Feeds:
Posts
Comments

Archive for September, 2012

მოვიდა შემოდგომა და მე უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ სად მაქვს გასაქცევი, თან ცოტა კომფორტული და სად შევაფარებ თავს  შემოდგომის დეპრესიებს. დედაჩემმა ამ დილით მითხრა, ვიცოდი შენს მელანქოლიებს ანდრია გააქარწყლებდაო, მაგრამ მთლად ასეც არაა საქმე, მართალია ანდრიამ შეძლო ჩემი ჭკუიდან გადაყვანა, მაგრამ მელანქოლია იმდენად ჩემეულია, თითქოს ძარღვებში სისხლის ნაცვლად ეგ დამიდის, ფაქტიურად ეგ მაცოცხლებს, ეგ რომ არა სხვანაირი ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ეგ რომ არა, სულ სხვანაირი ვიქნებოდი.

რახანია ჩამოვედი, უკან მოვიტოვე სიზმრების საწოლი, სადაც ყოველ ღამე ათასნაირ სიზმარს ვნახულობდი შუაღამით და გამთენიისას,  დილით კი დაფეთებული ვიღვიძებდი და გულში ათასგვარ ლოცვას ბუტბუტებდი, ვცდილობდი რაც შეიძლება მალე დამეფერთხა ღამიდან გამოყოლილი აჩრდილები, რომ არცერთი ცუდი სიზმარი არ ამხდენოდა. ვერაფრით მოვშორდი ამ საწოლს, ჩემს და უტას საწოლად იქცა, მოყანყალებული ფეხებით და დაჟანგული ზამბარებით. სიზმრების საწოლი დავარქვი, მაგრამ არავისთვის მომიყოლია ეს სიზმრები…ნელ-ნელა გადამავიწყდა ყველა.

კაი ხანია წამოვედით, იმის მერე მინდა დავწერო და ვერ ვწერ, ხან რას ველოდები და ხან რას, განწყობა მოვა, დრო არ მაქვს, დრო მაქვს განწყობაა სადღაც ჯანდაბაში წასული, ხან მინდა , რომ იწვიმოს და ვიტყვი მაშინ დავწერ, იწვიმებს და ათასი საქმე მაყრია თავზე, ხან ღრუბლიანი ამინდი მინდა და ხან ტყეში გასეირნება და ათას რამეზე რეფლექსირება, ხან შოკოლადი არ მაქვს და ხან ყავა, ხანდახან კარგი ყავაც მაქვს და შოკოლადიც, მაგრამ ყავის აპარატის გამოყენება მეზარება, მოკლედ მე ის ტიპი ვარ, მიზეზები, რომ არასოდეს გამოელევა.

არადა, უკვე შემოდგომაა, მე ისევ მინდა გაქცევა ამ ქვეყნიდან, მგონი სიბერეში მაინც შევძლებ ამას, გავიქცევი და ვიცხოვრებ მშვიდად…ვითომ. ვიტყუები.

ამასწინათ, დილით მხრები, რომ გამეყინა და არავინ არ მყავდა გვერდზე რომ გავეთბე, ბედიანი გამახსენდა. წარმოვიდგინე იქ როგორ ეციება, ერთი საბანი არ გეყოფა, სუსხი გაგიყინავს მხრებს და თუ ვინმე არ გყავს გვერდით წესიერი, რომელიც თავის თბილ მკლავებში შეგყუჟავს იქნები უბედურად გაყინული, მერე ადგები და დახორკლილი ფეხებით გადმოცოცდები, თბილ წინდებს ამოიცვამ, ყავას დაადგამ, აივანზე გახვალ, მერე ნესტიან ბალახს გათელავ და ეზოს პირსაბანთან დაიბან პირს. საშინლად გაიყინები, მაგრამ რაღაც მაინც კარგია, უზომოდ დიდი სიჯანსაღეა ესეთ პასტორალურ ყოფაში. ფაქტობრივად, ბედიანში ლოკოკინას ემსგავსები შემოდგომაზე, გამოცოცდები შენი ნიჟარიდან და ირგვლივ ყველაფერი ნესტითაა გაჟღენთილი, მე მიყვარს ეს სინესტეები, ღრუბლიანი დღეები, ირგვლივ ყველგან ცრის და ცივა, სიჩუმეა და დრო მიდის წყნარად, არა ისე აჩქარებულად, როგორც ქალაქში, არამედ უფრო სხვანაირად, თავისებურად, მშვიდად.

დილით გრიშა თავის ოთხ ძროხას გარეკავს ჩვენი ბოსელიდან,რა სამწუხაროა, რომ ოთხივეს სახელი ჩავიწერე და წამიშლია, მარტა და მაია მახსოვს მხოლოდ, გრიშას ბოსელი დროებით ვათხოვეთ და მგონი მიითვისა, ქვემოთა მეზობლები კი ბოსლის სუნით წუხდებიან, აქაოდა ტაძრის წინ რომ ასეთი სუნიაო და წუნწუხის სუნიაო და მოკლედ, დაავიწყდათ ამ მორწმუნეებს მაცხოვარი სად დაიბადა, მე კი შევახსენებდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ ვიცი უტა გაბრაზდება, არ უყვარს ვინმეს სწორ შენიშვნებს, რომ ვაძლევ:) არადა, ბედიანი დაბაა, ხალხს ძროხები ჰყავს და ქათმები, კიდე გოჭები და ღორები, ვისაც რა შეუძლია ის ჰყავს, ხოდა შენ, რომ ჩამოდიხარ თბილისიდან, სახლს ყიდულობ, რაღაც წითელ “ფანერკას” აკრავ, ვითომ გემოვნებით, რომ აწყობ, კი კარგია, მაგრამ არ გაქვს იმის უფლება მეზობელს ბოსლის სუნის გამო მოსთხოვო, რომ გააუქმოს ბოსელი, ან მოგყიდოს, რომ მერე დაანგრიო, ან რავიცი ათასი სულელური აზრი მოგდის  თავში, ხოდა წადი და იცხოვრე თბილისში, თუ ბოსლის სუნი არ გინდა სოფლად, წადი და ზაფხულში რკინით გაჯერებული ჰაერი ისუნთქე, რატო გინდა გადააქციო თბილისად ეს ადგილი…მოკლედ, რომ ვბრაზდები ერთ რამეზე ვბჟირდები და ვიძახი ერთი და იგივეს. არადა მართლა საშინლად გავბრაზდი.

კიდე რაზე ვბრაზდებოდი? საღამოს ქუჩაში არ გაისვლება, უბრალოდ ისეთი სიბნელეა, თითს თვალთან ვერ მიიტან, არადა სოფელს გამგებელიც ჰყავს და ჰაი-ჰუი, ნაციონალური მოძრაობა გადაგვარჩენს, მეტი სარგებელი ხალხს, მეტი სარგებელი ხალხს და ა.შ არადა ეს ადგილობრივი მთავრობა გეუბნება შენ (ადგილობრივო მცხოვრებო) კი აგინთებ გარეთ შუქს, მაგრამ შენ გადაიხადე ეგ ქუჩის განათებაო, არადა ხალხი სახლში რა შუქსაც წვავს იმის ფულსაც გაჭირვებით იხდის, მოკლედ ჩვეულებრივი, ძაან ყოფითი უსამართლობაა და ეხლა ამას ვერც მე ვუშელი, ვერც გამგებელი და ა.შ სისტემაა დასანგრევი. ამ დღეებმა ამ თეზისის უეჭველობაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

ამ სახლში თათა ბედიანის ინგლისურის მასწავლებელი, მისი ქმარი პლასიდი და პატარა მარია-ჯესიკა ცხოვრობენ. მიყვარს ფერადი სახლები, საკუთარი სახლი, რომ მექნება ოდესმე, ერთ ოთახს მაინც სულ ფერადებში შევღებავ.

მინდა ბედიანზე ფილმი გადავიღო, მაგრამ არა ისეთი მეცხრე არხზე, რომ გაუშვეს, ასეთი უინტერესო ნამდვილად არ არის ბედიანი, არც მხოლოდ ტრაგიკული ისტორიების გადაღებას ვაპირებ, შეიძლება ამასაც შეიცავდეს, მაგრამ აი სულ სხვანაირი იქნება, სცენარს მე დავწერ, უტა კი გადაიღებს, ოდესმე თუ მოიცლის ჩემთვის რა თქმა უნდა, მოკლედ ფინანსებს თუ ვიშოვი, უტასაც გადმოვიბირებ, დროებით შევისყიდი და ჩემთან ვამუშავებ, კარგი თვალი აქვს და ზუსტად იცის რა უნდა გადაიღოს 🙂

ბედიანში ჩემს პერსონაჟებს, გრიშას და მის ცოლს და მის ბიჭს, კიდე უსაყვარლეს სომეხ გოგოს ლარისას, კიდე მწყემსების ოჯახს, მონასტრის დედებს, ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებს, ერთი ძალიან კეთილი და სევდიანი ადამიანი დაემატა.

ეს არის პალამბო.

პალამბო ახალგაზრდა ბიჭია, ფსიქიატრიულშია გამომწყვდეული და ხანდახან გაქცევაზეც ფიქრობს, მაგრამ ისიც იცის რომ აზრი არ აქვს გაქცევას. სადაც არ უნდა გაიქცეს მაინც ყველგან იპოვნიან, შეიძლება ტყეს შეაფაროს ცოტა ხანს თავი, მაგრამ ტყეში ტურები კივიან, შეიძლება მგლებიც იყვნენ, თან ტყეში სიგარეტის გარეშე დიდხანს ვერ გაჩერდება. მთავარია სიგარეტი იყოს და მას არსად გაუჭირდება ყოფნა. თუ მიიღებენ მონასტერშიც წავიდოდა, მაგრამ მონასტერში პალამბოსნაირებს არ იღებენ, თან მონასტერში სიგარეტსაც არ ეწევიან, პალამბოს კი უსიგარეტოდ გაუჭირდება. ერთ დღეში ორი კოლოფი სიგარეტი ყოფნის, ეს კი ძაან ბევრია პალამბოსნაირი გამხდარი და მქრქალი ბიჭისთვის.

 

პალამბოს თბილისში ურჩევნია, იმიტომ რომ მაინც ქალაქია, გაივლის- გამოივლის არ მობეზრდება. სამოწყალოდ აჭმევენ კიდევაც, სიგარეტსაც მოაწევინებენ, ხურდასაც ჩაუყრიან გაშლილ ხელისგულზე. დღესასწაულებზე ავლაბრის დედათა მონასტრის ჭიშკართან დადგება და მრევლი ხურდას ჩაუყრის ქუდში.

 

ერთი შეკვრა სიგარეტი ჩამოუტანა უტამ თბილისიდან პალამბოს, ჩუმად მოსწევს, თავისთვის მარტო და გამოიზოგებს დიდხანს, რომ ეყოს. თუ ცოტა ფულსაც დავუტოვებთ სანიტარს მისცემს და ისიც სიგარეტს უყიდის. რა ცუდია პალამბოს არავინ ჰყავს…

 

პალამბო ერთ დროს ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და კიდევ ბევრ სხვა ხალხთან. ეს ხალხი ყვება მასზე ათასგვარ ამბებს, მაგრამ მე რაც არ მინახავს, იმაზე არ მინდა ვწერო, თან მითუმეტეს ცუდზე. პალამბოს ბავშვობაში  მენინგიტი დაემართა და სწორედ მაგიტომაა ეხლა ფსიქიატრიულში გამომწყვდეული, თუმცა ასი წელი, რომ გავიდეს იგი თითს არავის დააკარებს, არც აგრესიული არაა, ექიმები კი ალბათ მაინც ჭყიპავენ წამლებით, როგორც სხვა დანარჩენებს.

პალამბოს თბილისში უნდა, მაინც ქალაქია, გაიხედავს აქეთ-იქეთ და გახალისდება, მაგრამ თბილისს მისთვის თავშესაფარი არ აქვს და ღამით ქუჩაში მოუწევს გათენება, თუ ვინმე არ დაეხმარა შეიძლება ულუკმაპუროდაც დარჩეს…

პალამბოს მონასტერში უნდა, ერთი ნაცნობი დაპირდა ვიღაც ბერზე, მოვა და წაგიყვანსო, მაგრამ მე ეჭვი მეპარება პირადად. ალბათ გულის გაკეთება უნდოდა პალამბოსთვის, მაგრამ ასეთი კეთილი ტყუილები საშინელებაა. იმის მერე ელოდება პალამბო იმ ბერს და ელოდება. მონასტერში კი მისნაირები არ მიყავთ, იმიტომ რომ პალამბომ ბავშვობაში მენინგიტი გადაიტანა, დედამაც მიატოვა, მერე გაიზარდა და სიგარეტის მოწევაც დაიწყო, ეხლა ფსიქიატრიულშია და არც მაკმერფის მსგავსი გამბედაობა არ აქვს, ჭიშკარს დაკრას ფეხი და გაიქცეს ამ დამჟავებული ციხესიმაგრიდან.

 

-პალამბო ფული, რომ დაგიტოვოთ ხომ არავინ წაგართმევს?

 

– არა, აქ არავინ პარავს ერთმანეთს.

 

– პალამბო აქ ხომ კარგად გექცევიან?

 

– კი, ძალიან კარგად.

 

–      პალამბო ხომ, კარგად გაჭმევენ?

–      კი ძალიან კარგად.

 

პალამბოს გულისმომკვლელი მადლიერება მკლავს.

 

წაიყვანეთ რა პარლამბო ჯერ თბილისში, მერე მონასტერში.

 

მე აქ დავამთავრებ ამ ამბავს, დანარჩენს შემდეგში მოვყვები. ღამის ორი საათია და უნდა დავიძინო. ასეა საჭირო და იმიტომ.

 

 

Advertisements

Read Full Post »

არ ვიცი, როგორ იწერება კარგი პოსტები,  დიდიხანია არაფერი დამიწერია, არც კარგი და არც ცუდი, უბრალოდ გადაღლილობას ვიმიზეზებ, ანდა რა მიზეზი ჭირდება სრულიად უსარგებლო პოსტების დაუწერლობის გამო წუწუნს.  სამაგიეროდ, ძალიან კარგად ვიცი ჭურჭლის კარგად რეცხვა და სახლის დალაგება, კარგადაც ვაუთოებდი, მაგრამ იცი რა? ყველაფერი მომბეზრდა, განა ისე გადავიღალე, რომ რაღაცის გაკეთების თავი არ მქონდეს, რაღაც სულ სხვანაირად ვარ, ლუდის ბოთლივით გამოწრუპული, ვნების გარეშე, ასექსუალური და გამოფიტული.

გარდა იმისა, რომ ქვეყანაში მეორედ მოსვლა დაიწყო და მეც ამ ყველაფერში ჩართული აღმოვჩნდი ძალაუნებურად, ტვინში ისეთი ქაოსია, ასე მგონია სადაცაა აფეთქდება და გარეთ გამოიყრება ჩემი ამდენი უსარგებლო, აზრი, ფიქრი და გრძნობებიც, მგონი ჩემი გრძნობებიც ტვინშია, ხოდა დიდი სიამოვნებით ველოდები ამ აფეთქებას და ტვინის გათავისუფლებას.

ანდრია იზრდება. გუშინ 4 თვის გახდა. სულ იღიმის და ფეხებს იქნევს, ჩემს მუცელზე სწავლობს სიარულს, გულზე, ხანდახან სახეზეც ცდილობს ამაბობღდეს. მერე სახესთან ვიხუტებ და ისიც ყველაზე ტკბილი ტუჩებით მდორბლავს. ძალიან დიდი მგონია, იმდენად დიდი, რომ მთელი დღე ველაპარაკები, ჩემს თავზე ვუყვები, მის გარდა მეგობარი არავინ არ მყავს, მარტო მას შეუძლია ჩემი გაგება, რადგან მთელი დღეების განმავლობაში სულ ჩემთანაა, ვერაფერს დავუმალავ ისედაც. ვეუბნები რა მინდა და რა მჭირდება, მერე ყველაფერი მეშვება, ისიც სერიოზული სახით მიყურებს.

კარგი რამეა შვილი. ცოტა ხნის წინ, ფეისბუქზე მოწოდებასავით რაღაც დავწერე, ნუ გააჩენთ შვილებსმეთქი, იმწუთას ძალიან გადაღლილი ვიყავი და ალბათ მაგიტომ მომინდა დამეწერა, მერე საშინლად ვინანე.

დედაჩემმა მითხრა დარწმუნებული ვარ ანდრია შენი დეპრესიების წამალი იქნებაო, ხოდა  დავუჯერე.

ნახვამდის, როდესმე თუ ვიქნები წერის ხასიათზე ისე მოვაკითხავ ამ ბლოგს, მანამდე კი ჩემს გაუქმებულ დღებს გადავყრი ცხოვრებისეული კალენდარზე. რა ჯანდაბად მინდა.

 

Read Full Post »

%d bloggers like this: