Feeds:
Posts
Comments

Archive for June, 2015

გადარეული  დედა არა ვარ. ვაბალანსებ ჩემს გრძნობებს და ემოციებს, მაგრამ ეს ორი კინკილა ბავშვი დედამიწის ზურგზე ყველაფერს მირჩევნია.

არც ძალიან ეგოისტი არ ვარ, მაგრამ ხანდახან ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ბავშვების მამა ამ ორ ბავშვს ჩაიბარებს და მე მივდივარ სადმე. თვალებს ვხუჭავ  და ვისვენებ , ან წაღებულ წიგნს ვკითხულობ, მერე აუცილებლად ვსვამ ერთ ფინჯან ცხელ ყავას, დავბოდიალებ, ადამიანებს არც ვუყურებ, შემდეგ ჩავდივარ მეტროში, ისევ ვკითხულობ წიგნის ათ გვერდს და კმაყოფილი მივდივარ სახლში. სადაც, იმ ადამიანების დანახვა მიხარია, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. მაგრამ, ასევე ძაან მიყვარს ჩემი ცხოვრების  ის მომენტი, როცა განმარტოებას ვახერხებ და უბრალოდ ვითიშები.

ე.ი ჩვეულებრივი დედა ვარ. უბრალო მოკვდავი. რომელიც, წუწუნებს კიდევაც, ტირის კიდევაც, როდესაც თავისი თავისთვის დრო არ რჩება, მაგრამ მაინც, ფენიქსივით ფერფლიდან აღსდგება და ისევ იკრებს ძალებს, რომ არ ძლიოს ორწუთიანმა შემოტევებმა.

ისე ძალიან მიყვარს ეს განმარტოება, რომ ხშირად ვათენებ ღამეებს, მაგ დროს ვწერ იმ ჟურნალისთვის, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს და ასეთი ღამეების დროს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მშვიდად ვაკეთებ იმ საქმეს ურომლისოდაც ძალიან უბედური ვიქნებოდი.

არის დღეები, როცა ყოველ მოძრაობას ვითვლი. გამორიცხულია, ამდენ მოძრაობას რომელიმე კაცი აკეთებდეს. მერე დავანებე თავი ამ თვლას და დავასკვენი, თუ გინდა იყო კარგი დედა და ამასთან ერთად იყო პიროვნება, რომელიც მხოლოდ ორი ბავშვის დედა და სამზარეულოში მობზრიალე არსება არაა, ამისთვის ტიტანური შრომა უნდა გასწიო. ჰო, ასეა. ქალებს, ძვირად გვიჯდება ჩვენი ინტერესებისთვის ბრძოლა, მაგრამ მაინც ღირს ეს ბრძოლა, ისევ ჩვენი თავისთვის, ისევ იმ კმაყოფილებისთვის, რომელიც ისე გვაბედნიერებს, რომ მზად ხარ მთელი კვირა მუხლჩაუხრელად იშრომო, მოუარო ბავშვებს, მთელი დღე ელაპარაკო, გაუღიმო, უმღერო მათ, იზრუნო მათი განვითარებისთვის, გაუმზადო  საუზმე, სადილი, ვახშამი, გაურეცხო ტანსაცმელი, დაიცვა სისუფთავე და მინიმალური წესრიგი მაინც, ათენო ღამეები იკითხო და წერო, უბრალოდ არ უნდა მოდუნდე, არ დაგავიწყდეს, რომ შენც ადამიანი ხარ, რომელსაც ბევრი პასუხისმგებლობა აკისრია.

როცა, ვდუნდები ვკვდები. ჩემი ტვინის უჯრედები კვდებიან. მერე  პირობას ვდებ, რომ დიდიხნით არასდროს შევისვენებ, რადგან ეს შესვენებები   ჩემზე ცუდად მოქმედებს. დიდხანს, ძალიან დიდხანს მიჭირს სტარტის აღება. ძალიან მიჭირს, ისევ იმ კარგ გოგოდ გახდომა, ხანდახან რომ ძალიან მომწონს  🙂

ბედნიერი , რომ იყო  მარტო შვილი და სიყვარული არაა საკმარისი, ეს ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ ეხლა დაბეჯითებით ვამბობ, რომ საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე, ვერასოდეს გახდები ბედნიერი. თუ ერთი წამით დაკარგავ ან დათმობ ამ შენი, ძვირფასი თავის მიმართ სიყვარულს და პატივისცემას, ყველაფერი ხუხულასავით ჩამოინგრევა. სამწუხაროდ, ადამიანებს ჭირდები ძლიერი, წელშიგამართული, არამოწუწუნე, მუდმივად მომღიმარი და არა დაღლილი და გაუბედურებული. ასეთ, დროს არავინ მოვა შენთან, არავინ გადაგისვამს  თავზე ხელს და არავინ გეტყვის (იმ ერთის გარდა) – ყველაფერი კარგად იქნება. არადა, ხანდახან როგორ გვჭირდება ვინმე, რომელიც უბრალოდ მთელი გულით დაგიჯერებს, რომ დაღლილობისგან ფეხები ისე გიკანკალებს სადაცაა წაიქცევი. ასეთი თუ ვინმე აღმოჩნდება მზად ხარ თითი გაიჭრა და საუკუნო მეგობრობა შეჰფიცო.

ქალად ყოფნა, დაბადებიდან და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში არაა იოლი რამ. განსაკუთრებით აქ, ჩვენთან, სტერეოტიპებით გაჟღენთილ გარემოში. ქალების პატივისცემა და მთელი ეს სადღეგრძელოები ერთი დიდი დემაგოგიაა. სხვა ქვეყნებში არ ვიცი როგორაა, მაგრამ ჩვენთან ქალები არ უყვართ, არ უყვართ როცა ისინი ლაპარაკობენ, არ უყვართ მათი მოსმენა, ხშირად აწყვეტინებენ და აჩუმებენ მათ, სამაგიეროდ უყვართ მათ გვერდით ჩამოსმხდარი ლამაზი ქალბატონები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით უვსებენ  სასმელით ჭიქას. მთავარია, ხმა არ ამოიღონ. მათ, ერთი მოვალეობა აკისრიათ სუფრა გაალამაზონ და ჩუმად იყვნენ.  იყვნენ იმ კაცების მსმენელები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ სიტყვას აწყვეტინებდნენ და ეუბნებოდნენ : “ეს სუფთა ქალური მსჯელობააო” და შემდეგ თავად, იწყებდნენ კაცურ, კვალიფიციურ ბოდვას. მათ დაეჯერებათ.

ალბათ, ზოგიერთი ადამიანისთვის ძალიან რთულია პატივი სცეს და დააფასოს სხვისი უნარები და შესაძლებლობები, მითუმეტეს თუ ის ადამიანი ქალია. რადგან, ასეთ დროს ხელიდან ეცლებათ მოსამსახურე, ქალი-დამლაგებელი, ქალი-პირისფარეში, ქალი-მზარეული, ქალი-ოჯახის სიწმინდის და სიმყუდროვის დამცველი. ყველაფერი ასეთ უხეშ, მერკანტილურ გადაანგარიშებებზეა გათვლილი და ალბათ, ამიტომაც უჭირთ ვითომ პროგრესულად მოაზროვნე “ფემინისტ” კაცებსაც კი  დაინახონ ქალების რეალური შესაძლებლობები. მათ, ყოველთვის ურჩევნიათ ქალი შეაქონ წიწიბურას კარგი მოხარშვისთვის, ვიდრე შეაქონ და დააფასონ მისი გონებრივი შესაძლებლობების გამო და პატივი სცენ მის დროს და საქმეს.

მართალია ეს სულ სხვა და დიდი თემაა, მაგრამ ყოველთვის მინდოდა ამაზე დამეწერა. და რადგან, იმის ფუფუნება არ მაქვს, თითოეულ თემას თითო პოსტი მივუძღვნა, იყოს აქაც მგონი ხელს არ შეუშლის ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებებს 🙂

ღამის თორმეტის ნახევარია. ორივე ბავშვს ძინავს.  მე კი იმ ძალაზე ვფიქრობ, საკუთარი თავის რწმენას, რომ ვეძახით, რომელიც ფეხზე გვაყენებს და ჩვენს აკანკალებულ ფეხებს წაქცევისგან იცავს და გვაიძულებს უფრო მაგრები გავხდეთ და  უფრო ძლიერები.

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: