Feeds:
Posts
Comments

Archive for February, 2012

ეხლა, როცა  რაქიტიანს დავემსგავსე ჩემი მუცლის გამო, ესეც  ღმერთის და ბებიაჩემის დამსახურებაა, დროულად რომ ჩამსვა საქონლის ფაშვში. ამ ამბის გახსენებამ, ბავშვობაში დამაბრუნა, როცა ეს ამბავი, საშინლად მაღიზიანებდა და მარცხვენდა, ეხლა კი გადავწყვიტე შევიყვარო ისტორიები, რომლებმაც ძვლები გამიმაგრა და და სიკვდილს გადამარჩინა. რაც, დრო გადის ეს ამბავი უფრო და უფრო მიყვარდება, თანდათან კი გაზაფხული დგება და გარეთ, ფანჯრებიდან უფრო ხშირად ვგრძნობ გემრიელი წვნიანის სუნს, რომელიც ასე არ მიყვარს და ასე სასარგებლოა…

ველესი წინა ზაფხულის ჩემი ყველაზე ტრაგიკული ამბების გმირია, ყოველ წამს ძაფს წყვეტს და ჭამას იწყებს, ხან კბილებში გაიტარებს ოსტატურად, თავიდან მეზიზღებოდა…მერე, რაც ეს  საერთო აღმოგვაჩნდა, ძაფების ჭამის სიყვარული, მის მიმართ სიმპათიები გამიჩნდა. მთელი ბავშვობა ძაფებს ვჭამდი, ამიტომაც ავიკიდე კუჭის პრობლემები, სხვა საჭმელს ვერ ვეკარებოდი. ჩავიცვამდი დიდ მსუქანა ჯემპრებს და მთელი ზამთარი მათი ბუმბულებით გამყავდა. ამის გამო ყველა დამცინოდა, ძაფიჭამიას მეძახდნენ. მგონი ნერვიულობის გამო დავიწყე ძაფების ჭამა, რაღაც ომები იყო, ისე მახსოვს თითქოს საჭმელიც ცოტა იყო, ჩემი მშობლებიც ხან შორდებოდნენ ერთმანეთს, ხან ერთად იყვნენ, წითელი და მწვანე სქელი ფარდები გვქონდა და ჩვენი ერთი ოთახი მყუდროდ მეჩვენებოდა, ხანდახან დედაჩემი სანთლის შუქზე მეზობლის ბავშვს ქართულში ამეცადინებდა, აზრი არ ჰქონდა არაფერს…

იმ ზამთარს, ვარდისფერი ჯემპრისგან უამრავი ბურთულა დავამზადე, ოთახში ჩავიკეტე და მამაჩემის ბიბლიოთეკის გადაკითხვას შევუდექი, საკითხავებთან ერთად პირს ვარდისფერი ბურთულებით ვიტკბარუნებდი. ასეთ, თბილ ჯემპრებს მონასტრის შემოწირულობებიდან გვჩუქნიდნენ, მთელი ჩემი სამოსი მთლიანად შემოწირულობა იყო, საკუთარი თავიც ვიღაცისგან გაღებული შემოწირულობა მეგონა. მოკლედ, ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი.

იმის, თქმა მინდა, რომ იმ ზამთარს შიმშილობებს არ შევუწუხებივარ, არც სიცივეს, ბუხართან ვთბებოდი და ძაფის ბურთულებს ვამზადებდი, ბიძაჩემი სანადიროდ დადიოდა და ხშირად მოჰყავდა მკვდარი შაშვები, ზოგს ეზოში მდგარი გულაბის ხიდან ჩამოაგდებდა, ზოგზე შორსაც უწევდა წასვლა. საღამოები შეწვარი ნანადირევის კრატუნში გადიოდა, მე ჩემს ძაფებს ვჭამდი, მეგონა რახან მანაყრებდა, ყველაფერი რიგზე იყო,  ცოტა ხანში ღრძილებიდან  სისხლდენა დამეწყო და კბილებთან ჯიბეები სულ შემისივდა, არავისთვის არ მითქვამს, თავად დავუწყე მკურნალობა. ამას ისიც, დაემატა რომ სკოლის მასწავლებლებმა და კლასელებმა ამითვალწუნეს, მუდმივად მეკითხებოდნენ, როდის შერიგდებოდნენ ჩემი მშობლები, რა ჰქონდათ გასაყოფი და ა.შ მე კი პასუხი არ მქონდა და მათ დასანახადაც ვერ ვიტანდი. ამის გამო, მივეჩვიე მარტო ყოფნას, სკოლიდანაც მარტო ვბრუნდებოდი და ჩემს ძველმოდურ, ყავისფერ ჩანთას მოვათრევდი, თან ბრიხინა მანქანების გამონაბოლქვს ვისუნთქავდი, ეს ყველაზე კარგი რამე იყო, რაც სკოლიდან მახსენდება.

ჩემს, თავს რომ ვიხსენებ, ბავშვები უცოდველები სულაც არ მგონია, შეიძლება მე ვიყავი წარსაწყმედად გამზადებული, რადგან ერთ შინაბერა მასწავლებელს, წითელი საწერკალამი მოვპარე. სახლში მისულმა კი ჩემი დღიური წითელი ხაზებით ავაჭრელე, დღეს ამ ამბავს საერთოდ, არ ვნანობ, მაშინ წითელი კალმები ასე კი არ იშოვებოდა და მხოლოდ, მასწავლებლებს ჰქონდა, თან არც ის ჩანთა არ მქონდა მიკი-მაუსიანი, ერთი წამითაც კი არ გამჩენია სინდისის ქენჯნა. შეიძლება ვიტყუები და უბრალოდ, აღარ მახსოვს. მეორე დღეს სამასწავლებლოში და სკოლაში ყველა დაკარგულ წითელ კალამზე ლაპარაკობდა, რომელიც ეკუთვნოდა შინაბერა პედაგოგს დინარას. მადლობა, ღმერთს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მე რა ტქმა უნდა არ გამოვტყდი. ცოტა ხანში კი უამრავი საწერი კალმის ყიდვა შევძელი, ზოგი მწვანე იყო, ზოგიც წითელი და ზოგიც იასამნისფერი.

მთელი ეს ისტორიები ველესის ამბებს მოვაყოლე, რაც ველესი  გამოჩნდა და მე დავკარგე მამა, რომელთანაც სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ვჭამე საშინლად ტკბილი ნაყინი, ქალაქის კოლორიტულ კაფეში. იმ კაფეში, აღარასოდეს შევდგამ ფეხს.

ველესს, ოთხფეხა ჩინელუკას ვეძახი, მას შეუძლია მთელი დღის განმავლობაში გიჟურად იმუშაოს და არ დაიღალოს, ერთი ეგაა, ხანდახან დაზეთვა სჭირდება, მერე სულ დაგრიალებს და ჩვენც არასდროს გვაქვს დრო, რომ ცოტა ხანს ჩამოვჯდეთ და დავისვენოთ. ველესი, რომ არ იყოს ლუკმა-პურის ფული არ მექნებოდა, ნამდვილად საჭირო დროს გამოჩნდა.

რაც დრო, გადის ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება, სამსახურის დასრულების შემდეგ, როცა ველესს კარგად დავზეთავ და მეც დავიზეთები, მშვიდად მოვდივარ ჩემს ქმართან, რომ სითბო გავუნაწილო. ზეთი მაინც თავისას შვება. მე ოთხფეხა თანამეცხედრე გავხდი.

 

Read Full Post »

ნუ ეცდებით სისტემატიზაციას და გამოგონილი ამბების გარეალურებას…

“ორშაბათი დღე ეზოთერიკას მიუძღვენით. მორიელებო, დღეს თქვენ გაამართლებთ თქვენზე ნათქვამს, სექსის მერე შეგეძლებათ ყანაც კი მოთოხნოთ, ისეთ ენერგიებს მიიღებთ. ჭიპის ქვეშ, ხუთ სანტიმეტრში არის სიცოცხლის და სიყვარულის ცენტრი, ამიტომ გულუხვად გამოუშვით სიყვარული”…რომელიღაცა, რადიო და ამ დროს მორიგმა მამაკაცმა ურცხვად გამაწმინდა თავისი ოფლიანი უკანალი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჭედილია. ყველა ყველას ეხახუნება უკანალებით. მე კი არასდროს ვაგვიანებ სამსახურში. ჩემი სამსახური მეთევზისა და მონადირის ქუჩის კუთხეშია, ამ ქუჩაზეა მათი სახელობის სახლიც, სადაც სხვადასხვა საჭირო იარაღს შეიძენ, მე მინდა გიგანტური მონადირის ქუდი მეფაროს და მიცავდეს ამდენი ოფლიანი გახახუნებებისგან. ეს ქუჩა სავსეა ნაგვით, ყოფითი თუ სამშენებლო ნარჩენებით, რომელიც პირდაპირ პირში მაცვივა, არ ვიცი როგორ ამოვიქოლო ეს პირი, ამდენი სიბინძურე, რომ არ ჩამეყაროს შიგნით…

ამიტომაც, ყოველ დილით ვყიდულობ ლიტრანახევრიან მინერალურ წყალს და მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ვნთქავ, მერე ვგეგმავ ფერადი კაბებისთვის წასვლას მაღაზიებში, თან ხვალინდელი პრესკონფერენციის შესახებ წინასწარ ვიწყებ სტატიის წერას, დრო რომ არ დავკარგო. ყველაფერი, ისედაც წინასწარ ვიცი.

სამსახურში მიმავალი, რამდენიმე ათეულ თუთას ვსრეს ფეხით. კარგი, იქნებოდა ვინმეს დაეკრიფა და ჩემს მაგიდასთან დაეხვედრებინა. სამაგიეროდ, მშენებარე სახლიდან თავზე, რარაც მეწუწება…

საღამოს, პიურე  და თევზის პუდინგი. ქმართან ერთად კათხა ლუდს ვსვამ, ის ჩემს ინტერვიუში ჩემს დასმულ კითხვებს კითხულობს, რომელიც ბოლდითაა გამოყოფილი და მეუბნება, რომ კარგი კითხვებია. პასუხები, მეც ფეხებზე მკიდია, ისე როგორც მკიდია რესტორნის თურქულ უნიტაზზე წაღმა მოფსამ თუ უკუღმა. თქვენ ვერასოდეს გაიგებთ ამას, თუ თავადაც არ გაგიკეთებიათ.

ბალანის აშლა საღერღელის აშლასაც ნიშნავს? ეს, გაუპარსავი ფეხები ყველთვის ამხელს, ყველაფერი ყალყზე ადგა. გადასარევია, როცა ვინმე გიყვარს…როცა, მისი ხელები სხვებისას  არ ჰგავს და უამრავი ხელიდან, გამოარჩევ ამ თითებს.

“ბევრი ფული, რომ მქონდეს ვიქტორია სეკრეტის საცვლებს გიყიდიდი”…არადა, ვის რაში სჭირდება საცვლები?!… სექსუალური საცვლების არსი, ხომ მხოლოდ იმაშია, რომ მალე გაიხადო.

რა ჯობია, გაზაფხულის საღამოს ტუალეტის დალაგებას, სახლში ყველა ფანჯარას გააღებ და ირგვლივ სისუფთავის სუნს დააყენებ. ამ, დროს შეიძლება გაგახსენდეს ის მაწანწალა, ციგნის ბავშვი, რომელმაც გითხრა მძღნერიანი ხარო, რადგან მთლიანი ჩიპსი არ დაუთმე და მხოლოდ , მუჭით დაუყარე ხელისგულზე. უნიტაზს, რომ ხეხავ უამრავ რამეს გაიხსენებ ადამიანი.

მგონი, მალე დადგება გზაფხული, მე კიდე საშინლად არ მეძინებოდა და ცხვრების დათვლა დამეზარა:)

Read Full Post »

უტამ მითხრა, დაანებე თავი ამ სექსებზე  და ანანიზმზე წერას, სოციალურ თემებზე და პოლიტიკაზე წერეო. არადა, მე არცერთზე ვწერ, სოციალური თემები კი უფრო მეტად არ მიზიდავს, რა აზრი აქვს ყოველდღე ერთი და იგივეზე ლაპარაკს, მომაბეზრებელია და თან ხალხიც დაიღალა, როცა ადამიანები ჩართულ ტელევიზორს ემსგავსებიან, ეს სულაც არ უნდა იყოს კარგი.  უფროსწორად, სიმართლე იმაშია, რომ ჩემი სოციალური პოზიციები შესუსტდა, სიმძაფრე მოაკლდა და ჩვენი შემრიგებლობაც რუტინაში გადავიდა. ისე კი ბევრად საინტერესოა, როგორ ცხოვრობენ მარტოდმარტო ადამიანები, საკუთარ  დაზიანებულ ფსიქო-სომატურ სამყაროში შეყუჟულები, ცალმხრივი სექსით და უამრავი, გამოგონილი ტიპებით. მე ამაზე მირჩევნია ვიფიქრო, ვიდრე ფეისბუქზე დღეში ოცჯერ გაშეარებული ამბები ვიკითხო.

ჩვენ ყველა ცუდად ვართ, ძალიან ცოტა ვიცი კარგად რომ იყოს , სისტემატური მელანქოლია არ უღრღნიდეს გულს და ჯანდაბაში გადაკარგვას არ სურვობდეს. ჩვენ ყველას  გვინდა, რომ  ძალიან კარგად ვიყოთ, მაგრამ ვერასდროს მივხვდებით რას ვგულისხმობთ კონკრეტულად კარგად ყოფნაში, ამაში არც ბოდი მასაჟი დაგვეხმარება, არც საუნა და არც სპა აბაზანები. ბედნიერების შესახებ, არავინაც არაფერი არ იცის და დანარჩენი გამოგონილი ტექსტები ბედნიერების შესახებ უაზრო ლაყბობაა იმ უმეცრებაზე, რომლის შესახებაც ვერასდროს ვერაფერს გავიგებთ. სხვებისგან შექმნილ აფიორაში ცხოვრება, კი სახარბიელო სულაც არ უნდა იყოს.

დრო, კი შესამჩნევად სწრაფად გარბის, რუტინა გრძელდება, ყოველდღიურად ჩვენი  გონება სხვადასხვა სულელური ინფორმაციებით იკვებება, ნაგვისგან გავსებულ მტვერსასრუტებს ვემსგავსებით. რა მოუვა, ჩვენს მტვერსასრუტებს ამდენი ნაგვისგან, ეს ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდება. მანამდე კი, ყველანაირი ფეისბუქ-აქტივობები და ჩვენი ნელ-თბილი რეაქციები მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე, უბრალოდ პოზის შეცვლაა. უმოქმედო და უსარგებლო პოზა.ერთი გვერდიდან, მეორეზე გადაბრუნება.

Read Full Post »

ჩემი ორდღიანი მივლინება დღეს დილიდან დაიწყო. დილის შვიდის ნახევარზე მაღვიძარას ზარმა დაუყოვნებლად წამომახტუნა, დიდხანს აღარ გამიჭიანურებია. ჩვენ გვაქვს ტრაგიკული გამოთხოვება ერთმანეთთან, უფრო მე, ყველაფერს ვისუნთქავ მისას, ყელს, თვალებს, კისერს, შუბლს, ცხვირს, ყველაფერს ვიმახსოვრებ. რა საშინელებაა წასვლა, თუნდაც ორი დღით, ნეტა როდის შევეშვები ამ ტრაგიკულ გამოხტომებს.

ბათუმში საღამოა და სითბო, არ ვიცი შეიძლება  მე მომეჩვენა ასე, პრესკაფეში ვზივარ და ყურადღებას არ ვაქცევ, რაღაც ფილმს უჩვენებენ. დამდაგველი მგზავრობის შემდეგ, ჰაერს და სიგრილეს ეხლაც თავდაუზოგავად ვეწაფები. კიდევ კარგი, მოწევა შეწყვიტეს…

ირგვლივ სინაცრისფრეა. რა უნდა დამხვედროდა არ ვიცი, პრინციპში ისე წამოვედი, რომ არაფერზე მიფიქრია, მთავარია არ გავყინულიყავი, მარტო ამას ვფიქრობდი. ვიმგზავრე გაღიზიანებულ მოქალაქეებთან  და ზოგ მხიარულ მექორწილესთან ერთად. ხალხი გაღიზიანებულია, საშინლად გაღიზიანებული, მგონი მეც იგივე მჭირს. დღეიდან, უნდა ვეცადო ყველაფერი გამოვასწორო, აი თუნდაც ამისთვის მჭირდებოდა აქ წამოსვლა, ესეთი სიტუაციები საკუთარ თავის კარგ რაკურსში დანახვას აიოლებს. ობიექტივივითაა, საიდანაც შეიძლება დააკვირდე კადრი როგორი გამოვა. ისე კი, მირჩევნოდა, სადმე სოფელში წავსულიყავი, არც საუზმიანი სასტუმროს ძებნა მომიწევდა და საერთოდაც, თავს მშვენივრად ვიგრძნობდი, ვინმე ცხელ რძეს თუ დამალევინებდა. მოკლედ, ასე მე მართლაც საშინლად  უმადური ადამიანი ვარ, სულ ვწუწუნებ და ხალხს ვღლი.

ბათუმელ ტაქსისტზე, კი სანამ ორი კვირა არ გავა იქამდე ვიფიქრებ. გაუბედურებულ და უნდობლობით დაღლილ კაცზე, რომელსაც ეგონა, რომ  “მიშას” ჩამოვყევით  და სასტუმრომდე, ამას გვეკითხებოდა, ვერაფრით დავაჯერეთ, რომ ასე არ იყო. მოკლედ, ამიტომაც მინდა სადმე გადაკარგვა, ცხელი რძე, გემრიელი ბლინები და შუადღით მოხარშული ხორცი. საერთოდ, ყველაფრისგან გამოთიშვა მინდა, ყველანაირი ჩართულობისგან ამორთვა და მხოლოდ, საკუთარ თავში თუხთუხი, არადა თითქოს რა იოლია ამ ყველაფრისგან გარიდება, მძიმე სოციუმისგან დროებით გარიყვა.

ეს ფილმიც მალე დამთავრდება და დასაძინებლად წავალთ, შეიძლება ჩემმა მეწყვილემ სეირნობა მოინდომოს, ნეტა არ მოინდომოს რა. რაღაც, მომენტში ჩემი ძვირფასი ამბები ამომკენკეს დღეს და გათიშული ვარ. არა, არასოდეს უნდა მოუყვე ვინმეს, თუნდაც არც თუ ისე ამბები, რაც არ უნდა საყვარელი ცნობისმოყვარეობით გეკითხებოდნენ, მაგრამ მე კაცთმოთნე ვარ და უარის თქმა ვერ შევძელი, შეიძლება ის ამბები მისთვის არაფერს ნიშნავს და რაც, უფრო სწრაფად გადაყრის მეხსიერების სანაგვეზე, მე უფრო მაწყობს, ჩემი ამბები ისევ მე დამიბრუნდება.

კეთილად, ბრძანდებოდეთ!:)

Read Full Post »

რადგან, საბოლოოდ დავითარსე და წავედი ხელიდან, მხოლოდ ამ ორ სიმღერას დავდებ ბლოგზე. უტას ეყენა მობილურზე ზარად. ხოდა ყველაზე კარგ ზარებს მახსენებს ეს სიმღერები:)

ესეც:)

ტკბილად, დაიძინეთ ხალხებო:)

Read Full Post »

როცა, სამუშაო კვირის პირველივე დღეს მწარედ გაცივდები,  რამე კარგი უნდა გააკეთო, თუნდაც ადგე და ხბოს ხორცი მოიხარშო, მერე თბილად მოკალათდე და კარგი ადამიანები გაიხსენო.

მაშასადამე, დღეს გავიცნოთ არჩილი. არჩილი მაღალი და სიმპატიურია, ხშირად ატარებს დაბალ წვერს, გულიანად იცინის, ცოტა ხნის წინ ნიქოზში, თითქმის ცხინვალის საზღვარზე ბავშვებს ხატვას ასწავლიდა, როგორც ვიცი ბავშვები ჩერჩილს ეძახიან და ძალიან უყვართ. ალბათ არ დაიჯერებთ, რომ სინამდვილეში ასეთია და მართალიც იქნებით, მაგრამ მე ეს ნახატი  ძალიან მომეწონა და ამიტომ, მოვათავსე აქ. ერთხელ დამპირდა ერლომს შეგახვედრებო და იმის შემდეგ, როგორც ვიცი ხოლმე ყველაფრის “სადღეხვალიოდ” გადადება ისე ვარ და ერთხელაც ვერ  მოვინდომე, რომ როგორმე პირობა შეესრულებინა. ერლომ ახვლედიანი ჩემთვის სულ სხვა განზომილებაა, რომლის სივრცე ჯერჯერობით სათანადოდ ვერ ავითვისე, ეს სივრცე ყველას სხვადასხვა ზომის აქვს, ამიტომ მხოლოდ დიდი ადამიანები ახერხებენ ამ სივრცის ისეთი რამეებით შევსებას, როგორიც სხვების ანუ ადამიანების სიყვარულია. ერლომთან ყველაფერია, ნიავის და კოღოს სიყვარული, თითქოს პრიმიტიული ურთიერთობები, რომელზე ფიქრისთვისაც ბევრ დროს არასდროს ვხარჯავთ, ამ მნიშვნელოვანი ამბების ასეთი ტრივიალურობა, ალბათ იმის შედეგიცაა, რომ ძალიან ცოტა დრო გვრჩება ფიქრისთვის, დაკვირვებისთვის, სიყვარულისთვის, სამაგიეროდ ოხრად გვაქვს დრო საინფორმაციო გამოშვებების საყურებლად, სულელური პოლიტიკური დისკუსიების მოსასმენად, დროის გასაფლანგად და ა.შ. ალბათ, ერთ დღესაც ყველა მივხვდებით, რომ დროულად უნდა დავიწყოთ საკუთარი საარსებო სივრცის გასუფთავება სხვადასხვა ყალბი ამბებისგან. ერლომის ბოლო წიგნი “კოღო ქალაქში” ხელაღებით თუ ვიტყვი სიყვარულზეა, ოღონდ კარგ სიყვარულზე, რომელიც ჯერ არ გაფუჭებულა, ზამბარა არ გასცვეთია და მექანიზმიც კარგად მუშაობს. თუ ვინმეს აინტერესებს სიძულვილი, როგორ გამოიყურება ვიზუალურად, მას გაფუჭებული სიყვარული უნდა აჩვენო და მისთვის ყველაფერი გასაგები გახდება.

ისე გამოვიდა, რომ ერლომზე დავწერე, მაგრამ ვიცი ეს არჩილს არ გააბრაზებს. გარდა პირველი აბზაცისა, არჩილი სასწაულ ანიმაციებს ქმნის, სხვადასხვა საინტერესო ადამიანებთან ერთად. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა მათ ატვირთვას ეხლა ვერ მოვახერხებ. ამიტომ, ბონუსად მესამე ნახატსაც დაგიტოვებთ:)

Read Full Post »

ვერ ვიტან, დიდი მსუქანი ფანტელების შემდეგ მზე , რომ გამოანათებს და ყველაფერს წყლად აქცევს, ასეთ უაზრო ამბავს ნამდვილად ჯობია,  გადაუღებლად ითოვოს და სამსახურში მიმავალს ისეთი შეგრძნება არ მქონდეს, რომ ტალახიან ხილფაფაში მივაბიჯებ. ისე კი,  ყველაფერს მირჩევნია მალე დადგეს გაზაფხული, ჩემი რამდენიმე ლამაზი კაბა ჩავიცვა და მსუქანი და მძიმე კურტკები კარადაში შევინახო. ჯერჯერობით, ცხელი ჩაი გაბრიაძის კაფეში დავლიო და თეთრი, ძველი ფარდები და ტილოები გავიხსენო, დიდიხნის წინ რომ გაცვდა…და სადღაც, ჯანდაბაში გადავყარეთ.

მოკლედ, ქალური ამბებია.

თან, გაზაფხულზე ბავშვიც უნდა გაჩნდეს, მინდა ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ და ყველანაირი ქირურგიული კვეთის გარეშე მოხერხდეს, მერე ბავშვის დამტოვებელი და აღმზრდელი გამომიჩნდეს და მე, ჩემს საქმეს მივხედო. უტა იძახის ბავშვს უცხო ქალივით არ ელაპარაკო, ცოდოაო, მე კი აზრზე არ ვარ რა უნდა ვუთხრა და  როგორ, მოვეფერო, ჯერ მუცლად მყოფს.

ჩემი ხელფასი, რომ გაორმაგდეს ამაზე კარგი არაფერი იქნება, ამიტომ წელს ჯანმრთელობასთან და სიყვარულთან ერთად, ამაზეც უნდა ვიფიქრო. პირობას ვდებ მხოლოდ, ძალიან საჭირო და სასიხარულო რამეებში დავხარჯავ.

მასწავლებელი უნდა გავხდე. ამაზე დიდიხანია ვფიქრობ, მაგრამ აქამდე საკუთარი თვითშეფასება მიშლიდა ხელს, ამ თემაზე სერიოზულად მეფიქრა, ხოდა ეხლა მკაცრად გადავწყვიტე მომავალ წელს აუცილებლად მეყოლება პატარა ჯგუფი, სადაც კარგ და სასიამოვნო რამეებზე ვილაპარაკებთ, როცა მოგვინდება იატაკზე დავჯდებით და ისე წავიკითხავთ სხვადასხვა ტექსტებს, ერთმანეთს მხოლოდ კარგ რამეებს მოვუყვებით და ა.შ და ა.შ . მთავარ მიზნებზე და გეგმებზე ჯერჯერობით მხოლოდ, ვორდის ფაილში ვწერ, იმედია რამე გამომივა.

ხოდა ასე…

 

Read Full Post »

%d bloggers like this: