Feeds:
Posts
Comments

Archive for June, 2011

რაც, მამაჩემი მოკვდა იმის მერე ისე ვარ თითქოს, რაღაცას ვიყავი მიერთებული და ეხლა იქედან ამომრთეს. ფაქტიურად, განვთავისუფლდი, აღარაფერზე აღარ ვარ შეერთებული, ერთი რაც დამრჩა უკონტროლობის შეგრძნებაა, დენს ვირტყმევინები. შორს, სწავლულო ფილოლოგებო და ტვინის მღრღნელებო!..თურმე, როგორ ჰგავს სიკვდილი ელექტრო მექანიკას, იმ დღეებში მივხვდი, როცა:

გამოჩნდნენ მეხარჯეები, გამყოფი მეზობლები, შემწე მეზობლები, ოჯახიდან სამი კაცი, თავქალები და თავკაცები, ჩემთვის ყველა ერთნაირები, დაუპატიჟებელი და მწუხარე ადამიანები, თვალთმაქცობის სენით გაჟღენთილი ტიკჭორები, მოგორავდნენ და ყველა ერთი და იგივეს ყვებოდა, დეტალურად მიხსნიდნენ ყველაფერს, გულის წასვლამდე მეზიზღებოდა თითოეული, მინდოდა წიხლები მერტყა, მეძახა მომწყდით თავიდან. გავივლიდი შუშაბანდში, სადაც, ოდესღაც უსიკვდილობის პერიოდში გულაბ მსხლებს ვამწიფებდით, შინდისფრად შეღებილი იატაკი გულაბებით იყო მოფენილი. მზე იყო და სიმშვიდე, ქინძის სუნელიანი ჭადები, კიბეებზე ვიჯექით ფეხშიშველები და ვინც იცოდა, ის ფანდურზე უხამს შაირებს უკრავდა, მერცხლები ბუდეებს ჩვენს თვალწინ იშენებდნენ, არსებობდა „ბებიას ოთახი“ და არსებობდა ბებია, იზრდებოდნენ ინდაურები და წიწილები, მუდმივი ჯუა–ჯუა–ჯუა, წიპა–წიპა–წიპა…

მე ისე შევედი, არ მიტირია, საერთოდ ბევრი არ მიტირია, იმიტო, რომ მე მექანიკური არსება ვარ, მამაჩემივით კუშტი და მიბღვერილი, ერთი ის ვიცოდი, შუბლზე უნდა მეკოცნა, როგორც ის კოცნიდა მიცვალებულებს. თეატრალური ტრაგედია, რაც შეიძლება მეტი დრამატიზმი. ყველამ, ერთად დავიძაბოთ და მერე, ყველამ ერთიანად გამოვუშვათ!!! ორთქლი. ორთქლი კი არა ცრემლი, კურცხალი,  ბღავილი, ტირილი, სლუკუნი. ემოციების გამოხმობა.

მამაჩემი თევზია. ამ დღეებში ვხვდები ამას. თევზივით სუფთაა და მაგიტომ, არის შენახული ამ მაცივარში. მაცივარი კი განუწყვეტლად გრუხუნებს, მინდა მივიდე და ფეხი მივარტყა. ეს ოხრები, თევზივით ყინავენ მამაჩემს. ჭირისუფალთა ადგილიდან ვემუქრები ამ კაც–მაცივარს, სადაც მამაჩემი სიცივისგან იყინება და კანკალებს. ხან მაცივარს ვაგინებ და ვლანძღავ ხან მამაჩემს. მოღალატეს ვეძახი. ასე მწარედ პირველად მიმატოვეს. გაუფრთხილებლად. მეორე ინფარქტია ცხოვრებაში ბებიაჩემის მერე. ჩვენ ყველა ასე გულით…ვერიჩკა, ნოდარი, შურა, გელა, გივი…ღმერთო, მოიხსენე მათი სულები. ღმერთო, შენთან გყავდეს რა…მირანდა საკურთხის თევზს დაათრევს და თევზს წვენი გასდის. ზალაშიც წვენი გასდის თევზს, თეთრი ზეწარი მოყვითალო ლაქებით სველდება. რა არის ეს? როდის გამორთეთ მაცივარი? მარი. იგივეს ვფიქრობ მეც, რასაც მარი. ჩვენ ვიცით მიცვალებულის წვენიც და მისი სუნიც. უბრალოდ, ეს მამაჩვენია. ნუ გეშინია, როგორც გაყინულ თევზს გასდის წვენი ისეა, მიცვალებულს კი არ სჭირს რამე. მამიდაშვილი. დაჯდა სულ 140 ლარი. ესეც ჩაიწერა.

მთავარია ფული არის! უფროსწორად, რაღაც ნაწილი არის, უტა რომ არა, მთელი სოფელი მიგვამარხავდა მამაჩემს უკან. მთავარია ფული არის. მერე კიდე გამოჩნდება, დანარჩენს სადმე ვიშოვით. ღვინო კაცზე ერთი ლიტრა იანგარიშება. რა ჯანდაბას სვამენ ამდენს? ძროხები, მოუპირავები! პროდუქტის სახეობას პოვარი დაადგენს. რა იდიოტური ქართულია. მარტო ვარ,“შტეფცელიდან“ ამომრთეს და ყველა ჩემთან მყოფი ნაწილაკი დავკარგე სადღაც, მივიხედ–მოვიხედე, მგონია ვიღაც არსებობს, ვინც დამეხმარება, ვერავის ვხედავ. დაცარიელებული რეალობაა. ტყავი აქვს გამძვრალი ყველაფერს. ასე, ერთ დღეში, როგორ გააძვრეს ყველაფერს ტყავი? კაბა სასტიკად მლანდავს, არა უშავს მეპატიება. ჭირისუფლები კოპწიობაზე წესით არ უნდა ფიქრობდნენ, არც ვფიქრობ, არც შავების საყიდლად წავალ არსად, ეს ლურჯი კაბა მეცმევა სანამ მთლად არ გაბინძურდება. ვფიქრობ.

მარი ზის პასტა და ფურცლით, წერს საჭირო პროდუქტებს, რამდენჯერმე ჩამოწერს, გადაწერს, ფასებს ჩამოუწერს, გადაშლის, მაქსიმალურს ანგარიშობს, მერე ისევ სულ თავიდან იწყებს. ვეხუტებით ერთმანეთს, ჩვენ მამაჩვენს ვასვენებთ. რაც, შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა! ხუმრობა საქმე კი არ არის გასვენება.

მოვა პოვარი და ის იტყვის.

მოვა პოვარი და ის გადაწყვეტს.

პოვარს ვკითხავთ და ის გვეტყვის.

ცოცხალი ბანკომატი ვარ. შემირჭეთ ბარათი და როცა, დაგჭირდებათ ფულებს გადმოგიყრით. ნამდვილი ცოცხალი ბანკომატი ვარ!!!

მიყვარს სოფლის ტუალეტები. აქამდე, არავისთვის მითქვამს. მუდმივად იმანჭებოდნენ, სოფლის ტუალეტების ხსენებაზე. იქ ვტირივარ ცოტას. სოფლის ტუალეტები ბავშვობას ჰგავს. ბავშვური ხელით მიჩხაპნილი 0 0 . მახსენდება ჩემი გულუბრყვილო, პრიმიტიული ურთიერთობა ღმერთთან ტუალეტში ყოფნის დროს. ღმერთო, თუ მართლა არსებობ, გარეთ, რომ გამოვალ ჩემი სახლი მოწყობილი დამახვედრე! გარინდება. ლოცვა. ბებიაჩემი მეცოდება ამდენს, რომ შრომობს, თორემ, შენ ხომ იცი სულ არ მჭირდება მოწყობილი სახლი…

ბიჭი ხან ტუალეტში შევა, ხან სიგარეტს გააბოლებს, ხან სქელ, მორგვივით ფეხებს გაშლის და არხეინად ზის. ყოველ მის დანახვაზე თავში ავტომატურად მოდის სიტყვა „ნძრევა“, ვერაფერს ვუხერხებ ამ სიტყვას, როგორც კი დავინახავ ეგრევე ეს სიტყვა მეხეთქება თავში. ეს უფრო ტრაგედიაა, ვიდრე მამაჩემის სიკვდილი. დადიოდე და ყველაფერი ერთ ადგილზე გეკიდოს.

ლურჯი კაბა მაცვია, თვალები ისედაც ავადმყოფურად მაქვს. როგორ გექცევიან ოჯახში? მეკითხება, ჩემი რომელიღაცა მეზობელი ქალი. ან ნუნუ, ან მედიკო, ან ნარგიზა ან კიდევ ვიღაცა, ზუსტად ვერ ვიხსენებ,რა მნიშვნელობა აქვს ყველა ერთნაირია. ვპასუხობ, რომ ჩვეულებრივად კარგად. მარის არ მოსწონს ჩემი პასუხი, ეტყობა ვერ დავაკმაყოფილე მათი ცნობისმოყვარეობა, უფრო მეტი უნდა მეთქვა, მაგალითად, ის რომ არ მცემენ, საჭმელს მაჭმევენ და ოქროში და ბაჯაღლოში ჩამსვეს. მგონი ჩემი ზედმეტი გამხდრობის გამოა ყველაფერი.

რაღა, ჯანდაბად დაემთხვა ეს ციცინათელების სეზონი. არა, კარგია რომ დაემთხვა მის ციცინათელათა კარავის კრებულს. ქილებში ვაგროვებდი ადრე და ბნელ ოთახში ვინახავდი, იქნებ გაანათოსთქო. რატომ, უკავშირდება ყველა სიტყვა „ბავშვობას.“ ნახვამდის ბავშვობავ, შე მოუპირავო ქვევრო, მაინც ყველაფერი შენ გრჩება ბოლოს, მე კიდე დიდი ღრმული გამიჩნდა მუცელში სიცარიელის და უმწეობის. მამაჩემი ცხრა თვისა უკვე გამართულად დადიოდა ფეხზე, მე კიდე ძვლივს დავლასლასებ.

ორი დღის შემდეგ ღვინის ფულს ვატანთ. გული მწყდება მამაჩემის დაკრძალვაზე, სხვისი ღვინო რომ უნდა იყოს. მარი ამოწმებს ყველაფერს, ის იწერს ფულის გაცემის და სხვადასხვა ხარჯის ანგარიშებს. ვუყურებ ხოლმე, მეშინია არ ატირდეს. მარი, რომ ატირდეს გული მომიკვდება, მერე ნამდვილად დავიჯერებ მამაჩემის სიკვდილს, თუ არ იტირებს ყველაფერს მშვიდად და ღირსეულად გადავიტანთ. მარი არ ტირის დაკრძალვის დღემდე, უბრალოდ მერე ეზოში ვეღარ უძლებს  ნერვები. მეტი უნდა ეთქვა, ისე კი ღირსეულად დაიტირა. მეტჯერ აღარ შეგაწუხებთ არავის მამაჩემიო. გული მოუკლა ყველას.  ქელეხი არის ცოცხალი ვაჭრობის კლასიკური მაგალითი, სიკვდილზე გამართული აღებ–მიცემობა.

სხვა დღეებში ეზო არის წვიმისგან ჩამპალი, მთელი დილა დავდივარ და ტალახებიდან ლურჯ სალფეთქებს ვაგროვებ, ლიმონათის თავსახურებს ვაძრობ მიწიდან, მოკლე ფრჩხილებით ამომაქვს, დასახოკი ფრჩხილები არ მაქვს, კარალიოკის ხის ძირთან მდგარ ვედროში ვყრი და ვცდილობ ნასიკვდილარი კვალი სწრაფად გავაქრო ეზოდან, ფაქტიურად მამაჩემს ვაძევებ მისი სახლიდან, ან უფრო იმ მტანჯველ და მომქანცველ დღეებს, რომლებმაც ცოტა დრო არ დამიტოვეს მამაჩემთან ურთიერთობისათვის. ტუმბოჩკას ვალაგებ, ბევრი ისეთი დეტალია, რასაც ვიმახსოვრებ, ზოგსაც ვიწერ, საჭირო გახდება ერთ დღეს ყველაფერი…

ჩიტები განუწყვტელად ჭიკჭიკებენ, ძაღლები ერთი წამით არ ისვენებენ, ტარაკნებივით აფუთფუთებულია ირგვლივ სამყარო, ბიცოლაჩემის აბანოშიც იმდენი ტარაკანი ფუთფუთებს, მთელს ტანში მივლის მათ დანახვაზე. ამ აბანოში ვუხეხავდი ბებიაჩემს ზურგს, ვიჯექით ჯორკო სკამებზე და სახეხით ერთმანეთს ზურგებს ვუწითლებდით. ზურგზე მოზრდილი, ვარდისფერი,ხალი. ბებიაჩემი, ბიძაჩემი, მისი შვილი…

დანარჩენს სხვა დროს დავწერ. მანამდე არ მინდა სენტიმენტებით გაგჟღინთოთ და  ჩემი სიკვდილები თავზე მოგახვიოთ. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ საუცხოო ადამიანები ცხოვრობენ ჩემს სოფელში, მათზე არასდროს მეყოფა დრო საწერად და ალბათ, ვერასოდეს მივაღწევ ისეთ უნარს, რასაც ისინი ფლობენ ადამიანური გაჭირვების დროს.

ამ პოსტსაც, დასრულება სჭირდება, მე რომ მამაჩემი ვყოფილიყავი სიკვდილის წინ ასე დავემშვიდობებოდი იმათ, ვინც მამაჩემის სიკვდილს ხელი შეუწყვეს.: “ნახვამდის ბოზებო, ჩვენ ყველა მოვკვდებით!“

 

 

Advertisements

Read Full Post »

თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დატოვეთ ყველა…მეორე სათაური

მარისთან და მის კატასთან ერთად მეძინა და ეხლა სულაც არ ვარ კარგ ხასიათზე. უუფ, კატები…როცა, განსაკუთრებულ მარტოობას ვგრძნობ, მხოლოდ მაშინ შემიძლია მათი ატანა. მეოთხე დღეა ქუთაიში ვარ, მგონი დღეს მეწურება აქ ყოფნის ლიმიტი, არადა ყოველდღე რაღაც საინტერესო ხდება, შეიძლება მე ვარ მონატრებული იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც გავატარე ძალიან ბევრი დრო.

ქუთაისი სინონიმების ქალაქია. ძალიან ბევრი სინონიმის, ხან ინდუსტრიულობის სინონიმი იყო, ხან კულტურულობის, ხან უკულტურობის, ბოლო პერიოდში ჩამორჩენილობის, მეორე ქალაქის, მამაქალაქის,საპარლამენტო ქალაქის, ეხლა მგონი ეს ყველაფერი(ინდუსტრიულობის გარდა) ერთიანად არის აღრეული ერთმანეთში და თავის და ბოლოს გარკვევა მიჭირს.

ახალი პარლამენტის მშენებლობის გამო, ჩემს უბანში 24 საათიანი წყლის რეჟიმია, ეს ყველაზე მეტად მომეწონა, შეგნებულად არ გავიხსენებ იმ წლებს, როგორ გვიხდებოდა წყლის აზიდვა მაღალ სართულებზე.

ხოდა, ისევ სინონიმებზე, ის რომ ქუთაისი პარადოქსების ქალაქიცაა, ამას ისიც ამტკიცებს, რომ ქალაქის ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილზე, მესხიშვილის თეატრის ლამის სხვენში, სადაც ერთი ოთახი ლიტ.კაფის სახელს ატარებს, თითქმის ყველაფერი ტარდება გარდა  ლიტერატურული ღონისძიებებისა. ამას არც ვაპროტესტებ, მითუმეტეს იმიტომ რომ იქ ჩემი მეგობარი აკო, კვირაში ორ დღეს მუსიკალურ კარაოკეს მართავს და ლიტ.კაფის სახელით “შეშინებული” ხალხი იქ სულ სხვა თავდავიწყებას ეძლევა და საერთოდ, არ განიცდის დისკომფორტს, კარაოკესთვის შეუფერებელი გარემოს გამო. მე თვითონაც, არაჩვეულებრივად გავერთე და  აღარ ვაპირებ ვილაპარაკო იმაზე, თუ რატომ ხდება ზოგადად კულტურის და ხელოვნების საერთო ნორმაზე დაყვანა.(კითხვა გამიჩნდა, რატომ არასდროს არ არის მესხიშვილის თეატრის ტუალეტში უნიტაზის ჩასარეცხი წყალი, ხელის დასაბანი წყალი?)

გუშინ, ქრისტინეს ნახატების გამოფენა იყო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მე “ძველ კორპუსს” ვეძახდი ადრეც და ეხლაც, ყოველთვის სიგრილე იყო და ხშირად ვიჯექი იქ. მე მარტო უნივერსიტეტის ეზო მიყვარს, დანარჩენი მხოლოდ უაზროდ გატარებულ წლებს მახსენებს, მუდმივ კონფლიქტებს ლექტორებთან, დეკანთან და რექტორთან, ძალიან მიყვარს ამ ყველაფრის გახსენება:) კიდე იმას მახსენებს, რომ ჩემი დიპლომი ისევ მათი კანცელარიის ტყვეობაშია და იქამდე არ გამოვიტან, სანამ მართლა არ დამჭირდება, მაგრამ არა მგონია, ოდესმე რამეში გამომადგეს. ეჰ, დაკარგული ოთხი წელი, ძაან ვნანობ ყველაფერს! მერე აუცილებლად დავწერ იმაზე, თუ რატომ არ არის საჭირო დიპლომები.

სამაგიეროდ, ვნახე ძალიან ბევრი ადამიანი, დაახლოებით ასე 120 კაცამდე, ზოგის ნახვა ძალიან გამიხარდა, მათაც გულწრფელად გაეხარდათ ჩემი დანახვა, რადიოშიც ავიარე სულ რამდენიმე წუთით და მივხვდი, რომ მსგავს სამსახურში მუშაობა მომავალში, ძალიან გამიჭირდება და  ისევ სახლში ჯდომა მირჩევნია. მოკლედ, აღარ შემიძლია, ძალიან ახლო ურთიერთობები ამ ზოგადი “მეგობრობის” მარწუხებში მოქცეული, მირჩევნია დისტანცირებული მეგობრობა-ნაცნობობა, ასეთ დროს უფრო საინტერესოა ურთიერთობა.

ერთ-ერთი ადამიანი, ვისი ნახვაც ასევე გამეხარდა, მანანა ქველიაშვილი იყო, მოხეტიალეს ბლოგის ავტორი, ძალიან გულწრფელი და საინტერესო ადამიანი. გული მწყდება, რომ ასეთი ჭკვიანი ადამიანები თავის საქმეს ვერ აკეთებენ, უფროსწორად  აკეტებენ, მაგრამ საზღაურის გარეშე, სამაგიეროდ აქ ნაციონალების პარტიაში გამოჩეკილი და დაფრთიანებული  ბჟღარტებისთვის არის ფართო გასაქანი, სხვა შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდე ისეთი ანაზღაურებით, რომელმაც შეიძლება მხოლოდ ტრანსპორტის ხარჯები დაფაროს…

ამ პოსტისთვის, შემეძლო დამერქვა,  “მე გული ქუთაისი”, მაგრამ ამ გრძნობამ საერთოდ არ გამიელვა გულში, რადგან ქალაქი, რომ გიყვარდეს იქ კარგად უნდა გრძნობდე თავს, ელემენტარულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანთა ცხოვრება, რაღაც პერსპექტივა და იმედი უნდა არსებობდეს, მე კიდე ასეთი ვერაფერი დავინახე, ისევ უპერსპექტივობის და უიმედობის სინონიმია ჩემთვის ეს ქალაქი(ქვეყანაც) და თუ კიდევ ვინმეს, შერჩა, რაიმე ნაპერწკალი იმედის, წარმატებებს ვუსურვებ.

Read Full Post »

%d bloggers like this: