Feeds:
Posts
Comments

Archive for July, 2013

ამასწინათ ვფიქრობდი, თუ მთელი სამყარო სტერეოტიპებზე დგას და ერთ დღესაც ყველანაირი აგური დაიშლება და ყველაფერი ხუხულასავით ჩამოიქცევა, რა მოუვათ იმ კაცებსა და ქალებს, რომელთა მენტალობა სტერეოტიპებით ნოყიერად იყო ნაკვები?…

რამდენიმე თვის წინ, მეგობარი რომელმაც ბავშვი გააჩინა, მერე ისევ სამსახურს დაუბრუნდა და ეხლა იმდენი ელაპარაკეს იმაზე, რომ დედა აუცილებლად სახლში უნდა იჯდეს და ბავშვი გაზარდოს ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ  ლამის სამსახურის მიტოვება გადაწყვიტა, ბევრი ველაპარაკე რომ მსგავსი რამის გაკეთება ყველაზე სუსლელური საქციელი იქნებოდა მის სიტუაციაში და შემდეგ აუცილებლად მწარედ ინანებდა. გადაიფიქრა. სიტუაცია კრიტიკულია, ახლადშექმნილ ოჯახში ე.წ შემომტანი მხოლოდ ქალია, ქმარი – კაცის საქმეს ეძებს, კაცის დედა წუხს, რომ მისი ვაჟი კაცის საქმეს ვერ პოულობს და ხანდახან თავის პატარა ფეხებქათქათა გოგოს პამპერსს უცვლის და მშვენივრად უვლის, წუხს იმის გამო, რომ ეს ქალის საქმეა, ქალი კი ამ დროს სამსახურშია და ქმარი კი ამ დროს პატარა გოგოზე ზრუნავს. თითქოს ეს ყველაფერი კრიტიკულ სიტუაციას უნდა აბალანსებდეს, მაგრამ არა. ჩვენს ქვეყანაში ბავშვის გაზრდა მემკვიდრეობით ქალზე გადადის, მხოლოს ქალს აქვს დაკისრებული ეს მოვალეობა. შვილის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებული მხოლოდ დედაა, კაცმა კი სხვა რამ უნდა გააკეთოს, ფული შემოიტანოს და ოჯახი გამოკვებოს. მიუხედავად იმისა, რომ კაცის ეს საქმე არც ისე მარტივია, ეს არ აიოლებს იმ პრობლემას რომ კაცები შვილების აღზრდაში ნაკლებად არიან ჩართულები.

მსგავსი სტერეოტიპები მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის  დამახასიათებელი თვისება არ არის, იგი ზოგადად ყველა ქვეყნის სოციო-კულტურული გარემოსთვის დამახასიათებელია , თუმცა ნელ-ნელა იკვეთება ნიშნები, როგორ იცვლება მსგავსი დამოკიდებულებები პოზიტიურად, კაცები უფრო მეტ დროს ატარებენ შვილებთან, აფასებენ ამ ურთიერთობას, სწავლობენ ამ ურთიერთობით, იცნობენ თავიანთ შვილებს უფრო კარგად, მათ თვალწინ ხდება ის სასწაულები, რომლებიც აქამდე მხოლოდ დედის თვალწინ ხდებოდა. იქნებ დროა ვუთხრათ კაცებს, რომ ეს არ აკნინებს მათ კაცურობას საზოგადოების თვალში და თუკი იგი ამ მოვალეობით მაინც კნინდება საზოგადოებაში, იქნებ საზოგადოების ბრალია ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება.

მოკლედ ასე, არ არსებობს გატიხრული საქმეები, ქალის საქმე და კაცის საქმე, არსებობს საქმე, რომელსაც ჭირდება შრომა, თავგანწირვა, ღამეების თენება და შედეგისთვის ბრძოლა, სქესს კი მნიშვნელობა არა აქვს.

Read Full Post »

თამუნამ მომიძებნა ვესტლის “გოგონა ავრორა ც კორპუსიდან”, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ მისი, მერე ერთ საღამოს ხათუნასთან გავირბინე , წამოვიღე და მას შემდეგ ვიზოგებ, ყველაზე კარგი, ბელგიური შოკოლადივით, დეიდაჩემმა ჩამომიტანა და ეხლაც სულ მისი გემო მახსენდება, როცა შოკოლადი მინდა.

ანა კატრინე ვესტლი კი, ისევე როგორც ასტრიდ ლინდგრენი არიან კეთილი ჯადოქრები და დედამიწის ზურგზე არ მეგულება ერთი ადამიანიც კი, რომელიც მათი წიგნების წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად კეთილი არ გამხდარიყო, ყოველ შემთხვევაში ცოტა ხნით მაინც 🙂 მე ეგრე ვარ, როცა ვკითხულობ ავრორას, მისი ძალიანი კარგი მამიკოს, დედიკოს და პატარა ძამიკო სოკრატის შესახებ ამბებს, იმ დროს ვარ ყველაზე კეთილი გოგო, რომელიც იმ წამს მზადაა და გადაწყვეტილი აქვს ყველაზე კარგი გოგო გახდეს საუკეთესო გოგოებს შორის. არ ვიცი გამოუვა თუ არა, მაგრამ ძალიან უნდა და ამაზე ხშირად ფიქრობს. უფრო ხშირად იმას ფიქრობს, რომ არ გამოუვა და ზის ყურჩამოყრილი  :/

ნორვეგიის ერთი პატარა ქალაქი, ურბანიზაციის შედეგად კი ისე ძალიან მიუახლოვდა ტყეს , რომ ხეები ძირს წაიქცნენ და დაიხოცნენ, კორპუსები კი ხეებზე მაღლები გაიზარდნენ და ამ ერთნაირ კორპუსში გადმოსახლებულ გოგოს ავრორას, ძალიან ეშინია სადმე არ დაიკარგოს, მაგრამ მამამ კარზე ყველაზე გამორჩეული აბრა გააკრა და ის არასოდეს დაიკარგება. ეს ისეთი ამბავია, რომელიც სულ დეტალებში მინდა მოგიყვეთ, მაგრამ ჯობია თქვენ წაიკითხოთ, თუ სადმე იშოვით ამ წიგნს, მაღაზიებში დანამდვილებით გეტყვით ვერ გადააწყდებით, მაგრამ ბიბლიოთეკებში შეიძლება მოიძიოთ, 1976 წლის გამოშვება, “ნაკადულის” გამომცემლობით. 10 წლის შემდეგ კი მეც დავიბადე, მეც კორპუსებში მომიწია ცხოვრებამ, პირველი წიგნი რომელიც წავიკითხე ეს იყო და მთელი ბავშვობა ავრორა მეგონა ჩემი თავი, უფროსწორედ ავრორა ვიყავი, პეპიც ხომ საშინლად მიყვარდა, მაგრამ პეპი მე ვერასდროს გავხდებოდი, იმიტომ რომ მისნაირი მამაცი ვერ ვიყავი, მთელი ბავშვობა ბიჭების მეშინოდა, ჩვენთან ხომ ბიჭებს აგრესიულ, მონადირე, თავდამსხმელ კაცებად ზრდიან, რომლებიც პატარაობიდანვე ავლენენ თავიანთ აგრესიას გოგოების მიმართ, ეჭვი მეპარება იმ ბიჭების მშობლებს ცოტა დრო გამოეჩინათ თავიანთი ბიჭი შვილებისთვის, რომ სიძლიერე არ ნიშნავს მეორე ადამიანის დაჩაგვრას, რომ არასოდეს არ უნდა ჩაკეტო გოგო განგებ ლიფტში, არასოდეს არ უნდა გადმოუბრუნო პატარა ჯამი წითელი, დაფხვნილი აგურის სუპით, რომელიც ქვაზე შემოუდგამს და სახლობანას თამაშობს, არასდროს არ უნდა გადაუგდო შენს მეზობელ გოგოს თავისი საყვარელი კატა ცხრა სართულიანი კორპუსის სახურავიდან. მოკლედ, მე ბიჭები ძალიან არ მიყვარდნენ ბავშვობაში, მათში ავთენტურ მტერს ვხედავდი, რომელიც იმისთვის იყო გაჩენილი, რომ დავეჩაგრე 🙂

რა თქმა უნდა, მერე მივხვდი, რომ ზოგს აღზრდა დააკლდა და ეს მათი პრობლემა იყო და არა ჩემი. (აღზრდა კი არ დააკლეს, არასწორად აღზარდეს მთლიანად)

ხოდა ავრორაც მე მგავს, მასაც ეშინია მეზობელი ბიჭის, ჭორიკანა დეიდების, მასაც ადარდებს საზოგადოებრივი აზრი იქამდე, სანამ მამა არ აუხსნის, რომ ისინი განსხვავებულები არიან და ეს განსხვავებულობა არ არის ცუდი.

ეს არის ღრმად ფემინისტური საკითხავი პატარებისთვის, მოზრდილებისთვის, ასაკოვნებისთვის. უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენი სტერეოტიპების მიღმაც დავინახოთ ადამიანები და მათი სოციალური როლები.

და არა მარტო ასეთი სწორხაზოვანი საკითხავი, უბრალოდ ძალიან , ძალიან პოზიტიური წიგნი 🙂

პ.ს ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ტირილტოპენი, სადაც ჩვენი ბავშვობა ცოცხლობს, ხოდა ყველაზე კარგი გამოსავალი ცოტა ხანს იქ დაბრუნება და მასზე წერაა.

Read Full Post »

%d bloggers like this: