Feeds:
Posts
Comments

Archive for April, 2010

რატომ უნდა დავწერო ანა გავალდაზე? ის ხომ, ჩემთვის ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს, რომ ვთქვა ჩემი აღმოჩენილია და ისე შევიყვარე, როგორც სხვა ფრანგი ქალებითქო, პათეტიკური და  დებილური ნათქვამი გამოვა, ჰოდა არ ღირს. აი ისე, ძაან უბრალოდ, რაღაცეების გახსენება მინდოდა და მაგიტომ დავწერ ანაზეც. ერთ დროს, როცა პარალიზებული ვიყავი სულიერადაც და გონებრივადაც და მაშინ ალბათ ვერც ვერაფერს დავწერდი ძაანაც, რომ მომენდომებინა… მაშინ ვკითხულობდი ფრანსუაზა საგანს, რამე რომც შემძლებოდა, ბევრს ვერაფერს დავწერდი, რადგან მხოლოდ ერთი რომანი წავიკითხე “მზის ნამცვრევი ცივ წყალში” და მერე მთელი კვირა გათიშული დავდიოდი. უბრალოდ მაშინ პერიოდი მქონდა ასეთი გათიშულს, რომ მევლო. მერე ჟურნალებში აღმოვაჩინე საგანი, მაგრამ სულ გაგრძელებებით, დაჭრილი და დაჩეხილი და დიდად აღარც გამომიდია თავი, რადგან ისეთი უხერხემლო და უხეირო ვარ ყველანაირი სისტემატიზაციის ამბავში, ვიცოდი ვერაფრით დავაწყობდი ამ ჟურნალებს ისე, რომ შემდეგ რიგიანად წამეკითხა.

მერე, რაღაც ისეთი არეული პერიოდი მქონდა, ქუჩაში მოძრაობის მეშინოდა, მეგონა არაფრად ვვარგოდი და არავინ შემიყვარებდა. ბავშვზე ვოცნებობდი, მარტოხელა დედობაზე და საქართველოდან გაღწევაზე და ყელში კი მუდამ მაწვებოდა ასაბღავლებელი სითხე… მაშინ გავიგე, რომ ვინმე ფრანსუაზას ასეთი, რამ ჰქონდა ნათქვამი:”არ არსებობს არანაირი მატერიალური ბედნიერება, მაგრამ ავტობუსში ტირილს იაგუარში ტირილი მირჩევნია” და ამის შემდეგ მკაცრად გავაფრთხილე საკუთარი თავი, ტირილი მხოლოდ იაგუარში , დაბინძურებული და ნაგვიანი ავტობუსები არც კი გამაგონოთქო. ასე, რომ ფრანსუაზა საგანზე ბევრი არაფერი ვიცი, არც მერე დამიწყია გარკვევა.

შემდეგ იყო ამელი ნოტომი. შემთხვევით აღმოჩნდა ჩემთან, მაშინაც დიდად გაუბედურებული პერიოდი მედგა და უცებ მომინდა არარ დამებრუნებინა პატრონისთვის, მაგრამ ეს არ მჩვევია, ამიტომ კარგა ხანს ვატარე და მერე მაინც დავუბრუნე. ამელი კარგა ხანს იყო ჩემს შთაგონებაში, მისით ვიყავი მოცული, საკუთარი თავის პერსონიფიცირებას ვახდენდი მისი რომანის გმირთან. ფრანგი ქალების წრე კი არ იკვრებოდა და ყოველთვის იყო შემდეგი…

როცა ოდრი ტატუს ვუყურებ, ვგრძნობ რომ ჭკუა მეკეტება მის მუხლისთავებზე და მასავით არავის უხდება წითელი ფერი და სიგარეტი. ოდრის კი გამუდმებით დაჰყვება თვისებად ქცეული ფილმის  საუნდრეკი, მის თვალებში და თმის ფერში გამჯდარი მუსიკა..შორიდან…(ევა მავიწყდება წითელ ბერეტიანი, სიგარეტიანი და ლუვრის დარბაზში მორბენალი,სხვა დროს მომინდება მასზე დაწერა ალბათ)

ანა გავალდა ჩემი ფრანგული სიყვარულის წრის გაგრძელებაა და იმედია ეს წრე კარგა ხანს არ შეიკვრება. მსუბუქი, ჰაეროვანი და თავისუფალ ნებაზე მიშვებული მოთხრობების ავტორი. გავალდა უყურადღებო დედასავით იქცევა ხანდახან, პატარა ბავშვები რომ ღია ფანჯარასთან მიუტოვებია…არა! ცუდად ვთქვი. უპატრონოდ კი არა, ინიციატივის შანსს ყოველთვის უტოვებს თავის გმირებს, თავის გადარჩენის უფლებას აძლევს, ფიქრისთვის დროს უტოვებს, არაფერს ახვევს თავზე,ავტორის უფლებებით არ მანიპულირებს…იგი უბრალოდ გიყვება მათ ამბებს, გელაპარაკება ჩვეულებრივ ყოფით ისტორიებზე, ორსულობის ტესტებზე, მუცელში გაჟღერებულ ბიძგებზე. კიდე რაზე? უამრავ რაღაცაზე…არა, ეს არ არის ტვინისსაჭყლეტი მოთხრობები, სადაც მუდმივად უნდა ახდენდე სიმბოლიზებას, მუდმივად უნდა ეძებდე ქვეტექსტებს, მუდმივად უნდა კრავდე სიუჟეტს გონებრივი ძაფებით…საერთოდ არაა ესეთი. ესაა მოთხრობები, რომლებსაც თავისუფლად წაიკითხავთ ავტობუსში, როცა ცრემლები მოგდით და გსურთ სხვა რამეზე გადაიტანოთ ყურადღება და ასევე კომფორტულად წაიკითხავთ სადმე კაფეში, მეგობრის ლოდინის დროსაც.

ჰო, ზემოთ იქ, ავტობუსში რეალური ცრემლები ვახსენე და ამიტომ აქვე დავგმობ ფრანსუაზა საგანს ანა გავალდასავით, რომელიც ამბობს: “მძულს ფრანსუაზა საგანი, მძულს ბოდლერი და ყველა ეს შარლატანი…მძულს ჩემი ამპარტავნება.”

ისე მეც კაი ამპარტავანი ვარ …

Advertisements

Read Full Post »

რამდენიმე დღით გავუჩინარდი, სუ ასე ვიცი ავდგები ჩავაწყობ ჩემს ბარგს და რამდენიმე დღით გადავიხვეწები ხოლმე, ოღონდ გადახვეწამდე უნდა მითხრან, რომ გადახვეწის დროა. რა ვქნა ვერ ვარ კარგად. საერთოდ ვერ ვარ კარგად. არც კარგ სიტყვებზე ვფიქრობ და არც სხვა რამეებზე, არავითარ მატერიალურზე, არავითარ ამაღლებულ იდეებზე. უბრალოდ ვიძირები, ამას რომ ვგრძნობ, სწორედ ეს მღუპავს. მეშინია იმ ადამიანის სიკვდილი, რომელიც ამისთვის ემზადება. ყოველდღიურად ემზადება. დედაჩემი კი ამბობს, რომ ღმერთმა გამოირჩია. მე ვერ ვეგუები ამას, ვტირივარ ღამით და რატომღაც, მაინც ვახერხებ სითავხედის მოთოკვას და ღმერთს სასწაულს ვთხოვ. ხომ ხდება სასწაულები? უაზრო სასწაულები: ცე კლასის მერსედესები, ჯეკპოტები, მილიონები, რომლებიც რაღაც მომენტში მყიფე რეალობაში სიხარულს შემოგვიტანს და მერე ისევ ყველაფერი იძირება რუტინაში. ხოდა არ მინდა ასეთი სასწაული, ოღონდ ის პატარა ბიჭი გადარჩებოდეს. რა უცნაურად არიან დაკავშირებული ადამიანები ერთმანეთთან…

ვის აინტერესებს რას ვგრძნობ? ალბათ არავის. ალბათ ის უფრო საინტერესოა, სად ვიყავი, როგორ დავდიოდი, ვის ველაპარაკებოდი, ვინ მელაპარაკებოდა და ა.შ. ისე, არც ბევრს დავდიოდი და დიდად არც მილაპარაკია, ხშირად ჩუმადაც ვიჯექი და სუნებს ვაგროვებდი. ჟან ბატის გრენუისგან განსხვავებით კეთილი შემგოვებელი ვარ სუნების, რომლებსაც პირდაპირ საწოლის ზეწრიდან და თეთრეულიდან, ქუთუთოებიდან, თვალის უპეებიდან, წარბების შუაგულიდან, შუბლის ძარღვებიდან, ყელის ძარღვებიდან, ჭაღარა და ჩვეულებრივი ფერის თმებისგან ვისრუტავ. ვისრუტავ ისე, რომ არავის ვკლავ. ამ დღეებში ხშირად ვნახულობდი დედა შუშანიკს, ხშირად ველოდებოდი უტას, ხშირად მტკიოდა თვალები და ხშირად ვფიქრობდი ნეტა გადარჩესთქო. დედა შუშანიკმა მითხრა დამთრგუნველი ძალა გაქვს და თუ ძლიერი ადამიანი არ გეყოლება გვერდითო, თავს დაიღუპავო.

დღეები მინდა სწრაფად გავიდეს, ოღონდ ისე, რომ შფოთვა არ შემოიტანოს. სახლში რაღაცნაირი სიჩუმეა, მირანდა და დედაჩემი ამ დღეების განმავლობაში იმ პატარა ბიჭის გადასარჩენად, პარაკლისებზე და ღამისთევებზე დადიოდნენ. მთელი ჯგუფი ერთადაა, ყველა მისთვის ლოცულობს, ყველას უყვარს ის ბიჭი, იმიტომ კი არა, რომ ცუდად გახდა და ყველას ეხა გაახსენდა, რომ სიყვარული მთავარია. არა! ასე იყო მანამდეც, მანამდეც უყვარდათ. საოცარი, რამ მოახდინა იმ ჯგუფში დედაჩემმა. მიკვირს…

ამ კვირაში დაუმთავრებელი წიგნები უნდა დავამთვარო და წიგნები თავიანთ პატრონებს  ჩავაბარო. კიდევ იქნებ 2-3 კილოგრამი მოვიმატო. და იქნებ ცვლილებებს აღარ შევუშინდე. სოფომ რაღაც შემომთავაზა და მე კიდე სადღაც გაღმა ვზივარ. ბლიინ. ჩემი თავი მძულს, კი არ მაქვს ამის უფლება, მაგრამ ხანდახან დასანახად არ მინდა .

Read Full Post »

თაა უკვე მეორე ბლოგერია თბილისიდან, დოდკას შემდეგ, რომელიც რადიოში მესტუმრა და მასთან ინტერვიუც ჩავწერე. ჯერ თავისი საქმეები მოაგვარა რადიოში, რეკლამაზე და მედია გეგმებზე ესაუბრა ჩვენს მარკეტინგის წარმომადგენელს და მერე ჩვენც მივხედეთ ჩვენს საქმეებს. რადიო ხალხით იყო გადაჭედილი და ძვლივს მოვძებნე ადგილი, რომ წყნარად ჩამეწერა. უახლოეს მომავალში გადაცემას გავაკეთებ ინტერნეტზე, სოციალურ მედიის განვითარებაზე, ბლოგებზე და ა.შ და ა.შ და რამდენიმე ინტერვიუ ძალიან მჭირდებოდა რამდენიმე ცნობილი ბლოგერთან. უახლოეს დღეებში დოდკასთან ჩავწერ სატელეფონო ინტერვიუს და კიდევ მოვძებნი ვინმეს, ქუთაისში კი არა მგონია ვეტერანი ბლოგერი გვყავდეს და ამიტომ ალბათ, უფრო სხვა მიმართულებით დავინტერესდები, თუმცა აქაც ძალიან საინტერესოა ამ კუთხით მუშაობა და შემდეგ სხვადსხვა თემები გამოიკვეთება.

დღეს დიდი დღე მაქვს, დილიდან დავრბივარ, ჯერ დილით ვმუშაობდი, შემდეგ ბიძაშვილის და ბიძაშვილისშვილის სანახავად ვიყავი სამშობიაროში, ჰოდა თურმე არ უშვებდნენ ხალხს, აი ისე, როგორც მე მგონია და კარგა ხანს მომიწია ეზოში ლოდინი, მარტო ფანჯრიდან შევძელი დამენახა ორივე, ახალგაზრდა დედიკო და პატარა გეგი. შემდეგ კი ისევ სახლში გამოვიქეცი და შემდეგ ისევ რადიოში. ჰოდა ეხლახან თაც გავაცილე და ვემზადები დღევანდელი საღამოს ეთერისთვის.

ეს შაბათ-კვირა ისე სასიამოვნოდ გავატარე, მგონია უახლოეს დღეებშიც სადმე გავვარდები სიმწვანეში, დავამთავრებ იუნგის კითხვას და სხვა ახალი რამის წაკითხვასაც ვაპირებ და კიდევ საუკუნე უსრულდება იმ დაწყებულ ზღაპარს, ჰოდა იმას გავაგრძელებ. დედა მაკრინე და შუშანიკი ისევ ბაღდათში არიან და ხვალ უკვე წავლენ თავიანთ მონასტრებში.

ჰოდა სამშაბათია. სილვია პლათის ლექსები მინდა, ვინმეს არ გაქვთ?

Read Full Post »

ამ დღეებში ძალიან ბევრჯერ მომინდა რამის დაწერა, მაგრამ ვერაფრით მოვაბი თავი. ისე ხო არაფერი უნდა დაწერას, აი ესეთ დაწერებს, სადაც უნდა იწუწუნო იმაზე, რომ რაღაცის დაწერას ვერ მოაბი თავი. ხშირად მეორდება ერთნაირი სიტუაციები, ამ კვირაში ძაან დავიღალე, დამაკლდა ძილი და ამინდიც ვერა და ვერ გამოვიდა ისეთი, როგორიც მე მინდა. მთელი ნახევარი დღე იმას ვცდილობდი, რომ მომეშორებინა უცნაური შეგრძნება, თითქოს მხარზე ჩანთა მქონდა გადაკიდებული და რამდენჯერმე კიდევაც დავიხედე მხარზე, მაგრამ არანაირი ჩანთის მსგავსი რამ.

ადრე ვქარგავდი ხოლმე, ასე რამდენიმე წლების წინ. ვიჯექი მზიან ეზოში და ვქარგავდი. უამრავ რაღაცეებს ვქარგავდი, სამაჯურებს, თმის ლენტებს, საფულეებს, სახატეებს და ა.შ. პირველად ქარგვა დედა შუშანიკმა მასწავლა, წყლის ქარგვას ეძახდნენ, რატომღაც ძაან მომწონდა ეს პროცესი. შემდეგ კი მონასტერში გავაგრძელე და იქ ვქარგავდი, უცნაურია, მაგრამ მაშინ ძალიან მამშვიდებდა, ვყიდულობდი და ვაგროვებდი ფერად ძაფებს, მერე ოქრომკედის სწავლაც მინდოდა, მაგრამ უნივერსიტეტი და ა.შ და ა.შ. ამას წინეებზე მომინდა დამექარგა, უტასაც შევპირდი სამაჯურს, მაგრამ ვერაფრით მოვაბი თავი. იგივეს ვიძახი ახლაც.

დღეს რამდენიმე კარგი საქმე გავაკეთე. მომწონს, როცა რაღაცას ვაკეთებ, უბრალოდ ეს გასაკეთებელი მინდა არსებობდეს. იქეთა კვირაში კი უფრო მეტის გაკეთება მომიწევს. ერთი ესაა, რომ როცა გარეთ გავდივარ თვალები საშინლად მტკივდება და დაელამებული თვალებით დავდივარ.

დღეს ალბათ ბაღდათში წავალ. დედა შუშანიკი და დედა მაკრინე არიან ჩამოსული და მინდა ვნახო. საერთოდ არ ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებსაც თავისი გზა ვერ უპოვიათ ცხოვრებაში და სხვისი შრომის მისაკუთრებასაც არ თაკილობენ.

სიყვარულის დღეს მილოცავდნენ დღეს  . რა ვიცი თუ აღნიშნავთ მეც მოგილოცავთ .

Read Full Post »

მინდა დავწერო გუშინდელ დღეზე, ულტრავიოლეტზე და იმაზე, რომ ეს სურნელი მგონი ჩემია. ეს არის სურნელი რომანტიული გოგონების, რომლებსაც აცვიათ ჰაეროვანი მოიისფრო კაბები და თმები აქვთ შეკრული ფერადი ლენტებით. გუშინ უტამ საჩუქრები გამომიგზავნა, რაღაცა ისეთი ნათქვამია ეს “საჩუქრები”, მაგრამ ამ წამს მეტი ვერ მოვიფიქრე. ჰოდა ამ რაღაცეებს ველოდებოდი  ჭავჭავაძის სადგურზე შუაღამით და თითქმის ყველა ტაქსის მძღოლმა დამიმახსოვრა. მერე ძაან გვიან მოვიდა ავტობუსი, მძღოლმა გადმომცა პარკი და ფეხით მომიწია სახლამდე ჩასვლა, ტაქსის ფულის არქონის გამო, მაგრამ ერთი მაწანწალა ძაღლი გამომყვა და სადარბაზომდე მომაცილა. მერე დარჩა იქ და წკმუტუნი დაიწყო.

ხოდა იმას ვამბობდი ეს ჩემი სურნელიათქო, მაგრამ ამ ბოლო დროს რომ ვაკვირდები, საერთოდ ვეღარ ვხედავ ამ სურნელში ჩემს ხასიათს, ძველებურად ფარფატა აღარა ვარ და ცოტა ხნით მეოცნებეობასაც მივანებე თავი. მიუხედავად ამისა უკვე ორი ფლაკონი მაქვს, ორივე უტას ნაჩუქარი და ორივე სხვადასვა რამეებს გამახსენებს, პირველი ოთახს სადაც მეორედ აღარასოდეს შევალთ და მეორე ლოდინს და სიცივეს გუშინ, რომ ვიყინებოდი.

ეს საყურე უტამ ქვათახევში თუ სადღაც იპოვა , ერთი ცალია, მაგრამ ისეთი ლამაზია ყურზე, სულ არ ეტყობა ერთი რომ არის:) მოკლედ ძაან მომწონს, ძაან თეთრი და სუფთა ვერცხლია და იმედია იმ წინეებივით ამასაც არ დავკარგავ.

დღეს ისეთი არაფერი ხდებოდა, ვიყავი ჩემს “სატირალ” ადგილზე, წაღებული მქონდა კარლ გუსტავ იუნგი,  ვკითხულობდი და ვთბებოდი მზეში, მერე ბავშვები მოვიდნენ და მეც გამოვეცალე იქაურობას.

ხვალ სულ სხვა რამეებზე გადავერთვები.

Read Full Post »

ერთხელ, როდესაც დედაჩემი მამაჩემის ნაქირავებ სახლში დამხვდა და თან გემრიელი კერძი გაემზადებინა, მაშინ მეგონა, რომ ეს იყო ოჯახი, მაგრამ დედაჩემს ის ადგილი ჰაერის გამო მოსწონდა და სურდა ფული შეეგროვებინა და იმ უბანში გვეყიდა ბინა, სადაც ყველაზე სუფთა ჰაერი უბერავდა და ამ ჰაერს სტალაქტიკების და ტყეების სიმსუბუქე მოჰქონდა. ხმაურიანი უბანი იყო და ღამით სულ მეგონა მანქანები ლოგინში მიხტებოდნენ და ტანზე გადამდიოდნენ, მაგრამ რაც ძაან მომწონდა ის იყო, რომ იქ არასოდეს შევუწუხებივარ კოღოებს და ქარხნებიდან ამომავალ შავ კვამლს. ჩემს უბანში კი შავი კვამლი ამოდიოდა და მეგონა აქ ვერასოდეს გაიხარებდნენ ბავშვები და სულ ლილიპუტები დარჩებოდნენ, დარწმუნებული ვიყავი ასევე, რომ მათ ექნებოდათ მათემატიკის არაჩვეულებრივი უნარი , მაგრამ აქ ვერასოდეს გაიზრდებოდნენ ხეები და ყვავილები.

მე მაინც ვამაყობდი ამ უბნით, რადგან დედაჩემი მეუბნებოდა, რომ ეს კორპუსები გერმანელმა ტყვეებმა ააგეს და შინაგანად დიდ პატივს ვცემდი იმ გერმანელებს, რომლებმაც ეს დიდი და ძლიერი კოლოფები წამოჭიმეს. კორპუსის სარდაფებში კი მუდამ ჟონავდა წყალი და კოღოები მოსვენებას არ გვაძლევდნენ. გერმანელი ტყვეების ჩონჩხები კი მეგონა სარდაფებში იყო დამარხული.

იმ ერთოთახიანი სახლის კედლებზე კი შპალერი რამდენჯერმე გამოვცვალეთ, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. სახლში გვქონდა ტანსაცმლის კარადა, წიგნების კარადა, რომელსაც მე მინები ჩავუმსხვრიე და იმის მერე დედაჩემს ჩემთვის ხელი აღარ დაურტყამს. ეს პატარა  ოთახი სქელი მწვანე ფარდებით იყო გატიხრული, ამ ტიხარს იქით ვიმალებოდი, როცა სტუმრად დედაჩემის და მამაჩემის მეგობრები მოდიოდნენ, მე კი ვიჯექი ტიხარს მიღმა და მერე საკუთარ სახლში ისევ მოშინაურებული კატასავით ვპორჭყნიდი მათ. მახსოვს ერთი განსაკუთრებით არ მომწონდა, დაბალი წვერი ჰქონდა და საყოველთაო გაჭირვების დროს წითელი მუხუდოთი გვეხმარებოდა, რომელსაც რაში ვიყენებდით არ მახსენდება. ის მეგობრები ყველა წერდა. ცოტა წამოზრდილი კი ამ საქმიანობას ხმამაღლა ვაპროტესტებდი.

კოღოები კი გამუდმებით გვკბენდნენ. დაწინწკლული გვქონდა ტანი, მკლავები და სახე. დედაჩემი კი ხან წიგნებს აისვრიდა ჭერზე, ხან კიდე ბალიშებს და ასე ვანადგურებდით იმ სისხლისმწოველ არსებებს.

ლაშა და ლადო ჩვენს ზემოთ ცხოვრობდნენ, ცოტა მოგვიანებით კი რაღაც კაპიტალი დააგროვეს და სხვაგან გადავიდნენ, ისე რომ არცერთი ბინა გაუყიდიათ, რომლებიც ჩემს კორპუსში ჰქონდათ. ლაშა და ლადო ჩემი ბაღის ამხანაგებიც იყვნენ და ხანდახან ფანჯრიდან ყრიდნენ ცეცხლმოკიდებულ ქაღალდებს, რომელიც ჩემი ფანჯრის რაფაზე ეცემოდა და მერე დიდიხანს გამყვა ეს ცეცხლმოკიდებული ქაღალდების შიში ბავშვობის კოშმარებში. ძილში ხშირად ვხტოდი და სიზმრებში ხშირად ვიყავი სარეცხის თოკებზე გადაფენილი გოგო ვარდიფერი კაბით და წვრილი თოკები მიმაგრებდნენ ძირს დასაცემად განწირულს. იმ სიზმრებში ხშირად დავდიოდი ფანჯრის რაფებზე, ნელა, ძალიან ნელა და ფეხაკრეფით. ახლოს კი გუგუნებდნენ ქარხნები.

გარეთ, ნესტიან სინაცრისფრეში დადიოდნენ მოღუშული ჯარისკაცები, რომლებიც ყოველთვის გვითმობდნენ ადგილს პურის რიგებში. ეს იყო ან იქამდე, როცა პურს ტალონებით იძლეოდნენ, ან მის შემდეგ, როცა სამხედრო ბაზასთან მდებარე ფურნეში (ზუსტად არ ვიცი ეს სიტყვა რას ნიშნავს) დავდიოდით პურის საყიდლად. იმ პურს კარგი სუნი ასდიოდა,თან ხელებსაც გვიწვავდა, მაგრამ მე მაინც არ მიყვარდა პური. ეს სამხედრო ბაზა ახლოს იყო ჩვენთან, მეზობლის პატარა ბავშვები და მე ყოველ საღამოს დავდიოდით იქ პურისთვის. ჩემი მეზობლები კი ხშირად სჭამდნენ შაქრიან პურებს და ხშირად დამინახავს მათ ხელში პურის ნატეხი, რომელსაც ლობიო ჰქონდა გადასმული შოკოლადის კარაქივით.

შუქი ხშირად მიდიოდა და როცა ისევ მოვიდოდა, უბნის მაცხოვრებლების ყიჟინა დამრგვალებული ფორმით ერთ სიტყვაში გამოიხატებოდა-ჯუნგლები.

ერთ ღამეს კი, როცა შუქები ისევ არ იყო და დედაჩემი სანთლის შუქზე მეზობლის დიდ, უნიჭო გოგოს ქართულში ამეცადინებდა, მერე მოვიდა მამაჩემი და მოგვიტანა ხორბლისფერკანიანი და გრძელთმიანი სამი ბარბის თოჯინა, რომლებსაც მოკლე ფუშფუშა კაბები ეცვათ და გამოვთქვი ინიციატივა კედელზე დაგვეკიდებინა ეს თოჯინები. მაშინ ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა მამაჩემისგან ეს ტანწერწეტა ბარბები, მაშინ როცა მე და ჩემი დები, ბებიასგან ნაჩუქარი და გადამალული ფულით, უფრო დაბალ, ღაჟღაჟა ლოყებიან თოჯინებს ვყიდულობდით.

ძალიან ხშირად ისროდნენ თოფს და ყოველ გასროლაზე მე მეგონა ეს იყო ომი.თვითმფრინავები დაბლა ფრინავდნენ, ქარხნებიდან შავი, კუპრივით კვამლი ამოდიოდა, ონკანი კი მაინც გვრჩებოდა მოუკეტავი და ჩვენს ქვემოთ მარტოდ მცხოვრები ვანია , ხშირად ამოვარდნილა საყვედურებით.

იმ დროს  მგონი ყველაზე მეტი თოჯინები მყავდა, რომლებიც უფრო კედელზე ჩამოკიდებულები მომწონდა ვიდრე სათამაშოდ. მე უფრო სხვა რამეებით ვთამაშობდი, ეზოში თეთრი აგურებისაგან სახლებს ვაშენებდი, წითელი აგურებისაგან კი არარსებულ შვილებს საჭმელს ვუმზადებდი. ამ წითელ აგურებს წვრილად ვფშვნიდი ქვით, შემდეგ კონსერვის ქილაში ვამზადებდი გემრიელ წვნიანს, მერე კი მოდიოდნენ ჩემზე ბევრად პატარა ძმები მერაბი და რატი და ყველაფერს მინგრევდნენ. ვიცავდი თავს და და ეს ორი ძმა მეზიზღებოდა. კიდევ ორი ძმა მეზიზღებოდა, რომლებიც ძალიან ბოროტულად მექცეოდნენ, მაგრამ მათზე ლიფტებზე როცა დავწერ, მაშინ მოვყვები. კარგა ხანს გრძელდებოდა ჩემი ბრძოლა ბიჭებთან, ეს დიდი ბრძოლა იყო. პატარა ხელებით ვფხაჭნიდი მათ, ვკაწრავდი და ანთებული თვალებით ვუყურებდი. გული მწყდებოდა, რომ ვერ ვანადგურებდი.

ეს ამბები, მაშინ ხდებოდა, როცა მეშვიდე სართულზე ერთ ოთახიან ბინაში  ვცხოვრობდით, გვქონდა ორი ფოტოალბომი, ერთი მწვანე ყდიანი, მეორე წითელ ყდიანი,ბარხატის ნაჭრით გადაკრული. ამ ალბომებში ბევრი იყო სურათები, სადაც მამაჩემმა თავისი თავი ამოჭრა. ის მწვანე ფარდები კი, რომლითაც ციცქნა ოთახი გქვონდა გადატიხრული, წლების გასვლის მერე დედაჩემმა დაჭრა და მისგან ლეიბის ახალი პირი შეკერა, კიდევ გავიდა წლები და ის ლეიბი თეთრ ნაჭერშია გახვეული.

მერე ჩვენ გავფართოვდით და მერვე სართულზე ავბარგდით. ამ აბარგების დროს დაიკარგა ჩემი ნათლობის ოქროს ჯვარი და კიდევ სხვა რაღაცეები. მერვე სართულზე კი უფრო წარმოუდგენელი რაღაცეები მოხდა. ამაზე ცოტა გვიან 🙂

Read Full Post »

გაზაფხულზე იცით როგორაა? ალაგ-ალაგ ამწვანდება ტყე, ალაგ-ალაგ გაყვითლდება, მერე თეთრდება და თანდათან მთლიანად გაგაზაფხულდება ხოლმე. აღდგომის ღამეს კი ლიტურგიის დროს ტაძარში აყვავებული კელაპტრების დღესასწაულია და ბედიანი წყვდიადშია. ბერძნები, ქართველები და სომხები მეგობრულად თანაარსებობენ და შეშასაც უჩეხავენ ერთმანეთს, თუკი ვინმეს დახმარება სჭირდება, ლიტურგიაზე კი ყველა დაუზარებლად ადის ტაძარში, რადგან ბედიანში სხვა არაფერი ხდება. კვერნასთვის კი აბსოლიტურად არა აქვს მნიშვნელობა, გაზაფხულია თუ ზაფხული, მთავარია საქათმის კარი დარჩეს პატრონს ღია, ჩასაფრებულია საქათმეში შესავარდნად და საწყალი ქათმებისთვის ყელის გამოსაჭმელად. და თუ ისე მოხდა, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ვიღაცამ მაინც მოახერხა გაქცევა, არა მგონია რამე დაგიშავოთ, გარდა ერთი რამისა, გარეთ ფეხსაცმელები არ უნდა დატოვოთ, თორემ შეიძლება მარტივად აგაწაპნონ. ადრე ბედიანში იყო ლარისა, შავთვალება, მხარბეჭიანი სომხის გოგო, დადიოდა და სულ იცინოდა, მეც სულ მიცინოდა, ერთხელ ყავაზე დამპატიჟა, ცოტა ხნის წინ გათხოვდა და ახლა უკვე შვილები ეყოლება. მამამისს, კი სულ არ ვიცი რა ჰქვია, სკოლის დარაჯი იყო, მამფორიას ეძახიან ბედიანში, ექიმი ყოფილა ვიღაც ფსიქიატრიულლში მამფორია და თურმე მას ჰგავდა ლარისას მამა და მერე მაგიტო შეარქვეს. “გამოვა წყალს მოუშვებს, მერე ისევ მოკეტავს და მერე ისევ მოუშვებს, ასე აკეთებს სულ”- მითხრა უტამ ამ კაცზე. ბედიანში არიან საქულიკა და გურგენა, საქულიკამ სულ ცოტა ხანია, რაც ვიღაც გოგო დააფეხმძიმა, გურგენა კი მგონი კარგი ბიჭი უნდა იყოს, უტა ამბობს კარგიაო და მეც არ ვარ წინააღმდეგი მისი სიკარგის, აი კოპა კი არასდროს მომწონდა, მასაც ჰყავს ვიღაცეები დაფეხმძიმებული, მაგრამ სულ სხვა მოიყვანა ცოლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ბედიანი ძაან პატარაა და თუ აქ ვინმეს ეზოში, შებინდებულზე მოხვდი ეს არავის დარჩება შეუმჩნეველი.

ბედიანი არის ის ადგილი, სადაც პირველად ვნახე უტა, ოღონდ ფოტოში ვიღაც გოგოსთან  ერთად და ისე ვიეჭვიანე იმ სურათზე, მეგონა გული გამისკდებოდა, არადა ვინ მეკითხებოდა, საერთოდ არასდროს არ მყავდა ნანახი, ჰო კიდე ის ადგილია უტას გვერდით, რომ ჩავურბინე და როგორც თითონ ამბობს, ყურადღებაც არ მივაქციე, ამას სულ წამომაძახებს ხოლმე…მერე კი თეთრი მაისური ეცვა, როცა ვნახე, დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა და მის დანახვისას გავშეშდი, იმ საღამოს გამომაცილა და მერე გამომიტყდა სულ უკან გიყურებდიო, მერე ამაზე ორივე ვიცინოდით.

ბედიანში წასვლამდე თბილისში ჩავედი, ადრე მომიწია წასვლა, უტას ჩემთვის არ ეცალა, მე კი როცა უტა უნდა ვნახო, სხვა არავის ნახვა არ შემიძლია. ჯერ მინდოდა სიონში ლოცვას დავსწრებოდი, მაგრამ იქამდე როცა მივფორთხდი, მივხვდი, რომ არაფრის თავი არ მქონდა და იქვე “მამა ტარიელის” კაფეში დავეგდე. ადრე ამ კაფეში დავდიოდით მე და მარიამი, როცა ერთად ვცხოვრობდით ფერიცვალების მონასტერში. გამოვვარდებოდით, ვჭამდით ლობიანებს, ვსვამდით ყავას და მერე ისევ მონასტერში ავრბოდით, ვინმეს რომ არ შეემჩნია ჩვენი გაუჩინარება. ეხლა კი ლობიანიც გაუფუჭებიათ, თეფშებიც დაუმტრვრევიათ , ჭიქებიც და აღარც გამოუცვლიათ. აღარც ის ჩანაწერების რვეულები იდო მაგიდაზე…დავლიე წყალ-წყალა ყავა და თავის ტკივილმაც გადამიარა, არსადაც არ მეჩქარებოდა, გატრუნული ვიჯექი, რადგან ყოველი მსუბუქი შერხევისას თავში რაღაც აუტანლად მიყანყალებდა. ჩემს წინ მორწმუნე გოგო და მორწმუნე ბიჭი მორწმუნე თემებზე საუბრობდნენ და გოგო იყო აშკარად დომინანტი ამ საუბარში,  და საერთოდაც კარგად ეტყობოდა, ცხოვრებაშიც ისეთი ტიპი დადგებოდა “მამალ ქალებს” რომ ეძახიან. დიდი და ფართო სარკმელები აქვს ამ კაფეს, მე კი ზუსტად მანდ ვიჯექი, სარკმელთან, მიჭუჭკნული საკუთარი ნებით, მერე კი გამახსენდა მაიასთვის წამოღებული ფორუყ ფაროხზადი და კითხვა დავიწყე. ამოვიღე წიგნი და ისევ მოფრინდნენ ჩემთან ირანული ბაღჩების ჩიტები და ყვავილები, სევდიანი მელოდიები და ფორუყ ფაროხზადი ახლა უკვე მეორედ ტკბილად მიჩერებდა დროს. ჩემი დრო სასიამოვნოდ ირინდებოდა ამ მოუხერხებელი სკამებით ავსებულ კაფეში და მეც ამ ქალთან ერთად დავდიოდი სირაჩხანის ბაღებში  “ყვავილების გენოციდზე” ვფიქრობდი. მოსაღამოვდა, მე კი მინდოდა ბოლომდე ჩამეკითხა წიგნი, მაგრამ ნაცნობი მონაზონი, რომელიც ჩემს შორიახლოს იჯდა მძაბავდა თავისი მზრუნველობით, რადგან ეგონა, რომ ჩემი “მეგობარი” აგვიანებდა, მე კი მართლა კარგად ვიყავი. მერე მოვიდა ის ჩემი “მეგობარი”, წამიყვანა სახლში და იმ საღამოს, რაღაც ფრანგულ კომედიაზე გულიანად იცინა, მე კი მკვდარივით ჩამეძინა. ფორუყ ფაროხზადი აღარ გამიგრძელებია, მაიას მივეცი და იმან კიდე მარი მეტრაია შემახსენა, დედაჩემს დავაბარებო და წამოგიღებო.

ბედიანში ჩემი მგზავრობა ფერებთან ასოცირდება. რა ფერის მარშუტკით ვმგზავრობ ისეთივე ფერისაა ჩემი მგზავრობა. ადრე ყვითელი მგზავრობები მქონდა, მერე თეთრი და ეხლა კი წითელი, მაგრამ ყოველთვის მტვრიანი. ბედიანის გაჩერებასთან მამუკა დაგვხვდა ჩემი და უტას მეგობარი, რომელსაც ქვემოთ კიდევ ვახსენებ, მან ჩაილაგა ბარგი მანქანაში, მე და უტა კი ფეხით გავყევით გზას. ყველაფერი რაც კი დამიკარგავს ცხოვრებაში უტას გამოჩენისთანავე დამიბრუნდა და თანდათან ყველაფერი ისევ ჩემთან იყრის თავს, იმ მატერიალური სიხარულის სახით, რასაც ბედნიერი ღიმილები ჰქვია. ერთ ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც მანქანში მასავით ახალგაზრდა გოგო ესვა სოფელში სტუმრობის ჟამს, ისე მოხდა , რომ გადაუღებელი წვიმების გამო მანქანა ტალახში ჩაუვარდა და სანამ წვიმებმა არ გადაიღო და ტალახი არ გაშრა, მანამდე სოფლის იზოლაციაში აღმოჩნდნენ. იყვნენ ბებიასთან ერთად სახლში, სადაც ოთახებში იდგა დანესტიანებული ბუმბულის ბალიშების სუნი. ეს ადრე მოზარდობაში წავიკითხე და ძალიან მომწონდა, მათი რამდენიმე დღიანი სოფლური რომანტიკა, მერე უტასაც ბევრჯერ მოვუყევი. “წარმოიდგინე ერთი მილიონი, რომ მოგვცა მე და შენ, ტყეში კომფორტულ სახლს ავაშენებდით, გვეყოლებოდა ფუტკარი, გვექნებოდა ინტერნეტი (ეს მე ჩავურთე)დავაყენებდით დაცვის სისტემას და ვიქნებოდით მარტო “- მითხრა უტამ და მეც გავიფიქრე აღარც ალერგია შეაწუხებდათქო, მაგრამ მერე გაახსენდა რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და უცებ გადავიფიქრეთ, რადგან ვერანაირი დაცვის სისტემა უსაფრთხოების გარანტიას ვერ გვაძლევდა :). მერე თმებში ყვავილები ჩამიბნია და სახლში მისულს გათიშული ჩამეძინა, უტამ რაღაც გადამაფარა და ვგრძნობდი, რომ სადღაც გადიოდა და გამოდიოდა, თურმე წყლები მოუტანია. მე კი ძილში ვფიქრობდი სახლის აივანზე, რომელსაც აქვს ხის იატაკი, ხის რიკულები, ამ აივნის წინ ყვავის ტყემალი და ღამით კი დედოფალივით დგას სიბნელეში. ამ აივნიდან ჩანს დაბალი შუქით განათებული ბედიანის სახლების ფანჯრები და რომ,უტას აქვს წამოღებული ლითონისქილით “ბევრი” ლოვენბრაუ, ლიტვური, ნივრიანი კრეკერები და სხვადასხვა სამარხვო სახრაშუნოები. ხოდა მივზანტდი მთლად.

დედა შუშანიკი კი მე იმედი მაქვს საბოლოოდ დამკვიდრდება ბედიანის მონასტერში, ნუ იქამდე მაინც სანამ აფხაზეთს და კოდორს არ დავიბრუნებთ, ოსეთზე აღარაფერს აღარ ვამბობ, რადგან ამ საკითხში უკიდურეს პესიმიზმს ვამჟღავნებ და არ მჯერა იმ პროპაგანდისტი, დემაგოგი და მატყუარა ადამიანების დაპირებების, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ “დავიბრუნებთ” . ხოდა მანამდე ,სანამ დაიბრუნებენ დედა შუშანიკი ბედიანშია და რაც დრო გადის ჩემი პასუხისმგებლობები უფრო იზრდება მის მიმართ, იზრდება ჩემი მზრუნველობა და სიყვარული. მინდა ყურადღებას ვაქცევდე, ვახარებდე, ვანებივრებდე. ისე როგორც თავად მანებივრებდა, მაშინ როცა ძალიან ბავშვი ვიყავი, როცა მასმევდნენ ჭარხლის წვენს, მქონდა წვრილი, გაძვალყტავებული ფეხები და მყავდა რობოტი, რომელიც მუდმივად ვარდებოდა მაგიდიდან. ეს რობოტი, მამა იოანემ (ბიძაჩემმა) უნგრეთიდან ჩამომიტანა, სადაც სავალდებულო ჯარის სამსახურს იხდიდა.

უტას მოსწონდა ბედიანში და კიდევ ერთი კვირით მოუნდა დარჩენა. მეც დავრჩებოდი ერთი კვირითაც და მეტითაც, მილიონის გარეშე:) თუ ისევ ამიდუღებდა წყალს, დამაბანინებდა ხელ-პირს, თუ ისეირნებდა ჩემთან, თუ დამაბარინებდა მიწას, თუ ერთად გავიხეხავდით კბილებს, თუ ერთად დავლევდით ლუდს აივანზე, თუ ერთად მოვამზადებდით ომლეტს. აბა რა ჰქვია ძეხვით და კვერცხით შემწვარ რაღაცას?:)

სანამ წამოვიდოდით საღამოს მამუკასთან ავედით, მოვიდუღე ყავა და ციალა ბებო მიყვებოდა კომუნისტურ შრომაზე, დღიურ გეგმაზე და იმ “კარგ”  ცხოვრებაზე. ტელევიზორში გადიოდა “მხიარული რომანი” და კომუნისტებზე შთაგონება ამით გვეწვია. მე კი კომუნიზმის არმნახველს და ამით ბედნიერს, მაინც მიკვირდა რა სისტემა იყო ასეთი, რომელმაც ადამიანების საქმიანობა და შრომა ასე მოაწესრიგა.

კიდევ რა? დავწანწალებდით და დავყიალებდით. წამოსვლის ღამეს, მანქანით გავისერინეთ, ბედიანი წყვდიადში იყო, ასეთი ჩაბნელებული ბედიანი 7 წლის წინათაც არ მახსოვს, როცა რევოლუციები ხდებოდა. მამუკასთვის ძალიან მინდოდა მეკითხა რა კეთდება ამ სოფლისთვისთქო, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან ვიცოდი წესიერ პასუხს არ მაღირსებდა და ამიტომ დამეზარა.

ხოლო ბედიანიდან წამოსვლის დღეს უტამ მოასწრო მიწის დაბარვა, მთლად ვერა, მაგრამ მაინც, მნიშვნელოვანი ნაწილის. სადღაც იქვე ქვაზე ვიჯექი და ვუყურებდი, ვფიქრობდი ბავშვობა მიბრუნდებათქო. ლურჯები ეცვა. დილით კი უტას ბაბუამ ძეხვი შეგვიწვა და თან გაგვაფრთხილა ჩაი აუცილებლად დალიეთო, ამ დროს მეგონა უტა ძმა იყო ჩემი, უფროსი ძმა, რომელიც თავის პატარა დას არავის დააჩაგვრინებს. მოკლედ ავადმყოფურად ვარ შეყვარებული ინცესტურ ეპიზოდებზე 🙂

ვიმგზავრეთ წითელით. უტას ხაკისფერი ქურთუკი ზურგზე დაულაქავდა.

პ.ს ვწერ ნინოს კომენტარით წახალისებული,რადგან ამხელა რაღაცას კარგა ხანს თავს ვერ მოვაბამდი.

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: