Feeds:
Posts
Comments

Archive for October, 2012

ცხელი ლიმნიანი ჩაის ჭიქით ვითბობ ხელებს. სახლში უკვე აცივდა. მე კიდევ დავიწყე ოცნება ჩემს სახლზე, სადაც წითელი ხალიჩები მექნება დაფენილი და სქელ მძიმე ფარდებში ქუჩის ხმაური ვერ შემოატანს.  სადაც იქნება სითბო, სიმშვიდე და ოჯახური სიმყუდროვე, სადაც  სიყვარული გაგრძელდება ჭირსა და ლხინში და ვერავინ შეძლებს მთელს დედამიწის ზურგზე ამ სიყვარულის დარღვევას.

გუშინ, ჩემი დაბადების დღე იყო. აქამდე, ჩემს დაბადების დღესთან უცნაური დამოკიდებულება მქონდა და გუშინ მივხვდი, რომ ეს შეიცვალა. კიდევ ერთი წელი დაიწყო ჩემთვის, რომელიც საკმაოდ ბევრი პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით დაიტვირთა. დილით, მე, უტას და ანდრიას ერთად გვეძინა, ის ყოველთვის გვასწრებს გაღვიძებას და გვიყურებს გაკვირვებული, სანამ ჩვენ თვითონ არ გავუცინებთ და მუცელზე არ დავუწყებთ კოცნას, მერე კი ისე ახითხითდება მის დანახვას არაფერი სჯობს. ვუყურებდით და ალბათ უტაც ისეთივე ბედნიერი იყო იმ წუთებში, როგორც მე. ბედნიერად, დაიწყო ჩემი დაბადების დღე. წელს უკვე სამნი ვართ, შარშან ვიყავით ორნი და ჩვენი თავების გარდა სხვები დიდად არ გვაინტერესებდა. ძალიან ლამაზი დილა იყო. წვიმდა. მე გვიან გავიღვიძე. უფრო სწორედ უტამ გამაღვიძა, საიდანღაც მოვიდა სველი თავით, სველი ყვავილებით და კაფკას წერილებით. იმ ყვავილების სუნი ახლაც მახსოვს.

იშვიათად მჩუქნის ვინმე ყვავილებს.

წელიწადში, ერთხელ და ერთი კვირით მე უტას ვეწევი ასაკში (რა ხანდაზმული სიტყვაა, გამაჟრიალა), ცოტა ხანს ორივე 26 წლის ვიქნებით. მერე უტა გახდება 27-ის და ა.შ ამბობენ 27 წელი იდუმალი და გარდამტეხი ასაკიაო.

მე არც ტორტებს ვაცხობ და არც რამე გემრიელობებს ვაკეთებ, თუ ამის ხასიათზე არ ვარ. ტორტი მარიმ გამომიცხო და დილით ტორტის გულის ნაჭერი და ცხელი ლიმნიანი ჩაი დამახვედრა. მარის უყვარს სამზარეულოში ყოფნა, უნდა ოდესმე თავისი  რესტორანი ჰქონდეს, როგორც პენელოპა კრუზს ფილმში “დაბრუნება”, მე კი დიდი სიამოვნებით გავხსნიდი და ვუხელმძღვანელებდი ისეთ წიგნის სახლს, როგორიც მეგ რაიანს აქვს ფილმში “You’ve Got Mail”:)

 

გაგრძელება საღამოს 20:58

ისევ ის სუნი, ისევ ის ყვავილები, ოღონდ სულ ფერადი, ყვითელი ჭარბობს. ბედნიერი ვარ, ბედნიერი, ბედნიერი. მერე, რა რომ დაბადების დღის მეორე საღამოა. მე მაინც მიხარია.

პ.ს  გუშინ, უტას დედის ნაჩუქარი ფულით, რომლითაც შევპირდი რომ ლინდგრენის “ლოტა აურზაურის ქვეყნიდან” ვიყიდდი, ეზოში ჩასულს, ისპანახი, ბულგარული და კარტოფილი შემომეყიდა. არა უშავს, სახლის სიახლოვეს, რომ გავსცდები მასაც ვიყიდი. ისპანახი კიდევ ძალიან სასარგებლოა. მე კი ძალიან გამიმართლა, იმ ადამიანებით ვინც ღმერთმა მაჩუქა.

ეხლა ვარ, ძალიან გულჩვილი და ამ გულჩვილობით გაუსუსურებული მატლუკა:)

Read Full Post »

მე გაფატრული თევზი ვარ, დროულად ამომაცალეს ქვირითი, რომ უჰაერობას არ დაეხრჩო, თითქმის არაფერი დამიტოვეს მუცელში იმ მწვანეხალათიანებმა, ტოლჩებით ამოხაპეს წყალი, რომელიც ბოლო კვირისთვის იყო საჭირო, დანარჩენი დაიქცა, გაყვა ქალაქის ბინძურ კანალიზაციას.

 

მწვანეხალათიანმა, იმ მაღალმა, ქერამ და ღონიანმა მედდამ ფოტოებს, რომ გვიღებდა მე და ჩემს ვარდისფერ ქვირითს, ერთი-ორჯერ კიდევაც შემომარტყა, ალბათ ეგონა გული არ წამსვლოდა. არა, მე არსად წასვლას არ ვაპირებდი, მშვიდად , თვალდახუჭული ვიწექი ჩემთვის და ვუსმენდი ჩემი ტანის ხმას მუცელსქვემოდან, რომელიც თითქმის ერთი დღე მოწყვიტეს ჩემგან, ზემოთ დარჩენილი ტანისგან, მერე მომიყვანეს ჩემი ფართხალა, ვარდისფერი ქვირითი და დააძალეს ეწოვა ძუძუ, ეწოვა მკერდი, რომელსაც დროებით აღარ ჰქონდა სხეულის ნაწილი. ჩემს პატარა არ უწოვია ის ძუძუ, ალბათ სისხლის გემოს გრძნობდა და მაგიტო, თითქმის მშიერი იყო სამი დღე.

 

იმ დროს მე მივხვდი, რას გრძნობენ მორგში მიტოვებული, შიშველი მიცვალებულები, როცა უპერანგოდ და უტრუსიკოდ, მოწყვეტილი ფეხებით აწვენენ მაგიდაზე და სხვები, მწვანეხალათიანები მუშაობენ…თან ძალიან,ძალიან  კარგად მუშაობენ, კარგად ესმით თავიანთი საქმე, სულაც არაა რთული  გაფატრო თევზი და ამოაცალო მუცლიდან ქვირითი, ამას მეც მარტივად ვაკეთებ, ოღონდ ანესთეზიის გარეშე.

 

ვიწექი და ვუსმენდი ჩემი ტანის ხმას, რომელსაც ეჯაჯგურებოდნენ, თავიდან მეძიძგiლავებოდნენ, თითქოს ფეხებით სადღაც მექაჩებოდნენ, მე კი ვერსადაც ვერ მივდიოდი, რადგან დაბმული ვიყავი, წელმოწყვეტილი ვეგდე მაგიდაზე, ხელებში მილები შეერჭოთ და რაღაცით მჭყიპავდნენ. ისმოდა ჩემი კანის ხმა, მერე ვიგრძენი როგორ დაიწყეს კერვა, ცდილობდნენ კარგად ეკერათ, ჩემმა აყვანილმა ექიმმა მითხრა კოსმეტიკურად გაგიკეთებ ყველაფერსო და ალბათ მიხვდა, რომ დიდი პრეტენზიული ვინმე ვიქნებოდი, ვიგრძენი ბოლოს როგორ ამოამარყუჟა. ჩამაგვირისტა. მანამდე კი ნაფლეთებად ქცეული მეგონა ჩემი თავი.


მე ჩემი ქმარი მინდოდა, რომელსაც არ დაელოდნენ და ისე გამფატრეს. რათ გინდა, შენი ქმარიო, სანამ ის მოვა ქვირითიც დახვდება, ამოყვანილი და დაბანილიო. მე კიდე მეშინოდა, თუ გული ვერ გაუძლებდა ამ ყველაფერს, თუ ის იქვე იქნებოდა, უცებ გადამარჩენდა. ის კიდევ მანქანებით გადაჭედილი ქალაქის ქუჩებში იყო საცობში და ნერვიულობდა. ნეტავ რას ფიქრობდა? ნეტავ, როგორ ვუყვარდი?

 

მერე კი ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა ბეტადინის ხსნარით, ბინტით და ყოველდღიური პროცედურით, ყველასგან მალულად, ჩემი თავისგან მალულადაც კი, ინტუიციით ვისვამდი ხსნარს და ვიწებებდი ბინტს. არ მინდოდა ვინმეს ენახა, ჩემი მოწითალო ჭრილობა, მოქნილი სკალპერით შესრულებული მონახაზი.

 

ჭიპიდან 10 სანტიმეტრში , ჰორიზონტალურად წევს ჩემი 14 სანტმეტრიანი ჭრილობა, რომელიც შეხორცდა ყველასგან მალულად, ამ დილით აბაზანაში შესვლის წინ სპეციალურად გავზომე, ჩავკეტე კარი და დავრჩით მარტო მე და ჩემი ნაკერი, რომელიც მგონი ყველას უყვარდა, ჩემს გარდა.

Read Full Post »

რა უცნაურია, როგორ უნდება ადამიანს გამოეყოს საზოგადოებას, თან მაინც მასთან იყოს, ხან  თავისთვის ჩუმად პოსტოს, მერე ისევ მობეზრდეს მარტო ყოფნა გავიდეს ტრიბუნაზე და უამრავი ილაპარაკოს. ეს განცდა მაქვს, როცა ფეისბუქს ვთიშავ დ აქ შემოვდივარ, მარჯვენა კუთხეში გავიხედავ და ნაცრისფერი კვადრატი ისევ ნაცრისფერია, აი როცა კარგ პოსტებს ვწერ მაშინ წითლდება ხოლმე, მეც არაფერი მირჩევნია იმ რამდენიმე წამს, სანამ გავხსნი ამ წითელ კვადრატს და გადმოვყრი კომენტარებს. დიდიხანია ეს კუბიკი თავის ფერს ინარჩუნებს, როგორც ჩანს მეც ნაცრისფერი პოსტების წერას გადავყევი, როდის ვჭამე, როდის გავიღვიძე, რა ვიყიდე.

ძალიან მწყდება გული. მინდოდა მეწერა კარგად და არ გამომივიდა. არადა, ერთი ჩემი ძველი მეგობარი მეუბნებოდა, რომ ეს ძალიან კარგად გამომდის. უფროსწორედ, იმ სიხშირით არ გამომდის კარგად წერა რა სიხშირითაც წერის სურვილი მაქვს, ხანდახან წერის მიზანს ვერ ვხვდები, საკუთარი ჭიის გასახარად დაწერილი პოსტების მუღამს. რა აზრი აქვს? რა აზრი აქვს? სულ ამას ვეკითხები საკუთარ თავს და ნეგატიური პასუხის მიშვნელობას კარგად ვილაწუნებ სახეში.

არც არაფერი აზრი აქვს, უბრალოდ წერ, მერე მოვა ვინმე მავანი და წაგიკითხავს, ან შენ გადააწყდები გუგლში ჩხრეკვისას საკუთარ პოსტებს, გადახედავ, არ მოგეწონება ბევრი რამე, იტყვი ფუუ და ა.შ. არადა, ჯობდა რაღაც სერიოზული მომეფიქრებინა. იყო, ერთი შემოთავაზება, რომელიც რჩება ძალაში, უბრალოდ ეხლა მე ვარ ფრუსტრირებული და საკუთარ ძალებში გვარიანად დაეჭვებული. შევძლებ? ვერ შევძლებ? კითხვები, რომლებიც მიფორიაქებს ტვინს. რედაქტორებმა ისწავლეს პასუხის გაცემა, მართალია ზოგს ერთი წელი ჭირდება პასუხისთვის, მაგრამ არიან ოპერატიული რედაქტორებიც, რომლებიც უამრავი საქმის მიუხედავად მაინც გპასუხობენ, გწერენ წერილებს, გწერენ ძალიან ადამიანურად, შენც უხსნი, რომ საშინლად გრძნობ თავს, როცა გაქვს შეგრძნება, რომ თითქოს ვინმეს “აწვები”, ისინი კი გეუბნებიან, რომ ეს ასე არ არის და ა.შ

მე კიდე ვფიქრობ, რომ ზომაზე მეტი მძინავს, ზომაზე მეტს ვმცონარებ და საუკეთესო წუთებს “სქროლვაში” ვხარჯავ. როგორი, ჭკვიანი გოგოა სოფი, ადგა, გააუქმა ფეისბუქი, დაიკიდა ყველაფერი ფეხზე და არის მშვიდად თავის ბლოგზე. მე კიდე ათას რამეს ვარ გამოკიდებული, საბოლოოდ კი დრო მიაქვს ქარს.

ცოტა უნდა ვიძინო. ბევრი უნდა ვიფხიზლო. ბევრი უნდა ვიკითხო და ვისწვალო. და ძალიან ბევრი სიყვარული უნდა მივცე ანდრიას, უტას, ჩემს ოჯახის წევრებს. ნეტა ამ ყველაფერს თუ გავწვდები?

ძალიან ნაადრევად მომბეზრდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები და პოლიტიკით გადავსებული ჩვენი საურთიერთობო ველი. მომბეზრდა ტელევიზორთან მიჯაჭვული ადამიანები და სხვისი, ჩვენი იდეური და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაუსრულებელი ქილიკი. რაღაცნაირად, ერთიანად ამომივიდა ყველაფერი ყელში, რომელშიც მეც თავიან-ფეხიანად ვარ ჩართული.

ანდრია დღეს ხუთი თვის გახდა. ღამით 38-მდე მისცა სიცხემ, წუწკუნებდა და ვერაფრით იძინებდა, დილით კიდევ საშინლად მოღვენთილი იყო. მიყურებდა და არც მიღიმოდა. მაკვირდებოდა თავისი ჭკვიანი თვალებით.

რთული დღე იყო. არ ვიცოდი რა მექნა. წავიყვანე პედიატრთან, გამოუწერა ორი წამალი და გვირილის ნაყენი, ისე ავიბლარდნე ამ დანიშნულებაში, კარგა ხანს დავბორიალებდი ოთახიდან ოთახში, ხან მაცივარზე გავაკარი ეს დანიშნულება, მერე ისევ ჩამოვხსენი და როგორც, ძველი ხელნაწერის, ისე დავიწყე მისი შესწავლა, როგორც იქნა გავარკვიე რა-როგორ უნდა მექნა. მედიკამენტებთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება არ მაქვს, ამიტომ სულ ვნერვიულობ როცა ძალიან სწრაფად მელაპარაკებიან.

გუშინ, ერთი ნაცნობი მესტუმრა, ის კიდე ისე ჩუმად და ნელა ლაპარაკობდა, იმაზეც შევშფოთდი. რაღაცნაირად, დავკომპლექსდი, ვიჯექი და ვცდილობდი, როცა ლაპარაკობდა თვალი მომერიდებინა. ცუდად ვხდები, როცა რამენაირ სიყალბეში გამოვიჩენ ჩემს თავს. ამ დროს ყველანაირი გზა მოჭრილი გაქვს, თუ არ გინდა, რომ ფამილარულად დაკრა მხარზე ხელი და ძმაკუცურად რამე ამბავი მოაყოლო. მე ეს არ შემიძლია.ამიტომ, მგონია რომ ასეთ ხალხთან მხოლოდ ქუჩაში შეიძლება შეხვედრა, ისიც 2-3 წუთით.

პ.ს წავედი. მინდა ანდრიას ძილში, ტურაშვილის ძველი მოთხრობების წაკითხვა მოვასწრო. იმედია მალე გამოჯანმრთელდება და ისევ ძველებურად დაიწყებს ხითხითს.

თუ ვინმე ხართ აქ დამიკაკუნეთ. ^_^

Read Full Post »

ანდრია, როცა იძინებს მერე უკვე მშვიდად ვარ და ათას რამეზე ვფიქრობ, წიგნსაც ვკითხულობ და სხვადასხვა მონიშნულ სტატიებსაც, მანამდე კი ანდრიას მთელი დღე ვაბურთავებ, ხვალ უკვე ხუთი თვის ხდება და ჩემგან მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს. ძალიან საყვარელია. სულ იცინის თავისი უკბილო პირით, იშვიათად ძინავს და საყვარლად ღუღუნებს. გუშინ ღრძილების საღეჭები მოვუტანეთ, პირში ჩაიდებს და მერე სასაცილო ბგერებს გამოსცემს, თუ გაუცინებ გაგიცინებს, ამიტომ ვცდილობ როგორც კი შემხედავს გავუცინო და ისიც კარგ ხასიათზე დგება, არ მინდა ჩემნაირი უჟმური იყოს.

დღეს გადასარევი დღე იყო, შუადღით წვიმდა, აივანზე გაფენილი სარეცხი დაასველა, მაგრამ საშინლად დამეზარა სახლში შემოტანა, საერთოდ გაფენის მომენტი ყველაზე მეტად მეზარება, არც რამე საჭმელი არ გამიკეთებია, ყველაზე მეტად ეს მომენტი არ მიყვარს, საჭმელების კეთებისგან კი დავისვენე ეს ერთი კვირა რაც წასული ვიყავი. როგორც კი მივმყუდროვდი, ისევ ჩავუჯექი ფილმებს, ჯულიას და ჯულიას ვუყურე (მერამდენედ), ფილმის პარალელურად იმდენი ასოციაცია ამოიყარა, ერთ მომენტზეც კიდევაც ვიტირე, მერე ავდექი, თმების დავივარცხნე და ერთი ბღუჯა თმა ჩავყარე ნაგვის ყუთში.

გამახსენდა როგორ გავაკეთე ეს ბლოგი, რა სისულელეებს ვწერდი თავიდან, როგორ გაჩნდა ჯერ ერთი მკითხველი, შემდეგ ორი, ოცი, ასი, ორასი, სამასი, ოთხასი და ა.შ ძველი პოსტების გადახედვის სურვილი კი მაინც არ მიჩნდება, მაგრამ მახსოვს განცდა, რომ რასაც ვაკეთებდი გულწრფელი იყო.

დღეს სახლში ყოფნა მომბეზრდა, ძალიან მომბეზრდა. მერე გამახსენდა, რომ არსებობს მუსიკა, ზოგჯერ ძალიან უგემური მუსიკა, მაგრამ შეგიძლია ბევრი იხტუნო ასეთ მუსიკაზე. ანდრია მიყურებდა და მიცინოდა , როცა ვცეკვავდი, მერე მასთან ერთად ვიცეკვე,  მერე მარცხენა ფეხი ამტკივდა (ეხლაც მტკივა).

ძნელია რეჟიმი, თან ერთი და იგივე, სულ ერთი და იგივე, უსახური და მოსაწყენი რეჟიმი, უბრალოდ არ ვიცი, როგორ ვებრძოლო ასეთ რუტინას. მოვიწყინე. ამ პოსტს ფეისბუქზეც არ გადავიტან. ჯულია და ჯულიაშიც ეს ხდება. რეჟიმის, რუტინის, უსახურობის წინააღმდეგ ამხედრება, გაბრძოლება. მე არ ვიცი, რამდენად შევძლებ ამას. არ ვიცი რამდენად გამომივა.

Read Full Post »

დღეს, შარშანდელი შვებულების ფოტოები ამოვქექე ბლოგზე, ერთი კვირა ვიყავით მე და უტა ერთად, სულ სხვანაირად ვიყავით, კუდში ვიყავით ერთმანეთზე გამობული, შუადღით ნისლიან ტყეში ვსეირნობდით, ხშირად წვიმდა, თბილი ჟაკეტები არ მქონდა წაღებული, სულ სხვანაირ ამინდებს ველოდი, მერე დ.შ  ჩამოვიდა და თბილები ჩამომიტანა, დილით ვიჯექი ფერად გადასაფარებლიან ტახტზე აივანზე და ვტკბებოდი სინესტით.

ეხლა 17 გრადუსია. შიშველ ფეხებზე მცივა. ანდრია დავაძინე და მყუდროდ ვარ შემძვრალი ტელევიზორის ყუთში და ინტერნეტში. არ მინდა ჩემი თბილი, მანგოს წინდები ჩავიცვა, ვიცი მალე მომენატრება შიშველი ფეხებით ყოფნა. კისერზეც შემცივდა. გარეთ, სასტიკი ღრუბელია. მეზობელ კორპუსში ის გოგო მხოლოდ კარგ ამინდებში უკრავს ვიოლინოს, ისე ზუსტად არ ვიცი გოგოა თუ ბიჭი, მაგრამ მე მგონია გოგო იქნება. ძალიან სიმშვიდეა გარეთ. ამიტომ, მიყვარს შემოდგომა და ზამთარი, უცნაური სიჩუმდე დგება ყველგან. ბავშვები სახლში არიან შეკეტილნი და ოჯახის წევრებს ფეხებში ედებიან. ცხელი წვნიანების და სამზარეულოში ტრიალის ამინდია.  ლამაზი და სუფთა წინსაფრით. ბიულერბიული ბავშვები გამახსენა ამ ღრუბლიანმა დღემ, დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ცოტა ხნით ბავშვობაში, სადაც ყველა ცოცხალი იქნებოდა, დიდხანს ვიქნებოდი მამაჩემთან, მოვისმენდი რის დაწერას აპირებს და რაზე მუშაობს. წავყვებოდი სადმე მასალების მოსაძიებლად. იმდენ რამეს ვიზამდი. ეხლა ყველასი მშურს ვისაც მამა ჰყავს. ნამდვილ შურიანად ვიქეცი.

ასეთ დროს, სოფელში არაყს ხდიდნენ. ზუსტად ასეთ ამინდში, ღრუბელში, ნესტში და სიმშვიდეში. ფეხსაცმელზე ტალახები გეკრობა, ისეთი სინესტეა გგონია რამეს მიეწეპები, მაგრამ სანუგეშებელი ისაა, რომ სახლი გაქვს, რომლის რამდენიმე ოთახია გარემონტებული, დანარჩენებში მხოლოდ იატაკია დაგებული, ხოდა შეხვალ იმ დანარჩენებში, სადაც ასობით ერთნაირი წიგნი დევს, სადაც ცელოფნის პარკები გამოტენილია მამაშენის ლექსებით და ნამუშევრებით, სადაც შეგიძლია შეიტანო ლეიბი, დააგდო იატაკზე, წამოწვე მასზე და უყურო ჭერს, შეგიძლია მოწიო კიდევაც და პირდაპირ ფანჯრიდან მოისროლო ნამწვი. ქვემოთ ჩააგდო ბოსტნის მხარეს, სადაც შეგიძლია მზიან ამინდში დაჯდე თბილ მიწაზე და უბრალოდ ჭამო კამა, რომელსაც აქვს წამლის გემო, მაგრამ რატომღაც შენი საყვარელი მწვანილია.

ჰო, კიდე კარალიოკის ყვითელი ფოთლებით არის დაფარული მიწა და ის ადგილი, სადაც ალბათ კიდევ დგას დაბალი გრძელი სკამი, რომელიც შეიძლება ხავსმა დაფარა უადამიანობის გამო, რადგან არავინ ჯდება მასზე. ეს ლოდინის სკამია, საიდანაც ჩანს ჰორიზონტი, იქედან კი საყვარელი ადამიანების დანახვა შეგვიძლია, მაშინ როცა ავტობუსები მოდის ხოლმე, ცხრა საათზე, სამ საათზე და რვა საათზე.

თუ მოვახერხე ფერად პლედებს ვიყიდი სადმე, მსუბუქებს და თბილებს, მერე აუცილებლად დავაძალებ ერთ ადამიანს, ჩემთან ერთად წამოვიდეს სადმე, თუ გინდა ბოტანიკური ბაღი იყოს, დავჯდებით ერთად და ვიქნებით სიჩუმეში, იმდენი ხანია ერთად სიჩუმეში არ ვყოფილვართ.

მანამდე, რამდენიმე საჭირო ნივთი მაქვს საყიდი.

1) თერმოსი.

2) პლედი.

3) ბოტები.

4) მწვანე საწვიმარი.

5) ლეპტოპის ჩასადები ჩანთა.

6) ზურგჩანთა

 

Read Full Post »

მე გამიმართლა, ჩემი დედამთილი წიგნებს კითხულობს, ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

ამ ბლოგში ცოტა რამ მინდა დავწერო ურთიერთობებზე, ჯერ თამარ დეიდაზე, მის თეატრზე, სადაც ის დგამდა ისეთ თოჯინურ სპექტაკლებს, როგორიცაა: ,,გოგონა და ბატისჭუკი“, ,,გოგონა და უმადური ვეფხვი“, ,,ბიძია ზღარბი“, ,,კატების წისქვილი“ და სხვა. ერთხელ მეც მოვხვდი მის რომელიღაც სპექტაკლზე და მახსოვს, როგორ გააცოცხლა მისმა პატარა თეატრმა ჩემთვის მაშინდელი აუტანლად პირქუში გარემო, არადა მაშინ მხოლოდ მეჩვენებოდა პირქუშად- ტყეში ჩადგმული პატარა დაბა…
ოთახში შესულს, პირველი რეაქცია ისეთი მქონდა, თითქოს სულ სხვა სამყაროში მოვხვდი, სადაც ბევრი კარგი რამ მელოდა… ფორთოხლისფერ ფარდის მიღმა კი მისი შეკერილი თოჯინები, თავიანთ გამოსვლას ელოდნენ, ოთახში სიჩუმე იდგა, მგონი წითელქუდას დგამდნენ იმ დღეს, მგლის როლი ლაზარეს უნდა შეესრულებინა, მეოთხე შვილს. სპექტაკლისთვის თოჯინებს თავად კერავდა და რატომღაც, ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ ყველა თოჯინა უმცროს შვილს ილიას ემსგავსებოდა…. შემდეგ, ეს სახლში მოქმედი თოჯინების თეატრი სკოლაში გადაიტანა და იქ ერთ ოთახში ტარდებოდა სპექტაკლები და რეპეტიციები, სადაც უკვე თამარის შვილებს გარდა სხვა მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას. ბედიანის სკოლაში ქართველ მოსწავლეებთან ერთად, ბერძენი, რუსი და სომეხი ბავშვებიც სწავლობდნენ, თამარ დეიდამ მოახერხა და ისინიც ჩართო თავის სპექტაკლებში. შემდეგ, კი სკოლის დირექტორმა, რომელმაც ჩათვალა, რომ თეატრის რამდენიმე გასტროლი ძეგვის და წყნეთის ბავშვთა სახლებში “ფინანსური სარგებელის მომტანი” იყო, ასეთი რამ უთხრა: ხომ, იცი თამარ, ერთი თეთრიც ფულია, სკოლას ფული უნდა გადაუხადო… ამის შემდეგ უკვე მუშაობის გაგრძელებაზე ლაპარაკიცზედმეტი იყო და კიდეც გაჩერდნენ. ახლა ამბობს რომ ენატრება ეს თეატრი, სადაც ძაფით ამოჰყავდა და ჩაჰყავდა მზე, მთვარე და ვარსკვლავები, სადაც ოჩოპინტრეს როლს თავად ასრულებდა და ვერასდროს გამოდიოდა ცარიელ ოთახში, იქ ყოველთვის უნდა ყოფილიყვნენ ბავშვები, პატარა მაყურებლები, რომ მათთვის იმპროვიზებულად გაჩენილიყო მთხრობელის სათქმელი.

ფორთოხლისფერ ფარდიან თეატრს მაყურებელი არ აკლდა, ამიტომ თეატრის დირექტორმა, იმავდროულად დასის ხელმძღვანელმა და მსახიობმა თამარ დეიდამ სიმბოლური ფასი დააწესა სპექტაკლის სანახავად მოსული მაყურებლისთვის. ეზოში შემოსული ადამიანები ხურჯინში თითო კაკალს, ბღუჯა-ბღუჯა კამფეტებს ან სხვა რამეს ყრიდნენ.

დღეს ჩვენ ერთმანეთს ვუცვლით წიგნებს. მე რომ წავიკითხავ, მას ვუგზავნი. ის რომ წაიკითხავს_ მე. თამარ დეიდა წიგნებს ძირითადად გზაში კითხულობს, მეტროში, ავტობუსში, როცა ხან ერთი შვილის სანახავად მიდის, ხან მეორის, მესამის, მეოთხის, მეხუთის, მეექვსის, მეშვიდის. არ შეშინდეთ, როგორც ამბობს, შვილები სხვის იმედად არ გაუჩენია . არ გაუჩენია გარანტიების ხარჯზე, აი ასეთი ოცნებების ხარჯზე, როგორიც მე მაქვს: თუ მექნება დიდი სახლი აუზით, სტაბილური შემოსავალი და სხვა გარანტიები, მაშინ მეც გავაჩენ ბევრ შვილს…თამარ დეიდა მიდის თავის შვილებთან და დარწმუნებული ვარ, ისევე მიაქვს მათთან ნუგეში, სიმშვიდე, სიმყარე და სითბო, როგორსაც მე ვგრძნობ მასთან შეხვედრისას.

თავდაპირველად, მან გამაცნო მარი მეტრაია, ქალი შვეიცარიის ერთ-ერთი მთიანი სოფლიდან. უფრო სწორად მთლიანად დაშლილი წიგნიდან, გაცრეცილი, უამრავ ადამიანის ხელში მოხვედრილი, ცოტა გაჭუჭყიანებულიც, ძირითადად ქალების მიერ წაკითხული წიგნი. კაცები მგონი ასეთ წიგნებს არ უნდა კითხულობდნენ…წიგნი სულ სულ ფურცელ-ფურცელ იყო დაშლილი, მაგრამ არცერთი გვერდი არ იყო ამ წიგნში დაკარგული. როცა, მასზე – მარი მეტრაიაზე საუბრობს, აშკარად ჩანს, როგორ ემსგავსება სიძლიერით, გაბედულებით, გადაწყვეტილებების მიღებისას ევოლენის ყველაზე გაბედულ ქალს, რომელზეც სოფლის კაცები ასე ხუმრობდნენ : “ევოლენში ერთი კაცია და ისიც ქალი” . ემსგავსება რა, თვითონაც ასეთი იყო და ახლა მისნაირი იპოვა, შორეულ შვეიცარიაში, ქალი რომელიც დამყაყებულ ტრადიციებზე მაღლა დადგა და თავისი შესაძლებლობების რეალიზება შეძლო.

მოკლედ,  ჩემს შვილს ეყოლება ბებია, რომელიც თავის მეხსიერების ხურჯინიდან ამოულაგებს სხვადასხვა ფერის ამბებს, გახდის ფეხზე და ფეხშიშველი გაატარებს მინდორზე, აჩვენებს ყვავილებს, მოასმენინებს ჩიტების ჭიკჭიკს, დაელაპარაკება სიკეთეზე და ბოროტებაზე, ამ ყბადაღებულ თემებზე…

მანამდე, კი ჩემი ვერცხლისფერი ლეპტოპის გვერდით, მოკრძალებით დევს იანუშ კორჩაკის წიგნი :”როგორ უნდა ბავშვის სიყვარული” ასეთი სასაჩუქრე წარწერით : “ჩემი შვილის ლამაზს და ჭკვიანს, უტას მეუღლეს, მომავალ ბედნიერ დედას…თამარ დეიდასგან (ტრადიციულად დედამთილისგან)” და ა.შ წიგნი, რომელიც ორსულობაში არ წავიკითხე და ახლა კი ყველა სიტყვას ვისრუტავ. რადგან, იანუშ კორჩაკი, ყველაზე კეთილი პედაგოგი მსოფლიოში ჩემი გარგარის კურკისხელა შვილის შესახებაც წერს და ყველა სიტყვა ისეთი ძვირფასია ჩემთვის, როგორც “გარგარის კურკასავით პაწაწინა გულისცემა ექოა შენი მაჯისცემის… ”.

ამჯერად, აქ დავამთავრებ.

Read Full Post »

ეს დღეები, სულ ჩემს სახლზე ვფიქრობ, რომელიც იმედია ოდესმე გვექნება, ჩვენი საკუთარი და  არა სხვისი ვინმესი, არამედ ჩვენი, ჩემი, უტასი და ანდრიასი,იქნება ნათელი ოთახები, მზიანი,  სადაც ჩვენ თვითონ დავკიდებთ ფარდებს, ჩვენი გემოვნებით ვიყიდით ავეჯს, ელექტრო ტექნიკას, რბილ და ღუნღულა პუფებს, მოსახერხებელ სავარძლებს, სხვადასხვა ტონებში შევღებავ კედლებს, გავაკრავ ლამაზ შპალერს, სადაც ჩვენი იქნება ყველაფერი და სტუმრებიც მაშინ მოვლენ, როცა ჩვენ დავპატიჟებთ, მე არ მიყვარს ვინმესთან დაუკითხავად წასვლა, ხოდა ვინც მოვა ჩვენთან იმათთვის განსაკუთრებულად მოვემზადები, კარგი ყავა მექნება და კარგი ჩაი, გემრიელ ნამცხვრებს ვიყიდი ხოლმე და საერთოდაც, ყველაზე მეტად საკუთრების შეგრძენა მამშვიდებს.

ოქტომბრის დასაწყისი დღეებია, მგონია, რომ ნამდვილი შემოდგომა ეხლა იწყება, არეული ამინდებით და მონაცრისფრო დღეებით. ფანჯრიდან მოხალული მზესუმზირის სუნი შემოდის, რა ჭკვიანია ის ვიღაც, რომელმაც იცის რაში უნდა გამოიყენოს ასეთი მოქუფრული ამინდი. დიდი რამე თუ მთელი დღე  არაფერსაც არ გააკეთებ და მზესუმზირის კნაწაკნუწში გაიყვან საათებს. ანდრიას დაეძინა, ძალიან ვერიდები, რომ ჩემი ვირუსები მასაც არ გადავდო, მაგრამ ისიც ძალიან მიჭირს, რომ ყელში არ ჩავკოცნო და ცოტათი არ შემომეჭამოს. იცით როგორია? სულ იცინის, მთავარია სულ ცოტათი გაუღიმო, ეგრევე გაგიცინებს და თავს ბედნიერად იგრძნობ. უტამ თქვა ეხლა  ვხვდები  მშობლები, რატომ მიდიან ყველაფერზე შვილების გამოო. როგორც, ყველა დედას მეც ზუსტად ისეთივე ჭკვიანი და ლამაზი მგონია ჩემი შვილი, ხოდა მაგიტომ ხშირად ვეუბნები, რომ ის არის ერთადერთი ლამაზი და ჭკვიანი ჩემთვის. ის კიდე მიღიმის და თავის უკბილო პირს ფართოდ აღებს და თვალები უბრწყინდება. ყველაზე მეტად მაშინ ერთობა თუ ცოტა უხეშად დავუწყებ ჯანჯღარს და ფეხებით გავწელავ აქეთ-იქეთ. მაშინ განსაკუთრებულად ბედნიერია და სულ ხითხითებს. ერთი კვირაა, რაც “აღუებს” მორჩა და მანამდე “ეღუებსაც” იძახდა, ეხლა დილით, როცა დანაყრებული თავისთვის წევს საკუთარ თავს ელაპარაკება. ეჟღურტულება.

მე კიდე, ბღუჯა-ბღუჯა მცვივა თმები და გამომიშრა სახის კანი. არადა ანდრია, რომ გაჩნდა ის ერთი თვე სახის კანი იდეალურად მქონდა, ბუნებრივად დანოტივებული და პრიალა.

ისეთი ამინდია, ავდგებოდი ჩემს პლაშს მოვიხურავდი და ფოტოების გადასაგებად წავიდოდი, სადაც არავინ შემხვდებოდა ნაცნობი და ნათესავი, ჩემთვის ვივლიდი მშვიდად და დავლევდი გემრიელ ყავას. რა სამწუხაროა, რომ თერმოსი გამიფუჭდა.

Read Full Post »

%d bloggers like this: