ დამეტანჯა.  რომელი უფრო კარგია ღმერთმა უწყის, მაგრამ ამ ეტაპზე რათქმაუნდა ლაპარაკი ჯობია, ამ ლაპარაკში ფულს მიხდიან, ხოლო აქ, ამ ქალაქში წერაზე და მწერლობაზე ოცნება ჯერ ძაან ნაადრევია. ხოდა რახან წერისთვის ფულს არავინ გადამიხდის, ამიტომ რედაქტორებთან წანწალს მირჩევნია, საკუთარ ბლოგზე ის ვპოსტო, რაც გამისწორდება. ანუ საკუთარი ჭია ვასიამოვნო, ხანდახან დრო გავიყვანო, ხანდახან როცა არასასიამოვნო ფიქრები მომეძალება, წერა დავიწყო და ასე გავფანტო ეს ფიქრები.

ანუ ერთ-ერთი მიზეზი იმისათვის,რომ საკუთარი ბლოგი ჰქონდეს ადამიანს. 🙂

ძვლივს გაშრა გზები, ეჭვი მაქვს ამ საღამოს დიდხანს ვისეირნებ გარეთ მარტო და მერე სახლში მოსულს კაი ხანს არ დამეძინება. როცა მარტო ხარ ძაან ნელა გადის დრო!

Advertisements

Read Full Post »

ბლოგის კალენდარს თვალი გადავავლე და უსიამოვნოდ გავვოცდი. რამდენი დღეები გამომიტოვებია. ამ დღეებში ბევრს ვათევდი, სხვა დღეებთან შედარებით ბევრს დავდიოდი და ბევრს ვკითხულობდი. აი ახლა ეს ბოლო წინადადება თავად მესიამოვნა, კითხვასთან დაკავშირებით. ხო ძირითადად ინტერნეტში ვკითხულობდი, დანარჩენს ლოგინში ძილის წინ. დავსნეულდი ამ ზამთრისკენ წიგნების კითხვით, ნეტა დიდხანს გასტანოს ამ დაავადებამ. მალე ოფიციალურად დაიწყება ზამთარი, ჩემთვის დღესაც ზამთარი იყო, როცა რადიოში გადაცემის პაუზის დროს, 9 საათზე გარეთ გავიხედე და ისევ უკუნითი სიბნელე იდგა. სადღაც მესიამოვნა და მომინდა ნეტა მთელი დღე ასე იყოს ჩაბნელებულითქო, არადა ღამეებიც ხომ უნდა მყოფნიდეს?!..უაზროდ ქალური სისულელეები წარმოვიდგინე, ბევრი ვიბოდიალე ხალათში, რძიანი პიურეც გავაკეთე (უტას უყვარს),საბანი ამოვუკეცე და ისე წამოვედი რადიოსკენ. თქვენ გჯერათ ახლა ეეს?

იცით როდის ვხვდები, რომ  ზამთარია? სახეზე ლაქები გადამდის და მაშინ. კი არ გადამდის, უბრალოდ დროებით  უფერულდება. კოსმეტოლოგმა მითხრა ასე. კიდე იმით, რომ სოფოსთან ასვლა მინდება და იქ ყავის დალევა. რაღაცნაირად ძაან საყვარელი მწვანე ყავის ჭიქები აქვს, პატარა ბოჭკებივით არიან და მგონია, იმ ჭიქებში არის ყველაზე გემრიელი ყავა. არადა სასტიკად ვეწინააღმდეგები მწვანე ფერს. ჰოო აცივდა და ესეც ძაან მაწუხებს, განსაკუთრებით როცა ადრე უნდა წავიდე რადიოში. ლოგინიდან გადმოძვრომა მეზიზღება, მაგრამ მაინც მოვფორთხავ და საკუთარი თავის თერაპიას ვიწყებ. ვფიქრობ, რომ უტას ძალიან ვუყვარვარ და მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით, რომ ძალიან მეყვარება, მისგან შვილს გავაჩენ და რომ მისი ერთგული ვიქნები მთელი ცხოვრება, სულიერადაც და ფიზიკურადაც. ყველანაირად!!! მერე ვიცვამ, კბილებს ვიხეხავ და დილის ლოცვებს ვკითხულობ. ერთი პოპულარული ჟურნალის რედაქტორს თავის სვეტში   ეწერა, ქუჩაში მარტო  “ზასაობა” და პირჯვარის გადაწერა შეიძლებაო, ლოცვით სახლში ილოცეთო ჟურნალისტებმა. ჰოდა მეც ასე ვარ:) არც სახლში და არც გარეთ  არავის ვაწუხებ ჩემი ლოცვებით, არც ჩემი მარხვებით და არც ჩემი ცოდვებით. ავტოთერაპია მეხმარება იმაში, რომ სანამ მსმენელებს მივუგდებდე ერთ-ორ სიტყვას, მანამდე მე თითონ გამეღიმოს და ჩემი თავი გავამხნევო. ხოდა ამ ყველაფერს მარტო მე, რომ ვერ ვშველი ისეთ დილაადრიან, როცა გარეთ სუსხია და ყველაფერი იყინება, ამიტომ ღმერთს ასე ვთხოვ:  “მინდა ჩემთან ერთად იყო დღეს, ცოტახანს არ მიმატოვო, ცოტა ხანს გამიძლო. ოღონდ იცი როგორ ვქნათ? ისე მოვახერხოთ, რომ სხვებიც არ დაგვრჩეს უყურადღებოდ, უტასთანაც იყავი დღეს, მარისთანაც, მირანდასთან, ჩემს მშობლებთან, ჩემს ახლობლებთან. დღეს შენი თავი კატასტროფულად მჭირდება,განსაკუთრებით ახლა, დილის შვიდ საათზე, მაშინ როცა უტას ტკბილად  სძინავს და მესიჯიც,რომ მივწერო ვერაფერს მომწერს” …მერე ჩაბნელებულ კიბეებზე ჩავდივარ და ისე გავივლი ეზოს, მაყვალას და ბადრის მაღაზიას ,არც გავხედავ, შესაბამისად არც გამარჯობას ვეტყვი მათ. განა მისალმება მეზარება..პირიქით, თითონ ეზარებათ და ამ ბოლო დროს ისე გავივლი თითქოს არც დამენახოს. მერე შევდივარ სამარშრუტო ტაქსში (:) და აქაც ვაგრძელებ რელიგიურ ავტოთერაპიას, ფანჯარასთან ვჯდები ხოლმე და გვერდით ადგილს ღმერთს ვუთმობ, ისე როგორც დღეს მოვიქეცი, მიუხედავად იმისა რომ ჩემი გაჩერება უფრო წინაა. ხოდა ვჯდები ფანჯარასთან და ღმერთს ვეუბნები :” ჩემს გვერდით დაჯექი, სანამ პრესის სახლამდე ჩამოვალ,ჩემს გვერდით იყავი რა. რაღაც მარტოდ ვგრძნობ თავს და ყველაზე მეტად შენ შეგიძლია ჩემი დახმარება”. ისიც ჯდება ჩემს გვერდით გაყინულ სავარძელზე და მარტოობის შეგრძნებაც გადამდის. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ იღებს სამგზავროს?

რამდენიმე დღის წინ ზღვის ფოტოებს ვათვალიერებდი. უამრავი ფოტოებია,აუცილებლად უნდა დავწერო დიდი და სურათებით დახუნძლული პოსტი. უამრავი კარგი რამე მოხდა ამ ზაფხულში ზღვაზე. 23 ივლისი კი არასოდეს დამავიწყდება, როცა გადამწვარი და გადაწითლებული კანით ბათუმში გავრბოდით მე და აკო. მადლობა აკოს, ის რომ არა იმ დღეს ვეგდებოდი ქობულეთში გულდათუთქული:).

გუშინ უტამ მითხრა არაფერი დაწეროო ბლოგზე ინტიმურიო. თავიდან ძაან მიკვირს როცა რაღაცას მეუბნება, ვეწინააღმდეგები, თავს ვიგიჟიანებ და ვიცოფიანებ და მერე ვხვდები, რომ იგი მაინც მართალია.  მაგრამ სანამ მივხვდები, რომ მართალია, მანამდე ერთ შოუს გამართვას მაინც ვასწრებ. ხანდახან ვეუბნები, ერთი დღე იქნება და დიდ რომანს დავწერ, ყველაფერს დავწერთქო ვეუბნები, მაგრამ აბა მე რისი დამწერი ვარ. თან რომანის? მოკლედ მანამდე იმ “ერთ” დღეზე ვიოცნებებ:)

მაკას გამოგზავნილი გრძელი წინდები მაცვია. თბილისიდან გამომიგზავნა შარშან, დიდი თეთრი კონვერტით, წერილიც იყო შიგნით, ამ ბოლო დროს ის წერილი ვეძიე და ვერ მივაგენი. დარწმუნებული ვარ, რომელიმე წიგნში მაქვს ჩარჩენილი და მაგიტომ ვერ ვპოულობ.

რამდენიმე წუთის წინ მეზობლის პატარა ბავშვმა მითხრა,თოვდაო. ჯერ თოვლი ვერ წარმომიდგენია, თუმცა საშობაო სიმღერა მაინც დავაყენე გუშინ რინგტონად. ვტკბები მოახლოებული შობის იდილიით. მგონი 35 დღე დარჩა და მინდება დათვივით დავიძინო იმ დღემდე, თითი ჩავიდო პირში და უცებ დადგეს შობა. არადა ვერ ვიტან დათვებს. დედაჩემის ერთმა მეგობარმა ერთხელ ფსიქოლოგიური ტესტი გამაკეთებინა, რაღაც უნდა დამეწერა. რამდენიმე სიტყვა იყო ჩამოწერილი და იმაზე სიუჟეტი უნდა ამეგო, დათვი ბოროტ სულად გამოვიყვანე, და ჩინური გასაღებით ცხრაკლიტულში ჩავკეტე. ჰოდა იმ კაცმა მითხრა, კაცების მიმართ შიში გაქვსო და მათ მტრად აღიქვამო. რამდენად მეშინია მათი, ამაზე არ მიფიქრია.

ძველი ქალაქი ჩაირთო ინტერნეტში. მგონი მსმენელებმაც მოიმატეს. კი ნამდვილად მოიმატა:) რამაც უფრო მეტად გამიძლიერა პასუხისმგებლობის გრძნობა. სხვა ისეთი არაფერი ხდება საინტერესო. ველოდები შობას, კიდე კრუასანები მომინდა, ერთი პერიოდი ძაან შემიყვარდა და მერე ისევ შემზიზღდა, როგორც ყველანაირი ტკბილეული. ყოველდღიურად არის ცვლილებები. თუ გინდა კრუასანების სიყვარული იყოს. ამ კვირაში გიჟურად მინდოდა შამპანური, არადა ადრე დასანახად ვერ ვიტანდი. რა კარგია ცვლილებები,თუნდაც ასე უმნიშვნელო.

ამ ბოლო დღეებში კიინს ვუსმენ გადაჭარბებულად. ხანდახან რაღაცეებს გადაჭარბებულად ვაკეთებ.

Read Full Post »

რადგან ხვალიდან შაბათ-კვირა იწყება,მეც ჩემებური გამოსავალი ვიპოვე,დეპრესიაში რომ არ ჩავვარდე და მთელი დღეები უბედურად მყოფმა არ გავატარო. საქმე რაშია? ვაპირებ ღამეების გადათენების პრინციპით,ვებრძოლო შაბათ-კვირის სევდიან და რუტინულ ხასიათს. ამიტომ დღესაც გადავათენებ და ხვალ მთელი დღე ვიძინებ,ასე მოვიქცევი შაბათ ღამითაც, კვირა ღამითაც, მერე კი რადიოში მუშაობის დღეებში,ისევ ჩავდგები ჩვეულებრივი დღის რეჟიმში და მოწყენილობაც გამივლის.

მგონი მშვენიერი გამოსავალია. ახლა როცა ლიმნიან წყლიანით შესრუტული კომპთან ვზივარ,რომელიც მთელი ღამის განმავლობაში საკმარისად გამომაშრობს,ისე რომ ხვალ ლოგინიდან წამოდგომის თავი არც მექნება , ვინარჩუნებ ოპტიმისტურ განწყობას და ბედნიერი ვარ,რადგან ხვალ მთელი დღე ვიძინებ,გარეთ იქნება საშინელი ამინდი. ასწორებს ძილი წვიმაში. თან ჩემი ლოგინი ფანჯარასთანაა და წკაპუნი წვეთების რომანტიული ძილის პირობას შემიქმნის.

მთელი დღე სახლში ვარ და მთელი დღე მძინავს,ჩემი მამიდაშვილი მოვიდა ,ძილში თავის ამბებს მიყვებოდა. მოკლედ სასიყვარულო განწყობით ვარ მოცული ამ დღეების განმავლობაში,დაუფიქრებლად გავცემ რჩევებს, თითქოს დიდი გამოცდილების ვიყო ამ სფეროში. ყველა შეყვარებულია ჩემს ირგვლივ,დედაჩემის გარდა. დედაჩემსაც რომ შეუყვარდებოდეს ვინმე,ესეც კი გამიხარდება. მასობრივი ბედნიერიზაცია მჭირდება ჩემს ირგვლივ,გახარებული და ღიმილიანი ადამიანები. მარის შვიდ თვიანი მიმოწერა,ერთ ყმაწვილთან,ახალ ეტაპზე გადადის. მარი ბედნიერია,მაგრამ სულ მსაყვედურობს,ჩემი ამბით არ ინტერესდებიო. მართლა არ ვინტერესდები,არ ვიცი რატომ,ალბათ იმიტომ რომ სერიოზული გრძნობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ და მორიგ სასიყვარულო თამაშის ამბები არ მაინტერესებს. მინდა მარი ბედნიერი იყოს და ყველა მამრობითის მეშინია,ვინც მის ირგვლივ ტრიალებს,მეშინია რამე არ აწყენინონ.

მირანდა იწერს სასიყვარულო და თინეიჯერულ ფილმებს და ბედნიერი სახით შესცქერის ამ ჰოლივუდურ ბრჭყვიალობებს. მეც გავიარე ეს ასაკი. ამიტომ არა უშავს,ხანდახან მეც ჩავუჯდები,მიდი რამეს ვუყუროთთქო. ძირითადად კოლეჯებზე აქვს გადმოწერილი ფილმები და იქაურ სიტუაციებზე. მოკლედ ჰაი სქულებში,რომ სიტუაციებია,იმაზე ოცნებობს თვითონაც.

ხვალ ვიქენდები იწყება. ვიქენდი უფრო ბედნიერ დღეებს ნიშნავს ჩემთვის,მაგრამ ხვალ ნამდვილი შაბათ-კვირა დაიწყება,ანუ ქართველები რომ ვეძახით “უქმეებს”. სტუდია “მონიტორის” და უტას გაკეთებულ ფილმებს ვიწერ და ამ დღეებში ამათ ვნახავ,მერე ძაან რომ გადავიღლები,მირანდას ფილმებს ჩავუჯდები.

რამდენიმე წუთის წინ,ასე 45 წუთის წინ, როცა უტას ვწერდი სკაიპში, გამახსენდა შარშანდელი დეკემბერი,დიდიხანი არ მყავდა მაშინ ნანახი. ეს გავახსენე და კიდე გული რო მიბუქნავებდა სარქველებში. რა ლამაზი სუნი იდგა მის კისერშიიი:) (თქმა რომ იციან კიდევ,რა ლამაზი სიმღერააო,მაგიტომ ვთქვი მეც;). იმაზე დავიწყეთ ლაპარაკი,ვის როგორ უხარია ერთმანეთის დანახვა და და ვის რა და როგორ ემართება ჰოდა ბოლოში მე დავსვი შეკითხვა,რასაც თავად ვპასუხობ ხოლმე. იხილეთ:))))
[22:45:20] shorena: anu ra gamodis?
[22:45:30] shorena: dzaan miyvars ase sakitxis dasma
[22:45:31] shorena: 🙂
[22:45:44] shorena: anu is gamodis ro ertmanetze vgijdebit
[22:45:52] uta: xo ratqmaunda
ეს რათქმაუნდა აქ ძაან ყალბად ჩანს და მეცინება. იმას კი არ ვამბობ ყალბად თქვათქო,უბრალოდ აქ ასე ჩაჯდა. მოკლედ მე ჩემებურად ვაფრენ,ჩემებურად ვჭედავ და ჩემებურად ვახურებ. ჰო კიდე ჩემებურად ვარ ბედნიერი,ანუ რა კაიაა სიცოცხლე:)

ამ პოსტის ნაცვლად აქ უნდა ყოფილიყო,საშინელი სიტყვებით დაწერილი პოსტი,ლანძღვა-გინების კორიანტელი,რომელსაც ვუთვლი ახალი ქსელების ინტერნეტს ქუთაისში,ხვალ რომ გაითიშება,მთელი 2 დღით ინტერნეტი (ჩვენზე ზრუნავენ,შაბათ-კვირას კარგად დასივენონო),კიდევ წყალკანალტრესტს,არ ვიცი რას ეძახიან მაგათ ქუთაისში,კიდევ ელექტროენერგიისტრესტს:) არც ეგ არ ვიცი რას ეძახიან,უბრალოდ ვიცი ის რომ ნერვები მეშლება შუქის გაუფრთხილებელი წასვლებით ყოველ წამ -წუთს.

ამ ყველაფერზე უტასაც ძაან ეშლება ნერვები,ასე რომ ის პოსტი რომ დავწერო,იმედია ძაან არ გაჭედავს. თუ დავწერ,წინასწარ ვითხოვ პატიებას.

Read Full Post »

მსოფლიო ტუალეტების დღეს გილოცავთ და სუფთა ტუალეტებს გისურვებთ,ალბათ ასე უნდა დავიწყო ამ პოსტის წერა. ტუალეტების დღე ყოფილა თურმე დღეს,რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ეს ნიკო ნერგაძემ თქვა დილის გადაცემაში,ამ ბოლო დროს ისე ხშირად ვახსენებ ნიკოს,ისე ხშირად ვკითხულობ მის ბლოგს გადაცემაში,ვინმემ შეიძლება იფიქროს ხომ არ შეუყვარდაო. რა მნიშვნელოვანი თარიღია. არა! სულაც არ ვხუმრობ,სრული სერიოზულობით ვიდღესასწაულებ ამ დღეს,როდესაც გარეთა საქმეებს მოვრჩები,რაშც კიდევ ერთი საათის განმავლობაში დარჩენილი ლაპარაკი შედის,სხვადასხვა უაზრო თემების შესახებ,ასტროლოგიური,სინოპტიკური და ვიკიპედიური კალენდარით. ვიკიპედიაზე და მის მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე,ან პოსტის ბოლოს ვისაუბრებ თუ დრო მეყოს,ან არასოდეს,რადგან ამჯერად მხოლოდ 20 წუთი მაქვს დარჩენილი ამ პოსტის საწერად.

ანუ რას გავაკეთებ? და ვისთან ერთად ავღნიშნავ? ჯერ ამ საქმეებს უნდა მოვრჩე,რომელსაც სერიოზული თვალით ვერასდროს ვერ ვუყურებ,მერე კი წავალ სახლში და ტუალეტების ზეიმსაც წამოვიწყებ.

უშუქოდ დარჩენილი 103 ნომერის ოთახებში,მარტოდ დარჩენილი,ხელზე წითელი რეზინის ხელთათმანებით,შევუდგები ტუალეტის ხეხვას და არიელიზაციას. გავხეხავ ძირიდან ზედაპირამდე,მგონი ჩემზე კარგად ვერავინ ხეხავს უნიტაზებს და მგონი ჩემსავით არავის უყვარს ტუალეტში სკამის შეტანა,წიგნის კითხვა და ყავის სმა. ხომ არ შეგძულდით? ასე ზაფხულობით ვიქცევი,რადგან ოთახებში ქუჩიდან გამაყრუებელი ხმაური შემოდის და ვერაფრის წაკითხვას ვახერხებ. მე რომანტიული მეტუალეტე ვარ.

გაწმენდის შემდეგ დავიწყებ უნიტაზის პატივგებას და ამ სადღესასწაულო ლიტურგიაზე,მარტო ორი ვიქნებით,მე და უნიტაზი, მთელი მისი სიქათქათით და ბრწყინვალებით.

ვიცი დღეს ყველაფერი კარგად იქნება. წვიმიანი დღე არის,მაგრამ კიდევ კარგი ჩემს ტუალეტში წვიმა არ ჩამოდის. რამდენიმე წლის წინ ჩამოდიოდა ჭერიდან, კრიშას რომ ვეძახით ხშირად და მერე დედაჩემმა იმდენი ირბინა მერიაში და მუნიციპალიტეტებში,რომ მოვიდნენ შესაბამისი სამსახურის კაცები და მთელი ჭერი გადახურეს. საერთოდ სულ ასეა,დედაჩემი დარბის ყველგან,მეზობლებს კი განცხადებაზე ხელისმოწერაც კი არ უნდათ,ეშინიათ ნაციონალური პარტიის მხარდამჭერი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი არ გააღიზიანონ. ჭერის შეკეთება და წყლით ავსებული სარდაფების პრობლემა,ხომ მუნიციპალიტეტების პრობლემაცაა. მოკლედ არ ვაღიზიანებთ. პრობლემები გამახსენდა და ეგრევე ხასიათი გამიუჭდა,იმდენია რომ ჩამოვთვალო,თქვენც დაგგრუზავთ,ასე დილა ადრიან. რა არის ეს ”გრუზი” კიდევ? მგონი იქაც აკლია ბრჭყალები,მაგრამ არა უშავს,ჩვენ ხომ რადიოს ვებგვერდებზეც კი კბილის ჯაგრისი მაგივრად,კბილის ჩოთქს ვწერთ,ღამით დასატენიანებლად ღამის ”მაზს” ვისვამთ და ფეხსაცმელსაც მაზით ვაპრიალებთ.

რა მინდა ეხლა რატომ ვახურებ? რა მეფილოსოფიურება და მებარბარიზმება? დღეს ფილოსოფიის დღეც ყოფილა. გილოცავთ ამასაც.

მხოლოდ 3 წუთი წინ. ბარემ ვიკიპედიაზეც ვიტყვი, რომელმაც დღეს ჩემი აღშოთება გამოიწვია. ადრე კალენდრულ სექციებში,დღესასწაულების სექციაში,ხშირად მხვდებოდა მსოფლიო დღესასწაულები,ამ ბოლო დროს კი მარტო მართლმადიდებლური ზეიმები მხვდება. მოდით თქვენც მოგილოცავთ შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

გალაქტიონის და ეპისტიმიასი

პატრობა,ერმე,ლინოსი,გაიოზი და ფილოლიგე -სამოცდაათთაგანნი

ასევე წმინდა გრიგოლის ხსენების დღეს.

ტუალეტები არც გაგვხსენებია. მე ტუალეტის ხსენების დღეს ვიდღესასწაულებ.

საზოგადოებრივ ტუალეტებში სუფთა უნიტაზების იმედებით გემშვიდობებით!

Read Full Post »

ისევ დილის რეჟიმში ვწერ პოსტებს,ანუ რადიოს სტუდიაში,სადაც შემოსვლისთანავე ვანიავებ ოთახს,სველი სალფეთქით ვწმენდ მაგიდას და აპარატურას,ვთბები,შემდეგ ისევ ვანიავებ და ასე გრძელდება იმ დრომდე,სანამ თავისუფლება არ ჩაგვერთვება და მეც,ცოტა ხანს მოვიცლი ბლოგისთვის. ბიძინა მაყაშვილის ბლოგს ვკითხულობდი დღეს დილით გადაცემაში,ადრეც მქონდა წაკითხული,მაგრამ დღეს ვერაფერი აღმოვაჩინე ისეთი, კარგიც რომ ყოფილიყო და წაკითხულიც,რომ არ მქონოდა,ამიტომ ბიძოს(ასე ეძახის დედა მარიამი)  ბლოგი წავიკითხე.

ახლა ის დროა,ჩვენი შენობის უკან ეკლესიაში,ზარებს რომ რეკავენ და მე ასე 2 წლის წინ,გრეჩიხასავით,ცალ ხელში სიგარეტით და მეორეთი მამა ღმერთით,ძე ღმერთით და სულიწმინდათი და კიდევ დარჩენილი 2 თითით ხელისგულში მიტყუპულით ,პირჯვარს რომ ვისახავდი. ნამდვილად არ არის სახუმარო თემა,მაგრამ ზარების რეკვაზე ეხლა ეს გამახსენდა. სტუდია ისეა გამთბარი,მგონია სადაცაა ჩამეძინებათქო,ნინო თარხნიშვილს ვუსმენდი ახლა ამინდის პროგნოზით თავისულებაზე და გამეღიმა,მეც მისნაირად ვითვლი ახალ წლამდე დღეებს,გრიგორიანული კალენდრით დღეს 321 დღეა,რაც იმას ნიშნავს რომ ახალ წლამდე სულ რაღაც 44 დღეა დარჩენილი. მგონი ასე ემართება ყველა დილის წამყვანს,რომელსაც კალენდართან აქვს შეხება. აღარ გავაგრძელებ რა სურვილები უკავშირდება ახალ წელს,ეს ისედაც ყველამ ვიცით,ჩვენ-ჩვენი და ჩემი რა საინტერესოა.

ჰოდა მიხარია.უცნაურია,მაგრამ გუშინდელი მზიანი ამინდი ძვლივს გადავიტანე. ხან წვიმიანებს ვერ ვიტან,ხან მზიანებს.მიჩვევაა ყველაფერი. შაბათ-კვირას გადაბმულად წვიმდა და გადაბმულად იღრუბლებოდა,შალასხმული და ყველაფერ მოფარებული დავდიოდი სახლში და ბესიკ ხარანაულს ვკითხულობდი და ვგრძნობდი,რომ ძაან მომწონდა. შაბათს შუდღიდან ინტერნეტი გათიშეს,როგორც ხდება შაბათ-კვირას,და პირველად ვიგრძენი რომ კომფორტში ვიყავი,თავიდან ცოტა კი წავიწუწუნესავით,თითქოს  დეპრესიაშიც ჩავვარდი,მაგრამ მერე წიგნების კარადას მივადექი და რაღაცეები გამოვჩხრიკე. ამ შაბათ-კვირას გადავათენე და მივხვდი,როგორ მენატრებოდა ეს მომენტი,როცა შუაღამემდე რაღაცეებს კითხულობ,რამდენჯერმე დაისხამ ლიმნიან ჩაის,რაღაცეებს ათვალიერებ,რაღაც მოგწონს. ბანალურია მაგრამ ცოტათი გავმდიდრდითქო,ასე მეგონა ამ დღეებში. ეს უცნაური შეგრძნება მქონდა,გაუაზრებელი,ხარანაულის წიგნის აღმოჩენის მერე. ვგრძნობდი,რომ კვირის შუაღამეც მაგარი იქნებოდა,ეხლაც ვიზოგებ მის ლექსებს. ამ კვირაში უნდა მეყოს,მერე მომავალ შაბათ-კვირას ინტერნეტის გათიშვის ჟამს,კიდევ რაღაცას აღმოვაჩენ.

უტას გაუკვირდა შენ ლექსები,რომ არ გიყვარდაო. ხოდა არც მიყვარს,უბრალოდ რაღაცეები ხანდახან მომწონს. ჩემთვის დავიწყე წერა,ამ მომენტს რომ დავუბრუნდი ბედნიერი გავხდი. ჯერ მობილურში ვწერ,შემდეგ კი კომპიუტერში გადამაქვს.

როგორ მიყვარს ამ გრიგორიანული კალენდრით დღეების დათვლა,ნაკიანი დღეების ჩათვლით. შობამდე რამე ძალიან კარგი ყავის ჭიქა უნდა ვიყიდო და დედა შუშანიკს წავუღო ბედიანში,რამე წელში გამოყვანილი,თხელი და დახვეწილი.სტანდარტული პარამეტებით მოკლედ:)მთხოვა წამომიღეო. ჰოდა ისღა დამრჩენია დღეეები დავითვალო და ასე გავაგრძელო არსებობა.

აი ძაან, რაღაცნაირი დილაა გარეთ,ჩემებური,ღრუბლიანი,ოდნავ ბნელი,რაღაცნაირად ზამთრის სუნმოტანილი დილა. მსმენელებს კი ვეუბნები,მზიან და კარგ ამინდს გისურვებთთქო,მაგრამ ეს ამინდი მე საშინლად მომწონს. ჰოდა დღეს ეს ამინდი იქნება და თუ მარტო, ეს ამინდი მყოფნის ბედნიერებისთვის,მაშინ ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს:)

ვფიქრობ რა უნდა მოხდეს ამ კვირაში საინტერესოთქო. მგონი არც არაფერი დამიგეგმავს,მაგრამ თუ ღვთიური მანქანები:) ინებებენ მშვენიერი რაღაცეებიც შეიძლება მოხდეს,მაგრამ მე ასეთი ზედმეტი ოპტიმიზმით არ ვარ დაჯილდოებული. ვიცი ჩვეულებრივი კვირა იქნება,გადაბულად ვიმუშავებ რადიოში,მერე სახლშიც მომწყინდება,უტას რაღაცაზე გავუნაწყენდებისავით, ვეტყვი საერთოდ არ მინდა შენი ყურადღება,რამეს კი არ გაძალებთქო,არადა ზუსტად ყურადღება და მისი ყოფნა მენდომება:) უიმეე ქალებიი…სახლს დავალეგებ ჰო,დავწმენდ ,დავრეცხ,წავიკითხავ. აი ეს აუცილებლად მოხდება,სხვა კარგი და მნიშვნელოვანი,უკვე ჩემს ძალებს აღემატება.

აქ ვორდპრესი ჭედავს,პირველად გამახსენდა,რომ დასურათებული პოსტი უმჯობესია და ამ დროსაც ჭედავს აქაურობა. თოვლის ბაბუა,რომ კალენდარს ითვლის შობამდე აი ეგეთი ფოტო უნდა დამედო.

ჩემ პონტშია ეგეც. როგორ მიყვარდა ბავშვობაში კალენდრის ახევები. ახლა ყველა ციფრულ კალენდრებზე გადავედი,მაგრამ ძველი რომანტიკა არ დაკარგულა ჩემთვის.

ჰოდა დროზე მოდი ახალო წელო!

Read Full Post »

დღეს ქრისტინე ვნახე,მარის ავაკითხე რადიოში, ქრისტინეც ამოვიდა. ამოვიდა კი არა ამოცუქცუქდა,როგორც იცის ისე,თავიდან რომ დიდხანს გალოდინებს,ბევრს რომ იბოდიალებს,სახლიდან ძვლივს რომ გამოაღწევს,სარკესთან რომ მოყვება ბოდიალს,ძვლივს რომ გაიღვიძებს,ქრისტინეო რომ დაუძახებს გულო დეიდა და ისიც ზარმაცულად რომ გამოძვრება თავისი გაბუძგული თმებიდან. ყავასაც დალევს ასეთი თმაგაბუძგული.  ქვემო ოთახიდან კაკუნით,ქრისტინე გაიღვიძეო.გაგვიანდება ქრისტინეო…ასე დაიწყებოდა მისი დღევანდელი დღე,ამაში ეჭვი არ მეპარება. კაი ხანს ველოდე და იმედი,რომ გადავიწურე ალბათ აღარ მოვათქო,მაშინ დამირეკა.და ალბათ კარი შიომ გაუღო,შიო კარგი ბიჭია.ყველაზე კარგი ბიჭია შიო რადიოში,მთელი დღე დარბის რეკლამების მოსაზიდად. უყვარს გაზიანი სასმელი და ნამცხვრები. ისე მოვაყოლე ამ ამბავს,მიხარია კარგი ადამიანები რომ არსებობენ,საქმიანები და სხვისი ცხოვრება რომ არ აინტერესებთ.

კარგა ხანია რადიოში საღამოს არ ვყოფილვარ, უამრავი ხალხი იყო, რეკლამის დამკვეთები, თანამშრომლები,მოკლედ დიდი თავყრილობა.  გადაჩვეული ვარ რადიოში ხალხმრავლობას. ქრისტინე მოვიდა წითელი ქუდით,ისე როგორც იცის სიყვარულით ყურებები ისე დაიწყო,მე რომ სინდისი ქენჯნას მიღვიძებს.სულ მგონია ქრისტინესთან სიყვარულს ვერ გამოვხატავთქო,არადა რა ვქნა ასეთი ვარ,ხე და კუნძი. კიდევ კაი ქრისტინემ იცის როგორ ძაან მიყვარს,როგორ მამშვიდებს მისი ნახვა,სტიმულს რომ მაძლევს,ენერგიებს და ის დღე,რომ ბედნიერად ითვლება. აი ასეთია ქრისტინე,მაგრამ მაინც იშვიათად ვნახულობ.  უტა ხშირად მეუბნება, აკოს გარდა მეგობარი არ გყავსო , ქრისტინეს რატომ არ ნახულობო. ხოდა მეც მიკვირს,რატომ უფრო ხშირად ვერ ვახერხებთ ერთმანეთი ვნახოთ.

13112009386

ასეთი დღეები,უნდა მოვიწყო და ძალად ასკეტობას და სახლში ჩაკეტვებს უნდა მოვრჩე. თეთრ ხიდზე გავიარეთ,დიდიხანია ქრისტინესთან ერთად არ მისეირნია,წლევანდელ ქობულეთს არ ვთვლი,რადგან ქობულეთი სხვა თემაა და ამაზე თუ მოვედი მუზაზე უნდა დავწერო.  ქრისტინეს მუხლები მომწონს,საერთოდ ვგიჟდები წვრილ მუხლის თავებზე,ეს რა თქმაა ეხა,მაგრამ მთელი ბავშვობა ჩემი მუხლის თავები მაკომპლექსებდა,რადგან მეგონა მეც სხვებივით წვრილი და გამოყვანილი უნდა მქონოდა. ამ კომპლექსს,რასაც უშნო ფეხები ერქვა,ბებიაჩემმა ჩაუყარა საფუძველი,სულ მეუბნებოდა,უთხარი დედაშენს ექიმთან წაგიყვანოს,აკვანში რომ არ გაიზარდე ამის ბრალიაო.

რამხელა დღე იყო. ამ ფოტოზე ქრისტინეს სახლიდან ურეკავენ და ეუბნებიან,დროზე მოდი ლამისაა ბუსა შიმშილით მოკვდესო. ბუსა ქრისტინეს ძაღლია,რომელიც ამ წუთებისათვის ძაღლისთვის ფრიად სასაიმოვნო პერიოდშია,მალე ლეკვები უნდა გააჩინოს.მოკლედ ზრუნვა და ყურადღება სჭირდებოდა პატრონისგან.

უფრო კარგი დღე იყო,ვიდრე მე დავწერე,მაგრამ რაღაც საშინლად გადავიღალე. ერთი ჩემი ყოფილი მეგობრის პოსტი წავიკითხე ცხელი შოკოლადის ბლოგზე და გაოცებული ვარ, კიდევ კარგი უტას ჯიპი არ ჰყავს,თორე ალბათ იმას იტყოდნენ,მაგიტომ შეუყვარდაო, ქრისტინემ მთელი გულით და სულით მთხოვა,არსად გაამხილო ნისანის ჯიპის შესახებო:) ამ თემაზე აღარ მინდა ფიქრი,რაღაც დამაკლდა ამ ბლოგის წაკითხვით. იშვიათად მემართება ასე.

ახლა დაღლილი ვარ,თავის კანიც დაჭიმული მაქვს,თურმე კოღოებიც არსებობენ,დამბზუის ერთი თავზე.

კარგი დღე იყო. იშვიატად არის ასეთი კარგი დღეები ჩემთვის,უტას გარეშე.

დღეს იყო პრეზენტაცია და იმედია,ხვალ მაინც შეძლებს უტა, ჩემთვის მოიცალოს.

Read Full Post »

ალბათ მეხუთედ ვიწყებ დადრაფტებულ ფაილში პოსტის წერას და ამჯერად მაინც, იქნებ შევძლო,ბოლომდე დავწერო. განსაკუთრებულის დაწერას არაფერს ვაპირებ,ანდა რა უნდა დავწერო განსაკუთრებული, როცა არაფერი ხდება.

შემოდგომის სიჩუმეა გარეთ,თუ რამე გამაჩნია თბილი,ყველაფერი მოვიხურე. დღეს რაღაც უცნაური დღეა, ტკბილეული მომინდა.  კიდე ფურცელზე მომინდა რაღაცის დაწერა. უტაზე ვაპირებდი დამეწერა. ცოტა ხანში თავის ტკივილი,რომ გადამივლის მაღაზიაში ჩავალ და რაღაცეებს ვიყიდი,იქნება მანამდე მოვასწრო,სანამ მირანდა მოვა სახლში. ცოტა ხანს მარტო მინდა ვიყო. მარი რადიოშია,მუშაობს.დედაჩემი დღეს ერთი მწერალის და მისი მეგვარის შვილის ქორწილში მიდის. საშინლად გამიხარდა,როცა გავიგე,რომ შვილებით წასვლა სავალდებულო არ არის.

ჯერ კი თავის ტკივილმა უნდა გადამიაროს,ღამიდან და დილიდან საშინლად მტკივა,გუშინაც მტკიოდა,წამლებს კი არაფრის დიდებით არ ვსვამ. ცოტა ხანში ყავას დავლევ და ეს გადამივლის. დაძაბული დღეებია,ტვინს ვიჭყლიტავ. გუშინ მეორე პროექტი დავწერე. რაღაც საშინლად მომწონს, რამდენჯერმე გადავიკითხე და და ვფიქრობ,თუ წესიერად დააფინანსეს,მაგარი რაღაც გამოვა. ჰოდა დავიღალე. ტვინი მაქვს გადაღლილი,არც არაფრის მოსმენა მინდა ცოტა ხანი და არც არაფრის წაკითხვა,რაიმის ყურებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

უტას სურდო აქვს,მგონი ალერგია კიდევ. მე კიდე ვნერვიულობ ცუდად როა. ხანდახან ისე ვწერ მასზე,თითქოს ჩემს გვერდით ოთახში იყოს,თითქოს ჩემს გვერდით სუნთქავდეს,ჩემს გვერდით დადიოდეს,ჩემს გვერდით იწვეს,ჩემს გვერდით ეძინოს. არადა რამდენჯერ დავთვალე,ის კილომეტრები ამ რეალობასთან რომ მაშორებს. ჩემი სახლიდან იმ გაჩერებამდე,სადაც თბილისისკენ მიმავალი მარშრუტები დგას.ხანდახან ზუსტად ჩემი კორპუსის სადარბაზოდან ვიწყებ ამ კილომეტრების დათვლას,ხან კიდე ავტოსადგურიდან,ხან კიდევ ქუთაისის გასასვლელიდან. მიყვარს და მაინც ახლოს ვგრძნობ მის თავს.წარმოუდგენლად ბანალური ვარ დღეს,ტკივილი ხან ისევ წამომატკიებს თავს,ხან კიდევ გაყუჩდება. რამდენიმე წლის წინ,გაუყუჩებელი თავის ტკივილები მქონდა,ვიძახდი შაკიკი მაქვსთქო. არ მახსოვს,როდის გადამიარა,მაგრამ მას მივუძღვენი ერთი მინიატურა “თავის ტკივილები”,იქ ვწერდი აღარც დილით ვლოცულობ და აღარც ღამითთქო და ალბათ მაგიტომ დამეწყო ეს აუტანელი ტკივილებიმეთქი,არადა ახლა ყოველდილით და ყოველს საღამოს ვლოცულობ. სასაცილო ულოცველობას დააბრალო ატკიებული თავი.

კოშმარული ღამე მქონდა, საშინელი სიზმრები მესიზმრებოდა,დრო იწელებოდა,ძვლივს გათენდა. სულ 2 სიზმარი დამესიზმრა,ერთი ძაან ცუდი იყო,ამ ერთში მაგებინებდნენ რომ ჩემს საყვარელ ადამიანს რაღაც დაემართა, მე კი ტკივილისგან და სიმწარისგან,რკინის ბოძის გადაღრღნას დავიწყე,რამდენიმე წუთში კი ვგებულობ,რომ ტყუილია. ამ სიზმარში ამ ამბავს ერთი მღვდელი მაგებინებს,ის მირეკავს. უუუფ საშინელება იყო. რა კაია რო თენდება ხოლმე.

გუშინ ერთი ახლო მეგობრისგან,რაღაც მეწყინა,მერე დიდხანს ვიფიქრე და მივხვდი,არ ვიყავი მართალი და დავასკვენი,რომ ყველას თავისი გზა და თავისი უფლება აქვს,ისე გააკეთოს რაღაც,როგორც ეს აწყობს და როგორც  მის კეთილდღეობას სჭირდება.  ამიტომ არ დავწერე  საყვედურნარევი ტონით აღსავსე პოსტი და მაგიტომ დავადრაფტე ბევრჯერ..ვფიქრობ,რომ კარგად მოვიქეცი.

მზეებია და ქარები ქუთაისში.სახლშიც თბილა,მაგრამ მე მაინც შალი მაქვს მოსხმული ზურგზე.არ მცივა,მაგრამ მაინც. 2 დღეა უტა გადაურებლად მენატრება.

რა სიტყვაა გადაუღებლად?დედაჩემმა რო წაიკითხოს,შემისწორებს და მეტყვის გარკვევით წერე წინადადებებიო.

გადაუღებელი წვიმები არ გაგიგიათ?

მონატრებამაც რომ ვერ გადაიღოს,რატომ არის წარმოუდგენელი?

ფუი ბანალურობის აპოგეავ !

tag: მენატრება,მიყვარს,მწყინს,მენატრება,მიყვარს,მიყვარს:)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: