Feeds:
Posts
Comments

Archive for May, 2012

ეს დღეები თვალებიდან და ყურებიდან არ ამომდის ვიდეო, სადაც კრწანისის გამგებლის მოადგილე ისე ლაზათიანად უბარტყუნებს მისი ქვეყნის ერთ, რიგით მოქალაქეს, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია და შეხედულება გააჩნია, თითქოს ლეიბს ფერთხდეს აივანზე ( ცოტა ლირიული გადახვევა).

ისედაც, ხომ  ცხოვრების პროზაული კონტექსტია ყველგან, ხოდა რაღაც დინამიკა შემოიტანა ამ ამბავმა:/

სულ, ცოტა ხანში ჩემი შვილიც უნდა გაჩნდეს და ეხლა ორმაგად მეშინია ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შენი ქვეყნის, რომელიღაცა უბნის გამგებლის მოადგილეს, შეუძლია თავპირი დაგისისხლიანოს, თუ რა თქმა უნდა არ დააფასებ მის ტალახში “ამოგანგლულ” შარვალს და ფეხსაცმელს და პატივს არ სცემ მის პარტიას.

ხანდახან, მგონია ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ არაადექვატურები და ურეაქციოები გახდეთ.  მე არც კი ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს, რა უნდა გავაკეთო, გავბრაზდე? ავღშფოთდე? ამას, ხომ ყოველდღე ვაკეთებ მეც და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, იქნება დავჯდე და ერთი აღფოთებული სტატუსი მივუძღვნა ფეისბუზე ამ ყველაფერს, ან ეს ბლოგი დავწერო, ან ცოტა ხნით ვაგინო მთავრობას საღამოს, მოცალეობის ჟამს და გული მოვიოხო, მერე 12 რომ შესრულდება წავიდე დასაძინებლად და ასეთივე რუტინული დღისთვის მოვემზადო. მეორე დღეს, შეიძლება უარესიც მოხდეს, მაგალითად: კაკო ბობოხიძეს პარლამენტში შემოაკვდეს, რომელიმე დეპუტატი ცემით, ვიღაც ლევან გაზდელიანი მუშტი-კრივს გაგიმართავს და სიფათს გაგიართიანებს პარტიული ინტერესებისთვის და თან, იმას დაგაყვედრის, რომ ჩემი, შენი, ჩვენი ყველასი გაღებული გადასახადებით იგი რაღაც მოვალეობას ასრულებს და ტრაკი და თავ-ყბა ერთნაირად სქელი გაუხდა.

გაბარიტების მზარდობის ტენდენცია, სულაც არ მაღელვებს, მეორე ტენდენცია უფრო საშიშია…

ამიტომ, აზრი არ აქვს უსამართლობების ჩამოთვლა დავწიწყო, ფაქტები დავახვავო და რაღაც, კონსტრუქციული ტიპის როლი ვითამაშო, ისედაც ხომ ყველა ასეთები ვართ, მშვიდები, წყნარები, გაუტოკარები, ბუნჩულა კონსტრუქციული ტიპების საზოგადოება, რომელსაც ვერასდროს ვერ გამოიყვან მწყობრიდან. მაგიტომაც, ვიძახი ზედმეტად პროზაული კონტექსტი გვაქვს ცხოვრებისათვის.

ეხლა იმაზე, რომ არ დაიწყოთ გოგოები არ იგინებიან და ცუდ სიტყვებს არ იძახიანო. მაგრამ, რა ვქნა სხვა სიტყვა არ მაფიქრდება ჩვენი მდგომარეობის გამოსახატავად, გარდა ამისა: ჩვენ ვართ თავზედაჯმული საზოგადოება, თავზედაჯმული ქვეყნის მოქალაქეები, რომელსაც ყოველდღიურად აქაქავენ ქვეყნის პრეზიდენტი და პარლამენტი, ეროვნული მედია საშუალებები და კიდევ სხვა პარტიული ლაწირაკები.

სულ, ცოტა ხანში ჩემი შვილიც გაჩნდება, ძალიან სასიამოვნო იქნებოდა ის სულ სხვა ქვეყანაში მოვლენოდა სიცოცხლეს, სადაც მიწაში თავჩარგული სირაქლემების ნაცვლას, ნამდვილ, თავისუფალ და ჯანსაღ ადამიანებს დაინახავდა.

ისე, სირაქლემა რატომ ირჩევ ამ პოზას?

Advertisements

Read Full Post »

ერთ თვეში ბავშვს გავაჩენ, მე კი ჯერ აზრზეც არ ვარ, როგორი გახდება ჩემი ცხოვრება. ის კი ვიცი, ძალიან მეყვარება ეს მოფართხალე არსება, რომელიც დისკომფორტის შეგრძნებაზე, საოცრად ძლიერი ბიძგებით რეაგირებს. არ უყვარს უჰაერო სივრცე, შიმშილობა და ფართო აუდიტორია:) ვიყიდი კენგურუს ( მგონი ასე ეძახიან), ჩავსვამ შიგნით და ვივლით კარგ ადგილებზე, სადაც იქნება სუფთა ჰაერი, სადაც ხეები იშრიალებენ (მანამდე, თუ არ გაჩეხეს ყველა ხე), თან წავიღებ ჩემს თერმოსს გავსებულს ყავით და მოვერიდებით სხვადასხვა მარგინალიზებულ საზოგადოებებს, ცოტა ხნით მაინც და ასე დავიწყებთ ერთმანეთის გაცნობას, საუკეთესო დღეები იქნება, ამაზე მერე დავწერ 🙂

ორსულობის ბოლო ტრიმესტრი იყო ასეთი: მეშვიდე თვეს მაწუხებდა წელის ტკივილები, მერვეში ორსულობის კოშმარები, გადაბმულად არ მეძინა ღამით, სამსახურში თავი მისკდებოდა დაღლილობისგან, მეცხრე დაიწყო დეპრესიით და მშობიარობის შიშებით. იმის შემდეგ, რაც ფიზიოლოგიურად გადავწყვიტე მშობიარობა, ათასი მტკივნეული ისტორია მოვისმინე, ამის ნიადაგზე ისევ დამეწყო უძილობები, სანამ მტკიცედ არ გადავწყვიტე არ მოვუსმინო არავის და ეს ტრანსცენდენტური შიშები, როგორღაც მატლივით ჩავკალი საკუთარ თავში, რატომღაც მგონია, რომ თუკი ამას შევძლებ მერე ხიდიდანაც გადავხტები, რა თქმა უნდა კარგად დაბმული 🙂 მგონი მშობიარობა ყველაზე დიდი ექსტრიმია და მინდა, ამაში გამოვცადო საკუთარი თავი.

ჩემი სოციალური განრიგი არ შეცვლილა, დღემდე ვაგრძელებ სამსახურში სიარულს, ოღონდ ცოტა უფრო მეტი დრო მჭირდება გადასაადგილებლად, მეტროდან და მეტრომდე მისასვლელ 5 წუთს სამი წუთი დავუმატე, რაც მოაკლდა ჩემი დილის სოციალურ აქტივობას ფეისბუქზე:), სამაგიეროდ არ მაგვიანდება და უფრო მშვიდადაც გადავაადგილდები. სასიამოვნო ამბავი ის იყო, რომ არცერთი სტერეოტიპული სინდრომი ორსულობასთან დაკავშირებით ჩემზე არ გამართლდა, არც პირღებინების შეგრძნებას გავუტანჯივარ და არც მიზეზობას, ამისთვის დასახარჯი დრო ნამდვილად არ მქონდა, არც არანაირი “ანგარიშის გაწევები” და შეღავათები დამჭირვებია და ყველაზე მეტად ეს მახარებდა, შეღავათებს საშინლად ვერ ვიტან. რატომ, უნდა მოვითხოვო პრივილეგიები იმის გამო, რომ თქვენზე დიდი მუცელი მაქვს?:) მოკლედ, მეტი აქტივობა და კუნთების გავარჯიშება.

ამ თვეების განმავლობაში უტამ გამოავლინა საოცარი მოთმინების უნარი, უარი თქვა დილის ძილზე და ის მე დამითმო, სამაგიეროდ თვითონ ისწავლა კარგი ხორცის შერჩევა, მისი მოხარშვა, გერკულესის მომზადების თავისებური რეცეპტი შეიმუშავა (მომენატრა დილაობით) და დილის საუზმის ორგანიზება მთლიანად საკუთარ თავზე აიღო, გარდა ამისა მოთმინებით იტანს დღემდე  წუწუნს წონის მატებაზე და იმაზე, რომ “აღარაფერი აღარ მიხდება”.

სხვა, მეტი არაფერი. ყველაფერს აქ ვერ მოვყვები, არის ისეთი რაღაცეები რაც შენთვის უნდა დაიტოვო, რადგან სათანადოდ ვერასდროს გაიგებენ.

მისურვეთ წარმატება:)

 

Read Full Post »

%d bloggers like this: