Feeds:
Posts
Comments

Archive for March, 2015

ელენე “საქართველოს გაეროს ასოციაციაში” პროგრამების ოფიცერია. მის მოვალეობებში პროგრამის დაწერა, საკონფერენციო თემების მომზადება, ტრენერების , ექსპერტების და მონაწილეების მოძიება, კონტრაქტების გაფორმება და რეპორტების წერა შედის. მისი სამუშაო დღე რთულია, აქტიური და დამღლელი, მაგრამ ამბობს რომ ეს მაინც სასიამოვნოა. “ზოგჯერ, ღამის ათამდე ვარ სამსახურში. ზოგჯერ სამი შაბათ-კვირა გადაბმულად არ ვისვენებ. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური და საქმე” – მეუბნება. ელენე სამსახურის გარდა სხვა სამოქალაქო აქტივობებით არის დაკავებული, მოზარდებს და სტუდენტებს ლექციებს და ტრენინგებს უტარებს, სხვადასხვა მოხსენებებს კითხულობს გენდერზე და ფემინიზმზე. 11065156_10153180021044577_1037859434_o “ახლა ხუთშაბათს მთხოვეს მოხსენების წაკითხვა თემაზე, თუ რატომ არიან ქალები უფრო პასიურები ჩვენს საზოგადოებაში. გარდა ამისა,  საქართველოს უნივერსიტეტში ვარ მიწვეული ლექტორი და დემოკრატიის და მოქალაქეობის შესახებ ვკითხულობ ლექციებს”. თემებით, რომელზეც დღეს უწევს მუშაობა საკმაოდ გვიან დაინტერესდა. თუმცა, იძახის ამის მიუხედავად შინაგანად აშკარად ბავშვობიდან ვიყავი ფემინისტიო. რეალურად კი ამ ყველაფერს იმას აბრალებს, რომ სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდა, არ იცოდა რა მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში თუ მსოფლიოში ამ კუთხით. შემდეგ, ელენემ საზოგადოებრივი მოძრაობა “დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილი” დააფუძნა. მოძრაობის მიზანი ოჯახში ძალადობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. იცის, რომ ეს კომპლექსური პრობლემაა და ერთი კონკრეტული მოქმედებით ვერ გადაიჭრება და შესაბამის კანონებზე , ამ კანონების ეფექტურ იმპლემენტაციაზე და ძალადობის მსხვერპლთათვის საჭირო რაოდენობის თავშესაფრებზე საუბრობს. როცა, მის ფემინისტურ და სამოქალაქო აქტივობაზე ვეკითხები, თუ როგორ აფასებენ   მის საქმიანობას, პასუხი არც ისე მოულოდნელია :”ძალიან უაყოფითი რეაქცია აქვს ყველას გენდერულ თანასწორობაზე, განსაკუთრებით თუ კი ფემინიზმს ახსენებ. ყველას ჰგონია, რომ ეს მარტო ქალების პრობლემაა და არა მთლიანად საზოგადოების, ზოგი ამაში საერთოდ ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას და იძახის რომ, რა გავაჭირეთ საქმე.” 1013147_567701293282314_440584114_n ნელ-ნელა ეს თემები ელენესთვის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა და ამ მიმართულებით აქტიურად დაიწყო მუშაობა. სტუდენტობის დროს კი როდესაც უნივერსიტეტში გენდერი და ფსიქოლოგიის და გენდერი და სამართლის კლასები აიღო, თავიდან პროტესტის გრძნობაც კი გაუჩნდა და დაეჭვდა, ზედმეტად ხომ არ აპრობლემებენ ყველაფერს ქალებიო. ამიტომ, დღეს უკვე საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე იცის, როგორი რთულია ადამიანს შეუცვალოს აზრი და განსხვავებული რეალობა დაანახოს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მსხვერპლი მთელი ცხოვრება ისეთ გარემოში იზრდება , სადაც ჩაგვრა და ძალადობა ნორმალურ მოვლენად ითვლება. ყველაფერი კი ამერიკაში დაიწყო. სკოლაში პირველად იქ შევიდა. წერა-კითხვაც პირველად ინგლისურად ისწავლა. დღეს თვლის, რომ ამერიკაში გატარებული ცხოვრების 10 წელი მისთვის დიდი გამართლება იყო. სწორედ იქ ცხოვრებამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა , მის პიროვნულ განვითარებაზე. პირველ რიგში ცვლილებებს და მრავალფეროვნებას მიაჩვია, შემდეგ კი იმას რომ ყველანაირი შრომა, რომელსაც გასწევ აუცილებლად დაგიფასდება. შემდეგ იყო ვებერის უნივერსიტეტი, სადაც პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და მეორადი ხარისხი ფსიქოლოგიაში აიღო. “საბოლოოდ რასაც ავირჩევ, ძალიან მინდა უშუალოდ ხალხს ვეხმარებოდე. ასე მგონია სხვანაირად არ ვიქნები ბედნიერი და ჩემი საქმე არ მეყვარება”- ამბობს. როცა , იქაურ სტუდენტურ ცხოვრებაზე და უნივერსიტეტზე ვეკითხები, ამბობს რომ იმდენი რამე აქვს მოსაყოლი, მაგრამ დაღლილობისგან საკუთარი ცხოვრება ავიწყდება. იცინის. ძალიან ლამაზი სიცილი აქვს, ამერიკული. საერთოდაც, ძალიან ლამაზია. სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში. პირველად საერთაშორისო სტუდენტების სენატორად აირჩიეს, შემდეგ გაეროს მოდელირების სტიპენდია მოიპოვა. სწავლის საფასურს თავად ფარავდა სხვადასხვა სტიპენდიებით. როცა, თავისი ცხოვრების გახსენებას ცდილობს, იმ ჯილდოებსაც იხსენებს , რომელიც დაიმსახურა სხვადასხვა დროს. მერე იყო, პოლიტოლოგიის ფაკულტეტმა გადასცა “გამოჩენილი დელეგატის” ჯილდო, მერე უნივერსიტეტის სენატის პრეზიდენტი და “წლის ქალი” გახდა. ეს ცალკე ისტორიაა, როცა სენატის პრეზიდენტობის არჩევნებში გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება. იმის მიუხედავად, რომ შეჯიბრი და ასეთი დაპირისპირება არასდროს უყვარდა თუ დარწმუნებული არ იყო გამარჯვებაში. ამ იდეის სისწორეში მამამ დაარწმუნა, რომელზეც საუბრის დროს ელენე განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ სწორედ მისი დამსახურება არის, რომ ასეთი დამოუკიდებელი და მიზანდასახულია. “დამისვა და მითხრა, ყველანაირად დაგეხმარები და თუ მოიგებ ხომ კარგი და თუ წააგებ ამით რა შავდება, მაინც საინტერესო გამოცდილებას მიიღებო და მეც ვცადე… საარჩევნო პლაკატები ერთად გავაკეთეთ მე, ჩემმა დამ და მამაჩემმა. ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ბოლომდე. იუტას შტატში ბევრი მორმონი ცხოვრობს, უნივერსიტეტის სენატის პრეზიდენტობის არჩევნებზე კი ძირითადად სულ ისინი იმარჯვებდნენ, ჩემი ოპონენტიც მორმონი ბიჭი იყო იუტადან. გოგო სენატის პრეზიდენტი კი ბოლო 10 წლის განმავლობაში არავინ გამხდარა. მოკლედ, დიდი შანსი არ მქონდა”. ისე ნერვიულობდა გამოცხადების ცერემონიალზე აღარ წასულა. სახლში დავრჩი და ძალიან გადაღლილი ვეგდე ტახტზეო. შემდეგ, მეგობარმა დაურეკა, ყურმილში ტაშის და კივილს ხმა ესმოდა. მეგობარმა უთხრა, რომ იმ მომენტში მის სახელს და გვარს აცხადებდნენ. ასე გახდა უნივერსიტეტის სენატის პრეზიდენტი და ის, რომ ცერემონიალზე არ წავიდა შემდეგ ძალიან ნანობდა. იმ დღის შემდეგ მნიშვნელოვანი რამ გადალახა საკუთარ თავში. წაგების აღარ ეშინია და საკუთარი შესაძლებლობების უფრო მეტად ირწმუნა. “მართალია იმ წელს ისე გადავიღალე, რომ ნევროზი დამემართა და დეპრესიაშიც ვიყავი, რადგან ძალიან ცოტა მეძინა. მძიმე გრაფიკი მქონდა, დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე, შუაში 30 წუთიანი შუალედით, რომლის დროსაც ჭამას ძლივს ვასწრებდი”- ამის ნიადაგზე ბალანსის დაცვაც ისწავლა და ისიც თუ როგორი დამანგრეველია ძლიერი გადაღლა და სტრესი. წლის ბოლოს უნივერსიტეტში კიდევ ერთი გამოწვევა ელოდა. პროფესორმა cristal Crest Award-ზე, უნივერსიტეტის ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე წლის ქალის ნომინაციაში დააასახელა. მაშინაც ასე ფიქრობდა :”მე რატომ უნდა გავიმარჯვო, ალბათ რამდენი მაგარი ადამიანი დაასახელეს ვისაც ჩემზე მეტი აქვს გაკეთებული”. ამჯერად, სახლში ტახტზე არ წამოწოლილა და დაჯილდოებაზე მაინც წავიდა, თუმცა დარწმუნებული იყო რომ ვერ გაიმარჯვებდა, ამიტომ სიტყვით გამოსვლის ტექსტიც არ მოუმზადებია. “ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს გამარჯვებულ ნომინაციაში, მერე მამაჩემი რომ ჩამეხუტა გაბრწყინებული თვალებით და ჩემმა დამ სურათების გადაღება დამიწყო, მაშინ მივხვდი რომ გავიმარჯვე. მაგარი გრძნობაა, როცა შრომა გიფასდება. ამერიკას ეგ ძალიან კარგი აქვს “- იცინის. წლის ბოლოს პროფესორმა რეკომენდაცია გაუწია ჟენევაში სტაჟირებაზე წასულიყო სწავლის დასრულების შემდეგ ქალთა ორგანიზაციაში. ჟენევაში ორი თვე ცხოვრობდა და თითქმის ყოველდღიურად უწევდა გაეროში სიარული და ესწრებოდა სხვადასხვა მოხსენებებს ქალთა თემების და პრობლემების შესახებ. “ ერთ-ერთ შეხვედრაზე გავიცანი იმ დროს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ზურაბ ჭიაბერაშვილი, შემდეგ საქართველოს საელჩოში დამპატიჟა, ბევრი ვილაპარაკეთ, ვუთხარი რომ საქართველოში დაბრუნებაზე ვფიქრობდი და რჩევები ვკითხე სტაჟირებასთან დაკავშირებით.მან მირჩია ჩემი ახლანდელი სამსახური და რეკომენდაცია გამიწია. ასე მოვხვდი საქართველოს გაეროს ასოციაციაში “. 2011 წელს, როცა ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა, სულ სხვანაირი რეალობა დაინახა. რეალობა, რომელზე დაკვირვება და პრობლემების აღმოჩენა მისი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. “უცნაურია ეს ამბები. იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში რომ არ წავსულიყავი იმ სტაჟირებაზე, ჟენევაშიც ვერ მოვხვდებოდი, ის სტაჟირება რომ არა ვერც ამ ორგანიზაციაში სადაც ახლა ვარ. სულ შემთხვევით რაღაცეებზეა აწყობილი ჩვენი ცხოვრება.” ელენე პირობებს არ დებს, მაგრამ მაინც განსაკუთრებულ მოლოდინებს უღვიძებს იმ ადამიანებს ვინც მას იცნობს. არ დებს პირობებს მომავალ წარმატებებზე, თუმცა ყველა ისედაც ხვდება რომ მცირედით არ დაკმაყოფილდება და მისი საქმიანობაც გარკვეულ  ცვლილებებს გამოიწვევს. ალბათ, გულის სიღრმეში ამის თვითონაც სჯერა. ალბათ, ცოტათი მაშინაც სჯეროდა გამარჯვების, როცა სასტიკად გადაღლილი ტახტზე იწვა და ვერც წარმოიდგენდა თუ გაიმარჯვებდა.

http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=15&id=240

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: