Feeds:
Posts
Comments

Archive for February, 2011

ომზე დაწერა თვითმიზანი არ ყოფილა, უბრალოდ შემთხვევით გამოვიდა ასე. ვგეგმავდი დამეწერა წიგნებზე, რომლებიც ხანდახან უსასყიდლოდ აღწევს  ჩვენამდე და მგონია ამით, თავის ინდივიდუალურ ფასს კარგავს. საუბარია იმ წიგნებზე, რომელსაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები სემინარებზე და შეხვედრებზე მონაწილეებს ურიგებენ. ერთხელ, როდესაც ასეთი  წიგნები და ჟურნალები,  ბევრი დამიგროვდა, ავდექი და გადავყარე. მგონი უფრო პრიალა ყდიანი ჟურნალები იყო, რომლის პათოსი დღემდე მახსენებს ასეთ „ფონდური“  წარმომავლობის პრიალა და უცნაურ სუნიან ლიტერატურას. ძალიან მიჭირს ასეთი ლიტერატურის სუნი ჩვეულებრივი წიგნის სუნს შევადარო, თუმცა ამ საკითხავებსაც  ჰყავს თავისი მკითხველი, მე კი ჩვევად მექცა წამწამები ჩავყარო ფურცლებში, მკითხველის კვალი, რომ დავტოვო, ოდნავ მაინც. თან მინდა, ცოტა დაიჭმუჭნოს, გაიცრიცოს, ცოტათი შეილახოს წიგნის ფერი, ისე როგორც სხვა წიგნებთან ურთიერთობის დროს  ხდება.

ასე აღმოვაჩინე ფრენსის ფუკუიამას „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“, რომლის ქართული თარგმანი შესრულებულია დემოკრატიის ეროვნული ფონდის ფინანსური  მხარდაჭერით,  „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ მიერ.

შემდეგ გავიცანი კაცი, რომელმაც რატომღაც არ დაიჯერა, რომ ფუკუიამას ქართული თარგმანი არსებობს და მითხრა, რომ ფუკუიამა ოდესმე ჩამოვაო საქართველოში. ალბათ, თვითონ ჩამოიყვანს:)

როგორ შეიძლება დამთავრდეს ისტორია? ხომ არ არის ისტორიის დასასრულის პიკი ,ან კიდევ რატომ შეიძლება მოხდეს ისტორიის დასრულება, სწორედ ეს არის ის შეკითხვები, რომელიც ფუკუიამას ვრცელი მსჯელობის საგანი ხდება.

თავიდანვე განვმარტავ, რომ  ტექსტს არ აქვს რაიმე ამბიცია, რომ ფუკუიამას ღირსეულ ინტერპრეტატორად არ გამოვდგები და ეს ტექსტი მიიღეთ, ჩემი როგორც, მორიგი უპასუხისმგებლო გამოხტომა:)

თავიდან ლიბერალიზმზე. ფუკუიამას აზრით ლიბერალური დემოკრატიის ინსტიტუტი  შესაძლოა ადამიანთა მოდგმის იდეოლოგიური ევოლუციის ბოლო საფეხური აღმოჩნდეს და კაცობრიობის ისტორიაში მმართველობის უკანასკნელ და უცვლელ ფორმად იქცეს, სწორედ ეს შეიძლება აღმოჩნდეს მიზეზი ისტორიის დასრულების. ფუკიამა  ისტორიის დასრულებაში არ გულისხმობს იმას, რომ ცხოვრების და კვდომის ბუნებისმიერი ციკლი შეწყდება, აღარ მოხდება აღარავითარი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, ან გაზეთები შეწყვეტს გამოსვლას, უბრალოდ ლიბერალური მართვის სიტემა, რომელიც შეიძლება სრულიად მისაღები აღმოჩნდეს კაცობრიობისთვის, დაასრულებს ადამიანთა მოდგმის იდეოლოგიური ევოლუციის განვითარებას.

ამ დროს ჩნდება კითხვა, თუ მთელი კაცობრიობა ლიბერალური გახდება და იდეოლოგიური განვითარების პიკს მიაღწევს, თუ საზოგადოებრივი ფორმაციების ცვლას, ექნება სასრული პროცესი, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს ადამიანის ღრმა, ყველაზე ძირისძირი სურვილების დაკმაყოფილებას, მაინც მოხდება ომები? კითხვა რა თქმა უნდა ისევ ინფანტილურია, როგორც ფიქრი ისტორიის პროგრესირებაზე ომების გარეშე.

როცა, ფუკუიამა ლიბერალური მმართველობის სისტემის უპირატესობაზე საუბრობს ხაზს უსვამს ლიბერალური დემოკრატიის უნარს, სხვებზე აღმატების ირაციონალური სურვილი, თანასწორად აღიარების რაციონალური სურვილით შეცვალოს.

„მთლიანად ლიბერალურ დემოკრატიებისგან შემდგარ  სამყაროსაც ომის გაცილებით ნაკლები მიზეზი ექნება, რამდენადაც ყოველი ერი და სახ-ო, ტანაბრად აღიარებს ერთმანეთის ლეგიტიმურობას. და მართლაც, არსებობს აშკარა ემპირიული მტკიცება ბოლო ორი საუკუნისა, რომ ერთმანეთის მიმართ ლიბერალური დემოკრატიები იმპერიალისტურ მიდრეკილებებს არ ამჟღავნებენ, თუნდაც სულ იოლად შეეძლოთ ომის წამოწყება ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც არც დემოკრატიულნი არიან და არც მათ უძირითადეს ფასეულობებს აღიარებენ“ – ამბობს იგი.

პლატონის აზრით, ადამიანის სულის სამი შემადგენელი ნაწილია – მოსურნე, გონიერი და „თიმოტური“ ანუ გამბედავი. საკუთარი თავისადმი პატივისცემის განცდის სურვილი კი სულის იმ ნაწილიდან იბადება, რასაც სახელად თიმოსი ჰქვია. ყოველ ადამიანს სჯერა საკუთარი უნიკალურობის და ყოველი ადამიანი საკუთარი ღირებულებების მატარებელია, როცა სხვები სათანადოდ არ აფასებენ ამ ღირებულებებს, ჩნდება სიბრაზე. ჰეგელის აზრით, ეს პიროვნული ემოციები, როგორიც არის აღიარების სურვილი, სიბრაზე, სიამაყე, სირცხვილი, სწორედ ისინი წარმართავენ და ამოძრავებენ მთელ ისტორიულ პროცესს.

ნიცშე კი ლიბერალური დემოკრატიის „ტიპიურ“ მოქალაქეში, მონური მორალის ნაირსახეობას ხედავს. ხედავს „უკანასკნელ ადამიანებს“, „ფუტურო კაცებს“, რომელსაც სურვილი და გონი შერჩათ, მაგრამ თიმოსი, საკუთარი თავის აღიარების , პატივისცემის განცდა აღარ გააჩნიათ და მხოლოდ იმასღა ახერხებენ, შორსგამიზნული პირადი ინტერესების გაანგარიშებით ჭკვიანურად მოძებნონ ახალი გზები ათასნაირი პაწაწინა სურვილის დასაკმაყოფილებლად.

როგორი იქნება კაცობრიობის ბედი თუ ადამიანი დაკარგავს თიმოსს, სულის ყველაზე გამბედავ ფუნქციას? თუ იგი დაკმაყოფილდება ლიბერალური დემოკრატიისთვის დამახასიათებელი საყოველთაო აღიარებით, ყველანაირი თვითნებური დაყოფის გარეშე, თუ იგი არ ჩაებმება თვითდამტკიცებისთვის სისხლიან ბრძოლაში? ფუკუიამას ნაშრომი „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობაა.

ჩემი აზრით კი, ისტორიის მრავალმხრივი ინტერპრეტირება შეიძლება და ისტორიის დასასრულის გაგება ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია.

ამის შემდე, როცა კიდევ ერთ ფილმს („ესაც შენი მოგებული ომი.“ ავტორი: ვახტანგ კომახიძე) ვუყურე ომზე, სისხლიან ჯარისკაცებზე, აბსურდული მოტივით განახლებულ კონფლიქტზე, სადაც გადასაღები მოედანი პირდაპირი მნიშვნელობით ომის სისხლიანი ეპიცენტრია, სადაც სიკვდილიც, ტანკებიც, სისხლიც, დაჩოქებული ჩვენი ჯარისკაცებიც, დანგრეული სახლებიც და უმართავი ადამიანური სისასტიკეც რეალობაა, დავრწმუნდი, რომ ისტორია არ დამთავრდება, მანამ, სანამ ადამიანები იარსებებენ დედამიწაზე. უბრალოდ ისტორიის უნიკალური თვისება- ციკლურობა, იქნება მიზეზი ისტორიის განმეორების, მთელი ამ ამბების თავისებურებებით და ეს ესსეც, ვეღარ იქნება თავისუფალი ომის თემატიკისგან.(ისტორიის ჩემებური ინტერპრეტირება:)

ეხლა კი იმაზე, რომ ომის დამარცხება  ლიტერატურასაც  შეუძლია.გერმანელი მწერლის , გიუნტერ გრასის „ჩემი საუკუნე“ გამომცემლობა „ინტელექტმა“  ავტორის ნობელით დაჯილდოვებას მიუძღვნა.

წიგნი ერთ საუკუნეზეა. ქრონოლოგიური სუნთქვა აქ 1900 წლიდან იწყება და 1999 წლამდე გრძელდება. აქ საუკუნის 100 ამბავს სხვადასხვა ადამიანი ყვება. ამ ამბებს ყვებიან მსუქანი ბერტა, შემდეგ ზარბაზანს, რომ დაარქვეს მისი სახელი, თავის ამბებს ყვება ახალგაზრდა ფირფიტების გამყიდველი, შვეიცარიელი ქალბატონი, რომელიც მწერლებს რემარკს და იუნგერს მასთან შეხვედრაზე დაიყოლიებს ომის ამბებზე სასაუბროდ და მწერლებიც თავმომწონებით უყვებიან სხვადასხვა ფრონტულ ამბებს ქალბატონს და სიამოვნებით მიირთმევენ სხვადასხვა ჯიშის ღვინოებს. განსაკუთრებით ეს ამბავია ზედმეტად თავშესაქცევი ამ წიგნში, განსაკუთრებით მომეწონა ამბავი ქალებზე, რომლებიც ნანგრევებისგან წმენდნენ ბერლინს, მუშაობის დროს, პატარა შვილებიც კი იქ მიჰყავდათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან უამრავი მტვერი და ღორღი იყო. ამის შემდეგ ბერლინის ნანგრევების მწმენდავ ქალებს ერთმანეთი აღარ დაუკარგავთ. „ისინი ხშირად მიდიოდნენ ხოლმე ნამცხვარსა და ყავაზე შილინგის კაფეში. იქ მუდამ მხიარულება იყო.“

მაგრამ ამდენი გასაოცარი ამბავისა, არცერთი ამბავი არ არსებობს ომის თემატიკისგან დამოუკიდებლად, ომის სუნთქვა მთელ საუკუნეს გაჰყვება, დაპირისპირების, სიკვდილის და მწუხარების აურა ყველგან დააქვს. 100 წელში ჩატეული, შემჭიდროებული ქრონოლოგია, იმის გარდა, რომ  თარიღებს აწესრიგებს, ფაქტების სისწორეს ადგენს, ზუსტ საათებს და წუთებს იმახსოვრებს,ყველანაირ მექანიკურ ამბავს ინახავს, ასევე ინახავს ამ ადამიანთა სახელებს, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით და რწმენით ომს ამარცხებდნენ საკუთარ თავში.

ასწლეულის ბოლო წელს მთხრობელი არ ჰყავს. ავტორი წერს, რომ უხარია 2000 წლის დადგომა, რადგან ქალიშვილი უნდა ესტუმროს, რომელიც მოიყვანს  შვილიშვილებს, რომლებიც გორგოლაჭებით იქროლებენ, ის კი ფანჯრიდან დაუწყებს ცქერას, თუ კვლავ რა თქმა უნდა ომი არ ატყდა.

პ.ს ახალ ათასწლეულში რაც მოხდა, ეს ყველამ კარგად იცით. ამას სჭირდებოდა კარგი შემაჯამებელი დასკვნა, მაგრამ იმაზე ლაპარაკი, რომ პაციფისტი ვარ, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი და ა.შ საშინლად პათეტიური მეჩვენება, ამას მირჩევნია ისევ წიგნებზე დავწერო ხოლმე:)

 

Advertisements

Read Full Post »

მინდა ზღაპრების წერის ნიჭი მქონდეს.

ამ დღეებში, ხშირად მახსენდება ჩემი ძველი მეზობელი. დარეჯანი ერქვა. თავის შვილებს რეზინის ჩუსტებით სცემდა, ხშირად შევსწრებივარ ასეთ სცენებს. სადარბაზოში, რამდენჯერმე გაჰკიდებია კიბეებზე თავის გოგოებს და რეზინის ჩუსტებით ზურგს უჭრელებდა.

მერე მაგათი სახლი ჩვენ ვიყიდეთ და მერვე სართულზე ავცხოვრდით. კედლები გაფასუფთავეთ და ჩვენი სუნი დავაყენეთ სახლში.

ჩემი მეზობელი ქალები ხშირად თამაშობდნენ ჯოკერს, სვამდნენ ყავას, უყურებდნენ ინდურ ფილმებს და ქეიფების დროს მღეროდნენ ასე:”ნაირაააა, დარეჯააან, ზუბი, ზუბი, ზუბიიიიიი” და ა.შ

Read Full Post »

ჩემი ომის ამბები რამდენნაირია, უფროსწორად ბევრნაირია.

აფხაზეთის ომის დროს, ზაფხულში სოფელში ვიყავით, დედაჩემი მირანდაზე იყო ფეხმძიმედ, მახსოვს ვიღაცეები მოვიდნენ და რაღაცაზე დაუწყეს ლაპარაკი,ისეთი განცდა მაქვს ეხლა, თითქოს ამ ყველაფერს ოდნავ მიხურული კარიდან ვუსმენდი, არადა მახსოვს ეზოში ვიდექი, თბილოდა და დედაჩემი და ის ვიღაცეები ბებიაჩემის საწოლ ოთახში იდგნენ. მაშინ ყველა ცოცხალი მეგონა. მერე მივხვდი, რომ საქმე მამა ანდრიას შეეხებოდა, მერე ამ ყველაფერს კამანის ტრაგედია დაერქვა. ანუ ყველას – ერთი.

თუ ქალაქში პურის რიგებში დგომა გვიწევდა, სოფელში საჭმელი არასდროს გვაკლდა და ომის წლებიც ჩემს მოგონებებში სულ სითბოსთან და ცხელ ჭადებთან ასოცირდება, ოღონდ როცა სოფელში ვიყავით. ბებიაჩემი დიდ, ცხელ ჭადებს დააცხობდა კეცებზე, შემდეგ ქინძს და მარილს დანაყავდა, ცხელ ჭადებს  წაუსვამდა , სახლის ქვის კიბეებზე ჩამოჯდებოდა და ყველას,მეც, ჩემს დას და ჩემს ბიძაშვილებს გვირიგებდა. ასეთ არომატულ ჭადებს, სუნელიან ჭადებს ვეძახდით.

მაგრამ, მახსოვს რამდენიმე შუადღე, როცა თვითფრინავმა ისე დაბლა გადაიფრინა, რომ ყველა ინსტიქტურად ვენახებისკენ გავიქეცით, როგორც აღმოჩნდა ზუსტად ვენახების თავზე გადაიფრინა.

თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე დიდხანს მჭირდა შიშები, ქალაქში ჩვენს უბანთან ახლოს ჯარის შენობა იყო, არც კი ვიცი ზუსტად რა ჰქვია, ჩვენ მწვანე ფარდები გვეკიდა ფანჯრებზე, მახსოვს დედაჩემს და მამაჩემს არაფრის ეშინოდათ, მე კიდევ ხშირად ღამით გავიღვიძებდი, რომელიმე თვითფრინავის გადაფრენის ხმაზე და დედაჩემს ისეთი ხმით ვეკითხებოდი, დე რა ხდება, რომ თითქოს არ მინდოდა შემეშინებინა, ეს კითხვა კი თავის თავში გულისხმობდა კითხვას :“დე ომი, ხომ არ არის?“. დედაჩემიც მშვიდად მეტყოდა, არა ნუ გეშინია, არაფერი ხდება, დაიძინე. მერე ერთ დღესაც, მივხვდი რომ ეს შიში, რომელიც მთელი ბავშვობა მტანჯავდა, სადღაც გამქრალიყო. ეტყობა დიდი გოგო, რომ გავხდი მაგიტომაც ადგა და გადაიკარგა.

აგვისტოს ომის დროს და მის წინა დღეებში, როცა მაგრად დაიძაბა სიტუაცია, მე საინფორმაციოებს არ ვუყურებდი, „ძველ ქალაქში“ ვმუშაობდი, ხშირად ღამით მიწევდა მუშაობა და ამიტომ, მოსალოდნელი დარტყმების შესახებ სხვა ჩემსავით,დისტანცირებული დამკვირვებლებისგან ვიგებდი.ისე დიდად, არც რადიოს ფოიეში ვაქცევდი ყურადღებას ტელევიზორს, რომელსაც 7 აგვისტოს ღამეს ქეთი, ირაკლი და კიდევ ვიღაცეები მისჯდომოდნენ, რამდენჯერმე გავიარე ფოიეში, უბრალოდ ყავა ავიდუღე და სტუდიაში შევიტანე.

მეორე დღეს მე და ავთო, ლაგოდეხში მივდიოდით. რამაზ სამხარაძემ თავის რადიოში, ჰერეთში მიგვიწვია ორივე სტუმრად, ნუ მუსიკალურ წამყვანებად. 7 აგვისტოს ღამეს,თითქმის მთელი ღამე უტას ვწერდი, აკო იმ ღამეს რადიოში დარჩა და მე მგონი სულაც არ უხაროდა, კახეთში რო მივდიოდი. უკვე მარშუტკაში ჩამჯდარს, მამაჩემმა დამირეკა და მითხრა სიგიჟეა, ეხლა რო მიდიხარო, არაფრით მჯეროდა რომ რამე მოხდებოდა. გორში მობილურები უკვე აღარ იჭერდა. დიდუბეში უტა დამხვდა. თეთრი, მოკლე მკლავიანი „საროჩკა“ და ჯინსის შარვალი ეცვა, ჩემი ვარდისფერი ზურგჩანთა გამომართვა და მერე ცოტა ხანს ოკრიბის სადგურის უბინძურეს მოსაცდელში დავჯექით. ავთო რამდეჯერმე გარეთ გავიდა და უტამაც რამდენჯერმე მაკოცა. მერე რამაზიც მოვიდა და ჩვენ წავედით. ეხლა, რომ ვიხსენებ ვფიქრობ არაფრით არ უნდა წავსულიყავი ლაგოდეხში, მაგრამ მეგობრულ კონიუნქტურას ვეღარ გავუწიე ძალა. წასვლამდე ელდეპოში ცოტა ვჭამეთ, იმ დღეს სიღნაღშიც გავიარეთ და სურათებიც გადავიღეთ,მერე რამაზის სოფელშიც გავჩერდით და გვიან მივაღწიეთ ლაგოდეხში. მთელი გზა საინფორმაციოებს ვუსმენდით, უტას სიტყვები მახსენდებოდა, ბიჭები პირდაპირ ქუჩიდან აჰყავთო და მგონი ვთხოვე, სახლში დაეტიე მეთქი:)

„ჰერეთი“ დავათვალიერეთ. უკვე ვხვდებოდი, რომ ჩვენს ჩამოსვლას აზრი აღარ ჰქონდა, ისე იყო უკვე დაძაბული სიტუაცია. ყველგან „ოდნოკლასნიკები“ ციმციმებდა, ჰერეთის რადიო ყოველ ნახევარ საათში ანახლებდა საინფორმაციო გამოშვებას. პირველად მომინდა, საინფორმაციოს წამყვანობა, რომელიც მერე სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ავისრულე.

რადიოს შენობასთან ახლოს, მიგვიჩინეს ბინა.  ავთოს უფრო მყუდრო, ლურჯ ფარდიანი და წიგნებით გამოტანილი ოთახი შეხვდა, მე კიდევ უამრავ ფანჯრიანი და საკმაოდ ნათელი ოთახი. იმ წუთასვე შემშურდა.

სხვა დღებში, უკვე ვეღარაფერს ვაკეთებდი. სიმბოლურად გადავიდოდი ხოლმე რადიოში, სადაც უკვე აზარტში იყო გადასული ინფორმაციების მოპოვება. ტელევიზორი მუდმივად ჩართული იყო. ყველა სადღაც დარბოდა, ხალხი ხმაურობდა, რამაზის დანახვაზე ვხვდებოდი, თუ როგორი მნიშვემლოვანი იყო მისთვის ინფორმაცია. „ჩვენი ნიუსი, პირველზე დევს“ ყვიროდა. მოკლედ ყველა დარბოდა.“ეს დაბობმბეს, ის დაბომბეს, გვბომბავენ“ – სულ ეს მესმოდა.

ოთახში ჩავიკეტე, წიგნები ვთხოვე დიასახლისს, ხან ვკითხულობდი, ხან ვწერდი, ძირითადად კი მეძინა . ავთომ ბილაინის ორთეთრიანი ნომერი მომცა და თითქმის მთელი ღამე აივანზე უტას ველაპარაკებოდი, ომი სულ არ მახსოვდა.

მგონი 10 თუ 11 ივლისი იყო, უტამ ჩამომაკითხა, ბანანები და რაღაც , ტკბილეული ჩამომიტანა. სადგურზე დავხვდი, მანამდე, ვერაფრით გადავწყვიტე რა ჩამეცვა, ხან გრძელი კაბა ჩავიცვი, ხან კიდევ მოკლე, სარკე შემოსასვლელ ოთახში იდგა, სადაც დიასახლისი და მისი თბილისიდან ჩამოსული შვილი და შვილიშვილი იყვნენ დღის განმავლობაში, მე კიდევ საჯაროდ გამოპრანჭვის საშინლად მრცხვენოდა და დიდად აღარ გამომიდია თავი. ლაგოდეხის სადგურში დავხვდი უტას. რა ეცვა, ვერაფრით ვიხსენებ, დიასახლისის შვილიშვილი ძვლივს, რომ მოვიცილე, ოთახში შევიყვანე. ვგრძნობდი, ის პატარა მაიმუნი საიდანღაც გვიყურებდა, ამიტომ უტამ რამდენჯერაც დააპირა კოცნა, იმდენჯერ მოვიშორე. საშინელი ოთახი იყო, გვერდითა კედელი მინით იყო გამიჯნული, ამ მიჯნაზე კარადაც იყო მიდგმული, მაგრამ გვერდით ოთახში მყოფებს მეც ვხედავდი ჭუჭრუტანიდან. იმ მაიმუნმა ბიჭმა, რამდეჯერმე კარიც შემოგვიღო, მერე ქუჩაში გავისეირნეთ, საშინლად ცხელოდა, ვერც სტადიონზე და ვერც ვერსად ვაკოცე უტას. საშინელება იყო პირდაპირ. მერე ლაგოდეხის კაფეში დავჯექით, სადაც მიმტანიც ყბადაღებული გვიყურებდა. მე დავლიე ცხელი ყავა და შემდეგ ფორთოხლის წვენი, უტამ მარტო წვენი.უტა იყო შესანიშნავი, ჩემს წინ იჯდა და თვალს არ ვაშორებდი, რა ეცვა ეხლაც ვერ ვიხსენებ, მაგრამ პატარა ზურგჩანთა, რომ ეკეთა ეს მახსოვს. აშკარად არ იყო სიყვარულის დრო კახეთში. მოსაღამოვებული იყო, რომ გავაცილე. წითელი „მარშუტკით“ წავიდა.

მე და ავთო კი კიდევ რამდენიმე დღე დავრჩით, საღამოს სახლთან ახლოს თონე იყო და თონის პურებს ვყიდულობდით და იქვე კიბეებზე ვჭამდით. დილით, რაღაც ასევე ნაყიდ რძიან სასმელებს, ერთჯერად სუპებს და კარტოფილიან ღვეზელებს შევექცეოდით.

ერთ ღამეს ჩემს ოთახში შეკრებილმა სახლის ბინადრებმა გამაღვიძეს. ყველას ჩემს ოთახში მოეყარა თავი, ჩვენს დიასახლისს (მგონი ნათელა ერქვა), მის გოგოს, მის ნახევრად მძინარე შვილიშვილს და ავთოს. თურმე ალაზნის ველზე ჩამოუგდიათ ბომბი და ხმაურზე გაღვიძებიათ. მე ვერაფერი გავიგონე. ნათელა დეიდა კი ასე გვამშვიდებდა :“ნუ გეშინიათ, არაფერი მოხდება,უბრალოდ ჩამოყრიან ბომბებს და ვსიოო“– თან ხელს აიქნევდა და ჩაიქნევდა. ამ ამბებს მერე ხშირად  ვიხსენებდით.

წინა საღამოს რამაზმა თავისთან დაგვპატიჟა. არაჩვეულებრივი ცოლი ჰყავს ნათია და პატარა ავთო. მაშინ ტყუპი გოგოები არ იყვნენ გაჩენილი. ლაგოდეხიდან მანქანით წამოვედით. უტა ავლაბარში ვნახეთ, შავი მოტკეცილი მაისური ეცვა, ჩემი ვარდისფერი ზურგჩანთა გამომართვა, ავთოს დავემშვიდობე და წამოვედით.

ავთო შემოვლითი გზებით გადავიდა ქუთაისში, მამამისი დახვდა თბილისში და წაიყვანა. მე კი მგონი ერთი თვე დავრჩი თბილისში.

ლაგოდეხზე, როცა ვფიქრობ სულ ის მახსენდება, ჩვენი დიასახლისის სიძის ქემელი, რომ მოვწიე. კარადაში იდო და ცდუნებას ვერ გავუძელი. ასე კარგად არცერთი სიგარეტი არ მომიწევია.ავიდუღებდი ყავას, შემოვჯდებოდი ფანჯარასთან და არხეინად ვეწეოდი,  ერთადერთი რაც ნერვებს მიშლიდა კალიები იყო. აქლემის და ქემელის ქურდი, ნეტა ყველა ქურდია? 🙂

აგვისტოს ომის ორი წლის თავზე, ზუსტად 8 აგვისტოს, მე და უტამ ჯვარი დავიწერეთ. ჭირი იქა, ლხინი აქა:)

პ.ს ამ ამბის დაწერის ინსპირატორი, გიუნტერ გრასის „ჩემი საუკუნე“ იყო. თუ დრო, გაქვთ თქვენც დაწერეთ თქვენი ამბავი.

 

Read Full Post »

%d bloggers like this: