Feeds:
Posts
Comments

Archive for May, 2013

ხანდახან მინდა ჯანიანი ქალი ვიყო, სქელი ფეხები და სქელი მკლავები მქონდეს, მიწაზე მყარად ვიდგე და იშიათად ვიღლებოდე, დილით ადრე ვდგებოდე და ღამითაც გვიან ვიძინებდე, ყველაფერს ვასწრებდე, წუწუნის და საკუთარი თავის შებრალების გარეშე ვაკეთებედე საუზმეს, სადილს, ვახშამს, ვრეცხავდე ფარდებს, ჭურჭელს, თეთრეულს, ვაუთოვებდე და ვატკიცინებდე ქმრის და ბავშვის ტანსაცმელს, ფანჯრის მინებს და სარკეებს ვაკრიალებდე, ფრჩხილების გაკეთებასაც ვახერხებდე, “თავის ფორმაში მოყვანას”, დიეტას ვიწყებდე ყოველ ორშაბათიდან, საღამოს ქმარს ბედნიერი, გაღიმებული და მხიარული ვხვდებოდე, არც ვწუწუნებდე, ყველაფერი “აჟურში” მქონდეს (როგორც, იტყვიან სხვა ქალებზე).

მერე ვფიქრობ ნამდვილად არსებობენ თუ არა ასეთი ქალები და ეჭვი მეპარება იმაში, რომ ამას შევძლებ. არა, ნამდვილად ვერ შევძლებ, ასე მგონია გადავგგვარდები და ქალის გარდა ყველაფერი ვიქნები. ჩემზე სიცოცხლისუნარიანი ჯირკიც კი იქნება.

სინამდვილეში კი მთელი დღე ვწუწუნებ, დილიდან როცა ანდრია თავზე გადაგვაბობღდება, მუცელზე დამადებს თავს, მერე მხარზე, მერე გულზე, რა თქმა უნდა ამ დროს ვნატრობ ცოტა ხნით ვინმე აიყვანდეს ხელში და მე დილის ძილით გამოვიძინებდე, ღამითაც ვწუწუნებ, მთელი ღამე ვოხრავ, როცა მას ხან ერთი მხრიდან მივუწვები ძუძუს საჭმელად და ხან მეორე მხრიდან. მერე მთელი დღე ვწუწუნებ და ვიძახი, რომ მეტი აღარ შემიძლია, რომ დავიღალე, რომ სადაცაა გავაფრენ, რომ ქალების არავის არ ესმის, რომ დედობა გმირობაა, ყველა ქალი გმირია, ვისაც კი ერთი შვილი გაუზრდია.

ნუთუ შეიძლება უწყინარი წუწუნის გამო გადამიყვაროს მან ვისაც ვუყვარვარ, გადამიყვაროს იმის გამო, რომ დილით ნაცემი ძაღლივით მიკანკალებს ფეხები დაღლილობისგან, გადამიყვაროს იმის გამო, რომ სახლში მოსულს, დაღლილს, არანორმირებული შრომისგან თვალებ დაწითლებულს მე კერძი ვერ დავახვედრე, რომ გემრიელად ევახშმა და მერე ტკბილად დაგვეძინა ჩვენ სამს დილამდე. არა მგონია. ამიტომაც, მიუხედავად ყველაფრისა , მიუხედავად უსასტიკესი დაღლილობის შეგრძნებისა, მე მაინც ვასწრებ დილიდან ბავშვის საჭმელების მომზადებას, სახლის დალაგებას, თეთრეულის დარეცხვას, კერძების მომზადებას, ეზოში გასეირნებას და ბავშვთან ერთად თამაშს, უბრალოდ მის გვერდით ყოფნას და როცა რამე მხიარულ ტელეგადაცემაზე ვიცინი და ანდრიაც ხმამაღლა ხითხითებს ჩემს გვერდით, ვგრძნობ როგორი გადამდებია ჩვენი სიყვარული.

მერე, რა რომ სქელი და ჯანღონიანი ქალი არა ვარ, სულ ვწუწუნებ და დაღლილობისგან ხშირად ფეხები მეკვეთება, მერე რა რომ ქმართან გენდერის და ოჯახური საქმეების გადანაწილებაზე ხშირად ვლაპარაკობ, მაგრამ არაფერი მირჩევნია მისი მაისურების დაუთოებას, მისთვის გემრიელი კერძის მომზადებას, არაფერი მირჩევნია ჩვენ სამზე ფიქრს და დამქანცველი დღის ბოლო აკორდს, დაღლილი  ფეხების 5 წუთიან მასაჟს.

ხანდახან, არაფერი მირჩევნია, ვინმესთვის უბრალო, მაგრამ რეალურად კი ძალიან საჭირო პატარ-პატარა თავგანწირვებს.

ეჭვი არ მეპარება, რომ სიხარული, რომელიც არსებობს ბუნებაში, რომელსაც ხანდახან გადაღლილობის და უძილობის გამო ვერ ვამჩნევთ, თავის პატრონს აუცილებლად იპოვნის და დაგვიბრუნდება.

Advertisements

Read Full Post »

ამბავი 1.  ერთადერთი ქალი, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ ვუწევ, რომ ქალის ერთადერთი ფუნქცია , მხოლოდ შვილიერება არ არის ბებიაჩემია.  მან ცხრა შვილი გააჩინა, ისე  რომ,  არავის არაფერი დაუძალებია, უნდოდა და აჩენდა, შვილიერება აბედნიერებდა, არც ქმარს და არც ნათესავებს დაუძალებია, შვილები გამიმრავლეო, ხანდახან მეზობლებსაც უმალავდა მუცელს. დასცინოდნენ. თუ ცხოვრების უმთავრესი მიზანი ბედნიერების მოპოვებაა, მან ეს შეძლო. ყოველშემთხვევაში ის ასე ამბობს და მე არ მაქვს არანაირი უფლება, მისი  განცდები გადავამოწმო და გონივრული ეჭვი შევიტანო მის სისწორეში.

მეორე ამბავი – ჩემია. ადრეც ვწერდი ამაზე. გინეკოლოგთან მისული, როგორ გამოვიქეცი უკან. საქმე რაში იყო? დაქორწინებიდან ერთი წელი ბავშის გაჩენისგან თავს ვიკავებდი, მიზეზი ის იყო რომ,   მუშაობას ვაპირებდი, თან  სანამ ბავშვზე ვიფიქრებდი მანამდე მინდოდა ყველაფერი გამომეკვლია და მომზადებული ვყოფილიყავი რეპროდუქციისთვის. ეს სიტუაცია ავუხსენი ექიმ  თ-ს, რომელმაც ჯერ  სასტიკი საყვედურებით ამავსო, შემახსენა რა ჩემი ვალი ოჯახის წინაშე, ქმრის, დედამთილის და მამათილის, სრულიად ქართველი ერის წინაშე, რომ მე ვალდებული ვარ, ოჯახს გავუჩინო შვილიშვილი, რომ ქალის მოვალეობაც ეს არის და ბოლოს მკითხა თუ რას  ამბობდა ამაზე ჩემი მოძღვარი, დატუქსული და “შერცხვენილი” გამოვედი მისი კაბინეტიდან და რა თქმა უნდა მას შემდეგ მასთან აღარ მივსულვარ.

ჩემი ექიმის საქციელი ცხადად აჩვენებს, თუ როგორ რეაგირებს ქალის უფლებაზე საზოგადოების ერთ- ერთი  წარმომადგენელი, რომელიც ამასთან ერთად ექიმია და არანაირად არ აქვს უფლება მორალისტური დირექტივებით აავსოს პაციენტი, გაკიცხოს მისი საქციელი და ა.შ. ამასთან ერთად, როგორც ქალს სულ ცოტათი მაინც მართებს ოდნავ სოლიდარულობა გამოიჩინოს მეორე ქალის მიმართ.

ჩემი პირადი მაგალითიდან და სხვადასხვა ემპირიული დაკვირვებებიდან გამომდინარე  ცხადია , რომ ქალის არჩევანში, მის უფლებებში არა მარტო ოჯახის წევრები, მეზობლები და ნათესავები ერევიან უხეშად, არამედ მკურნალ ექიმსაც შეუძლია მორალური დირექტივების მოცემა და დატუქსვა. ზოგადად, საზოგადოებრივი აზრს საკმაოდ ძლიერი მარწუხები აქვს და ძლიერი უნდა იყო, რომ მას გაუძლო.

ერთ კვირაზე მეტია, აქტუალური გახდა აბორტების თემა, როგორც მოწინაღმდეგეებში და ასევე აკრძალვის მომხრეებს შორის ცხარე კამათი მიმდინარეობს ამ თემაზე, დისკუსიაში თანაბრად არიან ჩართული , როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, ვაკვირდები ამ დისკუსიებს და მაინც მგონია, რომ იმის მაგივრად, რომ პრობლემის ცენტრისკენ მივდიოდეთ, რატომღაც განზე ვუხვევთ, ეს კიდევ პრობლემის მოგვარებას ართულებს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ აზრს არავინ ეკითხება ქალებს, არავინ აძლევს მათ ინფორმაციას, არავინც არ ცდილობს აამაღლოს მათი ცნობიერება ამ კუთხით, გამოსავალი ნაპოვნია –   აკრძალვა, ეს კი ისევ სავალალო მდგომარეობასთან მიგვიყვანს, აბორტების პრობლემა ამით არ მოგვარდება, პირიქით გაიზრდება უკანონო აბორტების  რიცხვი.  ასევე, არიან ქალები, რომლებისთვისაც აბორტი იოლი გზაა ორსულობის შესაჩერებლად, ვიდრე არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვა კონტრაცეფციით, მათ ვიღაცამ უნდა ელაპარაკოს ამაზე, უნდა აუხსნას. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ როცა აბორტის თემაზე მიდის ლაპარაკი, პასუხისმგებლობა მხოლოდ ქალზე ნაწილდება, კაცები ამ პასუხისმგებლობის მიღმა რჩებიან, მიუხედავად ამისა, ყველამ ვიცით აბორტების უმრავლესობა სწორედ კაცების წაქეზებით ხდება. თუ ამისთვის ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება აუცილებელია , ასევე აუცილებელია კაცებსაც ქონდეთ ინფორმაცია კონტრაცეფციის შესახებ.

გენდერული განათლების ნაკლებობა  და ზოგადად, ოჯახური პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილების პრობლემა ერთ-ერთი საკითხია თანამედროვე ქართულ ოჯახში. ქორწინება, როგორც სოციალური მოვლენა გულისხმობს აღებული პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილებას ცოლ-ქმარს შორის,  მაგრამ თანამედროვე პატრიარქალური გარემო ქართველ ცოლებს არამარტო ქმრის წინაშე აკისრებენ პასუხისმგებლობას, არამედ ქმრის ოჯახის წინაშეც. ხშირად, ამას გოგონებიც ხელს უწყობენ და ამაყად საუბრობენ თავიანთ დედამთილებზე, რომლებმაც რძლად შეიყვანეს ისინი ოჯახში, ამას ემატება ის კაცები, რომლებიც კვლავაც მშობლების ხარჯზე აგრძელებენ ცხოვრებას. ასეთ ოჯახებში, ქმრების ძალადობას ემატება ქმრის მშობლების მხრიდან ძალადობაც, რა თქმა უნდა გამონაკლისებზე ვლაპარაკობ.

ხშირად ვფიქრობ, ქართველი ქალი თავგანწირვასა და მსხვეპლშეწირვას შორის ბალანსს ვერ იცავს, ეს დისბალანსი კი საკმაოდ თვალშისაცემია, ამაში ხშირად საზოგადოებრივი აზრი ” ეხმარება ” და მის მსხვერპლშეწირვას უფრო მეტად ახალისებს, მოუწოდებს  რომ აუცილებელია, ოჯახს შესწირო საკუთარი ინტერესები, უარი თქვას განათლებაზე, განვითარებაზე, კარიერაზე, სამაგიეროდ ქმარს დაახვედროს თბილი კერძი და დაბანილ-დასუფთავებული ბავშვები. რა თქმა უნდა საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი, თუ ცოლი ცდილობს დაღლილი მეუღლესთვის სახლში კომფორტული გარემო შექმნას, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, როგორ არათანაბრად ნაწილდება ოჯახური პასუხისმგებლობები  ქართულ ოჯახში, ძირითადი დატვირთვა ქალზე მოდის, დიასახლისობა კი დაუფასებელი და აუნაზღაურებელი სამსახურია. ქალს დღის და ხშირად ღამის განმავლობაში უწევს არანორმირებული შრომა, რომ  იდეალური ოჯახის სახე შექმნას საზოგადოებისთვის, მიუხედავად ასეთი  კოლოსალური შრომისა  კაცის შრომის ფონზე ყოველთვის იჩაგრება და სათანადოდ არ ფასდება მისი თავგანწირვა.

ქალთა ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი მისი ეკონომიკური დაქვემდებარებაა ქმარზე. ქართველი ქალი ფინანსურად მიბმულია მშობლებზე, ქმარზე, ქმრის მშობლებზე, რაც ხშირად ხელს უშლის პიროვნულ განვითარებაში, შემდეგ კი  ოჯახური ძალადობის მიზეზი ხდება, ქმარზე ეკონომიკურად დამოკიდებული ქალი ვერ ახერხებს ძალადობის თავიდან არიდებას, რადგან მის წინ საზოგადოებრივი უფსკრული ისახება, მას არ მიიღებენ მშობლების ოჯახში, არ აქვს კერძო საკუთრება, იგი მარგინალიზდება და საზოგადოებისგან გარიყული ხდება, არ აქვს განათლება და შესაბამისად არ აქვს სამსახურის პოვნის იმედი, ეს კი  საკუთარი თავის და ბავშვები გამოკვების იმედებს აქარწყლებს, ამიტომ ის განაგრძობს მოძალადე ქმართან ცხოვრებას.

ყველაზე სამწუხარო კი საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი  გულგრილობა და ემპათიის ნაკლებობაა, პატრიარქალური გარემო და რელიგიური შეხედულებები კი ამ გულგრილობის გაზიარებას უფრო მეტად ხელს უწყობს, თავად ქალებიც ხელს უწყობენ სტერეოტიპების გამყარებას, ისინიც მიიჩნევენ, რომ არიან სუსტები და მათზე ვიღაცამ უნდა იზრუნოს, ისინი მიიჩნევენ, რომ არანორმირებული შრომა ქალის მოვალეობაა, ისინი მიიჩნევენ რომ ქმრის მხრიდან ღალატი, “რა მოხდა ქალებში გაიარა”-აა, ისინი მიიჩნევენ, რომ არ აქვთ უფლება.

პრობლემა ამაშია.

Read Full Post »

%d bloggers like this: