Feeds:
Posts
Comments

Archive for December, 2010

ეხლა, თითქმის ყველა ბლოგერი წერს წლის შემაჯამებელ პოსტს, ზოგ მათგანს უკვე დაწერილი აქვს ალბათ, მე კი როგორც ყოველთვის ასე გვიან შემოვიტოვებ. ორ დღეში, ახალი წელი მოვა, მზად ვარ ჩემი ვეფხვის წელიწადი გავაცილო და ყველაფერი ცუდი მას გავატანო და ისევ სუფთა ფურცლით დავიწყო ახალი წელი. მომაბეზრებელი სიტყვებია, მეც ვხვდები ისედაც. რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას გავიხსენებ, რაც 2010 წელს მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

ამ წელს, დავანებე  რადიოში მუშაობას თავი და სხვა სამსახური ვიშოვე, სადაც მე ვფიქრობ ჩემი მრავალწლიანი შემოქმედებითმა უძრაობამ დნობა დაიწყო და მეც ბევრი რამის სწავლა და კეთება მომიწია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სულ რაღაც 2 თვე გაგრძელდა, ჩემი ცხოვრების ერთ–ერთ მნიშვნელოვან ეტაპად იქცა, როგორც შემოქმედებითი თვალსაზრისით ისე მორალურადაც. მერე ისიც დავკარგე და მერე გავთხოვდი.

გათხოვების მიუხედავად, მაინც ვერ შევეჩვიე სიტყვებს “გათხოვება”, “მეუღლე”, “ქმარი” და “ჩემი ოჯახი”, ზუსტად ამის გამო მე არ მყავს არც დედამთილი და არც მამამთილი, მული და მაზლები, ნუ კი მყავს მაგრამ, ისინი უტას დები და ძმები და მშობლები არიან, არც მე არ ვარ რძალი, არც უტა არ არის სიძე, არც მას ჰყავს სიდედრი და სიმამრი და ა.შ. მოკლედ, მე მაინც მგონია, რომ ქართული ტრადიცული რძალ–დედამთილობის  და სიძე–სიდედრობის ეს  გაუკუღმართებული ინსტიტუტი (დამახინჯებულ ურთიერთობებს ვგულისხმობ, მარტო) განსაკუთრებით მახინჯდება სამეტყველო ურთიერთობის დამახინჯების შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ბრჭყალებში მოცემული სიტყვები, ჩვეულებრივი ლინგვისტური ფორმალური თავისებურებებია, რომლებიც დროთა განმავლობაში ძალიან  გაიცვითა და დღევანდელ ისტორიულ დროსთან, უკვე არაადექვატურად  და ნეგატიურ კონტექსტში გამოიყურება , მაინც მგონია, რომ ეს სხვადასხვა დროს გაჩენილი საზოგადოებრივი მეტყველების წარმონაქმნები,დღეს  უკვე გადასაფასებელია და დროა დამდგარი, ახალი ენობრივი ურთიერთობის დასაწყისისათვის.

ამ წლის და კიდე წინა ორი წლის ჩემი ბექგრაუნდი უტაა და ძირითადად, ყველაფერი მასზეა დაშენებული, ამ პოსტში არ მოვყვები, თუ როგორ მიყვარს, რატო მიყვარს, რას წარმოადგენს და რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩემთვის, რომ რამე ვაკეთო, რამე მინდოდეს, ყველაფერი მას უკავშირდება ისედაც, ჩემი გეგმები და ჩემი სურვილები, ჩემი ამბიციები და ჩემი დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობა, ამიტომ ეხლა ჩემს წარუმატებლობებზე გადავალ.

“უფხო” ნიშნავს თევზს, რომელსაც ფხა არ აქვს და ასეთი თევზის წარმოდგენა ალბათ არავის გაუჭირდება, როგორ საცოდავად სცდილობს, მოიქნიოს თავისი უფხო სხეული. უფხო ვარ მეც, ბებიაჩემიც ესე მეძახდა,” უფხო და უცხვირპირო” და “ოჯახში არშესაშვები” და კიდევ ბევრი რამეს მეუბნებოდა, ხოდა მე მაშინ სულაც არ ვბრაზობდი, როცა არც ქათმის და არც თევზის გამოშიგვნას ვსწავლობდი მის გვერდით. ხოდა უფხო არ ვარ, როცა ქათამს თავის კუჭიანად მოხარშავ, ხორცის სოუსს ჩაწვავ და ნახშირად აქცევ, ღომს უნიტაზში ჩაასხამ, ერთ დღეში ლობიოს ისე აამჟავებ, რომ თავსაც მოიწამლავ და ქმარსაც მოწამლავ? მოკლედ, კულინარიულ შეცდომებსაც 2010 წელს ვატან:)

ფინანსური თვალსაზრისით, თეთრი ვეფხვის წელიწადი ჩემთვის წარმატებული სულაც არ ყოფილა. ვეფხვი ჩემი წლის ნიშანია და  მისგან განსაკუთრებულად, ფინანსურ დივიდენდებს ველოდებოდი, მაგრამ არა უშავს,სარგებლის მოტანის თვალსაზრისით პოტენციურად 2011–იც შეიძლება იყოს.

ჩემს ერთ–ერთ სურვილად, ჩემი ბლოგის გე – დომენზე გადაყვანაც მოიაზრება, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ, რადგან ყველაფერი ისევ  ფინანსებთანაა კავშირში და არც ჩემი ბლოგი არაა ისეთი, რომ მისგან ფიდბექებს ვიღებდე ფინანსური თვალსაზრისით, ამიტომ სანამ ბლოგები არ გახდება გაყიდვადი, მეც მგონია, რომ იქამდე თავს შევიკავებ, თან  ვორდპრეს.ქომი–ც ჯერჯერობით ღირსეულად და ერთგულად  მემსახურება.

ამ წელს მქონდა, რამდენიმე ლიტერატურული აღმოჩენა და  რამდენიმე ლიტერატურული ჩავარდნა და ეხლა არცერთზე არ ვაპირებ ეხლა წერას.

სხვა რა დავწერო არ ვიცი. მინდა ჩემმა ბლოგმა იმდენხანს იარსებოს, რომ მერე ჩემმა შვილიშვილებმა და შვილებმა იკითხონ, თუ რათქმაუნდა თოვლის ბაბუა მომიყვანს ერთ შვილს:)

ყველას ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ.

პ.ს ადრე შობის ღამეს, მაგიდის ქვეშ ვძვრებოდი და იქ წიგნებს ვკითხულობდი. ასე გამიგია, ეგრე საშობაო სურვილები სრულდებაო.

Read Full Post »

ალბათ, არც გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ სულაც ვერ ვგრძნობ ახალი წლის მოახლოებას, მგონი ყველა ასეა. გუშინ, სხვისი ნაძვის ხე გავაწყვეთ სხვის სახლში, სხვისი სათამაშოები დავკიდეთ ნაძვის ხეზე, ფერად “წვიმებს” რომ ვუყურებდი, ჩემი ბავშვობის ოცნებები მახსენდებოდა, რომელსაც ეხლა ცოტა სხვანაირად განვახორციელებდი. მოკლედ, არც სხვისი ნაძვის ხე და არც სხვისი სათამაშოები, არ არის გასაკვირი და საერთოდაც არაფერი მიკვირს ამ ბოლო დროს.

გარდა იმისა, რომ მთელი კვირა დღე უტამ ჩემთან ერთად, სახლში გაატარა, იჯდა კომპიუტერთან და რაღაც, მინიკლიპებს თამაშობდა, მე კიდევ ვიჯექი მასთან ახლოს და თბილ შალში გახვეული, ჩემს წიგნებს ვკითხულობდი, თან ვუყურებოდი როგორ აღებდა პირს, როცა ვინმე უგებდა ან თითონ უგებდა. რაც, შეეხება თამაშებს, ვერ ვარ ღირსეული პარტნიორი , არ ვიცი კომპიუტერული თამაშები, არც სურვილი მაქვს ცოდნის, არ ვიცი ასევე კარტის თამაში, ერთი ეგ ვიცი, რომ “ჯოკერი და კოზირი” უპირატესია და “ტუზის” დაცემა, ყველა “პონტში” ცუდი პონტია:)

კიდევ, ერთი ესეს წერა დავიწყე, ეს ყველაფერი კი მზიან ფანჯარასთან გატარებული დღეების პროდუქტია. რამდენიმე, სქელტანიან წიგნს ვკითხულობ ერთდროულად და დავასკვენი, აუცილებელი რამაა სწორედ, რომ სქელტანიანი წიგნების კითხვა.

არ მაქვს ფული, არცერთი თეთრი და ლარი, ამის გახსენებაზე კი ეს ეკონომიკური დეპრესია უფრო და უფრო მიმძაფრდება, არადა როგორ მინდა ახალი წლის დილით საჩუქარი დავახვედრო  ნაძის ხესთან (აქ არ არის შეცდომა). ჩემს საყვარელ ადამიანებს, საშობაო საჩუქრები შევურჩიო და ა.შ და ა.შ

დღეს კიდევ, ერთხელ დავიგრუზე საკუთარი თავის გამო და ასევე საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აღარვის აღარ მოვიხსენიებ ცუდად, ყოველშემთხვევაში ძალიან შევეცდები, აღარც ის მაინტერესებს ვინ კონფორმისტია და ვინ ნონკონფორმისტი, ამის გამო არავის განვსჯი და საერთოდაც ყველას შევეშვები, რადგან სხვისი განსჯა ჩემი საქმე არაა და სხვებმა გააგრძელონ გადაუმოწმებლად ტალახის სროლა “დამნაშავეებისთვის”.

დღეს, კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ხშირად უნდა დაუჯერო საყვარელ ბიჭს, აი მაგალითად თუ ის გეუბნება, რომ ჭურჭლის სარეცხი ხელთათმანები L ზომა უნდა იყიდო, შენ არ უნდა იწუწუნო, რომ  M ზომა უფრო უკეთესია, რადგან ხელზე კარგად გაქვს მომდგარი და არც გძვრება, რა იცი რა დროს გამოგადგება ეს L ზომა, განსაკუთრებით, მაშინ თუ ცოლი პროფესორობს და ჭურჭლის რეცხვა თქვენ მოგიწევთ.

მოკლედ, გავყიდი სექსუალურ ფანტაზიებს, საახალწლოდ ერთი საჩუქრის ფული მაინც, რომ მოვაგროვო, სხვა გასაყიდი არაფერი გამაჩნია!!!

Read Full Post »

მინდა ვიცოდე , როგორ მიიღწევა კათარზისი. შეიძლება სახეში ირტყა ხელი და ლოყები დაილურჯო, მაგრამ მგონი ამით ვერაფერსაც ვერ მიაღწევ. ამ საკითხის ასე პრაგმატულად და აბსურდულად გადაჭრას, მე ვცდილობ. კათარზისის არსი თვითგვემაში და მაზოხიზმში, რომ მდგომარეობდეს, მაშინ ყველაფერი ძალიან მარტივად იქნებოდა და მეც ასე სერიოზულად აღარ მივუდგებოდი ამ საკითხს. მოკლედ არც შიში და არც თვითვემა , არ არის ის პროდუქტი, რითაც შეიძლება კათარზისი გამოიკვებოს. ყველაფერი კიდევ უფრო სიღრმისეული და სულისმიერი ამბავია და ამის გათვიცნობიერება, შეიძლება დროზეც იყოს დამოკიდებული.

სამაგიეროდ, ვისწავლე, როგორ უნდა გავუკეთო ქმარს გემრიელი კერძი ბრინჯისგან და მწვანილოვანი კარტოფილი, რომელიც მეორე დილით ლამაზ ჭურჭელში ჩააწყო, თავი დაახურო და სამსახურში გაატანო.

გუშინ , ერთ ძალიან სერიოზულ და ჭკვიან კაცზე, კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე, ეს სულაც არ ყოფილა თვითმიზნურად გადადგმული ნაბიჯი, ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა, რადგან ადამიანებს სადღაც გულისსიღრმეში ძალიან სიამოვნებთ, როდესაც არ ატყუებენ და ბრტყელ–ბრტყელი სიტყვებით არ აბოლებენ და როცა გულწრფელად უყვებიან სისუსტეებზე და ამას ხმამაღლა აღიარებენ. ხოდა მან თქვა, რომ ცოტა გიჟი უნდა იყო, რომ “ასეთი” რამ მოგინდეს, ანუ ცოტა უფრო არასტანდარტული, სხვა სტანდარტულებთან შედარებით და ის, რომ როგორც დღეს, მე ვაზროვნებ, “აქ ” ერთწლიანი სასწავლო კურსის შემდეგ აზროვნებენ:))

ცოტა ხანში, წერტილი დაესმება ჩემს სახლში ჯდომას და ეს ყველაზე მეტად მიხარია და ის კიდევ, რომ სწავლის გაგრძელებას ისევ შევძლებ და გუშინ კიდევ იმაში გამიმართლა, რომ სწორედ იმ საკითხზე წამიკითხავენ ლექციებს, რის გამოც ხელახლა მომინდა სადმე ჩაბარება და ერთ– ერთ ლექციის კურსს ლევან გიგინეიშვილი უხელმძღვანელებს.

ხო კიდე, ვიცი ყველაფერი კარგად იქნება.

Read Full Post »

ეხლა კულინარიული საღამო მექნება და ამჯერად, აღარ მოვყვები განცდილ მარცხებზე და გურმანულ შეცდომებზე. პირიქით დავწინაურდი ამ ასპარეზზე და ამ საღამოს შევუდექი კატლეტების მზადებას. არის ასეთი თევზი, პანგასიუსი ჰქვია, უფროსწორად თევზის ფილე, თევზსაც ჰგავს გარეგნობით, მოკლედ  რა მნიშვნელობა აქვს ამას, მთავარია, რომ როცა გაკეთებას გადაწყვეტთ, ორი საათი წყალში უნდა გააჩეროთ და შემდეგ გაატაროთ ხორცის მანქანაში, ასევე შავი პურის გატარებაც მოგიწევთ და დანარჩენი ჩვეულებრივ, რაც ჭირდება გემრიელ კატლეტს, მწვანილი, ხახვი, ნიორი და თქვენ, კიდევ შეიძლება უფრო მრავალფეროვანი ინგრედიენტებითაც აზავებდეთ. ამ კატლეტის მომზადებაში, მთავარი ის იყო, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა და მეც, ამიერიდან აღარ ვაპირებ თავზე ლაფის დასხმას, ერთხელ ჩამწვარი სოუსის გამო.

ჰოდა ხვალ მთელი დღე, გული მშვიდად მექნება, რომ ოჯახის ერთი წევრი დანაყრებული წავა სამსახურში და მეც არ მომიწევს შფოთვა, მორიგი კერძის მომზადების გამო, ხვალ სხვა გეგმები მაქვს…

ეს კი შექსპირის ლექსია, რომელიც წინა წელს თბილ და ღუნღულა საახალწლო განწყობას მიქმნიდა და მობილურის დრაფტებიდან არ ვიშორებ♥

როცა ირთვება ჭირხლით მინები და მწყემსი დიკი ყინვაში ხვნეშის,

შინ მიტანამდე რძე იყინება და ტომს შემოაქვს ღერები შეშის.

გზას, რომ გაჰყვება ჭყაპიანს, საშიშს, ბუ ღამის ჰანგებს დასძახებს მაშინ:

“ტუ–ჰუ–ტუ–ჰუ” ხმა გესმის ლხენის, თუ წვნიანს ხარშავს ფაშფაშა ჯენი.

 როცა ქარბუქი მოთქვამს და ტირის და სოფლის ხუცესს ახრჩობს ხველება,

 ფრთებით ქექავენ თოვლს ფრინველები და  მარიანას უღუის ცხვირი,

 როცა შემწვარი შიშინებს ვაშლი, ბუ ღამის ჰანგებს დასძახებს მაშინ:

“ტუ–ჰუ–ტუ–ჰუ” ხმა გესმის ლხენის, თუ წვნიანს ხარშავს ფაშფაშა ჯენი.

ყველას, კარგ განწყობას გისურვებთ♥♥♥

Read Full Post »

ამ დილით ვფიქრობდი, განსაკუთრებით ის ადამიანები მიყვარს, რომლებსაც ჩემი ძალიან სჯერათ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ადამიანებს, წინასწარ ვაფრთხილებ, რომ არც ისეთი ჭკვიანი ვარ და არც ისეთი კარგი, როგორიც მათ ვგონივარ.

გუშინ მეგობარს ვწერდი, რომ სულაც არ მაქვს კარგი აურა, რომ მგონია მუდმივად ვაფორიაქებ იმ ადამიანებს ვინც ჩემთან ურთიერთობს, ვერაფრით დავაჯერე რომ მართლა ასეა, ხოდა მერე გადავწყვიტე, რაც ცუდი მაქვს ვაღიარო და არავისაც არ შევუქმნა ილუზიური დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ის მეგობარი ბათუმში წავიდა და მითხრა რას დამაბარებ, რომ წავიღოო, ხოდა ვერაფერი მოვიფიქრე გასატანებლად. ხოდა ის მეგობარი არის ძალიან ჭკვიანი გოგო.

ადრე მყავდა მეგობრები, რომლებიც ჩემს ქვეცნობიერს ისე აფორიაქებდნენ, სიცოცხლის ძალა მერთმეოდა, ამის აღიარება კი არ მინდოდა. ყველაფერი ძალიან მარტივადაა, უბრალოდ მე მაქვს დახლართვის და გაუბედურების საშინელი უნარი.

დღეს დილით, ახალგაღვიძებული, როცა თოვლის მოლოდინში ფანჯარასთან მივვარდი და გადავიხედე, უტამ მკითხა, ასე რატომ ელოდებიო თოვლს. ვუთხარი, რომ ემოციები მჭირდება, განსხვავებული და თბილი. თბილი ემოციები, ყველაზე მეტად თოვლთანაა კავშირში. გარეთ თოვს, ფარდები გადაწეული გაქვს და უყურებ, შენ კი ზიხარ კომპთან, ფეხებს გითბობს ელექტრო ღუმელი, კითხულობ მშვიდ წასაკითხებს, წერ მშვიდ და კარგ ამბებზე, ამზადებ კერძს თბილ სამზარეულოში, იცი რომ უყვარხარ ჯერჯერობით მაინც, შენც გიყვარს და მაინც თუ სამზარეულოში ვარ და ვჭრი კომბოსტოს, მწვანილს და კარტოფილს, ყოველთვის მეშინია არ დავემსგავსო იმ ქალებს, რომლებიც კარტოფილის, კომბოსტოს და მსგავსი რაღაცეების ჭრისგან, სახეზე მხოლოდ ამ რაღაცეების დაჭრა ახატიათ, ხოდა ამიტომ, ეგრევე მჭიდროდ ვკუმშავ ტუჩებს. ჩემებური პარანოიაა. ამის მერე ამ ყველაფერს ისე ვჭრი, თითქოს ფუკუიამას და ტოკვილს ვკითხულობდე:)

მოკლედ, კმაყოფილების შეგრძნება მოაქვს ფიფქებს, რომლებიც ჯერ არ დამინახავს და რომლებსაც ორშაბათიდან ველოდები.

გახსოვთ სკოლაში, რომ ვწერდით თავისუფალ თემებს? ჩემს კლასელებს, ყველაზე მეტად “თავისუფალი თემების” წერის ეშინოდათ, მე კიდე ყველაზე მეტად ამის გაგონება მიხაროდა. მყავდა იზო მასწავლებელი, რომელსაც ჩემი სჯეროდა და მე ის, ამის გამო დღესაც მახსოვს და ძალიან მიყვარს, არადა მასწავლებლების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. ხოდა ერთ გაკვეთილზე მას დავუწერე თავისუფალი თემა თოვლზე და მერე მთხოვა გადამიწერეო. მაშინ, სულ მეგონა, რომ სიცივისგან შეიძლებოდა ფეხები გამყინვოდა და დავკოჭლებულიყავი.

ეს პოსტი ეძღვნება, მასწავლებელს, რომელმაც ყვავილის როლში გამომიყვანა, რაღაც სპექტაკლზე და მახსოვს, ძალიან უკმაყოფილო დავრჩი, ჩემი შესრულებული როლით. მეცვა შავი კოლგოტკა და ყვითელი კაბა.ასევე ეძღვნებათ, ჩემს მეგობრებს და ბიჭს, რომელიც ყოველ დილით მკოცნის ძუძუსთან.

Read Full Post »

თავიდანვე განვმარტავ, რომ არ მიყვარს ჩაბოღმილი, დემაგოგიური, მორალის კითხვის შემცველი პოსტების კითხვაც და წერაც და ყოველთვის, როცა ასეთ რამეს ვწერ, მუდმივად მაქვს დისკომფორტის შეგრძნება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კარგი თვისება აღმომაჩნდა, ყველა პოსტი ვერ იქნება “მალინის ჩაი, ბედნიერების კრიტერიუმი და სხვადასხვა კანონზომიერებანი”–ში, რომ ემოციებია ისეთი, ხოდა არ მიყვარს ადამიანები საკუთარ ღირებულებებს, რომ მახვევენ თავზე და ხანდახან, მეც რომ იძულებული ვხდები, დროთა განმავლობაში ნეგატიურად ტრანსფორმირებული ტრადიციები, ერთ სიტყვაში “ქართველი” გავაერთიანო და მერე მოვყვე, თუ რა საძაგლები და ყველაზე უარესი ერი ვართ დედამიწის ზურგზე. უბრალოდ ზოგიერთი რამ, მართლაც არ მომწონს და ზოგიერთ თვისებას, ისტორიულადაც არ ჰქონია კარგი შედეგი.

გუშინ სკოტმა გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყო თავის რესტორანში და მე და უტაც დაგვპატიჟა, თან მერამდენედ და გუშინ უკვე ნამდვილად მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, თან ისეთ დროს, როცა ქართული სუფრის პირველი ეტაპი გავლილი დამხვდა, ანუ იქ უკვე კარგად ასწითლებოდათ მამაკაცებს ლოყები ღვინისგან და უკვე საოცარ ფრაზებს წარმოსთქვამდნენ.

“ვერა სტეიკ ჰაუსი” ამერიკული რესტორანია ვერის ბაღში, ვფიქრობ ცოტა გაპიარება სჭირდება, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია და სულ სხვა ადამიანების ზრუნვის თემა, ამიტომ ვწერ ასე მოკრძალებულად:)

სუფრაზე დამხვდა მხოლოდ ერთი  ნაცნობი ქალბატონი, რომელსაც მანამდე მხოლოდ ტელეფონით ვიცნობდი  და დანარჩენი ყველა უცნობი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიზეზების გამო, ვერც “მთვრალი ქათამი” ვერ ვიგემე, ვერც საქონლის სტეიკი, ვერც პაწაწინა ხაჭაპურუკები და კიდევ ჩემი უსაყვარლესი და უგემრიელესი ძეხვები, ვერც სალათები, რესტორანში გატარებული დრო, ჩემთვის მაინც საინტერესო აღმოჩნდა. სკოტის შეკითხვაზე, როგორი სიტუაცია იყო, ვუთხარი, რომ საინტერესო, მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ მიხვდებოდა, რა ვიგულისხმე საინტერესოში.

ყველაფერი კი დაიწყო ამ ფრაზებით, თუ როგორი გამორჩეულები ვართ ჩვენ და რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ. წარმოიდგინეთ სტუმრად გიწვევთ რესტორნის მეპატრონე, რომელიც ამერიკელია და ისედაც მოხიბლულია ქართული კულტურით, მშვენივრად საუბრობს ქართულად, ცოლიც ქართველი ჰყავს და საქართველოსთან 22 წლიანი თუ მეტი მეგობრობა აკავშირებს,ამბობს, რომ ნახევრად უკვე ქართველია, თქვენ კი მას საპასუხო პატივს აგებებთ სიტყვებით “მე არ მომწონს ამერიკული კულტურა”. ეს სიტყვები ერთმა მოხუცმა კაცმა თქვა და ასე მგონია მას, კარგად არც ქართული კულტურის გაეგება და ქართული კულტურა, მხოლოდ ტრადიციული ქართული სუფრა და ქალიშვილობის ინსტიტუტის დაცვა ჰგონია. თუ ასე არ არის მომიტევეთ. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ ვიზიარებ უკულტურო ქვეყნის სტატუს ქვეშ მოხსენიებულ ამერიკის შეერთებულ შტატების შესახებ შეხედულებას, ასეც რომ იყოს, ეს პირდაპირ უნდა ახალო კაცს?:)

ქართველების და საქართველოს უნიკალურობის გამართლების სხვა არგუმენტიც მოვისმინე. საქართველოში ცხოვრება თურმე გამართლებაა, რადგან მოწყენილობა არაა. (ეს მიშას ამომრჩეველი იქნებოდა, აბა ვიღას აქვს ასეთი პოზიტიური აზრი ქვეყნის შესახებ, სადაც ადამიანები, უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობენ, არ არსებობს საშუალო კლასი, არ არსებობს ….უამრავი სიტყვა გამახსენდა, რა არ არსებობს  საქართველოში).

ქართველების გამორჩეულობის შესახებ სიტყვები , თითქმის ყველა სადღეგრძელოში ისმოდა. რომ ისინი არიან საოცრად მომხიბვლელები, რომ ჭკუაზე გადაჰყავთ უცხო ერის წარმოამდგენლები და ა.შ.

ჩვენ, როგორც ახალდაქორწინებულებიც დაგვლოცეს. ერთმა კაცმა საშინლად გამაღიზიანა, რომელიც უტას აიძულებდა დაელია და თავისთან იწვევდა, იმ მოტივით რომ მეუღლე სახლშიც გეყოფაო (არადა, ნამდვილად არ იცის მისი სამუშაო გრაფიკი და რამდენად გვყოფნის ერთმანეთი სახლში) მერე რამდენჯერმე წამომაყენა სკამიდან, აბა ადექი, ეხლა დაჯექი, აბა ადექი დაგვენახვე, და ა.შ. თავი ხბოს  ხორცის ნაჭერი მეგონა, მყიდველი, რომ კარგად სინჯავს, მართლა კარგია თუ არა.

მერე მოგვიწონეს,რომ შევხვდით ერთმანეთს და რომ სახელების დამთხვევა, უბრალო დამთხვევა არ არის. ამას კი უძღოდა ამბავი, რომელმაც დამაფრთხო. ეს ამბავი იმ კაცმა მოყვა, რომელმაც სიმღერა სამშობლოზე გადააკეთა და მესხეთზე მღეროდა და მთელი სუფრის განმავლობაში სეპარატისტული – პატრიოტიზმით სავსე სადღეგრძელოები ისმოდა და თავი უკანასკნელი გლეხად მიმაჩნდა, გვარების გამო ისეთი ამბავი იყო ატეხილი. ქართული სუფრა მხიარულების ჟამსაც კი თანასწორობის კრიზისს შეიცავს.

“ჩვენ კაცსაც ვკლავთ, ვღალატობთ, მაგრამ ჩვენ (ქართველებმა) ვიცით, რომ ეს ცუდია და საქართველოში არ მიდის ამის კულტივირება. ჩვენ ქართველები ლამაზად ვკლავთ და ლამაზად ვღალატობთ”.

ამბავი მეორე. ნაგლეჯი რომელიღაცა სადღეგრძელოდან. ერთი მცხეთელი  კაცი, რომელსაც თავისი ცოლ–შვილი მცხეთის იქეთ არ გაუხედებია, ერთ დღესაც ეს ცოლ–შვილი აუმხედრდება და ეტყვის:”მამი სადმე გაგვახედეო”, ხოდა ეს კაცი, ადგება და პირდაპირ ლონდონში გადაახედებს თავის ოჯახს. რა მოხდა მერე, ზაფხულში ქობულეთის მაგივრად, ყველა წავიდოდა ლონდონში, თუნდაც 7 დღით. გასაკვირი თავიდან არაფერია, რომ არა ქართველი კაცის ფათერაკიანი მსუბუქი ფლირტი. რესტორანში ვიღაც ნაშას სულ სხვა ეკოცნავებოდა, ხოდა ამ ქართველმა მამაკაცმა მოახერხა რომ მასაც ჰქონოდა “ზასაობის უფლება” და სწორედ ამ საქმეში გართული აღბეჭდა ის ცოლ–შვილის სამოყვარულო კამერამ, რომელიც ის ის იყო, შემოვიდა რესტორანში. რაღაცა სერიალის ამბავს ჰგავს, მაგრამ  კაცმა ჩემს თვალწინ მოყვა ეს ამბავი. რთული გასაგებია ცოლ–შვილის ეს უწყინარი რეაქცია, მაგრამ ასევე რთული გასაგები აღმოჩნდა ჩემთვის, ამ კაცის მომდევნო ფრაზა, როცა ბრაზდება ჩართავს ამ ვიდეოს და უყურებს. ყველაზე “გასატეხი” ამ ამბავში კაცისთვის, ის კი არ იყო, რომ ცოლ–შვილმა გამოიჭირა, არამედ ის, რომ ეს გოგო სომეხი აღმოჩნდა…არც მე ველოდი ასეთ “გასატეხ”ფინალს.

“რაც კარგები ვართ, ქართველი კაცები ვართ”–წამოყვირებები შიგადაშიგ. ყველა თავის ამბავს ყვებოდა, ზოგმა ფრანგულს ღვინოში 1200 დოლარი გადაიხადა, ვიღაცამ სომეხ ნაშას ეზასავა და სომხობის აღმოჩენის მერე, მაგრად გაუტყდა, ვიღაცამ “ამ მშვენიერი მანდილოსნების” სადღეგრძელო შესვა და ვერც მიხვდა, რომ შეურაცხყოფაა ქალისთვის(ყოველშემთხვევაში ჩემთვის) იმის თქმა, რომ ქალებს გათხოვების წინ აბანოში სინჯავენ, სირცხვილია თუ ასეთი სამარცხვინო ტრადიცია, მართლაც არსებობდა ჩვენთან, სირცხვილია ნებისმიერი ბოროტება: კაცის მოკვლაც, ღალატიც, ქურდობაც ,და ა.შ და ამას არანაირი “ლამაზი” გამართლება არა აქვს ნაციონალურ–პატრიოტული გრძნობების საფუძველზე.

მოკლედ გვიან დავიშალეთ. იმ რესტორანში კი იმედია ამ ყველაფრის გარეშე მოვხვდები ერთ დღეს და სასიამოვნო დროს გავატარებ.

ხო კიდე იქ თქვეს, რომ მე ვითომ მორიდებული ვარ, არადა რა შემატყვეს?

Read Full Post »

%d bloggers like this: