Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ახალი წელი’

დამავიწყდა, როგორი იყო ყველა ის დღე, რომელიც გავიდა. შეიძლება, იმდენად მოსაწყენი იყო, მაგიტომაც ვეღარ ვიხსენებ, უფროსწორად ყველაფერი გადაღლილობის ამბავია, უძილობის, რომელიც ვერა და ვერ მოვაგვარე. რა თქმა უნდა ყველაფერში დამნაშავე ანდრიაა, რომელიც ძილშიც კი არ ჩერდება, აუცილებლად უნდა ჩამბღუჯოს, ან ლოყაზე ჩამავლოს ხელი, თმებში მწვდეს და ასე ჩაბღუჯულმა დაიძინოს.

მას უკვე აქვს წითელი მანეჟი, რომელიც მხოლოდ ჩვენი წითელი დროებითი ოთახის მხოლოდ დეკორატიული ნივთია და პრაქტიკულად არ გამოიყენება, მასში მხოლოდ ანდრიას რბილი და ფუმფულა სათამაშოებია ჩაყრილი, ისევე როგორც მის საწოლში მისი ტანსაცმელები და პლედები.

430940_539962569349645_431886642_n

მე მისი სათამაშო ვარ, ყველაზე გაქუცული სათამაშო მის ფუმფულა სათამაშოებს შორის, მაგრამ მას ყველა სათამაშოზე მეტად ვუყვარვარ.  ანდრია ჭკვიანი ბიჭია, ვერც დედის მაისურ გადაცმულ ზებრით მოატყუებ ძილის დროს, იგი მას გვერდზე მოისვრის, იმიტომ რომ ყველაზე კარგი ყნოსვა აქვს დედამიწის ზურგზე.

532506_543145092364726_1643410432_n

ხანდახან, როცა ნაბანავებია და კარგ ხასიათზეა, შეუძლია რამდენიმე წუთით იჯდეს თავისთვის მშვიდად მანეჟში და უყუროს ჯუნგლების ფერად ბინადრებს. სამაგიეროდ, მისი დედა ზის და უყურებს წიგნებს სევდიანად, რომელთა წაკითხვასაც ვეღარ ახერხებს.

image_1356513699759605

მგონი ეს დეკემბრის ბოლო პოსტია. გილოცავთ ახალ წელს და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ ჩემს მკითხველებს:*

Advertisements

Read Full Post »

როცა, ახალი წელი მობოგინდა და წაბოგინდა, მე ვფიქრობდი , რომ არ მეცვა წითელი ტრუსიკი მარადიული სიყვარულის სიმბოლო და არ მქონდა ყვითელი ფერის მაისური ან კაბა, ნიშანი გამდიდრების წინაპირობისთვის  და მაგიტომაც, სტანდარტულად უჟმურ ხასიათზე ვიდექი. მერე  გამახსენდა  ფრაზა, რომელიც რამდენჯერმე გამოვიყენე პრაქტიკაში, ხოდა, რასაც ხშირად ვიყენებ იმის გამეორება არ მიყვარს.

არც ახალ წელს გავიმეორებ, გახსენებად არ ღირს. ჩემი ვეფხვი დანაყრებული წაძუნძულდა, კატისგან კი რა ხეირს უნდა ველოდო, არ ვიცი.

უამრავი რამე და ვინმე გადმოვიყოლე ახალ წელში, ზოგი წინა წელში დავტოვე და ამით, ფაქტიურად საბოლოო წერტილი დავუსვი მათ ფუნქციონირებას, უცნაური კი რათქმაუნდა არაფერი გამიკეთებია, ასე იქცევა ყველა ნორმალური ადამიანი.

ლურჯები მეცვა, უამრავ ხალხში ვიყავი–ვიჯექი და მაინც, ძალიან ცოტათი მოვიდა საახალწლო განწყობა, შეიძლება მე მაქვს დაზიანებული აღქმის უნარი თუ რა ხდება არ ვიცი, მაგრამ  ძაან ტკბილად მახსენდება წინა ორი წლის ახალი წლები, სულმოუთქმელად ხდებოდა რაღაცეები, ზედემტად ეგოისტურად, საშინლად ეგოცენტრულად, წელს კი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ოჯახურ პონტში ხდება, ავდექით, დავირაზმეთ და ასე დარაზმულები შევხვდით ახალ წელს.

მე კიდე საშინელი ეგოისტი ვარ, ყველაფერი ჩემთვის მინდა, ჩემს ნაჭუჭში,ჩემს სითბოში, ჩემს გრძნობებში  და ჩემს დღესასწაულში, ზედმეტად ეგოისტი ვარ ალტრუისტობისთვის, თუ გინდა უწითელ ტრუსიკოდ და უყვითელ კაბოდ(ფილოლოგები შემრისხავენ, მაგრამ ყველა შეცდომას გააზრებულად ვუშვებ:)

ხოდა, ბოლოს ჩემს თავს შევძახებ: “დღესასწაულებზე, ცოტა იეგოისტეთ”.

Read Full Post »

ეხლა, თითქმის ყველა ბლოგერი წერს წლის შემაჯამებელ პოსტს, ზოგ მათგანს უკვე დაწერილი აქვს ალბათ, მე კი როგორც ყოველთვის ასე გვიან შემოვიტოვებ. ორ დღეში, ახალი წელი მოვა, მზად ვარ ჩემი ვეფხვის წელიწადი გავაცილო და ყველაფერი ცუდი მას გავატანო და ისევ სუფთა ფურცლით დავიწყო ახალი წელი. მომაბეზრებელი სიტყვებია, მეც ვხვდები ისედაც. რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას გავიხსენებ, რაც 2010 წელს მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

ამ წელს, დავანებე  რადიოში მუშაობას თავი და სხვა სამსახური ვიშოვე, სადაც მე ვფიქრობ ჩემი მრავალწლიანი შემოქმედებითმა უძრაობამ დნობა დაიწყო და მეც ბევრი რამის სწავლა და კეთება მომიწია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სულ რაღაც 2 თვე გაგრძელდა, ჩემი ცხოვრების ერთ–ერთ მნიშვნელოვან ეტაპად იქცა, როგორც შემოქმედებითი თვალსაზრისით ისე მორალურადაც. მერე ისიც დავკარგე და მერე გავთხოვდი.

გათხოვების მიუხედავად, მაინც ვერ შევეჩვიე სიტყვებს “გათხოვება”, “მეუღლე”, “ქმარი” და “ჩემი ოჯახი”, ზუსტად ამის გამო მე არ მყავს არც დედამთილი და არც მამამთილი, მული და მაზლები, ნუ კი მყავს მაგრამ, ისინი უტას დები და ძმები და მშობლები არიან, არც მე არ ვარ რძალი, არც უტა არ არის სიძე, არც მას ჰყავს სიდედრი და სიმამრი და ა.შ. მოკლედ, მე მაინც მგონია, რომ ქართული ტრადიცული რძალ–დედამთილობის  და სიძე–სიდედრობის ეს  გაუკუღმართებული ინსტიტუტი (დამახინჯებულ ურთიერთობებს ვგულისხმობ, მარტო) განსაკუთრებით მახინჯდება სამეტყველო ურთიერთობის დამახინჯების შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ბრჭყალებში მოცემული სიტყვები, ჩვეულებრივი ლინგვისტური ფორმალური თავისებურებებია, რომლებიც დროთა განმავლობაში ძალიან  გაიცვითა და დღევანდელ ისტორიულ დროსთან, უკვე არაადექვატურად  და ნეგატიურ კონტექსტში გამოიყურება , მაინც მგონია, რომ ეს სხვადასხვა დროს გაჩენილი საზოგადოებრივი მეტყველების წარმონაქმნები,დღეს  უკვე გადასაფასებელია და დროა დამდგარი, ახალი ენობრივი ურთიერთობის დასაწყისისათვის.

ამ წლის და კიდე წინა ორი წლის ჩემი ბექგრაუნდი უტაა და ძირითადად, ყველაფერი მასზეა დაშენებული, ამ პოსტში არ მოვყვები, თუ როგორ მიყვარს, რატო მიყვარს, რას წარმოადგენს და რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩემთვის, რომ რამე ვაკეთო, რამე მინდოდეს, ყველაფერი მას უკავშირდება ისედაც, ჩემი გეგმები და ჩემი სურვილები, ჩემი ამბიციები და ჩემი დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობა, ამიტომ ეხლა ჩემს წარუმატებლობებზე გადავალ.

“უფხო” ნიშნავს თევზს, რომელსაც ფხა არ აქვს და ასეთი თევზის წარმოდგენა ალბათ არავის გაუჭირდება, როგორ საცოდავად სცდილობს, მოიქნიოს თავისი უფხო სხეული. უფხო ვარ მეც, ბებიაჩემიც ესე მეძახდა,” უფხო და უცხვირპირო” და “ოჯახში არშესაშვები” და კიდევ ბევრი რამეს მეუბნებოდა, ხოდა მე მაშინ სულაც არ ვბრაზობდი, როცა არც ქათმის და არც თევზის გამოშიგვნას ვსწავლობდი მის გვერდით. ხოდა უფხო არ ვარ, როცა ქათამს თავის კუჭიანად მოხარშავ, ხორცის სოუსს ჩაწვავ და ნახშირად აქცევ, ღომს უნიტაზში ჩაასხამ, ერთ დღეში ლობიოს ისე აამჟავებ, რომ თავსაც მოიწამლავ და ქმარსაც მოწამლავ? მოკლედ, კულინარიულ შეცდომებსაც 2010 წელს ვატან:)

ფინანსური თვალსაზრისით, თეთრი ვეფხვის წელიწადი ჩემთვის წარმატებული სულაც არ ყოფილა. ვეფხვი ჩემი წლის ნიშანია და  მისგან განსაკუთრებულად, ფინანსურ დივიდენდებს ველოდებოდი, მაგრამ არა უშავს,სარგებლის მოტანის თვალსაზრისით პოტენციურად 2011–იც შეიძლება იყოს.

ჩემს ერთ–ერთ სურვილად, ჩემი ბლოგის გე – დომენზე გადაყვანაც მოიაზრება, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ, რადგან ყველაფერი ისევ  ფინანსებთანაა კავშირში და არც ჩემი ბლოგი არაა ისეთი, რომ მისგან ფიდბექებს ვიღებდე ფინანსური თვალსაზრისით, ამიტომ სანამ ბლოგები არ გახდება გაყიდვადი, მეც მგონია, რომ იქამდე თავს შევიკავებ, თან  ვორდპრეს.ქომი–ც ჯერჯერობით ღირსეულად და ერთგულად  მემსახურება.

ამ წელს მქონდა, რამდენიმე ლიტერატურული აღმოჩენა და  რამდენიმე ლიტერატურული ჩავარდნა და ეხლა არცერთზე არ ვაპირებ ეხლა წერას.

სხვა რა დავწერო არ ვიცი. მინდა ჩემმა ბლოგმა იმდენხანს იარსებოს, რომ მერე ჩემმა შვილიშვილებმა და შვილებმა იკითხონ, თუ რათქმაუნდა თოვლის ბაბუა მომიყვანს ერთ შვილს:)

ყველას ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ.

პ.ს ადრე შობის ღამეს, მაგიდის ქვეშ ვძვრებოდი და იქ წიგნებს ვკითხულობდი. ასე გამიგია, ეგრე საშობაო სურვილები სრულდებაო.

Read Full Post »

ალბათ, არც გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ სულაც ვერ ვგრძნობ ახალი წლის მოახლოებას, მგონი ყველა ასეა. გუშინ, სხვისი ნაძვის ხე გავაწყვეთ სხვის სახლში, სხვისი სათამაშოები დავკიდეთ ნაძვის ხეზე, ფერად “წვიმებს” რომ ვუყურებდი, ჩემი ბავშვობის ოცნებები მახსენდებოდა, რომელსაც ეხლა ცოტა სხვანაირად განვახორციელებდი. მოკლედ, არც სხვისი ნაძვის ხე და არც სხვისი სათამაშოები, არ არის გასაკვირი და საერთოდაც არაფერი მიკვირს ამ ბოლო დროს.

გარდა იმისა, რომ მთელი კვირა დღე უტამ ჩემთან ერთად, სახლში გაატარა, იჯდა კომპიუტერთან და რაღაც, მინიკლიპებს თამაშობდა, მე კიდევ ვიჯექი მასთან ახლოს და თბილ შალში გახვეული, ჩემს წიგნებს ვკითხულობდი, თან ვუყურებოდი როგორ აღებდა პირს, როცა ვინმე უგებდა ან თითონ უგებდა. რაც, შეეხება თამაშებს, ვერ ვარ ღირსეული პარტნიორი , არ ვიცი კომპიუტერული თამაშები, არც სურვილი მაქვს ცოდნის, არ ვიცი ასევე კარტის თამაში, ერთი ეგ ვიცი, რომ “ჯოკერი და კოზირი” უპირატესია და “ტუზის” დაცემა, ყველა “პონტში” ცუდი პონტია:)

კიდევ, ერთი ესეს წერა დავიწყე, ეს ყველაფერი კი მზიან ფანჯარასთან გატარებული დღეების პროდუქტია. რამდენიმე, სქელტანიან წიგნს ვკითხულობ ერთდროულად და დავასკვენი, აუცილებელი რამაა სწორედ, რომ სქელტანიანი წიგნების კითხვა.

არ მაქვს ფული, არცერთი თეთრი და ლარი, ამის გახსენებაზე კი ეს ეკონომიკური დეპრესია უფრო და უფრო მიმძაფრდება, არადა როგორ მინდა ახალი წლის დილით საჩუქარი დავახვედრო  ნაძის ხესთან (აქ არ არის შეცდომა). ჩემს საყვარელ ადამიანებს, საშობაო საჩუქრები შევურჩიო და ა.შ და ა.შ

დღეს კიდევ, ერთხელ დავიგრუზე საკუთარი თავის გამო და ასევე საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აღარვის აღარ მოვიხსენიებ ცუდად, ყოველშემთხვევაში ძალიან შევეცდები, აღარც ის მაინტერესებს ვინ კონფორმისტია და ვინ ნონკონფორმისტი, ამის გამო არავის განვსჯი და საერთოდაც ყველას შევეშვები, რადგან სხვისი განსჯა ჩემი საქმე არაა და სხვებმა გააგრძელონ გადაუმოწმებლად ტალახის სროლა “დამნაშავეებისთვის”.

დღეს, კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ხშირად უნდა დაუჯერო საყვარელ ბიჭს, აი მაგალითად თუ ის გეუბნება, რომ ჭურჭლის სარეცხი ხელთათმანები L ზომა უნდა იყიდო, შენ არ უნდა იწუწუნო, რომ  M ზომა უფრო უკეთესია, რადგან ხელზე კარგად გაქვს მომდგარი და არც გძვრება, რა იცი რა დროს გამოგადგება ეს L ზომა, განსაკუთრებით, მაშინ თუ ცოლი პროფესორობს და ჭურჭლის რეცხვა თქვენ მოგიწევთ.

მოკლედ, გავყიდი სექსუალურ ფანტაზიებს, საახალწლოდ ერთი საჩუქრის ფული მაინც, რომ მოვაგროვო, სხვა გასაყიდი არაფერი გამაჩნია!!!

Read Full Post »

დარწმუნებული ვარ ამ წელს, მუდმივად კოცნის განწყობაზე ვიქნები, რადგან 2010-ში ჰერპესები დამებედა.ჰერპესები ჩემთვის რასაც ნიშნავს, ეს დიდი და გრძელი თემაა, ამიტომ ჩემს ჰერპესებს მომავალში პოსტს მივუძღვნი. მანამდე კი ვიცი ჩემი ვეფხვუნიები ამ წელს ჩემი ბედნიერებისთვის იზრუნებენ:)

ყველას ვულოცავ ვინც მომილოცა და ვინც ვერ მომილოცა. მე მართლა მჯერა, რომ ყოველ წელს ადამიანის ცხოვრებაში ახალი სასწაულები ხდება, რომელსაც ჩვენ ხანდახან სასწაულად ვერ აღვიქვამთ. ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ წელსაც შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. ჰერპესებიდან დაწყებული, დანტისტთან ვიზიტებით და ნაოჭებით დამთავრებული. მაგრამ ალბათ როცა ცხოვრებაში გზა ნაპოვნი გაქვს, რაზეც გინდა ბევრი ბედნიერებები დააშენო, გაცილებით იოლია სასწაულების მოხდენა.

გისურვებთ სასწაულებს!

წინასწარ არ ვიცი რითი იქნება ეს წელი გამორჩეული? რა მოხდება ან მე რას მოვახდენ, თმებს გავიზრდი თუ ისევ შევიჭრი. იქნება ისტორიული გადაწყვეტილებაც მივიღო და  შევიღებო. ოღონდ სასიამოვნო ქერად. ამ წელს ლაქებიც უნდა მოვიშორო სახიდან და ამ წელს გადაწყვეტილი მაქვს ყველაზე მეტად გავშავდე, სირბილის დაწყებასაც ვაპირებ და იქნებ ცუდ რაღაცეებსაც გადავეჩვიო.

რასაც ვერ გადავეჩვევი უტაა და უკვე მეორე წელია ეს ჩემი მონაპოვარია. ახლა აღარც ურთიერთობის თვეებს ვითვლი და არც ის მახსოვს რამდენი ხანია ერთად ვართ. (გილოცავ. მიყვარხარ)

უცნაურად თბილი ამინდებია. ძირითადად ქუთაისი-თბილისის სამარშრუტო ტაქსში მახსენდება ჩემი თავი. იმაზე ვფიქრობ ძაან ბევრს, რომ ხალხი საშინლად არის გადაღლილი აგრესიით, ამიტომ შევეცდები ეს ჩემი აგრესია თავზე არავის მოვახვიო. საახალწლო ოფლაინი მქონდა. გაიარა თითქმის ამ დღეებმა. ჩემი სასწაული ახალ წელს ჩემთან ერთად იყო. როგორ მიყვარს მისი წვერები.

ზეგ ისევ გავქრები. საშობაოდ მივდივარ დედა შუშანიკთან. უტაც მოდის ჩემთან ერთად. მერე ისე მოვალ და ვიტყვი, უუუჰ როგორ მიყვარს ის ბიჭითქო. ძაან ლამაზი შობა იქნება, უამრავ სანთლიანი და კარგ სუნიანი. იქ მართლა დავწერ დღიურებს, იქ სულ მეწერინება, სადაც გაიხედავ ყველგან ტყეა და ყველგან თოვლი მოგინდება. წარმოუდგენელია, შობას ბედიანში არ მოთოვოს. დედა შუშანიკმა რაღაც ახალი მარშუტკა დანიშნესო, უფრო კომფორტულიო და კარგად იმგზავრებთო. ამიტომ კი დავიქადნე თუ ეს ჰერპესები არ გადამივლის არ წამოვალთქო, მაგრამ ახლა ვიცი ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. ამიტომ ზეგიდან ისევ უნდა გავქრე. მერე ისევ მოვალ, არეული და ქაოსური და დავიწყებ ჩვეულ ბლა-ბლა-ბლას. ნეტა მამუკა მწვადებს შეწვავდეს ან კიდე მამუკა თუ არ იქნება ვინმე სხვა იყოს, ოღონდ მწვადები იყოს და…

სითბოა სახლში, გარეთაც, გულშიდაც და ყველგანაც. ტკბილი სუნები, რომ არ დამხვდა სახლში მესიამოვნა.

ერთადერთი რისი ძალაც შემრჩა, ლოგინამდე მიფორთხება და დაძინებაა. რთულია სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება, მაგრამ მე გამიმართლა, რიკოთზე არ გაუჩერებიათ. ყველას ეჩქარებოდა.

ოჰ ეს ჰერპესები. ჰერპესები. ჰერპესები.

Read Full Post »

რა ვქნა ჩემს მეზობელ კაცებს ვერ ვიტან, დილის 10 საათზე სადარბაზოში რომ დგანან და ლაყბობენ. კაცთომყვარეობით დიდად არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ ამათ მართლა ვერ ვიტან. ამაზრზენები არიან. უსაქმურები და ჭორიკნები. მოცლილები და უმოტივაციოები. უდარდელები და უაზროები. ცუდი ქმრები და ცუდი საყვარლები. უმუშევრები და სამსახურის შოვნის სურვილდაკარგულები. დედიკოს ბიჭები და მატყუარები. ლოთები, საეჭვო წარსულის მქონეები, ქურდული გაგებით მოლაპარაკეები, ჩაცუცქულები და ჩაკუნცხულები, უწიგნურები და ლიცეუმ დაუმთავრებლები. გაუნათლებლები. რომლებიც დგანან და დილიდან ლუდზე და ღვინოზე ლაპარაკობენ, ინტერესით შემოგაცქერდებიან როცა დაგინახავენ, ჩანთაში ჩაგიძვრებიან, სამეზობლოზე ლაპარაკობენ, ქირით მცხოვრებ გოგონებზე ჭორაობენ. აბორტის გასაკეთებლად წასულ ცოლებსაც რომ  არ მიყვებიან ექიმთან, აბორტის გაკეთების ფულსაც  ვერ აძლევენ თავიანთ მეუღლეებს. დედები და ცოლები საბერძნეთში, რომ გაუშვეს და თვითონ, დილიდან დაღამებამდე, ბირჟას რომ ამაგრებენ, დუშაშს აგორებენ, ჯოკრაობენ და იზაიას ბოზებზე რომ ოცნებობენ. და ასეთ დროს სამარცხვინოა  ყველაფრის ხელისუფლებაზე გადაბრალება, ის რომ სამსახურები არ არსებობს და დაუსაქმებელი რომ არის მოსახლეობის დიდი ნაწილი. საქმე თუ ვერ გამონახე, დაჯექი და შვილი ამეცადინე ქართულში და მათემატიკაში, გაკვეთილები მოსთხოვე და ჩაიბარე მისგან, მაგრამ არა, შენ იმით უფრო იამაყებ, თუ შენი ვირგლა შენ დაგემსგავსება უმოქმედობაში, შენთან ერთად გაამაგრებს ბირჟას და შენთან ერთად მიაწვება ქურდულს. ღირსი ხარ შენს ცოლს და შენს დედას, ვიღაც ბერძენი და თურქი თუ ჟიმავს. საერთოდ არ ხარ თავმოყვარე და მაგიტომ! ასე რომ გაამაგრე ბირჟა. უმოქმედობაში ამოგხდებათ სულ! ძაან მეცოდებით. გელათი, რომ არ გაქვთ ნანახი, სათაფლია და მოწამეთა. რა ცოდვები ხართ, მაგრამ მაინც მიშლით ნერვებს.

უუუფ რა განვიკითხეე და რა მივასხი. არადა გუშინ ვეზიარე. უფროსწორად  გუშინწინ. მაგრამ ჩემი მეზობელი კაცები, ეს ის თემაა, რომელსაც უმტკივნეულოდ ვერ ვეხები. იმიტომ, რომ ყოველდღე მიწევს სახლიდან გასვლა და საღამოს სახლში შემოსვლა, ასე რომ მათ “ინტერესიან” მზერებს ყოველთვის ვხედავ და ყოველთვის გულისრევის შეგრძნებით შემოვრბივარ სახლში.

გუშინ რადიოს დღე მქონდა, ანუ ღამისთევით როცა ვარ რადიოში:) გაუჩერებლად რომ ვლაყბობ და ყოველ მეორე სიმღერის შემდეგ, რომ ტვინს ვბურღავ გაცვეთილი ფრაზებით.  იმათ, ანუ მსმენელებს ბედნიერი ვგონივარ ასეთ დღეებში, მეუბნებიან რა კარგი პროფესიააო, რა ბედნიერი ხარო, რა კომფორტულად ხარო. გუშინ მითხრეს ეს და ძვლივს შევიკავე თავი მეთქვა,  ჯერერთი  დიდი ბედნიერება სულაც არ არის აქ რომ განუწყვეტლვ ვჟღურტულებთქო. მაინც შევეცადე გამომეყვანა ხიბლიდან ის მხიარული გოგონა და ვუთხარი, რომ აქ სიმღერების გაშვება და საათის გამოცხადება და ნიუსების კითხვა  სულაც არ არის დიდი პროფესიათქო. კიდევ კარგი ხელფასით არ დაინტერესდა, თორე იმ წამსვე გაუქრებოდა ეს ვარდისფერი ილუზიები.

კვირაში ერთხელ რადიოს ლიტურგია როცა მაქვს, ყოველთვის რეკავენ ქურდული და ძველბიჭური გაგების, ქობულეთელი თინეიჯერი ბიჭები. ყოველთვის მათთან ჩემი საუბარი სრულდება აგრესიული ტონალობით და გაფრთხილებით, რომ ჩაცუცქული საუბრები არ გამაგონონ.  გუშინაც განცხადება გავაკეთე:) რომ ჩემთან არ დარეკონ, წავიდნენ და რაც უნდათ ის უქნიათ. ოღონდ მე შემეშვან და დაბოლილი ხმით არ მელაპარაკონ. მოკლედ ამათზეც მერევა გული. ეს სულაც არ არის კარგი საქციელი, როცა წამყვანს მსმენელებზე ერევა გული და აშკარად გამოხატავს აგრესიას, მაგრამ რა ვქნა. როგორც ჩემს მეზობელ კაცებს ვერ ვიტან, ასევე ვერ ვიტან ასეთ რეციდივებს.

კიდევ კარგი ეს მესიჯი ჩემი მისამართით არ არის გამოგზავნილი, თორე გული გამისკდებოდა. არა მე არ მოვწონვარ ქობულეთის “სასტავს”. ამ მანჩესტერასაც არ მოვწონვარ, ერთხელ მკაცრად გავაფრთხილე და იმის მერე არ დაურეკია. არ შემიძლია ეს პირფერობა. მოიცაათ! მეორეც მაქვს ამაზე უკეთესი მარგალიტი.

მიხვდებოდით, რომ ეს “განზედროუზი” ის ცნობილი როკ ჯგუფია. ბოლო წინადადება მომეწონა:) არა მართალი ვარ, რომ ვიძახი, სექსის  დეფიციტი აქვთქო.

ვიღაცა იტყვის რამ გაგაგიჟა, ეგეთები ყველგან არიანო, მაგრამ მე განსაკუთრებულად მიშლიან ნერვებს. შეიძლება ახლა იმიტომ ვარ ასეთი აგრესიული, სახლი რომ მაქვს დასალაგებელი და არ ვიცი საიდან დავიწყო, არადა საშინლად მეძინება. უცნაურად თბილი ამინდებია. კარგად ვარ. არ მინდა წვიმები, ყინვები და ქარები. რამდენიმე დღეში ახალი წელი მოვა და ქუთაისის ყველაზე ხალხმრავალ ადგილს კი ამ დროს ინდაურის სკინტის სუნი უდის. გული აგერევა ყველაფერზე.

ეს ჩიჩილაკები ძალიან მიყვარს.  მდედრობითი სქესის მგონია, თან სულ მიკვირს როგორ ჩეჩავენ ასე.

ბავშვობიდან მიყვარს. მახსოვს შოკოლადებს და ჩურჩხელებს ჩამოვკიდებდით ხოლმე.

საშინლად არ მიყვარს ბაზრები, ინდაურები, ქათმები, გოჭები, საცივები, ხაჭაპურები, ბაჟეები და ათასი ჯურის ქართული კერძები.  სხვა თუ დიდი სიამოვნებით აკეთებს, მე იგივეს ნამდვილად ვერ ვიგრძნობ მისი გაკეთების დროს, ასე რომ არც მიცდია. მთელი ერთი წელი ქართველი კაცი ელოდება ახალ წელს, რომ მაგრად გამოძღეს , ნაღველი გაიღიზიანოს იმდენი ბაჟე ჭამოს და მეორე წელსაც ასეთი მადის აღმძვრელი სულისკვეთებით ელოდოს. გასტრონომიული სურვილებით გამოჭყეპილი ხალხი ვართ.

იცი რა მაღიზიანებს? ეს გაჭირვებული ქალები, წესიერად რომ ვერ იბანენ, თავს რომ ვერ უვლიან და ქმრებს , რომ არ უყვართ, და მარტო იმიტომ სჭირდებათ რომ “ნასკები” გაურეცხონ და “ბოვშები დაუყარონ” ანუ ჩვენს ენაზე დემოგრაფიულ  მდგომარეობაზე იზრუნონ, დგანან ახლა ამ სიცივეში, სახე აწითლებულები, ხელებ გამხმრები, დაკოჟრილები, მოუწესრიგებლები, შეციებულები, თმადაუვარცხნელები, და ხმამაღლა და გამეტებით ეპატიჟებიან მყიდველს, შემდეგ მოვლენ სახლებში და ისევ ცომში და საცივში ჩაყოფენ ხელებს, უსაქმური ქმრები და შვილები რომ გამოაძღონ… მათი ქმრები და მათი შვილები, კი დგანან სადარბაზოში და იზაიას ბორდელის გონჯ გოგოებზე ოცნებობენ.

პ.ს რეზიუმე აღარ უნდა .

Read Full Post »

მე ნიკოლი ვარ და ჭადრების შესახვევში ვცხოვრობ, სადაც უკვე დაიწყეს საახალწლო განათების დამონტაჟება. გუშინდელ სიზმარში ნაძვების ხეივანში ვსეირნობდით და ყელზე ნაძვის გირჩებისაგან ასხმულა მეკეთა. სეირნობისგან დაღლილი იქვე გრძელ სკამზე, როცა დავჯექით, მე შენი მხრების გაზონებს ჩამოვადე თავი. მერე ჩემი გაყინული ხელები აიღე და შენი ქურქის ჯიბეში ჩაიწყვე. სულ სულ პირველად, რომ გამიცანი ერთმანეთის პირდაპირ ვიჯექით და შენ დაბალი ხმით თქვი:

შენ ნიკოლი ხარ!

მე გავიღიმე და მეც დაბალი ხმით გიპასუხე: “ჰო”

ასე მოხდა ჩვენი გაცნობა და შეხვედრა, დეკემბრის 19 რიცხვში. საღამოს, მაშინ როცა ცა ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი, მაშინ არც რადიოში ვმუშაობდი და როგორც კი შემოგხედე მივხვდი, რომ მოგეწონე.

დღეს დილით კი, როცა გამოუფხიზლებელმა ორივე ფეხი ერთ ფაჩუჩში შევყავი და ცხვირით ძირს მოვადინე ზღართანი, სარკეში ჩემს თავს ვუთხარი: “შენ მართლა ნიკოლი ხარ, ოღონდ ძაან დაბნეული და მუდმივად გამოუძინებელი, რომელიც სულ ეზღერთება იატაკს”. ულიფოდ მეცვა პერანგი და ეს ყველაზე გულისამრევ რამედ მეჩვენა მთელ დედამიწაზე. ისედაც სულ გულისამრევი რაღაცეები ხდებოდა ამ ქალაქში, ერთადერთი კარგი ის იყო, რომ ჭადრების ხეივანში საახალწლო განათების დამონტაჟება დაიწყეს. და შენ, ჩემმა მსოფლიო შემოვლილმა, ყველა კორპუსის კარზე დარეკე  ზარი, ყელა ბუდრუგანაში დაბოლოს მაინც ჩემთან აღმოჩნდი. და ასე მსოფლიო კარ-ბუდრუგან-შემოვლილი, ჩემს პროვინციულ ქალაქში ჩამოხეტებული, ზურგჩანთით და ხელში მინერალური წყლის ბოთლით, ჩემს უარავინოდ დარჩენილ სახლში შემოგიყვანე და დივანზე დაგსვი და ოთახი ჩავაბნელე.

განა დღეს დამემართა ასე? ორივე ფეხის ჩაკვეხება, რომ მოვინდომე ერთ ფაჩუჩში. საერთოდ ხშირად ვიბნევი, განსაკუთრებით გამოუძინებელი როცა ვარ, შემთხვევით სხვა გაჩერევბაზე ჩამოვდივარ და ჩაის ჭიქაშიც კოვზ ნახევარ შაქარს ვყრი, მაშინ როცა კაი ხანია რაც უშაქრო ჩაის ვსვამ. ეს ამბები გამოუძინებელზე მემართება. მდოგვისფერთმიანი, დაბნეული და გამოუძინებელი ნიკოლი.

ეს ამბავი შენც მოგიყევი. ჩემზე ფეხმძიმედმყოფ დედაჩემზე. მწვანე ატლასის ყვავილებიან კაბაზე და დედაჩემის თვალებიან მუცელზე, საიდანაც დიდიხნის წინათ მე ექოსკოპიური დაკვირვებით ვათვალიერებდი ქვეყნიერებას. ის კი “განთიადის” რედაქციაში ჟურნალს უკეთებდა კორექტურას და როცა გამოვიდა მწერალთა სახლის იმ ჩაჟამებული ოთახიდან, შემოგვხვდა ფრთიანი გინეკოლოგი და დედაჩემმაც პალტო  შეიკრა მუცელთან, რომ არ დავენახე მის ექიმს და არ ესაყვედურა, ასე პატარას გარეთ როგორ ახედებო. მაშინ იმან იმ ფრთიანმა, მე რომ ვერ დამინახა, დედაჩემს უთხრა ლოტოსის ყვავილს დაემსგავსებაო. მაშინ აზრზე არ ვიყავი რა იყო ლოტოსი.

დღეს კი ასეთი მიჟეჟილი ცხვირით ვაპირებ, სახლიდან არსად გავიდე, ნაძვის ხე დავდგა, თურქული ყავა ავიდუღო, მუქი ფარდები ჩამოვაფარო და ამ ზამთარში გიჟურად, უკალგოტკო და უწინდო მუხლის თავზე გადმოვაპირქვავო ყავის ჭიქა, გული გავხსნა და მერე მთელი დღე, სიცივისგან დახორკლილი ფიგურებზე ვიმკითხაო. მოკლედ მოცლილი ვარ.

შეიძლება იმაზეც ვიფიქრო, ვარსკვლავებით მოჭედილ  ცის ქვეშ, რომ შევხვდით ერთმანეთს. სუსხში. ჩემი ხელოვნურად გარუჯული სახე, რომ არ მოგეწონა. იმ წამს რომ ტაქსიში ჩავჯექით და მთელი გზა ხელებზე, რომ გკოცნიდი. შეიძლება ამაზეც ვიფიქრო, თუ მკითხაობა გადავიფიქრე.

და შობაც დადგება. მთავარია, რომ ამ პროვინციულ ქალაქში ერთი ქუჩა მაინც გაანათონ. ჭადრების შესახვევში რახან დაიწყეს საახალწლო განათების დამონტაჟება, აღარ ვნერვიულობ.

საშინელი მარაზმია, როცა მაკიაჟს ღამის პერანგში ჩაცმული იკეთებ და სიცივისგან დახორკლილ მუხლისთავებზე მოგინდება მკითხაობა.

პუდრა- ღია ვარდისფერი ელფერით, ატმისფერი ბრწყინვალებით…პომადა ვარდისფერი უფრო ღია…შავი ფანქარი ძალიან მსუბუქად. ყურებზე თმა ჩამოშლილი.

ვგრძნობ ამ თვის ბოლოს, სადმე გადავეყრები და ის ისევ გაგიჟდება ჩემზე.

ქუთუთოების  ჩრდილი- რუხი მოვერცხლისფრო…

ტუში უფერული.

p.s  შარშანწინდელი საშობაო განწყობაა, მაგრამ ამ განწყობისთვის ერთი საათი ვიქექებოდი ჩემს ფურცლებში და რვეულებში, რომ მომეძებნა. დედაჩემის მინაწერიც ახლავს : “რაც უფრო ნაკლებ ვულგარული იქნები, ტექსტის დონეც აიწევს. შენი პიროვნული დონეც. კარგია, მაგრამ სრულყოფა სჭირდება. დადე და მერე მიუბრუნდი”. და ახლა მივუბრუნდი. რაღაცეები ამოვიღე და შევამოკლე. ნიკოლი კი ის სახელია, კაი ხანს რომ ვიმეორებ რადიოს ეთერში. “დილის რვის ნახევრიდან ამ დრომდე, საღამოს შვიდიდან ამ დრომდე, და საეთერო სტუდიიდან ნიკოლი გეხმიანებათ და ა.შ”

უტას ეძღვნება:)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: