Feeds:
Posts
Comments

Archive for December, 2013

მე მიყვარს დღესასწაულები, თუნდაც სანტას არაფერი არ მოჰქონდეს და იმედებს მიცრუებდეს, თუნდაც არ თოვდეს და გარემოც არ იყოს ისეთი აურით სავსე ფილმებში რომ აჩვენებენ, მე მიყვარს დღესასწაულები  ხანდახან დაძაბულ და გაგიჟებული ცხოვრების რიტმში, ცოტას რომ ამოგვასუნთქებს, პირველ საათამდე ძილს გვაცლის და ოჯახში ყველას ერთად რომ მოუყრის თავს, შვილები მშობლებს ნახავენ და ყურადღებას მიაქცევენ ერთმანეთს.  რა სისულელეა ახალი წლის და სხვა დღესასწაულების იმის გამო შეძულება, რომ სანტა არ არსებობს, საჩუქრებს არ მოგვიტანს, მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ, პრობლემა ჩვენშია და არა თარიღებში, შევიძულოთ ყველა და ყველაფერი, დავცინოთ და ვებრძოლოთ ყველაფერს რაც სხვისთვის მნიშვნელოვანია. მე პატივს ვცემ ყველას სურვილს იყოს ბედნიერი წელიწადის რომელიღაცა დღეს, პატივს ვცემ დასვენების დღეებს, იმიტომ რომ წელიწადში ერთხელ ამ საახალწლო კვირეულში ჩემი ქმარი სახლში იქნება და ჩვენთან ერთად გაისეირნებს, კარგად გამოიძინებს, შაბათ-კვირას სამსახურიდან არავინ დაურეკავს და მისვლას არ სთხოვს, ვისაც დასვენება არ სჭირდება  და ადგეს და მიბრძანდეს სამსახურში არა მგონია მუშაობა ვინმემ დაუშალოს.

მიყვარს შობა, რომელიც თუგინდ  25 დეკემბერს იყოს და თუგინდ  7 იანვარს, მთავარია რომ ქრისტე იბადება, ისეთივე ძალით და სიკეთით, როგორც სულ პირველად დაიბადა. თუგინდა, გაზაფხულზე იყოს შობა, პატარა იები რომ გამოჩნდებიან, გინდა აგვისტოში სიცხისგან სული რომ გეხუთება, მე მგონია თარიღებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და სწორედ ამიტომ არ ვიმახსოვრებ დაბადების და გარდაცვალების თარიღებს, უფრო მეტად გარდაცვალების, ცოცხლები ახერხებენ რომ მათი დაბადების დღეები არ  დაგვავიწყდეს. მთელი ბავშვობა შობასაც და ახალ წელსაც ორჯერ ავღნიშნავდით, არ მახსოვს ამის გამო ქვეყანა დაქცეულიყო, პირიქით გაორმაგებულად და გაოთხმაგებულად გვიხაროდა ეს დღესასწაულები, სოფელში ბებიასთან ყველა ერთად ვიყავით, ცხვებოდა ხაჭაპურები, ჭერზე დაკიდებული კუპატებიდან ცხიმი წვეთავდა, ბუხარში ცეცხლს არ ვანელებდით, კაცები, ჩვენი მამები ხან ტელევიზორს უყურებდნენ, ხან კამათელს აგორებდნენ, მეზობლები მოდიოდნენ, ერთმანეთს ულოცავდნენ, მერე ჩვენ მივდიოდით ალილოზე და ფულს და ტკბილეულს ვაგროვებდით. ღმერთო, რა კარგი იყო ყველაფერი.

ეხლა კიდევ რა ხდება? ერთმანეთს იმის გამო ლანძღავენ შობას 25 დეკემბერს აღნიშნავ თუ 7-ში, ეხლა ვითომ პროგრესულები ერთმანეთს მხოლო 25 დეკემბერს ულოცავენ, 7 იანვარს კი მუნჯდებიან და სხვების მუცლების ამოყორვაზე ხითხითებენ. ხანდახან ისე მინდება ამ ქვეყნიდან გავქრე, წავიყვანო ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი და აღარასოდეს აქ არ დავბრუნდე. იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებულად კარგი ვარ, უბრალოდ დავიღალე ამ ბოღმიანი და გულგასიებული ხალხით, მათი დაუსრულებელი ცინიზმით, სიძულვილით და ყველანაირი ღირებულის გაუფასურებით.

ხანდახან, ძალიან მწყდება გული რომ აქ დავიბადე, მაგრამ აქ რომ არ დავბადებულიყავი არ მეყოლებოდა უტა და ანდრია და საერთოდაც ნეტა ვინ ვიქნებოდი კაცმა არ იცის 🙂

მე ყველას გილოცავთ, ყველა ძვირფას დღესასწაულს და ძვირფას წუთს, დასვენების დღეებს და გამოძინების დილებს, დღესასწაულის განცდა და მისი შეგრძნება,  მგონია ერთგვარი ნიჭია. სულ სხვანაირი პოსტის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ სულ სხვაგან წავედი.

მომდევნო წელს ვისურვებდი ცოტა მეტი ურთიერთპატივისცემა გამოგვეჩინა ამ უსულო დღეების და თარიღების და სხვისი რწმენის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მისი მატარებელი, კათოლიკე, მართლმადიდებელი ქრისტიანი, მუსლიმი თუ ბაპტისტი. მთავარია სხვისი სიხარულის და რწმენის გაზიარება და მისი დაფასება შევძლოთ, მერე კი ყველაფერი უფრო უკეთ იქნებოდა.

 

Advertisements

Read Full Post »

დღეს პირველამდე გვეძინა. მერე ანდრია წამოდგა და მატყუარას სროლა დაიწყო, ეს იმის  ნიშანი იყო, რომ უნდა წამოვმხტარიყავი  და საჭმელი მომემზადებინა. ხანდახან, უტა უმზადებს ფაფას  და ტანსაცმელსაც აცმევს, ის 5-10 წუთი კი , რომელსაც მარტო დარჩენილი ვატარებ ჩემთვის ისე სასიამოვნოდ იწელება, მგონი ყველაზე ნაყოფიერი ძილით მაგ დროს მძინავს.

ახალი წელი მოდის, მინდა ერთი დღე სადმე გავიდე და საჩუქრები შევარჩიო, საკუთარი თავისთვის, ანდრიასთვის და უტასთვის. ანდრიასთან ერთად ეს ყველაფერი არ გამოდის, მზადაა ყველაფერს ეცეს,  ძირს გადმოყაროს და ნივთები მიისაკუთროს.

მივხვდი რომ ყავის და ჩაის ჭიქები არასდროს დამტოვებენ გულგრილად, მაგრამ მათ მაშინ შევიძენ როცა საკუთარი, თეთრი სამზარეულო მექნება, სადაც ჩამოვჯდები მშვიდად და ქვევრივით ჭიქაში ყავას დავისხამ, შევხედავ თეთრი კაფელის კედლებს, სუფთა იატაკს, სადა ინტერიერს და ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქით დავტკბები (გუშინ კუნდერა დავამთავრე:). ღმერთო, რა ნეტარებაა მომავალ (?) საკუტარ სახლზე ლაპარაკი, ყველა ნივთს , რომელსაც ვხედავ ამ სახლისთვის ვიგულებ. არ ვიცი მექნება თუ არა, მაგრამ ხანდახან ჩემი სურვილებიც ხდება და იმედია ესეც ახდენას ექვემდებარება.

იწურება დეკემბერიც. ჩემი თავით კი მაინც უკმაყოფილო ვარ, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა, უფრო მეტი ღამე უნდა გამეთენებინა,უფრო მეტი მესწავლა, უფრო მეტი მეფიქრა, ჩემი ქმარი კი იძახის, რომ არასდროს ვკმაყოფილდები და სულ უფრო მეტი მინდა. მართალია. ძალიან მინდა ბევრ საქმეს ვაკეთებდე, კარგი ანაზღაურება მქონდეს, ბავშვსაც ყურადღებას ვაქცევდე და საერთოდაც “იდეალური ” გოგო ვიყო, მგონი ყველაფერი ერთად არ გამოდის, მაგრამ ამ ახალ წელს ძალიან შევეცდები მაქსიმუმის გაკეთებას, იმ პირობებში რაც მექნება და არასდროს დავყრი ფარ-ხმალს და უაზროდ არ ვიწუწუნებ. წუწუნზე უსარგებლო რამ ცხოვრებაში არ გამიგია 🙂

ზამთარსაც გადავიტან და ანდრიას ბაღში მივიყვან, ასე ვგეგმავ და შემდეგ მე სამსახურს ვიშოვი და მუშაობას დავიწყებ, წარბებს დავიწვრილებ, ფრჩხილებს სამაგალითოდ მოვუვლი და აი ისე მოვიქცევი “შემდგარი” დედები რომ იქცევიან 🙂 ვხუმრობ რა თქმა უნდა, უბრალოდ ძალიან მომენატრა “შემდგარი” ქალი-დედასავით გამოწყობა, გამოპრანჭვა, მაღალ ქუსლიანებზე აფოლხვა და სადმე წაკუსკუსება. კინოში რამდენი ხანია არ ვყოფილვარ აღარ მახსოვს, ბოლოს რაღაც ანიმაცია ვნახე და მას შემდეგ არ ვყოფილვართ, არც “მანდარინები” მინახავს და არც “გრძელი, ნათელი დღეები”, ამის გამო კი არ ვგრძნობ თავს ფრუსტრირებულად უბრალოდ ხანდახან კარგია განმარტოება იმ ბიჭთან ვინც გიყვარს და ვინც ძალიან გენატრება, ხელში თუ ჩაიგდე, მძინარესაც ისე ელაპარაკები სისულელეებს, როგორც ფილმებში ხდება, ტან გძინავს და თან ლაპარაკობ, ის მდგომარეობაა როცა ერთს არ ესმის რას ეუბნებიან და მეორე ვერ ხვდება რას ლაპარაკობს 🙂 მინდა მომავალ წელს, უფრო მეტი დრო გვქონდეს ერთმანეთისთის მოსასმენად და ერთმანეთს ძილ-ღვიძილში არ ველაპარაკებოდეთ გაბრუებულები.

ჰო, მეორე წელს მინდა მარტენსები, ჰანტერის ბოტები და მგონი მეტი არაფერი. რა მოხდა ჯერ კიდევ გოგო ვარ და საკუტარი თავიც არ უნდა დავივიწყო 🙂

საახალწლოდ კი ღამის ნათურას თუ მაჩუქებს ვინმე ამისთვისაც მადლიერი ვიქნები.

საღამოვდება. ანდრიას ძინავს. ქაცვის ჩაით ვიჭყიპები. მას როცა ძინავს ისეთი ძალების მოზღვავებას ვგრძნობ, თითქოს შემიძლია მთები გადავაბრუნო. გაიღვიძებს და მისი კაპრიზების შემსრულებელი გავხდები და უცებ დამიმონავებს ❤

ბედნიერ შაბათს და კვირას გისურვებთ.

პ.ს არ ვიცი კითხულობთ თუ არა ჩემს ბლოგებს მასწავლებელი.ჯიზე, მაგრამ მაინც შემოგთავაზებთ ბოლო  ბლოგს, წინა საშობაო განწყობებზე და ყველაზე წითელ ქუდიან და კარტუზ ჩამოფხატულ ბიჭზე, რომელიც ისე ძალიან მიყვარს, რომ ყოველ წელს დეკემბრის შუა კვირაში მის ამბებს გადავიკითხავ და მერე ისეთი ბედნიერი ვარ, თითქოს მე ვიყო ის ბიჭი, ცოტა თავქარიანი და ყველაზე გულწრფელი.

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=15&id=94

 

Read Full Post »

დეკემბერი კარგი იყო, ღამით სტატიებს ვწერდი, დილით ბლინებს ვაცხობდი, შუადღით ბავშვთან ერთად გარეთ ვსეირნობდი – რა უნდა მექნა, სახლში ვერ გააჩერებ- ფაჯნრიდან გადავა, საჭმელებს ვაკეთებდი, სულ არ მსიამოვნებდა, მაგრამ რა მექნა,  ვწუწუნებდი დაღლილობაზე და ვტიროდი ხოლმე, კიდევ როგორ მოვახერხე არ ვიცი, მაგრამ უცებ კარგი რაღაცაც მოხდა საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის  ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი, კონკურსი გენდერული უთანასწორობის და თანასწორობის შესახებ ახალგაზრდული ხედვის წარმოჩენას ეხებოდა, დაჯილდოება 6 დეკემბერს გაიმართა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გადმოგვცეს საჩუქრები და  სიგელები, ხოდა  რა უნდა იყოს ამაზე კარგი სტიმული დედისთვის, რომელიც სახლშია, ათას საქმეს აწყდება და სხვები მაინც ვერ ხვდებიან, რომ მისი საქმეც საქმეა და მისი საქმეც დასაფასებელია, არა პედესტალზე შემოსადგმელი, უბრალოდ ოდნავ დასაფასებელი და დაფასებას ვინ დარდობს, ხელი მაინც არ შემიშალონ, დახმარებას ვიღა ჩივის 🙂

ამ წელს ვინც ძალას და საკუთარი თავის რწმენად მიღრმავებდა ჩემი ბიჭი იყო, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა “ღირს”, “გააკეთე”, “შენ სხვაზე მეტად შეგიძლია”, “მე რაც შემეძლება ხელს შეგიწყობ” , “გთხოვ კარგად იკვებე”, “ღამის თევას ჯობია დილით ადგე, მე გაგაღვიძებ” და ასეც იქცეოდა, ბავშვს აბანავებდა, აძინებდა, აჭმევდა, პროდუქტებს ეზიდებოდა, ტკბილეული მოჰქონდა, რომ ღამეების გათენება არ გამჭირვებოდა, ისიც დაღლილი იყო , ძილი არ ყოფნიდა, სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა. ყველაზე კარგი ამ თვეში რაც გააკეთა ისაა, რომ ველოსიპედით სიარული დაიწყო სამსახურში და სახლშიც ტელევიზორს ნაკლებად მოიხმარს, ვუთხარი ეს ოხერი არხები საერთოდ გავათიშინოთ მეთქი და ვნახოთ რას იზამს.

ბავშვმა ბევრი რამე ისწავლა, ერთ-ერთი ბოტების ჩაცმა და აქეთ-იქით ბაკუნია, ჩაიცვამს თავის ლურჯ ბოტებს და დახტუნაობს ოთახიდან ოთახში, ლაპარაკის დაწყებას დიდად არ ცდილობს. იცის არას თქმა და თავის საყვარელ თაფლს – თაფის ეძახის, მთელი დღე მღერის და ქარიან ამინდებში ხატავს, მე არაფერს არ ვაძალებ, როცა უნდა მაშინ დაიწყებს ლაპარაკს, სად წავა. მე კი ვუყვები ათას ამბავს და არეულ ზღაპრებს. დავიწყებ :”იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა”, გავიმეორებ ამას სამჯერ და ვეღარ ვხვდები როგორ გავაგრძელო. ამ საკითხში სამცადინო მაქვს ბევრი.

ესეც ჩემი ბოლო პოსტი მასწავლებელი.ჯისთვის დაწერილი

Read Full Post »

%d bloggers like this: