Feeds:
Posts
Comments

Archive for October, 2011

ჩვენი არასწორი და სწორი დამოკიდებულებები ბავშვობიდან მოდის და ეს მეტწილად, იმ მენტალურ სივრცეზეა დამოკიდებული, სადაც პიროვნების ჩამოყალიბება ხდება. მე ბედმა გამიღიმა, ჩემი ბავშვობის უმეტესი დრო ბებიასთან გავატარე, რომელსაც აკადემიური განათლება საერთოდ არ ჰქონია. ამას, იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ აკადემიურობის გარეშე დაგროვილ ცოდნასთან, ცხოვრებისეულ შეხედულებებთან და ცრურწმენებთან პარალელურად ხდებოდა ჩემი განვითარებაც.  ეს სივრცე იყო ჩემი პატარა ობსერვატორია, საიდანაც მე ყველაფერს დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი და შემდეგ, გულმოდგინედ ვინახავდი მოგონებათა ზარდახშაში, ან მწვანე თორმეტ ფურცლიან რვეულში ვიწერდი.

თანამედროვე ბავშვს თუ ჰკითხავთ, როგორი უნდა იყოს მათი მშობლების საწოლი, ის აუცილებლად იტყვის, რომ საწოლი უნდა იყოს დიდი, ერთიანი, ლამაზი ბალიშებით და გადასაფარებლით.

ბებიას ოთახი და მათო ცოლ-ქმრული საწოლი კი სულ სხვანაირი იყო. რაც, თავი მახსოვს იმ ოთახში, რომელიც ხშირად იცვლებოდა სხვადასხვა ფერის შპალერით, ორი საწოლი ცალ-ცალკე იდგა, ერთი ერთ კედლის მხარეს, მეორე მეორესთან. შუაში დარჩენილი დიდი სივრცე გამოუყენებელი რჩებოდა. როცა, ეს დაშორებული რკინის, ზამბარებიანი საწოლები მახსენდება, მათთან ერთად ბებიაჩემის სახეც ამოტივტივდება,რომელიც ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე საუბრის დროს, უსიამოვნო სახით იტყოდა:”შენ არ იცი შვილო ეგ რა ტანჯვაა”…მიუხედავად, ასეთი გაფრთხილებებისა, სექსის მიმართ მაინც პოზიტიური დამოკიდებულება მქონდა.

ცოლ-ქმრის საწოლებს შორის დარჩენილი სივრცე, იყო სწორედ ის უფსკრული, რომელიც იმ დროინდელ ცოლ-ქმარს ერთმანეთს აშორებდა, არარაფერს ტოვებდა მათ შორის, გარდა მხოლოდ ყოფითი, რუტინული დეტალებისა, როგორიც არის: კვება, მემკვიდრეობითი ხაზის გაგრძელება, კოლმეურნეობა და კომუნისტური პარტიის დამსახურებული მუშაკად გახდომა, ასე რომ ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულება, მთავრობის წინაშე მოსახდელ ვალებში შედიოდა.

ამას, მოჰყვებოდა სხვა ცხოვრებისეული ამბები, ხშირი სელექციური აბორტები, მუცლის მოშლის თვითნებური და სამწუხარო ფაქტები, გვარის გამგრძელებლის დაბადების სიხარული თოფის დაგრუხუნებით, ხოლო გოგოს გაჩენის შემთთხვევაში, კაცების დამნაშავე და მონანიე სახეები. აღარ ვსაუბრობ ქალის დაჩაგრულ როლზე, რომლისგანაც ქალური მხოლოდ ფაქტურა იყო დარჩენილი.

არ ვიცი, რატომ მოხდა, ისე რომ ადამიანმა, ყველაზე ძვირფასი , თავისი სექსუალური იდენტობის  ნიშანი, ყველაზე უხამს, მისთვის საძულველ სიტყვებად აქცია, სექსუალურ აქტს სათაკილო გაგება დაუმკვიდრა და ვერც მიხვდა, რომ საკუთარი თავის შეურაცხყოფა აქედან დაიწყო.

მე კიდე მგონია, რომ ჩვენი საშვილოსნო ძალიან ბევრი პატარა ლამპიონებით არის სავსე, რომელიც შიგნითაც ანათებს და გარეთაც, ყველაფერს ანაზებს და აქალურებს და მხოლოდ, ჩვენზეა დამოკიდებული მათი ნათება, თუ მოგვინდება შეიძლება ერთი ხელის მოსმით ყველაფერი ჩავაქროთ.

მაგრამ, არსებობს ალტერნატიული გაგება საშვილოსნოს დანიშნულებისა, მგონი ამ სიტყვასაც პირდაპირ იგებენ, ასეთები ფიქრობენ, რომ საშვილოსნო საღეჭი რეზინაა, საიდანაც დრო და დრო ბუშტების იბერება.

ამასწინათ, მეგობრის ბებიამ, რომელიც ძალიან მოხუცდა და მეც სხვაში ავერიე, მკითხა:”უტას ცოლი, ხომ არ “მორჩენილაო “”. მერე მე ავუხსენი, რომ უტას ცოლი მე ვარ და ჯერ არ ვაპირებთ ბავშვის გაჩენას. მერე კი დაამატა და მირჩია, რომ სანამ ორგანიზმი ახალგაზრდაა ეხლა ჯობია,მერე კი შეიძლება   საშვილოსნო გადაიწვას.

ხოდა, დღეს გამახსენდა ეს ამბავი. საკვერცხეების ანთებები და სხვა ქალური პრობლემები, რომელსაც მე ავტომატურა ვთარგმნიდი  საშვილოსნოში შუქის ანთებად, ეხლა კი დავრწმუნდი, რომ სწორადაც მიფიქრია:)

 

Advertisements

Read Full Post »

მიშელ უელბეკის მსგავსი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი, რომ გამაჩნდეს, მეც დიდი სიამოვნებით გადავსახლდებოდი ირლანდიის დასავლეთ სანაპიროზე , ვიყიდიდი სახლს, ბევრ წიგნებს, ყავის აპარატს, გამოვიკეტებოდი მარტო და ბევრ სულელურ პოსტს დავწერდი ბლოგზე. არა, დარწმუნებული ვარ, იმ დროს უფრო კარგადაც გამოვიყენებდი, მაგრამ მე ისეთი ოცნებები მაქვს, რომლის ბედი თავიდანვე განწირულია. ამასთან ერთად გენეტიკურადაც პესიმისტი ვარ.

პოპულარული ,ფრანგი მწერალი პარიზიდან ირლანდიაში გადაბარგებას მაღალ გადასახადებს უკავშირებს. დღესდღეობით ნამდვილად არ ვიცი სად იმყოფება “თანამედროვე, ცოცხალი, ფრანგი მწერალი”/ფ.ბეგბედერი/, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ გამუდმებით ეწევა სიგარეტს, აქვს დეპრესიული სახე და რაიმე, პროვოკაციულ საკითხავს გვიმზადებს.

არა, უელბეკზე წერას ნამდვილად არ ვაპირებ. ეს ტექსტიც წინას მსგავსად სოციალური პრობლემების გამოძახილია და სამწხაროდ, ჩემი ბლოგიც სოციალური კრიტიკოსის ბლოგს დაემსგავსება, თუ ასეთი ტემპით გავაგრძელებ წერას.

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სუნზე…სუნი სხვადასხვაგვარია, არის კარგი სუნი და ცუდი სუნი, სასიამონო და უსიამოვნო, არის აუტანელი სუნი, დახუთული სუნი, ბინძური სუნი და ა.შ არსებობს  კიდევ ერთი სუნი, რომელსაც ჩვენ სახელს ვერ ვუწოდებთ, მას  “ყოფითი სუნი” სუნი ჰქვია.

ზუსტად ასეთ, ყოფით სუნს “წავაწყდი”ამ დილით მეტროში, როდესაც ვიღაც ქალს მივუჯექი გვერდით. ჩემს წინ მჯდომი თვალებგაფართოებული მგზავრებისგან მივხვდი, უცნაური გარეგნობის მქონე თანამგზავრის გვერდით მოვხვდი. მას უცნაური, შინნაკეთი მალამოს სუნი ასდიოდა, მერე აღმოვაჩინე, რომ შუახანს მიღწეული ჩემი თანამგზავრი ქალთა იმ კატეგორიას ეკუთვნოდა 60 წლის ასაკში, კვლავაც რომ აგრძელებენ 18 წლის გოგონებივით პრანჭიაობას. თვალი შევავლე და ხასიათი წამიხდა, ეს უცნაური სუნი მის პარფიუმერიას ასდიოდა, რომლითაც თავი გაელამაზებინა. გასვლისას, მთელმა ვაგონმა თვალი გააყოლა. ნეტა, როგორი სუნი ასდით დაბერებულ მეძავებს? შეიძლება, მათ ყველაზე სევდიანი სუნი აქვთ მთელს დედამიწაზე.

შინ დამზადებული მალამოს სუნის გარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სხვა სუნებსაც შევიგრძნობთ, ხანდახან უბრალოდ გვეუხერხულება თქმა თუ რისი სუნი გვცემს. მეტროში, ყვითელ ავტობუსებსა და ყვითელ მიკროავტობუსებში მართლაც აუტანელი სუნი დგას, მგზავრებს ყოველთვის ეშინიათ “არ გაცივდნენ” ან “პატარა არ გაცივდეთ”, სამაგიეროდ მზად არიან ერთმანეთი ფიზიკურადაც კი შეიწოვონ, ოღონდ სუფთა ჰაერს ნუ შემოუშვებენ, ფანჯრის შეღებვის მოთხოვნაზე კი ისე შემოგხედავენ , თითქო ანარქისტი იყო და სახელმწიფოებრივ გადატრიალებას გეგმავდე.

ჩვენ დაავადებულები ვართ ერთმანეთის სუნებით, მაგრამ რთმანეთი მაინც არ გვიყვარს, იმიტომ რომ ჩვენ მათზე კარგი სუნი აგვდის, საბოლოოდ ჩვენ ყველას სპეციფიური სუნი გვაქვს და ამას ვერსად გავექცევით.

აი, მე მაგალითად ყველანაირ სუნს ვხვრეპ, რადგან სულ პირღია დავდივარ, რატომღაც გადავეჩვიე ცხვირით სუნთქვას. ვისუნთქავს ქალაქის ნაგავს, მეტი ყოფითობა რაღა მინდა?

არიან ადამიანები, რომლებიც ცინიკურად საუბრობენ ცუდსუნიანებზე. მათ ფუფუნების, უზრუნველობის, სიმდიდრის, დონა კარანის, შანელის და დიორის სუნები მოსწონთ, მეც არ ვარ გამონაკლისი. ასეთი სუნი, როცა გვცემს, ცხვირზე ხელს არ ვიფარებთ და არც ხელს ავიქნევთ დემონსტრაციულად, რომელიც საშინელი სუნის აუტანლობას გამოხატავს.

მე მაინც არ მაქვს პრობლემა, ვისაც როგორი სუნი უნდა ისეთი ჰქონდეს, უბრალოდ მე პირადად ფანჯრების გამოღებას ვითხოვ, რათა ღრმად ჩავისუნთქო ურბანული ჰაერი, რაც არ უნდა მტვრიანი იყოს ის. თუმცა, თუ გულმოდგინე ცინიკურობას თავს დავანებებთ და ცუდი სუნების გაჩენის მიზეზს ვიკითხავთ, მივხვდებით რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ ადამიანებს ვერჩოდეთ, ეს მათი ცხოვრების სუნია, რომლითაც ისინი განაგრძობენ არსებობას, აგრძელებენ  ცხოვრებას გაჭირვებით, ნერვიულობით, შიშით,ეკონომიურობით, იმედგაცრუებებით, სიყვარულით, ხანმოკლე ბედნიერებებით და ა.შ ჩვენ არ გვაქვს უფლება, მათი ცხოვრება განვიკითხოთ, ისინი არაფერში არიან დამნაშავე, ეს სპეციფიური სუნები მათი არაა და მათ, არ უნდა სხვენოდეთ ამ სუნის, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ამ სუნის არსებობა იმ ქვეყნის სირცხვილია, სადაც ისინი საარსებო მინიმუმით თავის გადარჩენას ცდილობენ. დარწმუნებული ვარ მათ არ ეზარებათ საკუთარი ჰიგიენის მოწესრიგება, უბრალოდ ამ ხალხს ამის ელემენტარული პირობები არ გააჩნიათ, არ აქვთ წყლის გამაცხელებლები, არც იმის საშუალება აქვთ  ელექტრო ენერგიის + დასუფთავების გადასახადი გადაიხადონ.

რა თქმა უნდა ეს პოსტი არ არის დაუბანლობის გამართლებისთვის დაწერილი, ეს ტექსტი საკუთარი თავისთვის დავწერე, რათა არ გავღიზიანდე იმ ყოფითი სუნებით, რომელიც მე ყოველ დღე მცემს საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სანამ, ვინმეს ცხვირს ავუბზუებდე, მანამდე კარგად უნდა გამოვიკვლიო სუნების გენეოლოგია.

Read Full Post »

%d bloggers like this: