Feeds:
Posts
Comments

Archive for April, 2015

– რატო ხარ ასე? დედა რატო ხარ ასე? დედა იმ გოგომ რატომ არ გამიღიმა? დედა მე ლამაზი ვარ? დედა მე შენი პრინცი ვარ? დედა მე შენი სიხარული ვარ? დედა შენ ლამაზი ხარ  და მე მამაკაცური. დედა მე სიმპატიური ბიჭი ვარ? იმ გოგოს რა ჰქვია, სულ რომ დარბის?

-აისელი.

– არა, მარი მქვიაო.

-არა, აისელი ჰქვია. ეტყობა ეგ სახელი  თვითონ უნდა რომ ერქვას.

-ჰო, აისელი. აისელი როდის იქნება ეზოში?

-სკოლიდან, რომ მოვა დედა.

– დაჩი და გიო ჩემი მეგობრები არიან?

– კი,ორივე. მოგწონს იმათი ზაზუნები?

– არ იკბინებიან?

-არა.

– ჩვენც ვიყიდოთ ზაზუნები კაი?

– კაი ვიყიდოთ.

– ხიდიც ვიყიდოთ კაი? კიდე ტრაქტორი. კიდე გვირაბი.  კიდე მდინარე. კიდე შენობა. კიდე ბურთი კაკები.

– ხიდებს ვერ ვიყიდით, ვერც გვირაბებს, ვერც მდინარეებს. არ  იყიდება ეგეთი რამეები.

– კაი მაშინ ლალალი (ნაყინი) ვიყიდოთ და საღამოს “ზღაპარში” წავიდეთ კაი? უტას დაურეკე და უთხარი “ზრაპარში” წავიდეთ-თქო.

– კაი, დავურეკავ.

– ანასტასიას სინგლით (სლინგი) წამოიყვან და მე ხელს მომკიდებ და არცერთი არ დავიღლებით ?

-კი დე, სლინგით წამოვიყვან და შენ ხელს მოგკიდებ.

– სინგლი, სინგლი, სინგლი.

-სლინგი, სლინგი, სლინგი.

– “ფუ შენი” ცუდი სიტყვაა? დედა, “ფუ შენი” ცუდი სიტყვაა? ეე, ფშიუუუ, ყურში არ გესმის რომ გეუბნები?”ფუ შენი” ცუდი სიტყვაა ხო?

-კი დე.

– კაი, მაშინ არ ვიტყვი. “უიმე” ვთქვაა? “ტაკო” არ უნდა ვთქვა და არც “ფუ შენი”. ჩუმად უნდა ვთქვა “ფისი მინდა”, მარტო შენ და უტას უნდა ვუთხრა ხო? სტუმრებთან ასე უნდა გითხრა ფი-სი მინდა უტა. (ჩურჩულით)

-ჰო, დე. სტუმრებთან ხმამაღლა არ უნდა თქვა ეგეთი რამეები, ჩუმად უნდა მითხრა მე.

– შორენ, იმ გოგოს რა ჰქვია სულ, რომ დარბის?

– აისელი.

-ჰო, აისელი.

Advertisements

Read Full Post »

გოგო

ქრისტე აღდგა.

გოგო მყავს, ორი თვის და 14 დღის ანასტასია. ქართულად, ხომ აღდგომას ნიშნავს ეს სახელი. გვიან გავიგე და მომეწონა. ლამაზი გოგოა უკვე. წითელი დაჭმუჭნილი და დანაოჭებული სახიდან, უკვე ნამდვილი გოგო გვიყურებს, გვიცინის, გველაპარაკება და ხანდახან ახითხითდება კიდეც.

ძალიან გადაჩვეული ვყოფილვარ ამ ამბებს. დავიწყებული მქონდა ღამისთევების სიმძიმე, ლაქტაციის მტანჯველი ერთი თვე, წამება და გოდება, ტირილი და კბილთა-ღრჭენა. ეს ყველაფერი უკვე მეორედ გამოვიარე და ვიტყვი, რომ ღირდა.

აი ისეთი ამბებიც დაიწყო. ვრთავ სარეცხის მანქანას და მიკროტალღურში ვდებ საჭმელს, ან ელექტრო ჩაიდანს გაზზე ვადგამ გასაცხელებლად, ჰო ერთ ღამეს ლოგინიდანაც კი გადმოვვარდი. არადა, იდეაში ვდგებოდი თვალდახუჭული, ისე კი ორივე მუხლით იატაკზე გადმოვეფერთხე.

დრო ისევ ცოტაა, ისევ არაფერში მყოფნის, მაგრამ მაინც ვახერხებ ყველაფერს ვეყო. კარგია ეს პროცესი, არ მაძლევს მოდუნების და მოშვების საშუალების. სულ ფორმაში უნდა ვიყო. საკუთარ ძალებთან ვარ კონკურენციაში, თითქოს ყოველდღიურად უნდა ვუმტკიცო, რომ მე ბევრი რამე შემიძლია. ხოდა, როგორც იმ რეკლამაშია, მგონი სნიკერსის რეკლამაში, ციყვები რომ გამალებით დახტუნავენ ბორბლებზე სულ ჩემი თავი მგონია ის ციყვები.

ბავშის მამა ბედნიერია. ყოველდღე აბანავებს და თავს ევლება. ჩემზე მეტად დარდობს მის კოლიკებზე და ათასნაირ ტონალობაში ელაპარაკება :”რა იყო მამიკო, რატომ ტირი. აბა მითხარი რა იყო იმ რძეში ასეთი, მუცელი რომ გატკინა?”

კიდევ კარგი გოგო ჯერ არ ლაპარაკობს, თორემ აუცილებლად ეტყოდა, რომ დედამ ვერ მოითმინა და ორი სოსისი მოიხარშა და მერე შებრაწა, ასევე შეწვა კარტოფილი და ეს ყველაფერი გემრიელად მიირთვა.

კიდევ კარგი ის სულ უფროსი ამ ბლოგს არ კითხულობს, თორემ ძაალიან დაასევდიანებდა ჩემი მუცელღმერთობის ამბავი. არადა, ორივე როგორ ვცდილობთ ჯანმრთელი კვების მებაირახტეები ვიყოთ, მაგრამ მე ხანდახან ჩუმ-ჩუმად ვცოდავ.

თავს პირობა მივეცი, რომ ბლოგზე წერას განვაახლებ. ისეთი საინტერესო დღეები, წინადადებები და ამბები იკარგება ყოველდღიურად. მეც მავიწყდება, ნამდვილი სკლეროზიანი გავხდი. თან, ისიც არის რომ ამ ჩემი გენიალური ბავშვების ისტორიებით და ფოტოებით მთელი ფეისბუქის მომხმარებლებს ვერ ამოვუქოლავ თვალებს და ყურებს. სირცხვილიც, კარგი საქონელია. ხოდა, ბლოგის ქონა მარტო იმისთვის მიხარია, რომ აქ შენახული დღეები არასოდეს დამავიწყდება.

პ.ს ეს გოგო ახლა მზის აბაზანებს ეცხუნება. მე კი ეს პოსტი ძალიან ნაჩქარევი გამომივიდა, მაგრამ სხვა დროს დავწერ სიბრძნეებს. ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ.

Read Full Post »

%d bloggers like this: