Feeds:
Posts
Comments

Archive for October, 2013

ნამდვილი კულტურული ცხოვრების ეპიცენტრი ოქტომბრის ბოლოს  კახეთში იგრძნობდა, კერძოდ კი თელავში. კვირეული, რომელიც “თელავის ფესტივალი new-  ნადიმი“-ს  სახელით  წელს პირველად გაიმართა  სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიებებით უხვად დატვირთული აღმოჩნდა. ვორქშოპები,  თანამედროვე პერფორმანსის ენის შესახებ გამართული  სემინარები, წიგნის პრეზენტაციები, წიგნის ბაზრობები, პროექტ “ინსომნიის” პრეზენტაცია და შეხვედრა ავტორებთან, დისკუსიები ქალაქის ურბანულ და კულტურულ განვითარებაზე, ტრეინინგები კულტურის მენეჯმენტში, გერმანული ენის ვორქშოპები, გივი მარგველაშვილის გამოფენის გახსნა,  დოკუმენტური ფილმების ჩვენება მედია-კაფე “თელავში”, ფოტო გამოფენები,  “სოვლაბის” წითელი ტერორის ტოპოგრაფიის ტური, სემინარები ტექსტილის შესახებ და ადგილობრივი და უცხოელი კერამიკოსების კერამიკული ვორქშოფები, კახელი მეფუტკრეების პროექტის პრეზენტაცია განახლებულ ნადიკვრის პარკში. ქართული უხმო დოკუმენტური ფილმების “დილის ათი წუთი” და “კოლმეურნის ჰიგიენა”  და სხვა ფილმების  ჩვენებები, ღვინის ფესტივალი, ტექსტილის და კერამიკული ნაწარმის გამოფენა- გაყიდვა, კახური ხალხური მუსიკის ფესტივალი და ა.შ  აჩქარებული კულტურული პულსი იმ დღეებში, სწორედ კახეთში  ისინჯებოდა.

მაშინ როცა,  ჩემი მეგობრები და ნაცნობები სოციალურ ქსელში თელავში გასამგზავრებლად ხან თანამგზავრებს ეხმიანებოდნენ , ხან კი შედარებით იაფიან ტრანსპორტს ეძებდნენ, მე და რამდენიმე ბლოგერს კი ნამდვილად გაგვიმართლა, მსოფლიო ბანკის მიერ მოწყობილ საინფორმაციო ტურში აღმოვჩნდით და 19-20 ოქტომბერი თელავსა და ყვარელში გავატარეთ.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის და  საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას უკვე ოც წლიანი ისტორია აქვს და საქმიანობის დაწყების შემდეგ ჯგუფმა საქართველოში  57 პროექტი დააფინანსა, რომელთა მთლიანმა თანხამ დაახლოებით  1.95  მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერი წელს მსოფლიო ბანკიც იყო, გარდა ამისა მსოფლიო ბანკი არის ფინანსური მხარდამჭერი კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში ტურიზმისა და კულტურულ მემკვიდრეობაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებისათვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტის მიზანია პროექტით გათვალისწინებულმა სამუშაოებმა უშუალო სარგებელი მოუტანოს კახეთის მოსახლეობას და იქ ჩასულ ტურისტებს. გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო მიმოსვლა.

ღვინის ტურიზმი, კულტურული ტურიზმი და სათავგადასავლო ტურიზმი –  ეს ის მთავარი კომპონენტებია, რომლითაც კახეთი სხვა რეგიონებისგან უპირატესობით სარგებლობს და სწორედ ამ პრიორიტეტებით იხელმძღვანელეს, როდესაც კახეთის, როგორც ტურისტული ბრენდის შექმნაზე მოუწიათ მუშაობა.” აღმოაჩინე შენი კახეთი ” ასეთია ბრენდის სლოგანი.   არჩევანი შემდეგ უკვე ტურისტზეა, თუ რომელი ტურისტული კომპონენტით მოიხიბლება და იხელმძღვანელებს იგი.

Screen Shot 2013-10-30 at 15.11.04

თელავში საათნახევარში ჩავდივართ და თავდაპირველად ჩოლოყაშვილის ქუჩას ვსტუმრობთ. არ ვიცი, როგორი იყო ეს ქუჩა რეაბილიტაციამდე მაგრამ ახლა აქ სამუშაოები დასრულებულია, სახლები გადახურული ახალი სახურავებით, ზოგან მანსარდებიც დაუდგამთ, ხშირად გვხვდება დიდი ზომის ხის ალაყაფების ტიპის კარებები, თეთრი და ყავისფერი რიკულებიანი აივნები ძველ ფოტოებზე ნანახ სახლებს აცოცხლებს ჩემს წარმოსახვაში, როგორც ჩანს ეცადეს არ დაეკარგათ ქუჩის  კულტურული იერსახე. ზოგიერთმა  ბენეფიციარმა პროგრამის ფარგლებში მაღაზიებიც გახსნეს, ზოგმაც კაფე გახსნა და საკონდიტრო, ზოგიერთი სასტუმროს მოწყობასაც გეგმავს და ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობს. მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრიორიტეტი  კერძო სექტორისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა. ჩოლოყაშვილის ქუჩიდან ნადიკვრის პარკამდე ფეხით მივდივართ, აქ შუმახერებივით დადიან მძღოლები, არ იცი რომელი ქუჩიდან მოგეპარება მანქანა, ამიტომ მეც თვალებს ფხიზლად ვაცეცებ, ხან მარჯვნივ-ხან მარცხნივ, ხან წინ-ხან უკან 🙂

უცხო ქალაქებთან ყველას თავისებური დამოკიდებულება გვაქვს. მოვხვდებით ამ ქალაქში და გვგონია, რომ შეგვეძლოს აქ დავრჩებოდით თუ კი სამსახურს ვიშოვიდით, საღამოობით ველოსიპედით ვისეირნებდით, უცხო კაფეებს ვესტუმრებოდით და ცოტა ნაცნობები გვეყოლებოდა.  2004  წლის თელავი მახსენდებოდა წამოსვლის წინ, ის კი სულაც არ იყო ისეთი, როგორიც გასულ კვირას ვნახე, მაშინ სასტუმროში წყალიც  არ მოდიოდა და მაღაზიიდან წყლები ამოვიტანეთ და ხელები ისე დავიბანეთ. თელავის  ფესტივალზე  გამგზავრების წინ, ძველი წინასწარგანწყობები არ მტოვებდა.

თელავში ჩასულები, რესტორან “ბრავოში” შევდივართ, ქუჩაში ყვითელი ფოთლები მოფრიალებენ. სასწაული შემოდგომა დგას კახეთში. სხვანაირად დიდებული. კვების ობიექტს ვარჩევთ და რესტორან “ბრავოს” ვსტუმრობთ. ეს ობიექტიც რეაბილიტაციის პროგრამის ნუსხაშია და აღდგენის დროს ერთ სართულიან შენობას ისეთი ჭერი გაუკეთდა, რომ მეორე სართულიც დაემატა, ეს კი მეტ კლიენტს და გადაუტვირთავ სივრცეს ნიშნავს. ჩვენ პირველ სართულზე, შემინულ შესასვლელში ვსხდებით და დაღლილები მენიუში ვიკარგებით.

კომუნისტების დროს ძველი ხილ-ბოსტნის მაღაზია, რომელსაც თელაველები ხშირად სტუმრობდნენ, დღეს ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს და ცოლ-ქმრის ლალი მარგალიტაშვილის და თორნიკე ციხისთავის საკუთრებაა. მაღაზია , სადაც ადრე ხილ-ბოსტანი იყიდებოდა დღეს უკვე სტუმრებს და ადგილობრივებსაც ერთნაირი კეთილგანწყობით მასპინძლობს. შესასვლელ კართან ორი მოზრდილი კიპარისი დგას ყავისფერ ქოთანში, ინტერიერი სასიამოვნო და მყუდროა. ჭერიდან ქოთანში ჩარგული ყვავილებია ჩამოშვებული, მარცხნივ ძველებური ხის საკიდიც დგას, ჩემგან ხელმარჯვნივ კი მაღალი ბამბუკის ყვავილები ჩაუწყვიათ ლარნაკში.

ლალი მარგალიტაშვილი, რომელიც პედაგოგია და პარალელურად მეუღლესთან ერთად უძღვება ოჯახურ ბიზნესს, სახლში დასასვენებლადაა გადასული და ბიზნესის ამბებს მისი მეუღლე თორნიკე ციხისთავი  მიყვება. რესტორანი  2013 წელს,  პირველ ივნისს გაიხსნა, რესტორნის გასახსნელად ოჯახს კრედიტის აღება დასჭირდათ,  თუმცა ცოტა დანაზოგიც ჰქონდათ და დღეს უკვე ბიზნესით კმაყოფილები არიან. “ოჯახში დიდი სტიმული შემოიტანა” – ამბობს  თორნიკე ციხისთავი.  დრო და დრო საუბარს წყვეტს და კაფეში შემოსულ ნაცნობებს ესალმება, შეკვეთილ ქაღალდებთან დაკავშირებულ ზარს პასუხობს და ყავას და ნამცხვარს მთავაზობს.

“ ადგილობრივები ყოველდღიურად მოდიან, ტურისტებიც ხშირად გვსტუმრობენ, მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ადგილობრივები ქეიფობენ , რესტორანში დიდხანს რჩებიან, ტურისტები კი – საუზმობენ. აი მაგალითად, რუსებიც ქეიფობენ ჩვენსავით, რომ აიღებენ კერძებს, მტერს (იღიმება) სამზარეულოში 4-5 კაცი მუშაობს მათი სუფრისთვის. ევროპელი ცოლ-ქმარი კი წვნიანს ნახევარზე იყოფენ”- კლიენტების სპეციფიკას მიმხელს  მეპატრონე.

ამასობაში კი რესტორანს მელანო  სტუმრობს, მეზობლის პატარა შავი ძაღლი. “დღეში ორჯერ მოდის, დილით და საღამოს”- მეუბნება ბატონი თორნიკე  და მიმტანს სთხოვს მელანოს საჭმელი მოუგროვოს. შემდეგ ისევ საქმეებზე ეძახიან და მეც ვემშვიდოებები მასპინძელს.

5 წუთიანმა წვიმამ გადაიღო და ნადიკვარზე ისევ მზეა და ალაზნის ველზე ცისარტყელა გაწოლილა.

ფესტივალის ბოლოს წინა დღე თანდათან იწურება და ჩვენც დაღლილები ყვარლის ტბისკენ მივემართებით მოსასვენებლად. არ ვიცი ჭირდება თუ არა კახეთს ჩემგან პოპულარიზაცია, მაგრამ როცა კი სიტყვა კახეთზე ჩამოვარდება მახსენდება ლოპოტა, შატო მერე და ახლა კახეთი სხვა დატვირთვასაც შეიძენს. დილით ყვარლის ტბა საოცრებაა, ირგვლივ ტყეს ორთქლი ასდის, სიწყნარეა და 6 საათი ძილიც კი მშვენივრად ყოფნის ადამიანს. დილის რვიდან დავხეტიალობ, ხან საქანელაზე ვზივარ, ხან კი ვცდილობ მოვდუნდე და სიწყნარით დავტკბე. ის რომ წელიწადის ამ დროს კახეთი ისეთი პროდუქტიული ხდება, ცალკე რთველი, ცალკე ულამაზესი ბუნება, სასწაული ფერები გომბორზე, ცალკე თელავის ფესტივალი, მოკლედ ირგვლივ ზოგან მაჭრის დუღილია, ზოგან კულტურული პროგრამების, რაც  ნამდვილად წამახალისებელი ფაქტორია, თუ  დრო და ფინანსები გიწყობთ ხელს , აიკრათ გუდა-ნაბადი და კულტურული ღონისძიებების პროგრამას ყურადღებით ჩაუჯდეთ, რომ რომელიმე მნიშნელოვანი ღონისძიება არ გამოგეპაროთ. როგორც , ფესტივალის ორგანიზატორი ანა რიაბოშენკო ამბობს, მცირეოდენი ხარვეზები იყო ფესტივალის გაშუქებასთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი,  იმედოვნებს, რომ მომავალ წელს უფრო მეტი გაიგებს თელავის  ფესტივალის შესახებ.

12 საათზე ილიას ტბაზე ძველი მანქანების გამოფენაა. 4 მანქანაა წარმოდგენილი, ერთი ისეთი კარგი წითელია, რომ ოპერატორი  აღებული კადრებით კმაყოფილია. სკვერში  ზოგან ჰამაკები ჩამოუკიდიათ და ზოგიერთი ბედნიერი ჩაწოლილა და წიგნს კითხულობს, ზოგიც მზეს ეფიცხება, მეც ვიპოვე გასართობი და ბატუტზე ვიხტუნავე 5 მეტრის სიმაღლეზე 🙂

ტურის ფარგლებში ყვარელის ცენტრსაც ვსტუმრობთ და რეაბილიტირებულ ქუჩებს ვათვალიერებთ. მსოფლიო ბანკის რეგიონალური განვითარების პროექტის ხელმძღვანელი აჰმედ ეივეიდა გიდობასაც გვიწევს და ჩვენთან ერთად ათვალიერებს რეაბილიტირებულ ქუჩებს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ყვარლის რეაბილიტაციაც დაასრულა, რის შედეგადაც განხორციელდა გზების, ადმინისტრაციული შენობების, ყვარლის ციხის და სხვა ობიექტების რეაბილიტაცია. ჩვენ ასევე დავათვალიერეთ რეაბილიტირებული ქუჩები, სადაც მოეწყო  სახლის ღობეები და ჭიშკრები, კუდიგორის ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე სისტემა და ასევე მოხდა ყველა მობინადრის წყალმომარაგება. კუდიგორის ქუჩაზე  ველობილიკებიც მოეწყო. გარდა, გარე განათებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციებისა, ჩატარდა  გამწვანების სამუშაოებიც. ამ საქმიანობის ყველაზე მთავარი ღირებულება კი ის იყო რომ სამუშაოების უმეტესობა ადგილობრივმა მოსახლეობამ შეასრულა.

შემდეგ ისევ თელავში ვბრუნდებით. ვახვახიშვილების კოშკში მეტად საინტერესო ფოტო გამოფენაა. მოყვარული ფოტოგრაფის, შალვა ალხანაიძის ფოტო-პასპორტები თუშ ქალებს ეძღვნება. 1953-1965  წლებში გაკეთებული ფოტოსესია ინსპირაციული ბიძგის მომცემია.

თელავს საღამოს ვტოვებთ. პირადად ჩემთვის ეს საინფორმაციო ტური ქვეყნის და  კონკრეტულად ამ რეგიონის ახალი შესაძლებლობების და პოტენციალის დანახვაში მეხმარება. ის მემკვიდრეობითი კულტურული რესურსი  და  ბუნებრივი ლანდშაფტი რაც ამ რეგიონს გააჩნია, ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობლებს ბადებს, მთავარია ვინმემ მოინდომოს ამის დანახვა, კახეთის ხელახალი აღმოჩენა.

Read Full Post »

იმედია.

ალბათ ამას შევძლებთ, მოვახერხებთ როდესმე, სანამ ღრმად არ დავჩაჩანაკდებით.

ხო, ცუდ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ძალიან ცუდში. ეხლა აღარ მიკვირს იმ ხალხის, მთელი ცხოვრება სახლის ყიდვას რომ ცდილობენ, მეორე ცხოვრება მის გარემონტებას და კეთილ-მოწყობას. არა, აღარ დავცინებ მათ არასოდეს, არც დამიცინია, უბრალოდ სულ მეღიმებოდა. გუშინ მეზობელმა დააკაკუნა სახურავზე პატარა სახლუკები აიშენა და პრივატიზებისთვის ხელმოწერებს აგროვებდა. რა კარგია ჭერზე სახლი, მე სულ ვოცნებობდი, მას შემდეგ რაც კარლსონის ადგილსამყოფელი შევიტყვე. მესმის  ამ უაზრო რემონტებში გადის სიცოცხლე, მაგრამ როცა საყვარელ ადამიანთან იწყებ ცხოვრებას, როცა პატარა ბავშვი გყავს, როცა გინდა კიდევ გყავდეს ბავშვი, ოღონდ არა იმიტომ რომ ქვეყანას გენოფონდი გაუზარდო, უბრალოდ შენთვის გინდა, შენი სიხარულისთვის, მიუხედავად ათასი გათენებული უძილო ღამისა, ამ დროს საჭიროა, რაღაც ბუდის მაგვარი, სადაც არ შეგეშინდება მეორე დღის გათენება, სადაც როგორც გინდა ისე მოაწყობ საძინებელს, სამზარეულოში ათას ნივთს იყიდი, კომბაინებს და პურის საცხობებს, შეიძლება უმეტესობა ვერ გამოიყენო, მაგრამ მაინც საჭიროა საკუთარი სამზარეულო.

ხოდა, რომ დავწვებით ღამით და მომავალი შაბათ-კვირების დაგეგმვას შევუდგები (მე ძირითადად, ის მეორე დაღლილი მისმენს ან არ მისმენს) სად წავიყვანთ ბავშვს, როგორ გავერთობით, რა იქნება მისთვის უკეთესი, იქნებ ჩვენც წავიდეთ კინოში და ა.შ ბოლო სიტყვა მაინც სახლზე ჩამოვარდება :”ჩვენი სახლი რომ გვქონდეს…მაგარია სახლი. საკუთარი”, ხოდა ამ ტკბილ ნოტაზე ჩაგვეძინება.

გუშინ , საძინებლების პოსტის ნახვის შემდეგ, უფრო მეტად შემომაწვა საკუთარი სახლზე ფიქრები. სახლი და მისი ოთახები ისევე გამოხატავს ადამიანის იდენტობას, როგორც მისი რომელიმე ქცევა ან ხასიათი, მე ასე მგონია. ჩემი საძინებელი თეთრი იქნება, მაგრამ მუქი და სქელი ფარდებიც გვექნება, როცა უჟმურ ხასიათზე ვიქნები ყველაფერს ჩავაბნელებ და სავარძელში მოვიკუნტები.

ხოდა, ეხლა მესმის “სტენკის” დადგმის მნიშვნელობა. ყველას უნდა ჰქონდეს ადგილი ამ სამყაროში, სადაც თუ მოუნდება “სტენკას” დადგამს ან ლუდოვიკოს ავეჯს. გემოვნების ამბავია უბრალოდ.

პ.ს ხვალ კი კახეთში მივდივარ და მომდევნო პოსტს, იქაურ ამბებზე დავწერ. დიდი ფესტივალებია თურმე . ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით.

კარგ ამინდიანი შაბათ-კვირა გვქონებოდეს 🙂

Read Full Post »

გუშინ ღამით ვფიქრობდი, როგორი პროტესტი გვაქვს ქართველებს, როგორი არაჯანსაღი და შეუმდგარი გაპროტესტება ვიცით, ერთ მუშტად მარტო მთავრობების გადასაგდებად ვიკვრებით და ქუდზე კაცი სწორედ მაგ დროს იკრიბება. გადავაგდებთ ძველ მთავრობას, დავსვამთ ახალს (ზუსტად ასე ვიქცევით) მერე ის ოთხი წელი  ვზივართ და ვისვენებთ შეკრებებისგან, პროტესტებისგან, სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისგან, სადმე აქციას თუ დავინახავთ ვერ ვხვდებით რა უნდათ და რატომ იკლავენ თავს სიცხეში, ყინვაში ან ქარში დგომისგან. წავიდნენ თავიან თბილ სახლებში, მიხედონ თავიანთ საქმეს, როდის იყო პატარა საქმეები ქუჩაში წყდება, რუსთაველზე მხოლოდ დიდი საქმეები წყდება, კარგად იცით რომელიც.

ბოლო დროინდელ აქციებზე ვფიქრობდი, რომელზეც ანდრია მოკიდებული დავდიოდი და მთელი შიგნეულობა მქონდა ჩამწყდარი (ბავშვიანი დედები მიხვდებიან , როგორი მტკივნეულია როცა საკუთარი ხერხემლის ღრჭიალი გესმის) სხვები იფიქრებდნენ, რომ რა მრჯიდა , დავტეულიყავი სახლში ბავშვთან ერთად, ამით ხომ არაფერი შეიცვლებოდა.

ეხლა როცა, მცოცავი ოკუპანტი ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევს და გვართმევს თითო გოჯა მიწას, რომელიც მისი საკუთრება არაა და ცდილობს ურცხვად დაგვეპატრონოს, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას არ გვაქვს ჩამოყალიბებული  პოზიცია, არ გვაქვს იმის სამოქალაქო რესურსი, რომ ყველას დავანახოთ (იმ მთავრობასაც, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დაგვპირდა და თითის განძრევას ვიღა სჩივის, სიტყვასაც კი არ იმეტებს საკუთარი მიწის და საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის და საკუთრების დასაცავად) როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის დიცის და დვანის სოფლებში ადამიანების არსებობა და მათი სახლები, სადაც საღამოობით ფანჯრებს გაანათებს შუქი, დღისით ეზოში ირბენენ ბავშვები, დიასახლისები გემრიელ კერძებს გაამზადებენ თავიანთ სამზარეულოებში, უბრალოდ სადაც ამ ადამიანებს ექნებათ უსაფრთხოდ ცხოვრების პერსპექტივა.

ჩვენ ვერცერთ მთავრობას ვერ დავანახეთ, რომ ბევრი ვართ როცა საქმე რელიგიური და სექსუალური უმცირესობების დაცვას ეხება, ვერც მაშინ ვერ გამოვიჩინეთ თავი როცა საქმე ხეების გაჩეხვას, გიგანტური ჰესების აშენებას და სხვადასხვა უგვან უკანონობას ეხებოდა, ვერც ეხლა ამოვიღებთ ხმას, როცა მგონი თითქმის მთელი საქართველო სოჭში გამართულ ოლიმპიადაზე  ქართული მხარის მონაწილეობის წინააღმდეგია და მაინც თებერვალში ჩვენ ყველა დავსხდებით ჩვენს ძვირფას ტელევიზორებთან და გულაკანკალებული დაველოდებით ჩვენს  გამარჯვებებს და ყოველ დამარცხებაზე თითებზე ფრჩხილებს დავიკვნეტთ სიმწრისგან.

სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ პრეზიდენტები, პარლამენტის წევრები, მოვაწყოთ რევოლუციები, ძირს დავანარცხოთ კერპები და მერე მის ადგილზე ახალი კერპები დავამონტაჟოთ, რომლის არსებობის გარეშე ალბათ რთულია ჩვენი სოციალური იდენტობის განსაზღვრა.

პრინციპში მეტი საქმე არც გვაქვს.

პ.ს მაპატიეთ სკეპტიციზმისთვის.

Read Full Post »

შემოდგომაა, როცა სახლიდან გადიხარ მარტო, შენი კაცი კი დანაპირებს ვერ ასრულებს და ისევ მონიტორს უზის, შენ კი დაბოდიალობ ხალხმრავალ ქუჩებში და სულ არ გაწუხებს მათი არსებობა.

შემოდგომაა, როცა შენი საკუთარი თავიც გყოფნის და სულაც არ ხარ უბედური.

შემოდგომაა, როცა ყვითელ კოლგოტს ყიდულობ და ერთი სული გაქვს , როდის ჩაიცვამ. (მიუხედავად, საშინელი ფეხებისა) მანამდე კი კამოდში აწყობ. კომბლესავით (გამახსენდა, ქართული ზღაპრები უნდა ვიკითხო)

OLYMPUS DIGITAL CAMERA

შემოდგომაა, საშინლად ცივა. უნდა გადმოვალაგო წვნიანების მივიწყებული რეცეფტები მობილურის ფოლდერიდან, უნდა გადმოვალაგო მაცივრის კოლოფებიდან ჭარხალი, სტაფილო და ყვავილოვანი კომბოსტოს ბურთები, უნდა შემოვდგა გაზზე ცხელ-ცხელი წვნიანები. უნდა მოვიმარაგო ყველაფერი, რაც ცივ ზამთარში დამჭირდება, უნდა მოვიმარაგო გამძლეობა, მოთმინება და სიყვარული. რა ძნელია ხომ ამ ყველაფრის თავმოყრა და მომარაგება, კარგი იქნებოდა ამათაც კომპოტებივით რომ ვხუფავდეთ და აჯაფსანდლებივით ვაკონსერვებდეთ, საჭირო დროს გავიხსნიდით და ყველაფერი მშვიდად და კანონზომიერად იქნებოდა.

ჩემი შვილი წლის და 5 თვის და 10 დღისაა, ჩვენ აგერ უკვე მეორე საღამოა ჩაბნელებულ სახლში ვთამაშობთ დამალობანას. მან ყველაფერი ძალიან სწორად გაიგო და მთელი მუღამით ჩაერთო ამ თამაშში, გიჟდება როცა თავისი გონიერების გამოვლინებას ხედავს, დახტის და ბედნიერია. მე კი მიხარია, რომ ის გავაჩინე.

ხვალ დილით ძალიან ეციება, ზამთრის ტანსაცმლის როტაცია უნდა მოვაწყო, ზაფხულის ჭრელი და ფერადი კაბები, მოვაწესრიგო და 6 თვიანი დავიწყებისთვის მოვამზადო.

საშინლად ვწუხვარ რომ ქსოვა არ ვიცი, ყოველ შემოდგომას ვდარდობ, თავს მაინც შევიქცევდი ქსოვით.

Read Full Post »

%d bloggers like this: