Feeds:
Posts
Comments

Archive for July, 2011

დილა აღმოჩენების დროა, ან ყველაფერს აღმოაჩენ ან არაფერს, ასე დამემართა  მეც. ძილბურანიდან გამოფხიზლებული მივხვდი, რომ არაფერი არ მაქვს და მაინც, არაფერი  მჭირდება, შეიძლება გულის სიღრმეში საკუთარ უგერგილობას და  უუნარობას წავცხე მალამო და სტიმული მივეცი. მერე წავიწუწუნე, რომ ვერ ვიტან მზეს დილით და სასწრაფოდ ჩამოვაფარე ფარდა. იმ დღეს ყველაფერი პირნათლად შევასრულე და საკუთარი თავით, ცოტათი კმაყოფილი ვფიქრობდი, რომ არაფერი გამაჩნია ცხოვრებაში, ერთი პაწაწინა მიზანიც კი არ მაქვს და საერთოდაც, იმ დღის მერე მიზანდაკარგულების სიაში ჩავეწერე, დილით ნახევარი საათით ადრე გავდიოდი სახლიდან, კონკა სთეიშენს ინტერნეტს ვპარავდი, ქმრისგან მალულად სიგარეტს ვაბოლებდი, წყვილებს ვაკვირდებოდი, სკვერის დამლაგებელს ცოტათი ხელს წავუკრავდი, მერე მივდიოდი და ჩემს რუტინულ საქმეს ვიწყებდი.

მიზანი ორიენტირის მონიშვნაა და შემდეგ, ამ ნიშნულისკენ დაუღალავი და სწრაფი სვლა (მე გული მაწუხებს, ფეხს არ ვუჩქარებ),  ესეთი ორიენტირი ოდესღაც, მოვნიშნე , მერე რატომღაც მამაჩემივით მოვიქეცი, აკადემიურ ხარისხზე ზრუნვა ფუჭი მომეჩვენა (ადამიანები მაქსიმუმ 52 წლამდე ცოცხლობენ ჩემს გარშემო, ეს იყო არგუმენტი) და თან, ყველას ვუმტკიცებდი მამაჩემის ჩათვლით, რომ ჰონორარებისთვის მჭირდება წერა და არა სხვა რამისთვის, არცერთმა არ დაიჯერა. სამაგიეროდ, მე ვიცი, რომ როცა გაქვს მხოლოდ 70 თეთრი, რომელსაც მგზავრობისას დახარჯავ და შემდეგ, სახლში მისაბრუნებლად მხოლოდ ოცი თეთრი გრჩება, რომელიც ვერანაირად გეყოფა, აუცილებლად უნდა მოფიქრო რაღაც, სახლში წასასვლელი ფული, რომ იშოვო, რადგან უსინდისო მგზავრობებს შეჩვეული არ ხარ და თუ ერთხელ , მაინც გაბედავ, მაშინაც სასტიკ კონტროლიორს ჩაუვარდები ხელში. ამიტომ, მიდიხარ გამომცემლობაში, სადაც  გახვედრებენ არც მეტი არც ნაკლები 50 ლარს, ამის შემდეგ კი ყიდულობ თევზის სალათის ინგრედიენტებს, ქონდარი არავის აქვს, ქონდარი უგემრიელეს სუნს აძლევს სალათს, როცა მას თევზი შეერევა.

ხოდა, მთელი ამ ისტერიული მიზანდაკარგულობის საფუძველი უღმერთობაც იყო, რადგან  ის ვერ აღმოვაჩინე ჩემს გარშემო, საათობით ვეჯუჯღუნებოდი მგზავრობის დროს, სტომატოლოგის სკამზე ყოფნისას, რაღაცეებს ვერ ვპატიობდი, ლამის შეშლილივით გამოვუცხადე ბრძოლა, ჩემივე ურწმუნობის გამო, ვაიძულებდი თვითონ გაეკეთებინა ჩემთვის ყველაფერი, სამაგიეროდ მე ვიქცეოდი ყოველთვის  ნამდვილი ეგოისტივით და ქონდრის მოსაძებნად უფრო მეტ დროს ვხარჯავდი , ვიდრე მისთვის. ეხლა კი გავაცნობიერე, რომ არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე ღმერთია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ხორცშესხმა საკუთარ გულში და მისკენ სწრაფვა. ეს ძაან გრძელი პოსტის თემაა, ამიტომ ეხლა  ერიკ ემანუელ შმიტის “პილატეს სახარება”–ზე.

ქრისტე შმიტის მიხედვით

თავიდან მეგონა ამ წიგნის წაკითხვას უკუღმა შევძლებდი და რამდენჯერმე შევეცადე კიდეც, კითხვა 305 გვერდიდან დამეწყო. ვფიქრობდი თუ შმიტი ქრისტეზე წერს, რომელზეც მე ასე თუ ისე რაღაც გამეგება, მაშინ წიგნი ნამდვილად გაყვება სახარების  კვალს და არაფერი დაშავდება თუ კითხვას დასაწყისში დავამთავრებ, არა მგონია ამით რამე დაირღვეს. ისე, რა უცნაურია რატომ არ გვაინტერესებს ხოლმე დასაწყისი და რატომ ვკითხულობთ წიგნებს წაღმა, რომ როგორმე ეპილოგს მივაღწიოთ, იქნებ ყველაზე მთავარი ისაა ,როგორ იწყება და არა, როგორ მთავრდება. მოკლედ, აბსურდული ექსპერიმენტი რა თქმა უნდა ჩაიშალა.

წიგნი ორნაწილიანია, პირველი ნაწილი მაცხოვრის თავგადასავალია, ხოლო მეორე პილატესი. პირველში– მაცხოვარი ზეთისხილის ბაღში მყოფი  ელოდება მის დასაპატიმრებლად გამოგზავნილ ჯარისკაცებს, იხსენებს ყველაფერს ამ დღემდე, როგორ მოხდა მისი ღმერთად გარდაქმნა.

შმიტის მოზარდი ქრისტე იგივე იეშუა ისეთივე  ჩვეულებრივი ბიჭია, როგორიც ვინმე ევროპელი ახალგაზრდა, მოაზროვნეა, “ათასი კითხვის დამსმელიც” კი შეარქვეს, ჰყავს მეგობრები, ცოცავს კლდეზე და თამაშობს “კატა ქანდარაზე”, მასში პროტესტს იწვევს ყველაფერი ძველი, რადგან ეს სიძველე მხოლოდ ცივი ფორმალობაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანებთან.  იგი უჯანყდება თავის მშობლებს, რომლებსაც მისი არ ესმით და ცდილობს  სულ სხვა საარსებო სივრცე შექმნას, სადაც იქნება სიყვარული და სადაც, ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ღმერთის შეგრძნობას. იგი უჯანყდება  ძველ ღმერთს ანუ გაბატონებულ კანონს, რომელსაც ადამიანებისთვის არაფერი არ მოაქვს გარდა ყბადაღებული წესებისა, რომელიც არაფერშია არაა გამოსადეგი. ალტერნატივა კი ახალი ღმერთის შექმნაშია, რომელიც ადამიანებს მიანიჭებს თავისუფლებას და სიყვარულს.

თავიდან, მეგონა ამ წიგნს ვერ წავიკითხავდი, წარმოვიდგინე რომ იქნებოდა გაჭიანურებული თხრობა, უამრავი ბიბლიური ეპიზოდი, დუნე და მოსაწყენი დიალოგები, სახარების კალკირებული მოდელი, მაგრამ შევცდი. წიგნი ძალიან დინამიურად იკითხება, შმიტი ყველაფერს თავდაყირა აყენებს, არანაირ კანონიკას არ ემორჩილება, გარდა მხატვრულისა და იდეაც კეთილშობილურია, სიყვარულზე დაფუძნებული ღმერთი, რომლის შექმნა ყველა ადამიანს შეუძლია.

Read Full Post »

არა, ბეგბედერისნაირი კაცები, მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება მოგეწონოთ და ისიც, როცა ტვინში ორმოცჯერ დაატრიალებ ფრაზას: ბინძური, ბინძური ბეგბედერი და მაინც სიმპათიით განწყობილი ღიმილით გაგეღიმება და შეთქმულივით გაიხედავ მგზავრებით ამოტენილი ფანჯრების იქით  იმიტომ, რომ იქეთ არავის გაუკვირდება ღიმილი, რადგან ვერც ვერავინ დაგინახავს.

ფანჯრებს მიღმა, სამყარო ცინიკურია, ყველაფერი ცინიკურია და ბეგბედერისადმი მიმართული ჩემი ნაწილობრივი სიმპათია იმაში მდგომარეობს, რომ ყოველგვარი რევერანსების გარეშე მიტყლაშუნებს სიმართლეს სახეში. ხანდახან, გაქცევა ინტროსპექტრულია და რაც, არ უნდა ირბინო, მუხლები გადაიტყავო და  სუნთქვა აიჩქარო მონიშნული მიზნისკენ,  ბოლოს მაინც საკუთარ თავს დაეჯახები. თან,  უელბეკი მახსენდება, როცა ამბობს :”იყავით საზიზღარი და თქვენ ნამდვილი იქნებით”, ნამდვილად ყოფნა მგონი მარაზმში გადასვლას გულისხმობს, თავაწყვეტით გადაშვებას ცხოვრების მორევში, რომელიც შეიძლება სულაც საკუთარ თავთან გვაბრუნებდეს, რადგან ასეთი გადაშვების დროს აღარ ფიქრობ იმ კონტექსტზე, რომელიც თავზე ძალათ მოგახვიეს (ან მოიხვიე)

ნანათხოვარ წიგნს, კი ის მინუსი აქვს, რომ შენს გემოზე ვერ დახაზავ;) მაგრამ, წიგნის ზომა სრულიად დამაკმაყოფილებელია შენი შარვლის ტრაკის ჯიბისთვის, სადაც უპრობლემოდ მოათავსებ და ნებისმიერ დროს, გააგრძელებ კითხვას, ისე რომ ძალიან კარგად გემახსოვრება ის ნაწყვეტი, სადაც კითხვა შეწყვიტე, აი ამიტომ მიყვარს ასეთი საკითხავები ტრანსპორტით გადაადგილების დროს, ყველგან ჩააკვეხებ, არ დაგამძიმებს, ყურადღების დაძაბვის გარეშე წაიკითხავ, რადგან დასაძაბი არც არაფერია.

ბეგბედერის “ექსტაზი. კაიფში დაწერილი ნოველები” სულ, რაღაც 12 ამბისგან შედგება და თითოეული მოთხრობა ერთმანეთის ჯიბრზე არასერიოზულია, თავაწყვეტილი და გაუწონასწორებელი თხრობაა ჰალუცოგენით იგივე მეთილენდოქსიმეთამფეტამინით გაჟღენთილი ადამიანისა.

რამდენიმე, ნოველა განსაკუთრებით მომეწონა, მათ შორის:”როგორ გავხდე ვინმე ისეთი”  და “უდიდესი,ცოცხალი ფრანგი მწერალი”.

და მაინც, ბეგბედერი არ არის ჩემი საყვარელი, ცოცხალი ფრანგი მწერალი, არც ეს წიგნი დაგამახსოვრდებათ დიდხანს და თუ ლიტერატურას, როგორც ნაგავს ისე არ ახარისხებთ, ალბათ აჯობებს, რომ მაინც   წაიკითხოთ.

Read Full Post »

ძაან, ძაან თბილად ვარ ეს დღეები, კარგი რამეებიც მოხდა და ცუდიც, ზოგ–ზოგიერთებმა ნაადრევად მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია, ასე უფრო ჯობია, ამის შემდეგ ის მაინც იცი, ვარგა თუ არ ვარგა ის ადამიანი. ეხლა ისე ვწერ, თითქოს ადამიანზე კი არა პროდუქტის ვარგისიანობაზე ვლაპარაკობდე, მაგრამ დროებითი სიმშვიდე, რომ შეინარჩუნო ჯობია მიარტყა ეტიკეტი და თავი და მიანებო. მე არ ვარ ზედმეტად მეგობრული ადამიანი. სულ, რამდენიმე მეგობარი მყავს და ვერ ვიტყვი მათით ვცოცხლობ და ვხარობ მეთქი, მაგრამ გადაუმოწმებლად ვიცი, რომ ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი, არასოდეს შევპირდები მათ იმაზე მეტს, ვიდრე ეს ჩემს ძალებს აღემატება, არასოდეს მოვიტყუებ თავს ილუზიებით და არც მათ მოვატყუებ, მაგრამ ყოველთვის ვეცდები რაც შემიძლია ის გავაკეთო მათთვის. მეგობრობა– ეს არ არის ჩემი საყვარელი თემა, არც ზოგ–ზოგიერთებივით ვბერავ  რეალურ ფრენდ ლისტს ადამიანებით, დიახ, არ მჭირდება ასე გეგმიურად შევსებული სამეგობრო ლიმიტი და არ მჭირდება მეგობრული ფაბრიკაციები.

კარგი ამბავი: სამსახური მაქვს, ხელფასიანი სამსახური, თითქმის დაუჯერებელი ამბავია ასეთი კომბინაცია 🙂 უამრავ რამეს ვგეგმავ, უამრავი რაღაცის სწავლას ვაპირებ, მოკლედ სიცოცხლეს ვაგრძელებ. მთავარი კი ის არის, რომ ჩემი საკუთარი ფული მექნება, რომელიც შეიძლება სულაც სხვისთვის დავხარჯო, მაგრამ მთავარია იარსებებს თანხა, რომელსაც მე გამოვიმუშავებ, აი ეს მჭირდებოდა, ეს გრძნობა მაკლდა ამ თვეების განმავლობაში, რომელიც ყველაფერს მიღრღნიდა და არაფერს მიტოვებდა საიმედოს, თავი გაუფასურებული ბანკნოტი მეგონა, რომელსაც ნებისმიერ დროს მოისვრიდნენ ნაგავში. სამაგიეროდ, ეხლა ყველაფერი კარგადაა, მე არ ვარ მხოლოდ მეორე ნახევარი, რომელიც სახლში ზის და წიგნებს კითხულობს, სახლს ალაგებს, ჭურჭელს რეცხავს, ტანსაცმელს აუთოვებს, ქმარი ასმევს და აჭმევს. ვერასოდეს შევეგუები ასეთ ცხოვრებას და თუ შევეგუები ბედნიერიც არ ვიქნები.

მეორე კარგი ამბავი: ე.წ მარშუტკებში ორ კვირაში ზუსტად სამი წიგნი დავამთავრე, აქამდე იშვიათად  ვკითხულობდი მგზავრობისას, ეხლა როცა წიგნებისთვის გამოყოფილი დრო, შესამჩნევად შემიმცირდა, მინდა ყველა წუთი კითხვისთვის გამოვიყენო. მშვენიერია, როცა დროის გადანაწილება შეგიძლია, ამაზე სულ ჩიოდა დედაჩემი, ეხლა მგონი ისწავლა:)

ნახვამდის, ზედმეტად არ გადაგტვირთავთ!!!

 

Read Full Post »

%d bloggers like this: