Feeds:
Posts
Comments

Archive for January, 2012

ჩემი შვილი 350 გრამი ხაჭოს ზომისაა, დაახლოებით იმდენი, შირაქის პროდუქტებში, რომ ვყიდულობ, მერე კი მთელი კვირის განმავლობაში გულისრევით ვჭამ. ზოგიერთები მეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა ვჭამო ხაჭო და რძის პროდუქტები, თუ მინდა რომ ძვლები არ დამეშალოს, ამ სულელმა ადამიანებმა კი არც იციან, რომ ამის გარეშეც მეშლება ძვლები, უბრალოდ ამას ვერ ხედავენ, როგორ ტკაცა-ტკუცით იყრება ჩემი ნეკნები იატაკზე, მერე კი ერთი კაცი, ყველაზე დაგვიანებულად მოსული იწყებს მათ შეწებებას. არ ვიცი თქვენც გიგრძვნიათ თუ არა ეს, მაგრამ მე ნამდვილად ასე ვარ.

ორსულობის ოთხი თვის თავზე ქართულ ინტერნეტ-პორტალებს ვესტუმრე, სადაც ერთადერთი მნიშველოვანი ის შევიტყვე, რომ ამ მეტად ბუნებრივი პროცესის გამო, განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვყოფილვარ თურმე, რომ პატივში ვარ და სხვებსაც უნდა მოვთხოვო პატივი მცენ. ხოდა თავი საშინლად, შეურაცხყოფილად ვიგრძენი და უკან გამოვბრუნდი. არა, ნამდვილად არ მჭირდება არანაირი შეღავათები. სანამ, იატაკზე არ გავიშხლართები ამ ბუნებრივი პროცესის გამო, მანამდე არ მინდა ჩემს თანამშრომელ ბიჭს დავემსგავსო და კვირანახევარიანი გრიპის სცენები გავითამაშო, ყოველ კვირაში მოწამვლა, დიარეა და ან ყაბზობა მოვიმიზეზო და პასუხისმგებლობები ასე ავირიდო თავიდან. მაინც, იმ აზრზე ვრჩები, რომ კაცებს განსაკუთრებით სჩვევიათ, პასუხისმგებლობებისგან თავის არიდება ან სათანადოდ, ვერ ახერხებენ საქმეების ორგანიზებას, ალბათ იქნებიან გამონაკლისებიც…

ვიღაცამ შეამჩნია.

ერთხელ მეტროში ვიღაც გოგომ ადგილი დამითმო, დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ, ნუ თვითონ მეხვეწა, მაშ შემდეგ რაც კარგად დამითვალიერა ხელები და როგორც, შემდეგ მითხრა ხელზე “კალიცო” შემამჩნია. მერე მე გავწითლდი და დავჯექი. ბავშვობის შემდეგ არ გავწითლებულვარ მგონი, შეღავათები სულ მაწითლდებდა მაშინაც და ეხლაც, მერე კი დავასკვენი რომ არა ე.წ “კალიცო”, იმ ადგილას ვერ აღმოვჩნდებოდი. რა ჯობია, იყო ამპარტავანი თუ ხალხს ის აკეთებინო, რაც სულაც არ სიამოვნებთ?

შემდეგ. ექიმს ვუთხარი, რომ ვგრძნობ რაღაცა ამოძრავდა მუცელში, ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ, განსაკუთრებით შუაღამით გააქტიურდება და იწყებს კაკუნს. მართლა აკაკუნებს. უტას ეზარება დიდხანს ლოდინი, როდის დააკაკუნებს და მერე მეკითხება, რა ქნა, დააკაკუნა. ექიმმა კი მითხრა, რომ უკვე ნამდვილად არის დრო, რომ გაზებივით იმოძრავოს. საწყალი ბავშვი, ხან ხაჭოა და ხან გაზები, არა უშავს მერე ნამდვილად გამოვა რამე. მანამდე, კი მის მოსაფერებლად დრო საერთოდ, არ მრჩება, ან ჩემს მუცელს ხომ არ მოვეფერები, ან რა უნდა ველაპარაკო, როცა აზრზე არ ვარ ჯერ რა ხდება. თავიდანვე ხომ არ დავიწყებ მის მოტყუებას.

რატომ, არ მიყვარდა ორსულები? ოდესღაც, მონასტერში ჩემი სტუმრობის დროს  დაემთხვა, ვიღაც ორსული გოგო მოვიდა და ტრაპეზზე ჩემს წინ დასვეს, ის გამალებით ნთქავდა ყველაფერს, ხმამაღლა და აჩქარებულად  სუნთქავდა, მისი ფშვინვა ისე მაღიზიანებდა მინდოდა გავქცეულიყავი, ამის გამო ხშირად ვრჩებოდი მშიერი, გული მერეოდა საჭმელზე და ვეღარაფერს ვეღარ ვჭამდი.

ხოდა, ასე ყველაფერი კარგადაა და რაც მთავარია, უაზრო სენტიმენტების გარეშე, ჯერ არანაირი დედობრივი გრძნობა არ გამჩენია, თავს არც ავადმყოფად და უნარშეზღუდულად არ ვგრძნობ და არც, ორმაგი დოზით ვიკვებები, არც იმის ილუზიები მაწუხებს, რომ როცა გაჩნდება ცა განათდება და ა.შ.

ყველაფერი, ძალიან კანონზომიერია ამ ქვეყანაზე, უბრალოდ ჩვენ ვართ ზედმეტად შეშლილები.

 

Advertisements

Read Full Post »

შესავალი

ბევრს ვფიქრობ, როგორ გავექცე დანაგვიანებულ გარემოს, პირდაპირი მნიშვნელობითაც ვგულისხმობ და ირიბითაც, ამიტომ ვცდილობ ის საქმეები გავაკეთო, რომელიც წლების განმავლობაში ტრადიციასავით ჩამოყალიბდა, აი მაგალითად ყოველ ზამთარს, წინასაახალწლო პერიოდში წავიკითხო  სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაში” , ვცდილობ ვიყო სიჩუმეში და დავიბრუნო ძველი განწყობა, შობის ღამეს მაგიდის ქვეშ შევძვრე და სურვილები ასე ჩავიფიქრო.

ბოლო დროს ვფიქრობ უნდა არსებობდეს განწყობის კონტრაცეფტივები, რომ უსიამოვნო გრძნობები თავიდან აირიდო, მოიშორო ნევროზული გადაღლილობა და მეგობართან ერთად ასკილის ჩაი დალიო, ყელში მოწოლილი სიტყვები ამოყარო და საერთოდაც, მშვიდი ძილით იძინო, რომლიც მთელი დღის განმავლობაში გეყოფა. ვგრძნობ, რომ რაღაცაა დასაბრუნებელი, რომელიც ყველაფერს გამოაკეთებს და სასიკეთოდ შეცვლის.

ვეღარ ვწერ

Read Full Post »

%d bloggers like this: