Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ბავშვობა’

ცეკვა მომენატრა. არ ვიცი მარა ძაან მინდა, არაყით რომ გამოვთვრე, სარწყევად რომ დავრბოდე ტუალეტში, მარა მაინც რომ ვიცეკვო. თან ზაფხული, რომ იყოს და მეც არაფერი მავალდებულებდეს. ზამთარი ვალდებულებების სეზონიათქო მგონია. რომ მკითხოთ რატომო, ვერ გეტყვით. დიახ მე ჩემს თავს ვერ ვუღრმავდები, ასე მსაყვედურობენ, შეიძლება არც ისეთი ღრმა ვარ და მაგიტო არ გამომდის ეს ჩაღრმავებები. ძაან დაბალია ეს სულიერი ჭა. ჩემი სოფლის ჭა გამახსენდა, არც ის არის ღრმა, მაგრამ საშინლად მიყვარს. ადრე ლეღვის ხე ადგა თავზე  და ზაფხულში ყველაზე გრილი ადგილი იქ იყო. ჭის ახლოს ბიძაჩემი და მამაჩემი რგავდნენ თუთუნს და მახსოვს ძაან უფრთხილდებოდნენ. წყალსაც უსხამდენენ. გული მწყდება თუთუნის შეხვევა, რომ ვერ ვისწავლე. იქ გაყვითლებულ გაზეთებში ახვევევნ თუთუნს და თან ძაან ოსტატურად და სწრაფად. მე კიდე ვერასდროს ვერ მოვახერხე ეს გამეკეთებინა ლაზათიანად. სამაგიეროდ ყანებში ვტოვებდი კვალს სიგარეტის ნამწვავებით.  ხო ჭაზე ვყვებოდი, ბავშვობაში მეგონა შიგნით აუცილებლად დავიხრჩობოდი, მერე წამოვიზარდე და მივხვდი არც ისე დიდია, რომ დამახრჩოს. დედაჩემს არ უყვარდა ჩემი სოფლის ჭა და კიდევ ბევრს არ უყვარს ჭის წყალი, მარილიანიაო, ზედმეტად მლაშეაო, ამ დროს სულ შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს, რადგან ჩემია ალბათ ამიტომ არ მოწონთთქო.

საშობაო ღელვების ისტერიკა მაქვს. ველოდები, ველოდები და ველოდები. არაფერს არ ვაკეთებ ამ ლოდინის პერიოდში. არც სახლს ვალაგებ, თუ არ ჩავთვლით რომ ხანდახან იძულებული ვარ ჭურჭელი დავრეცხო, სამაგიეროდ იმხელა მოლოდინი მაქვს ყველაფერს გადაფარავს,რადგან ამ ლოდინის დროს ისე ძაან ვიღლები, ასე არცერთი საქმე არ დამღლიდა. კიდევ სიზმრები მესიზმრება ღორის გრიპზე, ჩემს სიზმრებში პანდემიის ბოლო ფაზაა, ადამიანები სამარშრუტო გაჩერებებთან ინფიცრდებიან და მარშუტკამდეც კი ვერ აღწევენ. დილას მესიზმრებოდა, დედაჩემს ხელებს და ფეხებს ვუკრავდი, მეთქი გარეთ არ გახვიდეთქო. საშინელი სანახავი იყო ჩემი სიზმარი, დახოცილი ჩემი უბნელების გვამები ქუჩაში ეყარა.და ასეეთ დროს გამოვხიზლდი და დიდხანს ვარწმუნებდი, რომ ასეთი საშინელი მდგომარეობა ჯერ მართლა არ გვქონდა:)რომ გადაღლილობის და უძილობის ბრალია, იმისი რომ ძვლივს უტას ღამის სამამდე ელაპარაკე სკაიპით და თან რა კაი რაღაცეებზე ელაპარაკეთქო. ჰოდა გადამიარა.

ამ კვირაში, ყოველდღე 6-ზე მიწევს ადგომა, ვდგები და გამოვრბივარ. მერე მოვდივარ და ვიწყებ მუშაობას და თუ ამ დროს, ჩემი რადიო სამარშრუტო ტაქსებში აქვთ ჩართული, მგონია რომ იქ მყოფ ხალხს მაგრად ვუჭედავ ტვინებს, რაღაცეებს ვაძალებ, სიყალბეებს,”კარგი განწყობის” ტერმინს ამოფარებული, ვხერხავ ჩემი ბოდვებით დილას. არადა ვის სჭირდება ეს ყველაფერი. ამ ხალხს ხომ, თავისი გასაჭირი ეყოფათ, დილის 6ზე გარბიან ბაზრებში, მაღაზიებში. არადა ამ დროს ძილი ხომ ყველას ურჩევნია და მე კიდე ვაგრძელებ, რომ დილით ადრე გაღვიძება თურმე ძაან სასიამოვნოა, არადა მე თვითონ შემიძლია შუადღემდე ვიძინო. ვის სჭირდება ახლა ეს დადგმული სპექტაკლები? არც არავის. ვის სჭირდება სასარგებლო რჩევები, რომელსაც მე ვაწვდი და რომელსაც მე თვითონაც არასდროს ვითვალისწინებ, ჩემი ცუდი მეხსიერების გამო, ვის სჭირდება იმის ცოდნა, რომ სექსი ვირუსის და გრიპის პრევენცია, ჰოდა რადგან საჭირო არ არის, არც მე ვილაპარაკე დღეს ამ თემაზე. არადა ყველაზე სასიამოვნო პრევენციაა, უამრავი საშიში ვირუსისგან თავის დასაცავად. ხანდახან დავფიქრდები, ვინ არის ჩემი აუდიტორია, მსმენელების აუდიტორია. რადგან დილით, ძაან ადრიანად რადიოს სამარშრუტო ტაქსებში და მანქანებში უსმენენ, ვფიქრობ მსმენელთა აუდიტორია, სწორედ ის ხალხია, დილის 7-ზე ბაზარში დასადგომად რომ მიდის, რომელსაც შეიძლება წელიწადზე მეტია სექსი  არ ჰქონიათ, ხოდა ხომ გაღიზიანდებიან? ხოდა რათ მინდა გაგიჟებულმა, სექსუალურად დაუკმაყოფილებელმა ქალმა დამირეკოს და მწყევლოს. რათ მინდა ასეთი ფიდბექი? არაფერში არ მჭირდება, ჰოდა ღირსები არიან, რომ არ მოვუყევი.

უტა ამბობს, რომ უზრდელი ვარ. რათ უნდა ამას თქმა, ისედაც აშკარად ჩანს. რა ვქნა უზრდელი ვარ, არც სინანულის ცრემლები მომდის ხშირად, ამ ბოლო დროს ხომ მთლად გამოვხმი და გამოვჩირდი. რო მკითხოთ კარგი რა გაქვსო, ვერც ამას გეტყვით. არაფერი მაქვს კარგი თქვენი მოსაწონი, მაგრამ მე ჩემი თავი მაინც მომწონს. ყოველდღე ვახარებ ჩემს ქალურ ეგოს, ძირითადად უტა მიხარებს ამ ეგოს:) მაგრამ სულაც არ მინდა, ეს სავალდებულო გახდეს მისთვის და ხასიათში გადაუვიდეს, მაგრამ რა ვქნა ძაან მომწონს.

დედაჩემთან მძინავს კაი ხანია. არადა დედაჩემთან მარი უნდა იძინებდეს, ასე ფიქრობს დედაჩემი. მარი მთელი ღამე ბოდავს, ამ ბოლო დროს უფრო გარკვევით ეჩხუბება თავის ბოდვებში თავის შეყვარებულს და ზუსტად ისეაა როგორც მე ვეჩხუბები უტას, აბა ეხა ვის წერდი სკაიპში, აბა ეხა ასე თუა მაშინ ისე რატო არ მოიქეცი და მოკლედ ხო მიმიხვდით ბოდვა ბოდვაა. დედაჩემი კი ფიქრობს დედის სითბო, მარის ბოდვას მოაშლევინებს. ამაზე თავისებური აზრები აქვს.

გუშინ დავფიქრდი, დავჯექი, სკამზე შემოვაწყვე ფეხები და თავს დავაძალე, მიდი ჩემო კარგო საკუთარ ეგოს ჩაუღმავდითქო, შენი ათვლის წერტილი იპოვე შენს გონებაში მეთქი, მაგრამ ჩაი მომინდა და შევეშვი. ბავშვებმა, რომ იციან თავის ტკივილის მომიზეზება როცა გაკვეთილების სწავლა ეზარებათ, მეც ეგრე მომინდა ჩაის დალევა. რომელიც სულაც არ ამიდუღებია.

მოკლედ ალბათ ისევ შემოვაწყობ სკამზე ფეხებზე, საკუთარ თავში სულიერი ჭის მოძებნას შევეცდები, მერე შიგნით ჩახედვას და ჩაღრმავებას, რაღაცეებს მოვნახავ და ალბათ ამით სხვებიც გახდებიან ბედნიერი, მანამდე კი ვფიქრობ შობაზე, უტაზე, მასაჟებზე, მალინისფერ პალტოზე, წმინდა ნიკოლოზზე, ღორის გრიპზე და ჩემებურ ბედნიერებებზე.

იქნება ამასობაში ის ჭაც ვიპოვო

Read Full Post »

გუშინ მარიმ მითხრა:”გახსოვს პურის რიგებში რომ ვიდექით დილით,სკოლაში წასვლის წინო?” გამიკვირდა,ეს რომ ახსოვდა.მარი ჩემზე 3 წლით უმცროსია და ყოველთვის მგონია,ალბათ ბევრი რამ დაავიწყდათქო.მე ვერაფერი გავიხსენე,იმ ზოგადი მძიმე სოციალური ფონის გარდა,რაც კარგა ხანს იყო საქართველოში.მერე დიდხანს ვფიქრობდი,მე რატომ არ მახსოვს პურის რიგში “დგომები” მეთქი და გავიხსენე.

გავიხსენე,თუ როგორ ვიდექი პურის რიგში.მგონი მარტო ვიყავი,სხვა არავინ მახსოვს ჩემს გვერდით,ერთი მეზობელი ქალის გარდა,რომელიც თავის ბავშვებს რეზინის ჩუსტებს ურტყამდა წელზე და თვითონ მუდმივად მეზობელ ქალებთან ჯოკერს თამაშობდა.ეს ქალი იდგა ჩემს წინ ჭყლეტაში და ცხვირზე ჟღვინტმოცხებული,მახსოვს რამდენჯერმე შევეცადე თვალი ამერიდებინა,მაგრამ მაინც მას ვხედავდი.ხუჭუჭთმიანს და ცხვირზე ჟღვინტმოცხებულს.ალბათ პატარა ვიქნებოდი.ესეც კი არ მახსოვს.უბრალოდ მახსოვს ის განცდა,რომ რამდენჯერმე დავაპირე მეთქვა ცხვირი მოიწმინდეთ დარეჯან დეიდათქო,მაგრამ ბევრჯერ შევყოვნდი.ვიცოდი ვერ გამიგებდა.შეიძლება ეთქვა შე უზრდელო,შენს ჟღვინტებს მიხედეოო.შეიძლება ვერ ეთქვა,რადგან ის ვერ წარმოიდგენდნენ როგორ უნდა იყოს მწერალი ცოლ-ქმარის შვილი უზრდელი.მახსოვს სხვა მეზობლებიც იყვნენ იქ,მაგრამ არავის უთქვამს მისთვის ცხვირი მოიწმინდეო.ვერაფრით ვაშორებდი თვალს.წვიმიანი დღე იყო,აი ასეთი ნოემბრისეული,ახლა რომაა და საერთოდ ვერ ვიხსენებ,მივაღწიე თუ არა იმ ბოლო რიგამდე და ავიღე თუ არა პური.ეს საერთოდ არ მახსოვს და ამიტომ ვუთხარი მარის, მე საერთოდ დავიწყებული მაქვს პურის რიგებში თუ ვიდექითთქო.

ბავშვობიდან,რომ მეზიზღება პური ალბათ მაგიტომ არ მახსოვდა.ან კიდევ იმის გამო,რომ ცუდი მეხსიერება მაქვს და ყველაფერი მალე მავიწყდება,რისი დავიწყებაც მინდა.

ახლა ვფიქრობ,რატომ არავინ  უთხრა დარეჯან დეიდას ცხვირი მოიწმინდეო?არადა იმის გვერდით ის მეზობლები იდგნენ,ვისთანაც ჯოკერს თამაშობდა,ვისთანაც კარტს არიგებდა.არავის არაფერი უთქვამს და მე ვინ მეკითხებოდა, რამე მეთქვა  მის ჟღვინტებზე.ახლა ვიხსენებ,რომ არასდროს მისარგებლია იმით,რომ პატარა ვიყავი და რიგში არ გავმძვრალვარ.დიდები უფრო იქცეოდნენ ასე,ყველაფერზე მიდიოდნენ,ოღონდ სწრაფად აეღოთ პური.მე კი დღესაც ასე ვარ,მშვიდად ველოდები ჩემს რიგს.

ნოემბერი და მოქუფრული ამინდი როა მაგიტო გამახსენდა ქალების კარტით თამაში,ხმამაღალი სიცილი,”გახვიშტვა”,”შეტენვა”,”არიგე” და ა.შ. მერვე,მეშვიდე,მეცხრე,მეექვსე,მეხუთე,მეოთხე,მესამე,მეორე,პირველი სართულის ქალები ყველა თამშობდა ჯოკერს.დედაჩემს არ ეცალა არასოდეს,რომც ჰქონოდა თავისუფალი დრო  იმათთან ერთად არ დაჯდებოდა სათამაშოდ.და მე მრცხვენოდა,რომ დედაჩემი მწერალი იყო,ლექსებს წერდა და მთელს სამეზობლოს ეგონა, მწერალთა სახლში მუშაობდა.და მეც ვფიქრობდი,რომ ჩვენ მიუხედავად იმისა,რომ მეშვიდე სართულზე ვცხოვრობდით,მეზობელი სოციუმისგან გარიყული ფენა ვიყავით. ჯოკერის თამაში,რომ ვერ ვისწავლე ეს დედაჩემის დამსახურებაა. ეს ,დღეს ძალიან ბევრს არ სჯერა და ხშირად მეუბნებიან,იაპონური მაინც გეცოდინება,მაშინ ბურა ვითამაშოთ.

არც ესენი არ ვიცოდი,კარტით მარტო “ტუალეტობანა” მქონდა ნათამაშარი და ისიც,სულ წარუმატებლად,მუდმივად ტუალეტში ვვარდებოდი.ეს ძალიან ადრე ხდებოდა,ბაღდათში,მაშინ როცა არც დედა შუშანიკი არ იყო დედა შუშანიკი და არც დედა მაკრინე დედა მაკრინე.მათთან ერთად ვთამაშობდი ბუხრის ოთახში.სადაც თბილოდა,იდგა დიდი მრგვალი მაგიდა და ჩვენ ირგვლივ ვიყავით შემომსხდარნი.იყო ნოემბერივით წუნწკლიანი ამინდი და ჩემს გვერდით დედა შუშანიკი,რომელიც მაშინაც ეგოისტურად მიყვარდა.

მარის უყვარს ისეთი რაღაცეების თქმა,რაც მე დიდიხანია დავიწყებული მაქვს და არაფრის დიდებით არ მინდა მისი გახსენება.მერე ყოველთვის ვხუჭავ ზედმეტი ემოციურობისგან თვალებს და შევთხოვ,გაჩუმდი მე აღარ მახსოვსმეთქი.ასე იყო გუშინ,ვერაფრით რომ ვერ გავიხსენე პურის რიგები.გუშინ კარგი ამინდი იყო,დღეს წვიმს.ნოემბერია.მადლობა ღმერთს,პურს აღარ ვჭამ და რომც ვჭამდე,პურის რიგის გარეშეც იოლად ვიყიდი.ჩემი მეზობელი ქალები დღეს ჯოკერს აღარ თამაშობენ,ყველა სადღაც სადღაც მუშაობს,ზოგი მწვანილს ყიდის,ზოგი წისქვილში დგას,ზოგი კიდევ  სად და ზოგი კიდევ სად.დარეჯან დეიდა ჩვენი უბნიდან გადავიდა,პატარა ნაკვეთი და პატარა სახლი იყიდა,გოგოებიც გაათხოვა,აი ისინი რეზინის ჩუსტებს რომ ურტყამდა,ახლა შვილიშვილებიც ეყოლება უკვე.ნიკა,უმცროსი შვილი ცოლსაც მოიყვანდა.

ჩვენ მისი სახლი ვიყიდეთ და მერვე სართულზე ამოვიწიეთ მეშვიდედან(მაშინ ძაან იაფი ღირდა ბინები,ერთოთახიანი 600-700 ლარი,დღეს საშინლად გაძვირდა.ფულის შოვნა,კი დღესაც იმნაირად ჭირს).ცას მივუახლოვდით.აქ უფრო კარგია ჰაერი.

Read Full Post »

იმ ადგილზე ვიყავი,სადაც ძაან სიმშვიდეა,ხანდახან ძაღლები თუ დაიყეფებენ და ისიც მარტო იმიტომ,რომ შორიახლოს ქეციანი ძროხა შენიშნეს.როცა იმ ადგილზე მოვხვდებოდი,ოღონდ ბავშვობაში,ყოველთვის მეგონა,რომ აქედან კარგად ჩანსთქო ჰორიზონტი.მაშინ აზრზე არ ვიყავი,რა იყო ეს ჰორიზონტი,მაგრამ რასაც ვხედავდი მეგონა,რომ აუცილებლად ეს სიტყვა უნდა რქმეოდა.

იმ ადგილზე ბავშვობაშიც დავდიოდი,მიტოვებული და მივარდნილი აეროპორტია..მზიანი და ტრიალი..მოშორებით მომცრო გორაკებია,სადაც რაღაც პატარა ნაგებობებია .ამ ნაგებობებში,მე და ჩემი დაქალი ხშირად ვაფარებდით თავს და ვიჯექით და ვეწეოდით,ვეწეოდით და ვეწეოდით,ხანდახან წვიმაც მოგვისწრებდა და ჩვენ კი მაინც იქ ვიჯექით.რაღაც მწვანე კოლოფიან სიგარეტს ვეწეოდით,მერე თქვეს ყელის  კიბოს აჩენსო,მაგრამ არ მახსოვს თავი დაგვენებებინოს იმ სიგარეტისთვის.

კიდე,აი ისეთი ადგილია,ვითომ “პატიოსანი” გოგოები(ჩემს ბავშვობაში ხდებოდა ესეც)იმ ადგილისკენ,რომ არ გაისეირნებდნენ.“ცუდი სახელი” აქვსო თუ რაღაც ამნაირ ყლინჯობებს იძახდნენ.იმ დროს ხალხს ზასაობა და ჟიმაობა ერთი და იგივე ეგონათ…მართლა ზასაობდნენ იქ ვიღაცეები,მაგრამ მერე რა.მოკლედ პატიოსანი მოსახლეობისგან შერისხული ადგილი იყო.

თავიდან პირველად იქ მომივიდა აზრად წავსულიყავი და ისე მეტირა,ძე ხორციელი რომ ვერ დაინახავდა და რომ ვერ მომისმენდა.თმებიც არ დამივარცხნია,ისე გავვარდი.ქუჩაში ისეთი შეგრძნება გამიჩნდა,თითქოს ყველა მე მიყურებდა და ყველა მოითხოვდა მოითხოვდა,სათითაოდ ამეხსნა მათთვის ყველაფერი.

მივუახლოვდი და ღრმად ამოვისუნთქე ,რათა მთელი დაგროვილი ემოციები ერთ ღრიალად ამომეფრქვია და ვიღაც ლილიპუტი ჯარისკაცი მეკითხება “საით აპირებთ?” მეც მეთქი,გასეირნება მინდა და არ შეიძლება მეთქი ვეუბნები გაშეშებული და გამოფიტული სახით და მპასუხობს “არა”.ჰოდა ავდექი და გამოვბრუნდი,გული გამისქელდა მოულოდნელად,გავმწარდი ამ რეგვენ ჯარისკაცზე,მაგრამ ისე ვიყავი სასოწარკვეთილი,სხვაგან ვერსად წავიდოდი,რადგან სხვაგან ასეთი მარტოსული და თავისუფლად საღრიალო ადგილი აღარ მეგულებოდა და დავადექი სხვა ბილიკს და მაინც მივუახლოვდი ჩემს საყვარელ კოშკს და შევძვერი შიგნით,გაუბედურებული და დამწუხრებული:)გულით.სადღაც მოჩანდა ვიღაც კაცი,რომელიც გაზეთს კითხულობდა მარტო და მეც ჩავთვალე,ამასაც მარტოობა მონატრებია მეთქი,ამ უბედურსთქო.და უცებ ბედნიერი გავხდი,რომ მარტო მე არ ვიყავი ამ ქვეყანაზე მარტოსული.ჩემი “სულიერი მეგობარი”:)იჯდა კაი ხანს და კითხულობდა,იმ ჯარისკაცსაც ვხედავდი შორს,მესიჯს უგზავნიდა ალბათ ვინმე საყვარელ ადამიანს:) და ვიგრძენი,რომ საშინლად გამოვიფიტე კიდევ.

ვიჯექი კარგახანს ამ ჩემს ბეტონის მოცუცქნულ ბუნაგში და კვდებოდა ჩემი მუცელი ნერვიულობით.ისე კი მართლა ძაან კარგად მოჩანდა ჰორიზონტი.დავიღალე ჯდომით და გარეთ გავფორთხდი,კიდევ ერთხელ დავარწმუნე თავი,რომ ჩემნაირად მიტოვებული ძაღლიც კი არ იქნებოდა დედამიწის ზურგზე,ამან საშინლად დამასევდიანა.ისე გავმწარდი,მკლავზე დავიწყე საათების გამოყვანა,ოღონ ამჯერად,ბავშვობისგან განსხვავებითუფრო ღრმა და მტკივნეული ლაქები დამაჩნდა.ვუყურებდი და ვტკბებოდი როგორ ლურჯდებოდა ჩემს ხელზე კბენისგან ლაქები.

მაზოხიზმის აპოთეოზი.

ძილი მომინდა,ჩემი ბუნაგის გარეთ ძაან მწველი მზე იყო,თუმცა მე მაინც ვერაფერს ვგრძნობდი.წამოვწექი მინდორზე და თავი იმით დავიმშვიდე,ბომჟებს სულაც ხიდისქვეშ სძინავთთქო,მერე ბებიაჩემი გამახსენდა მინდორზე წამოწოლას,რომ გვიშლიდა,”რამე არ აგყვეთო”…მაგრამ ბომჟებზე ფიქრმა გამაძლიერა და თანდათან მოვეშვი .შემხმარი ბალახების სუნი მსიამოვნებდა,ცა იყო მართლა საჩემო.ვიღაც ბავშვი სადღაც ღნაოდა “დედაა,დეეეე”.ნერვებს მიშლიდა ეს ღნავილი.ძაან დაბლა ყვავები დავფრინავდნენ და მერე თვითმფრინავმა ხაზი რომ დატოვა,გამახსენდა,რომ ასეთ რამეებს,მარტო ბავშვობაში ვაქცევდი ყურადღებას და ძაან თბილი ემოციები წამოვიდა.გამითბა მუცელიც.მარტოსულიც თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი.ამ დროს უტა მწუხრის ლოცვაზე იყო და ალბათ ჩემზე ლოცულობდა,თუ არ ლოცულობდა ისე მაინც იდგებოდა სადმე კუთხეში.

მე კი ვეგდე მინდორზე და ჩემს თავს ფილოსოფიურ კითხვებს ვუსვამდი.

პასუხი საერთოდ არ მქონდა ამ კითხვებზე,თან კატასტროფულად მეძინებოდა. ამოვიდე ჩანთა თავქვეშ და დამეძინა.ძილღვიძილში მეძინა.უტას სმს ვნახე მერე “ძველებურზე უფრო მეტად მიყვარხარო”…დაბნელებას იწყებდა და წამოვედი.ის ჩემი “სულიერი მეგობარი” გაზეთს,რომ კითხულობდა აღარ დამხვდა.გავიფიქრე,ალბათ დაუბრუნდა თავის საშინელ ოჯახსთქო..

გაგრძელება იქნება

Read Full Post »

ბებიაჩემი არასოდეს მოკვდებოდა.

ბანაობის დროს ფეხებს ერთმანეთს თუ არ გადავუსმევდი, მშობლები არ მომიკვდებოდნენ.

თუ დამასლოკინებდა ნათლია მახსნებდა.

თუ ძაღლი ყმუოდა,ვინმე მოკვდებოდა(ეს ახლაც მგონია).

თუ ბებიაჩემს დააცემინებდა,მეც დარწმუნებული ვიყავი,რომ ვინმე მოვიდოდა.

მეგონა ერთ ღამით ჩემს სახელსაც დაიძახებდა ჭინკა.

მეგონა ბებიაჩემს ყველაზე დიდი ძუძუები ჰქონდა.

მეგონა ბაღიდან თუ გამოვიპარებოდი,სახლს ვეღარ მოვაგნებდი და კორპუსებში ჩავიყლაპებოდი .

მეგონა ცისფერი სისხლი მქონდა და სამეფო ოჯახის შთამომავალი ვიყავი

(ეს მარტო იმის გამო,რომ ცისფერი  ვენები ბავშვობაშიც ზუსტად ასე მქონდა ამოყრილი ხელებზე,როგორც დღეს).

თუ დამასლოკინებდა,მეგონა სადმე მახსენებდნენ.

(რომ,გავიზარდე,მერე უკვე როცა ყურები მიხურდა მჯეროდა,სადღაც მლანძღავდნენ)

მეგონა მაღლა თუ ამწევდნენ,სადღაც ამერიკას დავინახავდი.

მეგონა,მესამე კიბიდან თუ გადმოვხტებოდი მენსტრუაცია აღარ მექნებოდა.

და კიდევ უამრავი რაღაც მეგონა,რასაც ამ წამს ვეღარ ვიხსენებ,მაგრამ ასეთი “მეგონებით” და ცრურწმენებით გავსებული ბავშვი ვიყავი.

Read Full Post »

%d bloggers like this: