Feeds:
Posts
Comments

ასე მგონია, ვინმეს რომ გაეთვალისწინებინა ჩემი ზიზღი მანის ფაფების მიმართ, იქნებ საერთოდაც არ შემძულებოდა ბაღში სიარული, ან ვინმეს ეთქვა, რომ ექიმი აიბოლიტის კაბინეტში საშიში რამეები არ ხდება, არც უნებართვოდ დაგვარჭობენ ნემსს ტაკოზე, არც თითზე და რომ, ექიმი აიბოლიტის ამბავს ფრიად კეთილშობილური ისტორია აქვს. შეიძლებოდა, ძალიანაც მყვარებოდა ბაღი და როგორმე ამეტანა მშობლის დაგვიანება. დღეს გასაუბრებისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ბავშვებს არ უყვართ ტყუილი და დაგვიანება. საბედნიეროდ, ანდრიამ არ იცის ბუას შიში, არც მგლის და არც ძია პატრულის, მასზე ყველაზე მეტად მშვიდად და სიყვარულით ნათქვამი თხოვნა სჭრის და იმედია, არასდროს დაგვჭირდება ცუდი ძიების მოხმობა ჭკუის სასწავლებლად.

ანდრია, ერთ კვირაში ბაღში წავა. დღეს უკვე, როგორც მისი მშობელი და დედა საბავშვო ბაღში გამოვცხადდი მშობელთა კრებაზე. ძირითადად, დედები იყვნენ, მამები კი როგორც ყოველთვის უმცირესობაში და როგორც, ყოველთვის სიტუაციაში ვერ გარკვეულები. ვფიქრობ, სანამ მამებიც არ იფიქრებენ რა დაჭირდება მათ შვილს, რა შეაწუხებს ბაღში ყოფნისას, რითი უნდა დაეხმარონ პატარას და სანამ, უბრალოდ არ დაინტერესდებიან შვილის ყოველდღიურობით და მათი ცხოვრებით, მანამდე მამის – როგორც, მშობლის როლზე ლაპარაკი ზედმეტია. აი, მე დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებდი ისეთ მამაზე, რომელიც ბლოკნოტში   ჩაინიშნავდა სხვადასხვა მნიშვნელოვან დეტალებს და საერთოდაც, არ შეაწუხებდა გენდერულ უმცირესობაში ყოფნა, პირიქით სხვა ადამიანებსაც მისცემდა მაგალითს.

ასე მგონია, ბაღს კარგად შეეჩვევა, ადამიანები ძალიან უყვარს, მათთან კომუნიკაციის სურვილი აქვს, ვნახოთ რას იზამს. იმედია, ბაღი მისთვის არ გადაიქცევა სატანჯველად. მასწავლებლებიც, ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ არც ჭამას ვაძალებთ, არც ბუათი ვაშინებთ, არც ცივი ჰაერის გვეშინია, მაინც ძალიან სასიამოვნო იყო მათგან გაფრთხილება რომ არ დავაძალოთ ჭამა, არ შევაშინოთ რქიანი არსებებით, რომ არ ვუჭვრიტინოთ ფანჯრებთან, რომ არ მოვატყუოთ და ა.შ

მოკლედ, გვისურვეთ წარმატებები 🙂

 

Advertisements

არ ვარ მე ალბათ კარგი გოგო, იმიტომ რომ ისეთ რაღაცეებს ვფიქრობ, როგორსაც ალბათ წესიერი გოგოები და ადამიანები არ ფიქრობენ. აი, მაგალითად დღეს ვფიქრობდი, როგორ ქრებიან ადამიანები გასაჭირის დროს, ისე შემოიფანტებიან, შემოიძარცვებიან, თითქოს არც არსებობდნენ მანამდე, ან უბრალოდ გეტყვიან ეს შენი პრობლემაა და იცი, რომ მართლები არიან. როცა, პრობლემები ჩნდება იცი რომ ეს მხოლოდ შენ უნდა მოაგვარო, რაღაც ღვთაებრივი მანქანები ჩართო და ყველაფერი მოაწესრიგო. რა ვქნა ხანდახან არ მჯერა ადამიანების.

ჰო, იმასაც ვფიქრობდი, რაში ანაღვლებთ ადამიანებს ჩემი ბედი, ან ჩემი მომავალი შვილების ბედი, რატომ ჩამჩიჩინებენ და მახვევენ ათასნაირ შეხედულებას, რატომ არ მასვენებენ ათასნაირი კითხვებით, რატომ ცდილობენ ისე ვიცხოვრო, როგორც ისინი ცხოვრობდნენ ანუ ძალიან ცუდად და გამწარებულად, როცა თუ სულ ოდნავ გამიჭირდა და მათი გვერდით დგომა დამჭირდა, მათ არასდროს სცალიათ შენთვის, ვერასდროს დაგეხმარებიან და ამისთვის შეიძლება ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები გააჩნდეთ. სწორედ, ამიტომაც არ მჯერა მათი, თითქოს ჩემთან დაკავშირებით ვითომ კეთილშობილური განზარახვები აქვთ. ჰო, შეიძლება ძალიან თავდაჯერებულად ჩანდეს, მაგრამ მე უკეთ ვიცი, რა და როგორ იქნება კარგად, ჩემამდე კიდევ ჩემმა ღმერთმა იცის რა იქნება ჩემთვის კარგი. ამიტომ, ძალიან მინდა ხოლმე მომასვენონ ამ შეკითხვებისგან და ნუ გამომწოვენ იმ ყველაზე პირადს და ჩემთვის ძალიან ინტიმურ ინფორმაციას, რომელსაც ჩემთვის ვინახავ. ჰო,  მე არასდროს არ ვითხოვ ვინმესგან დახმარებას და მგონია, რომ ეს ძალიან კარგი თვისება მაქვს. ადამიანებს, არ სიამოვნებთ როდესაც ვინმეს გამო სულ მცირე დისკომფორტი ექმნებათ, თან დღეს როცა ყველაფერი ასე აჩქარებული, წამებზე გათვლილი და სტრესულია.

ჰო, რა ვქნა ხანდახან მეც ადამიანი ვარ და ასეთ რამეებზე ვფიქრობ 🙂

პ.ს მთავარია, რომ ყველაფერი მაინც კარგადაა და ხვალ, რომ გავიღვიძებ ეს ფიქრებიც გადამივლის. შეიძლება ,რამე ნამცხვარიც გამოვაცხო და ცოტა ხნით სადმე განვმარტოვდე. ❤

დღეს მარიამობაა. ყველას გილოცავთ. მე კი ეს პოსტი დავწერე ფეისბუქზე, შემდეგ თიკომ მითხრა ბლოგზე გადაიტანეო და აქაც ვწერ.

არაფერი ისე არ მენატრება, როგორც შემოდგომა. სახლის წინკარში ჩამომჯდარი, მომლოდინე ბებია, გაჩუმებული სახლი თავისი ნესტიანი წიგნებით, ნესტიანი კარით და ფარდებით, ნესტიანი თეთრეულით და მუთაქებით.
გაჩუმებული და სახლში გამოკეტილი სოფელი. გარეთ გამოტანილი და გობებზე დახვავებული გასარეცხი ჭურჭელი. აივნებზე გამოფენილი კარალიოკის ჩირის ჯინჯილები, დახვავებული სიმინდის ტაროები იქვე.
ნესტით გაჟღენთილ ვენახში აქა-იქ შემორჩენილი ქარვისფერი ყურძენი. ყველაფერი წებოვანია რასაც შეეხები, თითქოს წენგოში მოგეთხვაროს ხელები.
კარადაში მამის ნესტიანი პლაშები, დიდი, შავი და თბილი ჯემპრები,მისი სუნიანი.
კარალიოკის ხის ძირში კარალიოკის ოქროსფერი ფოთლების ნოხი, ჩანესტილი და ცვრიანი.
დროზე მაინც მოვიდოდეს ეს ოხერი, აღარცერთი არ მექნება, მაგრამ მაინც მენატრება.

პ.ს ბებიობის და დღესასწაულების მადლი გფარავდეთ ყველას.

– სანდრიიიკ. სანდროო. არ ჩამოხვალ? ჩამოდი რა. ბურთიც წამოიღე.

– სანდრიკ, მაიკა როგორ გიხდება.

– მადლობა ათუკა.

-სანდრიკ, ძალიან მიყვარხარ. მაიკა ძალიან გიხდება. მოდი ზემოთ ავიდეთ, აქ ნუ გამომიგორებ.

– მაგარი შვილი გეზრდება, უნდა იამაყო.

– სანდრიკ, იცი რა მაგრად თამაშობ? მაგარი ფეხბურთხელი გამოხვალ.

– სანდროოოო. სანდროოო. არ ცამოხვალ? ჩამოდი ფეხბურთი ვითამაშოთ.

ჰო, ძალიან ცხელა. ესენი მეგობრები არიან, ათუკა და სანდრიკა. ყოველ დღე მათი ხმა ჩამესმის. სულ ეზოში დარბიან და თამაშობენ. მერე სანდრო სახლში ადის, ცოტა ხნით ათუკა და მერე ისევ იწყება იგივე, სანდრიკა, სანდრიკაა, ჩამოდი ვითამაშოთ. მანამდე, ათუკა ბებოს ეძახის : ქსენიაა, ქსენოოო, მაიააა. მოკლედ, ამ ზაფხულს გავიცანი ეს ხმაურიანი ბიჭი ათუკა, რომელსაც აქამდე მთელი ამ წლების განმავლობაში ხმით ვიცნობდი. ხო გიყვებოდით, აქ ისე ახლოს დგას კორპუსები ერთმანეთთან, ხანდახან გარკვევით გვესმის სამზარეულოებში რას ლაპარაკობენ და რა აქვთ სადილად.

მე კი მოცვის მურაბა გავაკეთე. სულ , შემთხვევით, მაგრამ კარგი გამოვიდა. ზამთარში, უგემრიელეს ქაცვის ჩაისთან ტკბილი გემრიელობებიც მექნება. კარგი ყოფილა მურაბების ხარშვა, მგონი მეორედაც ვცდი.

ერთ დილას მე და  ანდრია ცხოველთა სამყაროს წიგნს ვათვალიერებდით, ლემურებზე შეჩერდა  და მეკითხება :
-მამას კუდი აქ?
-არა, ადამიანებს კუდები არ აქვთ, არც მამას.
-დედას აააქ?
-არც დედას.
-მიოს, მაის, ბებიას?
– არც მიოს, მაის, ბებიას და არც დედას და მამას.
-მე გოჭი მყავს.ჰემი გოჭი ჭამს :))
პ.ს მერე გამოაცხადა, რომ ანდრია ფუაა და თვითონ არის მიო. ვერ გადავათქმევინე.

მინდა სექტემბერი მალე მოვიდეს. ანდრია ბაღში წავა, ალბათ მეც სადმე წავალ, ან მეტროში მატარებლის მოსვლის დროს უეცრად შემაქანებს. თქვენც გემართებათ იგივე? აი, სადაცაა რომ მატარებელი უნდა მოვიდეს და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს უნდა ისკუპო. რა მტარვალი ფიქრები მაქვს, მაგრამ დღესაც მეტროთი ვიმგზავრე და ლამის ავყირავდი მის მოსვლამდე. კარგი იყო მეტროში, კარგად გრილოდა, დიდხანს ვიკითხე წიგნები. იდეალური ადგილია საკითხავად.

მალე  მოვიდეს  ეს სექტმბერიც და აგრილდეს რა.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძველ სახლში დავბრუნდი და ყველაფრის თვალიერებას შევუდექი, ახალი დეტალები აღმოვაჩინე და მტვრის გადაწმენდა დავიწყე.  ვცდილობ, ისევ თავიდან მოვიშინაურო სახლი, მოვიშინაურო სიტყვები და გაუცხოება დავძლიო. ასე მგონია წერასაც გადავეჩვიე, ასე მგონია არაფერი ხდებოდა, ასე მგონია სათქმელიც არაფერი მაქვს, მაგრამ არადა მაქვს, ძალიან ბევრი, მთავარია ნელ-ნელა დავლაგდე და ისევ შინაურად ვიგრძნო თავი.

სოციალურმა ქსელმა ჩემი ბლოგერული “მოღვაწეობა” მთლიანად შთანთქა. ის ემოციები, ის იმპულსები, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში უცებ უჩინარდება, ეს  დიდი ვამპირი წარმატებულად ახერხებს ყველაფრის შთანთქმას და შეხრამუნებას , მაგრამ გუშინ ძალიან, ძალიან მომინდა მეწერა, ძველებურად, აქტიურად და ისევ ემოციებით, იმიტომ რომ ბევრი რამე არ დამავიწყდეს და ხანდახან საკუთარ თავთან დავბრუნდე ხოლმე.

გამარჯობა. დიდი მადლობა ვინც  კიტხულობს ხოლმე ამ ბლოგს და მწერდა, რომ აუცილებლად გამეგრძელებინა წერა.

12-ის მერე

აი, ასე დავიკარგე. კარგი ამინდებია და სულ გარეთ ვართ. საღამოს ამოვდივართ სახლში ჭურჭლის დასარეცხად და შემდეგ , ისევ მივდივართ. არაფერი საინტერესო არ ხდება, გარდა იმისა რომ ყველაფერი ისე ჩვეულებრივად, ისე მონოტონურად გრძელდება, ლამისაა ჭკუიდან გადავიდე.

მე ბევრი, რომ უნდა მიიღოს ცხოვრებისგან და სულ, რომ ვერ ისვენებს ის ადამიანი ვარ. ვერასდროს, რომ კმაყოფილდება და სულ , ხოდა უკვე პიკია და ნამდვილად ჭკუიდან შემშლის ეს დრო, რომელიც ვითომ არ მყოფნის, მაგრამ სინამდვილეში იმდენია აღარ ვიცი სად წავიღო და რას მოვახმარო. ძალიან მინდა, რამეს მოვახმარო, ვფიქრობ რას, მაგრამ ჯერ ვერ მოვიფიქრე.

თქვენ, თუ გაგიჩნდებათ იდეა, მომწერეთ კომენტარის სახით. დიდ მადლობას გადაგიხდით.

მინდა სადმე წავიდე და გადავიღო ფოტოები, მაგრამ არც ფოტოაპარატი მაქვს და არც თავისუფალი დღეები. მე ღამით მცალია, 12-ის მერე, ამ დროს კი ყველას ძინავს და ყველაფერი დაკეტილია. საყვარელი ყავის დასალევადაც ვერ წახვალ სადმე.

ვინც ფბ-ზე მყავს დამეგობრებული , მას ანდრიას ამბებიც მშვენივრად მოეხსენება, ერთი კიჭი მოიტეხა, ბევრს დარბის და უსაშჳელოდ კომუიკაბელურია.

ჰო, ლეპტოპი ისევ გაფუჭებული მაქვს  :/

 

 

სულ ტყუილად, ყველაფერი ცუდად დაიწყო. წინა ბლოგის დაწერიდან მეორე დილას ჩემს მაკბუქს ცოდვებმა უწია თუ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ შემთხვევით ხელი გავიქნიე, იმ გაქნეულ ხელში კი ფინჯანით ყავა მეჭირა, მოხდა ის რისიც ყოველთვის მეშინოდა და ახლა ამის გახსენებაზე, სულ ჭიანჭველები დამდის ტანში. ჯობდა ის ცხელი ყავა მე გადამსხმოდა, ან ფეხი დამეწვა, ან ხელი, ან ფეხი მომტეხოდა, ოღონდ იმას არაფერი დამართნოდა. ზუსტად ასე ვფიქრობდი, სანამ ცოტა მოგვიანებით ჩემმა ქმარმა, სრულიად რაციონალური მსჯელობით არ ამიხსნა, რა ცუდი შედეგები მოჰყვებოდა ჩემს ხელის ან ფეხის მოტეხვას. ხოდა, ისევ აღვივსე იმედებით, რა მოხდა რომ ჩემი მესამე ხელი დროებით ცუდადაა, კარადის თავზე განისვენებს და მკურნალობას ექვემდებარება. ესეც საქმეა. ფაქტობრივად გადარჩა. ეხლა ცოტა მეტი უნდა ვიშრომო, სამკურნალო თანხა შევუგროვო და ისიც გამოჯანმრთელებული და ლამაზი ისევ სახლში მეყოლება.

საშინელება ყოფილა ეს ნივთებზე დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ ვთქვი წელს უარი სხვა ძვირადღირებულ ნივთებზე. ნივთი იმისთვისაა, რომ გაფუჭება არ დაგენანოს და მერე ნერვიულობას არ გადაყვე.

მოკლედ ასე დაიწყო ჩემთვის 2014 წელი. ახალ პროექტში ჩავერთე-ჩამრთეს, რომელიც მთლიანად ენთუზიაზმზე დგას, მაგრამ როცა მეგობრები აკეთებენ და იქ შენს როლს ხედავენ, მგონი უარის თქმა არ ღირს. ისევ ბლოგები და უკვე ახალი სტატუსი : რედაქტორი :)) თავიდან ისე ძალიან გამეცინა, როგორც ეხლა თქვენ გეცინებათ. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი ტვინი და გონება ისევ სხვა სამსახურს უტრიალებს, იმ დილებს, როცა ძალიან დამეზარება ლოგინიდან გამოძრომა და სამსახურში წასვლა, მაგრამ მაინც ძალიან მეყვარება.

გაზაფხულზე ანდრია ორი წლის ბიჭი გახდება , ბაღში წავა და ზუსტად ვიცი ჩემსკენაც გადმოიქროლებს ცვლილებების ქარი. აი, ძალიან ველი ამ ყველაფერს. მანამდე კი მასთან ურთიერთობით ვტკბები, ხან ვბრაზობ და ხან ვჩხუბობ. ვერ წარმოიდგენთ, რა ცელქია, ძალიან მარტივად შეუძლია ადგეს და უჯრაში ჩაჯდეს, სკამი მიიდგას და სამზარეულოს კარადაზე ავიდეს და სხვა მაიმუნობები. სახლში პატარა ემილი გვყავს.

სხვა რა ხდებოდა დამავიწყდა. მეზობლები კედლებს ბურღავენ და ჩემი გონება მხოლოდ მასზე კონცენტრირდება. ანდრიას ძინავს, მეგონა ბურღვები შეაწუხებდა, მაგრამ მშვიდად ძინავს. უნდა მოთოვოსო ამბობენ, ცოტას კი თოვს მგონი გარეთ. ყველანი ჯანმღტელები და საღსალამათები ვართ. მადლობა ღმერთს. ამ წუთას ბედნიერი ვარ და მიხარია.

რა კარგია საღ გონებაზე ყოფნა 🙂

%d bloggers like this: