Feeds:
Posts
Comments

Archive for June, 2013

მე მინდა მოგიყვეთ ჩემი ბავშვობის ტარაკნებზე, ნავთის სარკიან ლამფებზე, პატარა ნავთის წვეთოვან “ფეჩებზე” , მეექვსე  სართულის ძია ვანოზე, მესამე სართულის ძია ცეზარზე, ჩვენი კარის მეზობელ მურმანზე, მეცხრე და პირველი სართულების, ლიფტების დეიდა მანანაზე და კიდევ იმაზე, თუ როგორ იდგა ყველგან ნამწვის სუნი, შეიძლება გზადაგზა რამეც გამოვიგონო, ოდნავ შევალამაზო ის ხისტი ამბები, არცერთი ბედნიერი ბავშვის ბავშვობაში, რომ არ მომხდარა, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ დამაწყებინებთ იმის მტკიცებას, რა მოვიგონე და რა იყო სიმართლე, თქვენთვის რა მნიშნელობა აქვს მე სად ვიფანტაზიორე, მთავარია ყველამ, მეც, შენც, მანაც, იმათმაც დაივიწყონ დღის მოსაწყენი ამბები, შტერი და ბრიყვი პოლიტიკოსების ასეთივე გამოსვლები, მე უბრალოდ ვერაფერი ვნახე წასაკითხი ჩემი წიგნების თაროზე და თავად ვაპირებ საღამოსთვის დავწერო ტექსტი, რომელსაც ალბათ დიდი სიამოვნებით ვერ გადავიკითხავ, უბრალოდ მზესუმზირასავით შევექცევი ჩემი ბავშვობის ყველაზე უსახურ ამბებს ერთ ჩვეულებრივ უსახურ ზაფხულის ცხელ საღამოს.

მოწყენილობისგან ვკვდები და ვწერ. კარგი გამოსავალი ვნახე, ტუალეტში აბებით გაჭყეპვას ხომ ნამდვილად ჯობია წერო.

ხოდა…

ტარაკნები  მყავდა, მართლა, დედას გეფიცებით. მთელი ზამთარი თავს ვევლებოდით, ვზრდიდით, ღამით კედელთან მიმდგარ ტახტზე, რომელშიც ჩვენ ყველა ერთად ვიწექით და ვთბებოდით, ვცდილობდით კედელს არ შევხებოდით, რომ ტარაკანას შემთხვევით გზა არ შეშლოდა და ჩვენს საბანზე არ გადმოხოხებულიყო, არ ვიცი როგორ ვეტეოდით მთელი ოჯახი, იმ ტახტის მწვანე მატრასზე, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ეს ნამდვილად ასე იყო. ზამთრის ღამეები გრძელი და ცივი იყო, დედაჩემი რაც ნანას მეცადინეობას მორჩებოდა სანთლის შუქზე (მგონი სულ ტყუილად ირჯებოდა), უზეთო, წყალწყალა  ლობიოს შევჭამდით და მერე ყველა ერთად ვიძინებდით და გატრუნულები ვუსმენდით ტარაკნების სევდიან ვალსს, ყველაზე  სექსუალურ სვლას ჩვენი ოთახის კედლებზე. ისინი ჩუმად დადიოდნენ სიბნელეში და ტოვებდნენ თავიანთ სველ კვალს, რომელიც ღამით ანათებდა. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ არ მეზიზღებოდნენ, დღესაც მეზიზღებიან, მაგრამ მათაც ჰქონდათ არსებობის უფლება, მაგრამ არა ჩვენს პატარა სახლში, რომელშიც ჩვენც ძლივს ვეტეოდით. ამიტომ, მიხაროდა გაზაფხულის მოსვლა, სკოლის დამთავრება და ცოტა ხნით სოფელში წასვლა არდადეგებზე, სადაც დავლევდი ჩვეულებრივ წყალს და არა გამოხარშულს, სადაც არც ტარაკნებზე ვიფიქრებდი. დედაჩემი ასეთ დროს სპეციალურ ცარცს იყიდდა, პლინტუსების პარალელურად ხაზებს გაავლებდა, ყველა კუთხეში, ერთი ადგილიც არ დარჩებოდა დაუხაზავი, მერე გამოიკეტავდა კარს და როცა სახლში ვბრუნდებოდით, ჩვენ ისინი დახოცილები გვხვდებოდნენ, გამხმარი ტარაკნები, ძირს მიმოფანტულები, გადასაყრელი ექსპონანტები.

ზაფხულში თუ ტარაკნებს და თაგვებს ვხოცავდით, სექტემბერში ბოტასებს ვღებავდი თეთრად ემულსიით, რომლითაც ჭერი შევათეთრეთ, ალბათ იმ ფაქტმა გადამაწყვეტინა, რომ ერთ დღესაც ჩემს თეთრ ბოტასებს შემსამჩნევად გაუყვითლდა ძირები. მეგონა სასოწარკვეთილებისგან მოვკვდებოდი, მაგრამ ემულსიამ მიხსნა, ავდექი და ფუნჯით კარგად შევუღებე ძირები, მერე კი ამაყად წავედი სკოლაში. მე -5  მესამე კლასის მოსწავლე გოგო. ძალიან უშნო ვიყავი, წვრილი და ცისფერი ავადმყოფური თვალები მქონდა, მგონი არავისაც არ ვუყვარდი, მარტო იზოლდას ვუყვარდი, ქართულის მასწავლებელს. მან შემიფარა და ჩემი თავისუფალი თემა “პატარა , თეთრი მტრედის ხუნდი” მთელი კლასის წინაშე წამაკითხა და ყველაზე საუკეთესოდ აღიარა. დღევანდელი გადმოსახედიდან ის თავიუფალი თემა მტრედის ხუნდზე, სრული ნაგავი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ნაგავსაც აქვს არსებობის უფლება, ამიტომ მე ის დიდხანს მქონდა შენახული ჩემი დღიურების ყუთში, წითელ ხავერდ გადაკრულ სკივრში, რომელზეც საშობაოდ ჩიჩილაკს ვდგამდით და შოკოლადებს ვკიდებდით.

მე და იზოლდა ერთნაირები ვიყავით, ორივე წვრილები, ქერები, გამხდრები, სუსტები, ის ჩემგან განსხვავებით ლტოლვილი იყო და ცალი ფეხით კოჭლობდა, მგონი სიცივისგან დაემართა, იმის მერე სულ მეშინოდა მეც იგივე ბედი არ მწეოდა. ჩვენ ხომ რაღაცით ვგავდით ერთმანეთს, თან ორივეს პატარა ძუძუები გქვონდა, ასეთებს კი ყურადღება ხშირად აკლიათ. მე ბედნიერი ვიყავი, ის რომ არსებობდა და ის, რომ ჩემი ქართულის განაკვეთის მასწავლებელი იყო, მე მას თვალებში შევციცინებდი და თავისუფალ თემებს ვუწერდი.

იმ წელს ჩვენს სკოლაში, მაღალ კლასებში რამდენიმე უცხო გოგო გადმოვიდა, მათ ყველასგან განსხვავებულად ეცვათ, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, მე ხომ ჩვეულებრივი მაისურით და შავი კაბით დავდიოდი სკოლაში + არაფრით გამორჩეული ვიყავი, პირიქით რატომღაც გამირბოდნენ და არც მიმეგობრდებოდნენ. ამჯერადაც გამიმართლა, ძალიან მალე გათხოვდნენ, უბნის ყველაზე შტერ ბიჭებს გაყვნენ ცოლად, ალბათ დედამთილებმა აჩუქეს ვარდისფერი პერანგები და საძინებლის ჩუსტები, მერე კი ჩუმად დაუდარაჯდნენ საძინებლის კართან. ჩვენი პერვერტული ქართველი დედები, განუხორციელებელი სექსუალური სურვილებით. მე მიხაროდა მათი გათხოვება, ნიშნისმოგებით ვუყურებდი ცოტა ხანში, როგორ მრგვალდებოდნენ, ფეხებდასიებულები ვეღარც დადიოდნენ, ქმრებს ფანჯრიდან ეძახდნენ და რაღაცას სთხოვდნენ, მაგრამ ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ და ჩაცუცქულები მშვიდად იფურთხებოდნენ. მე  გამარჯვებას ვზეიმობდი, მერე რა რომ ერთი ძველი ჯინსი, მაისური და გაყვითლებულ ძირიანი ბოტასები მქონდა, მათ აღარც კი ვღებავდი, აზრი აღარ ჰქონდა, წვიმიანი ამინდები დადგა და წვიმის შეხებისთანავე საღებავი სანიაღვრე მილებს უერთდებოდა.

ერთხელ მაკამ თქვა, პრეზერვატივებით სავსეა მთელი სახლი და ბუშტებს ბერავენ ქალები…ჩვენ  სკოლიდან რომელიღაც სპექტაკლზე ვიყავით თეატრში და სახლში ვბრუნდებოდით.

მე ავხედე მაღალ ჭერიან, კარგად განათებულ, დიდ ფანჯრიან ოთახს და წარმოვიდგინე ბევრი ფერადი ბუშტი, ვარდისფერი ბუშტები და ელექტრონით განათებული ოთახი, სადაც არის ბევრი ლამაზი ქალი და კაცი, სვამენ შამპანურს  და უბრალოდ მხიარულობენ. მაკასთვის არაფერი მიკითხავს, შემრცხვა მეღიარებინა, რომ ვერაფერი ვერ გავიგე, მე ხომ ხუთოსანი გოგო ვიყავი, ბევრ წიგნებს ვკითხულობდი, მწერალი მშობლები მყავდა და თავისუფალ თემებს კარგად ვწერდი.

მაკა ადრე გათხოვდა, მგონი სკოლა არც კი დაამთავრა. მისი ამბავი მას შემდეგ აღარ ვიცი. ადამიანები თავისუფლად ვივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთვის არაფერს ნიშნავენ.

პრინციპში ვინც მნიშვნელოვანი იყო ისინიც დავივიწყე.

სკოლის ამბები ეხლა, რომ მახსენდება მესექსუალურება. რაღაცნაირი კარგი ამბები იყო, მშვიდი, წყნარი დღეები, სკოლის ლამაზი დიდძუძუებიანი გოგოები და მათი თაყვანისმცემელი ულაყებივით ბიჭები. მართლა ცხენებივით იდგნენ ასვეტილი ჩვენი საკლასო ოთახის კართან. კიდევ კარგი, არასდროს ავღფრთოვანებულვარ მათით, სულ გულს მირევდნენ.

ამის შემდეგ მე მეგობარი გამომიჩნდა, რომელიც არავის არ დავუთმე,ყველას გადავუმალე და მარტო მე დავისაკუთრე,  რომელმაც მასწავლა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ვარ მთელს დედამიწის ზურგზე და თუ ხანდახან, საკუთარ თავთან პრობლემები შემექმნება, გამოსავალი მასთან საუბარია…საკუთარ თავთან. დღესაც იგივე გამიმეორა და მე მისი მჯერა.

პ.ს ღმერთო ჩემო, ისეთი შეგრძნება მაქვს შუაღამემდე შემიძლია გაუთავებლად მოვყვე ათასი ამბავი, მაგრამ ეხლა დავამთავრებ. დასაწყისში მოხსენიებულ პიროვნებებს კი აუცილებლად გავიხსენებ მორიგ პოსტში, რომელსაც ხვალ დავწერ. საკმაოდ, გრძელი გამოვიდა მგონი. ბოლომდე ჩაკითხვა დიდად არ არის საჭირო.

 

Advertisements

Read Full Post »

ერთხელ, მამაჩემმა მითხრა _  ისტორიის სწავლა ხარკია შენი ქვეყნის წინაშე, ძალიან გვეზარება, მოვლენებს ყურადღებას არ ვაქცევთ, კარგად არ ვაანალიზებთ, ვცდილობთ თარიღების დამახსოვრებით გავიდეთ ფონს, გვგონია თარიღების ზუსტი ცოდნა აგვიხსნის მოვლენის სიღრმეს,  სწორედ ამიტომ ჩვენ ყველამ ისტორიამ გამოვტოვეთ, როგორც თარიღების მეცნიერება, ან კიდევ გამოგვატოვებინეს იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც  მხოლოდ ციფრული ისტორია დაიზუთხეს გადასარევად.

დადგა დრო და ჩვენ ხელახლა ვსწავლობთ ისტორიას, ჩვენი ინიციატივით, ხარკს ვაბარებთ წარსულს, რომელსაც საკმარისი დრო არ დავუთმეთ, რადგან არ გვესმოდა თუ როგორი მნიშვნელოვანია, იცნობდე შენს ისტორიას და პირნათელი იყო მის წინაშე.

აი ის, უკმარობის საშინელი განცდა მქონდა და არც შემდეგ მტოვებდა, როცა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გამოცემულ ერთ-ერთ სერიას გავეცანი “დაკარგული ისტორია . მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ”. ამ წიგნში იმ ქალების ცხოვრების შესახებ ამბებია თავმოყრილი, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოს შემდგენლებმა, ისტორიის სანაგვეზე მოისროლეს, როგორც მეორადი გმირები, მეორადი ქალები, რომელთა ცხოვრება არ არის მნიშვნელოვანი საბჭოთა წარსულის გააზრებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი არ ყოფილან ე.წ  ‘კუხნის ქალები’, პირიქით ძალიან წარმატებეული, ჭკვიანი, ძლიერი და საშიში ქალები იყვნენ წითელი რეჟიმისთვის და სწორედ, ამიტომ რეჟიმი   ზედმეტად რეაქციული და დაუნდობელი იყო მათთან.

ვკითხულობდი მათ სულისშემძვრელ წერილებს, ტუჩების კვნეტით, ბღავილით, თითების დაჭმით, ძნელია ატარებდე ისეთ სერიოზულ ბრალდებას, როგორიცაა “ხალხის მტერი, ხალხის მტრის შვილი, მოღალატე ქმრების იდეური და ხორციელი თანამგზავრი, მავნებლურ-დივერსანტულ, ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი” და იყო ჩაკეტილ წრეში, არავის არ ესმოდეს შენი, არ არსებობდეს პიროვნების სიმართლე, პირიქით ყველაფერი მიმართული იყო იქეთკენ, რომ სწორედ ინდივიდების სიმართლე და სამართლიანობა განადგურდეს.

ხომ, იქნებოდნენ ისეთებიც, რომლები სწორად ვერ გაიგებდნენ ამ ცრუ ბრალდებებს, გარიყავდა მათ და თავიდან მოიშორებდა, თუმცა ასეც ხდებოდა.

რამდენიმე, ციტატა საილუსტრაციოდ:

“მერე ჩემმა დამ ჰკითხა :რატომ გვცემო?

– შვილო, იმიტომ გცემთ, რომ არა გცემოთ- გაიყინებით! ხომ ხედავთ ის კაცი, როგორ ოხრავს გაყინულიო.”

“ლარა, ძვირფასო  მაპატიე! მე წყალში ჩამაყენეს და სანამ, ხელი არ მოვაწერე , რომ თქვენ ტროცკისტების წრეში იყავით , არაფრით ზემოთ არ ამომიყვანეს. ლამის მოვკვდი აი ასე იყო”

“პარტიის ისტორიის წიგნს თქვენს სამზარეულოში ინახავდით. ლენინის პორტრეტი არსად არ გაქვთ.”

“ჩვენ მაინც გვჯეროდა საბჭოთა კავშირის, სტალინის. მაინც ხომ ამდენად დაჩაგრულები ვიყავით, მაგრამ სტალინი იყო…რაღაც, განსაკუთრებული იყო. როცა მოკლეს , მეორე დღეს გამოვიდა ისეთი დემონსტრაცია, უბრალოდ საშინელი  – იმდენი ხალხი იყო ტუფლიც კი დავკარგე. იმდენი ხალხი იყო მე კი არ მივდიოდი, – ფეხები არა მქონდა მიწაზე , ხალხს მივყავდი. ყველა ტიროდა. რაზე ტიროდნენ? არავის არ უყვარდა სტალინი, მაგრამ მაინც შიგნით რაღაც სიდიადის გრძნობა გვქონდა, გაიგეთ? მეც ვტიროდი…

სტალინის პორტრეტი გვქონდა და არასდროს დამავიწყდება: ერთხელ 30 მანეთი ჩავდე სურათის უკან და როცა უკვე ყველაფერი გადატრიალდა, უკვე დამთავრდა სტალინი-მალინი, ეს პორტრეტი ჩამოვიღე და იქედან 30 მანეთი გადმოვარდა. ისე გამიხარდა! გავიქეცი, ხილი ვიყიდე და სტალინის სიკვდილის დღე ავღნიშნეთ.”

საქართველოს ისტორია, არა მარტო გმირების და მეფეების ისტორიაა, არამედ ზედმეტად პატრიარქალურია და ძალიან ცოტა ქალი ჩანს ამ ისტორიულ გალერეაში წარმოდგენილი, რომელთა არსებობაც ხაზს გაუსვამდა მათ პიროვნულ ღირსებებს, რომ ისინიც იბრძვიან სამართლიანობისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის და უბრალოდ უკეთესი ცხოვრებისთვის.

აი ასეთი ისტორიაც არსებობს, მეინსტრიმული ისტორიის ალტერნატივა, რომელიც “მეორად გმირებსაც” მოძებნის და თვალწინ აგვაფარებს, მაგალითს მოგვცემს, რომ ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი ვართ და საზოგადოებრივი  განვითარებისთვის ჩვენი წვლილიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

Read Full Post »

იმ ხალხმა ვინაც თავიანთი ტელევიზორები პროტესტის ნიშნად უკუღმა შეაბრუნეს, ტილო გადააფარეს, მერე  აივანზე გაიტანეს და ყუთში ჩაკეტეს, შეიძლება ითქვას მათ თავიდან აირიდეს ყოველდღიური აგრესიული თავდასხმები, რომლებიც ტელევიზორიდან ჩვენი მიმართულებით ხორციელდება.

ბეგბედერი ამბობს “ეხლა ბრძოლის ველი მედიასაშუალებებია” და ძნელია არ დაეთანხმო. ბრძოლებმა მედიაში და ელექტრონულ ფორმატში გადაინაცვლა, ეს ბრძოლები დიდი სტრატეგების მიერ ორგანიზდება, ჩვენ ეხლა არავინ გვესვრის იარაღს და არც ბომბს გვიფეთქებს ფეხებში, მაგრამ ყოველდღიური შხამი, რომელიც ეკრანიდან იღვრება, საბოლოოდ ტყვიაზე მეტად გამჭოლია და დიდხანს  რჩება ჩვენს ცნობიერებაში.

თუ ამ საკითხებს აქტიურად მივადევნებთ თვალყურს, ეს საშუალებას გვაძლევს შეგვექმნას აზრი , თუ როგორ ხდება საზოგადოების ფორმირება, რა აუდიტორიისთვისაა გამიზნული მსგავს სენსიტიურ თემაზე მომზადებული რეპორტაჟი და ვინ არის მისი რეციპიენტი. დიდი გამორკვევა არ ჭირდება იმას თუ ვინ არის სამიზნე ჯგუფი და რა გავლენას მოახდენს რეპორტაჟი ამ ადამიანებზე, არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც იმ წუთასვე მიხვდებიან რა არის საგანაგაშო სიუჟეტში და არიან მეორე კატეგორიის სამიზნე ჯგუფი, რომლებიც ვერაფერსაც ვერ მიხვდებიან, ჟურნალისტის თავდასხმას გაგებით მოეკიდებიან, გულწრფელად დაუჯერებენ მას, ეჭვს არ შეიტანენ მის სიმართლეში და სტერეოტიპებსაც უფრო ღრმად გაამყარებენ.

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჟურნალისტის სინდისზეა, სამწუხაროდ “ჟურნალისტურ შეცდომებით” აპელირება და თავის გამართლება ასეთ დროს უხერხულია, რადგან უმეტეს შემთხვევაში ჟურნალიტები მიზანმიმართულად სცოდავენ, არღვევენ ყველანაირ ეთიკურ ნორმას, მანიპულირებენ ადამიანების ემოციებით  და ქმნიან სკანდალს. სკანდალის გამოცხობა არის მათი მთავარი პრიორიტეტი.

ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა მოამზადოს ამბავი ეთიკური ნორმების დაცვით, ისეთმა ჟურნალისტმა, რომელსაც არ აქვს არანაირი მგრძნობელობა ისეთ თემებზე, როგორიცაა უმცირესობების უფლებები, რელიგიურად მგრძნობიარე თემები, სიამოვნებას  სხვის ცხოვრებაში უხეშად ჩარევით იღებს, აღტკინებული შერბის ოთახში სადაც ტაილანდელი მასაჟისტის გამოჭერა უნდა სექსუალური ურთიერთობის ამსახველი სცენაში და ა.შ

როგორ , ჩავანაცვლოთ აგრესიული თავდასხმა ემპათიით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენი ინფორმაციის მთავარი რეციპიენტები არიან, ხანდახან ჩვენი ამბის მთავარი გმირები ხდებიან, ისე რომ მათ ცხოვრებაში უხეშად არ ჩავერიოთ, ყური არ ავუწიოთ და კედელთან არ დავაყენოთ ბაღში დასჯილი ბავშვივით, სახეში არ გავულაწუნოთ მწარედ, არ მოვინდომოთ ჭკუა ვასწავლოთ და მათი მორალის განმსაზღვრელი გავხდეთ, მგონი მარტივია ამ პრობლემის მოგვარება, საკმარისია საკუთარი თავი დავაყენოთ პრობლემის ცენტრში, უცებ მივხვდებით როგორ გვჭირდება მოგვექცნენ, რა გვატკენდა გულს, რა შეურაცხგვყოფდა და ა.შ

ეს და სხვა აქტუალური საკითხები, როგორც მედიისთვის და ასევე საზოგადოებისთვის, იყო ჩვენი სამდღიანი ტრენინგის რეფლექსიის საგანი ლოპოტაზე.

რისთვისაც, მე ძალიან, ძალიან მადლობელი  გაეროს მოსახლეობის ფონდის.

პ.ს ბოლოს კი ლოპოტას უმშვენიერესი ტბის ფოტო ბონუსად 🙂

IMG_8993

Read Full Post »

ხანდახან, შესაძლებელია შუადღისას, როცა მზე უკვე საძინებლის მხრიდან გადაინაცვლებს და აივანს მოადგება, ცივი, ნაყინიანი ყავის მაგივრად ლეპტოპი მოიდგა გვერდით და წახვიდე სვლით, ფიქრებით უკან, ბავშვობისკენ, სიცხით გაჩირაღდნებულ დღეებში, მიატოვო საკუთარი მძინარე ბავშვი საძინებელში და წახვიდე იმ სახლში, რომელიც ეხლა სულ სხვანაირია, ბევრად კომფორტული, ბევრად ლამაზი, ბევრად სუფთა, სადაც დგას ბამბუკის ხეებისგან გაკეთებული წიგნის კარადები, სადაც ყველაფერი არის ძალიან ახლობელი და უყურო შენს ბავშვობას, ვერმიშელების ფეხებიან გოგოს, ბებოს და დეიდებს, ვაშლის ხეს, რომელიც იდგა სახლის წინ, ორ პაწაწინა ჯუჯას, ლოყებდაბერილს და წვერებიანს, გაიხსენო მწვანე რკინის ჭიქები, რომლითაც საღამოობით ვსვამდით ჩაის და ვატკბობდით შაქრით, ბაბუას ლექსები და საირმის წყალი.

მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, უბრალოდ სახლს საძირკველი გავუმაგრეთ, წინ აივანი დავამატეთ, უკანა ოთახი გავაერთიანეთ და ბევრი საწოლები გავშალეთ, რადგან ჩვენ ყველა ერთად ბევრი ვართ, ბევრ ხალხს კი შესაბამისად ბევრი საწოლი ჭირდება დასაძინებლად.

ეზოში სიმწვანეა, კვიპარისებმა გაიხარეს და უზარმაზარი გახდნენ, სახლის სახურავამდე არიან ასულები. აივნის გვერდით ალუჩის ხეა და მზისგან ნაწილობრივ იცავს აივანს, ეზოში წითელი ვარდები ყვავილობს, პატარა ეზო მთლიანად გადამწვანებელია სხვადასხვა ჯიშის ხეებით, ვაშლი, მსხალი, ვაშლ-ატამი, თხილი, ტყემალი და ა.შ

ბებია არის ძალიან ღონიერი და ჯანიანი ქალი, ბებია არის იმ სახლში ყველაფერი. გადანახული გემრიელობების და სახლის მარაგის ბურჯი. ბებია არის ის ქალი, რომელიც როცა სევდიანდება ზის აივანზე და მღერის, მერე ეს სევდები სადღაც ქრება და იფანტება, შეიძლება ხანისწყალსაც უერთდება. ბებია არის ყველაზე სოციალიზებული ქალი რაიონში, ყველაზე აქტიური და ყველაზე პოლიტიზირებული, ბებია ებრძვის უსამართლობას, ჩხუბობს, კამათობს და ეძებს სიმართლეს. ბებია არის 8 შვილის დედა და ორი შვილთაშვილის ბებია. ბებიას შეუძლია ზუსტად ათი სახეობის კერძი მოამზადოს შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, პარასკეობით ან კვირაობით კი წავიდეს ბაზარში და ტაქსით მოზიდოს სარჩო-საბადებელი, მერე წამოწვეს და დაისვენოს. ის არასდროს წუწუნებს.IMG_5619

ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს შეგვიძლია ვიძინოთ 11 საათამდე, მერე ავდგეთ და მივირთვათ გემრიელობები, შემდეგ დავლიოთ ყავა აივანზე და მერე შევუდგეთ სახლის დალაგებას, ოღონდაც ძალიან საფუძვლიანად, დავწმინდოთ ყველაფერი რაც კი სახლში არსებობს, გადმოვალაგოთ და დავწმინდოთ წიგნის თაროები, ფანჯრის მინები და ჭურჭელი და სხვა არასაჭირო ხარახურა ეგრევე ნაგავში გადავყაროთ.

ყველაზე მეტად, რაც ამ სახლში მეამაყება წიგნებია, რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, ყველაზე დიდი საჩუქარი ცხოვრებაში,  ბედნიერების ფეიერვერკები და ზაფხულობით სიგრილე სახლის უკანა ოთახში, სადაც არავინ დაგიშლის იკითხო ნებისმიერი რამ, რაც გულს გაუხარდება, იქნება ეს სელმა ლაგერლოფის “ნილსისა და ბატების თავგადასავალი”, ასტრიდის პეპი, ემილი, კარლსონი, სალტკროკელები, ბიულერბიული ბავშვები, პატარა ჯადოქარი, ტომ სოიერი და ათასი სხვა.

ამ წიგნების გადამკიდე ჩვენ არასდროს დავბერდებით.

 

 

 

Read Full Post »

1000042_585458774807890_2059559195_n

 

ამ ფოტოს, მეგობრის გვერდზე გადავაწყდი ფეისბუქზე. მადლობა ელენეს, რომ მუდმივად ინტერესდება ამ თემით და სხვებსაც მოუწოდებს რეფლექსირდნენ მსგავსი საკითხებით.

როგორც, ჩანს ასეთი სახელწოდების ჯგუფი არის ფეისბუქში, ჰყავს თანამოაზრეები და ჯგუფის წევრები, ეჭვი მაქვს მხოლოდ მამაკაცები არიან, რადგან ძნელი წარმოსადგენია ქალი ეთანხმებოდეს იმ  დისკრიმინაციულ მოწოდებებს, თავადვე აკნინებდეს თავის სოციო-პოლიტიკურ როლს, აერთმნიშვნელოვნებდეს თავისი სქესის ღირებულებას და თავადვე იყოს გამფორმებელი გენდერული უთანასწორობის.

არ მინდა რადიკალური ვიყო დამოკიდებულებებში, არც ის მინდა ვთქვა, რომ ყველა კაცი მჩაგვრელია და ქალის სახით მონას ეძებს, რომელიც კარგად დაუუთოებს შარვლებს და უგემრიელეს ტოლმას გაუმზადებს დილით, სამსახურში წასვლის წინ. პრიმიტიული გაგებაა ესეც ქალის და კაცის ურთიერთობის, უბრალოდ რახან განსხვავებულ სქესთა შორის ურთიერთობას, სწორედ მსგავსი თემატიკით განახილავენ, მეც შესაბამისი მაგალითი მოვიყვანე.  ყველანაირი ადამიანი არსებობს, არსებობს მჩაგვრელი კაციც და მჩაგვრელი ქალიც, არსებობს კაცი, რომელიც ამბობს, რომ ის კაცია _ უფალია და მას უნდა დაემორჩილონ, მისი სიტყვის გარეშე არ უნდა გაკეთდეს არაფერი, ის წყვიტავს ყველაფერს, ის არის მთავარი ოჯახში, მისი სიტყვა კანონია ოჯახში, ნათესავებში, საზოგადოებაში. ის არის ე.წ “მორალის” განმსაზღვრელი ყველგან, სადაც კი ვრცელდება მისი იერარქიული ძალაუფლება.

ფონი ზედმეტად პატრიარქალურია,  დამთრგუნველიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სოციალურ სურათზე ნელ-ნელა ქალის როლის მნიშვნელობაც იკვეთება, არსებულ ფონს ჯერჯერობით ვერ ვცვლით.

მე მყავდა მეგობარი, რომელიც სანამ დაოჯახდებოდა მეუბნებოდა, რომ მას უნდა ისეთი კაცი შეხვდეს, რომელიც მას მოთოკავს, დაიმორჩილებს, შეძლებს თავის ჭკუაზე ატაროს, შემდეგ ის დაოჯახდა და ერთ ძალიან კარგ ბიჭს გაყვა ცოლად, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია ქალის როლის ტრადიცული გაგებისგან და არა მგონია  ჩემი მეგობრის დამორჩილებას და თავის ჭკუაზე ტარებას ცდილობდეს.

როცა, რელიგიური მოტივებით ქალის და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ ოპერირებენ, ისეთი განცდა მრჩება, რომ ძალიან ზოგადად, უყურადღებოდ, გაუაზრებლად განიხილავენ რელიგიურ  ტექსტებს, თითქოს ბუკვალურად გებულობენ მათ მნიშვნელობას, ყველაფერს აღიქვამენ სიყვარულის გარეშე, ყველაფერს აღიქვამენ ზერელედ, ყველაფერს აღიქვამენ ისე, თითქოს ურთიერთობა არა ადამიანებს არამედ, რაღაც სხვა, ორ სხვადასხვა ტექნიკის სახეობის საგანს შორის ხდება, მაგალითად მაცივარსა და სარეცხი მანქანას შორის, მათ ხომ არ აქვთ განცდები, არ აქვთ ურთიერთობის აღქმის უნარი, არ აქვთ მეგობრობის, სიყვარულის, სიკეთის განცდა. მოკლედ, უცნაურია.

განსაკუთრებით, უცნაურია რომ მათ აშინებთ სიტყვა “გენდერი”, მათ აშინებთ ქალის უფლებებზე საუბარი, მათ ეშინიათ დამოუკიდებელი ქალების, მათ პათოლოგიურად არ მოსწონთ და ღიზიანდებიან ქალის შემოსავალზე, ისინი ხშირად მალავენ რომ სწორედ მათი ცოლების გამოგზავნილი ფულით ინახავენ ოჯახებს, ყიდულობენ მანქანებს, მერე ამ მანქანებს ამტვრევენ, მერე ისევ ყიდულობენ და ა.შ  ჩემს მეზობელ ქალებზე ვლაპარაკობ, რომლებიც წლებია გადახვეწილები არიან საზღვარგარეთ, ქმრები და შვილები კი უბრალოდ უთავმოყვარეოდ სხედან სადარბაზოების წინ და თამაშობენ ჯოკერს. მათ არ უნდათ, აღიარონ რომ სწორედ ქალები არიან მათი მარჩენალები.

ზემოთ დასმულ კითხვაზე კი პასუხი მარტივია. გენდერის სიმართლე თანასწორობაშია და კიდევ სხვა ასპექტებში, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და რომლებიც, მომდევნო პოსტების ინსპირაციებია.

 

Read Full Post »

ჰო, ზუსტად ასე ვთქვი:  ყოფილი მეგობარი და საერთოდ არაფერი არ მიგვრძვნია.

არადა, ადრე მეგონა ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით, იმიტომ, რომ მასთან ერთად ყოველთვის შემეძლო, როცა მომინდებოდა მაშინ ტირილი, მაგიდაზე ფეხების შემოწყობა, მასაც არ ერიდებოდა ჩემთან ტირილი, შეგვეძლო დაგველია საშინელი ყავა და მოგვეწია ერთი კოლოფი სიგარეტი საღამოობით, ხანდახან შუადღითაც და გველაპარაკა ძალიან ბევრი.

ჩვენ არასდროს ვყოფილვართ კარგი მეგობრები, უბრალოდ მეტი არავინ არ გვყავდა და ამიტომ, იძულებული გავხდით ერთად გვევლო, ერთმანეთის კომპლექსები აგვეტანა, ხანდახან ერთმანეთი დაგვეცვა, ზოგჯერ მუშტითაც, ხანდახან მწარედ გვეჩხუბა, ერთმანეთი ვერ აგვეტანა.

ბევრჯერ ყოფილა გულწრფელი და მე დღესაც მადლობას ვეტყოდი ამისთვის.

მე ბევრჯერ მოვქცეულვარ მასთან არაადექვატურად და არ მრცხვენოდა, დღეს კი ყოველ სიტყვას ვზომავ და ვწონი. ჩვენ თითქმის აღარაფერი აღარ ვართ ერთმანეთის.

მას სხვა მეგობრები ჰყავს.

მას დაავიწყდა, რომ ერთ დღეს ჭიქა ყავაზე უნდა შევხვედროდით ერთმანეთს და არ დარეკა.

უბრალოდ თქვა, როგორც იციან თქმა ადამიანებმა, როცა სათქმელი აღარ აქვთ.

მე გული დამწყდა. მეგონა ის არ გაუშვებდა ჩემი ნახვის შანსს.

პ.ს ერთ დღესაც, ის წაიკითხავს ამ ბლოგს და ყველაფერს მიხვდება.

 

 

Read Full Post »

%d bloggers like this: