Feeds:
Posts
Comments

Archive for March, 2011

ეს პოსტი არც პროვოკაციული ხასიათისაა და არც სექსზეა დაწერილი, ამიტომ, ვისაც გინდათ წაიკითხეთ:)

არ მიყვარს წასვლის წინ ავარდნილი ღილის მიკერება, დაურეცხავი ჭურჭლის დატოვება, ფეხების სწრაფად გაპარსვა, ყავის სწრაფად დალევა, როცა მაგვიანდება, გემრიელი სალათის მიტოვება, აჩქარებული დრო არ მიყვარს მოკლედ,მკაცრად განსაზღვრული ქრონომეტრაჟით, მხოლოდ, მაშინ, როდესაც ეს სიამოვნებებს ეხება, “თუნდაც”, როცა ეს სექსს ეხება. როგორც აღმოჩნდა, ხანდახან ამის შეჩერება შესაძლებელია და დროის, სულ სხვა, პირადი კონტროლის სივრცეში გადაყვანა.

ორშაბათს, სამსახურში წასული უტა, მალე ისევ უკან დაბრუნდა, აკანკალებული, გაცივებული, სიცხიანი და ბრინჯაოსფერი. ზღვიდან ჩამოსულს ჰგავდა…ყურები დაწითლებოდა და თვალები სიცხისგან უელავდა.მე მაშინვე შევუდექი მის მოვლას. რაც ჭირდებოდა ყველაფერი მივუტანე, წამლები, წვენები, დიეტური საჭმელები გავუკეთე და ვიგრძენი, რომ რამდენიმე დღე, მისი დროც და ჩემი დროც, აბსოლიტურად მე მეკუთვნოდა და მე შემეძლო დროის განკარგვა.

მოკლედ, სასიამოვნო სამი დღე იყო, რადგან არც მას ეჩქარებოდა და მეც არ ვჩქარობდი. სამჯერ მივაფურთხე დროს და ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ სწრაფად გამოჯანმრთელებულიყო. ძაან მშობლიურია ეს მზრუნველობის გრძნობა, იმ წუთში შენ ხდები დედა და ისე უვლი, საკუთარ ქმარს, თითქოს შენი შვილია…ის კი, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს და ამ როლს ისე იფერებს, როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც ყველაფერი ეპატიება და ეს მზრუნველობა, თითქოს სამუდამოდ უნდა გაგრძელდეს. მინდოდა დამეწერა კაცებს მოსწონთ ამ როლის სამუდამოდ მორგებათქო, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მეც ძალიან მსიამოვნებს, როცა ვინმე განუწყვეტლივ ზრუნავს ჩემზე, ვახსოვარ და ვჭირდები…მიუხედავად იმისა, რომ სიამაყის გრძნობა გიჩნდება, როცა საკუთარი თავის მნიშვნელობას გრძნობ სხვისთვის, მაინც სასტიკად დავიღალე და მკვდარივით მეძინებოდა.:)

სამაგიეროდ, მთელი ამ დღეების განმავლობაში ვარკვევდი არისტოტელეს შეხედულებებს სამართლიანობაზე და ვცდილობდი, მომესწრო და ყველაფერი წამეკითხა.

შაბათს, მესამე ლექცია მაქვს. შემიყვარდა ეს დღე, რომელიც ყველანაირი სულიერი თუ ფიზიკური მიჯაჭვულობებისგან მათავისუფლებს და სულ სხვა ფუნქციას აძლევს კვირის ერთ უქმე დღეს. ამ დღეს, დილით ადრე ვდგები, ყავის დალევას ვასწრებ, ინტერნეტის გადათვალიერებასაც და მერე ვდგები და მშვიდად მივდივარ.კარგია, როცა დროის შეგრძნება გაქვს

Advertisements

Read Full Post »

დღეს მქონდა ისეთი დღე, რომელიც დიდიხანია მენატრებოდა. დილა დაიწყო ალუბლის კომპოტით, კარტოფილის კატლეტით და დასრულდა ორმაგი ესპრესოთი. დაახლოებით რვა საათი ვილაპარაკეთ და მივხვდი, ფსიქოლოგთან სიარულს ჯობია მეგობართან ერთად გემრიელი კომპოტი დალიო, ბოლომდე გაიხსნა, ყველაფერი მოუყვე, ისე, რომ წამით არ შეგეშინდეს იმის, გაიგებს თუ არა იგი მას, ხომ არ შეაშინებს, ხომ არ ჯობია, რაღაცეები შენთვის დაიტოვო, რადგან შეიძლება ზედმეტი ინფორმაციით დაამძიმო.
ქარვასლას მეხუთე სართულზე ვიჯექით მე და ქეთი.ისიც მორიელია:) და ამიტომ , ზუსტად ვიცი ჩემი აზრები მას ვერასდროს დააფრთხობს. ქეთი ყოველთვის ხვდება,როდის ვარ კარგად და როდის არა, ეს კი მგონი კარგი უნდა იყოს, რადგან არ მიწევს თამაში და ეს არც მას სჭირდება.
საუკუნე გავიდა, მგონი, რაც ასეთ მზიან ამინდში არსად არ წავხეტებულვარ და დღევანდელი დღე, აშკარად სტიმული იქნება ბევრი რამისთვის. ქეთისთან შეხვედრა ყოველთვის, რაღაც შემოქმედებით ენერგიას მაძლევს,დღესაც ასე მოხდა. მე მიყვარს კარგი ადგილები და ადამიანები, რომლებიც არ მეუბნებიან:”იცი? შენი თვალები არ მომწონს…” და რაღაც ხმამაღალ დასკვნებს არ აკეთებენ.რა ჩემი ბრალია, თუ პირდაპირ ვერ ვიყურები…და საკუთარი თვალები, მათ კი არა, არც მე მომწონს.
ორი დღის წინ ბებიაჩემის დაბადების დღე იყო. ინტერნეტი არ მქონდა. ისე, არც მომინდომებია მქონოდა. ნოსტალგიურ განწყობაზე ვარ, მაგრამ მშვიდად.
რა კარგი ყოფილა გაზაფხული გარეთ, აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით. წარმოუდგენლად შევივსე.მზე თვალებში მაჭყიტებდა და ერთხელაც არ გავწეულვარ, რომ დავმალვოდი.
არ შემიძლია იმ კაბებზე არ დავწერო, რომლებიც უნდა ეცვას თანამედროვე პრინცესას. ეს იყო H&M -ის ულამაზესი, შავი, თეთრი და კრემისფერი ერთიანი კაბები, ფასები ჰქონდა ძალიან სამწუხარო და რა კარგია, ისევ მომიწევს რაღაცეებზე ოცნება, რადგან ვიცი ვერასდროს ვიყიდი. სამაგიეროდ ვიცი, რომ იმ მანეკენზე მეტად ის კაბები მე მომიხდება და ესეც ერთგვარი ნუგეშია.
სამაგიეროდ, ბავშვობაში ჩადენილი ქურდობები, ბავშვობაში რჩება და საერთოდაც, ბავშვობაში ყველაზე ცუდი რამეები ხდება, უბრალოდ იმ ასაკში ყველაფერი გვეპატიება. ზრდასრულებმა კი უკვე ვიცით, რა შეიძლება გააკეთო და რა არა. ან კიდევ, შეიძლება ,მხოლოდ მე ვიყავი ბავშვობაში ცუდი ბავშვი…
ხო კიდე,თურმე ლამაზი ვარ…ეს ქეთიმ მითხრა, როცა ვუთხარი, ხანდახან სახლიდან გასვლაც არ მინდა, ისე მემახინჯება საკუთარი თავითქო. კიდე თურმე ასე ამბობენ :”ის ლამაზი გოგოო?”-ესეც ქეთიმ მითხრა. ახლა მინდა მჯეროდეს, რომ ნამდვილად ასეა.
ხო კიდე, მინდა ხშირად მქონდეს ესეთი დღეები.

Read Full Post »

ამ ბოლო დროს ბლოგს თითქმის საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, შეიძლება ითქვას განწყობების ნაკლებობას განვიცდი და ჩემი პასიურობაც ამან გამოიწვია. უხასიათობის დროს კი შემიძლია უაზროდ დიდხანს ვიჯდე და ფეისბუქში მოვკლა საათები. ყველა სტატუსი, რომელიც ფბ-ზე იწერება პოტენციური პოსტია, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებ, რომ სათანადო განწყობა მოვიკრიბო და ნიუ პოსტის ფანჯარა გავხსნა:/
ამ პოსტში შეიძლება რამდენიმე თემა გავაერთიანო და პოსტიც ისეთი ეკლექტური და ქაოსური გამოვიდეს, როგორი არეულიც მე ვარ. მოკლედ ხან ჭრა, ხან კიდე კერვა, ორივე სასარგებლო რამეა.
კვირას შემთხვევით სამებაში მოვხვდი შენდობის ლოცვაზე, უფროსწორად დედა მაკრინეს მივაკითხე მონასტერში და მანაც ხელი დამავლო და წაგვიყვანა მე და უტა. არ მოვყვები რა ხდებოდა სამებაში, არ გავლანძღავ და შეურაცხყოფას არ მივაყენებ მორწმუნეებს (რადგან არაფერი ყოფილა ისეთი, რასაც შეეძლო გავეღიზიანებინე, ანდა რატომ უნდა მაღიზიანებდეს ადამიანი, რომელსაც სურს იგრძნოს თავისი შეცდომები და ამას აღიარებს და რა მოხდა მერე თუ ამას ტაძარში აკეთებს,ან ამის გამოხატვას ფეისბუზე ცდილობს, მოკლედ ვერაფრით ვერ ჩავწვდი “ლიბერალი და ტოლერანტული” საზოგადოების სარკაზმს ფეისბუქზე). რაც შეეხება მიტევების დღეს, როდესაც მორწმუნეები ერთმანეთს პატიებას სთხოვენ და გულით შეუნდობენ ერთმანეთს წყენინებას, ახალი გამოგონება არ არის. იგი ძველი სამონასტრო ცხოვრებიდან მოდის. ადრე აღდგომის მარხვის დაწყების წინ, მონასტრის ბერები, რომლებიც მარხვის გასატარებლად ასკეტურ წესებს მიმართავდნენ და მკაცრი ცხოვრების სტილს ირჩევდნენ, სანამ მონასტრიდან სამოღვაწეოდ გავიდოდნენ, მანამდე ყველა ძმას ემშვიდობებოდნენ და შენდობას სთხოვდნენ, რადგან არ იცოდნენ თუ ვინ დაბრუნდებოდა ცოცხალი აღდგომის მარხვის დასრულების შემდეგ. ეს ტრადიცია კი სწორედ ძველი, მეუდაბნოე ბერებიდან მოდის.დიდი მარხვის პირველი კვირის 4 დღეს ტაძრებში იკითხება ანდრია კრიტელის სინანულის ლოცვები, როგორც დედა მაკრინემ ამიხსნა ეს ლოცვები იმისთვისაა, რომ დავინახოთ რომ მარტო ჩვენ არ ვართ ცოდვილები, მარტო ჩვენ არ გვაქვს შეცოდებები და შეცდომები და ცოდვა არ შეიძლება გახდეს დაცემის და სასოწარკვეთის მიზეზი. ანდრია კრიტელის სინანულის ლოცვები, მორწმუნეებს მიახვედრებს, რომ მათაც აქვთ სულიერი ძალა, თავის თავში დაამარცხონ ბოროტი.
მეორე თემაზე წერა, რითაც ეს პოსტი უნდა ამერია, საკმაოდ ვრცელი და შრომატევადი საქმიანობა შეიძლება იყოს და ამიტომ, ეს თემა სხვა დროისთვის გადავდე.
თან ეხლა ძალიან კარგი საბაბი მაქვს, სხვა საქმიანობით დავკავდე, რადგან მალე ულამაზესი და უჭკვიანეს რესპონდენტან მომიწევს შეხვედრა და რაღაცეები უნდა დავგეგმო.
რაც შეეხება პოსტის პათოსს და შენდობის დღესთან დაკავშირებულ თემებს, ვფიქრობ სულაც არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი, თან მითუმეტეს საჯაროდ არავის გთხოვთ შენდობას:))

Read Full Post »

შემზიზღდა ეს ბლოგი.ყოველდღე შემოვდივარ და არაფერი იცვლება, ისევ ძველი დიზაინი, ისევ ძველი პოსტები.
ნუთუ, აღარ მოგბეზრდა ეს მოხუცი ფილოსოფოსები და მოხუცი მწერლები?
რატომ, არ წერ შენს ძველ მეგობარზე, აივანზე მის ფანჯრამდე წითელი თოკი, რომ გაკიდე, სიგარეტის კოლოფი, რომ დაამაგრე და იმაში უყრიდი წერილებს? ალბათ იმ წერილებს სხვაც კითხულობდა. ან იმაზე რატომ არ წერ, მერე ეს გოგო, რომ გათხოვდა და ქუჩაში ლამის ისტერიული ტირილი აგივარდა, როცა შევხდი? გინდოდა ჩახუტებოდი, მაგრამ არ ჩაეხუტე, მერე ისევ დებილურად დაშორდი და მაინც მიტრიალდი, რომ შეგეხედა სად მიდიოდა. უყურებდი გულჩამწყდარი, ისე როგორც ადრე, როცა საშინლად ეჭვიანობდი სხვა მის მეგობრებზე, რომლებსაც ის შენსავით უყვარდათ. არა, შენ უფრო მეტად გიყვარდა, უბრალოდ არ გინდოდა სხვებსაც შენნაირად ყვარებოდა, მერე სულ იბოღმებოდი და დაბოღმილ წერილებს წერდი, მერე იმ წერილებს უკან იბრუნებდი.
ომის თემებს, რომ გადაეკიდე, ხანდახან მაინც გაიხსენე, მაღალსართულიანი კორპუსის თავზე, რომ ეწეოდით მეგობრის მამის სიგარეტებს, არც ერთმა არ იცოდით მაშინ მოწევა, ტყუილად აბოლებდით.
ერთხელ მაინც გაიხსენე, შენი ჯერ მეცხრე სართულის მეზობელი მანანა, რაც ფეხი მოაჭრეს პირველ სართულზე, რომ გადავიდა, ხანდახან მეზობლის კარს რომ ამტვრევდა, ქმარი, რომ პოლიციელი ჰყავდა.
ისიც გაიხსენე, ერთ დღეს ერთმა უშვილო მეზობელმა იმის გამო, რომ ამოგიყვანა ეზოდან, რომ ეკითხა შენ უფრო კარგად სწავლობ თუ შენ დაო და მერე პასუხის გარეშე დაესკვნა, მაინც ვიცოდი , რომ შენო.
იმაზეც დაწერე, ცოლ-ქმრობა მხოლოდ ნასკების რეცხვა, რომ გეგონა და მეტი არაფერი.
ან იმაზეც დაწერე, მთელი დღეები შენი ბიჭის აბრეშუმივით იღლიების სუნი, რომ გენატრება და ამ სუნის მონატრებას ლესელიძეზეც კი გრძნობ. რა კრიალა სუნი აქვს, რბილი და თეთრი. შენ თვითონაც, ხომ დარწმუნდი, რომ საყვარელი ადამიანის საცვლები, ყველაზე მაგარი რამეა და სულაც, არ ტეხავს ამაზე წერა.
ხომ შეგიძლია ხანდახან, მზისგან მოთქვიფო გოგლიმოგლი, ან ისე ჩაიარო მთელი პეკინი, თითქოს რაც მოგწონს მაღაზიებში ყველაფერი გეყიდოს. თამაშია ასეთი, ყველა მაღაზიასთან ჩერდები და რაც მოგწონს წარმოსახვით ყიდულობ, ამ დროს ყველაზე მეტად შეგიძლია შენს ბიჭს რაც უნდა ისინი უყიდო, რა მოხდა ფული თუ არ გაქვს, სამაგიეროდ წარმოსახვა გაქვს, ცოცხალი ხარ და თან ძალიან გულკეთილი, ყველას ყველაფერს უყიდდი ფული, რომ გქონდეს, სამაგიეროდ გული უნდა დაიმშვიდო, რომ მდიდრებს ფულის სწორად ხარჯვის უნარი არ აქვთ და ასე უფრო ჯობია.
ხოდა, დაწერე რა ამ ყველაფერზე:(

Read Full Post »

„რას გააკეთებდით, განათლების სისტემის შეცვლა, რომ შეგეძლოთ?“– ამ შეკითხვას უსვამს განათლების სისტემის მუშაკი პატარა 12 წლის ბიჭს, სახელად ტედის. ბიჭუნა 12 წლისაა, დიდი გემით მშობლებთან და უმცროს დაიკოსთან ერთად მოგზაურობს. ცოტათი უცნაური მშობლები ჰყავს და ჰყავს უმცროსი დაიკო , რომელმაც გამახსენა ჰოლდენის პატარა და ფიბი, რომელიც ყოველთვის მზადაა ყველაფერი გააკეთოს ძმის დასახმარებლად.რომლის, საუბარიც ხშირად ჩემი უმცროსი დის საუბარს მაგონებს. ისიც ასე, ყვება სხვადასხვა თემებზე და ხშირად იყენებს სიტყვა „და რამეე“ და ეს სელინჯერის გმირებისთვის მგონი დამახასიათებელი უნდა იყოს.
ძალიან ხშირად მიფიქრია განათლების სისტემაზე, მასწავლებლებლებზე და კიდევ ბევრ ბოლო დროინდელ მოვლენაზე, მანდატურებზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე და ა.შ, ოღონდ არა იმიტომ, რომ ზედმეტად ფანატიკურად აღვიქვამ ამ სისტემაში მომხდარ მოვლენებს, ან კიდე კომპეტენტური ვარ ამ საკითხში და ზედმეტად მტკივნეულად, უბრალოდ ზედმეტად ინფორმირებული ვარ. ამ მოთხრობაში, ასე მოულოდნელად დასმულმა კითხვამ, ამ ამბებზე კიდე სხვანაირად დამაფიქრა. შევეცადე გამეხსენებინა, რამე ასეთი შეკითხვა საჯაროდ გაჟღერებული, საქართველოს განათლების სამინისტროს მხრიდან, მაგრამ ასეთი ვერაფერი გავიხსენე. სამაგიეროდ გამახსენდა, ახალი წლის დღეებში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაშვებული შინაგან საქმეთა სამინისტროს კლიპი,სადაც პატარა გოგო–ბიჭები შემართებით მღერიან შსს ჰიმნს, სადაც ყველა მანდატური და პატრული იზრდება. კლიპის ნახვის შემდეგ, გული დამწყდა, რომ ძალიან ნაკლებია შანსი, ამ გოგო –ბიჭებიდან ბევრი გაიზარდოს ჯუდი ებოტივით,ჰოლდენ კოლფილდივით, ტედ მაკარდლივით და პეპი გრძელიწინდასავით გონიერი ბავშვები. ასეთი ტიპის შეკითხვას ჩვენთან არავინ არ უსვამს სკოლის მოსწავლეს, არავინ ისემენს მათ აზრებს, არც აინტერესებთ მათი აზრები და შეხედულებები, ისინი მათ პირდაპირ, გადაუმუშავებლად მიაწოდებენ პროპაგანდის ნარჩენებს, გაუაზრებლად ახატვინებენ მტრის ხატს, ახატვინებენ აგვისტოს ომს, ყველანაირი მეგობრობის გრძნობის გარეშე– მანდატური მათი მეგობარია, ყველა ბავშვი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციური ქვეყნის მომავალია.
ტედის პასუხი განათლების სისტემის მუშაკის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა იგი განათლების სისტემაზე ასეთი იყო.
„იცით რა…არც კი ვიცი კარგად რას გავაკეთებდი, ის კი ვიცი, რომ არ დავიწყებდი იმით, რითაც სკოლები ჩვეულებრივ იწყებენ. ვეცდებოდი, დამენახვებინა მათთვის, ვინ არიან ისინი. არა მხოლოდ ის თუ რა ჰქვიათ და ასეთი რამეები…მაგრამ ამაზე უფრო ადრეც კი, დავეხმარებოდი მათ ყველაფერი იმის თავიდან გამობერტყვაში, რაც მშობლებისგან და სხვებისგან უსწავლიათ. იმის თავიდან გამობერტყვაშიც კი, თუ მშობლებმა ასწავლეს, რომ სპილო დიდია. სპილო მხოლოდ რაიმეს ან ვინმეს გვერდითაა დიდი, მაგალითად ძაღლის ან ქალის გვერდით…იმასაც კი არ ვიტყოდი, რომ სპილოს ხორთუმი აქვს. მე მხოლოდ ვაჩვენებდი მათ სპილოს, თუკი ამის საშუალება იქნებოდა, ნებას მივცემდი მისულიყვნენ სპილოსთან ისე, რომ უფრო მეტი არ სცოდნოდათ სპილოს შესახებ, ვიდრე სპილომ იცის მათ შესახებ ასევე ვიზამდი ბალახზე და სხვა რამეებზე, იმასაც კი არ ვეტყოდი რომ ბალახი მწვანეა. ფერები მხოლოდ სახელებია. იმის თქმა მინდა, რომ ბალახი მწვანეა მათში აღძრავს მოლოდინს, რომ ის აუცილებლად ასეთი და ასეთია და არა სხვანაირი, ასევე კარგი ან შესაძლოა უკეთესიც…არც კი ვიცი. ვაიძულებდი მათ, ამოეღებინებინათ ყოველი ნაჭერი იმ ვაშლისა, რომელიც მშობლების და სხვა გარშემომყოფების დაჟინებით შეჭამეს“.
გემბანზე გამართული დიალოგი პატარა ბიჭსა და განათლების მუშაკს შორის ამ დიალოგის შემდეგ მალე დასრულდა, ბიჭს საცურაო აუზზე აგვიანდებოდა, განათლების მუშაკისთვის ბიჭის არგუმენტების განათლების სისტემაზე არც ისე დამაჯერებელი გამოდგა, თუმცა გვარიანად კი ჩააფიქრა. კაცმა კი ვერაფრით ირწმუნა, რომ თუ ბავშვს არ ეტყვი, რომ სპილო სპილოა, ამით უვიცების თაობა არ გაიზრდება, მაგრამ პატარა ბიჭმა, სახელად ტედ მაკარდმა მას ყველაფერი უფრო კარგად აუხსნა, მან უთხრა რომ თუ ბავშვს ტვინში არ ჩაუდებ რომ სპილო სპილოა და სპილო ყოველთვის დიდია, ისინი ამის ცოდნას ყოველთვის შეძლებდნენ, ყველაფერი კი იმ მარტივ რამეში მდგომარეობდა, რომ პატარებს საგნები ისეთი დაენახათ, როგორც ისინი სინამდვილეში არიან და არა ისე, როგორც მათ ვაშლიჭამიები ხედავენ. უნდა დაენახათ, რომ ადამიანის მკლავი მარტო იმის გამო არაა მკლავი, რომ ადამიანს აქვს, უბრალოდ მისი შეგრძნობა ამის ცოდნის გარეშეც შეიძლება. ტედი სუფთაა, მას ყველაფერი შეგრძნებების დონეზე დაჰყავს და ამით თითქოს ის ცოდნას აუფერულებს, მაგრამ ძალიან ცოტა მიხვდება, რომ ამით ის განცდებს და გრძნობებს ანიჭებს უპირატესობას და არა თავში ჩადებულ, უგულო და უგრძნობ ცოდნას.
ხოდა ,რატომ გამახსენდა სელინჯერი? ამ კითხვის დასმა ესეს დასაწყისშიც შემეძლო და ისიც მეხსენებინა. იცით, რატომ გამახსენდა? ჯერ ერთი, რომ გონიერი, ონავარი, ნიჭიერი და ჯიუტი ბიჭები და გოგონები მომენატრნენ, თავისით რომ იღებენ გადაწყეტილებებს, ყურადღებას რომ არ აქცევენ საზოგადოებრივ აზრს, სხვისი მიჩეჩების გარეშეც, რომ ახერხებენ ვაშლის ჩაკბეჩას,თვითონ, რომ ხვდებიან ყველაფერს, ვერავინ რომ ვერ მოატყუებს…
პ/ს თუ რამე შეცდომა და დაუსრულებელი ან გაუმართავი აზრია, მხოლოდ სამი ჭიქა შავი ღვინის ბრალია:) და კიდევ იმის, რომ ამ დღეებში, სულ გია მამულაშვილი მახსენდება:))რატო გადავეკიდე არ ვიცი

Read Full Post »

%d bloggers like this: