Feeds:
Posts
Comments

Archive for November, 2013

ხანდახან, მინდა შემოვიდე ამ – ჩემს ბლოგზე და ვიკითხო : ჰეი, აქ ხართ? მართლა მელოდებით? ცოტა რომ ავუწუნდე გექნებათ ჩემი თავი?

მოგიყვეთ იმაზე თუ როგორ მენატრება ჩემი ბიჭი, რომელსაც მხოლოდ ღამით ვხედავ და მიუხედავად მონატრებისა, როცა მოდის  ისე მეძინება მირჩევნია არ დამელაპარაკოს და ისე დაიძინოს. ვერა ვერ მოგიყვებით, მას არ უყვარს როცა პირადულზე ვლაპარაკობ, არც ის არ უყვარს, როცა მასზე ვლაპარაკობ. ხოდა რა უნდა მოვყვე?

ხო, ჩემს დაღლილობაზე მოგიყვებით. დილით შვილი, რომ ამასწრებს საწოლიდან და ოთახებში ეძებს მამას, მამამ კი გაასწრო სამსახურში, ძალიან  ეჩქარებოდა, საღამოსაც აგვიანდება მამას და ის – ბავშვი ისევ წვება საწოლში, თავის ქანცგაწყვეტილ დედასთან ერთად და ასეა კვირაში  6, ზოგჯერ 7  დღე. არაა ეს ნორმალური, მაგრამ რა ვქნათ, ნორმალურ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ და ამასაც უნდა გავუძლოთ.

მეც დავიღალე. დედა. ეზოში, კი ფსიქიურად ჯანმრთელი შეხედულების მოხუცი (არც ისე, უფრო ხანში შესული ეთქმოდა) ქალი ჩემი და ბავშვის დანახვაზე ქირქილებს. ბავშვს ვეუბნები :”წავიდეთ დე მაღაზიაში ბუშტები ვიყიდოთ”. ამ ქალს ან ჩემი გახეული ჯინსი არ მოეწონა ან ბუშტების ყიდვის იდეა. უცნაური ხალხია, მე კიდე მათგან სულ მცირე ემპათიის და მხარდამჭერის იმედი მაქვს, რა სულელი ვარ. კი არ მიდარდია, უბრალოდ რა ჭირს ამ ხალხს? ასე რა აღიზიანებთ? მეც ხომ მათნაირად დაღლილი ვარ და არ ვიგესლები? შემდეგ , წავედით და ვიყიდეთ ძალიან ბევრი ბუშტი, სხვადასხვანაირები, ფერადები და ვინც კი შეგხვდა პატარა ბავშვი ყველას მივეცით, დანარჩენი სახლში გავბერეთ და ანდრიაც მიხვდა, რომ სხვისი ბუშტი არ უნდა მიითვისოს, პირიქით დაუბრუნოს და როცა ექნება საკუტარიც გააჩუქოს. ისედაც წამში სკდებიან. ბუშტები არიან რა.

აი, ეხლა როცა ქანცგაწყვეტილი ცხენივით ვაგდივარ საწოლში (წესით უფრო კორექტული უნდა ვიყო საკუთარი თავის მიმართ)  მტკივა წელი და ვერაფრით ვახერხებ სამზარეულოში გასვლას და ნანატრი “მარტო ჩაის” რიტუალის შესრულებას, ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე, რომელსაც ყოველ დღე დღევანდელივით ვგეგმავ და ბოლოს წელმოწყვეტილი ვწვები საწოლში, იძულების წესით და მკვდარივით მეძინება.

აი ასეთი გაჭირვებული, დაღლილი და გათიშულ ტვინიანი ვარ მე, ღამის თორმეტ საათზე.

იმედია, დროზე მოვა ახალი წელი და ცოტა ხნით ერთად ყოფნას მოვახერხებთ, მთელი ოჯახი. ქუჩაში გავისეირნებთ, პროდუქტებს ერთად ვიყიდით, ცოტას გამოვიძინებთ, ნაძვის ხეს გავაწყობთ, მე რამე გემრიელ ნამცხვარს გამოვაცხობ, თუ არ გამომივა არც მაგაზე ვიდარდებ. ესღა მასულდგმულებს.

ბოლოს კი დაგიტოვებთ ჩემს ბოლო ნაღვაწს მასწავლებელი.ჯისთვის დაწერილს.

ტკბილი ძილი მეგობრებო და კეთილი სიზმრები.

Advertisements

Read Full Post »

შეიძლება იმის ბრალიც იყო, რომ  გაგანია ნოემბერში გავქანდი ქუთაისში და ამიტომაც მომეჩვენა განსაკუთრებულად  პირქუში და დაგლახაკებული ეს ქალაქი, ხალხიც უფრო მეტად დააღლილი ჩანდა, გაგულგრილებული და ნაცნობი ადამიანები უფრო მეტად დაბერებული.

ჩემზე ბევრად უმცროსები სულ მთლად გაზრდილები და გადიდკაცებულები დამხვდნენ, უფროსები კი დიდ ქალებს და დიდ კაცებს დამსგავსებოდნენ, გასაღების აცმას ატრიალებდნენ ხელში და ახალ მანქანებს საშიშად დაატარებდნენ, მე კი დავდიოდი დახეული ჯინსით და მიჩანდა ორივე შიშველი მუხლი, მერე სარკეში ჩავიხედე და მეც არ ვიყავი პატარა. სკოლის დროინდელი, ძველი ე.წ  “თაყვანისმცემლებიc” არ მომესალმნენ, გვერდი ამიარეს , შემდეგ მე ავარიდე ძველ ნაცნობს თვალი, ვიცოდი ფორმალური მიკითხვ-მოკითხვის გარდა საინტერესო არაფერი იქნებოდა. ძალიან ცოტა ვინმე ვნახე.

მერე ერთ დღეს მარტო ვისეირნე, ნაცნობები მგონი აღარ მყავდა, ან არ ჩანდნენ, ან ყველამ ოჯახი შექმნა და სახლში გამოიკეტა, ან სამსახურები აქვთ,  ან კიდე რავიცი, ათასი მიზეზია გარეთ არ გახვიდე, გავიხედე და ადამიანები, როგორც მოწყენილი კადრები ისე დააბოტებდნენ. ერთ კაფეში შევედი, ფოე-ფოე ქვია, საქმე მქონდა, ინტერნეტი არ ჰქონდათ, მე კიდე ინტერნეტის გარეშე ფაქტობრივად ცალხელა ვარ, ხოდა დავლიე უგემრიელესი ლატე და მივირთვი კაკლის მურაბა (ეს პოზიტივი მაინც უნდა ავღნიშნო), მეგონა პერსონალი ან მოდემს გადატვირთავდა ან სადმე დარეკავდა და ინტერნეტს რამეს უზამდნენ, მაგრამ არა შენც არ მომიკვდე. ისევ მე ვიგრძენი უხერხულად თავი და ავდექი და წამოვედი.  შეიძლება ნოემბრის პირქუში დღის ბრალი იყო, რომ  თვალები მტკიოდა. მარტო სიარულის მრცხვენოდა, რატომ მქონდა ეს შეგრძნება არ ვიცოდი, მეგონა ვიღაც მითვალთვალებდა, ძველი ნაცნობი, ძველი ამბები ან მე აღარ ვიყავი მათთვის მეგობარი.

ცენტრალურ მოედანზეც გავიარე, მამაჩემის მუზეუმიც აღარ არსებობდა. ჩამოფხავებულ და ჩამოფხრეწილ შენობას რა ფუნქცია აქვს ისიც არ ვიცი, უბრალოდ ვიცი ის რომ იმ საათთან მე და მამაჩემი აღარ შევხვდებით ერთმანეთს და არც სამომავლო გეგმებზე დავილაპარაკებთ. დანარჩენს ყველაფერს კაპიკი აქვს ჩემთვის ფასი.

ხანდახან მინდა ავდგე და ჩემი გულის წყვეტები ყველას მოვუყვე, მაგრამ თავს ვიკავებ. ვერასდროს ვახერხებ ისე გადმოვცე რამე, როგორც საჭიროა, თან სულ ისეთი განცდა მაქვს, რომ ვერ გამიგებენ. ხოდა იმდენს ვფიქრობ,მერე უამრავი სიზმარი მესიზმრება და მამაჩემსაც ვნახულობ იქ.

ქუჩაში დავინახე და მეწყინა, გოგო ეძახდა  ქმარს :” ზურა დამელოდე”,  ის კიდევ გარბოდა და გოგო უკან მისდევდა. იმის მაგივრად, რომ ხელი ჩაეჭიდა  და ასე სამაგალითოდ, ყველას დასანახად და ყველას პირების დასაღებად, საყვარელი ქალი გვერდზე ეტარებინა, როგორ მოიქცა. ფუ !  გონიათ კაცები არიან და კაცებივით იქცევიან, გონიათ ცოლებს საჯაროდ ნორმალურად თუ მოექცევიან ამით თავმოყვარეობა შეელახებათ. ასეთი უტვინოები როგორ არიან?! 😦

მერე გამახსენდა, რამდენი ხანია მე და ჩემს ბიჭს ხელი-ხელ ჩაკიდებულს არ გვისეირნია, ჰოდა დავურეკე. წიგნს კითხულობდა, ინტერნეტის ჩართვას არ ჩქარობდა და მიხარია, რომ  ცოტა ხანი დაისვენებს ჩვენს გარეშე. ხანდახან კარგია წასვლა, ძველი გრძნობები ისევ სტიმულში მოდის, შეყვარებულები რომ ვიყავით, ყველგან რომ დავეხეტებოდით და ერთმანეთი არასდროს არ გვყოფნიდა. ეხლა ორივეს მხოლოდ გამოძინება გვენატრება და ერთმანეთის თავებსაც იშვიათად ვხედავთ.

წამოსვლისას ძალიან დავიღალეთ. საქართველოში ხომ არ არსებობს ისეთი ტრანსპორტი, რომელში ჩაჯდომის დროსაც არ გექნება ისეთი შეგრძნება, რომ სიბინძურისგან ან მუწუკები გამოგივა ან ჰაერისგან დაავადდები, მატარებლის სიბინძურემ და ქუთაისის ახალმა გარემონტებულმა  მატარებლების სადგურმა, სადაც ერთი ცალი ტუალეტიც კი არ იშოვება (მ ა რ თ ლ ა !) მართლა შოკში ჩამაგდო. ტუალეტი არ არსებობდა, მაგრამ იქაურობას მაინც ტუალეტის სუნი ასდიოდა. ადგილობრივები და ტურისტები კი ერთად დარბოდნენ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ადგილის მოსაძებნად. ძაან სამარცხვინოა და მაგრადაც გავბრაზდი.

სამაგიეროდ ქუთაისს აქვს პარლამენტი, სადაც ალბათ ბევრი ტუალეტებია და სადაც ყოველ გაწვიმებაზე  წვიმა ჩადის. 

უცნაურია ქალაქია ქუთაისი. გაზაფხულზე უფრო მიყვარს.

 

Read Full Post »

%d bloggers like this: