Feeds:
Posts
Comments

Archive for October, 2014

ერთხელ დავწერე და არ ვიცი როგორ გაქრა, მაგრამ ისევ დავწერ იმ განწყობებზე გუშინ რომ ვიყავი. უცებ კარზე დააკაკუნეს, არავის ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაბადების დღე იყო. ხოდა, რომ მოვბრუნდი, ყველაფერი რაც დამეწერა წაშლილი დამხვდა. დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ თარიღებს ამიტომ მთელი დღე ყურადღება არ მიმიქცევია არაფრისთვის, ხელიც არ გამინძრევია, ტორტიც კი არ მქონდა, ყვავილებიც კი არ მქონდა. ასე გადავწყვიტე- დღეს არ მინდა არაფერი-მეთქი, არადა მერე წინა წლის დაბადების დღეებზე რომ ვფიქრობდი, წვიმისგან დასველებულ უზარმაზარ ყვავილების თაიგულზე და ტორტზე, მივხვდი რომ არ უნდა გააუბრალოვო ის დღეები, რომლებმაც ადამიანად გაქციეს.

მთელი დღე ხომ უჟმური ამინდი იყო. მე კი მიყვარს ასეთი ამინდები, ყველაფერზე მეტყობა რომ ოქტომბრის მიწურულს ვარ დაბადებული, მოჟამულ და უცხვირპირო დღეს და მეც ასეთი უცხვირპირო და უჟმური გამოვედი. არაფერი არ მიყვარს ისეთი რაც წესიერ და პატიოსან ადამიანებს უყვართ. მინდება შევიკეტო ოთახში, ფარდებით კარგად დავგმანო ფანჯრები და ვიჯდე ჩემთვის. ღმერთო ჩემო, იმ ქვეყნადაც ხომ მეყოფა მარტოობა, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვთმობ თავისუფალ წუთებს, როცა საკუთარ თავთან ვრჩები და შემიძლია გავიხსენო შემოდგომის ის დღეები, როცა ბებიასთან სოფელში ჩავდიოდი. პარასკევს ჩავაკითხავდი ხოლმე. ავყვებოდი ნისლში და უჟმურ ამინდში გაყურსულ სოფლის ორღობეს, შევათვალიერებდი ახლოს მთებს, სადაც თოვლის მოლოდინი იდგა, შევირბენდი ჩემს(ბებიას აშენებულ) სახლში, დავაგდებდი ზურგჩანთას და მეორე სახლისკენ გავწევდი. სულს ვერ მოვითქვამდი, სანამ ჭიშკარს არ გავაღებდი. ნესტიანი იყო ყველაფერი, ჭიშკრის სახელურიც და კარების და ფანჯრების ანჯამებიც. ეზოში ჩალის ღერები იყო აქა-იქ მიმობნეული. შემოდგომის ნობათს ითვისებდა სოფელი. აივნები გადავსებული იყო ყანებიდან ურმებით ამოთრეული სიმინდის ტაროთი და ყვითელი და მწვანე კვახებით. ლეიბებს არავინ ამზიანებდა აივანზე. ყველგან სიჩუმე იდგა, ბუხრის ოთახის გარდა, იქ დამხვდებოდნენ ყველა თავმოყრილი . ტელევიზორიც იყო ალბათ ჩართული, ელექტრონით განათებულ ოთახში გემრიელად თბილოდა. ყველა მყავდა : ბებია, მამა, ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები, ჯერ არ ვიყავით დაფანტულები, ზოგი არ იყო მაშინ მკვდარი. მაჭმევდნენ ცხელ, სქელ კეცის ჭადებს და გემრიელ ყველს, მერე ადრე დავწვებოდით, მიუხედავად იმისა, რომ შუქიც გვქონდა ტელევიზორი, შევუწვებოდი ბებიაჩემს საწოლში და მთელი ღამე არ ვაწუხებდი, არც ვმოძრაობდი. სულ სხვანაირი სუნი ჰქონდა მის თეთრეულს, მისი თმების სუნი, სიკეთის და მზრუნველობის.

სხვა ოთახში, ორი სკამის ხარიხაზე ახლადამოვლებული ჩურჩხელები იყვნენ ჩამოკიდებული, რომელსაც ხანდახან ხბოსავით ქვემოდან ამოვუდგებოდით და წვეტებს მოვაჭამდით. სინდისიც კარგი საქონელი იყო, რომელიც დიდად არ გვაღელვებდა. ძალიან გემრიელი იყო ბებიას ჩურჩხელები. ბებია სიმინდის ტაროებსაც ამოავლებდა ხოლმე ფელამუშში და აივანზე ჩამოკიდებდა გასაშრობად. ფელამუში იმათი წასვლის შემდეგ სანატრელად გადამექცა.

გაგისინჯავთ მწვანე პამიდვრის საცივი? ამ წამს გამახსენდა და ამან, კიდევ უფრო მომანატრა იმათი თავები. ყოველ ზამთარს გვქონდა, ხან ბებია აკეთებდა და ხან მამაჩემი.ნიგვზით, მწვანილებით შეზავებული მწვანე პამიდორი, ცხელ ჭადებზე უგემრიელესი იყო. იმდენს აკეთებდნენ გაზაფხულამდე გვყოფნიდა, ქალაქშიც მიგვქონდა. ბნელ ოთახში ჩაწიწკწიკებული იყო ქილები, ქილები და ისევ ქილები. ხორცის სოუსის დახუფულები, ცალკე ეს პამიდვრის საცივის ქილები, ზამთრისთვის გადანახული ტკბილი წვენი,მამაჩემის გაკეთებული შინდის მურაბები, ლეღვის ჩაშაქრებული მურაბები, ძლივს რომ გადმოგვქონდა ქილიდან, კიტრის მწნილები, სულ სამლიტრიანებში და ისიც ბევრი, ისიც გაზაფხულამდე გვყოფნიდა. კომპოტები : ჩვენი ეზოს ატმის, ჩვენი შინდების, ჩვენი ბლის ხეების და მსხლების, იმ ლამაზი გულაბების ოთახში რომ ვაწყობდით და თავისთვის მწიფდებოდნენ, ქარვისფერი ხდებოდნენ და თვალსა და ხელშუა ტკბებოდნენ და ქრებოდნენ :დ

დილით ბებია დამესიზმრა. დაბადების დღეზეც შემახსენა თავი. აბანოში ბანაობდა და მეც ვიფიქრე ბებიასთან ვიბანავებ-მეთქი, მაგრამ კარზე ჩემმა შვილმა ბრახუნი ატეხა, გამოდი, გამოდიო. ბებიამაც გამომიშვა. თვითონ დარჩა და გააგრძელა ბანაობა. რატომ, არის სიზმრებში არასდროს ვრჩებით გარდაცვლილ ადამიანებთან, ყოველთვის ვტოვებთ მათ, ან ისინი მიდიან და ვერ ვეწევით. რა უცნაურია, სიზმარშიც კი ზღვარი გადის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

ძალიან ნესტიანია ალბათ ახლა სოფელი. ძალიან ჩამყუდროვებული. დაცლილი. ქალები საბერძნეთში და თურქეთში გაიკრიფნენ. ბიცოლაჩემიც წავიდა, იშრომებს იქ და ჩამოვა ახალ წელს, მერე სახლში რამეს შეცვლის, შვილიშვილებს ნახავს და მათი არსებობით დატკბება, მერე ისევ წავა და ისევ იმუშავებს. არადა, ალბათ მას უფრო სხვანაირად ერჩივნა. ყოფილიყო ასეთი უჟმური შემოდგომა, გვერდით ყოლოდა ცოცხალი ქმარი, რომელიც მუშაობდა ქალაქში და შაბათ-კვირას გამოდიოდა სოფელში, გამოვიდოდა და მოიკიდებდა თავის სანადირო თოფს და საღამოს მოიტანდა ნანადირევს. ერჩივნა ალბათ აივანზე მჯდარიყო და სიმინდი დაეფშვნა, ფოთოლგაცვენილ ხეებზე შაშვები მჯდარიყვნენ და ძველებურად ეჭახჭახათ, გაეკეთებინა აჯაფსანდალი ზამთრისთვის და შეენახა ქილებში. ყოფილიყო თავის სახლში, ხანდახან მარტოც დარჩენილიყო, ქალაქში მყოფი ქმარიც მონატრებოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იქნებოდა.

ასეთი იყო, ჩემს მიერ ცუდად მოყოლილი შემოდგომა ჩემს სოფელში.

Read Full Post »

%d bloggers like this: