Feeds:
Posts
Comments

Archive for January, 2010

გუშინ მოთოვა, მანამდე ყველა ველოდებოდით. მე არ მინახავს როგორ თოვდა, გასამგზავრებლად ვემზადები დღეს და გუშინ ადრე დავიძინე, მაგრამ ძილში მესმოდა ხმები ქუჩიდან, ნახე როგორ თოვსო. მერე თანთადათან ჩაწყნარდნენ და ვიღაც მთვრალი მუტრუკი აღმუვლდა ხმამაღლა. ისე მეძინებოდა ყურადღება ვეღარ მივაქციე.

ჩემი დილის ეთერია ახლა. გარეთ თოვლი დამხვდა და მობუზული ხალხი, რომლებმაც ”მარშუტკაში” აფორიაქება გადამდეს. გადაწყვეტილი მაქვს სახლში, რომ მივბრუნდები მაშინ დავლევ ყავას და რამე შოკოლადს შევჭამ. თან ყველაზე კარგი ისაა, რომ გასამგზავრებლად მზად ვარ, ერთი ესაა, თოვლმა არ შემიშალოს ხელი და რიკოთზე არ მიმაყინოს სადმე. ანუ ხომ ხვდებით რატომ არ გამიხარდა თოვლის მოსვლა. გუშინ დილასაც ვმუშაობდი, ანტონი დამხვდა და როცა დამინახა გაეცინა და მითხრა: ”როცა გხედავ, სულ მინდა გკითხო როდის ჩამოხვედი ან როდის მიდიხარ?”…

ამ დღეებში არაფერი ხდებოდა. ცოტათი კი მოხდა რაღაცეები,მაგრამ ჩემი ადგილი არ აღმოჩნდა კომპთან და მეც ასე ზეზეულად და უინტერნეტოდ რას დავწერდი. ხოდა, რომ წავალ და რომ ,ჩამოვალ,მაშინ დავწერ დედაჩემის ზღაპრისა სპექტაკლის შესახებ, ძალიან ლამაზი ფოტოები მოიტანა და ისედაც ყველაფერი ლამაზი იყო და იმ დღეს ძალიან მინდოდა დაწერა, მაგრამ ხასიათი გამიფუჭდა ასე არ შემიძლია ხოლმე.

ასე, რომ ამბობენ ხოლმე :”მადას არ ვუჩივი” ისე ვარ ახლა, რაც საჭმლის ჭამა დავიწყე, აღმოვაჩინე რომ ისე მალე აღარ ვიღლები და შუადღითაც არ მივეგდები დასაძინებლად. მოკლედ კარგი რამეა საჭმელი და ჭამეთ:) ახლა საშინლად მაჯანჯყარებს, ”ყავა გინდა, ყავა გინდა” ამომძახის ჭიპიდან. დარწმუნებული, რომ არ ვიყო, ორსულად არ ვარ, ვიფიქრებდი იქ, სადღაც -ვიღაც ემბრიონი გაცხოველებული ითხოვს საკვებს-მეთქი.

გარეთ გავიხედე, სიბნელეში თოვდა. ცოტათი მომწონს, მაგრამ მანამდე სანამ გარეთ არ გავალ. მერე გავიყინები და გავთეთრდები. ყველა, რომ მიყვარდეს ისეთ ხასიათზე ვარ, ნუ მამაჩემი ამ ყველაში არ შედის, ის უფრო ჩემია და უფრო ახლოა. ამიტომ დავურეკე რამდენიმე წუთის წინ და ვუთხარი :”როგორ მოუთოვია არა?” და მერე კი ვთხოვე თბილად ჩაეცვა. მზრუნველობის ხასიათზე ვარ. ვიზე ვიზრუნო?

”სახეს” სიმღერას ვეძებდი იუთუბზე და ეს სიმღერა შემომეძებნა. გული დამწყდა ის, რომ არ იყო. იუთუბზე არ იყო, მაგრამ რადიოს არქივში იყო  გადადებული და მაინც ამოვძებნე. რაღაც თოვლიან, ცხელ ყავიან და ცხელი საკვამურიან ბუხარში ამოსული კვამლის სუნიანი ზამთრის დღეა:) უუფ რამხელა წინადადებაა, დახვეწაც შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან ვჩქარობ. გადაცემის პაუზის დროს ლოცვები მაქვს წასაკითხი, მერე სხვა ბლოგებსაც უნდა გადავხედო და სანამ გავუჩინარდები, ეს საქმეები წინასწარ უნდა მოვასწრო. ხელთათმანები არ დამავიწყდება. უამათოდ ვერსად დავდივარ ამ ბოლო დღეებში. რამდენიმე დამიგროვდა. ერთი უტას ნაჩუქარი შავები და მოჭრილ თითებიანი, კიდე ერთი დედა შუშანიკის ნაჩუქარი და კიდევ მესამე ახლა, რომ ვნახავ და აუცილებლად  მაჩუქებს.

დღეს ვაპირებ სხვა დღეებისგან განსხვავებით თბილად ჩავიცვა. მარტო თვალებს დავიტოვებ ჩაუცმელს. იცი რას ვფიქრობ? ძაან ლამაზი იქნება ახლა რიკოთის უღელტეხილი. იქ სულ სხვანაირად თოვს ხოლმე და მეც სულ მინდება დიდი ზომის ერთჯერად ჭიქაში(ლუდს,რომ ასხამენ) მესხას ყავა და ჩემ თოვლიან ბუსუსთან ერთად, რომელსაც ზამთარი საშინლად უყვარს  და მივდიოდეთ სადმე.

ჩემს მარის  დავურეკე  ახლა. აძაგძაგებული იყო, მგონი ნაირას რაღაც დამეართაო. ნაირა ჩვენი მეზობელია, გუშინწინ  წითელი საცხობი ვათხოვე, მარიმ (მისმა  შვილიშვილმა) პიცის გამოცხობა მთხოვაო. აზრზე არ ვარ რა ხდება. მუცელი ამტკივდა. მარიმ მგონი მოკვდაო. ისევ მტკივა მუცელი. ვის სიკვდილზეც არ მიფიქრია, ის ყოველთვის კვდება. ნეტა არ მომკვდარიყო. შევშინდი. გარეთ თოვს. ასეთ დროს ყოველთვის ვიბნევი. ჩემს დანიშნულებას ვერ ვხვდები.

ქეთი მოვიდა, ჩვენი დირექტორი. ქუდი მომიტანა, ამ დღეების წინ შემპირდა და ეხლა მომიტანა. ჰიდრომეტრცენტრში დარეკე და ასე გაიგებს თუ არის ნორმალური მოძრაობა გზებზეო. ვრეკავ და არავინ პასუხობს. იმედი მაქვს 10-ის მერე მაინც მიპასუხებენ.

მომკვდარა თურმე.

Read Full Post »

მშვენიერი ამინდია აქ, ჩემს ერთსაათიანი სიმყუდროვით ავსილ ბუდეში, ეს ერთი საათი, რომ გავა ისევ ყველაფერი ახმაურდება და მეც მეცოდინება, რომ დღეს შეიძლება მოიღრუბლოს და იწვიმოს. ხანდახან უცნაურად ვიზმორები, იცით როგორ? ერთ ხელს იღლიის ქვეშ შევიყოფ და მერე რაღაც უცნაური ფორმით მივდივარ სარკესთან და ჩემს ამ უცნაურ გაზმორებას იქ ვაკვირდები. არაფერია საინტერესო აქ. წელს არ ვიცი როგორ ზაფხული იქნება ჩემთვის, დიდი ხანია ისეთი ზაფხულები არა მაქვს, ბებიაჩემი წიგნის კითხვას რომ არ მაცლიდა და თავის გაკეთებული ცხელი საჭმლის ჭამას მაიძულებდა. კიდევ იცით როგორი ზაფხული არ მექნება? ბებიაჩემი შემწვარ წიწილას, მაყვლის წვენში, რომ ჩააწყობდა და მე მაინც, ყველი და ჭადი მინდოდა. ბებიაჩემი იძახდა, სადღაც იქეთ უნდა გაგათხოვოო, მერე კი იმასაც იძახდა ეგეთ უხაბროს ვინ წაგიყვანსო, ვის ოჯახს გააბედურებო. მოკლედ ბებიაჩემს ჩემი იმედი თავიდანვე არ ჰქონდა, ალბათ იმიტომ, რომ ქათმის გაკუჭვა ვერა და ვერა და  ვერ ვისწავლე და კიდევ არასოდეს არაფერი მომიხუფავს. სწორად ვამბობ? თუ დამიხუფავს არის სწორი. მარივით ხელმარჯვე ვერ გამოვდექი.

ჰო მარიზე მინდოდა რაღაცის თქმა? გუშინ მკითხა ”იმას” თუ მოსწონს შენი ბლოგიო. მეთქი არ მოწონს, მაგრამ იტანს მეთქი. გაუხარდა მარის, თავისი განწყობის მოზიარედ რომ აღმოაჩინა ”ის”. რა არის მანდ მოსაწონიო, თუ შენთვის გინდა წერა წერეო, სხვას რას დაეძებო. პრინციპში ნახევარი სიმართლე მითხრა, თუმცა მარის ახლა ვერაფერს გავაგებინებ და არც იმის ახსნას დავიწყებ რატომ მომწონს ჩემი ბლოგი და რატომ მინდა არსებობა გააგრძელოს.

გუშინ დავამთავრე ჯულიას და ჯულიას ყურება. ასეთი რამ ფილმის ყურების დროს არასდროს დამმართნია, მარტომ დავიწყე ყურება მგონი მეხუთედ და მარისაც მოუნდა,მთხოვა ვიბანავებ და ერთად ვუყუროთო. დაველოდო და როგორც იქნა ეს ფილმი დავამთავრე. ძალიან მომინდა კატა, ოღონდ წამიერად მომინდა და მერე ისევ გადავიფქრე.

ამ დღეებში, დედა შუშანიკს ფოსტით გრძელი წერილის გამოგზავნა გადავაფიქრებინე. ისე არასოდეს მომსვლია ფოსტიდან წერილები, არასოდეს გამიხსნია კონვერტი და საერთოდ აზრზე არ ვარ, როგორია ასეთი წერილები. რატო გადავაფაქრებინე? არ ვიცოდი რაზე უნდოდა ჩემთან ლაპარაკი, თუ მესიჯით მოწერას ვერ ახერხებდა, მაშინ ალბათ მძიმე და რთული წერილი იქნებოდა წასაკითხად, თან რაღაცაირად არ მინდოდა ჩემს გამო შეწუხებულიყო. მორჩა აღარავის ავურევ მშვიდ ცხოვრებას, რაც არ უნდა ახლობელი იყოს. ჩემს თავში უნდა მოვძებნო სიხარულიც, სიმშვიდეც, ბედნერება, ცხოვრებით ტკობობა. ”იცხოვრეო” დედა შუშანიკმა ეს მომწერა. ყველა ჰედონისტური ძალა ჩემს ირგვლივ უნდა შემოვიკრიბო, ჩემს თავში, უნდა გავაერთიანო და მერე ეს დიდი ერთიანობა ჩემს სახეზე უნდა გადმოვიტანო, რომელიც ”იმის” აზრით არის მკაცრი და სექსუალური. ხოდა ეს სიმკაცრე ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიშორო, ჩემი ტუჩის კუთხეებიდან, ის სიმკაცრე რომელიც მამაჩემს მამსგავსებს სახით და ერთხელ სტუდენტობის დროს, ფოიეში მდგარი ჩემი ერთი საყვარელი ლექტორიც კი შეაწუხა. მოვიდა და მკითხა, რატომ გაქვს ეგეთი შეწუხებული სახეო, როგორც კი ეს მითხრა, იმ წამსვე გავხსენი წარბები და მამაჩემის სახის ნაცვლად ჩემი სახე დავიბრუნე. არადა მიხდება მგონი ღიმილი. ხო მიხდება? რაც არ უნდა ცუდი ღიმილი იყოს, ყველა ღიმილი მაინც დადებითს გადმოცემს. ხოდა ეხლა ისე გულიანად გამეღიმა ჩემი უშნო ღიმილით, რომ ვიცი სულაც არაა ხელოვნური. ხო, როცა გავიღიმებ, ფოტო არავინ გადამიღოს. საშინლად არ მომწონს ასეთი ფოტოები. 

ჩემი დილის თავისუფალი დროც სრულდება. პუჭუტები გამახსენდა. დარწმუნებული ვარ არაავის გაუგია რა არის პუჭუტები. ბებიაჩემი ცხელ კეცის ჭადს და ყველს ერთმანეთში აზელდა და მახსოვს, მთელი ბავშვობა ეს იყო ჩემი საყვარელი საჭმელი. ვერ ვეკარებოდი ტკბილეულს, ცომეულს და ამნაირებს ვინც კი ჭამას მაძალებდა, ჩემი მტერი მეგონა. ჰოდა ზაფხული ჩემთვის სულ პუჭუტებთან ასოცირდება, გემრიელი ყველი, ცოცხალი ბებიაჩემი და მისი ხელისგულის გემო.

ამ დღეებში დავაკვირდი ,ისე მალე აღარ ღამდება.

მშვენიერი ამინდია აქ.

Read Full Post »

მოცემულ მომენტში ქუთაისში 11 გრადუსია, საშინლად ცივა და ჯამბულას დაეკარგა შვიდი თვის, შავი ნაგაზი. თავის განცხადებაში, რომელიც რადიოში დატოვა წერია, რომ ძაღლს უკეთია საყელური და იქვე მითითებულია კოორდინატები. თოვლს ველოდები გუშინ დილიდან და ამ დღეებში ალბათ, ფიფქებს მოაფენს აღმოსავლეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასები. ხო კიდევ ისე ეწერა, მპოვნელი დასაჩუქრდებაო. მოკლედ შავი ნაგაზია დაკარგული. და კიდევ იმ გოგოს დიდიხნის წინ , რომ გათხოვდა, უფრო გასქელებია ფეხები და მაინც მოკლე კაბები აცვია და კიდევ მე და ვიღაც ჩემზე ბევრად დიდი კაცი, ამ დილას ისე წაგვაფორთხიალა ქარმა, მეგონა ამ ბანკებს და ამ შენობებს უკან მოგვაწევსთქო, ლამის ხეები და ბუჩქებიც წალეკა. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებით იმედგაცრუებული ვარ და ჰაიტის ტრაგედია, იშვიათად მახსენდება და უფრო მაშინ, როცა ქარი სადღაც მიმაფორთხიალებს. არ მინდა თავში პრესის სახლის შენობიდან მომძვრალი აგური დამეცეს და იქ განვუტევო სული…სულ ასეა ხოლმე ქარში, სულ ცვივა ის აგურები და ხომ შეიძლება ერთ დღეს, იქ მიმავალს ვინმეს დაეცეს და შემოეჭყლიტოს ის არსება. სანამ რამე არ მოხდება, მანამდე ყურს არავინ გააბარტყუნებს და ტრაგედია, რომ მოხდება, ტრაგედია ყველაფერს გადაფარავს.  არადა მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება შენობას ის თხელი აგურები შემოაცალო, ყოველ ქარის ამოვარდნაზე რომ ცვივა კედელს და ძირს იმსხვრევა. არ ვიცი, ასეთი ზომების მიღება თუ შეიძლება, მაგრამ ის ვიცი, რომ საშიშია.

იმ ნაგაზს რა ეშველება არ ვიცი. ანდა ვინ დააბრუნებს. თუ იპოვეს ვიღა დააბრუნებს. რაღაც კარგის წაკითხვის და არაფრის კეთების ხასიათზე ვარ.

დილით რადიოში უშუქობაში მოხვედრილი, ბებიაჩემზე ვოცნებობდი, გამახსენდა “უხაბროს” რომ მეძახდა. უხაბროს ანუ მოუხერხებელს:) ერთხელ კი ცოტა, რომ წამოვიზარდე მითხრა “კაი კანჭებზე დგეხარო”. შუქი მაინც არ მოვიდა, იმ განცხადების წაკითხვა მინდოდა, ვფიქრობდი ამ უთენია დილით, იქნებ ვიღაცამ კი ნახა ის შავი ნაგაზი სადმეთქო.

გუშინ მწუხრის ლოცვაზე, აღსარებიდან დაბრუნებული,უცნაური მოხუცი დედა, თავის ასევე უცნაურ, წვრილ კანჭებიან გოგოს ეუბნებოდა, მამა ზურაბმა მითხრა “ბოროტი უნდა დაამარცხოო. ხო შემიწყობ შვილო შენ ხელს, ხო შემიწყობ?. ხომ აღარ ვიჩხუბებთ ჩემო სიცოცხლე? ხომ აღარ გაგიბრაზდები ჩემო ჭკვიანო?’ ამ გოგოს ჰქონდა ისეთი წვრილი ფეხები, ვფიქრობდი არ გადაუტყდეს ჩექმებშითქო. მათ გვერდით ვიდექი და სმენად ვიყავი გადაქცეული. უცნაური და მორწმუნე მოხუცი დედა, სახეზე ეფერებოდა თავის უცნაურ შვილს, რომელსაც ალბათ ბიჭისთვის არასოდეს გაეხედა და ეს გოგო თეძოებს ზემოთ უფრო დიდი იყო. მერე გაიტრუნენ და მე ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ამ გოგოსთან დამეგობრება.  ასე არასოდეს ავუტანივარ ცნობისმოყვარეობას, ყველაფერს მივცემდი ოღონდ მათ ყოფა-ცხოვრებაში შემეჭვრიტა და გამეგო მამა ზურაბის სიტყვის გარდა, რითი სულდგმულობდნენ. ამ უცნაურმა დედა-შვილმა სოფის გაცრეცილი ხელთათმანები და ბატონი ვანო გამახსენა.

საძაგელი ქარები იცის ქუთაისში. არასდროს მძინავს ასეთ ამინდებში, მეშინია ფანჯრები არ შემომიტანოს ქარმა ოთახში. სადღაც საჰაერო და სალიანდაგო რეისებიც გადაიდო დღეს უამინდობის გამო. მე კიდე თოვლი მინდა, რომელიც ისევე აუტანლად მოვა ქუთაისში, როგორც იცის ხოლმე, მაგრამ მთავარია დაიჭირო წამი ბედნიერების  და არ იფიქრო იმაზე, რომ მალე გადნება.

ჰო კიდევ რა? ჭიქის იოგურტი მინდა, არც ძაან ტკბილი.

Read Full Post »

დღეს შუადღიდან დრო ჩემს თავს დავუთმე და სასეირნოდ წავედი. ხშირად მწერენ კომენტარებში, რომ ქუთაისზე დაწერეო, ხანდახან მართლა ვერ ვხვდები რაღა უნდა დავწერო ქუთაისზე, შეიძლება იმიტომ რომ ჩემთვის აქ ყველაფერი ნაცნობია, შეიძლება იმიტომაც რომ ყველა კაიფობს ქუთაისელ მერებზე და გუბერნატორებზე. ამ პოსტის და საერთოდ ფოტოების გადაღების იდეა კარნავალის პოსტზე დაწერილმა კომენტარმა შთამაგონა, სადაც ერთი სასიამოვნო გოგონა მწერს;” მართლა მაინტერესებს როგორც ცხოვრობთ ახალგაზრდები პროვინციებში რას აკეთებთ, რითი ერთობით?გთხოვ ხშირად წერე ოღონდ ქუთაისის ამბებიც დაამატე.“ეს პროვინცია ცოტა არ იყოს უხეშად წამოედო  ჩემს ყურს და მერე გადავწყვიტე, მართლა აუცილებელია დაანახო ადამიანს, რომ არ მომკვდარხართქო. ქუთაისზე ვამბობ:) ძალიან თბილად ჩავიცვი, დაახლოებით ათი კილოგრამი ტანსაცმელი და პირველად გაბაშვილის პარკში ავედი. ახლა ამ პარკს ყველა გორის პარკს ეძახის. ბავშვობაში ხშირად დავყავდით დედაჩემს აქ, ბოლოს კი ერთი გამხმარი ჯაგლაგი ცხენი მახსოვს და ეტყობა ისიც გადაშენდა. ახლა აქ ყველაფერი სხვანაირადაა, ახალი ატრაქციონები დაამონტაჟეს, საცურაო აუზის გაკეთებასაც აპირებენ და მოკლედ ქუთაისში მალე ცხოვრება “აყვავდება”. შეგიძლია ახვიდე საბაგიროთი, მარტოც დაჯდე, პატარა კაფეში ყავაც დალიო, შეგიძლია გარეთაც გაიტანო ეს ყავა, არამკითხე გვერდით არავინ  ჩამოგიჯდება და გაცნობას არ შემოგთავაზებს. დღეს ავედი, დიდხანს ვიჯექი მარტო ხის გრძელ სკამზე. ძალიან მომწონს იქაურობა, ოღონდ კვირა დღეს, კვირის სხვა დღეებთან შედარებით ნაკლები ხალხი დადის. აკოს ვუსმენდი რადიოში და რამდენიმე სიმღერაც გავაშვებინე. მეხუმრა, არ ვიტყვი, შენ რომ მანდ ხარ, თორემ ფანები ამოგაკითხავდნენო. მოკლედ ჰაჰაჰაჰააა:):):) თავი ნამდვილად, რომანის გმირი მგონია.

ბაგრატის ტაძართან დები იშხნელების ქუჩით გავდივარ, ქუჩა მქონდა დავიწყებული და მაღაზიასთან ვიკითხე, მერე გამახსენდა ამ ქუჩაზე ერთხელ კარალიოკები  დავკრიფეთ. ამ უბნის მაცხოვრებლები დაკვირვებით მიყურებენ და მეც სხვა ქალაქში მგონია თავი. სასიამოვნო შეგრძნებაა. გორა ქუთაისის ძველი, კოლორიტული, უბანია.სასიამოვნო და მყუდრო ქუჩებით, წმინდა გიორგის ეკლესიით და ბაგრატის ტაძრით.

ბაგრატის ტაძართან საუკუნეა არ ვყოფილვარ. ახლა დავფიქრდი არავინ ამბობს ასე: “ბაგრატის ტაძარში ვიყავი” მაგრამ ვამბობთ ასე: “ბაგრატზე ვიყავი“, ხოდა მეც ასე ვიტყვი . რაც ის გათხრები და თითქოს რესტავრაცია დაიწყეს, ხო საერთოდ აღარ მინდოდა იქ ასვლა. მამაომ დამლოცა, რა ნაცნობი სახე გაქვსო,მაგრამ არ აღმოვჩნდით ნაცნობები. მერე მესანთლესთან პატარა ბიჭუნა მივიდა სანთლების საყიდლად, ამ მამაომ, ბლომად სანთლები აჩუქა. პატარა გაიქცა. მადლობის თქმა კი დაავიწყდა. ეკლესიაში სამშენებლო სამუშაოები კი დღესაც მიმდინარეობდა.

ამ ახალმა კედელმა კი ძაან გამახარა. ჯერ სხვა კედელს გავხედე, ფერები ერთმანეთს შევადარე და ნამდვილად ახალი კედელი იყო. დავით და კონსტანტინეს ქუჩით გამოვედი და იმ კიბეებს ჩამოვყევი , ყოველთვის რომ მეზარება მათ გამო ბაგრატზე ასვლა. მეორე კვირას სხვა გეგმები მაქვს, მაგრამ სტაფილოს და ჭარხლის საჭრელის ყიდვას არც მეორე კვირას დავაპირებ. ისე კი ძაან მომეწონა ეს დაჭრილი ბოსტნეული, თავიდან ვერც კი მივხვდი რა იყო.

დღეს ბედნიერი ვარ, ამიტომ მეცვა  ვარდისფერი ჯემპრი და ამიტომ მეფარა ფერადი ქუდი. და ძალიან მიხარია ნაგვის ურნებს, როცა ვხედავ.

Read Full Post »

გავიხედავდი ფანჯარაში-წვიმდა, ისევ ჩავყოფდი თავს საბანში და ვტკბებოდი იმით, რა უბედური ვარ ამ წუთასთქო, გარეთ წვიმდა. სიმუქე იყო ოთახში. მუქი ფარდები მიყვარს. უტამ მითხრა ერთხელ, რომ მე რომ ჩრდილოეთში დავბადებულიყავი, თავს მოვიკლავდი. სულ სხვა რამეს ვყვებოდი, არაჩვეულებრივი, უბედურების შეგრძნებიანი განწყობა მქონდა ლოგინში, მთელი დღე 5 საათამდე იქ გავატარე. მერე დააკაკუნა დედაჩემმა და თვალგაუხელელად გავუღე კარი და ისევ ჩავწექი. საუკუნეა მგონი დედაჩემს აღარ უკოცნია ჩემთვის, თვალი მოვაშორე ფარდებს, გადმოვბრუნდი მისკენ და ლოყა მივუშვირე. ორჯერ მაკოცა და იმ წუთას გავიფიქრე, როგორ მომნატრებიათქო. თითქმის ორი წელია, მარტო უტა მკოცნიდა.

მაინცდამაინც 5 საათამდე არ უნდა ავდგე ლოგინიდან, რომ მაკოცო დეე? დღეს საინტერესო რამეები ხდება ჩვენს სახლში. დედაჩემი, როგორც კი მოვიდა სამზარეულოში დაიწყო ფუსფუსი, როგორ მიყვარს ამ პროცესში, მერე მეც ავდექი, ბლოგზე რამდენიმე კომენტარი დამხვდა და ვუპასუხე. არ მეგონა ჩემს ნარცისიზმზე თუ გაამახვილებდით ყურადღებას:) ლამაზი ვართქო იმიტომ ვიძახი, ჩემი თავი რომ გავამხნევო, თორემ ღმერთმა დამიფაროს ასეთი ნარცისიზმისგან. უტა ბედნიერია ამით, როცა მე ეს შეგრძნებები მაქვს.

დავიწყე “ჯულია და ჯულიას” ყურება, ვგიჟდები მერილ სტრიპზე, გამაოგნებელი ქალია. ორსულ ქალებს, რომ სჭირთ, ყველაფერზე რომ ეტირებათ, მეც ეგრე დამემართა, ვუყურებდი მერილ სტრიპს და ვტიროდი. ნახევრამდე ვუყურე, მერე დედაჩემი გამოვიხმე საზარეულოდან და ვუთხარი, რომ ვგიჟდები ამ ქალზე, ვაყურებინე საფრანგეთში ჩასული როგორ ამერიკულად ართმევს ხელს მოახლეს, ძლიერად და მტკიცედ. რა ენერგიულია, როგორ უყვარს თავისი საქმე. რა გიჟია თავის საქმეში. რა ვნებიანია, გაგიჟდები ისეთი ვნებიანია. რა ბედნიერია ასეთი ცოლის ქმარი. რამდენს იღიმის, როგორ გულიანად იცინის, რა ენერგიულად ასრესს სიგარეტს საფერფლეს. ცოტა ავხორცია, სასიამოვნოდ ავხორცი, რომ დაინახავ და ვნებით, რომ აინთები. შევწყვიტე ყურება და გადავწყვიტე ერთად გვეყურებინა მე და დედაჩემს, სამზარეულოში ფუსფუსს რომ მორჩებოდა.

“ნახე როგორ ეხმარება ჯულიას თავისი ქმარი, ხელს როგორ უწყობს, როგორ არის დაინტერესებული მისი წარმატებით” – მითხრა დედაჩემმა, როცა ისევ ერთად დავიწყეთ ყურება. მერე მე გამახსენდა, როგორ გადავწყვიტე ბლოგის შექმნა და შექმნიდან რამდენიმე დღეში დედაჩემიც დავარეგისტრირე ვორდპრესზე. ახლა ოჯახში ორ წევრს გვაქვს ჩვენ-ჩვენი ბლოგი, სულ ვეუბნები ეგ რასაც მეუბნები კომენტარებში დამიტოვეთქო, მაგრამ ეტყობა ამ კომენტარებს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს. დედაჩემი ყველაფერზე წერს, ყველაფერზე, თბილზე და კარგზე, ყოჩივარდებიან კაცზე, თავის ძველ მოთხრობებს დებს, წერს როგორ ემზადებოდა საშობაოდ. იცით, როგორ მინდოდა, დედაჩემს კვლავ ეწერა? აი ასეთი რაღაცეები ეწერა, რასაც ახლა  წერს. იცით რატომ მინდა გამდიდრება? დედაჩემი, რომ დავაფინანსო, სკოლას თავი დაანებოს და სახლში იყოს და წეროს. ყველაზე კარგ რამეებს დაწერდა ასეთ დროს.

შემოტევები, როცა მაქვს, სახლიდან რამდენიმე საათით გავიქცევი, სადმე მივარდნილ ადგილას მივეგდები, ღრიალით ამოვუშვებ განცდებს და ისევ ვბრუნდები სახლში. იმიტომ კი არა, სახლში ვერ გამიგებენ, იმიტომ რომ ჩემი მეზობლები არ გავაგიჟო. ნახევრამდე ვიყავით მისულები, რომ ისევ შევწყვიტე ფილმის ყურება და გავვარდი სახლიდან, მერე რომ დავბრუნდი დედაჩემმა მითხრა რაღა დამაინტერესებდაო. თავის ბლოგზე რაღაცას წერდა ჩემზე:

” გამხნევება შენთვის–გამოხატე თავი
January 16, 2010

როცა, სიგარეტს აღარ ეწევი, როცა ცუდ სიტყვებს ებრძვი, როცა შენი ცხოვრებით ბოროტებას არ ამრავლებ, როცა გინდა მხოლოდ საკუთარი ტკივილი და სიხარული გამოხატო და გეუბნებიან, რომ არა არის საჭირო ასეთი გულწრფელობა, ნუ დაუჯერებ, გამოხატე საკუთარი თავი. გამოხატე ეს წუთი, სანამ დავიწყების მდინარე წაიღებს. ის ყველაფერს წაიღებს, ეს დრო აღარ განმეორდება. იარე, ამაღლდი და გამოხატე საკუთარი თავი. ამაღლდი ყოველდღიურად, გამოხატე, …”

მადლობა დე, ამ სიტყვებისთვის, ბევრს უკვირს, ასეთ ინტიმურ რაღაცეებზე, როგორ წერო, ხოდა იცი რატომ? შენ, რომ ასეთ რაღაცეებს მეუბნები მაგიტომ. ზოგს ალბათ ისიც ჰგონია, რომ მე უპატრონო ვარ, რადგან მე რომ პატრონი მყავდეს, ასეთ რამეებს არ დამაწერინებდა. რა კარგია ჩემი დედა, რომ ხარ და არა პატრონი. კიდე იცი რაა, ბედნიერი ვარ ,რომ შენ რაღაცეებს არ გიმალავ და კიდე ის, რომ გესმის, როგორ არ შემიძლია მამა პავლესთან აღსარების ჩაბარება, რადგან თავს ისე მაგრძნობინებს, თითქოს ამ უბედურ სამყაროში ერთადერთი კახპა მე ვიყო და დანარჩენები უკვე წმინადანების გალერეაში არიან გადასულნი, მაგრამ თუ გავიღვიძებ ხვალ მაინც მამა პავლესთან წავალ, მე ხომ პატარა მაზოხისტი ვარ, როგორც დედა შუშანიკმა მომწერა, რომელიც ძალიან მალე ამ სულიერი კრიზისიდან გაძლიერებული და გამშვენიერებული გამოვა.

ნორმალური სოუსი გამოგივიდა დღეს:) ამ შუაღამეს, ახლა როცა შენ გძინავს და მე კიდევ გუშინ შუაღამეს, საბანში ჩამძვრალი რომ ვტიროდი, მეთქი არ გაეღვიძოსთქო, იცი რას ვიზამ? გავალ და შენს გაკეთებულ საჭმელს შევჭამ. შენ კი არ გიყვარს, როცა ღამით ვჭამ საჭმელს, მაგრამ რადგან დეპრესიამ გადამიარა, ახლა მაინც შევჭამ. ამაში ძაან ჰგავხართ შენ და უტა ერთმანეთს, არც იმას მოსწონს შუაღამით რომ ვჭამ და არც შენ.

ღამის სამის საათია. დღეს კარგად დამეძინება. ხვალ ჯულიას და ჯულიას გავაგრძელებთ ერთად, მე და დედიკო:) თქვენ როგორ ეძახით თქვენს დედებს?

წასაკითხები გამომელია და გაგიჟდებით, რომ იცოდეთ რას ვკითხულობ.  იცით, როგორ წასაკითხებს ვეძებ, ფეხის თითებსაც რომ გამითბობს, ჰოდა ამ შუაღამისას მივაგენი,. თქვენც თუ მოგინდათ, აჰა გათბით, უამრავი რამე გამახსენდა ამ პოსტის კითხვის დროს.

პ.ს ასე 5-6  წლის წინ, უამრავ რამეზე ვოცნებობდი, საკუთარ სახლზე, მარტოხელა დედობაზე, საკუთარ ავტომანქანაზე და პულიცერის პრემიაზეც:) ხო სიგიჟეა, მაგრამ სამადლობელი ტექსტიც კი დავწერე მაშინ. ჰოდა როცა ბლოგზე, ვინმესთვის მადლობის თქმა მომინდება, სულ ის სამადლობელი სიტყვა მახსენდება და ვიძაბები, ჩემს სისულელეზე. მაგრამ ის მახსოვს, რომ იმ სამადლობელ სიტყვაში დედაჩემს შემწვარი კარტოფილისთვის ვუხდიდი მადლობას. ახლაც მადლობას ვუხდი, რომ ჩემი “დე” არს, კიდე მადლობას ვუხდი უტას, რომ ჩემს გვერდითაა და ჩემს უამრავ გამოხტომას ითმენს და კიდევ მადლობას ვუხდი მარის, რადგან მან გუშინდელ კარნავალზე ქუთაისის მერს ჩამოართვ ინტერვიუ, სადაც მის  შეკითხვაზე, თუ როგორი განწყობით არის მოსული, ქალაქის მერი  პასუხობს :” გადასარევით, მშვენიერით, ძაან ისე დადებითით, პასუხისმგებლობის და ვალდებულების გრძნობით გამაგრებული საბრძოლოთი”!!!

გმადლობთ:):):)

Read Full Post »

ხანდახან მარტო საკუთარი თავი გრჩება, ყველა გეცლება ხელიდან, ყველას იმედს კარგავ, ყველა იმედს გიცრუებს , ყველა არაა იდეალური, ყველა ძაან ჩვეულებრივია. უი რა ცუდი ყოფილა ეს რეალობა. მორჩა ჩემი ზღაპარი.  არც იდეალური ადამიანები არსებობენ. სამოთხეში იქნება ალბათ ყველაფერი კარგად, მაგრამ მე ჯერ არც სამოთხეში მინდა და არც ჯოჯოხეთში. ხანდახან ისეც ხდება, რომ შენს თავს შენ უნდა შეძახო, მოიცა რა ტირილი, თანდათან ყველაფერი დაგავიწყდება, უნდა ამოეფარო შენს ქუდს, ისე რომ ვინმემ არ დაგინახოს და ჩუმად ატირდე. სულაც არაა შვება ასეთი ტირილი.

წვიმს.

ვინმემ თავის ქოლგაში შემაყოფინოს თავი რა.

ვმაზოხისტობ ახლა. მე ხომ ძაან ლამაზი გოგო ვარ, ასე ერთი ჩემი ძველი მეგობარი მეტყოდა. ხანდახან იმასაც მეტყოდა შო შენ ხომ ძაან ლამაზი ხარ?

სად გამახსენდა ახლა ის. რამდენიმე წუთია რაც კარნავალიდან მოვედი. ქუთაისის ახალგაზრდობის დეპარტამენტმა არც ამ წელს დაარღვია ტრადიცია და მასკარადი მოაწყო. დავლიე ერთი ბოთლი ლუდი, ვიჯექი კიბეზე, ცოტა ვიტირე , ფეხით ვისეირნე, მარისთან გულახდილად ვილაპარაკე და გზაში დავასკვენი, რომ მარტოობა მინდოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა ამის თქმას, მარი ისედაც არ დამტოვებდა მარტოს.

აი თუ არ ხდება სიზმრები…

Read Full Post »

რადოში ვარ. 07:45.  ბლაბლაბლა. კალანდა, ძველით ახალი წელი საქართველოში, ჩიჩილაკს თურმე ”ბასილის წვერებს” ეძახოდნენ ადრე, ანუ ოდესღაც. ფუუ გადაცემა ”კბილის ჯაგრისი”. ფუუ კიდევ ნახევარი საათი დარჩენილი. ფუუ კიდევ ამას პლიუს ერთი საათი. ფუუ ამ ერთი საათის მერე კიდევ ერთი საათის სალაპარაკო. დაღლილი ვარ. უძილო, საერთოდ უძილო, ყავით გაჭყეპილი, ჩემს თავს ვებრძვი, ღამეებს ვათენებ, კი არ ვათენებ, შემომეთენებინება, მგონია ღამით მოხდება სასწაულები. წესით ასე უნდა იყოს, მარა მესამე ღამეა არ დამიძინია და ჯერ არაფერი მომხდარა. ღამით ჩემს სასწაულს სძინავს და აბა როგორ მოხდება სასწაული. დავიღალეე. რა საშინელებებს ვლაპარაკობ. რა საზიზღარი ხმა ამომდის. ფუუუ ხმა. რა საზიზღრად გამოვიყურები. ფუუ ეს ბლესკი.

”ჩემი ხმა ჩემი ფულის ტომარა” ეს აკოს ეწერა ოდესღაც თავის სტატუსზე და რომ წავიკითხე , თითონ რომ იცოდა თქმა რა გიწერია შჩმა და რომ ძვლივს, გადავაჩვიე ჩემთვის არ ეთქვა, მეც ეგრე დამემართა წაკითხვის მერე. რა ხმა, რა ფული და საერთოდ ფაქ დილით ადრე გაღვიძებას. ვის ვაბრალებ ჩემს უძილობებს, მარტო ჩემი ბრალია, მაგრამ ამ უძილობების ჟამს დავამთავრე შექსპირი თითქმის. გუშინ ღამით ”ვენეციელ ვაჭარს” ვკითხულობდი, დავამთავრე. ასეთი ანტისემიტური ტექსტი ცხოვრებაში არ წამიკითხავს. მომეწონა? რავიცი. ნუ კარგი იყო. მეგობრობა გზად და ხიდად, მაგრამ ბოლომდე მჯეროდა რომ შაილოკი თავის კუთვნილ ერთ გირვანქა ხორცს მიიღებდა.

არ გამოდის საკუთარი თავის ფოტოგრაფობა.

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: