Feeds:
Posts
Comments

Archive for December, 2011

პირველი დღეა, რაც ფეისბუქს მოვწყდი, საკუთარ თავს თითქმის ოცდაათჯერ დავუდე აღთქმა, რომ ცოტა ხანს შევისვენებ, ამ მავნე დამოკიდებულებისგან,  სახლში მშვიდად შევალ, ლეპტოპს და ინტერნეტს არ ჩავრთავ, გავალ სამზარეულოში და რამე, გემრიელ კერძს მოვამზადებ, რომლისთვისაც ბოლო თვეებია დრო აღარ მრჩება, ეხლაც  სწორედ ასე მოვიქეცი, სულ რაღაც ორმოც წუთში  ოლივიე მოვამზადე, მერე დავჯექით და გემრიელად ვჭამეთ.

ცოტა ხნის წინ, ჩემს ცხოვრებაში საინტერესო პერსონაჟი გამოჩნდა, ის ნამდვილი გმირია საშობაო ამბების, მხიარული და მუდამ , დადებითი. მასზე, ცოტა ხანში მოვყვები, როცა კიდევ გავთავისუფლდები სხვა ადამიანური დამოკიდებულებებისგან, რომლის გამოც ნაწილობრივ პარალიზებული ვარ.

ამ დღეებში ბევრი რამ გავიხსენე, წინა პოსტის შთაგონების შემდეგ, ჩემი სკოლის თაყვანისმცემელი გამახსენდა, მასზეც დავწერ, თუ უტა არ გაბრაზდება. იგი იყო ნამდვილი რეზინის კაცი, უცნაურად დადიოდა და სიარულის დროს ხელებს საშინლად იქნევდა. მე  მისი საშინლად მეშინოდა, მაშინ მერვე კლასში ვიყავი და წვრილ ფეხებს ელასტიკებში ვმალავდი, არც ისე ბევრ ბიჭს მოვწონდი და ვისაც, მოვწონდი ყველა შავგრემანი და ხუჭუჭთმიანი იყო, ასეთი ბიჭები კი არასდროს მხიბლავდნენ. რეზინის კაცს თმა, საერთოდ არ ჰქონდა, მერე გავიგე რომ მკურნალობდა კიდევაც. მოკლედ სწორედ, მის გამო იყო, რომ სკოლამდე შემოვლითი გზებით დავდიოდი. წინა პოსტშიც ვწერდი და ეხლაც გავიმეორებ, ბიჭებს მოსწონდათ ფრიადოსანი და თან, პედაგოგის შვილები, მგონია რომ სწორედ ამის გამო აღმოვჩნდი მის ობიექტივში. სკოლის გაკვეთილებს და სხვა საკითხავებს გაზაფხულობით აივანზე ვმეცადინეობდი, რბილ პლედებს დავაგებდი, ყავას დავიდგამდი და სანამ, საღამოს სიგრილე ცოტათი არ გამომაფხიზლებდა, ესთეტურ მეცადინეობებს  გავდიოდი. ხშირად დამინახავს, როგორ იხედებოდა ჩემი აივნისკენ, რამდენჯერაც გამოივლიდა ზემოთ იხედებოდა, ასე გრძელდებოდა დიდხანს. შემდეგ, როცა ყველანაირი იმედი გადაეწურა და მიხვდა, რომ ჩემნაირ ტიპთან ძალადობრივი მეთოდებით(მაშინ, პანტა-პუნტით იტაცებდნენ გოგოებს ჩემს უბანში)ვერაფერს გახდებოდა, თავისი მეზობელი და დაქალი მოიყვანა ცოლად. მისი ცოლი ხუჭუჭთმიანია, ბავშვსაც დედის თმები აქვს და ალბათ, უკვე დიდი გოგო იქნება. ამ ამბავმა, რატომღაც საშობაო განწყობა შემიქმნა და სურვილი გამიჩნდა, ყველა იყოს ბედნიერი, მათ შორის მეც.

მე, კიდე დიდი მოლოდინით ველოდები შობას, რომელიც მოვა და სიმშვიდეს და სიყვარულს მოიტანს ალბათ, ყოველ წელს ეს განცდა მაქვს და მჯერა, ეს წელიც არ გამიცრუებს იმედებს.

შემდეგი, პოსტი იქნება ლურსმანაზე, თუ ეს განწყობა არ წავიდა.

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: