Feeds:
Posts
Comments

Archive for August, 2012

 

 

 

ქუთაისში ეხლა ცხელა, თან ძალიან. ჩემს უბანში კი უფრო საშინლად, ჰაერი კორპუსებს შორისაა მომწყვდეული და საერთოდ, აღარ იძვრის. უბანში მხოლოდ ის ბავშვები არიან დარჩენილი, რომელთაც არსად წასასვლელი არ აქვთ.  მშვიდი და წყნარი დღეებია ქუთაისში, კორპუსის წინ წელსზემოთ გაშიშვლებული კაცები ჯოკერს თამაშობენ, ზოგჯერ ნარდსაც, ზოგსაც გრილი “გარაჟები” აქვთ, რომლის კანონიერ მოზომვაში ცოტა ეჭვი მეპარება, სადარბაზოების წინ კი მოშილიფებული და  მოჭუკჭუკე ქალები ჩამომსხდარან, რომელთა ჭუკჭუკი ყოველთვის მაღიზიანებდა, ეხლა კი მენატრება. მათ რაღაც აქვთ საერთო, ძალიან არსებითი რამ, მე ვერ ვხვდები რა არის ეს, მაგრამ ამ რაღაც საერთოს გარეშე, ისინი ასე შეხმატკბილებულები ვერ იჭუკჭუკებდნენ დილა- საღამოს. ვხედავ ამ ხალხს და მენატრებიან, ადრე სულ მაღიზიანებდნენ. როგორც ჩანს, რაღაც გადავლახე ადამიანურ ურთიერთობებში. დიდი პლიუსი მე. მიხარია, რომ მომენატრნენ.

 

ჩემი კორპუსის სტადიონი სულ სხვანაირია ეხლა, მოვიდა მთავრობა და მოაასფალტა, საარჩევნო პროპაგანდის ნაწილი იყო და რა უნდა ექნათ აბა, მგონი ის ჯებირებიც გაუკეთა, ხალხმა “თავის დროზე” რომ მოარღვია და თავიანთი ბოსტნები შემოღობა, ცოტა მოშორებით. მოკლედ, რისი წაღება და მითვისებაც შეიძლებოდა ყველაფერი გააკეთეს. მაგრამ, ეს მაინც დავიწყებული ამბებია და  მეც არ მინდა ბნელ ოთხმოცდაათიანებში ქექვა.

 

რამდენიმე დღის წინ, მეთერთმეტე კლასის ქართულის გრიფირებულ სახელმძღვანელოს გადავხედე, სულ სხვა ტექსტებია, მომეწონა, ვაპირებ ბოლომდე წავიკითხო, მერე ჩვენი უსახური წიგნებიც გამახსენდა და ნერვები მომეშალა. უსახურ წიგნებს ძალიან სახიერი და ცოცხალი მოგონებები მოყვა ჩემს ქალაქზე, რომელიც ყველა ქალაქზე მეტად მიყვარს, ჩემს უბანზე, რომელიც ყველაზე საშინელი და მოუწესრიგებელი უბანია მთელს პლანეტაზე, მაგრამ მაინც მიყვარს, სადაც დავდიოდი ბაგა-ბაღში, ორ სართულიან, თეთრად შეღებილ შენობაში, მაშინებდა ექიმი აიბოლიტის კაბინეტი, მომწონდა ბაღის გამგე – დოდო, რომელიც ალბათ არასდროს შეიცვლება, მიყვარდა ვიღაც ბიჭი- ლაშა,რომელიც ერთ დღეს უეცრად გაქრა, რაღაც აწუხებდა. მგონი უფრო მომწონდა, მაგრამ საკუთარ თავსაც კი ვერ ვუმხელდი, ვატარებდი ე.წ “კარეს”, მშურდა ლელასი, რომელსაც დიდი ტყავის ქამარი ეკეთა ტყავის მოკლე კაბაზე, ზემოთაც ტყავის ჟილეტი ეცვა, მეზიზღებოდა სუპები და მანის ფაფები, იატაკზე ვწერდი ჩემს სახელს და გვარს, გამოვდიოდი ახალი წლის კონცერტებზე, ყავისფერი ფეხსაცმელი როცა მიჭერდა ვიხდიდი და ფეხშიშველი ვიჯექი სცენაზე, შემდეგ ეს ფაქტი ფოტოგრაფ დათოს კამერამაც აღბეჭდა, რომელიც ასევე ჩვენს უბანში ცხოვრობდა და ასეთ პამპა-რამპა ზეიმებს იღებდა. ამ ფოტოზემე ბაღის  სცენაზე პატარა სკამზე ვზივარ ფეხშიშველი, წინ მიდევს ჩემი ყავისფერი, ახალი ფეხსაცმელები, თავზე მადგას სტენდი წარწერით: “ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა”. მაშინ ,ვერაფრით ვერ  ვწვდებოდი ამ სიტყვების არსს, როგორ- რანაირად, ხშირად ვფიქრობდი ამაზე, ხატია ჩემი ბიძაშვილი იყო, ეს უფრო მაბნევდა, ალბათ ხატია მეგონა სამშობლო…იმ დროს მყავდა თოჯინა მადონა, რომელსაც ერთხელ ოქროსფერი თმები შევაჭერი და მეგონა გაეზრდებოდა, უსაშველოდ და ამოწყვეტამდე მენატრება ეს თოჯინა… მყავდა კლასელები ლადო და ლაშა, ჩემი კორპუსის და ჩემი სართულის მეზობლები, ლადო, ლადო, შოკოლადო. ჩვენ ერთად დავდიოდით ბაღში, სადაც ჩემი გამოყვანა ყოველთვის აგვიანდებოდათ ჩემს მშობლებს. ბაღის ზეიმებზე მე დედაჩემის შეკერილი ძალიან ლამაზი კაბა მეცვა, ეხლა ეს კაბა აცვია ერთ ძალიან დიდ თოჯინას ჩემს სახლში და არის კარადაზე შემომჯდარი, თუ არ ჩამოუსვამთ და სხვაგან არ წაუღიათ.

 

ბაღის გვერდით იყო შენობა, რომლის ძალიან მეშინოდა, ერთხელ ბაღის ღობეზე ავძვერი და ისე გავყურებდი იმ შენობას, მომდევნო წლიდან იქ უნდა მევლო. მახსოვს უცნაური შიშის განცდა. ეს შენობა იყო  ჩვენი 37-ე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა. ეხლა უკვე შემნახველი საკანი ჩემი ყველაზე უძვირფასესი მოგონებების. ნელი დამრიგებელის, ჩემი,  ქეთის, ლალის, ცირას, ლექსოს, გოგიტას, ნანას, ლეჟავას, გალოგრეს და მურთაზის კლასი, კიდე სხვებისაც. გადაწერილი მათემატიკის სავარჯიშოები და ჩემი თავისუფალი თემები. ისე შემდეგ ცუდი რამეებიც ხდებოდა, რაც უფრო მაღალ კლასებში გადავდიოდით და მასწავლებლებიც გვემატებოდა, იმატებდა ხარკის ამკრეფი მშობლების მოთხოვნები, რომლებიც ყოველი  წლის რვა მარტს, სამ მარტს, ახალ წელს, აღდგომას და სხვა სადღესასწაულო დღეებში, მასწავლებელთა საჩუქრებისთვის სიებით ხელში მუდმივად გვაკითხავდნენ. როგორ მრცხვენოდა, როცა ფულს ვერ აძლევდი, ისინი ხომ ამ სიებს საჩუქრებთან ერთად გადასცემდნენ კლასის მასწავლებლებს.

 

ერთხელ გაბრიჭიძეს, რაღაც შეემთხვა, ზუსტად არ მახსოვს რა, ან ხელი მოიტეხა, ან ბოტკინი ჰქონდა ან რამე სხვა, როცა მოსანახულებლად წავედით და ხილისთვის და შოკოლადებისთვის ფული აკრიფეს იმ მშობლებმა, ის ოხერი სიაც შეადგინეს. რა სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი და როგორ, არ შემეძლო ხმის ამოღება, რატომ არ ვეუბნებოდი მათ, რომ ზრდასრული ადამიანების ყველაზე უზრდელურ  საქციელს ვხედავდი. ჯანდაბა მათ. სამაგიეროდ, სკოლაში ბუფეტი გვქონდა, ალბათ ყველაფერი იაფი იყო, რადგან ყოველდღე ვახერხებდი ერთი ჭიქა კაკაოს და ცხელი ფუნთუშის მირთმევას. შესვენებები კი ძალიან ცოტა ხანს გრძელდებოდა.

 

ეხლა როცა,  ოლიმპიური ბუმია მთელს პლანეტაზე, მე მინდა ჩემი ერთი კლასელი კვესაძე გავიხსენო. კვესაძე პატარა ბიჭი იყო, მაგრამ მაგრად ჭიდაობდა, მეოთხე კლასში ის ჩემს უკან იჯდა, არ მახსოვს რაზე ვიჩხუბეთ, მაგრამ მახსოვს ერთი ძლიერი მოქნევა, და მას თავში მოხვდა ჩემი მშობლიური ლიტერატურის წიგნის, ირმის გამოსახულებით. იმის მერე სულ ვწუხდი და ვწუხდი, თან მიზეზსაც ვერ ვიხსენებდი, რატომ ჩავარტყი კვესაძეს წიგნი თავში. თავი ლამის შემზიზღდა. მერე კვესაძე ცოტა ხანს გაქრა, მეცხრე კლასში კი ისევ დაბრუნდა წარმატებებით ჭიდაობაში, მგონი ევროპის ჩემპიონი გახდა, რა ვიცი სკოლაში ასე ყვებოდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ, უბანში გადავეყარეთ ერთმანეთს, ძალიან გულთბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი, ზრდასრული ადამიანების შეხვედრას ჰგავდა, მე გულში მაინც მიკიჟინებდა შიში, ხომ არ ახსოვს ერთხელ უსამართლოდ, რომ მოვექეცითქო, მაგრამ მას ასეთი არაფერი გამოუხატავს. წლები თანდათან გადის, კვესაძე ხშირად მახსენდება ხოლმე და თან სულ მეფიქრება, ნეტა არ ხდება მსოფლიო ჩემპიონი? ან, ხომ არ გახდა და მე ხომ არ გამომეპარა. ჩემს უბანში ერთ შავი გაგების ბიჭზე ორი მოჭიდავე მოდიოდა. ეხლა შავები თანდათან ბერდებიან. მოჭიდავეები დაოჯახდნენ. აი კვესაძეზე კი, მართლაც არაფერი გამიგია დიდიხანია.

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: