Feeds:
Posts
Comments

Archive for November, 2011

მე ჩემი ქვეყანა არ მიყვარს, ამიტომ დღეს არაფერს ვდღესასწაულობდი, დილით საშინელი კარტოფილი შევწვი, მერე იმაზე გავჭედე, რომ ვარდების რევოლუციის საკითხი ნებისმიერ დროს  გადასახედია, ხალხის გადასაფასებელია და როცა, ასეთ ფრაზებს ვკითხულობ, რომ რევოლუცია, არ ექვემდებარება გადახედვას, უბრალოდ გონება მებინდება:/

მერე, წავედი სამსახურში.

ეხლა, სულაც არ მინდა ეს პოსტი პოლიტიკურ-პათეტიკური იყოს, მაგრამ რახან დავიწყე მგონი პოლიტიკაზე საუბარს ცოტა ხანს თავიდან ვერ ავიცილებ. მოკლედ, ვინ ჯანდაბა ვარ მე? მე ვარ, ექვსნიშნა(ან ცოტა მეტი, ციფრებთან ცუდად ვარ) ციფრთა კომბინაცია სახელმწიფო რეესტრში, ჩემი ქვეყანა არ მიყვარს, რადგან რომ მიყვარდეს სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს, მისგანაც უნდა ვიღებდე სარგებელს კარგი გაგებით და მეც უნდა ვიღვწვოდე მისთვის, სიყვარულის მოტივაცია უნდა გამაჩნდეს, მე სიყვარულის შესახებ იმ გავრცელებულ აზრს ვემხრობი, რომ იგი ეგოისტურია, ამიტომ გამოდის, რომ ყოველგვარი სიყვარულის გარეშე, ჩემი არსებობისთვის ვიხდი სახელმიწფო  გადასახადებს, რახან გადასახადებსაც ვიხდი და ამ ფულით საკუთარ მთავრობის დამფინანსებელი ვხვდები, ნებისმიერ დროს, მაქვს იმის უფლება, რომ გამოვხატო ჩემი სამოქალაქო პოზიცია, დავიცვა საკუთარი და თუ ამის თავი მაქვს, სხვისი უფლებებიც, გამაჩნდეს  საკუთარი შეხედულება ამა თუ იმ მოვლენაზე და ა.შ და ა.შ  მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველას აქვს უფლება და სურვილიც უნდა ჰქონდეს, რომ უკვე მომხდარ “ისტორიული ” მნიშვნელობის ფაქტების ხელახლა გააზრება მოახდინოს, კრიტიკული თვალით შეხედოს და ახალი რეალობა დაინახოს,  ეს თუ ასე არ მოხდა, ვერაფერსაც ვერ ვისწავლით, ვერ შევიძენთ პოლიტიკურ გამოცდილებას და ისევ ეიფორიულ ექსტაზში დავრჩებით, როგორი რეაქციაც გვქონდა რევოლუციის დღეებში წალენჯიხიდან ჩამოსულ ავტობუსზე…ვარდების რევოლუციის ხსენებისას, მუდმივად ეს კადრი ამოტივტივდება თავში.

ჩვენ , იმ სამოქალაქო სივრცის შვილები ვართ, როცა საზოგადოებრივი და  პოლიტიკური ცხოვრება მიტინგების ფონზე მიმდინარეობდა, როცა ერის და სახელმწიფოს ხასიათი არადემოკრატიული კონტურებით იძერწებოდა, რის შედეგადაც დღეს მივიღეთ თანამედროვე ღირებულებისგან დაცლილი საზოგადოება, რომელსაც ძნელია სამოქალაქო საზოგადოება უწოდო. ადრე ხშირად მახსენებდნენ, არ ვიცი ამით რისი ხაზგასმა სურდათ, რომ იმ მიტინგების ეპოქაში, მე რამდენიმე წლის პატარა, მუშტებშემართული  გავიძახოდი :”ზვიადი, ზვიადი”, ამ ფაქტის გახსენება, რომელიც მე საერთოდ არ მახსოვს, რატომღაც  ყოველთვის შეურაცხმყოფდა, ვგრძნობდი, რომ ჩემგან დამოუკიდებლად, მე ვიღაცის  პოლიტიკურ ტენდენციას ვახმიანებდი. მერე იგივე, მოხდა “მიშა, მიშაზე”, ეხლა რიგში “ბიძინიზმია” და საერთოდაც, ჩვენ ვერასოდეს ვსწავლობთ ჭკუას, რადგან ყოველთვის გვეზარება მოვლენების გააზრება.

გუშინ, მეტროში ვიღაც ქალი  მხატავდა, ნახატს რომ დავხედე ვიღაც მოდელი დაუხატავს, არც წიგნი არ ჩანდა და არაფერი,მე ხომ ნამდვილად არ ვიყავი ის გოგო.

 

 

Read Full Post »

თუ, ჩემი უმცროსი დის მკაცრ შენიშვნებს გავითვალისწინებ, მას აღარ უნდა მივაწოდო, ისეთი ლიტერატურა, რომელიც მსუბუქი ღვეზელის მოყვარულებს უყვართ, მისი აზრით მე მათ ვგავარ. რადგან, არ ვარ კომპეტენტური, ლიტერატურული გურმანი, რომელიც მკაცრ სელექციას აწარმოებს, მხოლოდ უპასუხისმგებლო რჩევით შემოვიფარგლები, რომ კარგი იქნებოდა ეს წიგნი წაიკითხოს იმ გოგონებმა და  ქალებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს თუ რას ნიშნავს იყო  ძალადობის მსხვერპლი.

წიგნის მიმართ, თავიდანვე სკეპტიკურად განვეწყვე, ვფიქრობდი :”არა,მე არ მიყვარს დეტექტივები, არც აგათა კრისტი წამიკითხავს და ყოველთვის ვერიდები ასეთი ტიპის საკითხავს, რომელიც წყალივით მიდის და ისეთი რელიეფურია, ასკინკილის თამაშს მოგანდომებს კაცს, თან ეს  გარეკანის და ქართული სახელწოდების კომერციული ქვეტექსტები… “

ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო ჩემი საკითხავი, ამას არც ჩემი და მომიწონებდა. იგი, ნამდვილი ბიულერბიული ბავშვია, ქერა თმებით და ცისფერი თვალებით, სკანდინავიური შეხედულებით და ჩემი გენეტიკით, ჩემსავით ისიც ვერ იტანს კაცებს, მოვა დრო ისიც ვინმეს შეიყვარებს, მანამდე კი ჩვენ ბავშვობაში სათითაოდ ვებრძოდით კაცებს, სიძულვილისგან თვალებს ვუბრიალებდით, თუ ხელში აგვიყვანდნენ სახეს ვაკაწრავდით, ნამდვილი, გადარეული კატებივით ვექცეოდთ. ღმერთო  ჩემო, საიდან გამოგვყვა ასეთი აგრესია “ძლიერი ” სქესის მიმართ, შეიძლება გაუთვიცნობიერებლად ჩვენ ეს სტერეოტიპული დაყოფა გვაღიზიანებდა,…

სამაგიეროდ, როგორც ამბობენ მე შვედს ვგავარ, არც იციან ჩემი სიყვარული მათ მიმართ, ადრე მეუბნებოდნენ, როცა გარდაცვლილ მწერალთა კავშირის შენობაში მოვხვდებოდი. ხოდა მაგარია, ეს დამატებითი მოტივია სტიგ ლარსონის წასაკითხად, თან ეს იქნება ჩემი ვირტუალური მოგზაურობა შვედეთში, როგორც ერთი სკანდინავიელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი ჰალდორ ლაქსნესი ამბობს: ”წიგნი- ოპტიკური სიცრუეა”, ეს კი ლიტერატურული თამაშის წამოსაწყები ერთ-ერთი წესია, ილუზიაში თავით გადაეშვა, თვალებ ახვეულმა მოძებნო სხვა  მოთამაშეები.

ასტრიდ ლინდგრენი და ჩვენი ბავშვური წარმოსახვის სტოკჰოლმი ამ თამაშის ასოციაციური  პრელუდიაა. ცხელი, “მფრინავი” მაჭკატების, ცხელი ყავის, პეპი გრძელიწინდას ,სახურავის ბინადარი კარლსონის , კალე ბლუმკვისტის  თავგადასავლების ალუზიები. მთავარი პრიზი შვედეთში მოგზაურობა, რომ იყოს პრიზის მოგებაზეც ვიფიქრებდი.

მილენიუმის საგაში ბევრი საინტერესო თემაა, ამიტომ არ მინდა  დავკონკრეტდე წიგნის მთლიან შინაარსზე, ამ ამბავს ისედაც წაიკითხავთ. ზოგადად თუ ვიტყვი  ეს ჩვენი ისტორიაა, გადატანილი ვერბალური თუ ფიზიკური ძალადობების, ფსიქოლოგიური ტრავმების, ოჯახური კონფლიქტების, იმედგაცრუებების და ა.შ რომლებიც ისე დავასამარეთ, დღეს უკვე მისთვის თვალის გასწორების  გვრცხვენია.

შვედეთში, ქალების 18 პროცენტს ერთხელ მაინც დამუქრებია საფრთხე მამაკაცისგან!!!  შვედეთში ქალების 48 პროცენტი, ერთხელ მაინც გამხდარა მამაკაცის ძალადობის მსხვერპლი!!! ეს დეტექტივის რეფრენია, თან ძალიან მძაფრი, ისტერიული ტონალობის, გაფრთხილების, ყურადღების და გამბედაობისთვის მოწოდებული სტატისტიკა. საინტერესო იქნებოდა, რა მაჩვენებელი გამოვლინდებოდა საქართველოში, ამ თემაზე რომ ჩაეტარებინათ სტატისტიკური კვლევები.

წიგნიც ,სწორედ ამ  აქტუალური აქცენტებით არის შეკრული, რომელიც სხვადასხვა სიუჟეტს აერთიანებს და  მთლიან ,ჩასაყლაპად გამზადებულ ტექსტად აქცევს. იგი, ნამდვილი ნუგბარია იმათთვის, ვინც ლიტერატურულ ნაყროვანებაშია ჩავარდნილი. მგონი, ეს ნამდვილად არ უნდა იყოს, მომაკვდინებელი ცოდვა. წიგნი სხვა მხრივაც კომფორტულია მკითხველისთვის, კომფორტულობას კი ამ შემთხვევაში განსაზღვრავს ის დრო, რომელიც ჩვენც და წიგნის გმირებსაც გვაერთიანებს, ეს დრო გაუცხოებული არ არის ჩვენგან და ამიტომ, უფრო კარგად ვახდენთ საკუთარი პერსონის თვითიდენტიფიკაციას დეტექტივის გმირებთან, ვზივართ წიგნით ხელში და საკუთარ მაკბუქში მოკლე წინადადებებით რეცენზიისთვის დეტალებს ვინიშნავთ.

დეტექტივი, ერთ სიუჟეტურ ხაზს, ჰარიეტ ვანგერის გაუჩინარებას მისდევს. გოგონა, როგორც შემდგომში ირკვევა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, მასზე გამუდმებით ძალადობდნენ მამა და ძმა. ამ შემაშფოთებელ ოდისეას, გზადაგზა სხვა ქალთა ბურუსით მოცული მკვლელობების სერიაც ემატება. ყველა მოკლული ქალია, მათი მკვლელობები რაღაცით  რელიგიური სიმბოლიკის და დოგმატური მინიშნებების ხასიათს  ატარებს , ქალთა მკვლელობები ზოგჯერ  ბიბლიური ტექსტების მიხედვით ტარდება, ყველანაირი ატრიბუტიკა და ბიბლიური დატვირთვა სახეზეა, რომელიც, აჩენს ეჭვს, რომ მკვლელი ქალთმოძულე, რელიგიური ფანატიკოსია, რომელიც ლამის წმინდა წერილის ზედაპირულ “კოპიფეისთს” ახდენს თავის დანაშაულებრივ ქმედებებში. მისთვის ქალი, მხოლოდ დაცემის და ცოდვის სიმბოლოა. რა არის, რელიგიური ფანატიზმი? ეს თემაც, თანამედროვე სამყაროში ძალიან აქტუალურია. ამ კითხვას  მარტივი პასუხი აქვს, რელიგიური ფანატიზმი  რელიგიიდან გადახრაა, რელიგიის მეორე მხარეა, მისი ზედაპირული გაგება, მხოლოდ ნახევარი ტვინით აზროვნება რელიგიაში, ეს გაუაზრებელი მორწმუნეობაა , რომელიც ჭეშმარიტი რელიგიურობის ნიღაბსაა ამოფარებული,  რომელიც იმთავითვე არაჯანსაღ ადამიანურ ურთიერთობებს ბადებს, არაჯანსაღ კომუნიკაციას იწვევს, ფანატიზმი საშინელებაა, რაშიც არ უნდა იყოს ის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა არასწორად გაგებული იდეის გამო ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, სიცოცხლის უფლებას ხელყოფ.

ვფიქრობ, სტიგ ლარსონს სურდა ეჩვენებინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ვითარდება, ტექნიკური და ეკონომიკური პროგრესი სახეზეა, ასეთ რეალობაშიც კი ქალი მაინც  დაუცველ არსებად რჩება. ქალი დღეს მრავალფეროვანი თავდასხმის ობიექტად არის ქცეული, მას აუპატიურებენ, ჩაგრავენ, ხდება დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით, ხდება სექსუალური და მენტალური ძალადობა, ხდება ძალადობა რელიგიური ნიშნით, ქალს მუცლად ყოფნის დროსაც ებრძვიან, რაც სელექციურ აბორტებში გამოიხატება.  ზედაპირულადაც, თუ გადავავლებთ თვალს გასულ წელიწადს, ძალიან ბევრი ქალის სახე ამოგვიტივდება, რომლებიც დრო და დრო, მამაკაცთა ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, არა ვიცი აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, რომ ეს ფაქტები ირანში, ავღანეთში და მაჰმადიანური სამყაროს სხვა  ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი დაბადებიდანვე დაჩაგრული არსებაა და სწორედ, ჩაგრულის მენტალობით იზრდება და მისი პიროვნებად ჩამოყალიბება იმ სოციუმში ხდება, რომელიც მას ყველანაირ უფლებას დაბადებიდანვე ართმევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს იქ პოლიტიკური და რელიგიური კონტექსტების სარჩული აქვს, ქალთა ძალადობის შეჩერება კვლავ გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება იმ ქვეყნებში, სადაც ეს პრობლემები არ არსებობს და  თუ ეს მაინც პოლიტიკურ ჭრილში განსახილველი თემაა, სტიგ ლარსონის დეტექტივი ამ ყველაფერსაც აბათილებს,  ის რაც შეიძლება მოხდეს ავღანეთში და ირანში, იგივე შეიძლება მოხდეს, ლიბერალურ  შვედეთში, რომ არსად არ არის ადგილი, სადაც შეიძლება ქალი დაცული იყოს ძალადობისგან.

მინდა ისევ დავუბრუნდე ძალადობის თემატიკას. მსხვერპლის სხვადასხვა ტიპები არსებობს, ერთი ეს არის ინერტული მსხვერპლი, რომელიც თავის ხვედრს უდრტვინველად მიიღებს და “ამის შეცვლა შეუძლებელიას” პრინციპით გააგრძელებს ცხოვრებას, ხოლო მეორე მსხვერპლი ქმედითუნარიანია, იგი არ ურიგდება ძალადობას, იბრძვის რომ გაიმარჯვოს, იბრძვის იმისთვის, რომ დამნაშავემ პასუხი აგოს ყველა მის ქმედებაზე, მსხვერპლის მეორე ტიპი, თავისი ქმედებებით სამაგილითოა სხვა ქალებისთვის, რომლებსაც ვერ გაუბედავთ თქმა, რომ ყოველდღიურად ისინი ზეწოლის ქვეშ ცხოვრობენ, რომ მათ ადამიანურ უფლებებს არღვევენ და ა.შ. აქ, ორივე ეს ტიპი გვაქვს. ესენი არიან აქტიური ლისბეთ სალანდერი და პასიური ჰარიეტ ვანგერი, რომელიც პრობლემებს გაერიდა და გაქცევით უშველა თავს.  სუბიექტური დისტანციიდან ყველა ამ პრობლემის შეფასება ალბათ ძალიან მარტივია, მაგრამ ძნელია მოსთხოვო ადამიანებს ყველაფერს ფარდა ახსნან, წინ დაგვილაგონ თავიანთი ტკივილი, დამცირება, შეურაცხყოფა და ბევრი ისეთი ინტიმური დეტალი, რომლის დავიწყება ძალიან მკაცრად გადაწყვიტეს.

და ბოლოს, მაინც რატომ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი? იმიტომ, რომ აქ შეხვდებით ჟურნალისტის იმ ტიპებს, რომლებსაც ქართულ რეალობაში კარგა ხანს ვერ ნახავთ, იმიტომ რომ “მილენიუმის” ჟურნალისტების პროფესიული ეთიკურობა, მათი თავგანწირვა  და შრომისმოყვარეობა კეთილთვისებიანი სენივით გადამდები აღმოჩნდეს ჩვენთვისაც.იმიტომ უნდა წაიკითხოთ, რომ აქ საკმაოდ  ბევრი ეპიზოდია, სადაც ქალთა გაუპატიურებები ისე ნატურალისტურად არის  აღწერილი, რომ მუცელი გტკივა სიბრაზისგან, ბოღმისგან, სიძულვილისგან, იმიტომაც უნდა წაიკითხო, რომ იცოდე, როგორ უნდა მოექცე ასეთ კაცებს. მოკლედ, ძალიან ბევრი დადებითი ინდიკატორი აქვს ამ ტექტს, რათა ხელში აიღო და სანამ ამ დაძაბულ ისტორიას არ ჩაამთავრებ, ხელიდან არ გაუშვა.

ისე, კი არასდროს დატოვოთ პატარა ბავშვები მეზობლებთან!!!

პ.ს  ბოლოს კი, სკანდინავიური ფოტო- განწყობა თქვენთვის. უტას ბიძაშვილის შვილი, კრისტინა სარკა ფინეთიდან.


Read Full Post »

%d bloggers like this: