Feeds:
Posts
Comments

Archive for August, 2014

არ ვარ მე ალბათ კარგი გოგო, იმიტომ რომ ისეთ რაღაცეებს ვფიქრობ, როგორსაც ალბათ წესიერი გოგოები და ადამიანები არ ფიქრობენ. აი, მაგალითად დღეს ვფიქრობდი, როგორ ქრებიან ადამიანები გასაჭირის დროს, ისე შემოიფანტებიან, შემოიძარცვებიან, თითქოს არც არსებობდნენ მანამდე, ან უბრალოდ გეტყვიან ეს შენი პრობლემაა და იცი, რომ მართლები არიან. როცა, პრობლემები ჩნდება იცი რომ ეს მხოლოდ შენ უნდა მოაგვარო, რაღაც ღვთაებრივი მანქანები ჩართო და ყველაფერი მოაწესრიგო. რა ვქნა ხანდახან არ მჯერა ადამიანების.

ჰო, იმასაც ვფიქრობდი, რაში ანაღვლებთ ადამიანებს ჩემი ბედი, ან ჩემი მომავალი შვილების ბედი, რატომ ჩამჩიჩინებენ და მახვევენ ათასნაირ შეხედულებას, რატომ არ მასვენებენ ათასნაირი კითხვებით, რატომ ცდილობენ ისე ვიცხოვრო, როგორც ისინი ცხოვრობდნენ ანუ ძალიან ცუდად და გამწარებულად, როცა თუ სულ ოდნავ გამიჭირდა და მათი გვერდით დგომა დამჭირდა, მათ არასდროს სცალიათ შენთვის, ვერასდროს დაგეხმარებიან და ამისთვის შეიძლება ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები გააჩნდეთ. სწორედ, ამიტომაც არ მჯერა მათი, თითქოს ჩემთან დაკავშირებით ვითომ კეთილშობილური განზარახვები აქვთ. ჰო, შეიძლება ძალიან თავდაჯერებულად ჩანდეს, მაგრამ მე უკეთ ვიცი, რა და როგორ იქნება კარგად, ჩემამდე კიდევ ჩემმა ღმერთმა იცის რა იქნება ჩემთვის კარგი. ამიტომ, ძალიან მინდა ხოლმე მომასვენონ ამ შეკითხვებისგან და ნუ გამომწოვენ იმ ყველაზე პირადს და ჩემთვის ძალიან ინტიმურ ინფორმაციას, რომელსაც ჩემთვის ვინახავ. ჰო,  მე არასდროს არ ვითხოვ ვინმესგან დახმარებას და მგონია, რომ ეს ძალიან კარგი თვისება მაქვს. ადამიანებს, არ სიამოვნებთ როდესაც ვინმეს გამო სულ მცირე დისკომფორტი ექმნებათ, თან დღეს როცა ყველაფერი ასე აჩქარებული, წამებზე გათვლილი და სტრესულია.

ჰო, რა ვქნა ხანდახან მეც ადამიანი ვარ და ასეთ რამეებზე ვფიქრობ 🙂

პ.ს მთავარია, რომ ყველაფერი მაინც კარგადაა და ხვალ, რომ გავიღვიძებ ეს ფიქრებიც გადამივლის. შეიძლება ,რამე ნამცხვარიც გამოვაცხო და ცოტა ხნით სადმე განვმარტოვდე. ❤

Advertisements

Read Full Post »

დღეს მარიამობაა. ყველას გილოცავთ. მე კი ეს პოსტი დავწერე ფეისბუქზე, შემდეგ თიკომ მითხრა ბლოგზე გადაიტანეო და აქაც ვწერ.

არაფერი ისე არ მენატრება, როგორც შემოდგომა. სახლის წინკარში ჩამომჯდარი, მომლოდინე ბებია, გაჩუმებული სახლი თავისი ნესტიანი წიგნებით, ნესტიანი კარით და ფარდებით, ნესტიანი თეთრეულით და მუთაქებით.
გაჩუმებული და სახლში გამოკეტილი სოფელი. გარეთ გამოტანილი და გობებზე დახვავებული გასარეცხი ჭურჭელი. აივნებზე გამოფენილი კარალიოკის ჩირის ჯინჯილები, დახვავებული სიმინდის ტაროები იქვე.
ნესტით გაჟღენთილ ვენახში აქა-იქ შემორჩენილი ქარვისფერი ყურძენი. ყველაფერი წებოვანია რასაც შეეხები, თითქოს წენგოში მოგეთხვაროს ხელები.
კარადაში მამის ნესტიანი პლაშები, დიდი, შავი და თბილი ჯემპრები,მისი სუნიანი.
კარალიოკის ხის ძირში კარალიოკის ოქროსფერი ფოთლების ნოხი, ჩანესტილი და ცვრიანი.
დროზე მაინც მოვიდოდეს ეს ოხერი, აღარცერთი არ მექნება, მაგრამ მაინც მენატრება.

პ.ს ბებიობის და დღესასწაულების მადლი გფარავდეთ ყველას.

Read Full Post »

– სანდრიიიკ. სანდროო. არ ჩამოხვალ? ჩამოდი რა. ბურთიც წამოიღე.

– სანდრიკ, მაიკა როგორ გიხდება.

– მადლობა ათუკა.

-სანდრიკ, ძალიან მიყვარხარ. მაიკა ძალიან გიხდება. მოდი ზემოთ ავიდეთ, აქ ნუ გამომიგორებ.

– მაგარი შვილი გეზრდება, უნდა იამაყო.

– სანდრიკ, იცი რა მაგრად თამაშობ? მაგარი ფეხბურთხელი გამოხვალ.

– სანდროოოო. სანდროოო. არ ცამოხვალ? ჩამოდი ფეხბურთი ვითამაშოთ.

ჰო, ძალიან ცხელა. ესენი მეგობრები არიან, ათუკა და სანდრიკა. ყოველ დღე მათი ხმა ჩამესმის. სულ ეზოში დარბიან და თამაშობენ. მერე სანდრო სახლში ადის, ცოტა ხნით ათუკა და მერე ისევ იწყება იგივე, სანდრიკა, სანდრიკაა, ჩამოდი ვითამაშოთ. მანამდე, ათუკა ბებოს ეძახის : ქსენიაა, ქსენოოო, მაიააა. მოკლედ, ამ ზაფხულს გავიცანი ეს ხმაურიანი ბიჭი ათუკა, რომელსაც აქამდე მთელი ამ წლების განმავლობაში ხმით ვიცნობდი. ხო გიყვებოდით, აქ ისე ახლოს დგას კორპუსები ერთმანეთთან, ხანდახან გარკვევით გვესმის სამზარეულოებში რას ლაპარაკობენ და რა აქვთ სადილად.

მე კი მოცვის მურაბა გავაკეთე. სულ , შემთხვევით, მაგრამ კარგი გამოვიდა. ზამთარში, უგემრიელეს ქაცვის ჩაისთან ტკბილი გემრიელობებიც მექნება. კარგი ყოფილა მურაბების ხარშვა, მგონი მეორედაც ვცდი.

ერთ დილას მე და  ანდრია ცხოველთა სამყაროს წიგნს ვათვალიერებდით, ლემურებზე შეჩერდა  და მეკითხება :
-მამას კუდი აქ?
-არა, ადამიანებს კუდები არ აქვთ, არც მამას.
-დედას აააქ?
-არც დედას.
-მიოს, მაის, ბებიას?
– არც მიოს, მაის, ბებიას და არც დედას და მამას.
-მე გოჭი მყავს.ჰემი გოჭი ჭამს :))
პ.ს მერე გამოაცხადა, რომ ანდრია ფუაა და თვითონ არის მიო. ვერ გადავათქმევინე.

მინდა სექტემბერი მალე მოვიდეს. ანდრია ბაღში წავა, ალბათ მეც სადმე წავალ, ან მეტროში მატარებლის მოსვლის დროს უეცრად შემაქანებს. თქვენც გემართებათ იგივე? აი, სადაცაა რომ მატარებელი უნდა მოვიდეს და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს უნდა ისკუპო. რა მტარვალი ფიქრები მაქვს, მაგრამ დღესაც მეტროთი ვიმგზავრე და ლამის ავყირავდი მის მოსვლამდე. კარგი იყო მეტროში, კარგად გრილოდა, დიდხანს ვიკითხე წიგნები. იდეალური ადგილია საკითხავად.

მალე  მოვიდეს  ეს სექტმბერიც და აგრილდეს რა.

Read Full Post »

%d bloggers like this: