Feeds:
Posts
Comments

Archive for April, 2012

იშვიათად ვფიქრობ იმაზე, რა მოსაბეზრებელია კაცისთვის ყოველ მეორე დღეს ხორცის მოხარშვა, გახეხილ ვაშლიანი გერკულესის მომზადება და უბრალოდ ცოლის მოსუქებული მუხლის თავები, ხოდა ეხლა ამაზე, რომ დავფიქრდი ხასიათი წამიხდა. ასეთ დროს უნდა ადგე და  სადმე წახვიდე, მაგრამ მაინც იმაზე მირჩევნია ვიფიქრო, რა ძნელია კაცისთვის, ყოველ მეორე დღეს ხორცის ყიდვაზე ზრუნვა, მისი მოხარშვა დ ცოლის მოსუქებული მუხლისთავები.

საერთოდ, არ უნდა გამეღვიძა.

Read Full Post »

ამინდები აწი ალბათ უკეთესი იქნება, მაგრამ მე მაინც ისეთ ხასიათზე ვარ, ფეხები რომ ავკეცო, კარგად და მჭიდროდ შევატყუპო, თავი მაგრად მივადო და ჩემთვის, ჩუმად ცოტა ხანს ვიტირო, ყველაფერი მომეშვებოდა ალბათ, მაგრამ ეს რომ მოვახერხო, ჯერ ფეხები უნდა მივატყუპო ერთმანეთს, მაგრამ მუცელი მიშლის ხელს.

დღეს ვიხსენებდი ადრე როგორ იყო, როცა გაზაფხული დგებოდა და დილ-დილობით ყავას აივანზე ვსვამდი. მაშინ, ოთხი ქალი ერთად ვცხოვრობდით, შაბათ-კვირას სახლს საფუძვლიანად  ვალაგებდით , საბან-ლეიბები აივანზე გაგვქონდა გასამზეურებლად და ერთმანეთს წიგნის კითხვაში ხელს არასდროს ვუშლიდით.

როცა, არ წვიმდა, კარგ ამინდებში, რადიოში დილის პროგრამის დამთავრების შემდეგ, მამაჩემს ვხვდებოდი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მის მუზეუმთან ახლოს, ის გამუდმებით ეწეოდა სიგარეტს და ჩვენ ორივე ჩვენს გეგმებზე ვლაპარაკობდით, თან ვთხოვდი, რომ მეტი აღარ მოეწია. ხანდახან, მინდოდა ერთად მოგვეწია ხოლმე, მაგრამ ვერ გავბედე შეთავაზება, მგონია რომ არც არაფერს მეტყოდა, ასე უფრო კარგად გავუგებდით ერთმანეთს, ერთად მოვწევდით და მოვიფიქრებდით, როგორ გადავრჩენილიყავით.

რა რთულია ეს აპრილი, ეს მაისი, ეს ივნისი:/

 

Read Full Post »

რამე  გაგიგიათ ალცჰაიმერზე? მე, ისეთი არაფერი, აქამდე არც კი დავინტერესებულვარ. ამბობენ, რომ ეს დაავადება უკურნებელია და მისი პროგრესირების შეჩერება შეუძლებელი. ამ დროს ადამიანი მეხსიერებას კარგავს და ხდება მისი დეპერსონალიზაცია, მაგრამ ეს მაინც არ არის ამნეზია, ეს უფრო რთული შემთხვევაა.

წარმოიდგინე, ერთ საშინელ დღეს ყველაფერი გვავიწყდება, საყვარელი ადამიანები, საყვარელი ადგილები, წიგნები, ტკბილი მოგონებები  და უბრალოდ, სახლამდე მისასვლელი გზაც კი, მერე დაჯდები და საკუთარ უმწეობაზე ატირდები, სანამ ვინმე შენიანი არ მოვა და გზას არ გაგიკვალავს სახლამდე, ძველ წერილებს არ წაგიკითხავს და სანამ, თავიდან არ მოახდენს შენს იდენტიფიკაციას.

შუადღით, ნიკოლას სპარქსის “დღიური” დავამთავრე, უტამ მომიტანა რამდენიმე დღის წინ, როცა გადავხედე ვიფიქრე საშინელი და მომაბეზრებელი წიგნი შეაჩეჩა ალბათ კონსულტატმა მეთქი.  გარეკანზე ეწერა, რომ ბესტსელერია და მასზე ფილმიც კი გადაუღიათ თურმე. ასევე გარეკანი იტყობინებოდა, რომ ეს არის ამბავი მარადიულ სიყვარულზე. ცოტა შესაშფოთებელი დახასიათებაა წიგნისთვის მეთქი გავიფიქრე, მაგრამ მაინც დავიწყე კითხვა. ჩემი მრავალი ცუდი ჩვევებიდან ერთ-ერთი ისაა, რომ წიგნი რაც არ უნდა ცუდი აღმოჩნდეს, მაინც ბოლომდე მივყვები (გამონაკლისი იყო ლიოსას “დეიდა ხულია”, რომელიც ვერაფრით მივიყვანე ბოლომდე) თხრობა საშინლად გაჭიანურებული და მოსაწყენი იყო, მე კი ისეთი სულსწრაფი ვარ მინდა ყველაფერი დროულად მოხდეს, ანდა რა გაჭიანურება უნდა იმ ამბის აღწერას, 14 წლის უნახავი შეყვარებულები, რომ ერთმანეთს ხვდებიან, სარწეველა სკამში ჩასხდებიან და მშვიდად წრუპავენ ბურბონს, იმის მაგივრად, რომ მაგრად ჩაეხუტო, ყელზე ჩამოეკიდო, თმები აუჩეჩო, თვალებში, ყურებში, ცხვირზე და ტუჩებში მაგრად აკოცო, მაგრად მიეკრა და ყველაფერი შეიგრძნო, რასაც აქამდე ვერ აკეთებდი. ასე ალბათ, მარტო ჩემნაირი ხარბები და სულწასულები თუ მოიქცევიან, მაგრამ არსებობენ სხვა ტიპებიც, რომლებიც სიყვარულს ისე წრუპავენ და აგემოვნებენ, როგორც გემრიელ კოქტეილს. ამიტომაც, როცა უტამ მკითხა როგორ იკითხებოდა, ვუთხარი ძლივს მოახერხეს ერთად დაწოლათქო, არადა სკაბრეზული პასუხი იქით იყოს და აქტამდე დიდი ეპიკური თავგადასავალი გადავიტანეთ შეყვარებულ წყვილზე, რომლებსაც განსხვავებული სოციალური სტატუსი და ოჯახის მოთხოვნები აშორებს ერთმანეთს.

სადღაც, მეასე გვერდიდან თხრობა უფრო ინტენსიური ხდება, ამიტომ თუ ეს წიგნი შემთხვევით იყიდეთ აჯობებს მაინც არ გააჩუქოთ, ჩვენ ხომ ასე იშვიათად ვფიქრობთ მარადიულ სიყვარულზე და საერთოდ, სიყვარულისთვის დროც აღარ გვრჩება.

ელი და ნოა უკვე მოხუცდნენ. სიყვარულით შეაბერდნენ ერთმანეთს, მაგრამ ელი ალცჰაიმერით ავადდება და მოხუცი ცოლ-ქმარი გადაწყვეტს პანსიონატში გადავიდნენ საცხოვრებლად. ელის თანდათან სულ ავიწყდება თავისი ქმარი, რომელიც მასზე არანაკლებ დაუძლურებულია, ნოა პანსიონატის მაცხოვრებლებს და საკუთარ ცოლს უიტმენის ლექსებს უკითხავს, მისი მოსმენა ყველას უყვარს, წერს დღიურს და ხშირად კითხულობს ელის წერილებს, რომლებსაც ის თავიანთი ოჯახური თანაცხოვრების მანძილზე წერდა. სევდიანი ამბავია.

ოდესღაც, უტას ვწერდი, რომ არც მაშინ გავწყვეტდი წერილების მიწერას, როცა მისი ცოლი გავხდებოდი, ოღონდ იმეილზე კი არ მივწერდი, ჩვეულებრივ ფურცელზე და ღია, იასამნისფერ კონვერტებით დავახვედრებდი. რა თქმა უნდა ეს პირობა დღემდე არ შემისრულებია.

ამ წიგნმა მაინც შეძლო ჩემი აფორიაქება და მწყობრიდან გამოყვანა, მიუხედავად ჩემი პესიმისტური განწყობებისა და თუ წიგნი ამას ახერხებ, კარგი იქნება თუ ამ სიკეთეს არ დავუკარგავთ.

მოკლედ, სიყვარულს არ სჭირდება ანალიტიკა და დრო, თუ გაქვთ მშვიდად იკითხეთ, ბოლოსკენ კარგია:)

 

Read Full Post »

%d bloggers like this: