Feeds:
Posts
Comments

Archive for September, 2011

ამ პოსტის ინსპირატორი კორტასარის “კლასობანა” გახდა, თუ მთლიანად წიგნი არა, დიალოგის ერთი ნაგლეჯი, როცა პოლიციელი მაწანწალებს აგინებს და ლანძღავს, ორასიო ოლივეირა მაგას ეუბნება:”ამ უნიფორმიდან მოქალაქეთა სირცხვილის სუნი გვცემს. წავიდეთ, კიდევ ერთხელ გავიქცეთ”. პოსტი სწორედ ასეთ ადამიანებს ეძღვნება, რომლებიც ქუჩაში მოსიარულე ასობით პოლიციელების უნიფორმიდან საკუთარ სირცხვილს გრძნობს, საკუთარ სირცხვილს გრძნობს კარში გაჩრილ გადასახადებისგან, საკუთარ სირცხვილს გრძნობს ან ვერ გრძნობს რუსთაველი პენსიონერი, რომელსაც გაზრდილი პენსია 100 ლარი პრეზიდენტმა თავისი ხელით ჩაუტანა და კიდევ, რამდენი რამეა, როცა სირცხვილი უნდა ვიგრძნოთ.

როცა, ამ თვეში კომუნალურმა გადასახადებმა 160 ლარს მიაღწია, სერიოზულად დავფიქრდი, როგორ შეიძლება რაღაცის ხარჯზე გავანახევროთ ან ოდნავ მაინც შევამსუბუქოთ, კომუნალური გადასახადები. გამოსავალი რა თქმა უნდა არის: თუ საკუთარ თავს მოვიძულებთ და კვირაში ერთხელ ვიბანავებთ (სწორედ, ამ სტატისტიკით ბანაობს ყოველი მეორე ქართველი) გამოვრთავთ მაცივარს, კომპიუტერს, ხშირად არ გამოვიყენებთ მადუღარას, იშვიათად გავრეცხავთ სარეცხს, არ ვუყურებთ ტელევიზორს ( რა ხეირი ყრია, ბინძური ქართული შოუების ყურებაში, რომლის თვალის მოკვრა უკვე მთელი საღამოს გაფუჭებას ნიშნავს. ამაზრზენი და მყრალი სანახაობა) ყველანაირი გზა იქეთ მიდის, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ასკეტები, ყველაფერზე უარი ვთქვათ, არ დავიბანოთ, არ გამოვიყენოთ სარეცხი მანქანა, არ წავიდეთ კინოში, თეატრში, კონცერტზე, კაფეში ყავის დასალევად, არ შევიძინოთ ფეხსაცმელი, პიჯაკი, კაბა, შარვალი, არ შევავსოთ ბალანსი მობილურზე, არ გავაჩინოთ შვილები, რადგან თუ გავაჩენთ უნდა ვუყიდოთ 120 ლარიანი სახელმძღვანელოები, არასოდეს დავეზღვიოთ, წელიწადში ერთხელ ვერ უნდა მივიდეთ ექიმთან, ვერ დავიპლომბოთ კბილი, ვერ ავიღოთ ანალიზები, არ ვიყიდოთ პროდუქტები და საერთოდ, უარი ვთქვათ კვებაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ გადამხდელ უნარიანების რიგებში ჩავეწერებით. მოკლედ, ასკეტიკა სერიოზული რამეა ასეთ შემთხვევაში. მაგრამ, რომ გადარჩე და გახდე გადასახადების გადამხდელი, მხოლოდ ფიზიკური შემოძარცვა არ გამოგადგება, საჭიროა სულიერადაც შეამზადო საკუთარი თავი, რომ გადასახადების ქვითარზე დასუფთავების გრაფაში 45 ლარის დანახვას გაუძლო, მოკლედ ორივე საჭიროა ფიზიკური და მორალური სიმტკიცეც, რომ არ დაეცე.

არის კიდევ სხვა გზა, წუწუნი სოციალურ ქსელებში და პირად ბლოგებში, რასაც ახლა მე ვაკეთებ და სხვადასხვა საპროტესტო ხასიათის შემცველი ჯგუფების შექმნა, სადაც ასი ათას კაცამდე გაწევრიანდება, დრო და დრო დავპოსტავთ, ვაგინებთ და დავწყველით მთავრობას, გულს მოვიოხებთ, ვიამბოხებთ და არაფიზიკურ სამოქალაქო სივრცეში, რომელიც უფრო და უფრო ემგვანება ასეთი სიტუაციისთვის შესაფერის გამოთქმას:”ამირან გულში მღეროდა”.

80 თეთრიანი მარშუტკების გამოჩენის შემდეგ, ჩემი სატრანსპორტო საშუალებები შეიცვალა და უკვე მეტროთი და ავტობუსით ვმგზავრობ, ეს ერთგვარი პროტესტი იყო ყვითელი მიკროავტობუსების მიმართ, სამაგიეროდ, ეხლა ვხვდები უამრავ უცნაურ ადამიანს, წითელი კეტების გამყიდველ გოგოს, მოხუც ბებოებს, სიყვარულის ჟინით ატანილ შეყვარებულებს, თავის თავთან მოლაპარაკე კაცებს და ქალებს, კეთილ და ბოროტ კონდუქტორებს და კიდევ მრავალ სახეს, ვიმახსოვრებ დროსა და სივრცეს და თუ ამ ტრანსპორტსაც გაძვირება დაემუქრება, მერე ალბათ ველოსიპედს ვიყიდი და ვივლი, სანამ ფეხით სიარული არ გახდება ფასიანი.

როცა, გამოსავალს ეძებ, სხვადასხვა ვარიანტებს მონიშნავ ხოლმე, გარდა ერთისა, რომელიც ჯანსაღი პროტესტის გზაა, სოციალური აქტივობის დასტური, სამოქალაქო სულიერების (მგონი) ყველაზე კარგი თვითგამოხატვის ფორმა, ვგულისხმობ რა თქმა უნდა ჯანსაღ ფორმას და არა “მიშა გადადექის” და ა.შ სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ეს კულტურა, იოტისოდენა სოლიდარობის განცდა, არც მაგალითის მიმცემები მოიძებნებიან, ყველა სადღაცაა შეყუჟული და თვითგადარჩენის ტრაქტატებს თხზავენ, სამაგიეროდ აქტიურად მოღვაწეობენ პრეზიდენტის ჟურნალისტები და სასახლის კარზე დაახლოებული ხელოვანები. მიუხედავად, იმისა რომ ყოველ დღე გვესმის “სამოქალაქო ურთიერთობების, ღირებულებების” და ასეთი ფასეულობების შესახებ, სხვადასხვა ენჯეოების და “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებების” ამ კუთხით გაწეული შრომის რეალური შედეგი არადამაკმაყოფილებელია, შეიძლება ითქვას, შედეგი არც არის.

ეხლა , კარგად ჟღერს, იყო რაღაც “უფლებების დამცველი”, დღეს რომ სოციუმის “ღირსეული” წევრი იყო ვიღაცის უფლებებს უნდა იცავდე, დასავლურ ღირებულებებს უნდა ავრცელებდე, ყოველ წუთში განგაშს ტეხდე და ა.შ და ა.შ. ისე კი ძალიან საინტერესოა, ეს ადამიანები, რატომ ერთხელაც არ გააბარტყუნებენ ყურს სოციალური შეჭირვების და დევნის დროს, როცა ადამიანის მთავარი სასიცოცხლო ღირებულების არსებობა ეჭვქვეშ დგება თუ მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არსებობს და მხოლოდ, რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების დაცვაა მათი პრიორიტეტი? ვინღამ უნდა დაიცვას უმრავლესობის ღირებულებები? ამას ძალიან მარტივი პასუხი აქვს, რა თქმა უნდა უმრაველსობამ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენს უმრავლესობას გენეტიკურად მოგვდგამს პოლიტიკური და სამოქალაქო უსუსურობა. დღევანდელი ჩვენი ყოფა კი უმოქმედოა და სიცოცხლის უნარს მოკლებული, მუზეუმში დაცული ექსპონანტებივით გამოვიყურებით, მხოლოდ ეთნოგრაფიულ ნარჩენებს თუ მოგვაგონებს თანამედროვე ქართველი, რომელსაც მუზეუმის კაპასი თანამშრომელი მხოლოდ ტურისტის დასანახად თუ გაასუფთავებს და მტვერს გადაწმინდავს, არადა გამოსუფთავება შიგნიდან გვჭირდება, ამას თავად ხალხი უნდა მიხვდეს, რომ საჭიროა მენტალობის გამოხეხვა, ის რასაც ქალები “გენერალურ უბორკას” ეძახიან, ასე ზემოდან დაბერტყილი ღირებულებები კი ვერაფერს გვიშველის და ეს სულ სხვა თემაა, რადგან თანამედროვე ქართველი ჯერაც არ გამოსულა იმ პირველკლასელის ასაკიდან, რომელიც თავის “ქარიზმატულ” მშობელს ელოდება, რათა ხელი კარგად ჩასჭიდოს და სკოლიდან გამოიყვანოს.

“მარშუტკების “გაძვირება და დასუფთავების გადასახადის ახალი ტარიფები უნდა ყოფილიყო სერიოზული სოციალური პროტესტის საფუძველი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგან ჩვენთან არც ლონდონია, არც პარიზი და არც მადრიდი, სადაც ადამიანები თავიან უფლებებს პატივს სცემენ და ბოლომდე იცავენ მათ. მათგან, განსხვავებით აქ ხელისუფლების და გაჭირვებული ხალხის რიტორიკა უნისონშია, “გზები ხომ დავაგეთ, სასტუმროებს, ხომ ვაშენებთ და შუქი ხომ გვაქვს” ამ დემაგოგიას ხალხიც იზიარებს და ბატებივით აყიყინდებიან, როცა მათი მეთაური ყიყინს მორთავს. პრინციპში, რა საჭიროა პროტესტი, როცა “საზოგადოება” თავად უცხადებს ყველანაირ სოციალურ თანხმობას ხელისუფლებას, ისინი განდობილებივით არიან, ერთმანეთს თვალს უკრავენ, ჩუმად მოქმედებენ, კარგ ტიპებს სასწრაფოდ იშორებენ და ასე მიზანმიმართულად ახდენენ უსამართლობის ლეგიტიმაციას, რომელსაც ასე შეიძლება ვუწოდოთ :“რაღაც, ხომ კეთდება”.

მერე მოდის ისევ არჩევნების დრო, ისევ დაბნეულობა, ისევ თავგზა არეულობა, ნოყიერი და მაძღარი პრეტენდენტები სახით შემოთავაზებული მენიუ, ვირჩევთ რომელიმე კარგად დანაყრებულ ჰაბიტუსს, რომელიც არჩევის შემდეგ , გვარიანად ნაყრდება და ევსება ფიგურა, ებერება სახე, ლოყები, თვალები, ქუთუთოები, მუცელი, გავის შემოწერილობა ეზრდება, ფეხები უმრგვალდება, მთლიანად სქელდება და თვალებიდან ვეღარ იყურება და ვერც იმ ელექტორატს ამჩნევს, რომელმაც ის აირჩია…

Advertisements

Read Full Post »

მე: მოდი წავიღოთ ძალიან ბევრი წიგნები და ვიკითხოთ ბევრი, თან იქ ტყეა, სიმშვიდე, ფანჯრების დახურვა არ დამჭირდება, შეიძლება მხოლოდ გრიშას ჩხუბმა დაარღვიოს მყუდროება, წავიღოთ ბევრი ყავა და ცოტა საჭმელი, როგორც მაშინ სააღდგომოდ, უამრავი ლოვენბრაუ, რომ ჩავიტანეთ, იშვიათად შევხვდეთ ადამიანებს, მხოლოდ რამდენიმე საათით ვნახოთ ჩვენი საერთო მეგობარი, რომელიც საკუთარი უბიწოებაზე ლაპარაკით ეხლაც კი ლოყებს მიწითლებს, რომელმაც თავის შეყვარებულს წმინდანის სახელი გადაარქვა და სხვა წმინდანის სახელი დაარქვა. ბედნიერი შვებულება მომე,წმინდა ტერეზა კალკუტელო, სხვას თუ არ სჭირდები მე მაინც შემეწიე. შენ კი ჩემო ბიჭო, ერთხელ მაინც გამიკეთე საჭმელი,  გაყინული ფეხები გამითბე  და გემრიელად დამაბანინე  ტანი სოფლურ პირობებში. მოდი რა ჩემი სიზარმაცე ყელში არ ამოგივიდეს და ამის გამო არ გადაგიყვარდე, იმისთვის მოვდივარ, რომ ხელის განძრევა არ დამჭირდეს, შუდღის ორ საათამდე რომ ვიძინოთ, ღამით შენ არ წამართვა თხელი საბანი, დილით როცა მთების სუსხი ჭრიალა, ზამბარებიან ლოგინში შემოგვიძვრება, შენ შენი დიდი ფეხებით გამათბო.მოდი რა ეს ერთი კვირა მხოლოდ საკუთარ თავებს მივუძღვნათ და სხვა ყველა და ყველაფერი ფეხებზე დავიკიდოთ, მობილურები გავთიშოთ და არავის ვუპასუხოთ, დილით ერთი კოვზი თაფლი ვჭამოთ, რომელსაც გულის რევით და თვალების ხუჭვით ვყლაპავ. თუ გინდა სუფთა ჰაერზე შვილიც გავაჩინოთ, თუ გინდა ისევ მითხარი:”როცა ამისთვის მზად იქნები მაშინ”….

 

სადაც, კი მივდივარ ყველგან წვიმა დამაქვს, წესით საწვიმარი სულ თან უნდა დამქონდეს. არა აქვს მნიშვნელობა დიდი აღმართია თუ პატარა, წვიმა მაინც ბოლომდე ამომყვება ხოლმე. ამინდს არ ვესიმპატიურები, ჩემს დანახვაზე, სულ გულს ირევს, ბებიაჩემიც ამას ამბობდა წვიმა მოგაქვსო, მეთქი საერთოდ, არ დაგენახები და მელოდე რამდენიც გინდა, მაგ გამხმარი კარალიოკის ხის ძირშიმეთქი. ბედიანში  ჩავიტანე წვიმა, პიემესიანი დღეები,  “დიოგენეს” გოგოსთან ერთად არჩეული ესპანურ ენოვანი ლიტერატურა, კორტასარის “კლასობანა”, უნამუნოს – ესეები და სხვა მოთხრობები და ინტერვიუეები.

 

არ ვიცი, ბედიანზე მერამდენედ ვწერ, ამ მიტოვებულ წალკოტზე, რომელმაც ქვეყანაში რევოლუციური სისწრაფით მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ “რეფორმებს” ფეხი ვერ აუწყო, იქნებ განგებასაც ასე აწყობს  და ეს ძალიანაც კარგია. ჩადიხარ ბედიანში და ტყეებში იკეტები, საკუთარი სხეულივით კომფორტულ ტანში, ღამით ტურების კივილს უსმენ, აქ სხვა ურთიერთობები ჩნდება, ხეებთან, ბუჩქებთან, მდინარეებთან, პატარა ხიდთან, ელექტრო სადენების ბოძებზე შემოსკუპულ ათასობით თბილ ქვეყნებში გადამფრენ ჩიტებთან, წვიმის დროს დასველებულ მაყვალთან, შედიხარ სიმწვანეში, რომლის აღქმა დაგვიწყებია და მწვანე ლურჯში გერევა. ხვდები, რომ ნამდვილად, დროულია ეს ყველაფერი, სულის და ხორცის მოსაბრუნებლად.

 

ბედიანში მთავარი მაინც ხალხია. ბევრიც არ არიან, მაგრამ მე ზოგიერთები განსაკუთრებულად დამამხსოვრდნენ. მაგალითად, სომხის გოგო ლარისა, რომელიც გათხოვდა და უკვე ორი პატარა მღოღავები ჰყავს, აზერბაიჯანელი ნაწნავებიანი მწყემსის გოგო გუნაი, რომელიც ერთ დროს დედაჩემის მოსწავლეც იყო.

 

“პირველ დღეს, დილით მამაჩემი მესიზმრებოდა, ყვითელი საზოგადოებრივით ვმგზავრობდით, ჩემთვის ბილეთი ავიღე, მისთვის კი არ გამახსენდა, ის კი წინ წავიდა რათა თავისთვის ბილეთი აეღო, მე ვეძახდი და ვეუბნებოდი, რომ გამახსენდა და თურმე ბარათზე მქონია საკმარისი თანხა, ის კი ისე წავიდა არც გამოუხედავს…გამომეღვიძა, მისი სახე ვეღარ დავინახე. ვცდილობ არ გავაცნობიერო მამაჩემის სიკვდილი, მხოლოდ ხანდახან ამომხეთქავს და მაშინაც ,ყოველთვის არსებობს რაღაც მუხრუჭი, რომ ჩემს თავს მისი არარსებობის შესახებ არაფერი ვაგრძნობინო. მგონი ისევ აქაც მამაჩემის ხელი ურევია, რომ უმისობა არ შევიმჩნიო. სიკვდილი ილუზიაა და თანდათან უფრო ვრწმუნდები ამაში, მამაჩემის სიკვდილი კი გამოუსწორებელი შეცდომა იყო და კიდევ კარგი, მე მაინც შემიძლია ამ ყველაფერზე ტუჩები მაგრად მოვკუმო და მეტჯერ კრინტი აღარ დავძრა.”

 

უტა ამბობს, რომ 26 წლის გახდება. შეშინებულმა მეც დავამატე, რომ მე 25-ის. წლების მომატების გამოწვეული შიში ამით განვმუხტე, თითქოს… უტამ კიდევ თქვა, რომ 26 წელიწადი საუკუნის მეოთხედია თუ რა თქმა უნდა ასი წელი ვიცოცხლებთ.

 

უტა ჩამეხუტა და მითხრა, რომ ეს სიყვარული არასდროს გაქრება ან როგორ უნდა გაქრეს, როცა ამ სიცოცხლეზე უკეთესი სიცოცხლე არსებობს ზეცაში. დავიჯერო იქ უკეთესი სიყვარულია?

 

არა, მე არ მინდა ზეცაში.

 

რა მოხდებოდა ორასი ან სამასი წელი ვცხოვრობდეთ ბიბლიური პერსონაჟებივით. ყელში ამოგვივიდოდა სამასი წელი. თეთრი ყვავებივით შემოვრჩებოდით სიცოცხლეს, ვიყრანტალებდით :”ყვა-ყვა” და ახალგაზრდა ადამიანებს ძილს დავუფრთხობდით.

 

იმ დილით აივანზე დავლიე ყავა და ფერადი საყურეები გავიკეთე, მერე მივხვდი, რომ არ მომიხდა და მოვიხსენი, გაყინული სახე მაქვს, ვერაფრით ვიხდენ ფერადებს. ტყუილია ყველანაირი ფერადი და სიშავის შენიღბვაა. ჩემი კუშტი მამაჩემი. მე ნამდვილად მისი შვილი ვარ.

 

 

***

 

25 აგვისტოს თბილ ქვეყნებში გადამფრენმა ჩიტებმა ჩვენს ეზოში მდგარ ელექტრო ბოძების სადენებზე შეისვენეს, უამრავი იყვნენ, ჯარისკაცებივით რიგში ჩამდგარიყვნენ და ჭიკჭიკებდნენ. ცოტა ხანში წამოიშალნენ და  ცაში ბუღი დააყენეს. ვინატრე ფოტოაპარატი, მერე მობილურით ვეწვალე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. საოცარი დილა იყო, ბედიანში შემოდგომის პირი ზამთრისას ჰგავს, ფეხები საოცრად გეყინება ასეთ დროს, ერთი- ორჯერ ღუმელიც ავანთე და ფანჯრები დავხურე.

 

წინა ღამით წვიმდა, მეორე დილით კი ბედიანმა ძველი დილები გამახსენა, როცა ჩემს გვერდით ადამიანს ვნატრობდი, მის მაგივრად კი ყოველ დილით ვგრძნობდი ნესტის და საქონლის ნაკელის სუნს. ერთ ასეთ დღესაც  თმები შევიღებე და დედაჩემმა თქვა, რომ ვგავდი მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, მე კი ეს სულაც არ მადარდებდა, რადგან უფრო მეტი დეპრესია მჭირდებოდა, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა.

 

კიდევ წვიმს. უტამ ისევ გააგრძელა ძილი. ცივმა ნიავმა წამოუბერა,ზამთრისპირს რომ იცის, სიჩუმე მოიტანა ამ ცივი ნიავის წამობერვამ. თეძო, თეძო, თეძო! მხოლოდ, ნაზი შეხება.

 

კი, აქ ვიცხოვრებდი ცოტა ხანს. ეზოში ხეებს დავრგავდით, ბოტებს ვიყიდიდიდით, წვიმიან და მოღრუბლულ ამინდებში ვისეირნებდით, ტყეში კაკალს და კენკროვან  ხილს მოვაგროვებდით, მერე მურაბებს მოვხუფავდი და ზამთრობით გაციებულზე გამოვიყენებდი, ყველაფერს მოვწყდებოდი. და მაინც, როცა ასეთ რამეს ვფიქრობ, მაშინაც ის აზრი ამეკვიატება, რომ როგორ უნდა მოვიზღუდო ბედიანისმაგვარ ადგილას თავი ადამიანებისგან. მე ნამდვილი ადამიანოფობია მჭირს, როდესმე უნდა შევიყვარო ადამიანები და მათთან ყოფნა.

 

 

26.08.2011

 

საღამოა ბედიანში. ღამე და სიჩუმე. ქუჩაში დაიკარგები ისე ბნელა,  აქ ისე მარტივად დაგლეჯენ პატარა ხბოებს ტურები, ერთი არ შეტოკდებიან.

 

მოდი,რა ჩემთან  უტა. ისე მჭირდება შენი მოყრდნობა. ჰაერივით საჭირო ხარ, დღეს რამდენხანს გვეძინა, შიგადაშიგ მეღვიძებოდა და ბედნიერი გისვამდი თავზე ხელს, თეძოზე გეფერებოდი, კანით გგრძნობდი. ბედნიერი, ვარ რომ ჩემთან ხარ, შენ მუდმივად მახსენებ ღმერთს,რადგან ყოველთვის მეცოდინება, რომ შენ თავს ვერაფრით დავიმსახურებდი ღმერთს ასე ძაან, რომ არ ვუყვარდე. ვითომ, რატომ  შემიყვარა ასე ძაან? მე, ხომ მისთვის ელემენტარული სიკეთის გადახდაც კი  მეზარება, მასზე ფიქრი მეზარება, ყოველთვის გავურბივარ მასთან საუბარს და კიდევ რამდენი უკუღმართი საქციელი. ნეტა რატომაა ასეთი გულმოწყალე? უაზრო რიტორიკაა, ჩვენს ფილთაქვას ჰგავს, ხის სანაყით, რამდენიც არ უნდა ურტყა, ორ კბილ ნიორსაც ვერ დანაყავ წესიერად.

 

პ.ს სათაური კავშირშია მომდევნო ბლოგ-პოსტთან, რომელსაც თუ მშვიდობა იქნა აუცილებლად დავწერ 🙂

 

 

 

 

Read Full Post »

Read Full Post »

%d bloggers like this: