Feeds:
Posts
Comments

Archive for January, 2011

ვცდილობ შევეჩვიო, სიტყვა ქმარს და ამიტომ ამ შუაღამით, საკუთარი ქ მ ა რ ი მივატოვე ლოგინში, ფანჯარა შევუღე და ვაპირებ ამ სიტყვასთან მიჩვევას. მანამდე, ჩემი დაწერილი რეცენზია, როგორც რედაქტორმა ისე წაიკითხა და მე იმ წუთას ყველა ლიტერატურათმცოდნე ფეხებზე მეკიდა, მერე იმის მაგივრად, რომ რამე თბილი ეთქვა, მითხრა ისევ შენს ნაწერზე ვფიქრობდიო და ამის მოსმენა ყველანაირ თბილს მირჩევნოდა.

ჩემი ქმარი ნუშებს ჭამს ხოლმე, დილით ვარჯიშობს, მანამდე ერთ კოვზ თაფლს და ერთ ჭიქა წყალს სვამს, ტელევიზორს ფეხზე დამდგარი უყურებს და ამბობს “რა ნაძირალაა” , როცა სძინავს ხელები კისერქვეშ აქვს შეწყობილი, როცა სძინავს მისი ყელი სუნთქავს.

ჩემი ქმარი მარტო ჩემს ნაწერებს, ჩემს ბლოგს, ჩემს ნოუთებს, ჩემს ფეისბუქის სტატუსებს, ჩემს საგაზეთო და საჟურნალო პუბლიკაციებს, ჩემს ინტერვიუებში მხოლოდ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს, დილის და ღამის ლოცვებს კითხულობს. საერთოდ, არ ადარდებს რა ხდება თანამედროვე ქართულ პროზაში და პოეზიაში და ეს მისი ერთ–ერთი განსაკუთრებული და დადებითი თვისებაა.

ჩემი ქმარი უელბეკს, მარტო ჩემთვის ყიდულობს და მერე გამყიდველ გოგოზე ბრაზდება.

ჩემი ქმარი თვლის, რომ ეს არ არის აუცილებელი საკითხავი. მეც ასე ვთვლი.

ჩემი ქმარი ძვირიან და ხარისხიან ფეხსაცმელს და ტანსაცმელს მყიდულობს, მაგრამ მე მაინც ჩამოძონძილი და ლაქებიანი კურტკით დავდივარ და ამაზე ცოფდება(ეს ცოფდება რაღაც მოუხდა), უბრალოდ ამბობს აბა რისთვის გიყიდეო.

ჩემი ქმარი დილით მარტო ლოცულობს, მე არ მაღვიძებს, თუ გამაღვიძებს მარტო იმიტომ, რომ კარი ჩავკეტო.

ჩემი ქმარი, ჩემთვის მუშაობს. ეს მე არ მეამაყება, უბრალოდ ამას თვითონ ამბობს.

ჩემი ქმარი ამბობს, რომ მე მისი იმედი და ნუგეში ვარ და ეს მეამაყება.

ჩემი ქმარი ღმერთს სთხოვს, რომ სულ ერთად ვიყოთ და დანარჩენი ყველაფერი თავისთვის მოვა.

მე ღმერთს სამსახურს და ფულს ვთხოვ, რომ მერე ამ სამსახურით და ფულით ორივე სიკვდილამდე კარგად და ბედნიერად ვიყოთ.

ჩემი ქმარი მეუბნება, რომ შვილიც რომ არ გვეყოლოს, არაფერიც არ მოხდება, მთავარია ჩემში არ დაინგრეს რამე, ისე კი შვილის გამო ცოლად არ მოვუყვანივარ.

ჩემი ქმარი ცდილობს ჯანსაღი და სრულფასოვანი საკვებით ვიკვებოთ.

ჩემს ქმარს ეხლა სძინავს.

პ.ს უტა, რა კაი რამეებს ამბობ ხოლმე და რატო არაფერს არ ვიწერ

Read Full Post »

გუშინ ღამით, უტამ მითხრა დაზეპირებული მაქვს ნერწყვი როდის უნდა ჩაყლაპოო, ხოდა ამ დღეების განმავლობაში და კარგა ხანია ასეთი კარგი და გულწრფელი რამე აღარ მომისმენია. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, სხვადასხვა უწი–პუწი კომპლიმენტებს, სიტყვის იქით წასასვლელს, რომ არ დაგიტოვებს ადამიანს, თითქოს რომ უნდა მოჯადოვდე და მართლა დაიჯერო, რომ ძაან “ჰოთ” ხარ, ზედმეტად სექსუალური, ულამაზესი და უმშვენიერესი ფერია. განსაკუთრებით ის მაღიზიანებს, ამ უწი–პუწი ქარაგმების ადრესატები, რომ ვერ ხვდებიან, რომ კარგა ხანია შეეპარათ ჭკნობა და ასე აფსურდულად იტყუებენ თავს.

ხოდა ასეთ აფსურდულ, ვითომ ქათინაურებს, მირჩევნია მეგობარმა ჩატში პირდაპირ მკითხოს, ხომ არ მეზიზღება, ხანდახან ხომ არ მაღიზიანებს, რომ ჩემი ახალი მეგობრები კი არ ეზიზღება და კი არ სძულს, მაგრამ მაინც რაღაცა ამნაირი და ა.შ  ათასი რამე და ასეთ, დროს მე ვიქნები ყოველთვის გულწრფელი და არასოდეს მოვიტყუებ. ხოდა , არც დღეს მომიტყუებია და ვგრძნობ, რომ ყველაზე მაგარი რამე გულწრფელობაა, არც საკუთარ თავს და არც სხვას, რომ არ მოატყუებ, უნიჭო მსახიობივით, რომ არ ითამაშებ და ა.შ

თავიდან, ცუდ რამეებზე ვაპირებდი წერას, მაგრამ ბოლოს უკვე დამეზარა, ვის რაში ადარდებს ცუდი რამეები, რომლებიც ისედაც მალე ქრება.

ადამიანები, რომლებიც დიდიხანია გიცნობენ, ყოველთვის ყველაფერს მიხვდებიან და მიხვდებიან იმასაც, როდის უნდა ჩაყლაპო ნერწყვი.

დღეს, პირველად დავაფიქსირე, რომ “მე შენ მეზიზღები” სულაც არ ჟღერს ცუდად და კარგია, ხანდახან ერთმანეთს სიმართლეს თუ ვეტყვით.

Read Full Post »

გუშინდელი განწყობებიდან მხოლოდ ნარჩენები მაქვს შემორჩენილი. აღარც თოვლს ველოდები და საერთოდ აღარაფერს კარგს, ყურები ჩამოვყარე. ცოტა ხნით ასე უიმედოდ და უბედურად ვიქნები და არ მინდა მორალის მკითხველი საზოგადოების აზრები. ხანდახან არავის აზრი არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემზე უკეთ არავინ იცის, რატომ არის კარგი “კარგი” და რატომ არის ცუდი “ცუდი”, ისიც ვიცი, რომ ეს მარადიული მდგომარეობა არ არის და ცვლილებებს ველოდები და სანამ ეს ცვლილებები მოხდება, მანამდე არა უშავს ჩემი ბლოგი ღრუბელივით თუ შეიწოვს ჩემს უხასიათობებს.

მამა ვიტალის საფლავზე ვიყავით მე და მარი. თურმე მარის დიდიხნის სურვილი ყოფილა იქ წასვლა, ხოდა დღეს მოვინახულეთ.

ისეთი განწყობა მქონდა, თითქოს საკუთარი თავის დაკრძალვაზე ვიყავი, ჩაშავებული და ჩათბუნული  პირ–ცხვირით.

მერე მაღაზიებში შევიარეთ. ამან  სულ ბოლო მომიღო, ჩემი საყვარელი ჯინსის კურტკები სულ რაღაც, 38 ლარი ღირდა, ხარისხი რათქმაუნდა აღარ მირკვევია, მაინც ძალიან სიმპათიურად და ვიწროდ გამოიყურებოდა. ეს სივიწროვე კი ყველაზე მთავარი დეტალია ჩემთვის.

თუ გინდა საკუთარი თავი მაგრად მიჟიმო, 50 % ფასდაკლების სრულიად უფულოდ უნდა შეხვიდე მაღაზიაში, ყველაფერი უნდა დაათვალიერო, მოგეწონოს და ვერაფერიც ვერ იყიდო.

მერე მაინც, თავის დამშვიდებას შეეცადო, რომ ყველაფერი არარაობაა და განსაკუთრებით ეს უხარისხო ძონძები.

ჩემთვის ვიქნები და პეპის ვიკითხავ დღეს.

Read Full Post »

დღეს დილით  ვითომ თოვდა, მე კი ვერაფრით ფეხზე ვერ ვდგებოდი, უტას წასვლის დროს ძალით გამოვიფხიზლე თავი და მერე ისევ, დავიკარგე ძილში.

ლამაზტუჩებიანი სკარლეტიკოს ავატარი დავაყენე  ფეისბუქზე. ამ დღეების განმავლობაში, არანაირი ინტერნეტ სივრცისთვის არ მეცალა და ბოლო დროს, აკიდებული მიჯაჭვულობებიც მომეხსნა. კარგი რამეა, როცა დები შენთან არიან.

მარი სამზარეულოში  მწვანე სუპს აკეთებს. ჩემი ლურჯი ჟაკეტი აცვია.

საცხობიდან ისევ ჩვეულებისამებრ ამოდის კვამლი და ლურჯი ქოლგის ქვეშ ლურჯკურტკიანი ქალი ყიდის ჟურნალებს. ამ წელს პირველად შემიყვარდა ლურჯი ფერი.

ჩემი რეცენზიასავით ამბავი დაიბეჭდა “ქართულ მწერლობა”– ში და რამდენჯერმე დამავიწყდა, რომ მეყიდა. მამაჩემმა მისაყვედურა, რატომ არ  მითხარიო. მამაჩემს ჩემს მკითხველად, როგორც კი წარმოვიდგენ თვითცენზურის ღილაკი მერთვება, არადა ვიცი, გულში მაინც მოწონს ჩემი ნაწერები. რა თვითკმაყოფილი ვარ:)

ამ დღეებში მინიატურებისთვის მეცალა. ანალიტიკურობით გონება ვეღარ დავიძაბე. სულ ძველი ამბები მახსენდებოდა, ასე რამდენიმე თვის წინანადელები, მთელი ღამეები ვწერდი.

ველოდები რამდენიმე ქალისგან დახმარებას, თვითონ გადაწყვიტეს, რომ დამეხმარონ. ასე იყო სულ, სულ ქალები, კაცებმა ყოველთვის იმედები გამიცრუეს. დაგპირდებიან და მერე ძაღლივით მიგაგდებენ ქუჩაში. მერე გეტყვიან ისე მიყვარხარ, როგორც საკუთარი მე და როგორც საკუთარი “მესთვის” ისე შენთვის სხვას ვერ შევაწუხებო.

ვეძებ საყრდენებს.

საშინლად მაწუხებს პიემესი. ეს დებილური ამბები ამ ქვეყანაში და კიდევ უამრავი, რაღაცა მაქვს დასაწერი.

პ.ს და რა უაზრო სათაურია

Read Full Post »

იდეაში, მინდა სიყვარულზე დავწერო, ოღონ ეხლავე და აქვე, თორე შეიძლება განწყობები გამიქრნენ და დავრჩე ისე, როგორიც ვარ სხვა ჩვეულებრივ დღეებში.

რამდენიმე, წუთის წინ ჩემს თავზე ვფიქრობდი, რომ შეძლებისდაგვარად ტოლერანტული ვარ, განსხვავებული აზრების მიუხედავად პატივისცემას და აღფრთოვანებას ვგრძნობ ზოგიერთი ადამიანის მიმართ, ზოგი იმ წამს ისე მიყვარს, გული მიჩქარდება, ზოგს მინდა რაღაც თბილი და კარგი ვუთხრა, რამდენიმე წამით ბედნიერი გავხადო, მერე იმან ბედნიერი სხვა გახადოს და ა.შ. ასე  მგონი იმ ფილმშია, პატარა ბიჭი სიკეთის კეთების სქემას, რომ დახაზავს, რაღაც დიდ მიზანს, რომ დაისახავს და ამ ყველაფერს დიდი კაცის გულმოდგინებით იწყებს. ჯერ ასეთი შესაშური გულმოდგინება არ გამჩენია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, როცა ვიღაცის მიმართ თბილი გრძნობები გიჩნდება.

იდეაში, ისიც მინდოდა, რომ მეთქი ამ უსაზიზღრეს იუზერნეიმიან ბლოგს, სხვა თემატურ ბლოგს მივაბამ, მაგრამ ნაწილობრივ გადავიფიქრე ,რადგან  კონკრეტულად ვერცერთი თემა ვერ ავირჩიე, რის გარშემოც კონცენტრირებას მოვახდენდი, თითიდან გამოწოვილ თემებზე დავწერდი, გავჭედავდი, ტვინს გავბურღავდი, ჩაბჟირებამდე გავბურღავდი ტვინს, გულის შეწუხებამდე, სულის შეღონებამდე, სისხლის გამოწურვამდე…ხოდა ასეთი მანიაკალური თემატიკა დროებით გვერდზე გადავდე:)

მანამდე, მირჩევნია ჩემს სიზმრებზე, ჩემს ბიჭზე, ჩემს დღეებზე, ჩემს გრძნობებზე ვწერო. ჯერჯერობით, ესენია ყველაზე ღირებული და ძვირფასი  ჩემთვის.

მანამდე, კი ყოველდღიურად ჩემს სიყვარულს და ჩემს ემოციებს სუპერ სოციალურად “გიშეარებთ” ფეისბუქზე, ვისაც არ გჭირდებათ  “დამაჰაიდეთ”:))

Read Full Post »

გუშინ სიზმრებზე მელაპარაკებოდა ქეთი, მე ვუთხარი რომ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობ მათ გახსენებას და მითხრა ეგ ძაან  ცუდიაო. დილით ორი საშინელი სიზმარი მესიზმრებოდა.

ბაღდათში , დედაჩემის სახლის  ქვედა სართულის სარდაფში ვიყავი,ოღონდ გაურემონტებელში, რატომღაც  კბილები უნდა გამეხეხა, არადა ადრე იქ არც პირსაბანი იყო და კბილებიც არასდროს გაგვიხეხია, ბებიაჩემი ძველ გადასაყრელ ნივთებს ინახავდა, ძველ დაჟანგებულ ღუმელს და შეშას. სულ სიბნელე იყო, მაგრამ მაინც გავარჩიე პირსაბანი და ორი კბილის ჯაგრისი. ორივე ვარდისფერი იყო, ხელი გადავუსვი ერთს და მივხვდი რომ ჩემს უფრო პრიალა ტარი ჰქონდა, ვიდრე ამას, მერე როცა ძალიან დავაკვირდი საშინლად ბინძური იყო, ჯაგრისთან ადგილები სულ ჩაშავებოდა და ჩაბინძურებოდა, ხელიდან გავაგდე, მერე მეორე ვარდისფერი კბილის ჯაგრისი ავიღე და ისიც საშინლად დაბინძურებული იყო. საშინელი შეგრძნება იყო, უცებ გამეღვიძა და ტუალეტში გავვარდი გადასაფურთხებლად, უტა კი ინსტიქტურად მოვატყუე, მეთქი მეგონა თოვდათქო…

სინამდვილეშიც ვარდისფერი ჯაგრისი მაქვს და კიდევ სალათისფერი:) ისე კი მთელი ღამე მეგონა, რომ უნდა მოეთოვა და რამდენჯერმე ავდექი და ფანჯარაში ვიხედებოდი, იქნებ თოვსთქო.

მეორე სიზმარი, ამ ამ სიზმრის შემდეგ დაახლოებით საათნახევარში დამესიზმრა.

ძალიან განათებულ ოთახში ვიჯექით მე და ჩემი ერთი მეგობარი, ის ინტერნეტში რაღაცას ეძებდა, წინ კი საკმაოდ დიდი თეთრი დაფა იდგა, აი ისეთი სოფლებში ჭერზე, რომ აკრავენ და ამ დიდ დაფაზე უამრავი მსუქანი და გრძელი ნაქსოვი კაშნეები და შარფები ეკიდა, ყველა ისეთი ლამაზი იყო და მეც ყველა მინდოდა, როგორც გაირკვა ეს ჩემი მეგობარი ინტერნეტში ასეთი ლამაზი შარფების მოძიებით იყო დაკავებული, რაღაც საიტისთვის მიეგნო, საიდანაც უსასყიდლოდ ჩუქმიდნენ ამ მსუქან შარფებს, გასაკვირი ის იყო, რომ რასაც აირჩევდა კომპიუტერიდან პირდაპირ მის კალთაში ცვიოდა და მე ამაზე ვგიჟდებოდი, ისე მშურდა და ისე მინდოდა ეს შარფები, ეს შეგრძნება წინა სიზმრის შეგრძნებებზე ემოციური იყო და საშინლად ვიტანჯებოდი, გული მებერებოდა, ვფიქრობდი მეც უნდა მოვძებნო ის საიტი, საიდანაც სქელ და ლამაზ კაშნეებს პირდაპირ კალთაში ჩამიყრიან და სრულიად უსასყიდლოდ. მოკლედ ვიტანჯებოდი.

და უცებ ამ სიმღერამ  გამაღვიძა, უტას ტელეფონი რეკავდა, წამოვხტი და მივურბენინე. უმაგრესი შეგრძნება, იყო რომ არანაირი საიტი არ არსებობდა, საიდანაც ნივთებს უსასყიდლოდ და პირდაპირ კალთაში გიყრიდნენ, არც ამ მეგობარს ვხედავდი,რომელმაც ეს საიტი მოიძია. რამდენიმე წუთი ვარწმუნებდი თავს, რომ ყველაფერი სიზმარი იყო, მერე დავიჯერე, წამოვდექი უტას ყიყლიყოები შევუწვი, სოსისი მოვუხარშე და ყველთან ერთად პატარა თავსახურიან თასში ჩავუწყვე.

შარშან მთელი წელი, იუნგს ვკითხულობდი, მაგრამ ეხლა არაფერი არ მახსოვს, მაშინ არც სიზმრები მესიზმრებოდა, ეხლა ხელახლა უნდა გადავიკითხო, უფრო კარგად გავიგებ, ყოველღამე უამრავი სიზმარი მესიზმრება.

პირველი პოსტია სიზმრებზე♥

Read Full Post »

ბედიანში საღამოს შვიდისთვის ჩავედით, ყველაფერი ჩაბნელებული იყო , რამდენიმე სახლიდან ბჟუტავდა სინათლე. ვერაფრით დავიჯერე, სანამ არ დამიდასტურეს, რომ ეკონომიურობის გამო იყო ასე ძალიან ჩაბნელებული სოფელი. სამ სართულიანი კორპუსის წინ სიბნელეში ისევ ძველებურად იდგნენ სოფლის ბიჭები, მე რამდენიმე მათგანი ვიცი საქულიკა, გურგენა, კოპა და ა.შ, მაგრამ თავს ვერ დავდებ, რომ ზუსტად ისინი იდგნენ იმ კიბეებზე.

მანამდე კი ,გზაში  ისეთი განწყობა მქონდა, თითქოს ახალი შეყვარებულები ვიყავით და საყვარელი ბიჭი მანქანით მასეირნებდა  ლამაზ ადგილებში, სადაც სხეულის არაფიზიკურ ნაწილში ყველაფერი სხვანაირად აღიქმება. რატომღაც, სულ ასეთი განწყობა მაქვს, როცა ბედიანში მივდივარ. წელს პირველად თოვლი ამ გზაზე ვნახე და რაც შემეძლო, ყველაფერს ვიღებდი მობილურით , ძირითადად გაბლანდულ ფოტოებს და ვიდეოებს, მაგრამ ყველაფერი მაინც ძალიან სასიამოვნო იყო.

პირველი სასიამოვნო გაკვირვება ის იყო, რომ ბედიანში ბილაინმა დაიჭირა და ამისთვის უდიდესი მადლობა ამ ქსელს, შემდეგ კი თავისუფლად შევძელი, ჩემი თოვლიანი ფოტო ბოროტული კმაყოფილებით ამეტვირთა ფეისბუქზე:) .მთელი გზა უტას საყვარელ სიმღერებს ვუსმენდით, მანდატურებზეც ჩამოვარდა საუბარი და მე მთელი გზის განმავლობაში დედა შუშანიკის ნაჩუქარი ფსკვნილი არ გამიშვია ხელიდან. საოცარი შეგრძნებაა, როცა იმ ადამიანზე ლოცულობ, რომელიც გვერდით გიზის, მაგრამ მაინც აკეთებ ამას. არ მაინტერესებს, არავის შეხედულებები და ირონიული გადახვევები, უბრალოდ თუ გრძნობ, რომ რაღაც კარგს აკეთებ , ეს გრძნობა არასოდეს მოგატყუებს. საკუთარი გულები არასდროს მოგვატყუებენ, ამაში ყველაზე მეტად ვარ დარწმუნებული.

როგორ, მიყვარს აჯაჯულ–დაჯაჯული (ჩაცმულობას ვგულისხმობ) სოფლის ბავშვების დანახვა, ხელები და სახე ერთიანად, რომ გასწითლებიათ, ხელები გაუხეშებული აქვთ და მაინც ისე საყვარლად დააბოტებენ ტალახში.

დედა შუშანიკმაც, პატარა სიურპრიზი მოგვიწყო, უტას სახლში ჩამოვიდა, ღუმელი დაგვინთო და ცხელი ჩაი დაგვახვედრა. შობის ღამეს ყველაზე კარგად ბედიანში ვგრძნობ თავს და ეს ტრადიცია, არც ამჯერად დაგვირღვევია. შობის ღამისთევაზე კი ყველაფერი ტრადიციულად ხდება, 11–საათამდე ვისვენებთ, მერე ავდივართ ტაძარში, სადაც ბედიანის მონასტრის დედები ტაძარს ლიტურგიისთვის რთავენ, ღუმელს ანთებენ და ასევე ტრადიციულია ისიც, რომ შობის ღამეს, როგორც კი ჩამოვჯდები პატარა ხის მორზე, ცოტა ჩამეძინება და რამდენიმე წუთში უტაც ჩამიკაკუნებს და ავტომატურად ვფხიზლდები.ტრადიცია ისიც, რომ ლიტურგიის დაწყებამდე, დედა შუშანიკის კელიაში უნდა ავიდე და ცოტა ხანს უნდა ველაპარაკო. ადრე, როცა მარტო ვიყავი და ბედიანის დედათა მონასტერში ჩავდიოდი, ამ პაწაწუნა კელიაში მე მომიჩენდნენ ადგილს. ღამის ოთხზე ლოცვაზე ყოველთვის მიჭირდა ადგომა, მაგრამ ხან დედა აგნია და ხან დედა ანტონინა მაღვიძებდნენ და მერე ყველაფერი, მარტივად ხდებოდა. დიდ შალებში გახვეული მონაზვნები და სხვა სტუმრები ჩადიოდნენ ტაძარში.

ეს ცალთვალდათხრილი თოჯინა, მეორე დილით სახლის ქვემოთ მირანდამ იპოვა, ვფიქრობ რომ ჩამოვაყვანინო ვინმეს, თვალიც მივაკერო, ის ძუნძგლიანი ტანსაცმელი გახადო და ახალი ჩავაცვა. დიდი კაცივითაა, თოჯინის დაძახება მასზე შეურაცხყოფაც კია.

ბედიანში, რომ არ წავსულიყავით რა მოხდებოდა? ვერ ვნახავდი თოვლს, ვერც ამ თვალდათხრილ კაცუნას, არც უტა ჩამიკაკუნებდა მხრებზე, არც თმებს გადამიწევდა თვალებიდან, არც არავინ დაგვინთებდა ღუმელს და ვერც უტა შეჭამდა, გადანახულ ჩირებს,არც წამოსვლის დროს, გზაში ვიყიდიდით ყველს. ნეტა აქაც მოთოვოს, რა მოხდება?

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: