Feeds:
Posts
Comments

Archive for October, 2015

29 წელი

ბრრრრრ. გავიფიქრე და ემბრიონივით მოვიკეცე საწოლში. ერთი შეხედვით ვითომ არაფერი, ჩვეულებრივი დღე გათენდა, გარეთ ჯერ არ გამიხედავს, ისიც კი არ ვიცი როგორი ამინდია, შეიძლება წვიმს, შეიძლება ისეთი მზეა გულს გაგითბობს და ასაკთან დაკავშირებულ შიშებს სულ გადაგავიწყებს.

ჰო, დღეს ჩემი დაბადების დღეა. ბრრრრ. 29 წლის გავხდი. ზოგჯერ მავიწყდება , დიდი გოგო რომ ვარ, ორი ბავშვი რომ მაბადია ამ ქვეყანაზე, კიდე საყვარელი კაცი რომ მყავს, რომელსაც აბა ვნახოთ თუ დაავიწყდება, დღეს რომ ჩემი დაბადების დღეა.

“მგონი აღარ ახსოვს, ისე როგორც ავიწყდება სად ვინახავთ პირსახოცებს, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთი ადგილი აქვს, ავიწყდება სად ვინახავთ ბავშვის საფენებს, ხანდახან თავის დაბადების დღეც ავიწყდება მგონი, აბა ერთი ვნახო ეხლა გაახსენდება თუ შუადღით, როცა ფეისბუქზე ნახავს მოლოცვის ტექსტებს.”

უკვე ღვიძავს. მოდის და ოთხად მოკეცილს მაღვიძებს და თაფლიან წყალს მაწვდის. თავს ვიკატუნებ, აბა ხომ არ მივახლი, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა, რომ ამ დღეს ყოველთვის მახსენდება ორი წლის წინანდელი დილა, ფერადი ყვავილებით შეკრული თაიგული  რომ მომიტანა. ყვავილებიც სველი იყო და მისი თავიც და ცხვირიც. პატარა წიგნიც მოაყოლა, ისიც დასველებოდა, კაფკას- წერილები მილენასადმი, რომლის კითხვა შუა გზაში შევწყვიტე გაბრაზებულმა, რადგან ძალიან არ მიყვარს, ისეთი ადამიანები, რომლებიც ბედნიერების მოსაპოვებლად არ იბრძვიან. რა თქმა უნდა არაფერი მითქვამს, რომ ასეთ დაბადების დღეების დილებზე ვოცნებობ, როცა მოჰქონდა სველი ყვავილები, დილით ვსვამდით ცხელ ჩაის და ვცხოვრობდით მარტო და ბედნიერად.

თაფლიანი წყლით ვიჭყიპები. მერე ნივრის გაყოფილ ლებნებს მაწვდის, ამასაც ვაკნატუნებ და ძილის შებრუნებას ვცდილობ.ამ ყველაფერს თუ არ შევჭამ, ვიცი მაინც არ დამაძინებს. მერე მოვა და ფუტკრის რძეს დამაწვეთებს თითზე და მეტყვის ნახევარი საათი არაფერი ჭამოო.

“ნამდვილად აღარ ახსოვს”- ვფიქრობ საბანში თავჩარგული. მაგრამ, თურმე ახსოვს. და განა, რამე გრანდიოზული ხდება, რამე ფოიერვერკი, რამე საოცრება ან სიურპრიზი, არაფერი ამის მსგავსი. უბრალოდ მეხუტება და მეუბნება, გუშინ მთელი საღამო ვფიქრობდი რამე მეჩუქებინა და ვერაფერი მოვიფიქრეო :დ არადა, რომ მეთქვა რომ ის დიდი და ყვითელი ყვავილები მენატრება, ხომ მომიტანდა? ნამდვილად მომიტანდა. მე ვფიქრობ , რომ დაბადების დღის მთელი მუღამი დილითაა და არა- საღამოს, ჩაბნელებულ ოთახში შუქის ანთება და სხვა სიურპრიზები. იმ ორი წლის წინ ჩემი დაბადების დღე შემიყვარდა, ძალიანა კაი იყო, რომ წვიმდა და მერე ცხელ როიბუშის ჩაის ვსვამდით.

19 ოქტომბერს ნიშნობის ბეჭედი დავკარგე. ლამის მოვკვდი გული ისე დამწყდა და ტან არ მჯეროდა, რომ როგორ შეიძლებოდა იმ ბეჭდის დაკარგვა, რომელიც უტამ, თებერვლის ერთ , სუსხიან დღეს მაჩუქა. ხოდა დავკარგე. იმის მერე ვცდილობდი, იშვიათად შემეხედა მარჯვენა ხელის არათითისთვის და თითქმის არ ვუყურებდი. ვერ ვიტან დანაკლისებს.

პარასკევს და შაბათს თელავში აღმოვჩნდით ჟურნალ “მასწავლებლის” სამუშაო შეხვედრებზე. ეს ჩემი ბიჭი  ხო კარგად იღებს, ხოდა ამიტომაც წამოიყვანეს, უნდა აღგვბეჭდოს ვიდეოზე როგორი ლამაზები და ჭკვიანები ვართ და რახან , კარგი მამაცაა, ანასტასიაც მას ჩავაბარე 🙂 შემოდგომაზე, ხომ კახეთი გულისგამაჩერებლად ლამაზია, ოქროსფრად აჭრელებული და აწითლებული. საღამოს ეს პატარა გოგო, ისევ გულზე ჩამოვიკიდე და თელავის დასათვალიერებლად წავედით.

მოიცა , ერთი წუთით. ბინძური, ბინძური, ბინძური დახლის გვერდით ვჩერდები. მეკითხება ცოლად თუ გამომყვებიო. რა ხუმრობაა ეს?!  ხუთი წელია მისი ცოლი ვარ, ავად თუ კარგად 🙂 რა თქმა უნდა სიხარულით ვთანხმდები  ამ გულუბრყვილო ხუმრობაზე და ჩემს, ნამდვილ, დაკარგულ, ნიშნობის ბეჭედს მიკეთებს თითზე.

ჰოდა, მე ნაკლებად მიყვარს სიურპრიზები, მაგრამ ეს იყო ყველაზე კარგი სიურპრიზი და საჩუქარი მოახლოებული დაბადების დღისთვის.

და საერთოდაც, რა საჭიროა ამდენი კირკიტი ციფრებში და თარიღებში? რა საჭიროა, ამდენი შიშები და ემბრიონივით მოკუნტვები? რა საჭიროა ამდენი შფოთი, როცა შეიძლება თავისუფლად იყო ბედნიერი.

პ.ს პატარა გოგოს ძინავს. ბიჭი ბებიამ წაიყვანა. მეც ძილს ვაპირებ. გადასარევი ამინდია ძილისთვის. შეხვედრამდე

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: