Feeds:
Posts
Comments

Archive for November, 2010

დილიდან კარგ განწყობაზე ვარ, შეიძლება სასიამოვნო შაბათ–კვირის ბრალია ან კიდევ უეცრად, რომ  მოიღრუბლა და შემოდგომის ბოლო დღეების დასასრული, რომ ვიგრძენი. იმას კი არ ვამბობ, რომ შემოდგომის დამთავრება გამიხარდა, უბრალოდ ამ დილით საოცარი დილა იყო და ჩემგან მსგავსი რამეების აღქმა, ცოტა იშვიათია. ეხლა ვფიქრობ, როგორი იყო ის ძველი ადამიანი, რომელსაც არც ჰაიტექთან ჰქონდა შეხება, არც აიფოდი ჰქონდა, არც ეფლის კომპიუტერი, არც ძვირადღირებული მანქანა და ძვირადღირებული ტანისამოსი, არ გაეგონა არც სტივ ჯობსი და არც მარკ ცუკერბერგი, არ ჰქონდა საკუთარი პროფაილი რომელიმე სოციალურ ქსელში, არც საყვარელ მეორენახევარს ეკონტაქტებოდა ინტერნეტით დღის განმავლობაში და კიდევ ბევრი სხვა ასეთი რამ არ ჰქონდა  და მაინც ბედნიერი იყო… და საერთოდაც საკითხავია იყო თუ არა ბედნიერი ის ძველი ადამიანი?  და საერთოდაც ამ თემაზე ეხლა ყველაზე ცოტას ვიფიქრებ, რადგან არც საჭირო კომპეტენტურობა მაქვს და არც ბედნიერების შეფასების  კრიტერიუმი გამაჩნია, ჩემზე კარგად ამ ყველაფერზე ფრენსის ფუკუიამა ფიქრობს, წერს და მისი წიგნი “ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი” ჯერაც არ დამიმთავრებია, ამიტომ როცა დავამთავრებ აუცილებლად დავწერ ერთ დიდ პოსტს.

გუშინ დილით კი,  უამრავი ყვითელი ფოთოლი მოფრინავდა ხეებიდან, ნორა ჯონსს პირველად ვუსმენდი სიამოვნებით და სიმშვიდით  და   მაინც ეს ოხერი შაბათ–კვირა არასდროს მყოფნის. უფროსწორად ჩემი უქმე დღეები აღემატება მის უქმე შაბათ–კვირას…და ამიტომაც არასდროს  ვარ ბოლომდე  კმაყოფილი. ხოდა ეხლა თავს დავიიმედებ, რომ სულაც არ არის ეს თვისება ცუდი…

დადგა ცხელი სასმელების და თბილი ფილმების და საკითხავების სეზონი. თავში , რამდენიმე ღუნღულა იდეა მომივიდა, მაგრამ მათ  განხორციელებას  თავიდანვე პესიმისტურად ვუყურებ…ნახევრად პესიმისტურად.

გუშინ წირვის მერე, დედა მაკრინესთან გავიარეთ მე და უტამ. ვიჯექით მინდორში ხევსურულ ბალიშებზე და სხვადასხვა რამეებზე ვლაპარაკობდით. მიყვარს კვირა შუადღეები, თუ იმ ეზოში ვჯდებით ხოლმე.

ვსვამ მალინის მურაბიან  ჩაის, რომელიც უტას დედამ გამომატანა  და ვემზადები გასაქცევად. კიდე სხვანაირი ჩაი მაქვს და საერთოდაც ცხელი სასმელები არ მომაკლდება ამ ზამთარში, ხოდა ეს ვამპირულად მოღრუბლული დღე, საშინლად მომწონს.

Read Full Post »

ინკლუზიურ განათლებაზე ადრე ვწერდი, როცა ერთხელ რადიოსთვის გადაცემის გაკეთება მომიწია  ამ თემაზე. მაშინ, რამდენიმე სკოლა შემოვიარე, სადაც ინკლუზიური განათლება იყო დანერგილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვისაც  ტარდებოდა გაკვეთილები. სპეციალურად მათვის მოწყობილი კაბინეტებიც დავათვალიერე. კაბინეტების მოწყობა  ძირითადად, უცხოური ფონდების მიერ იყო დაფინანსებული, შევხვდი მასწავლებლებს, დირექტორებს, რომლებმაც ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყეს. თავიდან  ჰქონდათ უამრავი წინააღმდეგობა, ხშირად საკუთარი პედ.კოლექტივისგან, მაგრამ მოხდა, ისე რომ ის ადამიანები ვინც ამ საკითხის განხორციელების იდეას მხარს არ უჭერდა და წარმოუდგენლად ეჩვენებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესწავლათ ჩვეულებრივ სკოლაში,  დღეს უკვე თავად ხელმძღვანელობენ  ინკლუზიური განათლების კათედრას .

ერთ–ერთ სკოლაში, როდესაც სკოლის დირექტორიც ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული და ინკლუზიური ბავშვების შესახებ მიყვებოდა, ხუმრობით ან შეიძლება სულაც არახუმრობითაც ასეთი, რამ მითხრა:”აქ მასწავლებლები არიან უფრო ინკლუზიურები”.

ამ თემაზე, ალბათ კარგა ხანს არ მომიწევდა წერა და არც გამახსენდებოდა, რომ არა დღევანდელი შემთხვევა. შარტავაზე გაჩერებაზე დავინახე ქალი და დაჩოქილი ბიჭი, რომლებიც შემდეგ ჩემს “მარშუტკაში” ამოვიდნენ და ბიჭი წინ დაჯდა, მაგრამ დედა–შვილი (ალბათ დედა–შვილი უნდა ყოფილიყვნენ) ასევე სწრაფად უკან გადაჯდნენ. ეს ისეთი სისწრაფით გააკეთეს, ასეთი სწრაფი მანევრის შესრულება, დაძრულ მარშუტკაში, მეც  გამიჭირდებოდა.

ამის შემდეგ, მათთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, მაგრამ ფიქრებით ამ დაჩოქილ ბიჭს მაინც ვერ მოვშორდი. ცოტა ხნის შემდეგ მხარზე დამიკაკუნეს. დედა იყო და მთხოვა წინ, რომ ქალი გადაჯდა იმისთვის დამეძახა. ჩემზე ადრე ეს სხვამ გააკეთა და იმან მოახედა წინ გადამჯდარ ქალი. აი მაშინ კი გავიხედე უკან და დავინახე გაცეცხლებული დედა, რომელიც წინ გადამჯდარ ქალს უყვიროდა :” რა არის, ჩემი შვილის შეგეშინდა? თუ გადმოვედი გაგხეთქავ შუაზე”. წინ გადამჯდარმა ქალმა კი უთხრა, რომ მალე უნდა ჩასულიყო და იმიტომ გადაჯდა. მათ ყველას მე ჩავასწარი…

იმ დირექტორის სიტყვებიც, მაშინ გამახსენდა, როცა თავისი სკოლის მასწავლებლების შეზღუდულ შესაძლებლობებზე იხუმრა. რა თქმა უნდა, გონებრივ შეზღუდულობაზე. კიდევ გამახსენდა ჩარლი გორდონის სიტყვები:” საოცარია, ნორმალური შეგრძნებების ადამიანები, რომლებიც არასდროს დასცინებენ ხეიბარს, რომელიც უხელოდ, უფეხოდ ან ბრმად დაიბადა, არაფრად უღირთ თანდაყოლილი გონებაჩლუნგი ადამიანის შეურაცხყოფა./“ყვავილები ელჯერნონისთვის”/დენიელ კიზი/.მაგრამ დღევანდელი შემთხვევა კიდევ უფრო ცუდს ამტკიცებს. ნორმალური შეგრძნების ადამიანები, არამარტო გონებაჩლუნგს, არამედ ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებსაც აყენებენ შეურაცხყოფას. მათთვის ისინი, კეთროვანებთან ასოცირდებიან, რომელთანაც არათუ დაჯდომა, მიახლოებაც კი საშიშია.

არადა, როგორი მონდომებით ამოვიდა ის დაჩოქილი ბიჭი “მარშუტკაში” და ნეტავი რას ფიქრობდა, როცა  მისი ნაკლის გამო შეურაცხყოფილი დედამისი, ყველა მგზავრის გასაგონად უყვიროდა ქალს, რომელმაც მისი შილის გვერდით დაჯდომა არ ისურვა…

Read Full Post »

რამდენი თვეა რაც გათხოვდი? და მერე თავს იცავ? და რითი იცავ? და რატომ იცავ? და როცა რძალი შედის “ოჯახში”, “ოჯახს” ყოველთვის უნდა ბავშვი…და მოძღვარი რას გეუბნება? ეს ის შეკითხვებია, რომელიც დღეს გინეკოლოგმა დამისვა და დასკვნაც და მსჯავრიც ერთდროულად გამომიტანა. სამწუხაროდ, მის სახეზე აისახა, რომ მასზე  დადებითი შთაბეჭდილება ვერ მოვახდინე. მოკლედ, როგორც იქნა დღეს დავადგი საშველი და სხვათა აქტიური დახმარებით მივაღწიე ქალთა მე–5 საკონსულტაციოში (მე მგონი ასე ჰქვია). ყველაფერი კი ჰერპესის გამო მოხდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ზედმეტი გარუჯვისგან დამემართა და იმის შემდეგ, ყველა მიკაკუნებდა, რომ ეს ნაყოფს ვნებს (კი , მაგრამ რომელ ნაყოფს?) და სერიოზული ყურადღების მიქცევა სჭირდება. ხოდა ძვირფასმა მეან–გინეკოლოგმა განმიმარტა, რომ ჩემი ჰერპესი ფრიად უწყინარი გამონაყარია და საშიში არ  არის, თუმცა იმისთვის, რომ  გულდამშვიდებული ვიყო, რამდენიმე ვირუსის ანალიზის გაკეთება მირჩია.

რამდენიმე შეკითხვა, რომ არა, ჩავთვლიდი, რომ ეს იყო ფრიად უწყინარი კონსულტაცია  და  იმ მითოლოგიურ ექიმ აიბოლიტზეც გამიქრებოდა ბოროტი შეხედულებები  და საერთოდაც  დავასკვნიდი, რომ ექიმები მართლაც კარგი ვინმეები არიან. გინეკოლოგის მიერ დასმული პირველი სამი შეკითხვა ძალიან ნორმალურად მომეჩვენა, მაგრამ მისმა მეოთხე შეკითხვამ, მომდევნო წინადადებამ და ასევე მეხუთე შეკითხვამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ექიმი აიბილიტიც საშიშია და ვერც ქართველი მეან–გინეკოლოგები გამოირჩევიან განსაკუთრებული კორექტულობით. და კორექტულობას ვიღა დაეძებს, ვისი რა საქმეა რატომ იცავ თავს და უფრო ვისი რა საქმეა რძალი თუ შედის ოჯახში, პირველივე თვეს ვალდებულია ბავშვი გაუჩინოს “ოჯახს” ანუ დედამთილს, მამათილს, მაზლს და მულს…და საერთოდაც როდემდე, უნდა ჰქონდეთ ასეთი წვეტიანი აზრები ამ ხალხს? და საერთოდაც იმ წუთში, როგორც ქართველი რძალი, ძალიან დავმდაბლდი ამ შეკითხვით…

ხოდა, ყველაფერი გარკვეული რომ იყოს, თავიდანვე განვმარტავ:) როცა გავთხოვდი და ე.წ “ოჯახში” შევედი არ გაგვიტეხავს კართან დადებული თეფში, საკუთარი მშობლები არ დაგვივალდებულებებია 500 კაციანი სახალხო კონცერტ– ქორწილის მოწყობით და სხვებისთვის არ მიგვიცია პირობა, როგორ ვიცხოვრებთ და რამდენ შვილს გავაჩენთ. ჯერჯერობით ჩემს ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი ირიცხება და მხოლოდ მის აზრს აქვს ჩემთვის მნიშვნელობა და არა “მე შვილიშვილი მინდა! ნუ ხართ თქვენ ეგოისტები! და უკვე დროა იფიქროთ და ა.შ”:)

პოსტის კითხვისას, ვინმე თუ იფიქრებს, რომ კარგად ვერ ვარ, გასაგდები ვარ სახლიდან, მაგრამ მას შევახსენებ ფრიად ჯადოსნურ სიტყვებს “ოჯახის დაგეგმარება” და თუ კარგად დაფიქრდება, მაგალითად კაცი და ზუსტად გადააწყობს თავის გეგმებს და დარწმუნებული იქნება, რომ მის შვილს არაფერი მოაკლდება, ასევე ცოლს და მის თავსაც, ასეთ კაცს მივესალმები და მივესალმები ისეთი ქალის სურვილსაც, რომ არ იყოს მარტო რეპროდუქციული კონტეინერი და კარგად გააცნობიეროს, რომ არა მარტო დედაა, არამედ ცოლიცაა და პირველ რიგში ქალია, რომელსაც ხანდახან მაინც, ლამაზი კაბები, ლამაზი ქურთუკები და ლამაზი ჩანთები ჭირდება და მუდმივად ვერ იქნება დამოკიდებული თავის ქმარზე, როდის უყიდის ტრუსიკს.  ცოლობა კი ჩემი აზრით ყველაზე რთული ფენომენია და ცოტა  მეეჭვება, ბევრი იყოს საქართველოში ისეთი ცოლი, რომელიც კმაყოფილი იქნება თავისი ხვედრით.

ახლა კი კატეგორიული ტონის გარეშე, კიდევ ავხსნი, რამდენად დიდია ჩემი სურვილი ვიყო კარგი ცოლი და ვიყო კარგი დედა. მაგრამ აქ სტოპ. საკუთარ თავებს უნდა შევახსენოთ, თუ როგორ ღატაკ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რამხელა გადასახადებს ვიხდით ყოველთვიურად, რამდენს ვხარჯავთ მგზავრობაში, ჩაცმაში, ჭამაში,განათლებაში  და რა ძნელია ბავშვის გაჩენა, გაზრდა, აღზრდა და მთელი ცხოვრებისეული ეტაპები და ეს ყველაფერი, რომ გინეკოლოგისთვის მეთქვა, რამდენს ვფიქრობ ამ თემაზე, ძალიან ბევრ დროს წაიღებდა, მას კი აშკარად არ ჰქონდა ბევრი დრო.

აქედან დასკვნა: გვჭირდება ძალიან ბევრი ლამაზი, ჭკვიანი, რეალიზებული და განათლებული ქალი–დედები, რომლებიც თანაზიარნი იქნებიან იმ პასუხისმგებლობისა თავიანთ ქმრებთან ერთად, რომლებიც კარგად გააზრებულად მიიღეს. ზუსტად ვიცი ამაში არავინ შემედავება:)

ამის შესახებ ფბ–ზეც დავწერე სტატუსად. შაბათს მე და უტას მაღაზიაში ერთი ქალი შეგვხვდა, 8 თუ 9 შვილის დედა, ქმარს მიუტოვებია. მიუხედავად იმისა, რომ ერის გამრავლების იდეას  მხარს ვუჭერ, ვფიქრობ ზომიერება ყველაფერში საჭიროა.

ის ქალი, კი არა მგონია ბედნიერი ყოფილიყო. ძალიან დაბნეული ამბობდა, ვერაფერი მოვიფიქრე რა უნდა მეყიდაო. ჩვენ ცხოვრებისეული ჭაპანის ერთად და ერთგულად თრევა გვისურვა და წავიდა. ძალიან შემებრალა. მეორე დილით დავწერე, რომ კაცებს შვილები არ ჭირდებათ, სჭირდებათ მუდმივად ნოტიო საშო და კაცებში ქართველი კაცები ვიგულისხმე. თუ ვინმეს შეურაცხყოფა მოგაყენეთ, არ მიიყენოთ:)

Read Full Post »

იმ ავადსახსენებელი ღომის შემდეგ , დღეს მეორე იაღლიში მომივიდა. იაღლიში ცოტა მსუბუქი ნათქვამია, იმასთან შედარებით, რაც დღეს დამემართა, მაგრამ  სულ ცოტა იყო ჩემი ბრალი და დანარჩენი ინტერნეტის.

დილით გადავწყვიტე სოუსი გამეკეთებინა, ვიყიდე ხორცი პირველად ჩემს ცხოვრებაში და ასევე პირველად შევუდექი მის კეთებას. თავიდან ყველაფერი მშვენივრად აეწყო, თუ არ ჩავთვლი იმას, რომ დანა კარგად არ იყო გალესილი და ხორცის ხერხვა მომიწია, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე ვიყავი მონდომებული, რომ გემრიელი კერძი გამეკეთებინა და ეხლა ამას, რომ ვწერ, მგონია სხვის ლექსიკას ვიყენებ.

მოკლედ , დავხერხე ხორცი, დავჭერი ხახვი, მერე ზეთში და ტომატში მოვშუშე ხახვი, მერე კი ჩავყარე ეს ჩემი დახერხილი ხორცი. ასეთი თანმიმდევრულობით სოუსის გაკეთება  მეგობარმა მირჩია, ხოდა ცოტა ხანში რაც მე ეს “კონტენტი” ჩასაშუშად (რა სიტყვები გვაქვს) გაზზე დავტოვე და ცოტა ხნით სკაიპში ვწერდი უტას, მობრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი ჩამწვარი და გაშავებული იყო . ხოდა ვეღარ მომითმინა გულმა და მოვრთე ღრიალი. სკოტი შემოვიდა და გაკვირვებული მიყურებდა, ეგონა ვიღაც მომიკვდა, მერე კი როცა გაიგო ამ დახრაკული კერძის ამბავი, რესტორანში დამპატიჟა.

ახლა კი ამბავი მეორედ დაწყებული სოუსის კეთებისა, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა. ელემენტარული ხარვეზები კი იქნება, მაგრამ პრეტენზიებს კატეგორიულად არ ვიღებ!!! ხოდა  მაინც წავედი, ვიყიდე ხორცი და კარტოფილი, ისევ დავხერხე და იგივე თანმიმდევრობით მივშუშ– მოვშუშე, გაზს არ მოვშორებივარ, სულ მის გვერდით ვტრიალებდი, ხოდა საბოლოო ჯამში კერძიც მზადაა და მოთმინებით ელოდება იმას, ვინც მივა და მისით პირს ჩაიტკბარუნებს. მე არ მინდა!!!

ჰოდა ეხლა არაფრის თავი აღარ მაქვს, მივეგდები და დავიძინებ. ახლობლებს კი ვთხოვ, შენიშვნებს არა ვართ:)

Read Full Post »

ამ პოსტის ინსპირაციის წყარო, ჩემი უმცროსი დის პოსტია, რომელიც იმდენად ემოციურია, რომ თავი ძლივს შევიკავე კითხვის პროცესში. ამ წინადადებამ კი  “შეწყვიტა მზემ სიმღერა და ალუბლიან ჭიქას წყალი დაასხა და მერე ერთ-ერთ ჟურნალს დახედა,  რომელზეც არასრულფასოვნების სინდრომით მკვდარ კაცზე იყო ლაპარაკი. დიდი არაფერი,  წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ან ხუთჯერ არასრულფასოვნების სინდრომით შეპყრობილი ადამიანები თავს იკლავდნენ. ხიდიდან ხტებოდნენ“, პოსტის  დაწერა გადამაწყვეტინა ჩემს ძველ კომპლექსებზე და სხვადასხვა არასრულფასოვან შეგრძენებებზე, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ მოვიშორე, როცა მეგობრის სარდაფში არაყის სმა დავიწყე და ორ კვირაში ის არაყი სამმა გოგომ გამოვცალეთ. ეს არაფერი ამბავია, არც გავლოთებულვარ და მაშინაც და დღესაც  დასანახად არ მინდა ლოთი კაცები და ლოთი ქალები, უბრალოდ ამ ამბების შემდეგ მივხვდი, რომ საერთოდ არ იყო საჭირო ამის კეთება.
მოკლედ, რომ ვთქვა ჩემი კომპლექსები და არასრულფასოვნების შეგრძნებები ბავშვობის დროინდელია და რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: პირველი საბავშვო ბაღი, როცა იქ გამუდმებით ველოდებოდი დედას, რომ მოსულიყო და წავეყვანე, რადგან ბაღი საშინლად არ მიყვარდა. ნეონის შუქით განათებული ოთახის მიღმა იყო სიბნელე  და მეშინოდა დედაჩემს სულ მთლიანად არ დავვიწყებოდი. ჰოდა მამებს რატო არ გამოჰყავთ საკუთარი შვილები ბაღიდან? ეს კითხვა ეხლა დამებადა. მე ,როგორც პოტენციური დედა, რომელიც როდესმე  ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობას იგრძნობს აუცილებლად გააჩენს ბავშვს, რომელსაც არასდროს მიაბარებს ბაღში, რადგან ბაღში და სკოლაში ყოველთვის არიან ისეთი სქელტრაკა დეიდები, რომლებიც ბავშვებს უმახინჯებენ ბავშვობას. ჩემს შემთხვევაშიც იყო ასეთი და მე ის, ძალიან ვეცადე დამევიწყებინა, მაგრამ სიამოვნებით ვიგონებ დოდო გამგეს, რომელიც დღესაც მშვენივრად და ახალგაზრდულად გამოიყურება.
და კიდევ შემდეგი, არასოდეს უნდა შეაშინო ბავშვი ვინმე ექიმი აიბოლიტით, რომელიც მოვა და ნემს გაუკეთებს.
არასოდეს უნდა შეინახო თმებში ნანახი ტილი ქაღალდში და არ დაახვედრო მშობელს, რომელიც საღამოს ბავშვის წასაყვანად მოვა.
არასოდეს უნდა დააძალო მანის ფაფის ჭამა, შეიძლება მას ამაზე გული ერევა.
ეს ამბავი მე შემემთხვა. სქელი ოქროსფერი თმები მქონდა და ტილებიც მყავდა რა თქმა უნდა, ბაღის გადამკიდე. ყოველ დილით ფანჯარასთან დამსვავდა დედაჩემი და თავს მისუფთავებდა. მაშინ, ძალიან მეშინოდა “ტილების რევიზია”–ს ჩემთანაც არ აღმოეჩინა რამე. ხოდა, როცა ერთხელ მაინც გამომიჭირეს, ჩემი უცოდველი ტილიანად, იმ დეიდამ, რომელიც მე უცენზურო სიტყვით მოვიხსენიე, ეს ტილი ქაღალდში შეახვია და შეინახა, რომ დედაჩემისთვის ეჩვენებინა.ნეტა ჩემი ტილები ჩემსავით კლაუსტროფობები თუ იყვნენ?
😦
არასრულფასოვნების მორიგი კომპლექსის მიზეზი  მშობლების დაშორება იყო. ეს ფაქტი დღესაც კარგად არ გამიაზრებია. ყოველთვის აგრესიულად  ვაფიქსირებდი, რომ რაც მოხდა, იმისთვის მოხდა, რომ შემდეგ ყველაფერი უფრო კარგად ყოფილიყო, თუმცა გულის სიღრმეში ალბათ მეც მინდოდა ნორმალური ოჯახი, უფრო მეტად კი ის მირჩევნოდა ცნობისმოყვარე დეიდებს და ბიძიებს თავი შეეკავებინათ იდიოტური კითხვებისგან და დარიგებებისგან:”ამხელა გოგო ხარ, შეარიგე დედაშენი და მამაშენი” და კიდევ მრავალი ასეთი, რომელსაც ხანდახან გაკვეთილზეც მეუბნებოდნენ თანაგრძნობის ტონით.
კიდევ იყო ბევრი სხვა დანარჩენი, რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს. საკუთარ თავთან გამოკეტვა, დღიურების წერა, საკუთარი ფიზიონომიური მონაცემებით უკმაყოფილება, უსიყვარულობის შეგრძნება, ასოციალურობის განცდა და მრავალი სხვა და ეხლა ვფიქრობ, შეიძლება ნეტა ამ ყველაფრის გამო ადამიანი გადახტეს ხიდიდან და მერე ეს ამბები გაზეთებმა დაბეჭდონ?

რაც მართალი, მართალია ! გაზეთებში ამ მიზეზით მოკვდინებულ ადამიანებზე არაფერი წამიკითხავს და წლები გავიდა ,  რაც გაზეთი აღარ მიყიდია.

ბოლოს ისევ მირანდას პოსტს დავუბრუნდები და ისევ ერთ ნაწყვეტს მოვიშველიებ. “მზე უფრო ახლოს მიიწია.  ქალი ჩურჩულებდა,  ქალი ამბობდა,  ქალი თხოვდა,  ქალი ბრძანებას აძლევდა:  ,,მზეო გთხოვ გამათბე, გთხოვ სითბო მომეცი მაგ ვარდისფერი ხელებით,  მაგ კეთილი თვალების გამო.  მომეცი სინათლე, არ დაიშურო ჩემთვის ის, რაც სხვისთვის არ დაგიშურებია, არ დაგიმადლებია. მომეცი ღმერთო სხივი, რომ ამ სხივით ის გითხრა, რასაც მთელი სიცოცხლე ველოდი, რომ გეტყოდნენ, მადლობა მზეო, მადლობა, რომ გვათბობ, მადლობა რომ სულს გვინათებ! მადლობა, რომ არ გვტოვებ, მადლობა, რომ ფიქრები ცაში აგაქვს, მადლობა რომ ჩვენზე ფიქრობ, მადლობა, რომ იმედს გვაძლევ, მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ, მადლობა რომ ამდენი წელია ესე ძლებ, ნუ ტირი მზეო, ნუ ტირი იმ ცრემლებით, რომლებსაც ხვალ სხივობა უნდათ- ხვალ სიცოცხლე უნდათ, ნუ ტირი მზეო… მზე კი იდგა და ტიროდა. იდგა და ტიროდა. საინფორმაციოებში კი აცხადებდნენ, რომ მზეზე აფეთქებები ხდებოდა”.

ხოდა ტყუილად არ ვამბობდი ზემოთაც, რომ გაზეთებში და საინფორმაციოებში დეზინფორმატორები სხედან:)

მე კი ეს პოსტი ძალიან მომეწონა. პოსტის ავტორს კი ვეტყოდი, რომ რა მოხდა მერე თუ კლასელები ვერ გვიგებენ, ვერ გვემეგობრებიან, თუ იმ ბიჭებს არ მოვწონვართ, ჩვენ რომ მოგვწონს და ა.შ. აი, მე მაგალითად არასდროს მოვწონდი ეკონომიკური ფაკულტეტის კურსის სტუდენტ ბიჭებს, იურისტებს, მომავალ დიპლომატებს და მომავალ მენეჯერებს, ჩემი სკოლის მეგობრები ვერასდროს მიგებდნენ, მხოლოდ მაშინ დამიახლოვდნენ ისიც ცოტა ხნით, როცა გაიგეს, რომ უფროსკლასელ ბიჭს შევუყვარდი. იმ ბიჭით ისინიც მოხიბლულები იყვნენ. მათ ჰქონდათ რაღაც გაერთიანებასავით “სალაქეთა”– სალომეს,ლალის, ქეთის  და თამუნას სახელებისგან შემდგარი სიტყვატა აბრევიატურა, სადაც ჩემი სახელი ვერ მოხვდა. მაგრამ, ამით არაფერი შეცვლილა, არაფერი შეცვლილა იმის გამო, რომ ხუთოსან ლექსოს არ ვუყვარდი, არაფერი შეცვლილა, რომ იმ აბრევიატურაში ჩემი სახელი სახელი ვერ მოხვდა და დასამწუხრებელი სულაც არაა, თუ ბავშვები ვერ გიგებენ.

მთავარია, რომ შენი ემოციები გულწრფელია და მადლობა, რომ ასეთი ლამაზი ფორმით მიმახვედრე, რომ კარგი იქნება თუ ხანდახან მადლობას მოვუხდი მზეს, რომ ანათებს.

წაიკითხონ, მხოლოდ ნათესავებმა:)

Read Full Post »

სკოტი საქართველოში პირველად არაა, ბევრჯერ არის ნამყოფი, ცოლიც ქართველი ჰყავს და ბევრი ქართველი მეგობარიც. ამ დროის განმავლობაში მან ცოტა, მაგრამ პრაქტიკული ქართული მაინც ისწავლა. ეხლაც თავის საქმეებზეა ჩამოსული ერთი კვირით.
მეუბნება, რომ თუ ამერიკაში ერთი დღე ჭირდება ბიზნესის რაღაც საქმის კეთებას, საქართველოში სამი დღე, მაშინ როდესაც აქ ძალიან კარგი პირობებია ბიზნესისთვის. „კარგ პირობებში“ სკოტი ბიზნესის ხელშეწყობისთვის კარგ გარემოს ნამდვილად არ გულისხმობს. ამ ყველაფერში საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს პოტენციალი იგულისხმება, რომელსაც სამწუხაროდ ყველაზე მეტად, სწორედ ეს რეალური ხელშეწყობა აკლია.
რამდენიმე დღის წინ ვაკის აუზზე ვიყავით ერთად, სკოტმა დამპატიჟა, თორემ მე საკუთარი ხარჯებით კარგა ხანს ვერ მოვახერხებ სინანულის გარეშე იქ შესვლას. მანამდე პეკინის თითქმის ყველა ტანსაცმლის მაღაზია დავლაშქრეთ, რომ კაცის საბანო შორტი გვენახა, რომელიც ფიზიკურად არ არსებოდა.
„შორტი მინდა, საზურაო ტრუსი“– ეუბნება სკოტი მაღაზიის გამყიდველს.
„არ გვაქვს. სეზონურად გვაქვს ხოლმე კაცის შორტები, ძირითადად ზაფხულობით“– გვეუბნება სპორტული მაღაზიის გამყიდველი.
სეზონურად რას ნიშნავს, ზამთარში არ ცურავთ?– იცინის და გამოვდივართ მაღაზიიდან. ბოლოს ისევ „პუმას“ მივადექით და იქ უკვე იყო შორტები, რომელიც 69 ლარი ღირდა.
ნამდვილი კრიმინალია– თქვა სკოტმა და საბოლოო ჯამში მაინც იყიდა. ვაკის აუზზე კი კიდევ ერთი კრიმინალური შოკი მიიღო, როდესაც 340 ლარი გადაიხადა ჩვენ ორისთვის.
ნამდვილი კრიმინალია– თქვა ისევ. მე არც გამკვირვებია,ასეთი კრიმინალი ხომ ჩვენი ყოველდღიურობაა.
ყველაფერი ძვირია. ნამდვილი კრიმინალია. არანორმალური სიტუაცია. ნამდვილი სიგიჟეა– სიტყვები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში მისგან მესმის და ნამდვილად ასახავს ქართული ყოფიერების მაგალითს. ნამდვილად ვეტანხმები ამ ყველაფერში, ვეთანხმები იმაშიც რომ ეს ყველაფერი სიგიჟეა და რომ ჩვენ ყველა ამ სიგიჟეში გაუპროტესტებლად ვცხოვრობთ, რომ ეს სიგიჟე ანუ ქართული კრიმინალი პიროვნების ყოფის თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებს. კონტროლდება მასწავლებლის სურვილი, გადარიცხოს ან არ გადარიცხოს მიზერული თანხა მისთვის სასურველ პროფკავშირში, კონტროლდება მანქანის მეპატრონე, თავისი დაბურული და არადაბურული შუშების გამო, კონტროლდება სკოლა, მასწავლებლები, მოსწავლეები, დირექტორები, საჯარო მოსამსახურეები, ბავშვები, ექიმები, ბაღის მასწავლებლები და ა.შ
ეს ქართული „ლიბერალურ–დემოკრატიული“ წყობის დამახინჯებული სახეა, რომელიც ყველაზე მეტად წააგავს კრიმინალურ წყობას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აუღელვებლად ჭამს.
ხოდა ეს ქვეყანა მთლიანად კრიმინალია.

Read Full Post »

„უამრავი იდეები მაქვს, მაგარი იდეები, მალე მათი განხორციელების შესაძლებლობაც მექნება და მაგრად გაგახარებ“ – ამბობს და მწვანე პერანგს და ღია ფერის ჯინსს იცვამს.
იდეები გექნება, მაგრამ დრო არ გექნება– ვეუბნები და ისე არ მინდა რომ მიდიოდეს.
მწარე ყავასავით ვარ დილით.
ისწავლიან მონტაჟს და მერე უკვე უფრო მეტი დრო მექნება– ამბობს და თავის სუნამოს ისხამს. სამი დღის წინ კი სუნამოები გავცვალეთ, ის ჩემი მოგონებების სუნად იყო გაჟღენთლი, მე კიდე ჰუგო ბოსი მესხა, რომელიც მას არაფერს ახსენდებდა, გარდა იმისა, რომ კაცური სუნით ყარხარ– ასე თქვა. დღეს ისევ თავის სუნებს დაუბრუნდა.
ეგ შეიკარი,სულ  რომ გავიწყდება შეკვრა– ვამბობ მე და მეძინება.
მწვანე პერანგი და ღია ფერის ჯინსი უხდებიან ერთმანეთს.
შენთვის მართლა ლამაზი ვარ? ვეკითხები ისევ და მინდა ძილი გავაგრძელო. სარკეში საკუთარ გაბურძგნულ თავს ვხედავ, ვერაფერი კარგი დასანახია. ისევ ჩავიშმუშნე საბანში.
ცოტა ხნის წინ თეთრეული გავფინე იმ მხარეს, სადაც მზე არასდროს უდგება, მაგრამ ეს დიდად არ მადარდებს, როდესმე ხომ გაშრება. დღეს კი წითელ კოპლებიან თეთრეულს გავშლი. ჭკუა მეკეტება კოპლებზე, ყველანაირი ფერის კოპლებზე.
მისი წასვლის მერე ჩემებური წესრიგი დავამყარე, კომპიუტერი ჩავრთე და ფარდა გადავწიე. მზის სხივებმა წინა კორპუსში მერვე სართულზე მცხოვრები კაციც შემოიტანა ოთახში. სიგარეტს ეწეოდა. ეს კაციც მომბეზრდა უკვე…
დღეს საღამოს ახალი რეცენზიის წერას ვიწყებ. “ობიექტურად დაწერე იცოდე, როგორც იყო ისე დაწერე”– ამასაც მეუბნება და მე კი ზუსტად არ ვიცი რას დავწერ იმ კაცზე, რომელიც ხან მიყვარს და ხან კი ისე მთრგუნავს, მერე ვეღარავინ ვეღარ მანუგეშებს. გუშინ ვნახე მისი ფოტოები. როგორ დაბერებულა.
უფრო საღამოს კი ანინას ლიტერატურულ საღამოზე ვაპირებ მარტო წასვლას. მანამდე კი ვიყიდი ვაშლს, სტაფილოს და ნადუღს ქალისგან, რომელიც უშვერი სიტყვებით ლანძღავს რძალს, ბოზს და მარკეტიდან მოთრეულს ეძახის, მხოლოდ იმიტომ,რომ ერთხელ ნადუღი ვერ ამიწონა იმ უბადრუკ სასწორზე. ხოდა შეიძლება სულაც არ ვიყიდო ნადუღი, იმ შემთხვევის მერე გული ამიცრუვდა ნადუღზეც და ყველაფერზე. არადა  ის პატარა კუდიანი როგორ იწყევლებოდა. მე კი გავიფიქრე :”რა დროს წყევლაა ცალი ფეხი სამარეში გიდგას, თან რა უშნო ხარ.” ის გოგო მართლაც ლამაზი იყო. ლამაზი და კარგი გოგო. სასწორი თუ კარგად ვერ მუშაობს რა იმ ლამაზი გოგოს ბრალი იყო, ასე სიძლვილით, რომ ლანძღა შუა ქუჩაში იმ დედაბერმა..

 მეც არ ვიცი ელექტრო სასწორზე ნადუღის აწონვა, სიცხის და წნევის გაზომვა და კიდე სხვა მრავალი. აბა მოვიდეს და ვინმემ რა მითხრას:)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: