Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ანდრია’

დეკემბრის დადგომა ვორდპრესის თოვლმა მამცნო. შემოვიხედე და მარჯვნიდან უბერავდა დიგიტალური ნამქერი. უცნაურად სიმშვიდე ვიგრძენი და ყველა შფოთი, სადღაც გაქრა. ძალიან მინდა მოთოვს, თოვლი ზღვაზე მეტად მამშვიდებს, შემიძლია საათობით ვიდგე და ვუყურო როგორ, თოვს, ოღონდ ნამდვილად უნდა თოვდეს.

ნოემბერი თვალსადახელშუა გაქრა. ერთი პოსტის დაწერაც კი ვერ მოვასწარი. სულ მეძინებოდა და სულ ძილის ნაკლებობის გამო ვიყავი გაღიზიანებული. ეხლაც ესე ვარ, მაგრამ იმედით ვარ, რომ ცოტა ხნით სადმე წავალ დასასვენებლად, ან რომელიმე კეთილი სულიერი მოიფიქრებს და ორი დღით მაინც დამასვენებს.

ეს დღეები ვზივარ და როცა რამდენიმე თავისუფალი წუთი ხელში ჩამივარდება, ვცდილობ ცოტა ვიკითხო, ძირითადად სულ საქმეა, საქმესთან ერთად ანდრია ხელში, რომელიც არ ვიცი ვინ მიაჩვია ხელში პორწიალს, სულ ჩემთან უნდა ყოფნა, როგორც კი დამინახავს გააღებს თავის ლამაზ პირს და მიცინის, გაღვიძებისას კი სულ ვცდილობ მარტო არ იყოს და როგორც კი გაიღვიძებს გავუღიმო და მარტოობის არ შეეშინდეს.

ხანდახან მგონია, ალბათ ჩემი კარ-ჩაკეტილობის გამო, რომ გარეთ ცხოვრება გაჩერდა, ადამიანები გაჩერებებზე აღარ ელოდებიან ტრანსპორტს, მაღაზიები დაიხურა, ყველა სახლში გამოიკეტა, არავის არსად აგვიანდება. მერე გადავხსნი ფარდებს და თურმე, ყველაფერი ისევ ძველებურადაა, ცხოვრება გრძელდება, უბრალოდ მე ვზივარ ჭურში და თვალები მტკივა სიბნელისგან.

ანდრიას მოვლა საოცრად სასიამოვნოა. რა თქმა უნდა საშინლად ვიღლები, მაგრამ მთელი დღეების განმავლობაში არ მტოვებს კმაყოფილების შეგრძნება, რომ მე და ის ერთად ვართ, ხანდახან ერთადაც ვიძინებთ შუადღით, როცა ვუყურებ როგორ ფრთხილად ირხევა მისი სუნთქვისგან ცისფერი პლედი. მისი არსებობის უკვე მეშვიდე თვე დაიწყო და როცა, პირველად გავასინჯეთ წიწიბურას ფაფა და მანაც, ალბათ ინტერესის გამო უფრო, მთელი ფაფა შესანსლა, სიხარულისგან ფეხები ამიკანკალდა, მეგონა ხელიდან გამივარდებოდა ტელეფონი, რომლითაც ვიდეოს ვიღებდი.

პედიატრები , საერთოდ დიდ თავის ტკივილად მექცა. ზოგი რას გვირჩევს და ზოგი რას. ხან ვისთან მივდივართ და ხან ვისთან, რთული ყოფილა ეს ეტაპი, დამატებით კვებაზე გადასვლის. ვერაფრით ვერ დავარეგულირე კვების რეჟიმი, ხან ჭამს, ხან საერთოდ არ ჭამს, ძირითადად ცოტას ჭამს ხოლმე, ეს გემოგამოცლილი ფაფები ნამდვილად არ აინტერესებს. მოკლედ, დიდ გასაჭირში ვარ. მთელი ღამეები ჩემზეა ჩამოკიდებული და ლიმონივით გამომწურა.

სულმოუთქმლად ვწერ, მინდა მთელი ნომებრის ამბები აქ ჩავატიო, მაგრამ ასე არ ივარგებს. დეკემბერში იმედი მაქვს, აუცილებლად გამოვნახავ დროს შუადღით, როცა ანდრია დაიძინებს და მეც ჩემს ამბებს აუღელვებლად და მშვიდად მოგიყვებით.

პ.ს მშვიდობიან დეკემბრის დღეებს გისურვებთ. ^^

Advertisements

Read Full Post »

ცხელი ლიმნიანი ჩაის ჭიქით ვითბობ ხელებს. სახლში უკვე აცივდა. მე კიდევ დავიწყე ოცნება ჩემს სახლზე, სადაც წითელი ხალიჩები მექნება დაფენილი და სქელ მძიმე ფარდებში ქუჩის ხმაური ვერ შემოატანს.  სადაც იქნება სითბო, სიმშვიდე და ოჯახური სიმყუდროვე, სადაც  სიყვარული გაგრძელდება ჭირსა და ლხინში და ვერავინ შეძლებს მთელს დედამიწის ზურგზე ამ სიყვარულის დარღვევას.

გუშინ, ჩემი დაბადების დღე იყო. აქამდე, ჩემს დაბადების დღესთან უცნაური დამოკიდებულება მქონდა და გუშინ მივხვდი, რომ ეს შეიცვალა. კიდევ ერთი წელი დაიწყო ჩემთვის, რომელიც საკმაოდ ბევრი პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით დაიტვირთა. დილით, მე, უტას და ანდრიას ერთად გვეძინა, ის ყოველთვის გვასწრებს გაღვიძებას და გვიყურებს გაკვირვებული, სანამ ჩვენ თვითონ არ გავუცინებთ და მუცელზე არ დავუწყებთ კოცნას, მერე კი ისე ახითხითდება მის დანახვას არაფერი სჯობს. ვუყურებდით და ალბათ უტაც ისეთივე ბედნიერი იყო იმ წუთებში, როგორც მე. ბედნიერად, დაიწყო ჩემი დაბადების დღე. წელს უკვე სამნი ვართ, შარშან ვიყავით ორნი და ჩვენი თავების გარდა სხვები დიდად არ გვაინტერესებდა. ძალიან ლამაზი დილა იყო. წვიმდა. მე გვიან გავიღვიძე. უფრო სწორედ უტამ გამაღვიძა, საიდანღაც მოვიდა სველი თავით, სველი ყვავილებით და კაფკას წერილებით. იმ ყვავილების სუნი ახლაც მახსოვს.

იშვიათად მჩუქნის ვინმე ყვავილებს.

წელიწადში, ერთხელ და ერთი კვირით მე უტას ვეწევი ასაკში (რა ხანდაზმული სიტყვაა, გამაჟრიალა), ცოტა ხანს ორივე 26 წლის ვიქნებით. მერე უტა გახდება 27-ის და ა.შ ამბობენ 27 წელი იდუმალი და გარდამტეხი ასაკიაო.

მე არც ტორტებს ვაცხობ და არც რამე გემრიელობებს ვაკეთებ, თუ ამის ხასიათზე არ ვარ. ტორტი მარიმ გამომიცხო და დილით ტორტის გულის ნაჭერი და ცხელი ლიმნიანი ჩაი დამახვედრა. მარის უყვარს სამზარეულოში ყოფნა, უნდა ოდესმე თავისი  რესტორანი ჰქონდეს, როგორც პენელოპა კრუზს ფილმში “დაბრუნება”, მე კი დიდი სიამოვნებით გავხსნიდი და ვუხელმძღვანელებდი ისეთ წიგნის სახლს, როგორიც მეგ რაიანს აქვს ფილმში “You’ve Got Mail”:)

 

გაგრძელება საღამოს 20:58

ისევ ის სუნი, ისევ ის ყვავილები, ოღონდ სულ ფერადი, ყვითელი ჭარბობს. ბედნიერი ვარ, ბედნიერი, ბედნიერი. მერე, რა რომ დაბადების დღის მეორე საღამოა. მე მაინც მიხარია.

პ.ს  გუშინ, უტას დედის ნაჩუქარი ფულით, რომლითაც შევპირდი რომ ლინდგრენის “ლოტა აურზაურის ქვეყნიდან” ვიყიდდი, ეზოში ჩასულს, ისპანახი, ბულგარული და კარტოფილი შემომეყიდა. არა უშავს, სახლის სიახლოვეს, რომ გავსცდები მასაც ვიყიდი. ისპანახი კიდევ ძალიან სასარგებლოა. მე კი ძალიან გამიმართლა, იმ ადამიანებით ვინც ღმერთმა მაჩუქა.

ეხლა ვარ, ძალიან გულჩვილი და ამ გულჩვილობით გაუსუსურებული მატლუკა:)

Read Full Post »

ეს დღეები, სულ ჩემს სახლზე ვფიქრობ, რომელიც იმედია ოდესმე გვექნება, ჩვენი საკუთარი და  არა სხვისი ვინმესი, არამედ ჩვენი, ჩემი, უტასი და ანდრიასი,იქნება ნათელი ოთახები, მზიანი,  სადაც ჩვენ თვითონ დავკიდებთ ფარდებს, ჩვენი გემოვნებით ვიყიდით ავეჯს, ელექტრო ტექნიკას, რბილ და ღუნღულა პუფებს, მოსახერხებელ სავარძლებს, სხვადასხვა ტონებში შევღებავ კედლებს, გავაკრავ ლამაზ შპალერს, სადაც ჩვენი იქნება ყველაფერი და სტუმრებიც მაშინ მოვლენ, როცა ჩვენ დავპატიჟებთ, მე არ მიყვარს ვინმესთან დაუკითხავად წასვლა, ხოდა ვინც მოვა ჩვენთან იმათთვის განსაკუთრებულად მოვემზადები, კარგი ყავა მექნება და კარგი ჩაი, გემრიელ ნამცხვრებს ვიყიდი ხოლმე და საერთოდაც, ყველაზე მეტად საკუთრების შეგრძენა მამშვიდებს.

ოქტომბრის დასაწყისი დღეებია, მგონია, რომ ნამდვილი შემოდგომა ეხლა იწყება, არეული ამინდებით და მონაცრისფრო დღეებით. ფანჯრიდან მოხალული მზესუმზირის სუნი შემოდის, რა ჭკვიანია ის ვიღაც, რომელმაც იცის რაში უნდა გამოიყენოს ასეთი მოქუფრული ამინდი. დიდი რამე თუ მთელი დღე  არაფერსაც არ გააკეთებ და მზესუმზირის კნაწაკნუწში გაიყვან საათებს. ანდრიას დაეძინა, ძალიან ვერიდები, რომ ჩემი ვირუსები მასაც არ გადავდო, მაგრამ ისიც ძალიან მიჭირს, რომ ყელში არ ჩავკოცნო და ცოტათი არ შემომეჭამოს. იცით როგორია? სულ იცინის, მთავარია სულ ცოტათი გაუღიმო, ეგრევე გაგიცინებს და თავს ბედნიერად იგრძნობ. უტამ თქვა ეხლა  ვხვდები  მშობლები, რატომ მიდიან ყველაფერზე შვილების გამოო. როგორც, ყველა დედას მეც ზუსტად ისეთივე ჭკვიანი და ლამაზი მგონია ჩემი შვილი, ხოდა მაგიტომ ხშირად ვეუბნები, რომ ის არის ერთადერთი ლამაზი და ჭკვიანი ჩემთვის. ის კიდე მიღიმის და თავის უკბილო პირს ფართოდ აღებს და თვალები უბრწყინდება. ყველაზე მეტად მაშინ ერთობა თუ ცოტა უხეშად დავუწყებ ჯანჯღარს და ფეხებით გავწელავ აქეთ-იქეთ. მაშინ განსაკუთრებულად ბედნიერია და სულ ხითხითებს. ერთი კვირაა, რაც “აღუებს” მორჩა და მანამდე “ეღუებსაც” იძახდა, ეხლა დილით, როცა დანაყრებული თავისთვის წევს საკუთარ თავს ელაპარაკება. ეჟღურტულება.

მე კიდე, ბღუჯა-ბღუჯა მცვივა თმები და გამომიშრა სახის კანი. არადა ანდრია, რომ გაჩნდა ის ერთი თვე სახის კანი იდეალურად მქონდა, ბუნებრივად დანოტივებული და პრიალა.

ისეთი ამინდია, ავდგებოდი ჩემს პლაშს მოვიხურავდი და ფოტოების გადასაგებად წავიდოდი, სადაც არავინ შემხვდებოდა ნაცნობი და ნათესავი, ჩემთვის ვივლიდი მშვიდად და დავლევდი გემრიელ ყავას. რა სამწუხაროა, რომ თერმოსი გამიფუჭდა.

Read Full Post »

არ ვიცი, როგორ იწერება კარგი პოსტები,  დიდიხანია არაფერი დამიწერია, არც კარგი და არც ცუდი, უბრალოდ გადაღლილობას ვიმიზეზებ, ანდა რა მიზეზი ჭირდება სრულიად უსარგებლო პოსტების დაუწერლობის გამო წუწუნს.  სამაგიეროდ, ძალიან კარგად ვიცი ჭურჭლის კარგად რეცხვა და სახლის დალაგება, კარგადაც ვაუთოებდი, მაგრამ იცი რა? ყველაფერი მომბეზრდა, განა ისე გადავიღალე, რომ რაღაცის გაკეთების თავი არ მქონდეს, რაღაც სულ სხვანაირად ვარ, ლუდის ბოთლივით გამოწრუპული, ვნების გარეშე, ასექსუალური და გამოფიტული.

გარდა იმისა, რომ ქვეყანაში მეორედ მოსვლა დაიწყო და მეც ამ ყველაფერში ჩართული აღმოვჩნდი ძალაუნებურად, ტვინში ისეთი ქაოსია, ასე მგონია სადაცაა აფეთქდება და გარეთ გამოიყრება ჩემი ამდენი უსარგებლო, აზრი, ფიქრი და გრძნობებიც, მგონი ჩემი გრძნობებიც ტვინშია, ხოდა დიდი სიამოვნებით ველოდები ამ აფეთქებას და ტვინის გათავისუფლებას.

ანდრია იზრდება. გუშინ 4 თვის გახდა. სულ იღიმის და ფეხებს იქნევს, ჩემს მუცელზე სწავლობს სიარულს, გულზე, ხანდახან სახეზეც ცდილობს ამაბობღდეს. მერე სახესთან ვიხუტებ და ისიც ყველაზე ტკბილი ტუჩებით მდორბლავს. ძალიან დიდი მგონია, იმდენად დიდი, რომ მთელი დღე ველაპარაკები, ჩემს თავზე ვუყვები, მის გარდა მეგობარი არავინ არ მყავს, მარტო მას შეუძლია ჩემი გაგება, რადგან მთელი დღეების განმავლობაში სულ ჩემთანაა, ვერაფერს დავუმალავ ისედაც. ვეუბნები რა მინდა და რა მჭირდება, მერე ყველაფერი მეშვება, ისიც სერიოზული სახით მიყურებს.

კარგი რამეა შვილი. ცოტა ხნის წინ, ფეისბუქზე მოწოდებასავით რაღაც დავწერე, ნუ გააჩენთ შვილებსმეთქი, იმწუთას ძალიან გადაღლილი ვიყავი და ალბათ მაგიტომ მომინდა დამეწერა, მერე საშინლად ვინანე.

დედაჩემმა მითხრა დარწმუნებული ვარ ანდრია შენი დეპრესიების წამალი იქნებაო, ხოდა  დავუჯერე.

ნახვამდის, როდესმე თუ ვიქნები წერის ხასიათზე ისე მოვაკითხავ ამ ბლოგს, მანამდე კი ჩემს გაუქმებულ დღებს გადავყრი ცხოვრებისეული კალენდარზე. რა ჯანდაბად მინდა.

 

Read Full Post »

ანდრია 25 მაისს გაჩნდა. იმ საღამოს მე და უტა ვაკის სამების შესასვლელთან ვიჯექით და ერთმანეთსაც ვერ ვამშვიდებდით, ვიჯექით უმწეოდ და მხრებჩამოცვენილები,  არცერთს არ გვინდოდა საკეისრო, როცა ფაქტის წინაშე დავდექი საშინლად აღარ მომინდა გაფატვრა, იმ წუთას უტა იყო ჩემი შიშების და ნერვიულობის გამტარი, ხოდა ეს უფრო მკლავდა. ვუყურებდი და მეჩვენებოდა, რომ თმები უთეთრდებოდა, მერე სამშობიაროშიც მომეჩვენა, რომ უფრო მეტი ჭაღარა ჰქონდა. იმ საღამოს ლამის ცა ჩამოიტანა წვიმამ. მერე წავედით “ემბრიოში” და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ექიმმა, რომ როგორი აუცილებელი იყო საკეისრო, მან თქვა რომ “ბავშვი პატარაა” (2800)  და გაუჭირდება გამოსვლა, რომ მისთვის იქნება საშიში, რომ “მოდით, ნუ გავრისკავთ”, რომ “ძვლები უფამფალებს თავზე”, რომ “დღენაკლულია” და კიდევ ათასი უბედურება ჩამოთვალა და ა.შ) იმ წუთებში მივხვდი, რომ ეს ბავშვი ყველაზე უძვირფასესი იყო ჩემთვის და ამიტომ, ძალიან მშვიდად გავყევი საოპერაციოში.  ოთახში დაბალი შუქი ანათებდა და მეგონა ცოტა ხანში ექიმი ჰაუსიც გამოჩნდებოდა:)) რომ, არა თვითშთაგონება, ალბათ ცოტას კიდევაც ვინერვიულებდი. სულ, რაღაც 30 წუთში გულზე დამაწვინეს ჩემი 2 კილო და რვაას გრამიანი ბიჭი, გრძელი თითებით მომეჭიდა პერანგზე და მეორედ მივხვდი, რომ არ არსებობს არანაირი სიმდიდრე რაშიც მას გავცვლიდი. 5 დღე. ეს იყო ყველაზე საშინელი ხუთი დღე, ჯერ იმიტომ, რომ სასტიკად მშიოდა და  სულ საჭმელებზე ვფიქრობდი, ექთანს კი ორი დღე მხოლოდ ჩაი და სუხარი შემოჰქონდა, რომელსაც იქამდე არ ვჭამდი, სანამ საშინელი თავისტკივილები და თავბრუსხვევები არ დამეწყო. დანარჩენი დღეებში უკვე გაქცევის გეგმას ვამუშავებდი, პალატაში აუტანელი სიცხე იდგა, ოთახს არაფრით ანიავებდნენ, როცა უკვე ფეხზე წამოდგომა შევძელი სხვა პალატაში გავდიოდი და ძალიან დიდხანს ვისუნთქავდი გრილ ჰაერს. 5 დღის მერე ყველაფერი ნელ-ნელა დაუბრუნდა ახალ წესრიგს, მე და უტამ ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა ვაბანაოთ ანდრია, როგორ დავუმუშავოთ ჭიპი და როგორ, გამოვუცვალოთ პამპერსი, როგორ ვაჭამოთ გამოწველილი რძე, ჭამის შემდეგ ხომ აუცილებლად უნდა ამოაქარვოს, ხოდა ეს მეთოდიც ვისწავლეთ, ყველაფერი კი მაინც ძაან რთული და დამღლელი აღმოჩნდა. მე საერთოდ, საერთოდ, საერთოდ არ მიფიქრია ასეთი ძნელი თუ იქნებოდა:) უტას, კიდევ ყველაფერი გააზრებული ჰქონია. იმდენი დავწერე და ანდრიაზე არაფერი მითქვამს. ორი და რვაასი, რომ დაიბადა ეს ვთქვი, აქვს გრძელი ფრჩხილები და ვარდისფერი კანი, თავიდან ტიროდა გასაოცრად, ძალიან მორიდებულად, აი ასე:” ვაჰაჰაჰა, ეჰეჰეჰე, იჰიჰიჰი, უჰუჰუ” და ცოტა ხანს ვაჰაჰასაც ვეძახდით, შემდეგ ასეთ ტირილსაც გადაეჩვია და     სასაცილოდ ფხრიწინებდა, ეხლა უკვე გულიანად ტირის, მე კიდე მაინც ის ძველი ტირილი მენატრება. საოცარი სიტყვები თავისით მოდის და როცა ჩემი ხმა ესმის, გაკვირვებული ამოიღებს რაიმე წერტილს მიზანში თავისი ლურჯი თვალებით და გაიტრუნება. ეხლა ძინავს, მინდა ცხრამდე მაინც იძინოს, მე და უტამ პატარა გასეირნება, რომ მოვიწყოთ   update 26.10.2012

Read Full Post »

%d bloggers like this: