Feeds:
Posts
Comments

Archive for December, 2012

დამავიწყდა, როგორი იყო ყველა ის დღე, რომელიც გავიდა. შეიძლება, იმდენად მოსაწყენი იყო, მაგიტომაც ვეღარ ვიხსენებ, უფროსწორად ყველაფერი გადაღლილობის ამბავია, უძილობის, რომელიც ვერა და ვერ მოვაგვარე. რა თქმა უნდა ყველაფერში დამნაშავე ანდრიაა, რომელიც ძილშიც კი არ ჩერდება, აუცილებლად უნდა ჩამბღუჯოს, ან ლოყაზე ჩამავლოს ხელი, თმებში მწვდეს და ასე ჩაბღუჯულმა დაიძინოს.

მას უკვე აქვს წითელი მანეჟი, რომელიც მხოლოდ ჩვენი წითელი დროებითი ოთახის მხოლოდ დეკორატიული ნივთია და პრაქტიკულად არ გამოიყენება, მასში მხოლოდ ანდრიას რბილი და ფუმფულა სათამაშოებია ჩაყრილი, ისევე როგორც მის საწოლში მისი ტანსაცმელები და პლედები.

430940_539962569349645_431886642_n

მე მისი სათამაშო ვარ, ყველაზე გაქუცული სათამაშო მის ფუმფულა სათამაშოებს შორის, მაგრამ მას ყველა სათამაშოზე მეტად ვუყვარვარ.  ანდრია ჭკვიანი ბიჭია, ვერც დედის მაისურ გადაცმულ ზებრით მოატყუებ ძილის დროს, იგი მას გვერდზე მოისვრის, იმიტომ რომ ყველაზე კარგი ყნოსვა აქვს დედამიწის ზურგზე.

532506_543145092364726_1643410432_n

ხანდახან, როცა ნაბანავებია და კარგ ხასიათზეა, შეუძლია რამდენიმე წუთით იჯდეს თავისთვის მშვიდად მანეჟში და უყუროს ჯუნგლების ფერად ბინადრებს. სამაგიეროდ, მისი დედა ზის და უყურებს წიგნებს სევდიანად, რომელთა წაკითხვასაც ვეღარ ახერხებს.

image_1356513699759605

მგონი ეს დეკემბრის ბოლო პოსტია. გილოცავთ ახალ წელს და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ ჩემს მკითხველებს:*

Read Full Post »

დეკემბრის დადგომა ვორდპრესის თოვლმა მამცნო. შემოვიხედე და მარჯვნიდან უბერავდა დიგიტალური ნამქერი. უცნაურად სიმშვიდე ვიგრძენი და ყველა შფოთი, სადღაც გაქრა. ძალიან მინდა მოთოვს, თოვლი ზღვაზე მეტად მამშვიდებს, შემიძლია საათობით ვიდგე და ვუყურო როგორ, თოვს, ოღონდ ნამდვილად უნდა თოვდეს.

ნოემბერი თვალსადახელშუა გაქრა. ერთი პოსტის დაწერაც კი ვერ მოვასწარი. სულ მეძინებოდა და სულ ძილის ნაკლებობის გამო ვიყავი გაღიზიანებული. ეხლაც ესე ვარ, მაგრამ იმედით ვარ, რომ ცოტა ხნით სადმე წავალ დასასვენებლად, ან რომელიმე კეთილი სულიერი მოიფიქრებს და ორი დღით მაინც დამასვენებს.

ეს დღეები ვზივარ და როცა რამდენიმე თავისუფალი წუთი ხელში ჩამივარდება, ვცდილობ ცოტა ვიკითხო, ძირითადად სულ საქმეა, საქმესთან ერთად ანდრია ხელში, რომელიც არ ვიცი ვინ მიაჩვია ხელში პორწიალს, სულ ჩემთან უნდა ყოფნა, როგორც კი დამინახავს გააღებს თავის ლამაზ პირს და მიცინის, გაღვიძებისას კი სულ ვცდილობ მარტო არ იყოს და როგორც კი გაიღვიძებს გავუღიმო და მარტოობის არ შეეშინდეს.

ხანდახან მგონია, ალბათ ჩემი კარ-ჩაკეტილობის გამო, რომ გარეთ ცხოვრება გაჩერდა, ადამიანები გაჩერებებზე აღარ ელოდებიან ტრანსპორტს, მაღაზიები დაიხურა, ყველა სახლში გამოიკეტა, არავის არსად აგვიანდება. მერე გადავხსნი ფარდებს და თურმე, ყველაფერი ისევ ძველებურადაა, ცხოვრება გრძელდება, უბრალოდ მე ვზივარ ჭურში და თვალები მტკივა სიბნელისგან.

ანდრიას მოვლა საოცრად სასიამოვნოა. რა თქმა უნდა საშინლად ვიღლები, მაგრამ მთელი დღეების განმავლობაში არ მტოვებს კმაყოფილების შეგრძნება, რომ მე და ის ერთად ვართ, ხანდახან ერთადაც ვიძინებთ შუადღით, როცა ვუყურებ როგორ ფრთხილად ირხევა მისი სუნთქვისგან ცისფერი პლედი. მისი არსებობის უკვე მეშვიდე თვე დაიწყო და როცა, პირველად გავასინჯეთ წიწიბურას ფაფა და მანაც, ალბათ ინტერესის გამო უფრო, მთელი ფაფა შესანსლა, სიხარულისგან ფეხები ამიკანკალდა, მეგონა ხელიდან გამივარდებოდა ტელეფონი, რომლითაც ვიდეოს ვიღებდი.

პედიატრები , საერთოდ დიდ თავის ტკივილად მექცა. ზოგი რას გვირჩევს და ზოგი რას. ხან ვისთან მივდივართ და ხან ვისთან, რთული ყოფილა ეს ეტაპი, დამატებით კვებაზე გადასვლის. ვერაფრით ვერ დავარეგულირე კვების რეჟიმი, ხან ჭამს, ხან საერთოდ არ ჭამს, ძირითადად ცოტას ჭამს ხოლმე, ეს გემოგამოცლილი ფაფები ნამდვილად არ აინტერესებს. მოკლედ, დიდ გასაჭირში ვარ. მთელი ღამეები ჩემზეა ჩამოკიდებული და ლიმონივით გამომწურა.

სულმოუთქმლად ვწერ, მინდა მთელი ნომებრის ამბები აქ ჩავატიო, მაგრამ ასე არ ივარგებს. დეკემბერში იმედი მაქვს, აუცილებლად გამოვნახავ დროს შუადღით, როცა ანდრია დაიძინებს და მეც ჩემს ამბებს აუღელვებლად და მშვიდად მოგიყვებით.

პ.ს მშვიდობიან დეკემბრის დღეებს გისურვებთ. ^^

Read Full Post »

%d bloggers like this: