Feeds:
Posts
Comments

Archive for January, 2013

538653_550410704971498_1489106066_n

გუშინ წავედით სადღაც, მერე მოვხვდით ლესელიძეზე და დავლიე ცხელი ლატე, საშინელ ფინჯანში.

ყავა კარგი იყო, მაგრამ ჭიქა იყო საშინელი. მაღალი და აწოწილი. შუშის.

ყავის გემოც დავკარგე.

ის თავისუფალი ერთი საათი, რომელიც ძვლივს მოვპარე ანდრიას.

ცხელი ლატე უნდა მოჰქონდეთ მრგვალმუცლიანი, თეთრი  ფინჯნებით.

ასე უფრო სასიამოვნოა ის ცოტა დრო.

ერთი სიტყვით, მე არ ვარ პრეტენზიული, მე უბრალოდ თეთრ ფინჯანში მიყვარს ცხელი ყავა.

Advertisements

Read Full Post »

შობის ღამე დგება. მე უკვე ავანთე ნამდვილი, თაფლის კელაპტარი ფანჯარასთან და შობის შემობრძანებას ველოდები. ირგვლივ სიჩუმეა და სითბო, მხოლოდ ნაძვის ხის ნათურები ბრწყინავენ.

აივანზე გავედი და სარეცხი ჩამოვხსენი. ყველა შელაგებულია თავის სახლებში. გარეთაც მყუდროებაა, ეხლა რომ მოთოვდეს, იმხელა მყუდროებას მოიტანდა ორ თვეს მაინც მეყოფოდა, მერე ისევ რამეს ვიზამდი, ან რამე მოხდებოდა. ახალი წლის დილასაც ისეთი სიწყნარე იდგა, ხალხს ეძინა, აღარ შფოთავდნენ, აღარ ჩხუბობდნენ, აღარც ორი კილო კარტოფილისთვის და სხვა ბოსტნეულისთვის ჩარბოდნენ კორპუსების წინ შემოკედლებულ  ბაზრობებზე, ყველაფერი მომარაგებული ჰქონდათ. .

უტამ დღეს პირველად წაიყვანა ანდრია ჩემს გარეშე სახლისგან მოშორებით, ჩაისვა კენგურუში და დიდხანს ატარა ეს პატარა თოვლის გუნდა ჰაერზე. მერე მოვიდნენ ორივე გაყინული ლოყებით და მოიტანეს პროდუქტები საშობაო სუფრისთვის.

დღეს უკვე მგონია, რომ აწი უფრო შემიყვარდება დღესასწაულები, მასთან დაკავშირებული გასტრონომიული ამბები, სამზარეულოში ფუსფუსი, საცხობში თავით შერგული დედალი, სრული იმპროვიზაციით მომზადებული გარნირი ქათმისთვის, საკმაზებიანი არაჟნით გულამოვსებული ეს საწყალი ფრინველი, ალბათ ნამცხვრებსაც გამოვაცხობ, დარწმუნებული ვარ კარგი გამომივა…

ანდრიამ, როგორც იქნა დაიძინა. პატარა მოუსვენარი გოჭივით დახოხავს ყველგან, უნდა დაითრიოს ყველაფერი რასაც კი დაინახავს და რაც მთავარია მუდმივად უცინის და უნათებს უკბილო პირი. ანდრიას ძილის დროს ვცდილობ დავისვენო, მაგრამ იმდენი საქმეა დასვენებას მაინც ვერ ვახერხებ, ამ საღამოს შემთხვევაა მხოლოდ გამონაკლისი. დღისით ყველაფერი მოვასწარი, სახლის დალაგება, ოლივიეს მომზადება, რამდენიმე წუთში ქათამი უკეთესად შეიბრაწება და საცხობიც შეწყვიტავს წიკწიკს. უტა ალბათ გვიან მოვა, მე რა თქმა უნდა ვერაფრით ვერ დავიძინებ მის მოსვლამდე და მერე ისევ ჩვეულებრივად გაგრძელდება ყველაფერი.

გილოცავთ შობას. მინდოდა ცოტა ბებიაჩემზეც დამეწერა, მისი და მამაჩემის სახეები ასეთ დღეებში არ ტოვებს ჩემს გონებას. ბებიას დამჭკნარი , მაგრამ მაინც ძლიერი და ბუთქუნა ხელები. დღეს ზუსტად, ისე გავასუფთავე ქათამი, როგორც ის აკეთებდა. თეფშზე დავასხი სპირტი, ჩავაგდე ბამბის ქულა და მერე ცეცხლი მოვუკიდე და ასე შევტრუსე ქათმის კვირტები, მერე კი ჭადის ფქვილით კარგად გავასუფთავე გარედან.

გილოცავთ .

Read Full Post »

ვიღაცამ, უნდა ითაოს ეს საქმე, ვიღაცამ უნდა დაწეროს შემდეგ რა მოხდება, როცა ჩვენ ბავშვებს არც დაბლენდერებული ხორცის და კარტოფილის პიურე აღარ დასჭირდებათ, არც საცვლების გამოცვლა, არც ძილის წინ თავზე ხელის გადასმა მონოტონურად, არც დათუნიად გადაქცეულ დედასთან ჩაძინება, არც საყვარელი სათამაშოს მონატრება შეაწუხებთ, ღამით ჭამასაც გადაეჩვევიან, დიდები გახდებიან და ყველაფერი თავად ეცოდინებათ, ყველაფერს თავად მოახერხებენ, უბრალოდ ჩვენი საჭიროება აღარ იქნება დღის წესრიგში, ხომ არ მოვაბეზრებთ თავს? ხშირად დავურეკავთ თუ არა? თავიდან, ხომ არ აირიდებენ მშობლებთან შეხვედრას, სხვა მნიშვნელოვანი საქმეების მოშველიებით. ვინ გვეყოლება ჩვენ? იმიტომ ხომ არ გავაჩენთ დაუსრულებლად ბავშვებს, რომ მასზე ვიმზრუნველოთ, მას ვჭირდებოდეთ. ნეტა ბავშვებს ჩვენ ვჭირდებით თუ პირიქითაა, ჩვენ გვჭირდებიან ისინი, ერთფეროვანი დღეების გამოსასწორებლად.

მართლა, მინდა ვინმემ მითხრას, ამ საქმეში გამოცდილმა დედამ, მერე რა ცხოვრება იწყება, თორემ სადაცაა ყელში და ყურებში გაჩხერილი რაღაც დამახრჩობს. როგორ, უცნაურადაც აწვება ჩემს თვალებს ცრემლები, ისე უცნაურად აწვება ყურებს რაღაც სიმძიმის ძალა, თითქოს სადაცაა გამოხეთქავს. თქვენი არ ვიცი და მე ყურებითაც ვნერვიულობ, მერე მგონია რომ დავყრუვდები და სმენას ვამოწმებ, ხომ ნამდვილად მესმის თქო.

უეცრად ავღელდი. მაპატიეთ.

Read Full Post »

%d bloggers like this: