Feeds:
Posts
Comments

Archive for March, 2010

“ძაან მინდა ყველაფერი კარგად იყოს. მინდა ჩემს გულში და ჩემს ცხოვრებაში ღმერთი იყოს, ამას ხანდახან ვახერხებ, ხოლო როცა ვერ ვახერხებ სასოწარკვეთილებაში ვვარდები”- ამას დღეს დილით უტას ვწერდი, ვიცი ყველაზე კარგად მას ესმის ესეთი რაღაცეების და ყოველთვის ცდილობს დამეხმაროს, ყოველთვის მიმანიშნებს ცუდზე, ყოველთვის მეუბნება, რომ სჯერა ჩემი, ყოველთვის მეხმარება, მაძლიერებს. ჩემი ნათელი ბექგრაუნდია, რომელიც მაინც არ სჩანს სხვებისთვის, მაგრამ თუ რამეს ვაკეთებ მისი დამსახურებაა.

აღდგომის წინა მძიმე კვირაა. ყოველდღე ფსალმუნებს და სახარებას ვკითხულობ. ვცდილობ არ დამეზაროს და არ მიმავიწყდეს. ლოცვის შემდეგ კი ვხვდები, რომ მოვიდა ის ორგანული სიმშვიდე, რომელიც ძალიან მჭირდებოდა და რომელიც მთელი დღე გამყვება კარგი განწყობასავით. ჩაწყნარდა გულის, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების და სუნთქვის ფორიაქი და სულაც არ მაწუხებს წვიმა, რომელიც ჩემს ფანჯრებს გარეთაა. თბილი წვიმა, მოლოდინის და სიხარულის განწყობის…ქუჩაში ასფალტს ისხლიტავენ მანქანები, მე დავლიე რაღაც შავი და ნალექიანი ყავა და ჩემი ახალი ჯეზვე სულაც არაა კარგი ხარისხის, უბრალოდ კარგი ფერი აქვს გარედან, სოფელში მაქვს უფრო ნაღდი და კარგ გემოიანი. დღეს მაცვია ლურჯი ხალათი და ლურჯი ჯინსი, სიმყუდროვეა სახლში. ადრე სულ მინდოდა ლურჯ კედლებიანი სახლი მქონოდა. მყუდრო ფერია ლურჯი. დილიდანვე გამინათდა გულში რაღაცეები, ხომ მოსაბეზრებელია ასეთი რაღაცეების თქმა, მაგრამ ეს იშვიათი მოვლენაა ჩემი შეგრძნებებისთვის და ალბათ ამიტომ განვიცდი ასე განსაკუთრებულად. რაღაცეები დაუკითხავად ბრუნდება ჩემში, როგორც საკუთარ სახლში, გული ისევ სიყვარულით და იმედით ივსება, წყენები და ბოღმები ქრება…ქრება ის ანგარიშები და ის მოთხოვნები, რასაც ადამიანებს ვუყენებ. მოდის შინაგანი პატიება და ისეთი განსაკუთრებული დღეა, მიხარია რომ შეგრძნებების უნარი არ დამიკარგავს. ხვალ, რომ ასე არ იქნება ეს ვიცი და ამიტომაა მნიშვნელოვანი დღე. თან მარტის ბოლო დღეა, თან ხვალ უტას ვნახავ და საერთოდ ყველაფერი დამავიწყდება.

მათბობს ეს ლურჯი ხალათი (ხალათს ეხლა ვეძახი, თორე ადრე ტყუილად გადავყარე მასში იმდენი ფული) მარის იძინებს, მირანდა ბედნიერი სახით კომპიუტერში რაღაც მელოდრამას უყურებს, სადაც რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტი თამაშობენ.  ჰიუ გრანტზე სუ ის მახსენდება, ამერიკელმა პაპარაცებმა, რომ შეისწრეს უხერხულ სიტუაციაში ვიღაც ქალთან ერთად და ჰკითხეს :”ხომ არ ფიქრობთ, რომ ფსიქოლოგის დახმარება გესაჭიროებათ” , მაშინ ჰიუმ ისეთი რაღაც უთხრა, რაც წავიკითხე იმის შემდეგ აღარ დამვიწყებია “ჩვენთან ინგლისში წიგნებს ვკითხულობთ” და მას შემდეგ ჩემი ანგლოფილობა უფრო და უფრო მტკიცდება.

მომინდა ყვავილები. მეორედ მომინდა ამ თვეში, ერთხელ უტასთან ერთად მომინდა, მაგრამ რომ მეთქვა მიყიდდა და ხელში დაჭერა სულ არ მინდოდა, ჩანთაში კი საწყალი ყვავილები ჩაიხუთებიან. ნარცისები მინდა, ძველი ამბების სუნი მოჰყვება და მაგიტომ. ყოველ გაზაფხულზე და აღდგომის დღეს ბებიაჩემი დაკრეფდა  და ლარნაკში აწყობდა.

ძველი ნაწერები გადმოვქექე, მინდა თანდათან მოვიშორო თავიდან , უაზროდ გაბნეული ჩემი აზრები. გადავხედავ რაც ღირს დავიტოვო-დავიტოვებ, რაც არ ღირს გადავყრი!

დღეს და გუშინ ვფიქრობდი და მერე დავასკვენი, რომ სწორად ვფიქრობ. არ ვარგა მესიანური მოლოდინით ელოდო მოვლენების განვითარებას და არც ის ვარგა, ნერვები მოიშალო და იხტუნავო, ხანდახან ცხოვრება თავად გიდგენს მარშრუტებს (დაბერებულივით კი ვლაპარაკობ, მაგრამ მეშინია ამდენი ფორიაქით ნევროზი არ დავიმართო, თუკი არ მჭირს უკვე)

გუშინ მარი ერთ ჩვენს მეგობარზე ამბობდა, სულ არ მეზიზღებაო, პირიქით ძალიან მიყვარსო და ეს, რომ თქვა, ვიგრძენი რომ რაღაცეებმა გალღვობა დაიწყეს ჩემში, მანამდე კი უტამ მითხრა, სანამ ლოცვას წაიკითხავ ყველას აპატიე და მიუტევო შინაგანადო. კარგი დღეა წვიმის მიუხედავად, არაფერი მაქვს საწუწუნო. მშვენიერი ფონია ცხოვრებისთვის, რიტორიკა საშინლად არ მიყვარს, ჰოდა წავედი:)

Advertisements

Read Full Post »

ეს ის

Read Full Post »

მოკლედ დღეს არაფრის წერას არ ვაპირებდი, გუშინ პირდაპირ ჩემი აივნიდან თბილისში გამოქცეული ახლაც მოსულიერებას ვცდილობ და დასვენებას, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მღლის მაინც უსაქმურობაა. ჰოდა გუშინ დაუგეგმავად თბილისში გამოქცეული მარშუტკაში ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის, ჩემი ბლოგის მკითხველებზე ვფიქრობდი, ძირითად მკითხველებში მაინც ფეისბუქელი ფრენდები მოიაზრება, კიდევ სხვადასხვა ქველინკებიდან და ბლოგებზე დატოვებული კომენტარებიდან  გადმობარგებული ხალხი, კიდევ ადამიანები რომელიც ჩუმად, მაგრამ მაინც კითხულობენ ჩემს ბლოგს და ამას არ აფიქსირებენ.

კიდევ რაზე ვფიქრობდი? არ მიყვარს, როცა უცებ მივიღებ სადმე წასვლის გადაწყვეტილებას, უცებ ჩავყრი ჩანთაში საჭირო ნივთებს და გავრბივარ. ასეთ დროს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მარის მიმართ მიჩნდება:”მარი ხომ არ გწყინს, რომ მივდივარ? მარი ორშაბათს ჩამოვალ. მარი ცუდად ვიქცევი?”-ვეკითხები. ასე დამემართა გუშინ საღამოს, უტას ველაპარაკებოდი ტელეფონზე, უცებ მთხოვა, რომ ავმდგარიყავი და წამოვსულიყავი თბილისში, თავიდან ვიფიქრე, რომ სერიოზულად არ მეუბნებოდა, მაგრამ როცა ფილმიდან “სვანი” სიყვარულის მისაბაძი, რომელიღაცა ეპიზოდი შემახსენა, სადაც ცოლი თავის ქმართან შესახვედრად არ ერიდება საშიშ და ბნელ ღამეს, მერე კი ვიკადრე წამოდგომა და თმადაუვარცხნელი გავვარდი ქუთაისი-თბილისის ბოლო რეისზე.

ახლა ვარ დაღლილი და გამოუძინებელი, კიდევ მაქვს სამი კბილის ჯაგრისი და მყავს ბიჭი, რომელიც დილით მიმზადებს ჯანმრთელ საკვებს ანუ გერკულესს და მერე მიდუღებს ყავას ან ადუღების ინიციატივას გამოთქვამს, საბოლოო ჯამში ყავას ადუღებს მაიკო და ის ადუღებს შემდეგ რამდენჯერმე ჩაის და მოაქვს ჩემამდე. მე ვზივარ ასეთ დროს გაზთან და ვკითხულობ “უდაბნოს”, რომელსაც ალბათ მორიგი ჩამოსვლისას თუ  დავამთავრებ.. ხოდა ახლა ჩემს უკან დგას თავისი კამერიანად და რაღაცას იღებს და ნერვებს მიშლის, მეუბნება მარტო კლავიატურას ვიღებო და შენ გააგრძელე ბეჭდვაო. ხოდა ასე არ შემიძლია რამე დავწერო, როცა თავზე ან გვერდით მადგას ვინმე. ჰო კიდე არ შემიძლია, ეს ბიჭი დაათრევდეს მძიმე პარკებს და მე ერთსაც არ მაძლევდეს, რომ ეს სიმძიმე მეც გავინაწილო. ხოდა ეს საშინლად არ მომწონს (ხოდა ნუ იღებ რა ). დედაჩემი ამ ბოლო დროს ხშირად ამბობს, რომ ყველაზე დიდი შეცდომა თავის დროზე მაშინ დაუშვა როცა საქმეები არ გადაანაწილა და ყველაფრის გაკეთება თავის თავზე აიღო. ამას ისე უბრალოდ ამბობს, არც არაფერზე წუწუნებს. ხოდა როცა უტას მერამდენეათასჯერ ვთხოვ, რომ ეს მძიმე პარკები მეც წამოვათრიო, რადგან მერე მთელი ცხოვრება არ მინდა სულ თვითონ ათრიოს ყველაფერი, მეუბნება:”როგორ გეტყობა ძმა, რომ არ გყავს.” არადა ძმა არაფერ შუაშია, უბრალოდ არ მინდა  სხვა სათრევ პარკებთან ერთად მათრიოს და ამას მიმაჩვიოს, მე ხომ საკმაოდ ჯან-ღონიანი და საკმაოდ მოტივირებული გოგო ვარ სხვადასხვა სიმძიმეების სათრევად და ამას მიჩვეული ვარ:)

ხოდა ეხლა ზის და ამონტაჟებს იმ რაღაცეებს, რაშიც ზუსტად ვიცი თმები მექნება საშინლად და დამაფრთხობლად და იმ წამს მოვითხოვ მის წაშლას. მივდივარ. წინასწარ გილოცავთ ბზობას, ნანა ზარდიაშვილმა რაღაც წერილი დამიტაგა და უნდა წავიკითხო.

Read Full Post »

გახსოვთ ხელები, რომ გეყინებოდათ მაუსზე და კლავიატურაზე, ქაფქაფა ყავას და ჩაის სვამდით და ვერაფრით თბებოდით, მორჩა ამ ყველაფერმა ჩაიარა და სულ აღარ გვახსენდება, როგორ გვციოდა ზამთარში.

გაზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის  ღრიანცელის და ხმაურის სეზონი დაიწყო . არაუშავს გავუძლებ, ხმაურიან ქეიფებს და საქეიფო სიმღერებს შუაღამისას, ჩემი უბნიდან, სადაც პატრული ყურს არ გაიბერტყავს ასეთ ველურ გამოვლინებებზე. გაზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მყუდროებას ვეღარ ვიპოვი აივანზე, სადაც ზემო სართულიდან ერთი სახენაყვავილარი ბიჭი სიგარეტს დააფერფლავს ჩემს სარეცხს, დამიწვავს მაისურებს და ჩანთებს და ამას ვიღა ჩივის, ისე გადმოიხრება იმ თავისი აივნიდან ჩემს აივანზე ჩამოსახედად შემეშინდება არ გადმოვარდეს. მოკლედ ამასაც გავუძლებ, ოღონდ ასეთი ამინდები გაგრძელდეს. ერთხელ ეს ბიჭი ადგა და ისე, რომ თავის დედას არაფერი ჰკითხა, წავიდა და სადღაც გადაიკარგა, მერე კი თვითონ დაბრუნდა. ყველას მკვდარი ეგონა და დედამისი თურმე მეგრულად დასტიროდა, ეს დედაჩემმა მითხრა, როცა მეც ჩამოვწანწალდი სახლში. ახლა მგონი აღარსად გარბის, დგას მუდამ აივანზე და იყურება მისი პატარა სამყაროს მეცხრე სართულიდან, ხანდახან ვესალმები და ვხვდები, რომ უხარია, მერე მეც მადლობებლი ვრჩები მისი, რომ ის იღიმება და სახლიდან აღარ გარბის. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს დაეხმარო? ძალიან ხშირად ვფიქრობ ამაზე და რეალურად რაც შემიძლია, ისაა რომ არ ვაგრძნობინო თავი საზოგადოების დაკარგულ ნაწილაკად, მივესალმო, ხანდახან საათი ვკითხო, ხანდახან დახმარება ვთხოვო, ხანდახან დედამისს და მას მსხალი და ვაშლი ავუტანო. ასეთი ადამიანები სხვა ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით უფრო მეტად ყურადღებიანი არიან და უფრო მეტად ინიციატივიანი, რაღაც კარგი გააკეთონ. ეს ხვიჩაა, რომელიც ახლაც აივანზე დგას და გაჰყურებს კორპუსებით გამოტენილ სივრცეს, რომელიც გაზაფხულობით სეირნობს დედასთან ერთად და აცვია ძალიან ძველი, დახეული ბოტასები და საერთოდაც ყველაფერი ძველი აცვია.

ბჟოლებში (უბანია ასეთი ქუთაისში) კი არის კაცი, რომელიც დგას მწერალთა სახლის წინ და მტრედებს აჭმევს. ეს მარიმ მითხრა გუშინ. ბჟოლებში კი არის ძველი საპარიკმახერო, სადაც ბიძაჩემი მუშაობდა და ყველა “ვანსკის” სახელით იცნობდა. ახლა იქ ნოდარიკოა, მაგრამ მაინც მამძიმებს ის ადგილი.

დასასრულს კი ძალიან კარგი ამბავი. სოფომ ბლოგი გააკეთა, ჯერჯერობით იქ არაფერია, მაგრამ ზუსტად ვიცი ბევრ კარგ რაღაცეებს დაწერს. სოოფ პო გახსოვს? დედაჩემმა მოიტანა ადრე მე, რომ შენზე პატარა ვიყავი და შენ რომ დიდი გოგო იყავი, თან ჟურნალისტიკაზე სწავლობდი და მე ვფიქრობდი, რა მაგარი გოგოათქო. იმ ქსეროქსებზე ამოღებულ მოთხრობას პო ერქვა თუ პოს ეძღვნებოდა?

Read Full Post »

ამ ბოლო დღეებში დავაკვირდი, რომ ზედმეტად აქტიური ვარ ვირტუალურ ურთიერთობებში, ვიდრე რეალურ სივრცეში და ეს სულაც არ არის ცუდი. უბრალოდ აქ ბევრად დაცული ხარ უაზრო, ნერვების მომშლელი სიტუაციებისგან და თუ ასეთი რამ მაინც ხდება, ამას ისევ რეალური პიროვნება აკეთებს, რომელთანაც ინტერნეტს გარეთ მინიმალური კონტაქტი დაგრჩენია. ასეთ დროს ჩემი პლიუსი ისაა, რომ ჩემი სამყაროს კარი მათთვის დახშულია, მათ არაფერი იციან ჩემი ინტერესების შესახებ, ჩემი გრძნობების შესახებ  და თუ მაინც ჩემზე არასწორ შეხედულებებს იქმნიან, ეს უკვე მათი პრობლემაა და მე ნაკლებად მაღელვებს. არ მინდა ხშირად გამოვიყენო სიტყვები : დავასკვენი, მივხვდი და ა.შ, რადგან ადამიანს ყოველდღიურად ახალი დასკვნების გამოტანა უხდება და არცერთი დასკვნა საბოლოო არა, სიტუაციები ხშირად იცვლება, უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები ამ ბოლო დროს ძალიან მომთხოვნები გახდნენ ერთმანეთის მიმართ, მაშინაც კი როცა არაფერი გავალდებულებს ამ ადამიანებთან, ხოდა ხანდახან “ცუდი გოგოს” იმიჯი იმუნიტეტია, პირობითი რეფლექსი, რომელსაც ჩვეულებრივ, ინდივიდუალური ცხოვრების პირობებში ორგანიზმი გამოიმუშავებს (საწყალი ორგანიზმი) და სადღაც წაკითხული წინადადება “სხვისი პრობლემა შენი პრობლემა არ არის” სულაც არ არის არაჰუმანური და უპასუხისმგებლო ადამიანების თავისმართლება, როცა რაღაც ამდაგვარი პრინციპი გაქვს შენც, ” შენი პრობლემა სხვისი პრობლემა არ არის” . უბრალოდ როცა ადამიანები ლამის ფიზიკურ ძალადობამდე მისული აქტივობით გახვევენ იმას, რაც წესით მათი გასაკეთებელია და მშვენივრად შეუძლიათ თვითონ გაართვან თავი საკუთარ საქმეს, ცოტა გამაღიზიანებელია მათი ბრალდება  ზერელეობაზე და უპასუხისმგებლობაზე, მოკლედ რთული ამბავია სერიოზულად  თუ შევხედავთ, მაგრამ მე ამ ყველაფერს მარტივად ვუყურებ, თან უკვე მზიან აივანზე ვსვამ უკვე დილ-დილობით ყავას და ერთადერთი რამით ვარ კმაყოფილი საკუთარი თავის, არავისგან არაფერს მოვითხოვ (თხოვნაზე არ მაქვს საუბარი) და არავიზე ვამყარებ იმედებს, რადგან რამდენჯერაც დავამყარე იმდენჯერვე ცუდად დამთავრდა ყველაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქის სტატუსზე ხშირად მიხდება იმის დეკლარირება , რომ არცერთ თამაშს არ ვთამაშობ და ნუ გამომიგზავნიან სხვადასხვა აპლიკაციებს, რადგან მაინც აგზავნიან მეც უკვე თავმდაბლად  ვიღებ მათგან მაგნოლიის ხეებს, თეთრ ძროხებს, პატარა ყვავილებს,  პეტვილის ჰეფი რიქვესთებს და ჯიფთებს (მეზარება ინგლისურზე გადაყვანა) და ა.შ

ჰო კიდევ, დავწერე ახალი მედიის ტრენინგისთვის სამოტივაციო წერილი და კურიკულუმ ვიტაეც:) და ეს დღეები გამძაფრებულად ვგრძნობ იმას, რომ მიზერული ხელფასისთვის ჩაკეტილ წრეში ვტრიალებ, ჩემი ერთადერთი სასიამოვნო გასართობი ეს ბლოგია, სადაც ყველაზე მეტად მიხარია შესვლა და ის, რომ მალე მოკლე მაისურებს ჩავიცვამ და დილით ადრე ადგომაც აღარ გამიჭირდება.

fb-ზე ისევ ჩემი ფოტო დავაყენე, თორე ლამის მეც დამავიწყდა რომელი “მე” ვარ. აივანზე გავდივარ, დაბრეცილობამდე მისული თვალები უნდა დავასვენო და დასაწერი რაღაცეების  ლისტი ჩამოვწერო, ამ კვირის ბოლომდე აუცილებლად უნდა დავამთვარო ნასტასიასთვის პოსტი და კიდევ ძველი რაღაცეები გავაგრძელო და დავასრულო. მინდა ახალი და კარგი წიგნები. ახლა ვფიქრობ ახალი და კარგი წიგნები მირჩევნია თუ ახალი და კარგი ტანსაცმელები? მოკლედ მამაჩემს კარგ რაღაცეებში ვერაფრით დავემსგავსე.

პ.ს ამ პოსტის სათაური შეიძლება  ადეკვატური მხოლოდ ბოლო აბზაცთანაა, მაგრამ “ძალადობის აქტი” 🙂 რომ, დამერქმია ზედმეტად უტრირებული იქნებოდა და თავი შევიკავე.

Read Full Post »

თინიზე მინდა უკვე რამდენი ხანია, რომ დავწერო, საუკუნეათქო (როგორც ვიცი თქმა) არ ვიტყვი,მაგრამ ასე 7 თვეა კი მინდა, მაგრამ როცა კი დავაპირებდი დაწერას იმწუთას გადავიფიქრებდი იმ მიზეზით, რომ მოდი ბარემ ჩემი ბლოგი გახდეს ერთი წლის და მერე დავწერთქო. თინის დიდი ღვაწლი აქვს ჩემზე და ჩემს ბლოგზე, ეს ალბათ ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი. იმ მოტივით რომ ბლოგის დაბადების დღე სექტემბერშია და ერთი წელიც უსრულდება, სწორედ მაშინ ვგეგმავდი  თინის ღვაწლზე მესაუბრა,მაგრამ ჩემი თავის ამბავი ვიცი, ამიტომ ის არ ვიცი მოვაბამ თუ არა თავს ,ამიტომ რახან ახლა გამიჩნდა თინიზე წერის მოთხოვნილება,მგონი ახლავე ჯობია.

თინი არის ქალი ბლოგაღმწერელი. ნუ ხო იყო ადრე ჟამთაღმწერელი,ხოდა ახლა თინის ვუწოდებ იგივეს და საერთოდ ბლოგები ყველაზე დიდი ჟამთაღმწერლები აღმოჩნდებიან,იმ დროს,როცა ჩვენ ალბათ ამ ქვეყანაზე აღარ ვიქნებით. ხოდა თინიზე უნდა გადავიდე. რა მინდა თინიზე, რომ გითხრა. ამ დილას ისე მომიარა,მეთქი უნდა დავწეროთთქო.

მოკლედ ძალიან მინდოდა ბლოგი და არც მიცდია გაკეთება, საშინელ და დაუძლეველ პრობლემად წარმომიდგებოდა ხოლმე, როცა ბლოგის გაკეთების რეალურ ნაბიჯების გადადგმაზე დავიწყებდი ფიქრს, ხოდა ერთხელ ეს იყო 9 თვის წინ,როცა ზღვაზე წასვლას ვაპირებდი, თინი დავიმატე ფბ-ზე მეგობრებში და მივწერე, რომ მარტო მას შეეძლო დახმარების აღმოჩენა. პასუხი იყო დაუყოვნებლად, რათქმაუნდა დადებითი. რატომღაც სხვას არც ველოდი, ხოდა გადავწყვიტეთ , რომ როცა მეც მოვილევდი ზღვას და ისიც, საზაფხულო ე.წ არდადეგების შემდეგ გავაკეთებდით ბლოგს. როცა ჩამოვედი სკაიპში დავიმატე და მოკლედ დავიწყეთ ვორდპრესის დარეგისტრირება, თან ორივე ვწუხდით იმაზე, რომ გამუდმებით წვიმდა და დიდად არც საკუთარი ნარუჯი მოგვწონდა ორივეს.

რა ვიცი თინიზე? თინის უყვარს ქათმის ჩხირები, შოკოლადი და სხვა გემრიელი სასუსნავები. მოკლედ მე არ მგავს, მაგრამ ეს არაფერში გვიშლის ხელს. მიხარია, რომ საიმედო ადამიანი მეგულება ინტერნეტში და ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა ვთხოვო რამე, იგი დაუღალავად ეცდება, რომ დამეხმაროს, არა მარტო მე, არამედ ბევრ ადამიანს. მოკლედ, თინი კარგი გოგო ხარ შენ. ცოტა მთვრალი ვარ და სიყვარულის ხასიათზე ვარ. ჩემი ვიჯეტების დედოფალი ხარ:)

Read Full Post »

სოფლის “მარშუტკაში” ვზივარ, ძველი, ხრიგინა, ყვითელი ავტობუსი ამ ლურჯი მარშუტკით შეუცვლიათ და იმ ძველი, ხრიგინა ავტობუსის მძღოლს კი კბილები საერთოდ აღარ შერჩენია. აღარც ძველი, სოფლის მაცხოვრებლები დადიან, სულ უცხოები არიან. მგზავრობა, რაც გააძვირეს, ხალხი სახლში ჩაჯდა . ისე აღარ არის, როგორც ადრე, ანუ ბებიაჩემის დროს, რომ იყო ისე.

სამგზავრო მარშუტკა კი ისევ მე-9 ბაქანზე დგას, სადაც ადრე დგებოდა ყვითელი, ხრიგინა ავტობუსი, რომელსაც ყავდა მძღოლები ვაჟა და თემური. ამ ორი მძღოლიდან ერთ-ერთმა, ვაჟამ ერთ ქმარ-შვილიან ქალს გაუფუჭა სახელი, ყოველშემთხვევაში ის ქალიც არ დარდობდა დიდად თავისი სახელის რეპუტაციაზე. მოგეხსენებათ სოფელში რეპუტაცია მთავარი ამბავია.

თავიდან შევეცადე იქნებ ქალაქისგან განსხვავებული გარემო შევიგრძნოთქო, ნესტოები დავბერე აყვავებული ტყემლის და ატმის ყვავილების სურნელის შესაგრძნობად, ყურთსასმენებიც მოვიხსენი, გავირინდე, ყური მივუგდე ჩემს ნაბიჯების ხმას, მაგრამ არაფერი. საბოლოოდ დავასკვენი: ბებიაჩემის სიკვდილის შემდეგ, ჩემში ეს სოფელი საბოლოოდ მოკვდა. ვეღარც იმ ყვითელი ნარცისების სილამაზე ვიგრძენი ეზოში, რომ დამხვდა და ღამითაც ვეღარ ვიგრძენი, რომ ზემოთ სახლში, ოდესღაც ბებიაჩემს ეძინა და იმ ოთახს “ბებიის ოთახს” ვეძახდით. მერე მართლა დავიწყე ოცნება, შემძლებოდა ზურგზე მომეკიდებინა ის ოთახი და ასე მევლო, ყველასგან შეუმჩნევლად.

ჩემი მოგვარე მეზობლები ლევანიე, კახაიე, გიგაიე, თამაზიე, ზალოიე, კობაიე, ნიკაიე, ზაზაიე, ზურაბიე, სოსოიე და ელდარიე, ყველა იმიტომ მუშაობს, რომ შემდეგ დალიოს. დალევა სოფლური რელაქსაციის აუცილებებლი პირობაა. აბა ისე რანაირად? სხვანაირად არც გამოდის. მოხუცები ისედაც უფრო დაბერებულები დამხვდნენ, მაგრამ ახალგაზრდებიც დაბერებული მომეჩვენა. დაბერებული და გალოთებული. ადრე თურქეთში დადიოდნენ, იქედან კი მიზერული ჯამაგირი და იაფფასიანი თურქული შოკოლადები ჩამოჰქონდათ, მაგრამ ალბათ ხეირიანი ვერაფერი იყო ის თურქული სამუშაო და ამასაც მიანებებს თავი და მერე ყველამ ერთბაშად დაიწყო გალოთება.

ამ კაცებს ცოლებიც ჰყავთ და დედებიც  და კიდევ გათხოვილი დები (როგორც იქნა გაათხოვეს ეს დები). ესენი არიან- მზიაიე, ნარგიზიე, ციალიე ან ციალე, მედიკიე, ნუნუიე და ა.შ. კაცებივით მათაც წითელი პირისახე, დამჭკნარი, დახორკლილი ხელები და უკბილო პირები აქვთ. ყველა თავის საქმეს მიერეკება და ყველას ოქროები აქვთ დაგირავებული ბანკში. კიდევ ყველას აქვს ცოტ-ცოტა ვალი მეზობლის პატარა ჯიხურებში, რომლებმაც იოლად აუღეს ალღო მაინც სოფლურ ცხოვრებას, რადგან მიწა არაფერს იძლეოდა  და პატარა სავაჭრო ჯიხურები გახსნეს.

რაც შეეხება უფრო დიდებს, ისინი ყველა წავიდნენ ამ ქვეყნიდან. აღარც ბაბუცია აღარ არის ცოცხალი, აღარც იულია, აღარც ნელიკია, აღარც ნუცაია და აღარც ჩემი ბებია. კაცები უფრო ადრე წავიდნენ და მათი სახელები მე აღარ მახსოვს.

სოფლის დაუწერელი კანონია: სოფელს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ერთი გიჟი და ერთი მოძღვარი … ამიტომ არც ჩემი სოფელი განსხვავდება სხვა სოფლებისგან. ადრე იყო აბელიე, ყველა აბელიას ეძახდა. აბელიე დიდი მუხასავით კაცი იყო, მაგრამ მაგრად კი უქროდა იმ მუხაში. ჩვენგან მოშორებით ცხოვრობდა, მაგრამ ბებიაჩემი რომ იტყოდა “‘აბელიე მოდისო’- მაშინვე დავფრთხებოდით. ხოდა აბელიაც ჩამოივლიდა ჩვენს დაღმართ-აღმართში ბუტბუტით, სიცილით და შეძახილებით. კაი რამე იყო ბავშვობა. სოფლის თავშეყრის ადგილზე, იქ სადაც ქუთაისიდან მოსული ავტობუსი ჩერდებოდა და მთელი სოფელი ამ ერთ, ყვითელ ხრიგინა ავტობუსს ელოდებოდა, იქ ვნახულობდი ლალაიას. ლალაია გაუთხოვარი ქალი იყო, შუახნის, ჯოხით დადიოდა, იცინოდა ისიც და ბიჭებს ეძმაკაცებოდა. ლალაია ნორმალური იყო, ვერასდროს დავეკონტაქტე. კიდევ იყო ეთერიე, ეთერიე კარგად არ მახსოვს. მახსოვს ის, რომ პატარა ქოხმახში ცხოვრობდა, ხოლო როცა მოკვდა, ის ქოხმახი ვიღაცამ პატარა კოხტა სახლად გადააკეთა, აი მე, რომ ვოცნებობ ,მუქფარდებიანზე, იატაკზე დასაგდებ ბალიშებიან და ჩუმ და თბილ სახლზე, ინტერნეტით:) ხოდა იმ სახლის ეზოში, იმ ვიღაცამ ყვითელი ნარცისები დარგო და კარგად მოუარა. კიდევ არის ტუქსიელე, ისე ბესიკი ჰქვია, მაგრამ სოფელში ხომ ყველამ ცუდი სახელების დარქმევა იციან, სახელებს ამახინჯებენ და ამით ერთობიან. ამ დილით მძინარეს დამადგა თავზე და ხახვი მომიტანა, ძილბურანიდან, რომ გამოვერკვიე ვუთხარი მეთქი მანდ დადეთქო, კარგად არ მესმოდა მისი ბუტბუტი. გუშინაც შემაშინა სასაფლაოზე. ბებიაჩემის და ბიძაჩემის საფლავის ნახვის შემდეგ, ერთ რკინის მაგიდაზე წამოვწექი და გატრუნული ვიწექი, რაღაც ხმაური შემომესმა და თავზე ტუქსიელა მადგა, ილანძღებოდა და ვიღაცას აგინებდა. ალბათ კობაიას, თავის ძმას. მოკლედ ძაან გავბრაზდი, რომ მყუდროება დამირღვია, მაგრამ ვერაფერი ვერ ვუთხარი, მაინც შემეშინდა. ტუქსიელა სიგარეტებს იპარავს, თუ სადმე კარი ღია დაიგულა, შეიპარება და ისე აიღებს, სულაც არ დაფიქრდება, ამიტომ თითქმის ყველას ჭიშკრებზე ბოქლომები დაუდია.

გაზაფხულობით სოფელი კარგია. როცა მზეა. გუშინაც მზე იყო და დღესაც, მაგრამ წამოსაწოლად ნამდვილად არ მეცალა, არც არავინ მაცლიდა, არც ჩაი დამილევია მამაჩემთან ერთად, საჭმელიც კი არ მიჭამია წესიერად, ქუთაისში ჩამოსული დავნაყრდი:) და უტა მიკითხავდა სოფის კომენტარს. სოოფ, არც ჩაი დამილევია და არც ყავა, ნუ რაღაც ყავის მსგავსი კი ავიდუღე, მაგრამ საზიზღარი გემო ჰქონდა. ცოტა რთულია სოფელი და მე აშკარად არ ვარ ის ტიპი, დიდხანს გავძლო იქ. დაუძლეველი კონფორმიზმი ქუთაისიკენ მექაჩებოდა და შუადღეზე გამოვქანდი ისევ ლურჯი მარშუტკით. მარშუტკის მოსვლას ელოდებოდნენ პატარა ბავშვები, დაწითლებული ლოყებით და ტალახიანი შარვლებით და პატარა ჯიხურის გამყიდველ კაცს, ლიმონათს ეხვეწებოდნენ, მოგვეცი ნისიადო და მე მეათასედ  დავასკვენი, რომ სოფლის ბავშვები გიჟდებიან ამ ფერად შხამებზე. მათთჳის ეს მაკდონალდსია.

გაზაფხული მალე უფრო კარგად დადგება. მეზობლის კაცები, ისევ ერთმანეთს მიეხმარებიან სამუშაოებზე. არჩევნების დროც მოდის და ისინი, რომელთათვისაც არცერთი არჩევნები არ არის მნიშვნელოვანი, იქნება ის ადგილობრივი, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო, მაინც გამოეწყობიან, დაირაზმებიან და ასე კოლექტიურად აირჩევენ ნაციონალურ მოძრაობას. თუმცა იციან, რომ ამით მათთვის სასიკეთოდ  არაფერი შეიცვლება. ის მოხუცები, კი რომლებმაც იოლად იციან ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერების შეყვარება და გაფანატება, თითქმის ყველა გამოეცალა ამ ქვეყანას. მათ შორის ბებიაჩემიც.

მოკლედ გაზაფხულია

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: