Feeds:
Posts
Comments

Archive for January, 2014

სულ ტყუილად, ყველაფერი ცუდად დაიწყო. წინა ბლოგის დაწერიდან მეორე დილას ჩემს მაკბუქს ცოდვებმა უწია თუ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ შემთხვევით ხელი გავიქნიე, იმ გაქნეულ ხელში კი ფინჯანით ყავა მეჭირა, მოხდა ის რისიც ყოველთვის მეშინოდა და ახლა ამის გახსენებაზე, სულ ჭიანჭველები დამდის ტანში. ჯობდა ის ცხელი ყავა მე გადამსხმოდა, ან ფეხი დამეწვა, ან ხელი, ან ფეხი მომტეხოდა, ოღონდ იმას არაფერი დამართნოდა. ზუსტად ასე ვფიქრობდი, სანამ ცოტა მოგვიანებით ჩემმა ქმარმა, სრულიად რაციონალური მსჯელობით არ ამიხსნა, რა ცუდი შედეგები მოჰყვებოდა ჩემს ხელის ან ფეხის მოტეხვას. ხოდა, ისევ აღვივსე იმედებით, რა მოხდა რომ ჩემი მესამე ხელი დროებით ცუდადაა, კარადის თავზე განისვენებს და მკურნალობას ექვემდებარება. ესეც საქმეა. ფაქტობრივად გადარჩა. ეხლა ცოტა მეტი უნდა ვიშრომო, სამკურნალო თანხა შევუგროვო და ისიც გამოჯანმრთელებული და ლამაზი ისევ სახლში მეყოლება.

საშინელება ყოფილა ეს ნივთებზე დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ ვთქვი წელს უარი სხვა ძვირადღირებულ ნივთებზე. ნივთი იმისთვისაა, რომ გაფუჭება არ დაგენანოს და მერე ნერვიულობას არ გადაყვე.

მოკლედ ასე დაიწყო ჩემთვის 2014 წელი. ახალ პროექტში ჩავერთე-ჩამრთეს, რომელიც მთლიანად ენთუზიაზმზე დგას, მაგრამ როცა მეგობრები აკეთებენ და იქ შენს როლს ხედავენ, მგონი უარის თქმა არ ღირს. ისევ ბლოგები და უკვე ახალი სტატუსი : რედაქტორი :)) თავიდან ისე ძალიან გამეცინა, როგორც ეხლა თქვენ გეცინებათ. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი ტვინი და გონება ისევ სხვა სამსახურს უტრიალებს, იმ დილებს, როცა ძალიან დამეზარება ლოგინიდან გამოძრომა და სამსახურში წასვლა, მაგრამ მაინც ძალიან მეყვარება.

გაზაფხულზე ანდრია ორი წლის ბიჭი გახდება , ბაღში წავა და ზუსტად ვიცი ჩემსკენაც გადმოიქროლებს ცვლილებების ქარი. აი, ძალიან ველი ამ ყველაფერს. მანამდე კი მასთან ურთიერთობით ვტკბები, ხან ვბრაზობ და ხან ვჩხუბობ. ვერ წარმოიდგენთ, რა ცელქია, ძალიან მარტივად შეუძლია ადგეს და უჯრაში ჩაჯდეს, სკამი მიიდგას და სამზარეულოს კარადაზე ავიდეს და სხვა მაიმუნობები. სახლში პატარა ემილი გვყავს.

სხვა რა ხდებოდა დამავიწყდა. მეზობლები კედლებს ბურღავენ და ჩემი გონება მხოლოდ მასზე კონცენტრირდება. ანდრიას ძინავს, მეგონა ბურღვები შეაწუხებდა, მაგრამ მშვიდად ძინავს. უნდა მოთოვოსო ამბობენ, ცოტას კი თოვს მგონი გარეთ. ყველანი ჯანმღტელები და საღსალამათები ვართ. მადლობა ღმერთს. ამ წუთას ბედნიერი ვარ და მიხარია.

რა კარგია საღ გონებაზე ყოფნა 🙂

Advertisements

Read Full Post »

ღამის ორი საათია. გაზზე ჩემი ლამაზი და ფერადი სუპი დუღს, მინდა ხვალ დიდხანს გამოვიძინო და საჭმელიც გამზადებული იყოს.

ბიჭებმა დაიძინეს. ერთი კვირაა დავდივართ, ხან სად და ხან სად, სახლში არ გავჩერებულვართ, ანდრიაც ყველგან დაგვყავს, გახარებულია და ბედნიერი, როგორც კი სახლის კარს გამოვიხურავთ და კიბეზე დავეშვებით თავის ენაზე გახარებული იწყებს ჭყლოპინს. მასთან ერთად მეც მიხარია, უტასაც უხარია და მახსენებს ჩემს ძველ საყვედურებს “არ გიყვარს ჩვენთან ერთად სიარული”-ო, ხოდა ყველა ასეთი საყვედური უკან მიმაქვს 🙂 სიარულისგანაც და ამდენი დღესასწაულისგანაც დავიღალე და ხვალიდან უკვე მშვიდად და ყველა ადრინდელი რიტუალის დაცვით ჩავეფლობი იმ “მოსაწყენ” რუტინაში, აქამდე რომ მოვთქვამდი მასზე მწარედ.

ჰოდა, მომენატრა რუტინა, დილის ათზე გაღვიძება, ანდრიასთვის ფაფის გამზადება, მერე გასეირნება, მერე შუადღის ძილი, ჩემი ცხელი ყავა და სასუსნავები, ჩემი ორი, წმიდათა წმიდა  საათი, რომელსაც ეგზომ რუდუნებით ვუფრთხილდები და თუ ვინმე გაბედავს და კარზე ხმაურით დააკაკუნებს, მერე ჰოი როგორ ვბრაზდები. ხანდახან, მინდა ვინმეს ავუხსნა როგორი წმიდათაწმიდაა ეს ორი საათი ჩემთვის, ტავისუფლად ამოსუნთქვის, ისეთი ამოსუნთქვის უცებ ფილტვები რომ აგტკივდება, ატკიებული ხერხემლის და წელის სავარძელში ჩაშვების და ჩაკვდომის ორი საათი, ფეხებსაც იქვე სავარძლის ძირას მიყრი წინდებივით და ისვენებ, თვალებს ხუჭავ და მშვიდად სვამ ცხელ, რძიან ყავას და ნატრობ, არასდროს გათავდეს ეს ცხელი ყავა და არ გაცივდეს, ფიქრობ  რომ უკეთესი გახდები, უფრო გალამაზდები, ადამიანებს უკეთ მოექცევი, მართლა ჰუმანური იქნები და არა მოჩვენებითად, უფრო მეტს ისწავლი, უკეთ დაწერ, მოძალებულ ნაოჭებს რამეს უშველი, ზეითუნის ზეთს იყიდი და წაისმევ თვალის უპეებთან და ფეხებზეც წაისმევ და დარბილდები, გაკარგსუნიანდები და ამისთანა ყოფით რამეებს. ნეტა იცოდეთ ეს წუთები ჩემთვის რა არის, ჰოდა არ მოხვიდეთ ასეთ დროს, ან თუ მოხვალთ არ დააკაკუნოთ ბრახუნით, მერე ანდრია გაიღვიძებს და ღამის ორ საათამდე არაფრით არ დაიძინებს 🙂 აი, ასეთი ცუდი მასპინძელი ვარ, რა ვქნა უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია.

შობის წინა დღეს “ტირამისუ” გავაკეთე, უცებ სპონტანურად, წესებიც დავარღვიე , მაგრამ მაინც გემრიელი გამოვიდა. მერე , თავისუფალ დროს მოვიჭრიდი ამ ჩემს ტირამისუს, მოვიდგამდი მასთან ერთად ცხელ ყავას და ვათვალიერებდი ფბ-ის ნიუსფიდს, ხოდა ვფიქრობდი რომ ყველაზე კარგი რასაც ვაკეთებდი იმ წუთას ცხელი ყავის სმა და ამ იტალიური დესერტის მირთმევა იყო, რადგან გაუგებარი მიზეზების გამო ყველა იკრულებოდა, ზოგს “ბრწყინვალე შობა ” უშლიდა ნერვებს, ზოგს კიდევ მისალოცი სურათები, რომელბზეც თაგავდნენ. ვიცი, რომ ჩვენ ყველას გვეშლება ნერვები, ჩვენ ყველა მართლა, ძააალიან გადაღლილები ვართ, ძალიან ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ არც არავინ არაფერს მოგვილოცავს და არც ინბოქსში გაგზავნილ წერილებს უპასუხებენ. ისე კი რა  მნიშვნელობა აქვს შობაა “ბრწყინვალე” თუ აღდგომა, ეს ტერმინები რას ცვლის ამ გაღიზიანებული ადამიანებისთვის, რომლებიც ასე იცოფებიან, იქნება შობაც ბრწყინვალეა ჩემთვის და აღდგომაც და სწორედ ამიტომ მიხარია მისი სხვებისთვის ან შენთვის გაზიარება. მე დიდიხანია ოჯახის წევრების გარდა არავის არაფერს ვულოცავ, მართლა დავიღალე ამ ახირებული ხალხით, რომელთაც მუდმივად კოჭი უნდა უგორო და პატარა ბავშვებივით ჭირვეულობენ, მიუხედავად იმისა რომ კარგა ხანია გადაცდნენ საყმაწვილო ასაკს 🙂

შობა როგორი იყო? შობა ყოველთვის კარგია და შობის ანგელოზებიც სულ სხვანაირი არიან ამ დღეს. მე ფარდები დავრეცხე, საშინლად ჭუჭყიანი ფარდები, მერე სახლი დავალაგე, დავაწკრიალე, ტონა სარეცხი გავრეცხე და გავფინე, დღეს ალილოზე წავიყვანეთ ანდრია, მერე თავის ნათლიასთან და ჩემს დეიდასთან, მერე კიდევ სადღაც გავიარეთ, ცოტა ვჭამეთ და წამოვედით სახლში. ახლა მათ სძინავთ და ცოტა ხანში წავალ და მეც მათ ჩავეხუტები.

პომადა ვიყიდე, იასამნისფერი. ზუსტად ისეთი არ არის, როგორიც მინდოდა, მაგრამ წავისვამ ხოლმე და ასე ვერთობი, ზოგჯერ მომწონს ზოგჯერ არ მომწონს, დღესაც წავისვი და დავდიოდი გაბრწყინებული ჩემი იასამნისფერი ტუჩებით :დ  თუ არ მიხდება მერე რა, მთავარია რომ მე მიხარია.

გილოცავთ შობას. ასე მგონია შობის დღე გადამწყვეტი დღეა, სურვილების ახდენისთვის. თავისუფალ დროს უნდა ჩამოვწერო სურვილები, ბევრია, ძალიან ბევრი,მაგრამ  მათ შორის კი ყველაზე განსაკუთრებული ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიკეთეა.

 

 

Read Full Post »

%d bloggers like this: